მამა ალექსის პოემა "მგზავრის აღნაბეჭდი"
("ჩემი განცდანი", 1873-1917 წ.წ.)
ისტორია იცნობს მრავალ სასულიერო პირს, რომლებიც ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ. საუკუნეებით განმტკიცებულ ტრადიციას არც ბოლო დროის მოღვაწეებმა უღალატეს. მათ შორის გახლდათ წმინდა მამა ალექსი ბერი (შუშანია), რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ 1995 წელს გამართულ საეკლესიო კრებაზე წმინდანად შერაცხა. ეს უდიდესი პატივი მამა ალექსის ღვთისა და მოყვასის ერთგული და დაუღალავი სამსახურის გამო ხვდა წილად. ("ჩემი განცდანი", 1873-1917 წ.წ.)
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ერის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა ქრისტიანულ ეკლესიას დაუკავშირდა.
წმინდა მამა ალექსი მკაცრ ასკეტურ ცხოვრებას ლიტერატურულ მოღვაწეობას უთავსებდა და ცდილობდა, მისი მეშვეობით კიდევ უფრო გაეღვივებინა ერში ქრისტიანული ცნობიერება. მამა ალექსის ლიტერატურული მემკვიდრეობა თითქმის შეუსწავლელია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მისი ძმისწულის, ონოფრე შუშანიას მიმოხილვითი ხასიათის შრომას, სადაც ავტორი წმინდანის ბიოგრაფიასთან ერთად მის შემოქმედებასაც მიმოიხილავს.
წმინდანის შრომებს შორის განსაკუთრებით საინტერესოა ავტობიოგრაფიული პოემა "მგზავრის აღნაბეჭდი" ("ჩემი განცდანი", 1873-1917 წ.წ.), რომლის გამოქვეყნებაც ავტორმა მიზეზთა გამო ვერ შეძლო.
თხზულება 16 თავისგან შედგება. დასაწყისშივე დასმულია ფილოსოფიური პრობლემა ადამიანის ადგილისა ხილულ სამყაროში. წმინდანის აზრით, ისევე, როგორც უცხო ქვეყნიდან მოსული მგზავრი, კაციც მხოლოდ სტუმარია ამა სოფლისა.
"უცხოთ მოსრული... უცნობი
პლანეტს ვესტუმრე მგზავრადა,
ბუნების ძალთა კავშირით
მეთვისე მასთან მძლავრადა".
მამა ალექსი სამყაროს მრავალფეროვნებაზე, მის ცვალებადობასა და წარმავლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ხილული ქვეყნიერების ფერადოვნება ადამიანს აოცებს და მის საიდუმლოებათა ღრმად წვდომის სურვილს აღუძრავს, მაგრამ სურვილი სურვილად რჩება, რადგან კაცის გონება მეტწილად გრძნობათა ტყვეობაშია მოქცეული. აქედან წარმოდგება მისი ცდომილებაც.
"გრძნობა ხომ ცნობის მახეა...
ბნელში ატყვევებს ცნობასა
და ბნელმოსილი გონება
ებღაუჭება ცდომასა".
მამა ალექსი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სამყაროში არსებული წესრიგისა და მშვენიერების წყარო მისი შემოქმედია. ღირს მამას თვითონვე სმენია ხმა უფლისა, რომელიც მას თავისკენ იხმობდა.
"მე ამ ზენარის ხმა მესმა!..
მისკენ მიწოდა შედგომით.
მეც მივეც აღთქმა ცეცხლ-გულით,
მისგან ნასმენის-ნაგრძნობით".
სამყაროს ჭვრეტით, რომელსაც უხილავი ღვთაების ბეჭედი აზის, და მასზე დაკვირვებით მამა ალექსიმ მისი შემოქმედის შეცნობა შეძლო:
"ასე ბუნებურ სკოლებში
მე განვისწავლე მრავლობით,
და საიდუმლო ფარული
ღვთისგან ვიძინე წყალობით".
სიბრძნისკენ დაუცხრომელი ლტოლვისას პოეტი ცხოვრების მრავალ კანონზომიერებას შეიცნობს და ერთგვარი სიამოვნებით ადევნებს თვალს, როგორ ისხამს ხორცს და როგორ ახმიანდება სიტყვებად გონებაში შობილი აზრი:
"ეს გონება - აზრთ საუნჯე -
აზრსა სიტყვად აგვამოვნებს,
შემდეგ ხორცში გადაგზავნის,
ბგერის ძალით ახმოვანებს".
ამის შემდეგ პოემაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით საუბრობს ადამიანის ცხოვრების საფეხურებზე - ბავშვობიდან სიბერემდე, რასაც გარდაცვალება მოსდევს. მერე კი შეგვახსენებს, რომ მზის ქვეშ, სადაც ყოველივე ხრწნადი და წარმავალია, ჭეშმარიტი ბედნიერების მიღწევა შეუძლებელია, ამიტომ ადამიანმა იმ მარადიულ ღირებულებათა შესაძენად უნდა იზრუნოს, ღმერთთან რომ გვაახლოებს:
"მზის ქვეშ ცხოვრებავ ტანჯულო...
სად გადისროლე ედემი?
ნეტარებისთვის შობილმან
რომ ტანჯვა იმკე ესდენი", -
ამ სტრიქონებში ის ცოდვა იგულისხმება, რომელმაც ადამი და მისი მოდგმა სიკვდილის მონებად აქცია. სწორედ მის გამოა, რომ ადამიანის ცხოვრებას ტანჯვა და მწუხარება სდევს თან. ისღა გვანუგეშებს, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა არ გაწირა თავისი ქმნილება - განკაცებულმა მაცხოვარმა საკუთარი ტანჯვის ფასად გამოგვისყიდა ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობიდან და ღმერთთან დასაბრუნებელი გზა გვიჩვენა:
"აი, აქ არის მიზანი
ჩვენი ტანჯვის და ჭირისა,
რომლისა წიაღს ანათლებს
დღე უღამებელ ლხინისა".
ჭეშმარიტი რწმენა ქრისტიანს ჭირთა და იწროებათა დათმენის ძალას აძლევს, ვინაიდან მისი მეშვეობით კაცი მსასოებელი ხდება ღვთისა. ამასთანავე, სულიერი ამაღლებისა და გადარჩენის გზას ადამიანი არა გარეთ, არამედ საკუთარ თავში უნდა ეძიებდეს:
"ვეძიე, ვპოვე ღვთის მადლით
ჩემი სუფევა, ნუგეში,
არა შორს სადმე უცხოეთს, -
აგერ, ჩემს წიაღ უბეში".
ნაწარმოების უკანასკნელი თავი ძირითადად ქორწინებისა და ბერ-მონაზვნობის საკითხებს ეძღვნება. წმინდა მამა ქალწულობას მზის მოელვარე დისკოს ადარებს, თუმცა ქორწინებასაც პატივისცემით მოიხსენიებს, მეუღლეებს მოუწოდებს, მტკიცედ დაიცვან ღვთისგან ნაკურთხი კავშირი და შეახსენებს, რომ ღალატი კაცს პირუტყვთან ათანაბრებს.
"ქალწულობას ნუვინ ყვედრით, -
არის დისკო საღმრთო მზისა;
ცოლ-ქმარ კავშირ მტკიცე ჰყვენით,
თქვენი - თქვენთვის, სხვისი - სხვისა...
გვირგვინოსანთ ღალატობა
პირუტყვთ გუნდში აღრევაა,
შვილთ ზნეობის - არს გამხრწნელი
ოჯახთ არევ-დარევაა".
დასასრულ კი სთხოვს, პირნათლად აღასრულონ თავიანთი ვალი და ქვეყანას ზნემაღალი შვილები აღუზარდონ.
მოამზადა
თამაზ სახეიშვილმა
თამაზ სახეიშვილმა