დღის ლოცვა
ქართველთა კეთილმორწმუნის მეფე თამარის ტროპარი:
წმიდათა შორის საკვირველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამხუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა
ტროპარი: ბრწყინვალე იგი აღდგომისა ქადაგებაი ანგელოზისაგან ოსწავეს უფლისა მოწაფეთა დედათა და პირველი იგი წყევაი განაგდეს, და მოციქულთა სიხარულით ეტყოდეს: დაიხსნა სიკვდილი, რამეთუ აღდგა ქრისტე მკვდრეთით და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სარწმუნოებით მოსრულმან წყაროსა ზედა სამარიტელმან გიხილა შენ წყალი სიბრძნისა, რომლისა მსმენელმან უხვებით დაიმკვიდრა საუკუნოდ მაღალი იგი სუფევაი, ვითარცა მარადის დიდებულმან.