დღის საკითხავი სახარება
VI ჟამზე: ეს. 41: 4-14.
მწუხრზე: დაბ. 17: 1-9. იგავ. 15: 20 - 16: 9.
ეს. 41,4-144. ვინ ჩაიდინა ეს, ვინ მოიმოქმედა? თაობათა გამომხობმა დასაბამით. მე ვარ უფალი - პირველი და უკანასკნელი. მე ვარ იგი.
5. დაინახეს ზღვისპირელებმა და შეეშინდათ, ქვეყნის კიდეები შეძრწუნდნენ, მოახლოვდნენ და მოვიდნენ.
6. ერთმანეთს ეშველებიან, ერთი მეორეს ეუბნებიან: გამაგრდი!
7. მოქანდაკე ამხნევებს ჩამომსხმელს, უროთი მბეგველი - გვერდზე მცემელს; ეტყვის ნაწიბურზე, კარგიაო, და ამაგრებს ლურსმნებით, რომ არ ირყეოდეს.
8. შენ კი, ისრაელ, ჩემო მორჩილო, იაკობ, რომელიც ამოგარჩიე, ჩემი საყვარელი აბრაამის თესლო,
9. რომელიც წამოგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი შორი კუთხეებიდან გამოგიხმე, გითხარი: ჩემი მორჩილი ხარ შენ, ამოგარჩიე და არ უკუგაგდებ-მეთქი.
10. ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
11. აჰა, შერცხვება და მიიმალება ყველა შენი მრისხველი, არარად იქცევიან და დაიღუპებიან-მეთქი შენი მოდავენი.
12. ძებნას დაუწყებ მათ და ვერ იპოვნი, შენს მოშუღარ ხალხს; არარად იქცევიან შენს წინააღმდეგ ომის ამტეხნი.
13. რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი.
14. ნუ გეშინია მატლო იაკობ, ერთი შეწვა ისრაელო! მე შეგეწევი, ამბობს უფალი და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა.
დაბ. 17,1-91. ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი.
2. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ.
3. პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი:
4. ეს მე ვარ და, აჰა, ჩემი აღთქმაც უამრავ ხალხთა მამა შეიქნები!
5. აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ.
6. დიდად, დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან.
7. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.
8. მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები.
9. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ თაობიდან თაობამდე.
იგავ. 15,20 - 16,920. ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი დედა ეჯავრება.
21. სისულელე ჭკუათხელის სიხარულია, ხოლო გონიერი კაცი სწორ გზაზე დადის.
22. თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება.
23. კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!
24. ცხოვრების გზა გონიერისათვის ზევით მიემართება, რათა ქვევით შავეთს ასცდეს.
25. ქედმაღალთა სახლს დაანგრევს უფალი, ქვრივის საბანს კი ზეაღმართავს.
26. უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია.
27. მომხეჭველი თავის სახლს აჩანაგებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.
28. მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის.
29. ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.
30. თვალთა ნათელი გულს ახარებს, კეთილი ამბავი კი ძვლებს აპოხიერებს.
31. სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის იმყოფება.
32. შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძუღეა, მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს.
33. უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.
1. გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან მოდის.
2. კაცის ყოველი გზა სუფთაა მის თვალში, სულთა ამწონი კი უფალია.
3. შენი საქმეები უფალს ჩააბარე და აღსრულდება შენი განზრახვები.
4. უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შეჰქმნა, ასევე ურჯულოც ავი დღისათვის.
5. ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე; გჯეროდეს, დაუსჯელი ვერ გადარჩება.
6. სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი.
7. თუ უფალს მოსწონს კაცის გზები, მტრებსაც კი შეარიგებს მასთან.
8. უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით.
9. კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს.