სიყვარულით გამთბარი წიგნი
"ზოგჯერ ადამიანს ერთი ცხოვრებისეული ტვირთის ზიდვაც უჭირს, მეუფე-პოეტი კი ორმაგი ტვირთია, ორი უდიდესი პასუხისმგებლობა".
მღვდელი გიორგი (ბერბერაშვილი)
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია
იმ დღეს სვეტიცხოველში საზეიმო ზარების ხმა მცხეთის შემოგარენს გასცდა...
1977 წლის 25 ქრისტეშობისთვე ბედნიერად გაუთენდა არა მხოლოდ ქართველ მართლმადიდებლობას, არამედ სრულიად საქართველოს.
XII საეკლესიო კრებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსასაყდრებლად ერთხმად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრება.
დიდებული სანახავი იყო ფარჩა-ოქრომკედით შემოსილი ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი; ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა და მანგლელმა მიტროპოლიტმა გიორგიმ საპატრიარქო მიტრის დადგმით ხომ კიდევ უფრო დაამშვენეს. იმ დაუვიწყარ დღეს იქ დამსწრე საზოგადოებამ ირწმუნა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ათეიზმის ბატონობის წლებში მხსნელად და იმედად უწმიდესი და უნეტარესი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი) მოევლინა.
"აქსიოს" და "მრავალჟამიერ" ტაძრის გუმბათს ეფინებოდა...
საბედნიეროდ, ეს დღესასწაული დღესაც გრძელდება...
საზეიმო დღეებმა სიონის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლა. ილია II-ის ღვთისმსახურებასა და ქადაგებებს ისეთი ხიბლი ახლდა, რომ ახალგაზრდობა უკვე უშიშრად და დაუფარავად ისწრაფვოდა ტაძრისაკენ. მომრავლდნენ სტიქაროსნებიც. სიონი ხელისუფლების მიერ "სხვაგვარად მოაზროვნედ" მიჩნეულთა ნავსაყუდელად იქცა. ახალგაზრდა, ბოდბისა და წილკნის ეპისკოპოსმა თადეოზმა (მირიან იორამაშვილი) პატრიარქს მიუძღვნა ლექსი "აღსაყდრებისათვის":
"თქვენს ამქვეყნად მოვლინებას
მადლი ახლდა მზედა,
გიკურთხევდათ მომავლის გზებს
ღვთისმშობელი დედა.
საქართველოს სიხარული
ცაზე ფრთებსა შლიდა,
მოდიოდით მაგ ღიმილით
კეთილად და მშვიდად.
მხოლოდ უფლის კურთხევა და
მხოლოდ უფლის ნება.
საქართველოს გახარება,
ქართველთ განბრწყინება".
1978 წელს საპატრიარქომ გამოსცა ჟურნალი "ჯვარი ვაზისა", რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და ეს დღემდე გრძელდება. ჟურნალის პირველსავე ნომერში დაიბეჭდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დალოცვა - "კურთხეულ იყავ!"
მთავარეპისკოპოსი თადეოზი ღვთისმსახურების დროს, 1979 წ.
"ბოლო ათეული წლების განმავლობაში საქართველოში აღარ გამოდიოდა საეკლესიო ჟურნალი, მაგრამ ფიქრი და ზრუნვა მასზე არასდროს შეწყვეტილა...
...ქრისტეს ჯვარმა საქართველო დაღუპვისაგან გადაარჩინა... ჯვარი ვაზისა უწმიდესი სიმბოლოა ჩვენი ერის მიერ განვლილი დიდი, სახელოვანი გზისა... მისი რწმენისა და სასოებისა.
...მე ღვთისაგან მონიჭებული მადლით ვლოცავ ჩვენს ახალ ჟურნალს და შევთხოვ უფალს - "ჯვარმა ვაზისამ" შეასრულოს ის მისია, რომელიც მას ეკისრება".
აქვე დაიბეჭდა ეპისკოპოს თადეოზის მილოცვაც:
"ჯვარმა და ვაზმა გადაარჩინა საქართველო. ჯვარისა და ვაზის სიყვარულმა მოგვიყვანა დღემდე და ვით უკვდავი და ძლიერია ჩვენი ერი, ესეა სიყვარულიცა ჯვრისა და ვაზის მამულისა. იმედია, რომ ახალი ჟურნალი "ჯვარი ვაზისა" - სრულად გაამართლებს თავის წმიდა დანიშნულებას.
ამავე ჟურნალში - რუბრიკით - "დედანი ჩვენნი", გამოქვეყნდა ეპისკოპოს თადეოზის ორი ლექსი - "მოგონებების ნათელი" - მიძღვნა მცხეთის წმიდა მიწაზე განსვენებულ "ტკბილად მგალობელ დედა სიდონიას" და "დედა სალომეს-პარასკევას".
დღეს მეუფე თადეოზი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი, რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. ხშირად ბეჭდავს ლექსებს პერიოდულ პრესაში. ახლახან კი დაბადების 65 წლის აღსანიშნავად მისმა მეგობრებმა შეკრიბეს მეუფე-პოეტისადმი მიძღვნილი ლექსები, მილოცვები და მკითხველს წარუდგინეს მრავალფეროვანი კრებული "იცნოს სოფელმან", ბ-ნ სერგო ვარდოსანიძის შესავალი წერილით, "პოეტი და მღვდელმთავარი". წიგნს ამდიდრებს მეუფე-პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა.
კრებულის წარდგენა წმინდა სამების ახალგაზრდულ ცენტრში შედგა. მამა პეტრემ (კვარაცხელია) მეუფეს უწმინდესთან ერთად "ქართული ეკლესიის მემატიანე და მესაძირკვლე უწოდა".
კრებულში იბეჭდება იუბილარის მოგონება მამა გაბრიელზე: "ვისაც გვახსოვს მამა გაბრიელი - გაცისკროვნებული მლოცველი, ღვთიური მადლით მოქადაგე, მაცხოვარივით კეთილი, ვერასდროს დავივიწყებთ მას.
...მრავალჯერ გადავურჩენივარ და გამოვუყვანივარ წარსაწყმედელი მდგომარეობიდან. ეს იცის ღმერთმა და მამა გაბრიელის სულმა".
მეუფე თადეოზმა ორი ლექსი მიუძღვნა მამა გაბრიელს. ერთი სიცოცხლეშივე, 1983 წელს - "მადლით ნაკურთხო მოძღვარო!" მეორე კი გარდაცვალების შემდეგ - 1999 წელს "მადლით აღსავსე მამა გაბრიელს".
"ბევრი რამ ახსოვს ამ სოფელს
ტკბილ ენით ღაღადისი,
....
ცისკენ წავიდა, ირჩია,
ციერთა საბრძანისი..."
ეს ლექსები ბერი გაბრიელის პატივსაცემად მისვე ფოტოებით ცალკე ფურცლად დაიბეჭდა - "ღმერთი არს სიყვარული!" (ბერი გაბრიელი) (26. 08. 1929 - 02. 11. 1995). მეუფის წინასწარმეტყველება აღსრულდა - 2012 წლის ქრისტეშობისთვეს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და პოეტის თქმისა არ იყოს, "ციერთა საბრძანისს" შეუერთდა მისი ნათელი სული.
ბ-ნი ოთარ ნიკოლაიშვილი, მეუფე თადეოზის "ლექსების" (2009 წ.) რედაქტორი, წინათქმაში "ღვთისა და მამულის სიყვარულით" წერს: "გავიხსენებ ჩვენი თანამედროვე დიდი წმინდა ადამიანის, გაბრიელის (ურგებაძე) სიტყვებს: "თქვენ არ იცით, ვინ არის მეუფე თადეოზი"... სწორედ წინამდებარე კრებულში "იცნოს სოფელმან", ბ-ნი ვახტანგ გურული თითქოს ამის საპასუხოდ წარმოგვიდგენს მეუფე-პოეტის სრულყოფილ პორტრეტს:
მიტროპოლიტი თადეოზი -
* საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მღვდელმთავარი,
* უწმიდესი პატრიარქის უერთგულესი თანამებრძოლი,
* ქართული ენის სიდიადის შემცნობი,
* მრავალი დიდებული ლექსის ავტორი,
* ქართული პოეზიის დიდი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი,
* საკუთარი დიდი ტკივილის დამთმენი და სხვათა სატკივრით შეწუხებული,
* სხვათა ღვაწლის დამფასებელი და საკუთარ ღვაწლზე მდუმარე,
* სამშობლოს სიყვარულით გულანთებული და სამშობლოზე მლოცველი,
* "აღთქმული გაზაფხულის" მომლოდინე.
("დიდი გაკვეთილი სამშობლოს სიყვარულში").
ძნელია, ამ სიტყვებს რაიმე დაემატოს, მეუფე თადეოზი, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებს, 65 წლისა მოყრილა. ეს სიჭარმაგის ასაკია, მით უფრო მეუფე-პოეტისათვის. წინ კიდევ არცთუ ია-ვარდით მოფენილი გზაა გასავლელი, მაგრამ, ალბათ, პოეზია უმსუბუქებს ამ უმძიმესი გზის გავლას, როდესაც რაზიკაშვილების ნაფუძარზე ყვავილებად ამოწვერილ ლექსებს კრეფს და მკითხველამდე მოაქვს:
"აწკრიალდა სულში სიმი,
მზეს ველოდი რახანია,
როგორც მიწის კეთილ ღიმილს, -
ლურჯთვალებას ვნახავ იას.
ვიცი, უნდა ნახვა მისი,
სიხარულად დამებედოს...
რა სიამით, რა ხალისით
მივუყვები მწვანე ფერდობს.
ქარი ანცობს, წყარო ჩქარობს,
დარი დარობს, გული გულობს...
ფერთა მეფევ, მზის მაყარო, -
გამარჯობა, გაზაფხულო!..
("გამარჯობა გაზაფხულო")
მეუფე-პოეტისადმი მიძღვნილ კრებულზე გამოხმაურება, 35 წლის წინათ კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების მოგონებით დავიწყე და ისევ იმ ამაღლებული განწყობით მინდა დავასრულო...
კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, აღსაყდრების წლისთავზე მეუფე თადეოზმა ექსპრომტად უძღვნა ლექსი "შენი სიცოცხლე ერს უხარია", რომელიც ობოლი მარგალიტივით ამშვენებს მის პოეზიას:
"თუ საქართველო წმინდა ჯვარია, -
ნატრობ, - სამოთხის კართან იყოსო...
შენი სიცოცხლე ერს უხარია,
მრავალჟამიერ, კათალიკოსო"...
თქვენი სიცოცხლეც რომ ერს უხარია, თქვენდამი მოძღვნილი საიუბილეო კრებული - "იცნოს სოფელმან", ამის დადასტურებაა.
გისურვებთ კიდევ დიდხანს დამაშვრალიყავით თქვენი სათაყვანებელი "ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტის" საკეთილდღეოდ.
რადგან -
"შენ სულ სხვაგვარად ხედავ სამყაროს,
ცაში ვარსკლავებს ეალერსები,
ეჩურჩულები ყვავილებს, წყაროს,
იწვი ოცნებით, იწვი ლექსებით".
("პოეტი")
რადგან -
საქართველოს ყველაზე მეტად დღეს ესაჭიროება მეუფისა და პოეტის შეძახილი:
"სამშობლო, სამშობლო გახსოვდეთ,
სამშობლო გიყვარდეთ მარადის,
მის გულში მზის სხივებს აქსოვდეთ,
უმისოდ სიცოცხლე არა ღირს.
ვინც მისთვის ღამეებს ათენებს,
მამულს ეგულება ფარად ის...
გვახსოვდეს სამშობლო ქართველებს,
სამშობლო გვახსოვდეს მარადის!.".
(*** "სამშობლო, სამშობლო გახსოვდეთ")
მოამზადა
ლეილა ნანიტაშვილმა
ლეილა ნანიტაშვილმა