მტრედები
მტრედები
განა ძნელია, მთელი დღე იარო ქუჩაში და შენიანს არავის გადაეყარო? ვიღაცამ მითხრა, - ეგეთი დღეები თითქმის არ არსებობენო. სადაც სიტყვა "თითქმის" გამოერია, იქ ყველაფერი შესაძლებელია. მე კიდევ ასეთ თითქმის-დღეებს მივეჩვიე. გახშირდნენ ამ ბოლო დროს. ძალიან გახშირდნენ. ან მე გავუცხოვდი ზედმეტად. იმასაც ვგრძნობ, რომ ეგეთი დღეები სხვანაირად მზრდიან და მაწყნარებენ. მეც სულ მათ მოლოდინში ვარ. დადარაჯებული. ვიღვიძებ თუ არა, მაშინვე ვამოწმებ - უებარი ხერხი მასწავლა აბომ, ჩვენმა მეეზოვემ: "ტრედი ფანჯარაში არ გეჯდეს, ის დღე კვდარია". ჩემი საწოლი კი ზუსტად ფანჯარასთან დგას. ფანჯარას გარე რაფა აქვს. ჰოდა, ალიონზე თუ რაფაზე მტრედები არ დამიხვდნენ, ესე იგი, ეგაა - ის დღე აუცილებლად მარტოობაში ჩაივლის.

ძალიან ადრე კი, კარგად მახსოვს, დღეები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბევრ-მტრედებიანი იყო. აქეთ მე ვიწექი, იქით - თამარა, შუაში - ლუკა და ისიც ორივეს ერთდროულად და თანაბრად გვათბობდა. "ჩემი პაწაწო რადიატორი", - ეფერებოდა თამარა. მტრედები გვაღვიძებდნენ. მტრედები ქუჩას კენკავდნენ. მტრედები სახლების აივნებს ეტანებოდნენ. მტრედებიანი დროშები თვალში გვხვდებოდნენ. ყველგან მტრედები იყვნენ.

აბოს ნათქვამი დავიხსომე. თამარასაც ვუთხარი. თამარა აბოს ქოქოლას აყრის და პროფესიას უწუნებს.

- რა იცის მაგან?!. შენც უგდებ ყურს პროფესორს!..

- ეზოს დაგვა ხომ იცის? - ვიცავ მე აბოს.

- ეზოს დაგვა ყველამ იცის!

- მიდი, დაგავე! - ვეუბნები და პირზე წყალს ვისხამ. თამარა ჩაის ადუღებს. მერე ასხამს.

- რა ქენი... აღარ მორჩი რომანს? - მეკითხება საუზმობისას შემრიგებლურად.

- ჯერ სადაა, - ვბურტყუნებ ჩემთვის და ფანჯარას გავყურებ.

- ნელი ხარ, აი... ნელი, - ოხრავს თამარა და ჩაიში სამ კოვზ შაქარს იყრის.

- ნელიც ხარ და ბონდოც! - ვამბობ და ეზოს ჩავცქერი. მტრედები არ ჩანან. არსად. არც ცაში, არც ძირს, არც ხეებზე, არც აივნებზე.

- რატო არ არიან მაშინ? - ვკითხულობ ხმამაღლა.

- ვინა?

- მტრედები... არსად.

- ერთი შენც მოგცლია! - ამბობს თამარა და ჩაის სვამს.

მე სკამს ვუბრუნდები და თამარას შევყურებ. ისევ ლამაზია თამარა, მაგრამ ისე ვეღარ, როგორც ადრე. თმაში ჭაღარა ძაფები. მოღლილი სახისკანი, თითები ხომ... თითები - საერთოდ. არადა, სწორედ თითები იყო, რითაც ადრე თამარა ჩემთვის დაიწყო... სულ ადრე, ინსტიტუტში, კანისფერი მანიკიურები რომ ესვა და თითები ჰქონდა თლილზე თლილი, თხელზე თხელი. ახლა - ვეღარ. თითებიც დაიღალნენ. დროისგან ალბათ.

- ლუკასგან არაფერი ისმის, რა ხანია, - ამბობს თამარა მძიმედ და მაგიდის ალაგებას იწყებს.

- ტელევიზორში რას ამბობენ? - ვიძაბები.

თამარა ოხრავს და აბლაბუდას აჰყურებს.

- აღარ დამთავრდა ეს დაწყევლილი...

თვალებში ვცდილობ შევხედო. მზერა დავიჭირო. ადრე თამარას თვალებიც სულმუდამ უბრწყინავდა. ახლა ისინიც ვეღარ. თითქოს ფერიც გადაუვიდა თვალებიდან. თაფლისფერი გაუიაფდა. ეგეც ალბათ დროის ბრალია. თვალებქვეშ კი სიმუქეებია. კუთხეებთან - ნაოჭები. მქრქალი, მაგრამ მაინც ნაოჭები.

- ვერც ვიძინებ...

მე ისევ ფანჯარას გავყურებ.

- ყველაფერი კარგად იქნება, თამრო... აგერ ნახავ.

- ჩვენ კი ვნახავთ, - ამბობს ნაღვლიანად და ჩემი გადაბრეცილი სახის შემხედვარე იქვე დუმდება. ეზოდან ასფალტის ფხოჭნის ხმა მესმის. აბოა ალბათ, მაგრამ დილით მტრედები რომ არ იყვნენ?..

- სიზმარში ვნახე გუშინ... - ამბობს თამარა, - არა... ვიტყუები... კი არ ვნახე, ვითომ ტელეფონი რეკავდა სიზმარში... დიდხანს... ვერ ვპოულობდი, სად იდგა... მერე ძლივს მივაგენი...

- სად იყო?

- საპურეში.

ტანში მცრის.

- მერე?

- მერე ავიღე და ლუკა იყო... ვითომ პატარა იყო... ტვინის შერყევა რო დაემართა, გახსოვს?

თავს მძიმედ ვაქნევ.

- ა, იმხელა.

- მეორე კლასში, - ვაკონკრეტებ მე.

- და შენზე მკითხა, დაამთავრაო?

ისევ ფეხზე ვდგები და ფანჯარას ჩავყურებ. ასეც ვიცოდი - ვიღაც სტაფილოსფერჟილეტიანი ბებრუხანა ფხოჭნის ეზოს.

- გავივლი მე... - ვამბობ და გარეთ გასასვლელად ვემზადები.

- დარჩენილიყავი... დაგემთავრებინა... ყველაფრისთვის იცლი... - იწყებს თამარა, - რაა მაგ ბოდიალში?

- ტვინი! - ვუტრიალდები თამარას მკაცრად. მერე ქუდს ვიხურავ და გავდივარ.

ქუჩაში თითქმის არავინაა. მტრედები მით უმეტეს. ხალხიც და მანქანებიც კანტიკუნტად.

ცოტას გავივლი. მერე სოკოდან მოვყლუპავ. მერე ისევ გავივლი. სანაპიროსკენ ჩავუხვევ. მდინარის მხარეს გადავალ. ყროლის სუნი. ვსუნთქავ ღრმად. ვჩერდები. მოაჯირს იდაყვებით ვეყრდნობი. წამით მეჩვენება, რომ მდინარე დგას და დანარჩენი ყველაფერი მიდის, მათ შორის მეც. მდინარის იქითა მხარეს მეთევზეები. მდინარის ზედაპირი გაზეთების ბინძური ნახევებით მოფარული.

***
ადრე მე და ლუკა ზუსტად ამ ადგილას ჩამოვდიოდით ხოლმე. უფრო საღამოსკენ. ლუდს, თევზსა და შავ პურს ვიღებდით. ძველ გაზეთსაც ვიყოლებდით სახლიდან. ვიციცქნებოდით. ლუკა უკუღმართ სადღეგრძელოებს იგონებდა და ვიცინოდით.

მერე ერთხელ ლუკამ ძალიან სხვანაირად მითხრა:

- მა, ერთი გოგო შემიყვარდა ძალიან! - და მეც გული ამიფანცქალდა.

ვიცოდით მეც და თამარამაც, ადრე ბევრთან რომ დაძვრებოდა. ვისგან აღარ ვიგებდით, მაგრამ ასე არასდროს უთქვამს. არც ისე. არც თამარასთვის. კრინტიც არ დასცდენია.

დიდხანს ვფიქრობდი, რა მეკითხა. სიტყვებს ვეძებდი. მერე ყველაზე უბრალო დამცდა:

- ვინაა? - და ლუკაც ამის გაგონებაზე უცნაურად დაღონდა. თან მოიღრუბლა და აბორგდა. მერე ნიკაპი აუკანკალდა და ძლივს ამოთქვა:

- ბოზის თვალები აქვს.

იმ დღეს მეტი აღარაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. ამ თემაზე ხმაც არ ამოგვიღია მთელი სამი კვირა. იმის მერე აღარც ლუდის დასალევად ჩამოვსულვართ აქ. თამარას რას ვეტყოდი.

სამი კვირის მერე მოიყვანა სახლში და გაგვაცნო. ჩუმი და ლამაზი გოგო აღმოჩნდა. სახით ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. უცხოს და-ძმა ეგონებოდა.

ჩაი დავლიეთ. თამარამ ამაყი სახით საოჯახო ალბომი გადმოიღო და გოგოს დაათვალიერებინა. მერე შეკითხვები დაუსვა. გოგო ყველაფერზე მორჩილად პასუხობდა და თამარას თვალს ვერ უსწორებდა. ლუკაც იქვე იყო - გარინდული და აწითლებული.

- როგორ უხდებიან ერთმანეთს! - მითხრა თამარამ საღამოს.

- როგორც მსაჯი და სვისტოკი, - ვთქვი მე და ჩემს ოთახში შევედი.

გული მიფართხალებდა.

კიდევ სამი კვირის შემდეგ სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა. ლუკას გულის შეტევა ჰქონდა. თამარა მთელ ეზოზე კიოდა. ძლივს დავაწყნარეთ. მერე საავადმყოფოს ფოიეში ვიდექით. თამარას თავი ჩემს მკერდზე მოესვენებინა. მე თავზე ვეფერებოდი.

- რატო მოუვიდა... ამ ასაკში... რა დროს მაგის ეგ იყო... - ქვითინებდა თავისთვის.

რა უნდა მეთქვა.

ყოველდღე მივდიოდით. ლუკა ნაღვლიანი და გაფითრებული გვხვდებოდა. მთელი კვირა არაფერს ჭამდა. ღამით ნახევარ საათს თუ ჩათვლემდა და ყვირილით იღვიძებდა. ხან მე ვუთევდი, ხან თამარა.

- მა, ეგრე ღრმად არსად შემიტოპია, - მითხრა მეშვიდე ღამეს, - ყველაფერი გავეცი... ეგრე არასდროს უტკენინებიათ... რატო ხდება, მა, ეგრე? - თვალები აცრემლებული ჰქონდა.

- ვერა ხვდები? - შევეკითხე და ბალიში შევუსწორე.

- ნწ... - გადააქნია თავი ლუკამ და სავსემთვარიან ფანჯარას გახედა.

- ცოტაც მოიცადე, - ვუთხარი მე.

ოცდაერთ დღეში გამოწერეს. სახლში ტაქსით წამოვიყვანეთ. თამარა წინ იჯდა. უკან მე და ლუკა. შევატყე, რომ მანქანის ყოველ, სულ მცირე დამუხრუჭებაზეც კი იძაბებოდა და ფითრდებოდა.

- სიარულს გადავეჩვიე, - თქვა, მანქანიდან რომ გადავდიოდით.

აქეთ-იქიდან ხელმკლავი გამოვდეთ და ფრთხილად ავიყვანეთ ულიფტო სახლის კიბეებზე. უცებ დაიღალა. სახლში რომ შევედით, გაიბადრა. სახეზე ალმურისმაგვარმაც წაჰკრა.

თამარა სამზარეულოში გავარდა და სუფრის გაშლას შეუდგა. ჩვენ ფანჯარასთან ვიდექით და ეზოს ჩავყურებდით. აბოს ცოცხი ეჭირა და გამეტებით იქნევდა.

- ქალები შემეზიზღება... - დასცდა ლუკას.

- ცოტაც მოიცადე... - გავუმეორე მეორეჯერ პაუზის შემდგომ.

***
მთელი თვე არ გასულა ლუკა სახლიდან. ძირითადად იწვა. არც ტელევიზორისთვის შეუხედავს. წიგნებს კითხულობდა ან ჭერს ასცქეროდა და ფიქრობდა. ერთი-ორჯერ ამხანაგებიც მოუვიდნენ და ბედად მაინცდამაინც მაშინ, თამარა რომ არ იყო - რომ ყოფილიყო, ვიცი, არ შემოუშვებდა. ბოთლით არაყი მოიტანეს და თვითონ დალიეს. თან ხორხოცობდნენ. ლუკას ართობდნენ. ლუკა ნაღვლიანად იღიმებოდა და ეტყობოდა, გონებით სულ სხვაგან იყო.

- რატო აღარ ეკარება არავინ... - შფოთით მკითხა თამარამ ერთ-ერთ საღამოს, - აღარავინ ურეკავს... ადრე სუ ტელეფონზე იყო ჩამოკიდული...

- დრო ჭრილობებს უშუშებს... ისინიც აცლიან... მაშ, რისი მეგობრები არიან, - ვუპასუხე და თამარას თავზე ხელი გადავუსვი.

- თავი დამანებე ერთი შენი ფილოსოფიით! - ამიკრა ხელი თამარამ და კარტოფილის თლა განაგრძო. მე მხრები ავიჩეჩე და წყალი დავლიე.

- ხორცს ვეღარ შევჭამ! - გამოაცხადა მეორე დილით ლუკამ.

ერთდროულად შევხედეთ. თვალები ანთებული ჰქონდა.

- რატო, შვილო... კბილები გინდა ნაადრევად დაგცვივდეს? - შეიცხადა თამარამ.

- სიბრძნის! - მოუჭრა ლუკამ და თავისთან ჩაიკეტა.

მეორე დღეს, შუადღით, ჩემთან შემოვიდა. ვწერდი, მაგრამ მისი ნაბიჯები მაინც ვიცანი. კაი ხანს მედგა ზურგსუკან. მერე ჩაახველა და მეც გავხედე. ფერი მოსვლოდა. თვალები კიდევ უფრო ანთებოდა.

- რა მოხდა?

- დავურეკე... - თქვა ჩურჩულით და მივხვდი, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად გაიღიმა.

- რაო? - შევეკითხე დიდი პაუზის შემდეგ და დავიძაბე.

- არაფერი... მოვუხადე... მადლობა...

- უხდიან ბოდიშს... და არა მადლობას, - შევუსწორე მე.

- ჰო... მადლობა ვუთხარი.

- რისთვის?

- გზაზე დაყენებისთვის! - თქვა ლუკამ და კიდევ ერთხელ გაიღიმა, - დიდი ადამიანი ყოფილა.

- თუ ქალი? - ჩავეძიე მე.

- ქალი, - დააქნია თავი ლუკამ და ჩამოჯდა.

ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.

- ამის მერე ხომ იცი? - შევეკითხე ერთბაშად ამსუბუქებულმა.

ლუკა კაი ხანს ფიქრობდა. მერე შემომხედა.

- შენნაირი მინდა ვიყო... - აუკანკალდა ნიკაპი და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.

ძლივს შევიკავე თავი. მერე შუბლზე ხელი გადავისვი და ცხოვრებაში მესამედ ვუთხარი:

- ცოტაც მოიცადე.

შემდეგ დილას კიდევ უფრო ანთებული გამოვიდა თავისი ოთახიდან. მე და თამარა სამზარეულოში ჩაის ვსვამდით. თან ტელევიზორს შევცქეროდით. ვიღაც ახალგაზრდები მღეროდნენ.

- დე, მარხვა როდის იწყება? - დაახეთქა ლუკამ პირდაპირ.

თამარას კინაღამ ლუკმა გადასცდა.

- რათ გინდა, დედა გენაცვალოს, ისედაც გამხდარი ხარ...

ლუკამ მე გადმომხედა.

- ორშაბათიდან, - ვუთხარი მე და ჩაი მოვსვი.

ლუკამ წამით შეხედა ტელევიზორს. მერე ისევ ჩვენ გადმოგვხედა.

- ამათი ფარისეველი დედაც! - გამოსცრა კბილებიდან და თავი ტელევიზორისკენ გადააქნია. თამარამ ყურებზე ხელისგულები აიფარა. მე გამეღიმა. ლუკა ოთახიდან გავიდა.

***
აღდგომაზე მე და ლუკამ კვერცხები დავურტყით ერთმანეთს. ჩემი გატყდა. მივაწოდე. ნახევარი შეჭამა და დარჩენილი უკან გამომიწოდა.

- არ შეიძლება, - ვუთხარი მე და ის ნახევარიც მიირთვა.

- აგერ პასკაც ჭამე, დედიკო, - მოეფერა თამარა და ლოყაზე აკოცა.

მერე ღვინო დავლიეთ. ცოტ-ცოტა. ლოყები აგვიფერადდა. თამარა აქეთ-იქით დაფაცურობდა.

- უნდა წავიდე... წასვლა მინდა... - გამენდო უცებ ლუკა და ბედნიერი მზერით ამომხედა.

- სად წასვლა? - ვერ მივხვდი მე.

- ომში...

- საად?

- ყველაფრის თავიდან დაწყება...

დავდუმდი.

- ...თუ გადავრჩი, მღვდელი გავხდები...

აღარაფერი მითქვამს.

- დედაშენი გაგიჟდება... - გადავუჩურჩულე საღამოსკენ.

ლუკას გაეღიმა.

- სიმართლეს ვეტყვი... და არაფერიც არ მოუვა, - თქვა ფიქრის შემდეგ.

- მე რომანს დავწერ, - წამომცდა უცებ ჩემდაუნებურად, - დაგახვედრებ...

- რაზე? - დაინტერესდა ლუკა.

- შენზე, - ვუპასუხე თამამად და მხარზე ხელი პირველად გადავხვიე.

***
უმტრედებო დილები მომიმრავლდა. ვერაფერს ვხვდები. აბოც სანუგეშოს ვერაფერს მეუბნება:

- ეგეთი ქალაქებიც არი... ტრედი არ იცის...

- მერე რა ხდება იქ?

- არაფერი... ყველა თავისთვისაა.

რომანს ვეღარაფრით ვამთავრებ. გაჭედილი ვარ. სულ უფრო ხშირად ჩავდივარ მდინარესთან. ის ისევ ისეთია. ყროლიანი. გაზეთების ბინძური ნახევებით ზედაპირმოფარული. იქით მეთევზეები. აქეთ მე და ყოველ ჩასვლაზე წამიერი შეგრძნება, რომ ეს მდინარე კი არა, ყველა დანარჩენი მიდის, ჩემთან ერთად. ნელა და ზოზინით.

თამარა სულ უფრო ხშირად ბუზღუნებს და დღითი დღე ავდება. უჭირს მარტოს. მე რომანისკენ ვარ. ლუკასი არაფერი ისმის და არავინ იცის, როდის დაბრუნდება. თამარას რაღა დარჩენია. სერიალები, ტელეფონი, მეზობლები, დაქალები, ნათესავები... მაინც არ ჰყოფნის. ლუკა ენატრება და ვერც თავისთვის უპატიებია და ვერც ჩემთვის.

- რატო გაუშვი?!. რატო გავუშვი?!. რატო გავუშვით?!

ამ სიტყვებით შემოდის ყოველ დილით ჩემთან და ღამენათევს მაფხიზლებს.

- თვითონ წავიდა, - ვცდილობ დავაწყნარო. ლოგინის კიდეზე ჩამომჯდარს ზურგზე ხელისგულს ვუსვამ. თამარა გველნაკბენივით იწევს და ფეხზე დგება.

- ცივი ხარ...

მე მტრედების რაფისკენ ვატრიალებ თავს. რაფაზე ორი, დედალ-მამალი მტრედი ზის. ერთმანეთს ნისკარტებით ეალერსებიან. სწრაფად ვიცვამ.

- თითისტოლა ბავშვის ჭკუაზე ვინ დადის, ვინ?!. რამე რო მოუვიდეს?.. - ბოლო სიტყვებს ჩურჩულით ამბობს თამარა და გაბზარული შემომცქერის.

- ვინაა თითისტოლა?!. არაფერიც არ მოუვა!.. - ვამბობ და გავდივარ.

ეზოში აბო მხვდება. ჟანგიანი ღიმილით. გარს მტრედები ახვევია. ღუღუნით დაბაჯბაჯებენ და ეზოს მტვერს კენკავენ.

- ამბავია, - ამბობს აბო და ცოცხის ტარის ბოლოზე იდაყვჩამოყრდნობილი მტრედებს გადაჰყურებს.

- რა ამბავი?

- სვოი დღე იქნება, აბო არ ვიყო!

ქუჩაში გავდივარ. ყველგან მტრედებია. მტრედები ქუჩას კენკავნენ. მტრედები სახლების აივნებს ეტანებიან. მტრედებიანი დროშები თვალში მხვდებიან. ხალხიც ბევრი. მანქანებიც.

- ვა, ბასა, შე ძველო! - ნაცნობები არიან. მხარზე ხელის ტყაპუნი. მოკითხვები, - სად ხარ, აღარ ჩანხარ... ბიჭი როგორ გყავს... ისევ აფრენს?.. გამხდარხარ, აი... თამარა რასა იქმს?.. წეერ ისევ?.. შენცა ხარ, საქმე გიშოვია... ვა, ბასა, ვბერდებით, ჯიგარო? ქვეყანა შენდება, ბასიკ, ხალხი კეთდება, შენ კიდე სად ხარ... ვა, ამას ვის ვხედავ, ტო! ე, ბასა, გახსოვს ადრე?

მე ყველაფერი მახსოვს და ვერაფერს ვერ ვივიწყებ. რაა რო დასავიწყებელი? მახსოვს, როგორ არა - თამარას თითები კანისფერი მანიკიურით. მისი ღიმილი. მერე შეხვედრები. სეირნობები სანაპიროზე. მერე ქორწილი. ლუკა. ბავშვის ტირილები ღამღამობით. ნევროზები. ლუკას ბაღი. სათამაშოები. სკოლა. არეულობა. შიმშილი. სიბნელე. სიცივე. მე ყველაფერი მახსოვს. მე და ლუკას ლუდის სმებიც მახსოვს მდინარის ამ მოაჯირზე. აი, ზუსტად აქ რომ ვიდექით ხოლმე. აგე ეს ჭადარი. ლუკა უკუღმართ სადღეგრძელოებს რომ იგონებდა და ვიცინოდით. ის დღეც მახსოვს. სხვანაირი ლუკა. ნიკაპის კანკალი. სიყვარული. ყველაზე დიდი და ლამაზი მისთვის. გაწბილებაც. გულის შეტევაც. მერე მოშუშება. სულის მოშუშება და სინათლე. სინათლე, რომელიც ლუკას იმ ჩუმმა და ლამაზმა გოგომ აჩუქა. განა სიყვარულით? - პირიქით - ხელისკვრით. ღალატით. შემოლაწუნებით. მახსოვს. მე ყველაფერი მახსოვს. ლუკა რომ მიხვდა, დიდი ტანჯვის მერე რომ ყველაფერს მიხვდა, მთელ თავის წარსულს რომ მიხვდა, ისიც მახსოვს. რომ ინანა, ისიც. მე აწიც მეხსომება ყველაფერი. რა დამავიწყებს. ერთ სიტყვასაც. წერტილსაც. მძიმესაც კი. ლუკას დაბრუნებაც მეხსომება. კარზე მისი ზარი მეხსომება. უკვე სხვანაირი. ჩემი გულის ფართხალიც მეხსომება. თამარას გულის წასვლაც. მერე ხვევნა-კოცნა. წვერებიანი ლუკა. სულყველაფერი ყოველთვის მეხსომება. ლუკას სისხვანაირე მეხსომება. სიდინჯე. სხვა შუქი თვალებში. სიბრძნე. ყველაფრისთვის მზადმყოფი და დაუზარელი ლუკა მეხსომება.

წვერს თუ გაიპარსავს ლუკა, მაშინ მდინარეზე ჩავალთ და ისიც გაიხსენებს, მასაც სულ ეხსომება ის ბოლო დღე და ეს პირველი.

წვერს თუ გაიპარსავს ლუკა და მდინარეზე ჩავალთ, მაშინ ავიღებთ ისევ თევზს, შავ პურს, ლუდს და სახლიდან თამარას გამოტანებულ ძველ გაზეთსაც გავფენთ მოაჯირზე.

წვერს თუ გაიპარსავს ლუკა და მდინარეზე ჩავალთ და ავიღებთ ისევ თევზს, შავ პურს, ლუდს და სახლიდან თამარას გამოტანებულ ძველ გაზეთსაც გავფენთ მოაჯირზე, მაშინ ლუკა ჩვეულებრივ სადღეგრძელოებს მოიგონებს და მაინც ვიცინებთ.

- მა, უკვე ოცდაცამეტის ვარ... - მეტყვის მერე.

გამეღიმება. გამეღიმება მთელი სხეულით. სიტყვების ძებნა სულ არ დამჭირდება. თვითონ ლუკა მეტყვის:

- აწი ჩემგან კაცის მეტი აღარაფერი გამოვა.

ირგვლივ კი ალბათ ბევრი, ბევრი თოლია იქნება და, რა თქმა უნდა, მტრედებიც. მდინარეც ალბათ სხვანაირი იქნება. მდინარე, რომელიც შუადღისკენ ტანსაცმელშემოძარცულ, პლასტმასის ხელფეხდამძვრალ მანეკენებს ჩააცურებს. უამრავს ალბათ. არავის ეცოდინება, საიდან, და ჩვენთან ერთად მაინც მთელი ქალაქი მოაჯირზე იქნება გადაყუდებული.

ტელევიზიებიც მოვლენ კამერებით. იქნება განსჯა, კამათი, ვარაუდები.

- ძველი თეატრი დაიწვაო, - იტყვის ალბათ ერთი.

- რა უნდა თეატრში მანეკენებს, - შეიცხადებს ალბათ მეორე.

- კინოს იღებენ მგონი, - დაასკვნის ალბათ მესამე და ეს კინოც ალბათ ასე დამთავრდება:

მე და ლუკა ერთად ვბრუნდებით სახლში. გზაში მტრედები არიან. ყველგან მტრედები. მანქანებზე, ხეებზე, აივნებზე. შევდივართ ეზოში. იქ აბოა განუყრელი ცოცხით და ირგვლივ მტრედებით. გაგვიღიმებს. მხრებს აიჩეჩავს და ჩვენი ფანჯრისკენ აიხედავს. ჩვენც იქით გაგვექცევა მზერა.

თამარა ფანჯრის რაფაზე მობაჯბაჯე მტრედებისთვის პურის ნაფხვენების დაყრით იქნება დაკავებული, თან ღიმილით ჩამოგვაცქერდება.

- დაბრუნდნენ, აი! - ჩამოგვძახებს და აბოც დაეთანხმება:
- დაბრუნდნენ, მაშ...

ბესო ხვედელიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat