მოსწრაფედ შემოვჰკრებთ დღეს, და
ვადიდოთ დედოფალი ჩვენი წმიდა...
ნეტარებისა ყვავილი გარდაფენილი,
რომელი ჰფშვის სუნნელებასა, სიქადული
და შემწე ყოველთა ქართველთა...
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე
წმინდა ქეთევან წამებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 სექტემბერს (ძვ.სტილით - 13 სექტემბერს) აღნიშნავს. 1624 წელს ქეთევან დედოფალი, შაჰ-აბასის ბრძანებით, საშინლად აწამეს, რკინის მაშებით ხორცი დააგლიჯეს და გახურებული შანთებით დადაღული ცეცხლში დაწვეს.
სარწმუნოებისთვის წამებული დედოფალი ათი წელიწადი იყო სპარსეთს პატიმრად. იქ გამართა მცირე ეკლესია, სადაც მისი მოძღვარი ყოველდღე აღასრულებდა წირვას. წმინდა ქეთევანი ხვდებოდა, რომ წამება ელოდა და საამისოდ ემზადებოდა, მარხულობდა, დღესა და ღამეს ლოცვაში ატარებდა, ეძინა მიწაზე, სასთუმლად ქვა ედო. სპარსელები ყოველი ღონით ცდილობდნენ დედოფლის გამაჰმადიანებას, მაგრამ ვერანაირად ვერ გადაიბირეს...
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ქადაგებაში ამბობს: "როდესაც დასრულდა წმინდა ქეთევანის წამება, უფალმა ღმერთმა განადიდა წმინდანის გვამი. ურიცხვი ხალხის თვალწინ, რომელიც იქვე იყო შეკრებილი მოედანზე, სამი ბრწყინვალე სვეტი ჩამოეშვა ციდან და დაადგა წამებულის გვამს. როცა შაჰის ბრძანებით წმინდა ქეთევანის გვამი ქალაქგარეთ გაიტანეს და სადღაც ერთს უწმინდურს ადგილზე დააგდეს, ეს სამი ბრწყინვალე სვეტი იქაც თავს დაადგა მოწამის გვამს. ღამით ქრისტიანებმა ფარულად წაიღეს მოწამის გვამი და მიწაში დამარხეს. ცოტა ხნის შემდეგ ფრანგის ბერებმა იპოვეს... და დიდხანს ინახავდნენ მის სხეულს. ბოლოს გვამს მოაშორეს თავი და მარჯვენა ხელი და საჩუქრად გაუგზავნეს დედოფლის შვილს თეიმურაზ პირველს, რომელმაც ეს წმიდა ნაწილი დაასაფლავა წმიდა გიორგის ალავერდის საკრებულო ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. დანარჩენი ნაწილი წმინდანის გვამისა საიდუმლოდ გაგზავნეს რომში და იქ ჩასვენებულ იქნა წმიდა პეტრეს საფლავში.
აი, ასეთ მაღალ პიროვნებას, სამშობლოს სიკეთისთვის ზვარაკად შეწირულს, თავისი ერის მშვიდობიანობისთვის სასტიკ ტანჯვათა გამცდელს, საყვარელ სამშობლოში ქრისტიანობის განმტკიცებისთვის მწარე სიკვდილის დამთმენს ქართველი ერი არ იცნობს. ვისი ბრალია ეს? ვის მოჰკითხავს ამაში პასუხს ღმერთიც და კაციც?"
სამწუხაროდ, წმინდანის ნაწილი ალავერდის ტაძრიდან კარგა ხანია უკვალოდ გაქრა. ისტორიული წყაროების მიხედვით, მისი ნაწილები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია (პორტუგალიაში, ინგლისში, რომში, ბელგიაში, რუსეთსა და ინდოეთში) გაბნეული.
ცნობილია ისიც, რომ წმინდა ქეთევანის ნაწილები რუსეთში, ზაგორსკის წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის სამების ლავრის მუზეუმშიც ინახებოდა. სავარაუდოდ, XVIII-XIX საუკუნეებში სიწმინდე ვინმე ციციშვილს რუსეთში საჩუქრად ჩაუბრძანებია, შემდეგ კი ამ მუზეუმში მოხვედრილა. ქართველ სასულიერო პირებს ამ სიწმინდის მონახულება და მისი საქართველოში ჩამობრძანებაც უცდიათ, მაგრამ უშედეგოდ. სიწმინდე ძოწით მოოჭვილ ოქროს სანაწილეში ინახებოდა, რომელშიც, სავარაუდოდ, დედოფლის ხელის ნაწილი იყო მოთავსებული.
რამდენიმე წლის წინ, ქართველ სასულიერო პირთა დელეგაციის მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ მის უწმინდესობას წმინდა ქეთევანის ხატი და მასში ჩასვენებული წმინდა ნაწილი გადასცა. ხატი რუსეთში სასწავლებლად ჩასულმა ქართველმა ხატმწერმა ქეთევან ხაჟომიამ შეასრულა.
პროფესიით ფილოლოგი ქეთევან ხაჟომია ხატწერითაც დაინტერესდა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჯერ ნიუ-იორკის ხატწერის სტუდია დაამთავრა, შემდეგ კი რუსეთის ცნობილ სასულიერო აკადემიაში, სერგიევ-პოსადში (ზაგორსკში), წმინდა სერგი რადონეჟელის ლავრაში ხატწერის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც წელს დაამთავრა. დაწერილი აქვს მაცხოვრის, ღვთისმშობლის ხატები, ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დაბრძანებულია დიდი სამების ტაძრის სამკვეთლოზე. ნიუ-იორკის ქართულ ტაძარში ბრძანდება წმინდა გიორგის, წმინდა ბარბარეს და წმინდა ეკატერინეს ხატები, უკრაინაში - წმინდა ნინოს ხატი, ასევე ხატი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს "ლოცვა საქართველოსთვის". მასზე გამოსახულნი არიან წმინდა ნინო და წმინდა გიორგი, რომლებიც ღვთისმშობელს ევედრებიან. ხოლო ხატის ჩარჩოზე გამოსახულნი არიან ქართველი წმინდა მეფეები: წმინდა დავით აღმაშენებელი, წმინდა ვახტანგ გორგასალი, წმინდა თამარ მეფე და წმინდა ქეთევან დედოფალი, ასევე წმინდა ნიკოლოზი და მთავარანგელოზნი. ხატი შეიქმნა ჰამბურგელი ქართველების დაკვეთით და ამავე დროს არის სადიპლომო ნამუშევარი მოსკოვის სასულიერო აკადემიის ხატწერის განყოფილების დასასრულებლად.
საქართველოსთვის კი წმინდა ქეთევანის ორი ხატი შექმნა. შედარებით მცირე ზომის ხატი, შიგ ჩასვენებული წმინდა ნაწილით, ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარს შესწირა. დიდი ხატი, წმინდა ნაწილთან ერთად, სიონის ტაძარშია დაბრძანებული.
წმინდანის მცირე ნაწილს კი ნაქსოვი ჩანთით გულთან ატარებს, მასთან ერთად აქვს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩის ნაწილი, მამრეს მუხის ნაწილი, გოლგოთის ნაწილი და წმინდანთა უხრწნელ გვამთან შეხებული სიწმინდეები.
"ტრადიციულად, ქრისტიანები სხვადასხვა სიწმინდეს გულზე ჩამოკიდებულს ატარებდნენ. ისინი მათ ბოროტისა და განსაცდელებისგან იფარავდა. მეც დიდ მადლს ვგრძნობ მათგან, ამავე დროს, დიდ პასუხისმგებლობას", - ამბობს ქეთევანი.
- ქეთევან, როგორც ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდებაო. როგორ აღმოჩნდა თქვენთან წმინდა ქეთევანის ნაწილი?
- როგორც კი რუსეთში ჩავედი, მითხრეს, თქვენი მფარველი წმინდანის ნაწილები წმინდა სერგის ლავრის მუზეუმში ინახებაო. ორი წლის წინ სერგიევ-პოსადის ეპისკოპოსმა თეოგნოსტემ დამიბარა და წმინდა ქეთევანის ხატის დაწერა დამავალა სიწმინდის საქართველოში ღირსეულად დასაბრუნებლად. ჩემი თბილისში ყოფნისას რუს სამღვდელოებას სანაწილე გაუხსნია და ქეთევანის წმინდა ნაწილი ხატში მოუთავსებია. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მოძღვარმა, მამა კრონიდემ, რომელმაც სანაწილე გახსნა, სიწმინდის მცირე ნაწილი მაჩუქა - სანუგეშოდ გქონდესო. ვიდრე დიდი ზომის ხატი შეიქმნებოდა, ზაგორსკის აკადემიის კიდევ ერთ ქართველ სტუდენტთან, მანუჩარ კანდელაკთან ერთად, გადავწყვიტე, წმინდა ნაწილისთვის ქსოვილი შეგვეხო და ასეთი სიწმინდით შეგვემკო საანალოღიო მცირე ზომის ხატი, შემდეგ იგი ალავერდისთვის შეგვეწირა. საბოლოოდ, სიწმინდის ნაწილი ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიას შევწირე. ტაძრის წინამძღვარმა, მამა გიორგიმ (რაზმაძემ) მთხოვა, ნაჩუქარი სიწმინდე ორი კვირით საქართველოში ჩამომებრძანებინა. მივხვდი, რომ მასთან განშორება ძალიან გამიჭირდებოდა. ეს ამბავი ჩემს იქაურ მოძღვარს, იღუმენ იობს გავუმხილე. მირჩია, სიწმინდე გამეყო, ერთი ნაწილი, მცირე ზომის ხატთან ერთად, ტაძარს შევწირე, მეორე კი ჩემთან დარჩა.
- წმინდა ქეთევანის მოზრდილი ხატის შესაქმნელად დიდი დრო დაგჭირდათ?
- დაახლოებით ერთი თვე ვხატავდი, დილის ცხრა საათიდან საღამოს თერთმეტ საათამდე. ყველანაირი სამუშაო მასალა რუსეთის მხარემ გაიღო.
ოქროთი შესრულებული ხატის სიგრძე 1,3 მეტრია, სიგანე - 70 სმ. ხატზე გამოსახულია მაცხოვარი და რუსეთის ორი წმინდანი - სერაფიმ საროველი და სერგი რადონეჟელი.
ხატის დაწერა, ისევე როგორც ლოცვა, შინაგან სიმშვიდეზეა დამოკიდებული. ხატი, უპირველესად, მლოცველთათვის იქმნება. შემიძლია მთელი დღე ვხატო. თითოეულ ხატზე სხვადასხვანაირად ვმუშაობ. რაც უფრო მეტი დრო მაქვს, შედეგიც უკეთესია.
- ხატწერის უფრო განსავითარებლად რა არის აუცილებელი?
- ალბათ უფრო ხშირი ურთიერთობა ხატმწერებსა და ხელოვნებათმცოდნეებს შორის. თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთობა ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა. დროა, შეიქმნას ხატმწერთა გაერთიანება, რომელიც უფრო გაუადვილებს ამ საქმით დაინტერესებულებს ტრადიციასთან ურთიერთობას. ამ მიზანს მოემსახურება ქრისტიანული ხელოვნების შემორჩენილი ნიმუშების მონახულებაც. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხატმწერი თავად უნდა მუშაობდეს საკუთარ თავზე და მუდმივად იწრთობოდეს სულიერ ცხოვრებაში. გარდა ამისა, ხატმწერი ერთგული უნდა იყოს ტრადიციული ტექნიკისა, თანაც უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა სკოლის თავისებურებებს.
- თქვენ ხომ არ აპირებთ ტრადიციული ხატწერის სკოლის დაფუძნებას?
- ღვთის შეწევნა და ფინანსური დახმარება თუ იქნება, ხატწერის სკოლის გახსნას მართლაც ვფიქრობ. მინდა გადმოვიღო რუსეთის სასულიერო აკადემიაში დანერგილი სწავლების მეთოდიკა, რაც, უმთავრესად, ძველ ხატებსა და ქრისტიანული ხელოვნების სხვა ნიმუშებზე მუშაობას გულისხმობს.