მეტროდან მაიაკოვსკის მოედანზე ამოვდივარ და სადღაც მივიჩქარი; ცხადია, მაგვიანდება; ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია, რადგან ასეთია ამ მეგაპოლისის ცხოვრების ტემპი და თუ არ აყევი, გადაგივლიან.
მიწისქვეშა გადასასვლელის შორიახლოს ხალხი შეგროვილა და რაღაც ჩოჩქოლია. ამაოდ ვცდილობ დავძლიო თუნდაც მხოლოდ ერთი ჩემს მრავალ ადამიანურ სისუსტეთაგან - ცნობისმოყვარეობა (წადი რა, გაიარე!); ვერ ვახერხებ და უმალ მეც ამ ჭრელი ბრბოს ნაწილი ვხდები. ვის არ ნახავს აქ კაცი: საბჭოეთის მოქალაქეთაგან ხომ უკლებლივ ყველას - ბელორუსს, უკრაინელს, სომეხს, აზერბაიჯანელს, ბალტიისპირელთ, შუააზიელთ, ებრაელთ და თვით რუსებსაც კი... ჰო, მართლა, ქართველი კინაღამ გამომრჩა, თუნდაც ჩემი სახით. აქვეა ზანგი, ჩინელი, ინდოელი, ვიეტნამელი... ყველას რა ჩამოთვლის, ნამდვილი ბაბილონის გოდოლია. ჯერ მარტო ლუმუმბას სახელობის უნივერსიტეტში ხომ ე.წ. მესამე მსოფლიოს სრული წარმომადგენლობა სწავლობს. ჰოდა, ყველანი აქ არიან. მიუხედავად ასეთი სიჭრელისა, ამჯერად სახეზე ყველას მართლაც ინტერნაციონალურ-შტერული ცნობისმოყვარეობა გვაწერია: რა ხდება?!
რა ხდება და თითქოს დიდი არაფერი: ვიღაც სოფლელ დედაბერს ქუჩის გაღმა მხარეს გადასვლა განუზრახავს. მერე და რაო, გაიკვირვებთ ალბათ. რაო და ისაო, რომ ზემოდან აპირებს თურმე გადასვლას, ეს ქუჩა კი უბრალო ქუჩა არ გეგონოთ, გორკის ქუჩაა - მოსკოვის მთავარი პროსპექტი, მანქანების ორმხრივი, მრავალმწკრივიანი უწყვეტი მოძრაობით; ნაკადების სიჩქარე - გიჟური და თავბრუდამხვევი... მოკლედ, ზემოდან გადასვლა ამ ქუჩაზე შეუძლებელია; კარგმა მორბენალმაც კი, საეჭვოა, ცოცხალმა გააღწიოს გაღმა; ეს უცნაური დედაბერი კი სწორედაც ამისთვის ემზადება. ფეხზე გაცვეთილი კალოშები აცვია, ტანზე - ძველისძველი, წელში გამოყვანილი ჯუბა; თავი სქელი თავშლით აქვს ყურებიანა წაკრული და ალბათ ამიტომაც არაფერი ეყურება, ან იქნებ სულაც ყრუა, პასუხს არაფერზე იძლევა; ცალ ხელში მოზრდილი ბოხჩა უჭირავს, მეორეში - გრძელი ჯოხი, რომლის სახელურიც მხრამდე სწვდება; ძლივს დაფრატუნობს, მოკლე-მოკლე ნაბიჯებით... აი, რის ვაი-ვაგლახით ჩააბიჯა მაღალი ტროტუარიდან...
- Что вы собирайтесь делать, Сума сошли, что-ли?!
- Туда нельзя, бабулья?! - ჩასძახიან აქეთ-იქიდან, მაგრამ არაფერი ესმის, შეურაცხადია; ვიღაცამ ხელიც წაატანა - უშედეგოდ; არ იშლის თავისას. ნუთუ მართლა გადასვლას აპირებს, ასე, კუს ნაბიჯით? წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია - აპირებს. ჯოხის სახელურზე პატარა ტოტი ჰქონია მიჭედებული, შემოატრიალა, ჯოხი ჯვრად აქცია, მერე პირჯვარიც გადაიწერა და... წავიდა, წაფრატუნდა...
...და მოხდა სასწაული! სხვა სახელს ამ დამთხვევას მართლაც ვერ დაარქმევ. პროსპექტის ამ მონაკვეთზე მანქანების მოძრაობა უეცრად და ორივე მხარეს ერთდროულად შეწყდა, შეწყდა გუგუნიც და ირგვლივ უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანა ამან, სამი თუ მეტი წუთი; გაოგნებული ვიყავი; პაუზა კი ზუსტად იმდენ ხანს გაგრძელდა, ვიდრე დედაბერი გაღმა, სამშვიდობოს არ გავიდა; გავიდა და მანქანების გიჟური მოძრაობაც წამსვე განახლდა...
დღეს, ტერაქტებისა და ქუჩების საპროტესტო გადაკეტვების საუკუნეში, ასეთი ამბავი მაინცდამაინც ვერავის გააკვირვებს, იმ დროს კი სხვა იყო: კომუნისტებს ჯერ კიდევ საათივით ჰქონდათ აწყობილი თავიანთივე გამოგონილი "ურღვევი" სისტემა, მით უფრო - ღვთისმოძულე იმპერიის დედაქალაქში, რომელიც მთელი საბჭოეთის ვიტრინას წარმოადგენდა და რომელშიც დაუგეგმავად და სტიქიურად არაფერი ხდებოდა; ამიტომაც ეს ეპიზოდი მართლაც სასწაულად იქნა აღქმული. ჩემთან ერთად ამ სასწაულს მთელი ეს ინტერნაციონალური ბრბოც სულგანაბული ადევნებდა თვალს და როცა ყველაფერი ასე მშვიდობიანად დასრულდა, ისე ერთდროულად ამოისუნთქა ყველამ, გეგონებოდათ, ორთქლმავალმა დაიქშინაო. ერთხანს პირდაღებულნი შევცქეროდით ერთმანეთს, მერე კი ყველა ერთად გამოფხიზლდა, ყველას თავ-თავისი საქმე გაახსენდა და ბრბო სწრაფად დაიშალა.
ვიდრე მეც ჩემს გზას გავუდგებოდი, უნებურად, შორიახლოს მდგარ ბრინჯაოდქცეულ უზარმაზარ მაიაკოვსკის შევავლე თვალი და მომეჩვენა: მუდამ ამაყი და თავდაჯერებული, მუდამ ბრაზიანი და შუბლშეკრული, კომუნიზმის გამარჯვებაში მუდამ მტკიცედ დარწმუნებული პოეტი-ტრიბუნი ამჯერად თითქმის შეცბუნებული და დაეჭვებული გასცქეროდა თავის მეორე, საყდრებდარბეული სამშობლოს ფრიად გაურკვეველ და ბუნდოვან მომავალს...
დავით ჯავახიშვილი