კატაკომბების მხატვრობაში და აქვე ნაპოვნ ჭურჭელზე გვხვდება ორანტის ტიპის (ორანტი - ხელებაპყრობილი მლოცველი) ღვთისმშობელი. მასში მინიშნებულია, რომ ღვთისმშობელი შუამდგომელია სამყაროსა და უფალს შორის.
ზოგჯერ ღვთისმშობლის გვერდით გამოსახული არიან წმინდა პეტრე და პავლე, ზოგჯერ - წმინდა ანაც. განსაკუთრებით ხშირია მოგვთა თაყვანისცემის სცენები (აღმოჩენილია II-IV სს-ის 12 სცენა). მარიამი ზის, კალთაში უზის ჩვილი.
კატაკომბებში გვხვდება მოციქულთა, წინასწარმეტყველთა და ანგელოზთა გამოსახულებებიც.
პრისცილას კატაკომბის ფრესკაზე (IIს.) ღვთისმშობელი იცნობა მის გვერდით გამოსახული ძველი აღთქმის წინასწარმეტყველით, რომელიც ხელს იშვერს ქალის თავს ზემოთ გამოსახული ვარსკვლავისკენ. წინასწარმეტყველს მეორე ხელში უჭირავს ტექსტიანი გრაგნილი. ზოგი მას მიიჩნევს ესაიად მისი სიტყვების გამო (60,19) - "დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი - შენს დიდებად". ასევე: "აღდექ, განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე... ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე (ესაია 60,1-3).
ზოგიც ვალაამს უწოდებს, რადგან ის ამბობს, "მოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრელისგან" (რიცხვთა 24,17).
ღვთისმშობელს თავს ახურავს მანდილი, ისე როგორც ამას ისტორიულად ატარებდნენ ქალები. ე.ი. აქ გვაქვს რეალიზმისა და სიმბოლიზმის ნაჯვარი, რაც საერთო ნიშნად მიჰყვება ქრისტიანულ ხელოვნებას.
რომის კატაკომბების მხატვრობა ნათლად გვიჩვენებს, რომ იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული იკონოგრაფიული ტიპები. ღვთისმშობლის ამოსაცნობად საჭირო იყო, მასთან ერთად გამოესახათ წინასწარმეტყველი თავისივე ტექსტით.
კატაკომბებში იგრძნობა არა მარტო ზოგადი პრინციპი ქრისტიანული ხელოვნებისა, არამედ იკვეთება მისი გარეგნული ნიშნებიც - ქრისტიანული ხელოვნების მიზანი არ არის, გადმოსცეს ყოფა ან მოვლენები, არამედ ყოფისა და მოვლენების ქრისტიანულ პრიზმაში გააზრება, რათა მოგვცეს მათზე სახარებისეული პასუხები.
ქრისტიანთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შეწყვეტის შემდეგ ქრისტიანულ გამოსახულებაში გაჩნდა წამების სცენები, რომლებიც სულიერად განამტკიცებდა ქრისტიანებს. ამავე პერიოდში აქტუალური იყო მლოცველ წმინდანთა გამოსახულებები, რაც ძირითადად ორანტის ჟესტით გადმოიცემოდა, მაგალითად, დანიელი ლომების ხაროში. ეს იყო ღმერთის წინაშე წარდგომის მაჩვენებელი ჟესტი. ამ ხერხითვე გადმოგვცემდნენ კატაკომბების ოსტატები სწავლებას ხსნის შესახებ. ლოცვით იხსნეს თავი დანიელმა, ისააკმა, ნოემ... ისინი გვიჩვენებენ ადამიანურ შრომასაც, ოღონდ როგორც ღვთის სადიდებელ საქმიანობას. გვხვდება მევენახის, მეფუნთუშის, გემის მტვირთავის გამოსახულებებიც.
მართალია, ღვთისმშობელს ძირითადად რეალისტურად, ქალის სახით გამოსახავდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მაინც იქმნებოდა მისი სიმბოლური გამოსახულებები, რასაც უმთავრესად ძველი აღთქმის ტექსტები დაედო საფუძვლად. მაგალითად, მოსემ ქორების მთის მახლობლად იხილა ცეცხლმოდებული შეუწველი მაყვლის ბუჩქი. ეს ხილვა მოასწავებდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომლისგანაც იშვებოდა იესო ქრისტე ანუ სიტყვა ღვთისა და ხორცი ადამიანისა, რომელიც დაიტევდა თავად უფალს, თვითონ კი "შეუწველი" დარჩებოდა. აქედან გამომდინარე, ქრისტიანულ სიმბოლიკაში მაყვლის ბუჩქი დამკვიდრდა ღვთისმშობლის სიმბოლოდ. ეს ასახულია ჰიმნოგრაფიაშიც: "სახმილმან ბაბილოვანს სამებისა რიცხუთა მიჰრიდა და ქალწულისა შობასა, რომელი მოსეს მთასა ეჩუენა შეუწველად მაყვალი, წინა სახე ექმნა".
ან: "გიხაროდენ, ღვთისმშობელო, სულიერო ტაძარო, რომელი ბუნებითა მაყუალსა მიემსგავსე..."
კიდევ: "გიხაროდენ, მაყვალო, სჯულის მომცემელისა მიერ ხილულო..."
ღვთისმშობლის სიმბოლოა ასევე ის კიბე, რომელიც იაკობმა იხილა სიზმარში და რომელიც მოასწავებდა ქალწულისგან ღმერთის შობას და ამით ცისა და მიწის შეერთებას, ცოდვილი კაცის შერიგებას ღმერთთან.
"გიხაროდენ, კიბეო, ცად აღწევნილო, რომლისა მიერ გარდამოხდა ღმერთი".
ეგვიპტელთა ტყვეობიდან განთავისუფლებულ ებრაელებს ღმერთმა ქანაანის გზის მაჩვენებელი სასწაულებრივი სვეტი მოუვლინა, რომელიც დღისით ღრუბლის სახით სიცხისგან იფარავდა მათ, ღამით კი ცეცხლის სვეტად ენთო და უნათებდა გზას. სასწაულებრივი ცეცხლის სვეტიც მოასწავებდა ღვთისმშობლის ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელს და მფარველს კაცთა მოდგმისა.
"გიხაროდენ, სვეტო ცეცხლისაო, წინა-მძღუარო ბნელისათაო".
ღვთისმშობელს კარიბჭეს უწოდებს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი ეზეკიელი და ამით კიდევ ერთ სიმბოლოს უდებს საფუძველს.
"ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც ჩაკეტილი იქნება. მხოლოდ მთავარი დაჯდება იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე. კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზით გამოვა" (ეზეკ. 44,1-4).
ახალი აღთქმის პერიოდის წმინდა მამები დედა ღვთისას უამრავი სიმბოლური სახელით მოიხსენიებენ. მაგალითად, წმინდა თეოდორე აღმსარებელი მიმართავს მას შემდეგი სიტყვებით: "დედოფალო, მაყუალო, კიდობანო, კვერთხო, ტაკუკო (ჭურჭელი, რომელშიც ზეციური საკვები მანანა ინახებოდა), კარავო, სასაკმევლეო, ტრაპეზო, ტაძარო, სიწმინდეო, შროშანო, ადგილო უფლისაო, სავანეო ღვთისაო, ბჭეო, საყდარო, ქერობინო მხურვალეო, წიგნო დაბეჭდულო, ქარტაო (ფურცელო) ახალო, წყაროო დაბეჭდულო, მტილო დახშულო, ვარდო დაუჭკნობელო, ვაშლო სულნელო, შროშანო ყვავილო... მიჰრონო, ოქრო განწმენდილო, ძელო ულპოლველო, პორფირო, ბისონო შესთულო, უხრწნელო და შეუხებელო... საწმისო, ადგილო დამტევნელო ღვთისაო, სავანეო... ღრუბელო ნათლისაო, სასანთლეო მიმადლებულო, საქმეო, სამოთხეო, ქალაქო დიდისა მეუფისაო".
ნეტარი მარიამი, როგორც ღვთივგანდიდებული ტაძარი, კვერთხი აარონისა, ძირი იესესი, მორჩი ღვთისა, ვენახი ახლადაღყვავებული, ფიცარი აღთქმისა, კლდე, ზეთისხილი, მზე, დღე და ღამე, წმიდათა წმიდა, იყოს შემწე და მფარველი სრულიად საქართველოსი მრავალჟამიერ!
მოამზადა
ნათია ჭუმბურიძემ
ნათია ჭუმბურიძემ