დღის ლოცვა
ღირსი ბენედიქტეს კონდაკი:
მადლითა ღმრთისათა განმსდიდრდი შენ, ხოლო საქმენი განამტკიცენ ჩინებისა და გამოსჩნდი, ბენედიქტე, სათნო ქრისტეს ღმრთისა ლოცვათა და მარხვათა შინა, და აღივსე საღმრთოთა ნიჭითა სულისათა, სნეულთა მკურნალო და განმდევნელო ეშმაკთა, ხოლო მსწრაფლშემწეო სულთა ჩუენთა.
დღის საკითხავი სახარება
VI ჟამზე: ეს. 37: 33 - 38: 6.
მწუხრზე: დაბ. 13: 12-18. იგავ. 14: 27 - 15: 4.
ეს. 37,33 - 38,6
33. ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს.
34. უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა, ვერ შევა ამ ქალაქში, ამბობს უფალი.
35. მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა ის ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის.
36. გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათას კაცს. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარია ყველა.
37. აიყარა, წავიდა, გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში.
38. ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს ის ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა, და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.
1. იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო.
2. კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს:
3. უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელად რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში. და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
4. იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ, მეტყველი:
5. წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს.
6. დაგიხსნი შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან და დავიფარავ ამ ქალაქს.
დაბ. 13,12-18
12. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
13. ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
14. უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: აახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ.
15. მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისათვის მომიცია სამარადისოდ.
16. ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.
17. ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი.
18. აიყარა აბრამი, წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.
იგავ. 14,27 - 15,4
27. უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან გამომხსნელი.
28. ერის სიმრავლე მეფის დიდებაა, უხალხობა კი - მთავრის დაღუპვა.
29. სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს.
30. მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა.
31. ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია.
32. ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს.
33. სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული და უგუნურთა შორისაც ხდება საცნაური.
1. მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.
2. ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს.
3. ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს.
4. ტკბილი ენა სიცოცხლის ხეა, ცბიერი კი სულის შემუსვრა.