მეუფე სტეფანე: წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის
მეუფე სტეფანე: წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა და, ალბათ, კიდევ მრავალი დაიწერება. ათეისტურმა ეპოქამ მისი გააზრება ცალმხრივად წარმართა. ყოველი განხილვა იმით მთავრდებოდა, რომ ისეთი ღვაწლი, რომელიც თავზე აიღო წმ. ილიას გამდეგილმა - უაზრობაა და მისი დამარცხება გარდაუვალი იყო.

ათეისტურ ეპოქაში “განდეგილის” შეტანა სკოლის პროგრამაში, შესაბამისი განმარტებებით, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ახალგაზრდებს არც კი ეფიქრათ ამ გზით სიარულზე. ახლა კი, ეს ათეისტური წნეხი, თითქოს, მოიხსნა და უფრო ღრმა ანალიზის შესაძლებლობა გაგვაჩნია და, შესაბამისად, სკოლის წიაღშივე ეს გადაფასება უნდა მომხდარიყო. თუმცა, როგორც ჩანს, ძველი, წლობით დამკვიდრებული, აზრის ინერცია ძალზედ ძლიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ სასულიერო პირებზეც კი იქონია გავლენა. ამიტომ, საჭირო გახდა, ეკლესიის სწავლების შუქზე განხილულიყო ეს საკითხი.

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თაოსნობით 2016 წლის მაისში გაიმართა საღვთისმეტყველო კონფერენცია “აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ”, სადაც წაკითხულ იქნა დეკანოზ ილია ჭიღლაძის მოხსენება “წმ. ილია ჭავჭავაძის “განდეგილის” საღვთისმეტყველო-ლიტერატურული წყაროს ძიება და ანალიზი”. მოხსენებაში მრავალი საგულისხმო და საინტერესო მოსაზრებაა გამოთქმული, მაგრამ (თუმცა) მის მიერ გამოთქმულ ზოგიერთ აზრს ვერ დავეთანხმებით და, მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი იყო საეკლესიო სწავლებასთან უფრო შესაბამისი სულიერი ანალიზის გაკეთება.
უპირველეს ყოვლისა, გამოვყოფთ მამა ილია ჭიღლაძის იმ აზრებს, რომლებსაც არ ვეთანხმებით და, შემდეგ ვეცდებით, ჩვენი პოზიციის დასაბუთებას.
მამა ილია წერს:

- “განდეგილი კი არ დაეცა მხოლოდ, დამარცხებული ასრულებს ცხოვრებას”;

- “პირველად, ყველაზე მართებულად “განდეგილის” შინაარსს ჩაწვდა აკაკი ბაქრაძე, რომელმაც ასე შეაფასა პოემის დედააზრი: “განდეგილში” ილიას გამოყენებული აქვს ცოდვით დაცემის კლასიკური სიუჟეტი, მაგრამ ამჯერად დაცემა გამოწვეულია რწმენის ღალატით. ამდენად “განდეგილი” რწმენის ტრაგედიაა. რწმენის ღალატი კი შედეგია ადამიანის გაორებისა და ნებისყოფის სისუსტისა”;

- “რამ გამოიწვია განდეგილი ბერის დაცემა? ის ხომ უკვე სიწმინდის დიდ ხარისხში იყო, თვით სასწაულმოქმედების საზომს მიღწეული?!... სულიერი დაცემის მიზეზი ქრისტიანული ღვთისმეტყველების მიხედვით ამპარტავნებაა. რაში იხატება განდეგილის ამპარტავნება?! განდეგილმა დაივიწყა, რომ მიუხედავად გარკვეული სულიერი სიმაღლეების მიღწევისა, ის კვლავ მოკვდავი, ცოდვილი ადამიანია. მან ისე შეიტკბო ღვთისაგან მიმადლებული სიწმინდე და სასწაულმოქმედება (ლოცვანის მზის სხივის მიერ დაჭერა), რომ ცოდვით დაცემის გამო ამ ნიჭის დაკარგვა, დიდ მწუხარებას ჰგვრის... მაგრამ, განა ეს სასწაული აუცილებელი პირობა იყო ცხონებისათვის?! მას ავიწყდება მაცხოვრის შეგონება: “ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქვენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ” (ლკ. 17; 10), ასევე სიბრძნე იობისი: “შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო, კურთხეული იყოს მისი სახელი” (იობ. 1; 21). წმ. ისააკ ასურის სწავლებით: “ნეტარ არს კაცი, რომელი შეიცნობს უძლურებასა თვისსა, რამეთუ ცოდნა ესე ხდება მისთვის საფუძველი და საწყისი ყოველივე კეთილწარმატებისა” (ისააკ ასური, 61-ე სიტყვა). სამწუხაროდ, განდეგილმა ეს ყველაფერი დაივიწყა, დაივიწყა რომ “თუკი მოინდომებს და უწინდელ კეთილკრძალულ ცხოვრებას დაუბრუნდება, თავდაპირველ მადლსა და ღირსებასაც უეჭველად დაიბრუნებს” (მღვდელი რუფინუსი)”

ზემოთ მოყვანილი ციტატებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის აზრით:
1. ილიას განდეგილმა დამარცხებულმა დაასრულა ცხოვრება;
2. განდეგილის ცოდვით დაცემა გამოწვეულია რწმე­ნის ღალატით. რწმენის ღალატი კი შედეგია ადამიანის გაორებისა და ნებისყოფის სისუსტისა რომ “განდეგილი” რწმენის ტრაგედიაა (აკაკი ბაქრაძის ეს შეფასება “განდეგილისა” მისთვის სავსებით მისაღებია).
3. განდეგილი ამპარტავნებამ შეიპყრო. მან დაივიწყა, რომ მიუხედავად გარკვეული სულიერი სიმაღლეების მიღწევისა, ის კვლავ მოკვდავი, ცოდვილი ადამიანია. მან ისე შეიტკბო ღვთისაგან მიმადლებული სიწმინდე და სასწაულმოქმედება (ლოცვანის მზის სხივის მიერ დაჭერა), რომ ცოდვით დაცემის გამო ამ ნიჭის დაკარგვა, დიდ მწუხარებას ჰგვრის. ამგვარად, მან, ამ დიდი მწუხარებით შეპყრობილმა - დამარცხებულმა დაასრულა ცხოვრება.

აქვე მამა ილია ჭიღლაძე გვთავაზობს წმიდა ილია მართლის შესაძლო მოტივაციას ამ ნაწარმოების დაწერისა:

“ცნობილია, ილია მართალს ახალგაზრდობის პერიოდში ჰქონდა სურვილი - გამხდარიყო ბერი, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად გულისხმობს იმასაც, რომ ის აუცილებლად დაინტერესდებოდა საბერმონაზვნო, ანუ ასკეტური ლიტერატურით. სიმბოლურია პოემის მიძღვნა საყვარელი და ძვირფასი მეუღლის, ოლღა გურამიშვილისადმი. აქ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ თავად ილიას პირად ცხოვრებაში, მის ახალგაზრდობაში გაკეთებული არჩევანის - ბერობაზე საბოლოო უარის თქმის და საერო ცხოვრების, დაოჯახების არჩევანის გამარჯვება”.

ფსიქოლოგიური ქვეტექსტის სახით, ყოველივე ეს გულისხმობს შემდეგს:
- არ ღირს ბერობაზე არჩევანის შეჩერება, რადგან ამ გზით უდიდესი სიწმინდის მიღწევის შემთხვევაშიც კი, ადამიანი - ადამიანად რჩება, მას არ ჰყოფნის ნებისყოფა და ერთგულება, ცდუნებას დიდი მოღვაწეებიც კი ვერ უძლებენ, ამიტომ უმჯობესია, ჩვეულებრივად, დავქორწინდეთ. აი, ჩვენთვის სათაყვანებელი წმიდა ილია მართალიც იდგა ამ არჩევანის წინაშე და, მანაც, საბოლოოდ, უარი თქვა ბერობაზე, ხოლო საერო ცხოვრების, დაოჯახების არჩევანმა გაიმარჯვა, აკი დაწერა კიდევაც ეს უდიდესი პოემა “განდეგილი”, სწორედ ამ არჩევანის წარმოსაჩენად.

ილიას “განდეგილთან” მიმართებაში, სწორედ ამ, წლობით დამკვიდრებული აზრის ინერციას გავუსვით ხაზი, რომელიც იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სასულიერო პირებზეც კი იქონია გავლენა.
სანამ არგუმენტაციაზე გადავიდოდეთ, ერთ საკითხსაც შევეხოთ, რაც მნიშვნელოვანია ნაწარმოების ანალიზისას. დეკანოზ ილია ჭიღლაძემ გამოთქვა საინტერესო აზრი “განდეგილის” პირველწყაროსთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ნაწარმოებს პატერიკული ჟანრის სიუჟეტი უდევს საფუძვლად, რაშიც, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს პატერიკული ჟანრის სიუჟეტი, წმ. ილიამ, თავისივე მოწმობით, ადგილობრივი ხალხური გადმოცემიდან აიღო.
მამა ილია ჭიღლაძე წარმოგვიდგენს ერთ-ერთი უძველესი პატერიკის შინაარსს, და დასძენს: “უდავოა, რომ წარმოდგენილი პატერიკის თხრობა სრულიად იდენტურია ილიას “განდეგილის”, როგორც სიუჟეტის, ისე დედააზრის. შეინიშნება მხოლოდ ორი სიუჟეტური სხვაობა. “განდეგილში” ბერი მწუხარების ელდისგან კვდება, ხოლო პატერიკში იგი საერო ცხოვრებას უბრუნდება”. მეორე სხვაობა, რომელსაც აღნიშნავს მამა ილია ჭიღლაძე, როგორც ჩანს მაცდუნებელი ქალის არსობრივ საკითხშია - პატერიკში პირდაპირ მითითებულია, რომ ეშმაკი გამოეცხადა ბერს ქალის სახით, ხოლო “განდეგილში” პირდაპირ არ ჩანს - ბერთან მისული ქალი ადამიანია, თუ ეშმაკი - ქალის სახით მისული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მამა ილიას არგუმენტაცია საინტერესო და საგულისხმოა.

თუმცა, სიუჟეტური განსხავება წმ. ილიას “განდეგილსა” და მამა ილიას მიერ წარმოდგენილ პატერიკს შორის, გაცილებით მეტია, ანუ, უფრო სწორად, მსგავსებაა მხოლოდ ორი - პირველი, ის, რომ თხრობა ორივე შემთხვევაში განდეგილობის ღვაწლში მყოფ ადამიანს შეეხება და მეორე, ის რომ ორივეს, ეშმაკი ქალის მეშვეობით აცდუნებს. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც განდეგილი ბერების შესახებ თხრობა და არც ეშმაკის ასეთი ხრიკის წარმოჩენაა განსაკუთრებული კუთვნილება იმ პატერიკისა, რომელსაც წარმოგვიდგენს მამა ილია ჭიღლაძე.

მაგრამ, რადგან ეს პატერიკი ძალზედ კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, შედარებისას - განსხვავებების დანახვისა, რაც დაგვეხმარება საკითხის საღვთისმეტყველო გააზრებაში, მიზანშეწონილია ამ ორი ტექსტის პარალელური ანალიზი.
რაც შეეხება დედააზრს, თუ წმ. ილიას “განდეგილს” ჩამოვაცილებთ წლობით დაგროვილი “განხილვებისა” და “ანალიზების” ბალასტს, თავისი წმიდა სახით, “განდეგილის” დედააზრი, გარკვეულწილად, მართლაც შეესაბამება პრესბიტერ რუფინუსის მიერ აღწერილი პატერიკის დედააზრს. ანუ ორივე ნაწარმოები აფრთხილებს განდეგილობის ღვაწლისკენ მიმართულ ბერ-მონაზვნებს, თუ რა სახის საცდურები შეიძლება ელოდოთ მათ, ამ რთულ, მაგრამ ღირსეულ გზაზე.

განსვავება იმაშია, რომ პატერიკი პრაქტიკული სახელმძღვანელოს სახეს ატარებს მოღვაწე ბერ-მონაზვნობისთვის, ხოლო პოემა - მხატვრული ასახვაა განდეგილობის დიდი და თავგანწირული ღვაწლისა. ანუ თავისი არსით, პატერიკი რჩევა-დარიგებაა სულიერი ღვაწლის გზაზე შემდგარი ადამიანებისთვის, ხოლო წმ. ილიას “განდეგილი” მომხდარი ფაქტის მხატვრული ასახვაა, თუმცა პოემას მიზნად არ დაუსახავს რჩევა-დარიგება პირდაპირი სახით, ის უფრო მხატვრული ნაწარმოებია, ვიდრე პატერიკი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “განდეგილი” შესანიშნავ საშუალებას იძლევა განდეგილობის, როგორც მოვლენის სულიერი გააზრებისთვის და, შესაბამისად, ის შეიძლება სასარგებლო იყოს ბერ-მონაზონთათვისაც, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მისი მართებული სულიერი ანალიზი. მაგრამ, ვერანაირად გამოდგება ბერ-მონაზონთათვის სწავლებად ის, რა დასკვნაც გამოაქვს აკაკი ბაქრაძეს და, შესაბამისად, მასთან თანხმობაში მყოფ, მამა ილია ჭიღლაძეს, ამ ნაწარმოების დედააზრთან დაკავშირებით, ანუ: “განდეგილი” - რწმენის ტრაგედიაა. რწმენის ღალატი კი შედეგია ადამიანის გაორებისა და ნებისყოფის სისუსტისა”.

პოემის სულიერი ანალიზის მეტი სიცხადისთვის, ძალზედ სასარგებლო იქნება, გავყვეთ ორივე ნაწარმოების ტექსტს, შევადაროთ და შევაფასოთ წარმოჩენილი მსგავსებები და განსხვავებები, რაც, შედეგად, საშუალებას მოგვცემს, ზოგადად, განდეგილობის მოვლენის შეფასებისა და, ამავე დროს, წმიდა ილია მართლის დამოკიდებულებისა განდეგილობის ღვაწლისადმი.

პრესბიტერ რუფინუსის მიერ გადმოცემული პატერიკი დასაწყისშივე ცხადჰყოფს თავის დანიშნულებას:
“ახლა გიამბობთ, რა შეემთხვა ამ მცირე ხნის წინ ჩვენს ერთ-ერთ ძმას. ეს მაგალითი მეტ სიფრთხილეს შეგძენთ სულიერ ცხოვრებაში”.
თხრობა მიმდინარეობს ბერ-მონაზონთა და სულიერი ღვაწლით დაინტერესებულ პირთა წრეში და აშკარად დარიგების ხასიათს ატარებს. დიდი ღვაწლითა და მაღალი სულიერებით გამორჩეულ პირთა ნაკლებობას იმ ადგილას და იმ დროს - ნამდვილად არ უჩივიან.
წმ. ილიას განდეგილი კი სულ სხვა ეპოქაში და სხვა ვითარებაში ცხოვრობს, თუმცა, ილია მართალი დიდი პატივისცემით იხსენებს იმ დროსა და იმ ადამიანებს, როცა:

აქა ყოფილა უწინ კრებული,
ღვთისთვის ქვეყნიდამ განდეგილ ძმათა
და მყინვარს ამას უდაბნოს თურმე
ისმოდა ქება წმიდა-წმიდათა.
აქა გამდგარან, განშორებიან
ამ წუთისოფლის სამაცდუროსა,
აქ ჰღირსებიან მართალთა თანა
სავანესა მას საუკუნოსა.
შემდეგ დიდი ილია მადლიერებითა და მოწიწებით დასძენს, რომ:

გასულან ამა ქვეყნით მამანი
და ტაძარი ღვთის გაუქმებულა...
იმათის ღვაწლით, იმ ტაძრის მადლი
მთიულთა შორის, ყველგან განთქმულა.

პატერიკში ღვთივსულიერი მამა იოანე მოუთხრობს თავის მსმენელებს ერთ-ერთ ბერზე, რომელიც მათ შორის ცხოვრობდა:
“აქვე, ჩვენთან, მახლობელ უდაბნოში, ერთი მონაზონი ცხოვრობდა - დიდი მოღვაწე და მმარხველი. თავის ყოველდღიურ საზრდოს იგი საკუთარი შრომით მოიპოვებდა. სამოღვაწეო ადგილსამყოფელად მღვიმე ჰქონდა გამორჩეული და ამ მღვიმეში განუწყვეტელ ლოცვა-ვედრებას აღავლენდა ღმრთისადმი, ერთი სიტყვით, ყველანაირი სათნოებით იყო შემკული”.
წმიდა ილია მართლის განდეგილი ნამონასტრალში დამკვიდრებულა და სულ მარტოდმარტო დაუწყია თავისი მოღვაწეობა, რომელიც, ასევე, გამორჩეული იყო:
ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს,
მეუდაბნოე შეჰკედლებია;
საიქიოსთვის ეს სააქაო,
დაუთმია და განშორებია...

* * *
განდეგილა და ამ ყინულებში,
სულ მარტოდმარტო დაყუდებულა
და გვამი მისი ცოდვილთ ფიქრთაგან
იმ დღიდგან აღარ შეძრწუნებულა.
განუდევნია გულიდან ყველა -
მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი,
რათა წარუდგეს უფლისა მსჯავრსა
სულით განწმენდილ და განბანილი.

* * *
განყენებული წუთისოფლისგან
იქ სული მისი აღყვავებულა
და ხორციელი გულისთქმა ყველა,
დამარხულა და განსვენებულა.

პატერიკში არსად ჩანს, ჰქონდა თუ არა, იმ განდეგილ ბერს, სასწაულმოქმედების ნიჭი, თუმცა, აღნიშნულია, რომ ის ყოველგვარი სათნოებებით იყო შემკული.
წმ. ილიას განდეგილის “ვედრება ღმერთს უსმენია და სასწაული ნიშნად მადლისა, მღაღადებელზედ მოუვლენია”:

ოდეს უდაბნოს გასწვრივ მთის წვერზედ
მზე სხივგაფენით ამოვიდოდა,
იმ სარკმლით სხივი მისი სენაკში
სვეტად ბრწყინვალედ ჩაეშვებოდა.
როს ჰლოცულობდა, იმ სხივსა თურმე,
თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,
და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი,
უფლის ბრძანებით ზედ შეირჩენდა.
შემდეგ პატერიკი წარმოგვიდგენს დედააზრს, რისთვისაც დაიწერა ეს პატერიკი:
“მაგრამ, საკუთარი წარმატებებით მოხიბლულს, მას მოეჩვენა, თითქოს სრულყოფილებისთვის მიეღწია და ღმრთის შეწევნა აღარაფერში სჭირდებოდა, არამედ მთელი სასოება ამ მოჩვენებით სრულყოფილებაზე ჰქონდა დამყარებული, რომელსაც იგი საკუთარ დამსახურებად მიიჩნევდა”.

როგორც ვხედავთ პატერიკში პირდაპირაა დასახელებული ის საფრთხე, რომელიც ემუქრება, ზოგადად, ნებისმიერ სულიერ ღვაწლში შემდგარ ადამიანს, განსაკუთრებით კი განდეგილებს. ამ საფრთხეს რელიგიურ ენაზე ეწოდება ხიბლი, ანუ საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა და სულიერი ღვაწლის საკუთარი პერსონისადმი მიწერა. ამ დროს ქრისტიანობა გვასწავლის, რომ სულიერი წარმატებისთვის მხოლოდ საკუთარი სურვილი და ქმედება არ კმარა. ნებისმიერი კეთილი საქმე შეიძლება აღესრულოს მხოლოდ და მხოლოდ საღმრთო მადლის მეოხებით. ანუ ადამიანის ნება და ძალისხმევა უნდა დაემთხვეს ღმრთის ნებასა და ძალისხმევას. ურთიერთსიყვარულზე დაფუძნებულ ურთიერთქმედებას ადამიანისა და ღმერთისა ეწოდება სინერგია. სწორედ სინერგია აძლევს ადამიანს საშუალებას მიაღწიოს სულიერ წარმატებას. ჩვენ შემთხვევაში კი ვხედავთ, რომ პატერიკში მოხსენიებულ განდეგილს მთელი სასოება თავის მოჩვენებით სრულყოფილებაზე ჰქონდა დამყარებული.
რა ხდება ამ მხრივ წმ. ილიას “განდეგილში”? წმ. ილია არსად, მინიშნებითაც კი, თავისი განდეგილის ამგვარ, ანუ ხიბლიან მდგომარეობაზე არ საუბობს.
ეგრე ვიდოდნენ დღენი და წელნი,
ეგრე უბიწოდ იგი სცხოვრებდა...
და თვის სიწმინდეს ყოველდღე თურმე,
ამ სასწაულით შეიმოწმებდა.

ერთადერთი, რაც შეიძლება საეჭვო იყოს, ის გარემოებაა, რომ განდეგილი თავის სიწმინდეს სასწაულითYამოწმებდა. დავსვათ კითხვა - ვისგანაა ეს სასწაული მოვლენილი განდეგილზე. აქვე გვაქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი:

ვედრება მისი ღმერთს უსმენია
და სასწაული ნიშნად მადლისა
მღაღადებელზედ მოუვლენია.

სასწაული ღმრთისაგანაა - ნიშნად მადლისა. შესაძლოა, სასწაულით თავის სიწმინდის შემოწმება იყოს ხიბლის შემცველი ქმედება? ამის გამორიცხვა შეუძლებელია, რადგან სიწმინდის შემოწმება შეიძლება იქცეს სიწმინდის დამოწმებად, რაც ამპარტავნების შემცველი განწყობაა - თავმოწონება იმით, რომ სასწაულმოქმედება შეგიძლია. აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ:
მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ილია მართალი არსად საუბრობს თავისი განდეგილის ხიბლიან მდგომარეობაზე, ხიბლის შესაძლებლობას მასში ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა, დაბეჯითებით, არც იმის მტკიცება შეიძლება, რომ განდეგილი ძლეული იყო ამპარტავნებით.

ისევ მივუბრუნდეთ პატერიკს:
“გონების ამგვარი ამაღლება რომ იხილა, კაცთა მოდგმის მტერმა - ეშმაკმა - სცადა თავის ბადეში გაეხვია საბრალო მონაზონი. და, აი, ერთხელ, ღამით, იგი მას მშვენიერი ქალის სახით გამოეცხადა: თითქოს უდაბნოში დიდი ხნის უგზო-უკვლო ხეტიალისგან ღონე წართმეოდა. მუხლმოდრეკილი იდგა მღვიმის შესასვლელთან და ბერს შეწყალებას ევედრებოდა. “უდაბნოში შემომაღამდა და გზა ვერ გავიგნე - ამბობდა იგი - ნება მომეცი, შენი მღვიმის შესასვლელის რომელიმე კუთხეში გავათიო ღამე, რათა მხეცების შესაჭმელი არ გავხდე”. მოყვასისადმი სიბრალულის გრძნობით ძლეულმა ბერმა ქალი მღვიმეში შეიყვანა.”
ახლა კვლავ წმ. ილია მართლის “განდეგილს” გავყვეთ:

ერთხელ, საღამოს, ლოცვით დაღლილი,
გადმომდგარიყო ზღუდის კარებსა
და დაფიქრებით გადმოჰყურებდა
მწვანით დაფენილს მთისა კალთებსა.

* * *
უეცრად ასტყდა რამ ნიავ-ქარი,
დაჰბერა კლდეთა, ნაპრალთ და მღვიმეთ,
და მყინვარიდამ, ვითარ ვეშაპი,
შავი ღრუბელი დაიძრა მძიმედ.

* * *
ესე ყოველნი, ერთად რეულნი,
ჰგვანდნენ ცით ვლენილს რისხვას ღვთისასა,
თითქოს ღმერთი სჯის ქვეყანას ცოდვილს
დღეს მას საშინელს განკითხვისასა.
ამ დროს ის მწირი სენაკში იყო,
ცრემლით ალტობდა ღვთისმშობლის ხატსა
და ხელაპყრობით ევედრებოდა
წარწყმედისაგან ქვეყნისა ხსნასა.
უცებ მოესმა რაღაც კაცის ხმა...
ეოცა ეს ხმა, უჩვევი, მწირსა.
ყური ათხოვა, - და თითქო ვიღაც
ჰკივის, იძახის ზღუდისა ძირსა.
ეცა მსწრაფლ კარებს და გადიხედა...
ვიღაც კარის ჯაჭვს ზედ მოსდგომოდა,
და ვით ყრმა ვინმე, ღაღადების ხმით,
შესაფარებელს ბინას ითხოვდა.
თუ ძეა კაცის, რამ მოიყვანა
ამ დროს, ამ ღამეს ქვეყნისა რღვნისას?
მხეციც, ნადირიც თვის ბუდეში ჰძრწის,
მორიდებული ამ რისხვას ღვთისას!

როგორც ვხედავთ, აქაც განსხვავებული სიტუაციაა. პატერიკში პირდაპირ ვიცით, რომ განდეგილს ქალი კი არა, ეშმაკი მიადგა ქალის სახით, საცდუნებლად. აქვე ვხედავთ, რომ ბერი იმდენადაა საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ არც კი გასჩენია კითხვა - ბოროტისგან ხომ არ არის “გზააბნეული ქალის” უეცარი სტუმრობა? სენაკში იმ “ქალის” შეშვების მიზეზიც სავსებით მისაღებია - სიბრალული, აბა ღამე ხომ არ დატოვებდა გარეთ ღონემილეულს.
“განდეგილში” რა ხდება? საშინელი ავდარია. ბერი ლოცულობს. ესმის ძახილი. გადაიხედავს. ვერ გაურჩევია, ვინ არის.

ჰკითხა: - “ვინა ხარ? კაცი თუ მავნე,
აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?”
- კაცი ვარ, კაცი!.. მომეცი ბინა,
მიხსენ, ღვთის მადლსა, სიკვდილისაგან.
ვერ ჰხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს
და ზედ დაეცეს დედამიწასა?
რა დროს კითხვაა?.. შემიბრალე მე
და ნუ დამიჭერ ჭერსა, ბინასა”.
- “მართალი სთქვი შენ... თუ ხარ ძე კაცის,
ცოდვაა გარეთ დაგტოვო ამ დროს;
თუ მაცდური ხარ, სჩანს, ღმერთს სწადიან,
მწირი ცოდვილი დღეს გამომცადოს.

სიფრთხილით უდგება წმ. ილიას განდეგილი ადამიანის გამოჩენას სენაკთან, მაგრამ იცის, რომ საშინელ ავდარში, ღამით, მისი გარეთ დატოვება მთაში - სიკვდილის ტოლფასია, და ისიც, ღმერთს მიენდობა: “ამოვედ, ვინც ხარ!.. იყავნ ნება ღვთის!..” და მოულოდნელი სტუმარი ადის სენაკში.
მუნ დახვდა მწირი... რაა? ვინ რის?
ვერ გაარჩია სიწყვდიადითა.
“გამომყევ, ვინც ხარ! ბინას მოგცემ შენ,
გაგიზიარებ ჩემსა სენაკსა...
სახლი ღვთისაა... შენც შეგივრდომებს,
შენებრ მახვეწარს, მრავალსაც სხვასა”.
წაუძღვა წინ და შევიდნენ სენაკს...
აქ უფრო, ვიდრე გარეთ, ბნელოდა,
მხოლოდ კი ერთგან, ღველფად ქცეული,
ცეცხლი ჩამქრალი ფერფლქვეშე ჰჩნდოდა.

კვლავ არ ენდობა საკუთარ თავს განდეგილი, მსჯელობს:

რა დედაღვთისამ სენაკს შეუშვა
და არ შერისხა იგი მისული,
გულში სთქვა მწირმა, ძეა კაცისა
და არა მავნე, ბოროტი სული.

შემდეგ მოვლენები სწრაფად ვითარდება:

სტუმარი იგი დანაცრულს ცეცხლსა
ფიცლივ მივარდა დამზრალი, სველი,
ღველფი გაქექა, ჩაჯდა ცეცხლაპირს
და გაიწოდა სათბუნად ხელი.
- “უჰ, უჰ, რა ცივა!.. - სთქვა მან სტუმარმან, -
ლამის გავშეშდე სიცივისაგან!..”
მწირს ხმა ეოცა... ქალის ხმას ჰგვანდა...
შეკრთა, შეშინდა ამა ხმისაგან.
ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითა
განსაცდელი რამ მას მოუვლინა?
და ვითა ელვამ, ამისმა ფიქრმა
გულში ზარცემით მწირს გაურბინა.

ისევ წუხს განდეგილი. ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. თავადვე შეუშვა საკუთარ სენაკში ადამიანი, რომელიც ქალი აღმოჩნდა. მაგრამ რა შეეძლო მოემოქმედა? არ შეეშვა? მაგრამ ეს ხომ ადამიანის განზრახ მკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. რა მოასვენებდა მას ამის შემდეგ? რა ლოცვა და რა მარხვა გაუყუჩებდა სინდისის ქეჯნას? ასე რომ მისი გადაწყვეტილება სწორია, მიუხედავად იმისა, რომ განდეგილისთვის ძალზედ რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. და ისიც, დიდი ყოყმანით, მაგრამ კვლავ მიენდო ღვთის ნებას:

მაგრამ იქნება ბედმა ეგე ჰქმნა
მისდა საცდელად თვით უფლის ნებით!..
და კისრად იდო, ვით ნება ღვთისა,
სასოებით და გულდამშვიდებით.
მისი ყოყმანიც და გადაწყვეტილებაც სრულიად გასაგებია. აქ არ არის არც გაორება და არც ნებისყოფის სისუსტე. გარკვეულწილად, იგივე მოტივაცია შეიძლება ჰქონოდა პატერიკის განდეგილსაც, მაგრამ მას ფიქრადაც არ აქვს სიფრთხილე და ის საღი ყოყმანი, რომელიც გამოიჩინა წმ. ილიას განდეგილმა.
კვლავ გავყვეთ პატერიკის თხრობას:
“რა გინდა, რისთვის დაიარები ამ უდაბნოში?” - ჰკითხა მას. ქალმა მაშინვე შეთხზა რაღაც ამბავი, თან საუბარში ნელ-ნელა დახვეწილად აპარებდა ქალური ალერსის და მომხიბვლელობის შხამს. ხან საბრალობელ, უმანკო მსხვერპლად მოჰქონდა თავი, ხანაც ნაზ, უმწეო არსებად, რომელსაც დაცვა, მფარველობა სჭირდება. თავისი ტკბილი, მიმზიდველი საუბრით მან დაატყვევა საბრალო განდეგილის სული.”
რა ხდება შესაბამის სიტუაციაში წმ. ილიას “განდეგილში”:
- “შეშა არა გაქვს? - ჰკითხა სტუმარმა, -
მოიტა, ცეცხლი ავანთოთ, ერთი!
ხვალ თუნდა მთელს ზურგს მე ამოგიტან,
ოღონდ დღეს გავთბე, შენ, შენი ღმერთი!”
მეუდაბნოემ იქავ კუთხიდამ
მოზიდა შეშა, ცეცხლი აანთო.
რა გაძლიერდა, ცეცხლისა შუქმა
ბნელი სენაკი სინათლით მორთო.

აქაც სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. პატერიკში, ბერი თვითონ იჩენს აქტიურობას და კითხვის დასმით, აძლევს “სტუმარს” საშუალებას, მიმართოს მაცდუნებელი საშუალებების მთელ არსენალს. ფაქტობრივად, ის თავად ხელს უწყობს ეშმაკს თავისი ბოროტი განზრახვის აღსრულებაში. “განდეგილში” ბერი არ აქტიურობს, ფრთხილობს. შეხიზნული გოგონა, რომელსაც ბოროტი, მისდა უნებლიედ, იყენებს ცდუნების იარაღად, ცდილობს როგორმე გათბეს და ბერიც, მისი თხოვნით, ცეცხლს აანთებს ბუხარში. აქაც არაფერი არასწორი არ ხდება, თუმცა საშიშროება ცოდვაში ჩავარდნისა მატულობს.

ხოლო რა შუქი იმა ცეცხლისა
სტუმარს, იქ მჯდომელს, ზედ მოეფინა,
გასაოცარი რაღაც შვენება
განდეგილს თვალწინ წარმოედგინა:
ყმაწვილი ქალი, სავსე სიცოცხლით,
სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით,
ნაზად, ამაყად, ცეცხლაპირს იჯდა,
ვით მინდვრის შველი ყელმოღერებით.

აქ იწყება უკვე ბერის მხრიდან არასწორი მოქმედება, მან ვერ შესძლო საკუთარი მზერის მოთოკვა და “ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი”:

ვის არ მოიმხრობს, მოინადირებს,
ყოვლად ძლიერი მშვენიერება!..
თქმულა - მხეციც კი გააფთრებული
მის წინ დატკბება და დაწყნარდება
და დაუწყნარდა ძალს შვენებისას
იგი მწირიცა მწყრალი, გულმშრალი,
და უცოდველის გულისტკივილით
ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი.

როცა განყენებულად ვსაუბრობთ ბერის არასწორ მოქმედებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთივე არასწორ მოქმედებას ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩაიდენდა, ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, თუნდაც წმინდანთა ცხოვრებებიდან. განდეგილი შეეცადა შებრძოლებოდა საცდურს, მაგრამ ვერ შეძლო მოეთოკა “ტყვექმნილი თვალი”.
ამ დროს, რას აკეთებს, ცდუნების საწინააღმდეგოდ, მსგავს განსაცდელში ჩავარდნილი პატერიკის განდეგილი? სრულიად არაფერს და ეშმაკი “ქალიც” თავისი ტკბილი, მიმზიდველი საუბრით ატყვევებს საბრალო განდეგილის სულს.
შემდეგ, პატერიკის თხრობა გრძელდება:
“მერე, ნელ-ნელა, ხუმრობასა და სიცილზე გადავიდა, კეკლუცურად ეხებოდა ბერის ნიკაპსა და წვერს - თითქოსდა პატივისცემისა და მოკრძალების ნიშნად, ბოლოს თავზეც დაუწყო მოფერება. და აი, ქრისტეს მხედარი, საბოლოოდ ძლეული აღმოჩნდა, მის გულში ავხორცული ვნებები აბობოქრდნენ. იგი აღარ ფიქრობდა თავის აღთქმებზე, თავის მოწოდებასა, თუ იმ მძიმე ღვაწლზე, რომელიც ღმრთის გულისათვის ჰქონდა გაწეული. აი, გულის სიღრმეში იგი უკვე ეძლევა მრუშობას, მისი ფიქრი და ზრახვა უკვე დანაშაულებრივ კავშირშია უწმინდურ ვნებასთან, ქედდადრეკილი დგას მის წინაშე, “ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა”.
წმ. ილიას განდეგილი, “მშვენიერი ყმაწვილი ქალის” ცქერით დატყვევებული, კიდევ ერთ შეცდომას უშვებს და იწყებს მასთან საუბარს:

ბოლოს ჰკითხა მან: “ვინა ხარ შვილო?
ამ უდაბნოში რამ მოგიყვანა?
მერე ამ დროსა, როს ავდრისაგან
ლამის წაირღვნას მთელი ქვეყანა?”
- “მწყემსი ქალი ვარ... აქ მთის კალთებზედ
ცხვარს ვაძოებდი მამიჩემისას,
ბალახმა ცხვარი ამოიტყუა
და მეც ამოვყე ფარასა ცხვრისას...”

ამ შემთხვევაში ბოროტი მაცდური უფრო დახვეწილად მოქმედებს, ხვდება რა, რომ განდეგილი ფრთხილობს. ჯერ მისი თვალი დაატყვევა “ყმაწვილი ქალის” სილამაზით, და როცა დაინახა, რომ ის “დაუწყნარდა ძალს შვენებისას”, ანუ მოეშვა და მოდუნდა, საუბარზეც დაითანხმა, იმდენად, რომ განდეგილი თავად გახდა მისთვის მაცდუნებელი საუბრის ინიციატორი.
შემდეგ მწყემსი ქალი ყვება თავის ამბავს, თუ როგორც გაიტაცა მყინვარის სილამაზემ, როგორ დაივიწყა მამის გაფრთხილება, როგორ გაავდრდა, დაბნელდა, ცხვრები შემოეფანტა, დარჩა მარტოდმარტო:

რა მექნა ბეჩავს!.. საბრალო თავი
სად შემეფარა, გადამერჩინა?
ვთქვი, - აქავ დავრჩე და ბედს მივენდო,
თუ გავბედო და წავიდე შინა?
დავრჩენილიყავ, - მერე ვინ იცის,
გავაღწევდიღა ამ ღამეს ბედშავს?..
წავსულიყავ და - ამ ბნელაშია
კლდე-ღრეში სადმე ჩავიჩეხდი თავს...
მაინც გავბედე შინისკენ წასვლა,
ვთქვი, რაც მომივა, დე მომივიდეს!
თურმე, ნუ იტყვი, გზა ამრევია
და მოვსდგომივარ მონასტრის ზღუდეს.
ჯაჭვს ზედ წავაწყდი... და მაშინ მივხვდი,
რომ აქ მყინვარის მონასტერია,
ისიც ვიცოდი, მამიჩემისგან,
რომ მონასტერში ვიღაც ბერია.
გახარებული გეძახდი დიდხანს,
შენც კი კარგა ხანს მე ხმა არ გამე...

კარგა ხანს ისაუბრეს. სიტყვა სიტყვას მიჰყვებოდა:

- “შენ კი ეშმაკი, მგონი გეგონე”.
- “ნუ მიწყენ, შვილო, და ნურცა გიკვირს!..
შენვე სთქვი, სხვა ვინ მოხედავს ქვეყნით
ერთს დავიწყებულს და განდეგილ მწირს!”
- “განა ქვეყნადა არავინ გყავს,
ან ძმა, ანუ და, ან ნათესავი?”
- “მყვანდნენ... და ყველას გამოვეთხოვე,
აქ მოველ და ღმერთს შევწირე თავი”.
- “მას აქეთ ბევრი წელიწადია?”
- “არ ვიცი”. - “როგორ?”
- “არ ვთვლი წელთა სვლას,
მოვშორდი შვილო, წუთი-სოფელსა
და რაღას ვაქნევ იმის ჟამთა ცვლას!”
- “მოშორდი და აქ სულ მარტოკა ხარ?”
- “ეგეთი არის, სჩანს, ნება ღვთისა...”
“როგორ თუ ღვთისა? ღმერთს რაში უნდა
ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?”
* * *
“ან შენ როგორ სძლებ უწუთისუფლოდ!
მერე იცი კი რარიგ ტკბილია?!
აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე.
აქ ჭირია და იქ კი ლხინია.
ნუთუ თვისტომი, ტოლი და სწორი -
ყველა გულიდამ ამოგიღია?
* * *
არ გაგონდება არც მამა, დედა,
ან ძმა, ანუ და, ან სახლი, კარი?
ნუთუ მის დღეში არა გყოლია
მოკეთე, გულის შემატკივარი?!
როგორ მოშორდი?..” - “რა გითხრა, შვილო?”
ყველაზედ უფრო, სული ტკბილია,
იგი ტყვე არის წუთი-სოფლისა
და ეგ ყოველი მის ბორკილია”.
- “მაშ, ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წარვწყმდებით,
ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?”
- “ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა,
ესეთი მერგო მე... უბედურსა...”

და აი, მაცდუნებელი საუბრის ხილული შედეგი:

“უბედურსაო”?!.. და მწირსა უცებ
გულს ელდა ეცა ამ სიტყვის თქმაზედ...
ასეთი სიტყვა ხომ ჩივილია
და ვით მოადგა იგი ენაზედ?

იმწამს მიხვდა განდეგილი თავის შეცდომას, შეწყვიტა საუბარი და საკუთარ შინაგან სამყაროს ჩაუღრმავდა:

“უბედურსაო”?!.. - ეგ ხომ სიტყვაა
გულისტკენის და სამდურავისა!
ეგ ხომ სულთქმაა, აღმოკვნესაა
ბედნიერების დამკარგავისა!..
მან რა დაჰკარგა?.. ნუთუ არ ჰყოფნის,
რომ მან დასძლია საწუთოება,
განდგა მისგან და აქ მოიპოვა
სულის მშვიდობა და მყუდროება?
ნუთუ დაკარგვად აწ მიიჩნია
დამარხვა ხორცის, გულთქმის ვნებისა,
და არა ჰკმარის, რომ სულს დაუდგა
წმინდა საყდარი უკვდავებისა?
რა დაემართა? რა მოუვიდა?
ნუთუ უჩივის აწ იგი ბედსა?
ნუთუ აწ ჰნანობს ქვეყნის დათმობას
და მუნათს რასმეს სდებს შემოქმედსა?

უმალ გაერკვა განდეგილი თავის თავში, მიხვდა, რომ მისთვის ეს დამოკიდებულება ღმრთისადმი მიუღებელია:

არ შეჰკადრებს ღმერთს იგი სამდურავს!
არ გასწირავს სულს შევედრებულსა!
ვით არ იკმარებს ღვთისა კურთხევას,
მასზედ გულუხვად მომადლებულსა!..
არა და არა!.. მაშ რამან სძლია
და ეს სიტყვა რომ ამოაკვნესა?

მაცდურმა სულმა ვერ შესძლო განდეგილის შეცდენა, ღმერთზე აუგის თქმით. მაშინ მან კვლავ ძველ, გამოცდილ ხრიკს მიმართა.

მიმოიხედა თვის გარს საბრალომ,
თითქო მტერს ეძებს შემაცდენელსა,
არავინ იყო... ხოლო ცეცხლაპირს
ქალს დაღალულსა მისძინებოდა
და ცეცხლის შუქი მის ტურფა სახეს,
ვით საყვარელსა, ზედ დაჰხაროდა.
* * *
და რა იხილა კვლავ იგი მწირმა,
დაუცხრა სული აქოთებული
და რაღაც ძალით ქალზედ კვლავ დარჩა
თვალი ტყვექმნილი, გაშტერებული.

კვლავ ებრძვის საკუთარ თავს განდეგილი:

რად შეემსჭვალა თვალი იმ სახეს
ის სახე ატკბობს, თუ ეოცება?
მორიდება ჰსურს და ნეტა თვალი
რად ეურჩება და არ ჰნებდება?!

მაგრამ ვერ ერევა თავს:

დიდხანს დასცქერდა... ნეტა რა სხივი
გულს ჩაეფინა ნელი და თბილი!..
ჰძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არის
ესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი!
აქამდისაც ხომ გული უძგერდა...
ეხლა სულ სხვაა მის გულის ძგერა!..
ეხლა მის გული თითქო ებანს სცემს
და ისმის ჩუმი ებნის სიმთ ჟღერა.
როგორ იწამოს და რა დაარქვას
ამ, ჯერ არცნობილს სიტკბოებასა?
თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავს
სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?

რით მთავრდება რუფინუსის პატერიკში განდეგილის ცდუნება ეშმაკისაგან? ვკითხულობთ:
“აი იგი საბოლოო ნაბიჯს დგამს სამარცხვინო საქმის აღსასრულებლად, მაგრამ უეცრად ქალი შემაძრწუნებელი კივილით უსხლტება სელიდან და მოლანდების მსგავსად ჰაერში ქრება. მაშინ კი ხმაურით იჭრებიან მღვიმეში ბოროტი სულები და უწყალოდ, შეუბრალებლად დასცინიან მონაზონს: “ახ, ეს შენა ხარ ცამდე ამაღლებულო?! ჰოდა დაეშვი ახლა ჯოჯოხეთში! იქნებ გონს მოეგო და მიხვდე, რას ნიშნავს სიტყვები: “ყოველმან, რომელმან აღიმღლოს თავი, იგი დამდაბლდეს!”
როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში, პატერიკის განდეგილი თავად დგამს გადამწყვეტ ნაბიჯს ცოდვის ჩასადენად, მაგრამ ვერ აღასრულებს მას იმის გამო, რომ “უეცრად ქალი შემაძრწუნებელი კივილით უსხლტება ხელიდან და მოლანდების მსგავსად ჰაერში ქრება.”
როგორ ვითარდება მოვლენები “განდეგილში”:

ფეხი წინ წადგა... არ იცის კი რად...
ქალს კვლავ ეძინა ნეტარის ძილით,
ძილში ჩაყოლილს ფიქრს თუ ოცნებას
ბაგე გაეპო ლაღის ღიმილით.
იმა ღიმილის გრძნეული ჯადო
ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა
და იმა წვევის მაცდურებასა
ზეარსთა ძალიც ვერ გაუძლებდა...
და ვერ გაუძლო საწყალმა მწირმაც...
და დაიხარა თავი თუ არა,
უცებ გაშეშდა... ეჰა, წაწყმედავ,
ეს რა სურვილი გულს გაიტარა!..

ამ შემთხვევაშიც, საცდურში მყოფი განდეგილი, კვლავ, სხვაგვარად იქცევა. ბოროტმა ის დაიყოლია მძინარე ქალის კოცნაზე, ისიც თავად დგამს გადამწყვეტ ნაბიჯს ცოდვის ჩასადენად, მაგრამ “უცებ გაშეშდა”. რამ გააშეშა? სწორედ რომ ნებისყოფამ. ქალი კი არ გაუსხლტა ხელიდან, განდეგილი შეჩერდა და უარი თქვა ცოდვის აღსრულებაზე. გონება იბრძვის:

“ნუთუ იძლია? არა და არა!
მის სასოება არ დაუძლურდეს
და რაცა სწყურდა აქამდე მის სულს,
იგივე უნდა ბოლომდის სწყურდეს!..
არა და არა!.. არ აიყრის მადლს,
და სულს, ღვთისაგან უკვე მიჩნეულს,
არ ანაცვალებს და არ დაუთმობს
ხორცს, ესდენ ღვაწლით და ტანჯვით ძლეულს!

პატერიკში ცოდვით ძლეულ განდეგილს ეშმაკები დასცინიან, “განდეგილშიც” იგივე ხდება, მიუხედავად იმისა, რომ წმ. ილიას განდეგილი, საბოლოოდ, ცოდვის ჩადენაზე უარს ამბობს:

მაგრამ ეს რაა?.. “წარწყმდი თუ არა!” -
ეს ვინ ჩასძახის ნიშნგებით ყურში!
“დაგძლიე თუ არ!” - ეს ვინ გაჰკივის
გახარებული იმის მკვდარ გულში!
ეს რა ჰხარხარებს! ეს რა დასცინის!
ეს რა ხმა ისმის მის გარს ლხენისა!
მართლა ეგრეა, თუ ყველა ესე
მხოლოდ ცდომაა ყურთასმენისა!..
და შიშით, ზარით გარს მოიხედა...
კვლავ არვინ იყო... ქალს კვლავ ეძინა...
იდგა და უცებ ძრწოლით, კანკალით
პირქვე დაემხო ღვთისმშობლის წინა.

რა მიზანი აქვს ეშმაკს, რატომ დასცინის მის მიერ ცდუნებულ ბერებს? სურს, რომ სასოწარკვეთის ცოდვაში ჩაგდებით, საბოლოოდ გაიმაგროს წარმატება. ეშმაკი ყოველთვის ასე მოქმედებს, სანამ შეუძლია ადამიანის ცდუნება, მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სიამოვნების გრძნობა მიჰგვაროს, რათა მისი სხეული დაიყოლიოს, სულს კი ამშვიდებს, აწვდის რა გამამართლებელ აზრებს, ადუნებს და ცოდვას, უმნიშვნელო რაღაც სისუსტედ წარმოუდგენს. ხოლო, როცა ადამიანი დაინახავს, თუ როგორ მოატყუა მაცდურმა, მაშინ უკვე ეშმაკი ცდილობს, რომ ჩადენილი ცოდვა იმდენად მძიმედ წარმოუდგინოს, რომ საბრალო ადამიანს, ხშირად ჰგონია, რომ აღარაფერი ეშველება, სასოწარკვეთილებაში ვარდება და ჰკარგავს იმედს უფლისას. ფიქრობს, რომ სინანულსა და ბრძოლას სულის გადარჩენისთვის აზრი აღარ აქვს და ამით, კვლავ მოტყუებული, ეშმაკის კლანჭებში აღმოჩნდება.

როგორ იქცევა პატერიკში, ცოდვაში ჩავარდნილი ბერი? ვკითხულობთ:

“განდეგილმა ვეღარ გაუძლო ამხელა სირცხვილს, - ის, თითქოს, უკვე, ჭკუიდან შეშლილს ჰგავდა, - და გადაწყვიტა კიდევ უფრო მეტად ეცდუნებინა საკუთარი თავი, ვიდრე ეს დემონებმა მოახერხეს. იმის ნაცვლად, რომ კვლავ სულის მხსნელ ღვაწლს შესდგომოდა, კვლავ განეახლებინა ვნებებთან ბრძოლა და სულთქმით, ლმობიერებით, გულშემუსვრილებით გამოეთხოვა ღვთისაგან შენდობა, იგი სასოწარკვეთილების უფსკრულში დაინთქა და ყოველგვარ ბილწებასა და არაწმინდებას მისცა თავი. იმათ მსგავსად, ვისზეც პავლე მოციქული ბრძანებს: “რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცეს ბილწებასა საქმედ არაწმინდებისა ყოვლისა ანგარებისა” (ეფ. 4; 19). საერო ცხოვრებას დაბრუნებული, იგი ახლა ეშმაკის იარაღადაა ქცეული და გაურბის ყოველგვარ შეხვედრას წმინდა ადამიანებთან, რადგან შიშობს, ვინმემ სულის მხსნელი რჩევებით, კვლავაც სიწმინდისკენ არ მიაქციოს”.
როგორ იქცევა განდეგილი? - “უცებ ძრწოლით, კანკალით, პირქვე დაემხო ღვთისმშობლის წინა”. - არ დანებდა! სულისათვის ბრძოლა წამოიწყო და ღვთისმშობელს მიმართა დასახმარებლად. შემდეგ რა ხდება?

მით რა ეშველა?.. იგივ ქეჯნაა,
იგივე ძრწოლა, შიში და ზარი!
რად არ დადგება, რად არა სცხრება
იგი ნიშგების წყეულთ ხარხარი!
სული გულს იწვევს ღვთისა ვედრებად,
გული სხვას ამბობს, არა ჰნებდება...
ნუთუ ღვთისმშობლის საფარველქვეშეც
წყეული ხორცი არ დაწყნარდება!..
ზე აიხედა... დედა-ღვთის ხატსა
მავედრებელი შეჰმართა თვალი...
და ვაი, წმიდა ღვთისმშობლის ნაცვლად,
თვალწინ დაუდგა იგივე ქალი!
ეს რა ეწვია? ამას რას ჰხედავს?
ცხადია იგი, თუ აჩრდილია?
ნუთუ მის ცოდვით, თვით წმიდა ხატი
ამ ცოდვილ სახედ გარდაქმნილია?
ნუთუ აწ ღმერთი ღირსად არ ხდის,
რომ დედა-ღვთისა კვლავ ინახულოს
და მის შეწევნით მისვე წინაშე
ხორცზედ კვლავ ძლევა ისასწაულოს?..
პირჯვარი უნდა - ხელი არ ერჩის,
ლოცვის თქნა უნდა - ენა ებმება,
ხატის ხილვა სწყურს - და იგივ... იგივ...
ქალი წყეული თვალთ ელანდება!
“აბა სძლიეო!..” და კვლავ ვიღაცამ
გაიხარხარა იმის სენაკში...
აწ იმა ხარხარს ვეღარ გაუძლო
და როგორც გიჟი გავარდა კარში.

წმიდა ილია მართალი, მისთვის ჩვეული გენიალურობითა და უდიდესი სულიერებით, გადმოგვცემს ბრძოლას ადამიანის სულსა და ბოროტ სულს შორის. ერთი შეხედვით, თითქოს ღმერთმა მიატოვა თავისი მხედარი, ყველაზე მძიმე ბრძოლაში. აქ მიზანშეწონილია, გავიხსენოთ ჯვარცმული მაცხოვრის სიტყვები: “ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევე მე?” (მთ. 27; 46). არ მიუტოვებია ღმერთს მაცხოვარი და არც თავისი განდეგილი მიუტოვებია. უნდა “აღსრულდეს ყოველი სიმართლე” (მთ. 3; 15). წარმოვიდგინოთ, რომ განდეგილი იმ სიტუაციაში დამშვიდებულიყო და “გიჟივით” არ “გავარდნილიყო კარში”, რა მოხდებოდა მაშინ? ან კვლავ ცდუნდებოდა ქალით, რომელიც იქვე იყო, სენაკში. ან უარესი! - იფიქრებდა - რა ძალა მაქვს! ვძლიე ეშმაკს! აგერ ეს ქალი, კვლავ აქაა, ჩემს სენაკში, მე კი სრულიად არ ვაქცევ მას ყურადღებას, ვლოცულობ ჩემთვის! - აი, ხიბლი! და რა დოზით? აქ უკვე მრუშობის ცოდვაში ჩავარდნაც კი არ უშველიდა ადამიანს. ასე რომ, ჩვენ რომ გვგონია, ცოდვილ ადამიანებს, აყოვნებსო უფალი, სულაც არ არის ასე საქმე.
სამწუხაროდ, პატერიკში მოთხრობილი განდეგილის ამბავი არ ჰგავს ილიას განდეგილის ამბავს. პატერიკში წარმოჩენილი განდეგილი “იმის ნაცვლად, რომ კვლავ სულის მხსნელ ღვაწლს შესდგომოდა, კვლავ განეახლებინა ვნებებთან ბრძოლა და სულთქმით, ლმობიერებით, გულშემუსვრილებით გამოეთხოვა ღვთისაგან შენდობა, იგი სასოწარკვეთილების უფსკრულში დაინთქა და ყოველგვარ ბილწებასა და არაწმინდებას მისცა თავი”.
ილიას განდეგილი კი, სრულიად სხვაგვარად იქცევა, ის არ უარყოფს თავის არჩეულ გზას, განაგრძობს ბრძოლას და კვლავ ბრუნდება თავის სენაკში, ღმრთის შეწყალების იმედით:

რიჟრაჟი იყო და ჰთენდებოდა,
გადაყრილიყო ციდამ ღრუბელი
და დაწყნარებულს წუთის-სოფელსა
დილის ნიავი დაჰქროდა ნელი.
ეს ვინ ჰრბის, დაძრწის? ეს ვინ ჰტანტალებს
ამ კლდეებშია თმააბურძგნული?
ნუთუ მწირია?.. იგია იგი,
ვითა სირვდილი გაფითრებული
აჰა, მოვიდა, ზღუდის პირს დადგა
და მწყურვალებით უცქერს მთის წვერსა,
თითქო იქიდამ გამოელისო
თვით უკანასკნელს ნუგეშს და ბედსა,
მზის ამოსვლასა ელოდებოდა...
რად არ ამოდის? რად გვიანდება?
დღემდე თვით ჟამი არარა იყო,
და ეხლა წუთიც რად უძნელდება?..
ამოვიდა მზეც... მსწრავლ უკუიქცა
შევარდა სენაკს გახარებული,
და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად
ჰნახა სარკმლიდამ გადმოშვებული.
გულზედ მოეშვა... კვლავ სასოებით
დედა-ღვთისასა მიაპყრა თვალი,
კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატი
მადლით, ნუგეშით გადმომზირალი.
არ შერისხულა, სჩანს, ჯერეთ ღვთისგან!..
და ღმერთს მადლობა ცრემლით შესწირა...

რას ვხედავთ ჩვენ მწირის საქციელში? ღმრთის ღალატს? ნებისყოფის სისუსტეს? გაორებას? თუ სინანულს, ღვთის წინაშე თრთოლვასა და მადლიერებას?
კი, ღმერთმა მას მძიმე განსაცდელი მოუვლინა, რომლის დროსაც ადამიანის დაზიანებული ბუნების სისუსტე გამოავლინა - ვერ მოთოკა თვალი, სიფხიზლე დაკარგა, მოეშვა, სულში ვნებების აბობოქრება ვერ შეაჩერა, თითქოს... მაგრამ, გადამწყვეტ მომენტში შეჩერდა. რატომ? ეშმაკმა შეწყვიტა ზეწოლა? - არა. ვნებები გაუნელდა? - არა. სწორედ ნებისყოფამ იმძლავრა მასში. არ დაეთანხმა თავის არასწორ გადაწყვეტილებას. უარი თქვა ცოდვაზე და ღმერთს და დედა ღვთისმშობელს მიმართა საშველად. სად არის აქ გაორება და ნებისყოფის სისუსტე, ან ღვთის ღალატი? უჭირს, ძალიან უჭირს, მაგრამ არ ნებდება.
გავყვეთ მსჯელობას. ღმერთმა არ უშველა, ან დედა ღვთისმშობელმა? მაგრამ, რატომ არ დარჩა სენაკში და რატომ არ იმრუშა? ან, თუნდაც, რატომ არ გაიქცა ერში, პატერიკში წარმოდგენილი განდეგილივით, რატომ არ მიეცა ცოდვას - ან მრუშობას, ან სასოწარკვეთილებას? იმიტომ, რომ თავადაც სწორად იმოქმედა, ისე, როგორც შეეფერებოდა ღირსეულ ბერს და ღირსეულ ადამიანს, და ღმრთისაგანაც შეწევნა მიიღო. სწორედ ღმერთმა მისცა მას ძალა, ჯერ დაეტოვებინა სენაკი, როცა იქ საფრთხე ელოდებოდა და შემდეგ, კვლავ დაბრუნებულიყო, რათა არ ეღალატა არც ღმერთისთვის, არც თავისი თავისთვის და არც არჩეული გზისათვის.
მაშ რატომ ასეთი ფინალი? რატომ განუტევა სული განდეგილმა? ბოლოს ისევ დაუშვა შეცდომა და ღმერთმა არ აპატია? ან იქნებ წმ. ილიას არ ეყო სულიერება და მთლად სწორად ვერ დაგეგმა ფინალი? თუ სხვა მიზეზი უნდა ვეძებოთ? დავაკვირდეთ ტექსტს:

მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ
და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..

თავის სენაკში მიბრუნებულმა განდეგილმა მიმოიხედა, ყველაფერი ძველებურად დახვდა - სინათლის სვეტი, ღვთისმშობლის ხატი კვლავ შესცქეროდა “მადლით, ნუგეშით”, ღმერთს მადლობა შესწირა ცრემლით, არც ლოცვა წართმევია. გამხნევებულმა გადაწყვიტა სასწაულმოქმედების ძალაც შეემოწმებინა - “მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ”, მაგრამ “სხივმა არ დაიჭირა!” არასწორია ეს მისი ქცევა? ძნელია ამის თქმა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ის ყოველთვის ამოწმებდა თავის მდგომარეობას ამ სხივზე ლოცვანის დაყრდნობის მეშვეობით. სწორია თუ არა ეს ქცევა, რთული სათქმელია, თუმცა, ეს მისთვის რომ ბუნებრივია - აშკარაა. ახალს არაფერს აკეთებს. თუ ის ხიბლში იყო, როცა ამას მუდმივად აკეთებდა, მაშინ ახლაც ხიბლით მოქმედებს, თუმცა ავტორის თქმით, მას ღმრთისაგან ჰქონდა სასწაულმოქმედების ნიჭი. ეს, რა თქმა უნდა, მაინც არ გამორიცხავს ხიბლის შესაძლებლობას, რადგან, ზოგადად, ადამიანს სჩვევია ღმრთის მიერ მიცემული ნიჭების არასწორი გამოყენება. დავუშვათ უარესი, რომ გამდეგილი ხიბლში იყო. მაშინ გამოდის, რომ ღმერთმა მოუვლინა ზემოთ აღწერილი განსაცდელი ხიბლიდან გამოყვანის მიზნით.

განსაცდელგამოვლილი განდეგილი კვლავ ცდილობს ლოცვანის დაყრდნობას სინათლის სხივზე, ანუ ამოწმებს ღმრთისგან მომადლებულ სასწაულმოქმედების უნარს და აღმოაჩენს, რომ მან ეს უნარი დაკარგა.
თუ ის ამას ხიბლით, ანუ საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენით აკეთებდა, ბუნებრივია, რომ ღმერთი აღარ დაუტოვებდა მას ამ უნარს, რათა არ გაემყარებინა ეს ცოდვის შემცველი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ხოლო, თუ განდეგილს ხიბლი არ ამოძრავებდა, არამედ შიში ღვთისა და თრთოლვა, - ვაი თუ დაკარგა ღმრთისაგან კეთილგანწყობა... ამ შემთხვევაში, მას ცოდვა არ ამოძრავებს, თუმცა შედეგი იგივეა.

ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ღმერთს უნდა ადამიანის ცხონება და არა მისი სასწაულმოქმედება. გავიხსენოთ ეპიზოდი სახარებიდან, როცა გახარებული მოციქულები უყვებიან უფალს, თუ რა სასწაულებს ახდენდნენ მისი სახელით, უფალი იესო ქრისტე პასუხობს მათ - ის კი ნუ გიხარიათო, რომ უკეთური სულები გემორჩილებიან, არამედ ის, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცათა სასუფეველში (ლკ. 10; 20).

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ განდეგილს სასწაულმოქმედების უნარი დარჩენოდა, უშუალოდ, ცოდვით დაცემის შემდეგ. განდეგილმა ხომ, მიუხედავად მძაფრი სულიერი ბრძოლისა და ცოდვისაგან თავის დაღწევისა, მაინც ვერ გაუძლო, თავდაპირველად, ცდუნებას და განიცადა სულიერი დაცემა. ამას ისე რომ ჩაევლო, თითქოს არაფერი მომხდარა, სრულიად უდანაკარგოდ, სასარგებლო იქნებოდა განდეგილის სულისთვის? ვფიქრობ ყველა დამეთანხმება, რომ არ იქნებოდა სასარგებლო. რატომ ჩააგდებდა უფალი თავის ერთგულ მხედარს ისეთ საცდურში, რომლის გამკლავებასაც ის ვეღარ შესძლებდა? ისეთ ცოდვას, როგორიც მრუშობაა მძაფრი სინდისის ქეჯნა მოსდევს, რაც უმეტეს შემთხვევაში სინანულში გამოიხატება და სულისათვის გამომაფხიზლებელია. ხოლო ისეთ ცოდვას, როგორიცაა ხიბლი, პირიქით, მომადუნებელი ეფექტი აქვს და სინდისის ქეჯნას ადამიანი საერთოდ არ განიცდის. ეს კი სულის დაღუპვის პირდაპირი გზაა. ამიტომ, თავად ღმერთი, არასოდეს არ ანებებს ადამიანს ამ მდგომარეობაში ყოფნას და სხვადასხვა განსაცდელების დაშვებით ცდილობს მის გამოფხიზლებას.
შემდეგ რა ხდება?

დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა.
გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული...

აქ ვხედავთ განდეგილის ემოციურ მდგომარეობას, მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ სასწაულმოქმედების უნარი წაერთვა. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ემოციური მდგომარეობა? შესაძლოა სასოწარკვეთილებასაც, როგორც იფიქრა “განდეგილის” მრავალმა მკვლევარმა, მაგრამ რატომ მანამდე არა, როცა სასოწარკვეთილებისთვის გაცილებით მეტი მიზეზი ჰქონდა. იქნებ სხვაგვარად შევხედოთ ამ “ზარდაცემას” და ღრმა სინანულად და უღირსების გრძნობად შევაფასოთ, რაც მეტად არის შესაძლებელი, განდეგილის ცხოვრების წესიდან და მისი ფაქიზი, ღვთისმოყვარე სულიდან გამომდინარე.

ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა
და იქავ, სხივქვეშ, უტევა სული.

შებღავლა ღმერთს და სული განუტევა. რატომ შებღავლა ღმერთს? სასოწარკვეთილებით? ღმერთზე აუგით? - ეს რა დამმართე, ღმერთო, მე ხომ მთელი ჩემი სიცოცხლე შენ შემოგწირე? ახლაც, ხომ ვეცადე, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, კვლავ დაგიბრუნდი... შენ კი?... ეს ვარიანტი ხომ ყველაზე მეტად მოსწონთ ღვთის მგმობებს, ღმერთთან მებრძოლ უღმერთოებს. ჩვენ ხომ უღმერთობის მძიმე ხანა გავიარეთ და მათი “ლიტერატურული გარჩევები” და “ანალიზები” მყარად დამკვიდრდა ჩვენს ცნობიერებაში.

მაგრამ, ასეთი დამოკიდებულება იმ ემოციისადმი, რომელიც გამოიხატება ამ სიტყვებში, სრულიად ამოვარდნილია იმ კონტექსტიდან, რომელსაც გვთავაზობს სულმნათი ილია მართალი. სწორედ რომ, უნდა აღსრულდეს ყოველი სიმართლე. სრულებითაც არ ნიშნავს ეს მძაფრი ემოცია - “საშინლად შებღავლა ღმერთს” - ღმერთზე აუგის თქმას. პირიქით, განდეგილის ფაქიზი, ღვთისმოშიში და ღვთისმოყვარე სული, რომელმაც წლობით იღვაწა ღვთის სადიდებლად, დიდად განიცდის თავის შეცოდებას და ასე მძაფრად გამოხატავს თავის სინანულს. შენდობას სთხოვს ღმერთს, და ბღავილით ევედრება: “არ მიმატოვო ღმერთო!” სხივის სვეტზე არ დაბჯენილი ლოცვანი ხომ ნიშნავდა, რომ ღმერთმა უარყოფითად შეაფასა მისი საქციელი. ამან შეძრა განდეგილი, ღმრთისაგან მიტოვებულად იგრძნო თავი და უდიდესი სინანულითა და ვედრებით “საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა” - “არ მიმატოვო!” და ღმერთმაც უპასუხა, დიახ უპასუხა: “დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში!” (ლკ. 23; 43). და განდეგილმა “იქავ, სხივქვეშ, უტევა სული”.

რატომ უტევა მან სული იქვე, გამოქვაბულში, სხივქვეშ? ნუთუ შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთმა, რომელიც თავად სიყვარულია, რომელიც მუდამ ბრძანებს: “წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი”, (ა)ისე უმოწყალოდ გაწირა თავის ერთგული და დაჭრილი მხედარი. ის ხომ ბოლომდე იბრძოდა საღმრთო მადლისთვის ბოროტ სულთან, რომელსაც სურდა მისი დატყვევება და ხელში ჩაგდება. ასე იოლად მიუგდებს მას ეშმაკს საჯიჯგნად? არავითარ შემთხვევაში. განდეგილის გარდაცვალებით სიკვდილმა და ცოდვამ კი არ გაიმარჯვა, როგორც წლების მანძილზე წარმოგვიდგენდნენ ხოლმე. სიცოცხლემ და სიყვარულმა გაიმარჯვა - მარადიულმა სიცოცხლემ და მარადიულმა სიყვარულმა. განსაცდელითა და სინანულით ბოლომდე განწმინდა მაცხოვარმა განდეგილის სული და თავისთან, სამოთხეში, მარადიულ სიცოცხლეში დაამკვიდრა.

პატერიკის განდეგილმა სულ სხვა ხვედრი აირჩია. ის აშკარად დამარცხდა და სასოწარკვეთილმა ღვთისაგან განდგომა აირჩია. ფაქტობრივად ის სულიერად მოკვდა, მაგრამ ღმერთმა არ ინება მისი გარდაცვალება ასეთ მდგომარეობაში. ეს ხომ სამუდამო სატანჯველში მისი გაწირვის ტოლფასი იქნებოდა. არც მას დაუკარგა ღმერთმა მისი ლოცვაში და მარხვაში გატარებული დღეები და ღამეები. როგორც ვკითხულობთ პატერიკის ეპილოგში ღმერთმა მას მისცა დრო გამოფხიზლებისთვის და სინანულისთვის:
“ცხადია, თუკი ის მოინდომებს და უწინდელ კეთილკრძალულ ცხოვრებას დაუბრუნდება, თავდაპირველ მადლსა და ღირსებასაც უეჭველად დაიბრუნებს”.

ამ სიტყვებიდანაც ჩანს, რომ უსაზღვროა ღმერთის სიყვარული და მოწყალება. სრულიად განადგურებულ და ცოდვის მონობაში მყოფ ადამიანს არ წირავს და აძლევს დროსა და საშუალებას სინანულისა და გამოსწორებისათვის. როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღმერთი, რომელიც “გვზრდის და გვწყალობს”, რომელიც სიყვარულის, სიმართლისა და სამართლიანობის ღმერთია, ამ ყოფილ განდეგილს იწყალებს და გამოსწორების საშუალებას აძლევს, ხოლო წმ. ილიას განდეგილს, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა ბოროტთან, ამის საშუალება არ მისცა. სულ პირიქით არის, - წმ. ილიას განდეგილის ღვაწლი შეიწირა ღმერთმა და თავისთან სამოთხეში დაამკვიდრა.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასე აქვს მოაზრებული ეს ყოველივე წმ. ილია მართალს. მის “განდეგილში” ღრმად და ხატოვნად, მართლაც რომ გენიალურად არის წარმოდგენილი სულიერ ღვაწლში მყოფი ადამიანის სულიერი ცხოვრება. საუკუნეზე მეტმა დრომ განვლო ამ ნაწარმოების დაწერის შემდეგ და დღემდე არ ცხრება მის მიმართ ინტერესი.
და ბოლოს, “განდეგილის” ეპილოგი:

და იქ, სად წმინდანთ უდიდებიათ
ღმერთი მსჯავრის და ჭეშმარიტების,
იქ, სად უწირავთ უფლისა მიმართ
მსხვერპლი ქებისა და ღაღადების, -
აწ, შორის ნანგრევთ და ნატამალთა
მარტო ქარიღა დადის და ქშუის,
და გამომფრთხალი ჭექა-ქუხილით
მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის...

ამ ეპილოგში განდეგილის მარცხია ასახული? თუ “თანამედროვე”, ღმრთისაგან განმდგარი კაცობრიობის სურათი? წმ. ილია სწორედ ამას წუხს, ამ საყოველთაო განდგომას ღმრთისაგან, რისი სიოც უბერავს უკვე იმ დროს. სწორედ ამ, ღვთისაგან განდგომილმა ადამიანებმა მოუსწრაფეს მას სიცოცხლე წიწამურთან.

ხოლო, რაც შეეხება მიძღვნას თავისი მეუღლისადმი, როგორ თავად წერს - ოლღა ჭავჭავაძისადმი, მან ამ ნაწარმოებით, მთელის გულწრფელობით გადაუშალა მას თავისი სულიერი სამყარო. როგორც ვიცით, ის თავად ცდილობდა ბერობის გზას შესდგომოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისთვის რთული გამოდგა ამ არჩევანის გაკეთება. სწორედ ამ სულიერი ბრძოლის გამოძახილი უნდა იყოს ეს, უდიდესი სულიერებითა და ღმრთისადმი და განდეგილისადმი სიყვარულით დაწერილი პოემა.
მადლობა მინდა მოვახსენო მამა ილია ჭიღლაძეს, რომელმაც მომცა ბიძგი თავიდან გამეაზრებინა ეს ღრმა და სულიერი სიფაქიზით აღსავსე ნაწარმოები. ვფიქრობ, მას არ ეწყინება, რომ ვერ დავეთანხმე ზოგიერთ საკითხში და დუმილით ვერ ავუარე გვერდი ზოგიერთ მის მოსაზრებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ აკაკი ბაქრაძის სულსაც გაუხარდება უსამართლოდ დაგმობილი განდეგილის გამართლება.
შენდობას ვთხოვ ყველას, ვისაც ოდესმე ზიანი ან წყენა მივაყენე ჩემი სიტყვით, საქმით, ცნობით თუ უმეცრებით.
შეწევნას ვთხოვ წმიდა ილია მართალსა და მის მიერ ასეთი სიღრმით წარმოჩენილ განდეგილს, რომელიც, როგორც ჩანს, რეალური პიროვნება იყო, ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილი.


ვნების შვიდეული, 2017 წელი



ბეჭდვაელფოსტა
22.04. 2018
ita
მართლაც,სულიერადაა ნაწარმოები გააზრებული.უდიდესი სიამოვნება მომგვარა სტატიის წაკითხვამ.დიდი მადლობა.
21.04. 2018
დავითი
აღფრთოვანებული ვარ! მართლაც ღირსეული განმარტებაა.. დიდი მადლობა!
20.04. 2018
გიორგი
დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი განმარტებისთვის!
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
11.12.2017
არამეულის შემდეგ მამა სერაფიმემ ქართულად პირველად იგალობა - ლამაზი საგალობელი,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat