ფეისბუქის გვერდმა - ZAQATALA NEWS, რომელშიც 14 105 ადამიანია გაწევრიანებული, 24 ოქტომბერს დადო ზემოხსენებული ტაძრის ფოტოები და შემდეგი შინაარსის პოსტი (აზერბაიჯანულ ენაზე) - „ზაქათალას ეკლესია... ყველა ისტორიული ძეგლი (ეკლესია, მეჩეთები) დაცული უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა მეჩეთები იქნება თუ ეკლესიები. ეს ეკლესია ისტორიის ერთ-ერთი ნაწილია. რატომ უნდა გავანადგუროთ ის?! რას ფიქრობთ?"
ამ პოსტს ამ დროისათვის 175 მოწონება, ათობით კომენტარი და გაზიარება აქვს. პოსტის კომენტარში აზერბაიჯანის მოქალაქე ერთ-ერთი მუსლიმი სასულიერო პირი (იგი მუსლიმი ინგილო ქართველია ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადიდან, თუმცა ამჟამად ევროპაში, ავსტრიის ერთ-ერთი მთავარი მეჩეთის იმამია) აზერბაიჯანულ ენაზე წერს: "მუსლიმანურ ქვეყანაში პირველ რიგში ჯერ მეჩეთები უნდა შეკეთდეს (გარემონტდეს), შემდეგ ეს და სხვა მსგავსი ისტორიული ძეგლები. მათ [იგულისხმება ქრისტიანები] ისტორიული მეჩეთები დაანგრიეს და გაანადგურეს მსოფლიოში ყველგან. არცერთი მეჩეთის მიმართ არ იჩენდნენ პატივისცემას, თვით ევროპაშიც კი. ამისდა მიუხედავად ჩვენ მაინც მეორე მხარის ფასეულობას პატივს ვცემთ. მაგრამ აზერბაიჯანში გასარემონტებელი მეჩეთების არსებობის გამო ამის შეკეთების [იგულისხმება ზაქათალის ეკლესია] წინააღმდეგი ვარ. როდესაც დამთავრდება მეჩეთების რემონტი, ამის შემდეგ გარემონტდეს სხვა ისტორიული ძეგლები. სხვა შემთხვევაში წინააღმდეგი ვარ".
ქალაქ ზაქათალის ცენტრში, პარკში არსებული ნგრევის პირას, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მართლმადიდებლური ეკლესია გადაუდებელ აღდგენა-რესტავრაციას საჭიროებს. ეს არა მხოლოდ ქრისტიანული საქართველოსა და მუსლიმური აზერბაიჯანის მეგობრობის გამოხატულება იქნება, არამედ ზოგადად აზერბაიჯანული სახელმწიფოს მხრიდან ქრისტიანული კულტურის მიმართ დამოკიდებულების გამომხატველიც. ეს აზერბაიჯანის პრესტიჟის საკითხიცაა და ქვეყნის მთავრობის მიერ გამოცხადებული მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის გამოხატულებაც. სირცხვილი არაა, როდესაც საქართველოდან თუ სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან (ან თუნდაც ზოგადად ქრისტიანული ქვეყნებიდან) ჩამოსული ტურისტი ზაქათალის პარკში სეირნობისას ეკლესიას რომ ასეთ მდგომარეობაში ნახავს?
საბედნიეროდ, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ გასულ წელს ზაქათალის ცენტრში მდებარე ამ ძეგლის აზომვითი სამუშაოები ჩაატარა და იმედია აღდგენა-რესტავრაცია წლების მანძილზე არ გაჭიანურდება...
იმედია, ზაქათალის ტაძრის აღდგენა-რესტავრაციის პროცესში (თურქეთში, ტაო-კლარჯეთის ძეგლების ანალოგიურად) საქართველოს კულტურის სამინისტრო და ქართველი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან...