სააღდგომო საგალობლები
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი "აღსავალი" 2006 წელს დაფუძნდა.
ახლახან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა მგალობელთა გუნდის ახალი კომპაქტდისკის წარდგენა, რომელშიც თექვსმეტამდე საგალობელი შევიდა. პრეზენტაციას, მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად, ქართული საგალობლების თაყვანისმცემლებიც ესწრებოდნენ.
ვესაუბრებით "აღსავლის" მმართველს, გუჯა ნარიმანიშვილს.
- ბატონო გუჯა, ვიდრე უშუალოდ ამ კომპაქტდისკზე ვისაუბრებდეთ, მანამდე წარმოგვიდგინეთ თქვენი გუნდის წევრები.
- მგალობელთა გუნდში ათი კაცი ვართ. ანსამბლის რეგენტია ზურაბ გოგოლაძე (I-II ხმა), ზაზა ფანჩვიძე (I ხმა), გიორგი ყიფიანი (II ხმა), გიგა ჯალაღანია (I-II ხმა), ძმები: საბა და ბექა კემულარიები (ორივე ბანი), გიორგი მოლოდინი, ბანი), გოჩა ნარიმანიშვილი (II ხმა), ამერიკელი ჯონ გრემი (II ხმა, ბანი) და თქვენი მონა-მორჩილი (ბანი).
როგორც მოგეხსენებათ, აღდგომის საგალობლების რამდენიმე კუთხის სკოლაა საქართველოში შემორჩენილი. ახალ კომპაქტდისკში წარმოდგენილია გელათისა და შემოქმედის აღდგომის მსახურების საცისკრო კანონთა საგალობლები. პირველად ჩვენ გვხვდა პატივი, თექვსმეტამდე საგალობელი შეგვეკრიბა და აგვეჟღერებინა, რადგან მანამდე არ ყოფილა ასეთი პრეცედენტი, ამიტომ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა მოვახსენო ამ გამოცემის სპონსორს, ქი-ეს-ბი ბანკს და ჩვენი ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ მიქაელ ფოფხაძეს, რომელიც გვეწევა ამ საქმეში. სხვათა შორის, დისკში არა მხოლოდ აღდგომის საეკლესიო მსახურების საგალობელთა ძირითადი ნაწილია შესული, გვაქვს შესაძლებლობა, მოვუსმინოთ ფსალმუნების საგალობლებთან მისადაგებულ მუხლებსაც, რომლებსაც შესანიშნავად კითხულობს მამა მიქაელ ფოფხაძე.
- რამდენადაც ვიცი, კომპაქტდისკები თქვენ მანამდეც გქონდათ გამოცემული.
- ახლის ჩათვლით, უკვე სამი კომპაქტდისკი გამოვეცით. პირველი 2007 წელს, "აღსავლის" შექმნის ერთი წლისთავზე, რომელშიც აჟღერდა წმინდა ანდრია კრიტელის კანონის საგალობლები დიდმარხვის პირველი კვირის მსახურებებიდან, 2011 წელს გამოცემულ დისკში კი წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგიის მსახურებების საგალობლებს მოვუყარეთ თავი. ეს დისკი მარტვილში, მამათა მონასტრის მგალობელ ბერებთან ერთად ჩავწერეთ და სწორედ იმით არის საინტერესო, რომ ბერ-მონაზვნებთან შესრულებული ოქროპირის მსახურების საგალობლები, ჩვენი ერთობლივი შემოქმედების ნაყოფია, რომელსაც წარმატებით გავართვით თავი.
- როგორც ჩანს, თქვენს გუნდში ძირითადად პროფესიონალები არიან.
ქაშუეთის მგალობელთა გუნდი
- მხოლოდ საგალობლებს ასრულებთ, თუ ხალხურ მუსიკასაც ეჭიდებით?
- საგალობლებთან ერთად ქართულ ხალხურ სიმღერებსაც ვასრულებთ და ვაწყობთ კონცერტებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, უფრო სწორად, სხვადასხვა ეპარქიაში, საჩვენებელ წირვებში ვმონაწილეობთ და ხალხური სიმღერების კონცერტებსაც ვატარებთ. ამგვარი კონცერტები ჩავატარეთ მარტვილის, ბოლნისის, ურბნისისა და რუისის, შემოქმედის ეპარქიებში, ამ ეპარქიათა მეუფეების დიდი დახმარებითა და ხელშეწყობით. ტრადიციულად, კასპში ყოველწლიურად ტარდება სააღდგომო მუდმივმოქმედი კონცერტები, რომლებშიც, დაფუძნების დღიდან, სისტემატურად ვმონაწილეობთ, გარდა ამისა, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის თითქმის ყველა კონცერტში ვმონაწილეობდით. მეტიც, ხშირად ჩვენ თვითონ ვართ ინიციატორები ასეთი ღონისძიებების გამართვისა და წამოწყებისა.
- წარმატებებს გისურვებთ.
- დიდი მადლობა.