ჩვენს თავისუფალ არჩევანს ნებისმიერ ცხოვრებისულ საკითხში მეტად განაპირობებს ფსიქიკური პროცესის ისეთი გამოვლინება, როგორიცაა ნებისყოფა
, რომლის სრულყოფის შედეგადაც ადამიანი ძლევს საკუთარ თავში გრძნობად ლტოლვებს და ცხოვრობს მხოლოდ ზნეობრივი კანონის შთაგონებით... თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნებისყოფა სუსტდება.
როგორ განვსაზღვროთ, თუ რატომ გვებოძა ღვთისგან თავისუფალი ნება და როგორ გამოვიყენოთ ეს ღვთივბოძებული უნარი - ნებისყოფა?
გვესაუბრება დეკანოზი დავით ციცქიშვილი:
- ეკლესიური გაგებით, ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია საკუთარ მოქმედებაზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებელი. მარტო ზეციურ დაშვებაზე ან ჩვენგან დამოუკიდებელ გარეშე ფაქტორებზე კი არ არის დამოკიდებული, როგორი იქნება საკუთარი ყოფა, არამედ მასზეც, როგორ არჩევანს გავაკეთებთ: სწორს თუ მცდარს.
ამ ეკლესიურ დაშვებას ერთგვარად ხაზს უსვამს გავრცელებული აზრი ბედისწერის გარდუვალობის შესახებ. თითქოსდა მოინდომე, რაც გსურს, გამოიჩინე ნებისყოფის სიმტკიცე, გააკეთე, რაც გინდა, დიდად მაინც ვერაფერს შეცვლი, ზემოთ უკვე თავიდანვე იციან, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება. ამგვარი შეხედულებების გავრცელებას მრავლად ჰქონდა კაცობრიობის ისტორიაში ადგილი. ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის შვეიცარიელ მისტიკოსს კალვინს, რომელიც, გამოეყო რა კათოლიკურ სარწმუნოებას, თავისი რელიგიური მოძღვრება შექმნა. ამ მოძღვრების ქვაკუთხედი გახლავთ დაშვება ადამიანის ბედის წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამქვეყნად არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, თავიდანვე არის განსაზღვრული და ისიც კი დაბადებამდე არის ცნობილი, სამოთხეში მოხვდები თუ ჯოჯოხეთში. კალვინის მოძღვრება ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია ფატალისტური, ბედის წინასწარგანზრახულობის მაღიარებელი სხვადასხვა მიმდინარეობისა. ამით ცნობილნი არიან სხვადასხვა სექტის წარმომადგენლებიც, ფეხმოკიდებულია ამგვარი აზრი უბრალო, რელიგიისგან შორს მდგომ ხალხშიც, არცთუ იშვიათად გაიგონებ, რომ ბედისწერას ვერსად წაუხვალ. ალბათ ცხოვრების რაღაც წუთებში ეკლესიურად მაცხოვრებლებსაც გაჰკრავთ ასეთი აზრი, თუმცა იციან, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და მისით განპირობებულ არჩევანზეც არის დამოკიდებული, როგორ წარიმართება საკუთარი ცხოვრება.
- ჩვენს არსებობაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, თუ რამდენი რამ არის დამოკიდებული საკუთარი ნებისყოფის, თავისუფალი ნების გამოვლინებაზე.
- ცოდვა არავის შერჩენია, ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება, ბევრისთვის ეს ცხოვრების დაუწერელი კანონია, მათ შორის რელიგიისგან შორს მდგომი ხალხისთვისაც. ცოდვების ჩადენა ხომ ადამიანზეა დამოკიდებული. მეზობლის კარები ღია რომ დაინახო, შეხვიდე და გაქურდო, შემდეგ კი ეს ბედისწერას გადააბრალო, თავიდანვე ასე მეწერაო, სასაცილოა. როცა პირველად ხდება საძრახისი საქციელის ჩადენა, დიდ შინაგან ბრძოლას აქვს ხოლმე ადგილი. სინდისი ქენჯნით, ეშინიათ, რცხვენიათ, ყოყმანობენ, გადადგან თუ არა ეს ნაბიჯი, მაგრამ ზოგჯერ ვერ სჯობნიან საკუთარ თავს და სჩადიან უზნეო საქციელს. ამ დროს ნათლად ჩანს, რომ ჩვენზეა, საკუთარ ნებისყოფაზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით, დავეცემით თუ არა ცოდვით, შესაბამისად დავისჯებით თუ არა ამის გამო, შემდეგ მოგვეკითხება თუ არა პასუხი.
დიდი წმინდა მამა იოანე ოქროპირი წერს: "თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად ან მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ... რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი - ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი სათნოება არ არის, ბედისწერისაა! აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით, რისთვის ვაამებთ? ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?"
ეკლესიურად მცხოვრებ ხალხთან, თუ ოდნავ დაკვირვებული თვალი გაქვს, კარგად შეიმჩნევა ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება: მიზეზშედეგობრივი კავშირი ცოდვით დაცემასა და უმეტეს შემთხვევაში მალევე უფლის მიერ დასჯას შორის. ღმერთი მკაცრად სჯის თავის საყვარელ შვილებს და რომ არა ეს, მაშინ ჩვენი სულიერი ზრდა, გამოსწორება არ მოხდება. ჩვეულებრივ, ყოველი ერთი და იმავე ცოდვით დაცემის შემდეგ იგრძნობა ამა თუ იმ ფორმით სამაგიეროს გადახდის მომენტი და იმიტომ კი არ იკავებენ თავს ცოდვისაგან, რომ ასეთი ქმედება ეკლესიურად გაუმართლებელია, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ ღვთისა. თანდათანობით ეს შიში უფრო და უფრო ღრმავდება, გაცნობიერებული ხდება და მძლავრი საშუალებაა არასწორი, სულისთვის საზიანო სურვილების დაკმაყოფილების წინააღმდეგ. გამოსწორებამდე კი თითქმის ყოველთვის შეიგრძნობა შინაგანი ბრძოლის სიმძაფრე. ცოდვას მომნუსხველი, მაჰიპნოზებელი, მეტად მიმზიდველი ძალა აქვს, თავისკენ გიბიძგებს, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, სძლევ თუ არა მას. ხშირად დიდი ბრძოლა შეიმჩნევა ადამიანის არსებაში ამ დროს და ჩვენს ნებისყოფაზე, თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, რით დამთავრდება ეს პაექრობა. "სასუფეველი ცათა იიძულების" - ვკითხულობთ სახარებაში და ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
იზიდავს მმარხველს ნუგბარი საჭმელი, მისთვის ამ დროს აკრძალული გემრიელი კერძები, განსაკუთრებით მძიმე ამ მხრივ თანამედროვე სტილით ახალი წლის დღეებია, როცა სუფრაზე ბევრი რამ არის დახვავებული, მაგრამ თავი უნდა შეიკავო და არ დაარღვიო ეკლესიური წესი. მეტად სასტიკი, რთულია მრუშობის ვნებასთან ბრძოლა. განა ადვილია, თვალი არ გააყოლო ლამაზ ქალს, განდევნო გონებიდან ცოდვილი წარმოდგენები, ფიქრები, როცა გსიამოვნებს, გიზიდავს ისინი, დემონური სიტკბოების განმაცდეველია. მრისხანების შემოტევისას ძნელია თავი შეიკავო, ხმას არ აუწიო, შეურაცხმყოფელი სიტყვები არ უთხრა სხვას. როგორ გინდა ებრძოლო ვნებებს, ცდუნებებს თუ არა ხშირად ნებისყოფის დიდი დაძაბვით. მძიმეა, რთულია სულიერი ცხოვრება და აქ განსაკუთრებით კარგად ჩანს, თუ რამდენი რამ არის ადამიანზე დამოკიდებული.
- ისიც უნდა ითქვას, რომ თავისუფალი ნების, ნებისყოფის გამოვლინება ცვალებადია... ზოგჯერ გვღალატობს სიმტკიცე და ვსუსტდებით...
- დიახ. ნებისყოფა შეიძლება შევადაროთ თოთო ბავშვს, რომელსაც მოვლა სჭირდება. თუ რომელიღაც ვნებას, საცთურს აჰყევი, შემოუშვი გონებაში ცოდვილი ფიქრები, წარმოდგენები და არ განდევნე ისინი თანდათანობით, ბრძოლა მათთან უფრო და უფრო გაგიძნელდება და ბოლოს შეუძლებელიც კი გახდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩავარდნების შემდეგ ხშირად მხოლოდ აღსარებაში მათი თქმის შემდეგ იგრძნობა, რომ უბრუნდებათ წინააღმდეგობის გაწევის უნარი.
წმინდა მამები, განმარტავენ რა ფსალმუნის სიტყვებს: "ბაბილოვნის ასულო, ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა", აქ სულიერი ბრძოლის ხერხს ხედავენ. ბაბილონი ჯოჯოხეთია, მისი სიმბოლო, ბაბილონის ჩვილები - ცოდვილი ფიქრები. ნეტარია ის, ვინც კედელზე შენარცხებით მოსპობს მათ, ვინც მაშინვე გაანადგურებს მავნე ფიქრებს. კედელი მაცხოვარს გულისხმობს, იესო ქრისტეს სახელის ძალას. როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ: დასაწყისში ცოდვილი ფიქრი ჩვილივით სუსტია, შემდეგ იგი ბუმბერაზად იქცევა - ჩვევაში გადასულ ცოდვად, რომლისგან განთავისუფლებაც მხოლოდ სხვისი დახმარებით, ეკლესიის ლოცვით შეიძლება. ამ ბოლო ეტაპზე ადამიანის თავისუფალი ნებისგან თითქმის აღარაფერი რჩება.
ეკლესიური სწავლებით, ბოროტ ძალას ნებელობით განცდებზე ზემოქმედების საშუალება აქვს და ეს ხშირად გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს ენერგია ერთმევა, სურვილი უქრება, ვითომდა სამომავლოდ დებს მისთვის მნიშვნელოვან საქმეთა განხორციელებას. ამგვარი სურათი განსაკუთრებით კარგად ეკლესიური წესების შესრულებისას იკვეთება. არცთუ იშვიათად გაიგონებ: აღსარება მინდა ვთქვა და ვერ ვახერხებ, დავაპირებ, მაშინვე რაღაც მიზეზი გამომიჩნდება და ვდებ, მიზეზს კი რა გამოლევს. ან კიდევ: თითქოს ხელს არაფერი მიშლის, მაგრამ მიჭირს ვაიძულო თავი მღვდელთან მისასვლელად, თუმცა სურვილი მაქვს, ამას ვერ ვაკეთებ. ლოცვა ყოველთვის შეიძლება, სადაც არ უნდა იყო და როცა გინდა, რა წინააღმდეგობაა! მაგრამ ზოგჯერ ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო. ვისაც გარკვეული სულიერების გამოცდილება აქვს, მას შეუმჩნევია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იცის, მძიმე წუთებში: სასოწარკვეთილების, უიმედობის შემოტევისას, ნერვიულობისას, გაღიზიანებისას ლოცვის დაწყება მეტად შეუმსუბუქებს მდგომარეობას, მაინც მეტად უჭირს, აიძულოს თავი გააკეთოს ეს, მთელ რიგ შემთხვევებში კი დაგვიანებით ან საერთოდ ვერ ახერხებს ამას. არცთუ იშვიათად შინაგანი პროტესტის განცდაც კი შემოდის ზეციური სამყაროს მიმართ: მე თუ ასე ცუდად ვარ, ეს იმის შედეგია, რომ საჭირო დახმარებას ვერ ვგრძნობ ზემოდან, ილოცე და ისევ წადი იმ ძალის შემხვედრი მიმართულებით, ვინც მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ გაქცევს!
- მართლმადიდებლური თვალსაზრისით, დემონური ზემოქმედების მიხედვით, გამოიყოფა: შეპყრობილობის და ეშმაკეულობის მდგომარეობა. გთხოვთ, დაგვიხასიათოთ ეს მდგომარეობა და რა შემთხვევაში აქვს მას ადგილი.
- შეპყრობილი თითოეული ჩვენგანი ხდება, როდესაც ჩვენს ვნებებს, ცოდვებს გაქანების საშუალებას ვაძლევთ. ამ დროს ბოროტისეულ ვნებას ვემორჩილებით და ვშორდებით უფალს. როცა მრისხანებაში ვვარდებით, ხშირად კარგად ჩანს, თუ როგორ ბატონდება ჩვენს არსებაში უცხო, სხვისი ნება. გრძნობ, ღიზიანდები, გინდა თავი შეიკავო, ცდილობ, მაგრამ რაღაც ძალა გიჩიჩხინებს, გახსენებს, როგორ გაგაბრაზეს, რა ცუდად მოგექცნენ, როგორი სიტყვები გაკადრეს, გამოიჩინეს უყურადღებობა, მიზეზი ბევრია, ეს ყველაფერი გონებაში გიტივტივდება, ვეღარ ახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას და გამოდიხარ წყობიდან. უხილავი ძალა თავისკენ გეწევა, გიმორჩილებს, გამწყვდევს ცოდვის მარწუხებში, შენც ფეთქდები, თითქოს საკუთარი ნება აღარ არსებობსო, ნებდები უცხო ზემოქმედებას.
მეორე მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. მძიმე ცოდვების, დიდი სიამაყის თუ სხვა მიზეზის გამო უფლის დაშვებით ბოროტი ძალა შედის ადამიანის სხეულში, იქ დაივანებს და რაც სურს, იმას აკეთებინებს. ამ დროს იგი დემონური ზემოქმედების შედეგად კარგავს რა ცნობიერებას, ვარდება ისტერიკაში, განსაკუთრებით სიწმინდეებთან (ხატთან, ჯვართან, საზიარებელ ბარძიმთან) ახლოს ყოფნისას, სჩადის მკრეხელურ, უზნეო საქციელს, ბილწსიტყვაობს, ილანძღება, უშვებს ცხოველურ ხმებს, ლაპარაკობს სხვა ადამიანის ხმით. ასეთ დროს სრული მორჩილებაა ეშმაკისეული ნებისა. შემდეგ თავად რცხვენიათ ამის, მეტად განიცდიან, მაგრამ უძლურნი არიან, წინააღდმეგობა გაუწიონ ბოროტს. მოციქული პავლე ამბობს: "ასეთი კაცნი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს" (1 კორ. 5,5).
როგორც მართლმადიდებლური, ისე ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით ფსიქიკურ განცდათა ერთ-ერთ ძირითად კლასად ნებელობითი განცდებია მიჩნეული. ფსიქოლოგიური კვლევა-ძიების მიხედვით გამოყოფილია ის თავისებურებები, რომლებიც ახასიათებს მათ გაჩენას ჩვენს არსებაში. ამ დროს აღნიშნავენ "მე მინდას" სპეციფიკურ განცდას, სურვილს, პიროვნულ სწრაფვას, შეასრულონ მიზანდასახული მოქმედება. შეინიშნება ასევე დაძაბულობის შეგრძნებები, გარკვეული სახის წარმოდგენების გაჩენა ცნობიერებაში. ნებელობით განცდათა თავისებურება მიუთითებს მათ თვითმყოფად, მნიშვნელოვან როლზე ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი, რითაც კაცი განსხვავდება სხვა ცოცხალი არსებებისგან, არის ის, რომ მას აქვს ნებელობითი მოქმედების უნარი და არ გახლავთ თავისი იმპულსების მონა. ნებისყოფის დაძაბვით შეუძლია გააკეთოს არა მხოლოდ ის, რაც სურს, არამედ ხშირად საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების სრულიად საწინააღმდეგო, გამომდინარე იქიდან, მიზანშეწონილია თუ არა ეს მისთვის.
- დაბოლოს, ღმერთმა მოგვანიჭა თავისუფალი ნება, მაგრამ ადამიანური გონებისთვის თითქოს მაინც მიუწვდომელია იმის გაცნობიერება, რომ ღმერთი ჩვენი ცხოვრების წინასწარმცოდნეა, მაგრამ არა წინასწარგანმსაზღვრელი...
- ერთგვარი ლოგიკა, თითქოსდა საღი აზრი იგრძნობა იმ დაშვებაში, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ზემოდან იშვება და ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია. უფალმა იცის თითოეულის წარსული, აწმყო და მომავალი, შეუძლებელია ღმერთმა რაიმე არ იცოდეს და ამით თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენს ცხოვრებაზე დაკვირვება სრულიად ნათლად მიუთითებს, თუ რამდენი რამ არის ადამიანზე დამოკიდებული, კერძოდ კი მისი თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. თუ საღად შეაფასებ ამას ყველაფერს, მიხვდები, ჩვენი ჭკუა არა მხოლოდ იმაში ვლინდება, ჩავწვდეთ ღვთის არსებობას და მისდა სათნოდ ვიცხოვროთ, არამედ გავიგოთ, რომ არ ვართ მარიონეტები და ზეციურ სამყაროში სურთ, ეს კარგად შევიგრძნოთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი