წმინდა ექვთიმე კერესელიძე
არ გასულა ერთი კვირა, რომ მოვიდა ჩემთან ქუთაისიდან მღვდელი სვიმონ მჭედლიძე. რომელმაც გამაცნო თავი:
კვირეულ ჟურნალ "შინაური საქმეების" რედაქტორ-გამომცემელი ვარო და ერთი ნომერი მისი ჟურნალისა მომცა.
ჩვენ ქუთაისში დავაარსეთ სასულიერო (სახელწოდებით) "წმინდა გიორგის ძმობა". ძმობის წევრებად არიან შესულნი მთელი დასავლეთ საქართველოს სამღვდელოება და ყველა საეროთ გამოჩინებულნი პირნი, ორივე სქესისა. ეგრეთვე ძმობის წევრებად ითვლებიან იქაური აწ მყოფ მამა და დედათა მონასტერთა წინამძღვრები, თავიანთი უხვ შეწირულებით. ძმობას შეუვიდა და შეგროვდა მილიონ ნახევარი სათანხო ფული, დაიდვა ქუთაისის სახელმწიფო ბანკში, ამ წესით: ერთი მილიონი, როგორც ძმობის ძირითადი საუნჯე და ხელშეუხებელი კაპიტალი, რომლიდგანაც გამოვა ყოველ წლიურად პროცენტის ფული და გადაეცემა ძმობის კანტორას, თავის კეთილ დანიშნულებების საწარმოებლად. ხოლო ნახევარი მილიონით შეიძინოს ძმობამ კარგი მსწრაფლმბეჭდავი მანქანები და ყოველივე სასტამბო და საკაზმავი იარაღები, და მასთან ყოველგვარი ასოები: რუსულ-ქართული და ხუცური. ამ რიგად ძმობის მიზანი და კეთილ დადგენილება არის შემდეგი:
1. გამოიცეს ყოველ დღიური სახალხო ქართული გაზეთი.
2. გამოიცეს ყოველ კვირეული სურათებიანი ჟურნალი.
3. გამოიცეს ყველა ნაირი საეკლესიო ხუცური წიგნები.
4. გამოიცეს რჩეული სიტყვა-ქადაგებანი, საქართველოს ყოველ კუთხეთა უფასოდ დასარიგებლად.
5. გადაღებულ იქნას ნოტებზე დასრულებით, ქართული საეკლესიო საგალობლები, სამ ხმაზე გაწყობით და დაბეჭდვით.
6. გამოიცეს ყოველ წლიურად საერო და საეკლესიო კალენდარი.
7. გამოიცეს საღმრთო სჯულის სასკოლო წიგნები.
8. გამოიცეს წმიდათა მამათა ნაწერები, სახარების და დავითნის თარგმანი და ყველა წმიდათა ცხოვრებანი.
9. დადგენილ იქმნას ქართული გალობა, ყველა კუთხეში სწავლება და გავრცელება.
10. დაარსებულ იქნას საქველმოქმედო კასა (სალარო) სამრევლო შკოლების დასაარსებლად და განსაძლიერებელად.
ყველა ესენი რო მითხრა, მე ვსთქვი: ყველა კარგი და კეთილი საქმეებია! ჩვენც, მე და მაქსიმე, ამნაირ პროგრამას ვადექით და ვმუშაობდით-მეთქი. მან მითხრა: ჩვენ თქვენგან ავიღეთ მაგალითი და ამისთანა კეთილი საქმეების გაჩერება და შეწყვეტა დიდი ცოდვაა და დიდი ზარალი სამშობლოსათვის! ამიტომ მოვედი და გთხოვთ ყველა ჩვენი დაწესებულება, რომ შენი წილი სტამბა შემოგვწირე, ან შემოგვიერთე ჩვენ ძმობას, შენ შენი მუშაობისთვის ჯამაგირი მიიღე ჩვენგან, და დაინიშნები ერთ უფროს დამფუძნებელ წევრად.
მაშინ მე ვიფიქრე: ეს ისე გამოდის, კაცმა რო ძალიან სასიამოვნო სათამაშო მუსიკა, გინა დაირა დაუკრას მათის სასიამოვნო სმენით, თავის-თავად გული აფანცქალდეს, ფეხები და ხელები ათამაშდეს, ეგრეთ რო მესმა მისგან, ეს ჩემი სასიამოვნო საკეთილო საქმეები, გული შემექმნა და სურვილზე მომიყვანა და უთხარი: ასე უცბათ არც დაპირება შეიძლება და არც აღსრულება! ჯერ უნდა დამტკიცდეს, შენი სიტყვა და თქვენი ძმობა რამდენად მტკიცეა, რამდენად მართალია, რამდენად ძლიერია და რამდენად სანდოა?! თუ ყველაფერში უეჭველობა და დარწმუნება არის, შეიძლება მაშინ გავბედო თქვენი თხოვნის აღსრულება.
მაშინვე ამოიღო ჯიბიდან მათი შედგენილი და რუსულ ენაზე დაბეჭდილი "წესდება", მე ამით არ დავკმაყოფილდი, განვუცხადე, რომ უნდა დავრწმუნდე, მართლა გაქვსთ ეს თანხა, თუ ქაღალდზეა მხოლოდ; ჩემის აზრით, საჭიროა დამოწმება თქვენი მდგომარეობისა ისეთი კაცებისაგან, როგორც, მაგალითად, არიან: ქუთაისის ეპისკოპოსი გიორგი, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდი, ალავერდის ეპისკოპოსი დავითი, აგრეთვე ახალ-სენაკში ჩემი მოძღვარი ალექსი შუშანიას მოწერილობა. თუ ეს რჩეული პირები დაამტკიცებენ, რომ ქუთაისში დაარსებული "წმინდა გიორგის ძმობა" მტკიცე, უტყუარ ნიადაგზე ადგია, მაშინ გავბედავ, თორემ ისე არა. სვიმონ მღვდელმა განაცხადა: რომ ის წარმოადგენს ყველა საბუთებს ერთ კვირაშიო, და წავიდა. მართლაც, ერთი კვირის შემდეგ მოვიდა და თან მოიტანა ზემოხსენებულ პირთაგან მოწერილობები და გადმომცა. მაშინ მე წარუყენე ასეთი პირობები:
1) ჩემს კუთვნილ სტამბას, თქვენის ხარჯით, ამხანაგისაგან გამოჰყობთ და გადაზიდავთ ქუთაისში, ხოლო მე იქ თვითონ დავსდგამ და მოვაწყოფ ყველაფრად და ჩაგაბარებთ.
2) სტამბის უფლება ჩემი იქნება ჩემს სიცოცხლეში.
3) მე მხოლოდ ვწირავ თქვენს ახალ საქველ-მოქმედო დაწესებულებას სტამბის მოგებას; ესე იგი, არა სტამბას, არამედ მის შემოსავალ-გასავალს. თქვენც ხომ ამბობთ, ბევრი საქმეები გვაქვსო, რასაკვირველია ბევრ საქმეებს ბევრი შემოსავალიც ექმნება: ეს სულ თქვენი იქნება და მეც თქვენგან დანიშნულ ჯამაგირში ვიშრომებ.
4) თუ სტამბა ვერ აწარმოვეთ კარგად და მოგების მაგიერ ვალები დაგედვათ, მაშინ ჩემ სტამბას, როგორც უვალოთ მოგიტანეთ, ისე უვალოთვე უკან წავიღებ თბილისში, როგორც საკუთრებას.
ასე თუ დათანხმდებით, მაშინ თქვენი ამხანაგებისაგან ხელმოწერილი ნატარიუსის პირობა ჩამომიტანე და მაშინ სრულ უფლებას მოგცემთ ჩემ წილ სტამბის გამოყოფისას და გადატანისას. მან მითხრა: სრული თანახმა ვარ ამ ჩემ პირობაზე და იმედი მაქვს, რომ ყველა ჩემი ამხანაგები დათანხმდებიან. და წავიდა ქუთაისში. იქ მოლაპარაკებია ამხანაგებს და ეთქვათ: ჩვენ სრული თანახმა ვართ მაგ პირობაზე, ხოლო ჯერ სტამბა ჩამოვიდეს და თვალით დავინახოთ და მაშინ, როგორც იმისთვის სასურველი იქნება, ისეთს დამტკიცებულ პირობას მივსცემთო.
ეს ამბავი რომ მოიტანა, იმავე დღეს წავედით ნატარიუსში და სრული უფლების ქაღალდი დავაწერიე და გადავეცი სტამბის გამოყოფის შესახებ. იმავე დღეს მივიდა ის სპირდონასთან და უთხრა: აი, მე უფლება მაქვს, ხვალ დილიდგან სტამბა უნდა გავყოთ და ჩავიბარო.
მაშინ სპირდონამ უარი ვეღარ მოახერხა. მხოლოდ იმ ღამეს, რაც საუკეთესო სასტამბო სამუშაო იარაღები და ასოები მოეპარა და გადაემალა, ვეღარ ვიპოვეთ.
მეორე დღეს სპირდონამ განმყოფლები პირველად მიგვიყვანა იმ შკაფზე, სადაც საგალობლების წიგნები გვეწყო, სთქვა: ჯერ ეს საგალობლები უნდა გავყოთო. ამაზე მე უთხარი: ეს საგალობელთა წიგნები არ გაიყოფება, ესენი უნდა იყოს ყველა ერთად, რადგან ამათ ჯერ კიდევ ბევრი დამუშავება სჭირდება, და თუ ესენიც ერთმანეთს დავაშორეთ, მაშინ დამუშავება კი არა, სრულიადაც დაიბნევიან და დაიკარგებიან-მეთქი. მან არ დამიჯერა და გაყვეს! მე მხოლოდ დავიწერე, იმას რომელ ნოტის წიგნები ერგო და მე რომელი მერგო. ამის შემდეგ სახლის ქონება გაიყო და მერე სტამბის ქონება.
დიდ სამწუხაროდ გამიხდა ჩემი საყვარელი წიგნების - საგალობლების წიგნების გაყოფა, და ჩემი ხელიდგან დაკარგვა. ვსთხოვე, გადავიწერავ-მეთქი, არა ჰქნა, მერე ისინიც გადამალა სადღაც! ერთი თვის შემდეგ გავიგე, რომ მისი ვექილის რჩევით, ნოტის წიგნები გადაეცა უნივერსიტეტის მუზეუმში დასაცავათ. კარგი, ეს რო გავიგე, წავედი და მუზეუმის გამგის ნებართვით, წიგნები გადავსინჯე და ყველა იქ იყო.
მეორე დღეს მივედი მუზეუმის დირექტორ ექვთიმე თაყაიშვილთან, რომელიც მე კარგათ მიცნობდა და ვსთხოვე: ეს ნოტის წიგნები, რომლებიც მუზეუმში შეტანილ იქნა, ხელ-წერილ ქვეშ მათხოვეთ, თითო-თითო გადავიწერავ და და ისევ უკან ჩავაბარებ-მეთქი. იმან ნება დამრთო, მიმიწერა მუზეუმის გამგესთან და გადმოვიწერე ყველა იმ წიგნის საგალობლები ერთი წლის განმავლობაში და ამ ნაირად ყველა საგალობლებს ისევ ერთად შეუყარე თავი. ექვთიმე თაყაიშვილს მე მაშინვე ვუთხარი: "ყველა ეს წიგნები და საგალობლები ფილიმონ ქორიძის დაწერილია, ესენი კიდევ მოუთავებელია, ჯერ კიდევ ბევრი ხარჯი და შრომა სჭირდება, რომ ყველა მოთავდეს, და სწორედ როცა მოთავდება, ყველასთვის დიდად სასიამოვნო და სასარგებლო იქნება! და მეც ამის მსურველი ვარ, რომ ასე მოთავებულად მუზეუმში დავაწყოთ დასაცავად, ჩვენს მომავალი თაობის სასარგებლოთ. ამისთვის მე თვითონ სულითა და გულით ვზრუნავ, ვშრომობ, ხარჯს ვეწევი, ვათეთრებ, ვაწყობ და რაც აკლია, ვაწერიებ სამ ხმაზე გამშვენებით. მე ჩემს შეძლებას და ფულს მაგ კეთილ საქმისათვის არა ვზოგავ და სხვის შეწევნას და დახმარებას არავისა ვსთხოვ".