უღრმესი მოწიწებით ვუძღვნი ძამის ხეობის სკიტე-მონასტრების ბერ-მღვდელმონაზვნებს
1. ღვთივ სულგრძელობის განა ვინ უწყის კიდე ან ზღვარი?!ცოდვილ სულთათვის მუდამ ღიაა სამოთხის კარი.
2. მოწყალე ღმერთო, თაყვანისცემით გწირავ დიდებას,
არა განმაგდო, გთხოვ, დამაუფლე შენს ხელჭიდებას.
3. მამაო, გმადლობ, რომ მასწავლი ცოდვის შეგნებას
და მიტევებას მოყვასისადმი, თავად ვით გნებავს.
4. დაუდგრომელი დროის დინება კარგს რას მპირდება,
ცოდვაზე ცოდვა მემატება, სული მძიმდება.
5. გარდასულ საქმეს როგორ შევცვლი შემდეგ დღის ჟამში,
ჩადენით ცოდვა მარადის მრჩება ქცევების ჯამში.
6. და როგორც მიზეზს უცილობლად მოსდევს შედეგი,
ერთ ცოდვას აგრე ხშირად ერთვის ცოდვა შემდეგი.
7. ცოდვების მორევს თავს ვერ ვართმევ, მითრევს, მერევა,
არ აგვიანებს ასაკიც მოსვლას, ძალა მელევა.
8. სასოწარკვეთით მეუფლება თავის ვერფლობა,
ორომტრიალის გადალახვის შეუძლებლობა.
9. რა ვიმოქმედო, ვით მოვიქცე, ვინ მიხსნის ნეტავ?
თუ გადამარჩენს, უფლის შეწევნა, სხვა გზას ვერ ვხედავ.
10. დე, მუდამ მახლდეს ცდუნების ჟამს ღმრთისგნ მხილება,
რათა ჩემს სულზე მტერმა ვერ შეძლოს ავად ცილება.
11. ჩემზე უკეთ ვინ გაამხილოს ჩემივე მრწამსი?
ამაშივე ძევს აღსარების ქმედითი არსი.
12. სხვისგან მხილებაც სასარგებლოა, მხოლოდ ალალი,
იძენს გონებას მის ყურგდებით სული მართალი.
13. კარგი საქმეა მშვიდი მხილება პირისპირ თქმული,
სისინს ზურგსუკან, ცნობილს განკითხვად, შობს გული კრული.
14. განკითხვის ცოდვით წუთისოფელში კმარა დარდია,
ცხონების გზაზე ის უხშირესი ეკალბარდია.
15. ძმას განვიკითხავ ავმეტყველების სამნაირ ტიპით
ანუ ვცოდვილობ ჟესტით, მიმიკით, ბოროტი სიტყვით.
16. ოთხგვარ განკითხვით ვიწყმიდავ სულს და თავს ვიტეხ დასჯას,
რაჟამ ძმას ვლანძღავ, დავცინი, ვწყევლი ან ვუთხზავ განსჯას.
17. შემიგნია, მით უსასტიკესად ვებრძვი და ვსწყლავ მას,
რადგან სხვებისთვის საძულველსა ვხდი, ვუვრცელებ ავ ხმას.
18. მრავალს ვამხედრებ მის წინააღმდეგ ამგვარი ქცევით,
მრავალ განსაცდელს ვაგზავნი მასზე ჩხუბებით, წყევით.
19. ამ თვალსაზრისით მუშტი ვერა სწყლავს ისე, ვით სიტყვა,
დრო მოაშუშებს ნაგვემ იარებს, მაგრამ რაც ითქვა...
20. შესაძლოა, მით დაატყდეს განკითხულსა ხალხის რისხვა,
ასწროს წყლულთა მოშუშება კი არა და ვერც აღრიცხვა.
21. განკითხვა დიდი ურჯულობაა თუნდაც იმ გრძნობით,
განკითხულს რომ ვკვეთ მართლების უნარს დაუსწრებლობით.
22. ახლაღა ვხვდები, რა დაუნდობლად მას მოვეპყარი,
გაჭორვით ვისაც თუ ჩავურაზე ბედ-იღბლის კარი.
23. საცოდავო ჩემო თავო, იდიოტო, ტვინგამშრალო,
ალბათ ყველა არსებული ცოდვის თრევით დამაშვრალო.
24. ერთხელა და სამუდმაოდ შეიგენი გასაგებად,
რომ ეგ თავი განა მხოლოდ ბალიშზე გაქვს დასადებად.
25. ეგზომ ცოდვის მეპატრონე ვის ჭორავდი ან რად სცინი?
აბა, კარგად დაუკვირდი, თვით ხომ არ ხარ დასაცინი?!
26. ისე მოგდის, სხვისი ცოდვით თავი გაიხალისო,
თითქოს "ღორმა ღორს გასცინა - დრუნჩიანი არისო".
27. თუმცა სხვის თვალში ბეწვის დანახვა "დიდი ნიჭია",
საკუთარში კი, მიუშვი, გეგდოს დირეს ხინჯია.
28. ხოლო კიდევ თუა რამე, რაც არ გამოგიცდია,
სხვას შეემთხვა, რითაც ისევ გართობანა გიცდია.
29. ვაი შენ, ათჯერ საცოდავო ჩემო თავო ბედკრულო,
რატომ გაჩნდი, ვით დაბრძენდი ეგრე ცივი, უგულო?
30. შენ გგონია, მხრებზე თავი მხოლოდ იმისთვის გიდევს,
წვიმის დროს რომ მუცლის ღრუში წყალი არ ჩაგივიდეს?!
31. იმ კაცივით მოგდის, სკორეს კოვზით რომ მიირთმევდეს,
თან სხვას სცინის, ვინც იმავეს კარგა ჩამჩით იხმევდეს.
32. ხან დასცინი ძმის ცდუნებას, რაღაც ცხადში მოსვლია,
შენ თვითონ კი ის საცდური ბევრჯერ აზრად მოგსვლია.
33. ვაი, ასჯერ საცოდავო, ჩემო თავო, დოყლაპია,
შენ გგონია, ეგზომ თავი მოსაფხანად თუ გაბია?!
34. დაიხსომე: ღმრთივ სათნოა სულისათვის მზრუნველი,
მონანული ცოდვილი, ვიდრე ცოდვის მსურველი.
35. კაცთმოთნეობის მიზეზითაც დამიცინია ძმისთვის,
განმკითხველს რომ არ სწყენოდა, კვერი მიკვრია მისთვის.
36. ძალისძალით ვქირქილებდი, მლიქვნელობით პურობილი,
თუმცა სიცილს სულ არ მგვრიდა იქ ამბები მოთხრობილი.
37. მართლაც უჭკუო გამომადექ, გოგრავ, ქება ვერ გეთქმება,
ისე, ერთში ვარგისი ხარ, სკუფია რომ ზედ გერგება.
38. შე საწყალო ჩემო თავო, ვის ან რითვის ჰყვებოდი,
თუ არ გეცინებოდა, რაღას იჭაჭებოდი?
39. თუმცა ამბობენ: სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებსო,
ღირს კი? აგროვო ცოდვები, ასხამდე, ვითარ მძივებსო.
40. ფინთ მძორჭამია ყვავივით ხანგრძლივ სიცოცხლეს გიჯობსო,
ფუტკარს ემსგავსო დღემოკლეს, ღვთიურ ნექტარს რომ იწოვსო.
41. შევამჩნიე, თვის პირობებს საჭიროებს განკითხვა,
ვიწყე მისი საფუძველი - გულისთქმების აღრიცხვა.
42. უპირველესად აღსანიშნია უქმმეტყველება
ან ჭორაობა, როგორც მისი სახეცვლილება.
43. მასში უხვად ძევს სხვათა დაცინვა, ქება, გინება.
ზურგს უკან ქება კარგი საქმეა, მაგრამ ძაგება?
44. არც უცხო ხილია ჭორიკნებისთვის ცილისწამება,
ცოდვა განკითხვის, ეს უმაღლესი ნაირსახება.
45. ვერაფრით ვერ შევძლე უგუნური სულის დაშოშმინება,
ცარიელ ქვევრივით ამოიძახებს ჩაძახილს ნება.
46. ასე ვავრცელებ ათასგვარ ჭორს და სხვადასხვა ვნებას,
ბოროტის ვეწევი ექსპანსიას, ღმერთს რაც არ ნებავს.
47. ცრუ განსჯის გამომწვეველი კიდევ ერთი პირობა
არის, როგორც მე ვამჩნევ, სიზარმაცის "გმირობა".
48. მიგდებულ ყანას ვითარ ეხვევა ძეძვი და ბალახი,
მსგავსად ზანტაკის გულში გროვდება ვნებების ტალახი.
49. ლაჩრობის გრძნობაც თანამგზავრია განკითხვის ხშირად,
სწორედ მისით არს, ძმას რომ ზურგს უკან ვიხსენებ ძვირად.
50. შიშით ვერ ვბედავ, მოყვასს სიმართლე ვახალო პირში,
არ გაამხილოს ჩემი ცოდვებიც, თან მგლიჯოს ცხვირში.
51. შიშის სხვა სახე ანუ სირცხვილი - დაცინვის შიშია,
რიდით განმკითხველს ვერ ვაკმედინებ ენას პირშია.
52. ხან წყენის შიშით ვხდები განკითხვის თანაზიარი,
ბოროტსაღებად ჩემი ყურები იმწუთს მზად არი.
53. სულმოკლეობა - კიდევ ერთი მახინჯი გრძნობა
მაგდებს განკითხვად, მისთვის უცხოა ნამდვილი ძმობა.
54. როცა წუწუნით მოყვასს ვაბრალი ჩემს უძლურობას,
სულმოკლეობით ვიკვეთ საკუთარ ბრალეულობას,
55. მართალიც ვიყო, მით ვიზიანებ კუთრ სულგრძელობას,
თავს ვეღარ ვაღწევ სრულ სამართლებრივ დაბნეულობას.
56. ეჭვიანობაც ხშირად ბადებს განკითხვას ჩემში,
ყურად არ ვიღებ ძველების სიბრძნეს, წარმოთქმულს ერში.
57. "დამნაშავემ ერთი ქნაო, ბრალდებელმა - ასმაგი",
ეჭვის მსხვერპლი მიტომ ვხდები, ბოროტის ვარ ქომაგი.
58. ამასთანავე, როგორც მიწა შობს მწვანეულობას,
ეჭვი წარმოშობს ცილისწამებრივ ბრალდებულობას.
59. ცილისწამება ეშმაკისათვის იარაღია,
ცრუ მოწმის ბაგე სიკვდილისთვის ბჭე არის ღია.
60. ზოგჯერ ცილისა წამება მომყავს განკითხვით მთხრობელსა,
უსაზიზღრესი ვნებითა, შურისგან შენაპყრობელსა.
61. იმხანად ვაგროვებ, ვისიც მშურს, იმის წარსულის ამბებსა,
თან მთელ გულისყურს ვადევნებ, ყოველ მის ფეხის ნადებსა.
62. რაწამს ვუპოვო საქმე მას მცირედით დასაძრახია,
ვუბუქო ჭორვით ამბები, ზედმეტად სავაგლახია.
63. ხანდახან ისეთ აბსურდულ ბრალდებას ვუთხზავ ყოფაში,
თავადვე ვეჭვობ ჩემივე ფსიქიკის ჯანსაღობაში.
64. ასეთ დროს ხშირად სხვებისთვის სასაცილოც კი გავმხდარვარ,
მაგრამ ჩემს ჯიქურ არ ვიშლი, შურს უსინდისო დავყავარ.
65. ყველაზე სამარცხვინო კი, რაიც ერთია მომენტი,
ვისიც მშურს, ყოველ მის ნაბიჯს მინდა დავუდო ფეხკვანტი.
66. მაშინ, როდესაც თავად ის კეთილი ზრახვით მექცევა,
ჩემს შურის გამოვლინებას შემწყნარებლურად ექცევა.
67. ზოგადად შური თვით ამპარტავნების ნაშიერია,
ეს ვნება ჩემში სიბრიყვით ყველაზე ნიჭიერია.
68. ის უზომოდ მაყეყეჩებს, სხვებზე თავი აღვიმაღლო,
აღმატებულ როცა არ ვარ, საწადელი ვით ვიახლო?
69. თუმცა, "ევრიკა" - ვიპოვე, მგონი, გამოსავალი,
წინ თუ აღარა, უკან ყოველთვის არის სავალი.
70. ამრიგად, როცა მინდა, რომ გამოვჩნდე ამაღლებული,
საკმარისია, ვაჩინო სხვა ჩემზე დამდაბლებული.
71. სწორედ ამ შემთხვევისთვის არის მართ იდეალური
დამდაბლება განკითხვით - ცოდვა მამაპაპური.
72. ეჰ, ან რა მეამაყება, რატომ ვაბრკოლებ ძმასაო,
განა დიდებაც რას მომცემს, როს მივეცემი ხრწნასაო.
73. მიწის მტვრისაგან შექმნილსა, მიწადვე მისვლა მელისა,
მიჯობს, ღვთის სიტყვას ვეშურო, ვმადლობდე ღმერთს, რომ მეღირსა.
74. და ბოლოს: მთლად საძაგელი ვარ ბოროტეული განწყობით,
როცა თუ განსჯას ვეწევი ანგარებასთან თანწყობით.
75. ამ შემთხვევაში განკითხვას ვხმარობ, ვით მარჯვე იარაღს,
პირადი სარგებლობისთვის ძმას ვუჩენ ფარულ იარას.
76. ერთ მხრივ, ამფრად ვესწრაფვი თანდამსწრის ნდობის შეძენას,
რადგან ერთობლივ სჯა-ბაასს, ერთურთში ხლართულ გრძელ ენას,
77. მოაქვს ცრუ ნდობის შეგრძნება, ერთობის შთაბეჭდილება,
პარალელურად რწყულდება პატივმოყვრული რიდება.
78. ჭორიკნობისგან სიამე სწორედ ამასვე ეყრდნობა,
ან ძმის გაწირვით ნაპოვნი განა მყარია ერთობა?!
79. სხვა მხრივ როს ვინმეს დავცინი ავტორიტეტის შელახვით,
სოციალურად მაღალზე თავის დაჭერის განზრახვით,
80. რადგან ამ გარემოებით პირად რეიტინგს ვიმაღლებ,
რითაც გარკვეულ ანგარულ, პოზიციებსაც ვიმაგრებ.
81. საერთოდ, ხშირად განკითხვას ვნებათ კომპლექსი წარმართავს,
ანუ გონება ერთდროულ ჭორს მრავალ ვნებებით ხლართავს.
82. და, როგორც წესი, ყოველთვის იგი მით შეიქმს სიძულვილს,
ღვთისგან აშკარა განდგომით ასრულებს ეშმაკის სურვილს.
83. ეს მიკვირს, პირად შეცდომებს რატომ ვუყოვნებ მსჯავრდებას,
მაშინ, როს განაჩენები სხვებისთვის არ მენანება?
84. ბევრად სჯობს, ნაკლი ვასწორო საკუთარ ჩვეულებისა,
ვიდრე სხვებს გზებზე ვუთითო ზნეობრივ ამაღლებისა.
85. ჩემს სულის უწმინდურობას, ქცევის მოტივთა ვერწვდომას,
ვერაფერი ვერ ამზევრებს ისე, ვით განკითხვის ნდომა.
86. განკითხვის ჟამს ჩემი ენა ტოლს არ უდებს ჯოჯოხეთსაც,
რადგან ამ დროს ის იტაცებს ქველებსაც და ბოროტებსაც.
87. მაშინ იგი განა ენა, ბელზებელის სამკაპია,
ორკაპ მე და განკითხულს სწყლავს, ერთიც მსმენელ დოყლაპია.
88. სხვისი ცოდვის გაცნობით იმგვარ მცოდავი უდარდელ ხდება,
ხოლო არმცოდველს მით ეუფლება ამპარტავნება.
89. ასე პირველი სინდისს ირეცხავს, ანუ ირყვნება,
ხოლო მეორე სიფრთხილეს კარგავს, ცოდვის რიდებას.
90. როგორც ბუზი დებს თავის კვერცხებს უმ ხორცეულში,
ეჭვს და ღვარძლს ვთესავ სხვისი განკითხვით მსმენელის გულში.
91. ცოდვებზე თხრობით ვუნაგვიანებ ცნობიერებას,
სულს ვუზიანებ, ვუჩენ ეთიკურ მანკიერებას.
92. უმანკო სული არ აკვირდება ნაკლოვანებას,
ბოროტის განსჯა მასაც ანიჭებს გაბოროტებას.
93. სწორედ ამიტომ ძველების სიბრძნე ახსენებს ავსა:
"სხვას ნუ დასცინი, რომ არ გადაგხდეს იგივე თავსა".
94. ეჭვი არაა, ყოველგვარ განკითხვას ერგების ბრძოლა,
ცხოვრება - ეს არის გამარჯვებისკენ მუდმივი რბოლა.
95. ავ განსჯას უნდა არა უბრალოდ თავი ვარიდო,
ყურის მიგდებაც არ გავიმეტო, მსწრაფლ განვერიდო.
96. რამეთუ იმ წუთში ჭრელი გველი - სატანა ბნელი,
გულში კვერცხს მიდებს, რომ გაავრცელოს თვის გვარი ჭრელი.
97. გველის წიწილის იქვე შემუსვრას, სადაც კი ჩნდება,
სჯობს, არ ვაცადო თავად დედა გველს კვერცხის ჩადება.
98. ამ აზრით, ავმეტყველს შევაწყვეტინო განსჯა-განკითხვა
საბაბით: მორალის, უმჯობესია, პირისპირ წაკითხვა.
99. პირში მხილება ხშირად ნათელს ჰფენს ზუსტ სინამდვილეს,
რაიც სიმართლის ცალსახ დადგენას კაცს უადვილებს.
100. ერთნაირ ქცევებს ბევრჯერ წინ უძღვის სხვადასხვა გრძნობა,
საპირისპირო სურვილები თუ მოტივთა წყობა.
101. ქცევის მიხედვით ნამდვილ მიზანზე აზრის დაწყობა
მაშინ ხერხდება, თუა ცნობილი სულის განწყობა.
102. ადამიანში ცუდის ძიება არ არის კარგი,
სკორეში ქექვას ჰგავს, სულისთვის განა ეს არის მარგი?
103. საქმე ისაა, კარგი თვისება ვეძიო ძმაში,
რადგან ყოველთვის კარგს ცუდი ჩრდილავს მავანთ-მავანში.
104. ჩემს თავში ძნელად ვაცნობიერებ აუგ განზრახვას,
მეტ ყურადღებას ვუთმობ შეგრძნებით ამბავთ ასახვას.
105. უფრო ადვილად ვიმახსოვრებ მოვლენებს გარე,
ვიდრე გრძნობებს და ემოციებს სულში მღელვარეს.
106. საერთოდ კონტროლს მკაცრს საჭიროებს ფსიქიკის არე,
არს კაცის ქცევის მთავარ მიზეზი მასში მდებარე.
107. ამიტომ ჩემშივე უნდა ვმოსრო განკითხვის ნდომა,
გველის წიწილებს გამოჩეკვამდე ერგების კვდომა.
108. შესაძლებელი იმ ბუდეშია კვერცხების პოვნა,
სადაც იწვნება ჩუმ ოცნებების, მიზნების კონა.
109. აქვე სათავეს იღებს, მე მგონი, ყველა ის ვნება,
ჩემგან რომელთაც მყისვე ერგების მედგრად კვეთება.
110. განკითხვა ვნებაა, სხვა ვნებებთან ის ქმნის "ალიანსს",
ხალხის მტერთა ვინ უფრო, ვიდრე ვნებების ალი არს?!
111. გონებას თიშავენ, ვით ქარიშხალი აქრობს ჩირაღდანს,
ფასეულობას უფასოს ხდიან, მახინჯს - ლამაზმანს.
112. აღუწერელი არის ზიანი მათგან საქვეყნოდ,
მოჭარბებას ხომ ქვეყნის დაცემა მოსდევს საერთოდ.
113. მათი მსახური ილუზიაში დებს თვის სიცოცხლეს,
მათზე აყოლა - მირაჟის დევნა, სულს აბობოქრებს.
114. უმთავრესი კი, რაშიც ვნებები მართლა რომ მვნებენ -
ღმერთს მაშორებენ, ბოროტისადმი სულს მიმონებენ.
115. სხვა გზა არაა, ვნებებთან მიწევს სასტიკი ბრძოლა,
დროდადრო უძლეველ მეჩვენება მათი ზეწოლა.
116. იმისთვის, რათა აღვკვეთო ვნებათა განგებულება,
უნდა ვიცოდე მათივე ბუნება, აგებულება.
117. ჩემი ცოდვების განსჯას მოჰყვა მოკლე შედეგი,
რომლის მიხედვით ვნებათა არსი არის შემდეგი:
118. სამი შესაკრებელი ვნებად ინტეგრირდება -
სულის ძაბვა, ზრახვები და სხეულის ქმედება.
119. ჩნდება სულის დაძაბვით მძლავრი მოთხოვნილება,
რაც ზრახვებში ვრცელდება, მოქმედებით ნელდება.
120. ორი მიზეზით წარმოიშობა მოთხოვნილება:
გარემოს აღქმით ან შინაგანი იმპულსით ჩნდება.
121. როცა მსურს, რომ ობიექტმა არ აღმიძრას ვნება,
მისგან მმართებს მაშინათვე თავის არიდება.
122. სხვაა მიზეზი თანდაყოლილი, ჩემშივე ჩნდება,
იგი სათავე თვით სიკვდილამდე არ მომცილდება.
123. ამ შემთხვევაში ნებით უნდა ზრახვებს კვეთება,
მოთხოვნილებაც მით ითრგუნება, ვნებაც ჩლუნგდება.
124. ზრახვებს თუ ვძლიე, იგივე - ვძლიო მთელ ვნებას,
რადგან ქმედებებს საქციელში ისინი კვებავს.
125. სულში არ წყდება აზრთა ჭიდილი, სურვილთა ჭედვა,
ვნებათა შობილი არაწმიდა ზრახვების ჭვრეტა.
126. შესაძლოდ არ მიმაჩნია მათგან სრული თავდახსნა,
უეჭველად ლაგამსაყოფ არის მათი თავდასხმა.
127. რადგან, როგორც მშფოთვარ ძილში ხშირად იშვის ბოდვა,
მსგავსად, ზრახვებს, ცნობილია, ქცევით მოსდევს ცოდვა.
128. სიამოვნების განცდით ატყვევებს ვნება გონებას,
ის კი ოცნებით ბოროტ აზრებს უხვეჭს ქონებას.
129. ყოველთვის დამცა, როს გამიტაცა ოცნებით გრძნობამ,
გამაღატაკა ზეაღმატებულ უფლებით თრობამ.
130. აღვირახსნილი აზრთა დინება ვის არ სწვევია?
ქცევის ფარგლებში თავშეკავება მისაღწევია.
131. გაელვებისთანავე ვთრგუნო აზრი მზაკვარი,
ნუ შემოვიჩვევ, ჩავრაზო მისთვისა გონების კარი.
132. რათა ჩემს სულში არ გააჩაღოს ვნებათა ალი,
ზრახვის დაცხრობა თუ დასაწყისში ადვილი არი.
133. დრო მასა სწყალობს, მოკავშირეა მისი ერთგვარი,
ჩავაქრო ცეცხლი, სჯობს, ვიდრე არის ის ნაპერწკალი.
134. არ დააყოვნებს შეწევნას ღმერთი კაცთა მეოხი,
მან საიდუმლო ზრახვებთან ბრძოლის გამანდო ოთხი -
135. ეშმაკეულ აზრებს საპირისპირო აზრებით დავხვდე,
არამც დავუშვა, ხანმოკლე ტკბობის მსხვერპლი რომ გავხდე.
136. უზნეო აზრებს აღვუმართო ცოდნა შემდეგი -
ღვთიურ მცნებათა დარღვევების მწარე შედეგი.
137. ეს პირველია საშუალება სურვილთან ბრძოლის,
თან თუ მჭირდება ამოქმედება სწრაფი ზეწოლის.
138. მეორე - ლოცვა, გულის კარიბჭის ფხიზელი მცველი,
სწორი აღვლენით განიდევნება სულთქმა ყოველი.
139. მესამე ხერხი - მარხვის ღვაწლია დამაშრეტელი,
სასწაულთ შორის თვით სასწაული - სულთა მწმენდელი.
140. თუნდაც მცირედით როცა აღვკვეთე ყოველდღე ძღომა,
მალე შევიგრძენ, როგორ სუსტდება მრავალი ნდომა.
141. რიგ ზრახვებს ჩემით ვერ ვუმკლავდები, მჭირდება მწვრთნელი,
რომ გამიმჟღავნოს ამ გულისთქმების სათავე ბნელი.
142. მსგავსად იმისა, ვიდრე კელიას გამოვხვეტავდე,
შიგ დაყრილ ნაგავს მოსაგველად უნდა ვხედავდე.
143. რიგით მეოთხე - აღსარებაა სწორედ ამისთვის,
ღვთივ შეწყალების მომგვრელია იგი კაცისთვის.
144. როგორც ამბობენ, აღიარებით ბილწი ზრახვები
კაცს ზარდებიან, ვითარც კატას მავნე თაგვები.
145. დაბოლოს - რწმენით ვინც მოიპოვებს იესოს ლოცვას,
როგორც ცნობილ არს, სულში იჩენენ ზრახვების ხოცვას.
ძამის ხეობის მონასტრის მორჩილი