ხიბლი
ხიბლი
თუ რამ კარგია ჩვენში, საკუთარი არ არის, უფლისაა
როგორც ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს, "მეტად დიდი ხიბლია ადამიანისთვის იმის დაშვება, რომ იგი ამ მდგომარეობაში არ იმყოფება, ყველანი მოტყუებულნი ვართ, ცდუნებულნი, სიყალბეში მყოფნი და ეს მდგომარეობა ჭეშმარიტებით, სიმართლით გამოხსნას საჭიროებს".

ეკლესიური ცხოვრებით გამოწვეული ამპარტავნების ყველაზე საშიშ გამოვლინებაზე - ხიბლზე გვესაუბრება დეკანოზი დავითი (ციცქიშვილი).

- მამაო, ჩვეულებრივ მოკვდავებს ხშირად გვსიამოვნებს საკუთარი სიმარჯვის დანახვა, სხვამაც თუ შეგვაქო, გვიხარია. ძნელია ამ ჩვეულებრივი, ჩვენთვის საამო განცდების მიღმა ხიბლი დავინახოთ, საშიშროება ვიგრძნოთ... და მაინც... როგორ უნდა გამოვიცნოთ ხიბლის მდგომარეობა?

- ამგვარი მიდგომა ადვილი შესაძლებელია გაზვიადებულად ჩათვალონ. სულ იმაზე თუ იფიქრე, რომ ხიბლის, ამპარტავნების გამოვლენაა ეს, შეიძლება დაბრკოლდე. ზოგჯერ მართლაც კარგად გამოგივა რაღაც, როგორ გინდა, არ შენიშნო? გონება თავისთავად აკეთებს ამას, მაგრამ როგორც ვხედავთ, მართლმადიდებელი მამები სულ სხვაგვარად აღიქვამენ ამას და უნდა გავითვალისწინოთ მათი აზრი, როგორც ბრძენი, გამოცდილი ხალხის მიდგომა.

მამა ალექსი (სოლოვიოვი) წერს: არაფერი გვაქვს თავმოსაწონი და თუ რამ კარგია ჩვენში, საკუთარი არ არის, უფლისაა. პირადი არაფერი გაგვაჩნია. როცა პატივმოყვრული, ქედმაღლური აზრი მოგივა შენ შესახებ, ასე გააკეთე: იმ წუთშივე განაგდე, თუ მარტო ხარ, შენდა გასაგონად თქვი: "მე ვიცი, რა კარგიც ხარ, ეს ვინ გააკეთა, ის ვინ ჩაიდინა?" - და დაიწყე საკუთარი ცოდვების ჩამოთვლა - ამპარტავნული ფიქრიც გაგიქრება".

- გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას წარმოადგენს ხიბლი და როგორი ფორმებით (გარეგნული ნიშნებით) ვლინდება იგი ძირითადად?

- ხიბლი მეტად საშიშ რელიგიურ მდგომარეობად ითვლება, როდესაც ახდენენ თავისი შესაძლებლობების გადაფასებას, დიდ წარმოდგენას იქმნიან საკუთარ თავზე. თვლიან, რომ სულიერების ისეთ დონეს მიაღწიეს, იმდენი ცოდნა, გამოცდილება დააგროვეს რელიგიურ სფეროში, რომ ხელეწიფებათ მნიშვნელოვანი საქმეების ჩადენა, დიდი ღვაწლის აღება საკუთარ თავზე. მიიჩნევენ, რომ უფლის განსაკუთრებული წყალობაა მათთან, მეტად მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო მისია დააკისრა უზენაესმა და ადრე თუ გვიან ეს ხალხმა უნდა გაიგოს. გამოსაყოფია ხიბლის ორი ფორმა: - ჩვეულებრივი, არაშორსწასული, რომელიც ყველა მორწმუნესთან გვხვდება და მეორე - ამ მდგომარეობის მეტად საშიში, მკვეთრი გამოვლინების სახე. ჯერ შევჩერდეთ პირველ მათგანზე. იგი ერთგვარი სენივითაა, რომლისგანაც სიცოცხლის ბოლომდე არავინაა დაზღვეული, განთავისუფლებული, უბრალოდ სულიერების, რელიგიური გამოცდილების ზრდასთან ერთად უფრო ადვილად ატყობენ, იჭერენ ამპარტავნულ გამოვლინებებს საკუთარ თავში, გრძნობენ, ვარდებიან თუ არა ხიბლის მდგომარეობაში, უახლოვდებიან თუ არა კრიტიკულ ზღვარს.

მათგან, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ან თუნდაც უბრალო მორწმუნეთაგან, ვისაც სწამს ღმერთის, მაგრამ არ იცავს რელიგიურ წესებს, რომელს არ წარმოუდგენია, რომ მან უკვე გარკვეული სარწმუნოებრივი ცოდნა, გამოცდილება შეიძინა და ახლა სხვასაც შეუძლია ასწავლოს, დაარიგოს რაღაც, მოაქციოს ეკლესიისკენ, ჩაუთვლია, რომ მის ლოცვას უკვე ძალა აქვს და უფალი ისმენს მას, მიუჩნევია, რომ ხელეწიფება ეკლესიისთვის მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეებთან შეჭიდება? შეიძლება ისიც დაუშვა, რომ ყოველგვარი შეფარული მიზნის, საკუთარი თავის განუდიდებლად მოინდომო სხვისი დახმარება, რწმენისკენ შემობრუნება, ეკლესიისთვის სამსახურის გაწევა, მაგრამ ხშირად ამ განცდებს მაინც ამპარტავნული მომენტი ერევა: მოწყალება გავიღე, კეთილშობილება გამოვიჩინე, ღვთისთვის სათნო საქმე გავაკეთე, უფალი დამიფასებს, ალბათ სხვაც შეამჩნევს - გღრღნის სიამაყის ჭია. ერთ-ერთი გამორჩეული სქემოსანი ბერის სულიერი შვილის აღსარებაში ვხვდებით ასეთ სიტყვებს: "მე სავსე ვარ ამპარტავნებით, გულში ყველაზე მაღლა ვაყენებ თავს, რჩეული მგონია იგი". ეს სიტყვები ძალიან ბევრს მიესადაგება. მართალია, მალავენ ნაფიქრს, ესმით, რა სასაცილო აღმოჩნდებიან, ამბობენ ქრისტიანისთვის ჩვეულ სიტყვებს: მე ვინ ვარ, ერთი ცოდვილი, უძლური არსება, მაგრამ სინამდვილეში ეს სიტყვები სულაც არ ასახავს მათ შინაგან მდგომარეობას. თავისთვის ფიქრობენ, რომ განსაკუთრებული მისია დააკისრა უზენაესმა და ადრე თუ გვიან ალბათ დაიგრგვინებს მართლმადიდებლურ სამყაროში მათი სახელი. ამგვარი აზრები, შინაგანი განწყობა უფრო ახლგაზრდებისათვის, განსაკუთრებით კაცებისთვის არის დამახასიათებელი.

- მაინც, უფრო რომელი ცოდვა იწვევს ხიბლს?

- ადამიანი ბუნებით ამპარტავანია, მაგრამ ხანდახან მაინც მისი ეს მხარე განსაკუთრებით იკვეთება, იწევს წინ და იგი უკვე ხიბლზე მიუთითებს. ამ დროს ხიბლის მდგომარეობის ფსიქიკურ განცდათა ანალიზი რომ გაკეთდეს, ორი მხარე იქნება მეტად თვალშისაცემი: ერთი - გამახვილება, გაძლიერება საკუთარი ღირსების შეგრძნების, რომ შეგიძლია სხვას დაარიგო, ასწავლო, გააკეთო ღვთისთვის სათნო საქმენი, დაეხმარო ეკლესიას და მეორე - სწრაფვა იმისკენ, რომ დაინახონ, შეიტყონ შენ მიერ გაწეული ღვაწლი, ის, თუ რას აკეთებ ხალხისთვის. იგრძნობა ერთგვარი აღტყინება, დაძაბვა, ენთუზიაზმი, ენერგიის მოჭარბება და პირდაპირ თუ არა, შეფარვით მაინც ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ზოგჯერ ვითომდა სიტუაციამ მოიტანა, საუბრისას უბრალოდ ითქვა, რით არიან დაკავებულნი, უნებურად გამახვილდა მასზე ყურადღება; ხანდახან კიდევ პირდაპირ, დაუფარავად ამბობენ სათქმელს. განა რა დიდი დანაშაული და სირცხვილია, სხვამაც გაიგოს მათი საქმიანობის შესახებ, მით უმეტეს, თუ ზომიერად, არც მაინცდამაინც თვალშისაცემად იქნება ეს ნათქვამი?

- წმინდა მამები წერენ, რომ ხიბლთან ბრძოლა ძნელია, რადგან საფუძვლად მას ადამიანის არსებაში ყველაზე ფესვგადგმული ვნება, სიამაყე და ამპარატვნება უდევს. როგორ ვებრძოლოთ ხიბლის გამოვლინებას?

- შეიძლება მთელი ცხოვრება წერდე მის შესახებ, ტომები გქონდეს შექმნილი, სხვას აფხიზლებდე, მოუწოდებდე ამ ვნების საშიშროების შესახებ, მიუთითებდე მის გამოვლინებებზე, ასწავლიდე დაპირისპირებას და თავად კი გაუცნობიერებლად ჩავარდე ხიბლში. არავინ არის ამ მხრივ დაზღვეული, იმათგანაც კი, მრევლს ვინც არიგებდა, მრავალ სასულიერო პირს მოსვლია ასე. მაგრამ ერთი რამ მაინც გამოსაყოფია - სულიერი გამოცდილება ეხმარება ადამიანს დროულად შეამჩნიოს და ებრძოლოს ხიბლის გამოვლენას თავში და თუ საჭიროა, სხვასაც შეეშველოს ამ მხრივ.

- ალბათ, ცალკეა გამოსაყოფი ხიბლის შორსწასული და მკვეთრი გამოვლინების ფორმები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში მეტად სავალალოდ თავდება ადამიანისთვის...

- წმინდა მამები ამგვარი ხიბლის ორ სახეს გამოყოფენ. პირველი, როცა იწყებენ წარმოსახვას იმისა, რომ ხედავენ მაცხოვარს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს, ცის გახსნას, ზეციური სამყაროს სურათებს, ესმით რაღაც ხმები, აქვთ ნარკომანების მსგავსი მოლანდებები, თავში მოსდით ერთი შეხედვით ბრწყინვალე, შთამბეჭდავი იდეები და ჰგონიათ, უფალი კარნახობს მათ. მიიჩნევენ, რომ უზენაესმა აირჩია ისინი, რათა კაცობრიობას მათი პირით ამცნოს მეტად მნიშვნელოვან აღმოჩენათა, სიბრძნეთა შესახებ, აუწყოს, რა ელით, თუ იმას არ გააკეთებენ, რასაც მისი "რჩეული" ეუბნება. ხიბლში მყოფის აზრები მხოლოდ მისთვის არის საყურადღებო, ბრძნული, სხვის თვალში კი ხშირად ისინი აბსურდულად, სასაცილოდ, გაზვიადებულად მოჩანს. მათი საუბარი არცთუ იშვიათად გაუგებარია, იყენებენ რაღაც განყენებულ, აბსტრაქტულ ტერმინებს, ლაპარაკობენ ქარაგმებით, ზოგჯერ მოჰყავთ ადგილები წმინდა წერილიდან, იმეორებენ ქრისტიან მამათა გამონათქვამებს, მაგრამ ყოველივე ეს საერთო სურათიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მთლიანობაში რასაც ამბობენ, უსიამოვნო, არამიმზიდველ, ხშირად გაუგებარ შთაბეჭდილებას ტოვებს, მსმენელს სურვილი უჩნდება, მალე განერიდოს მას. ცდუნებულის საუბარს ისეთი დაღი აზის თავდაჯერების, ამპარტავნების, საკუთარ სიმართლეში დარწმუნების, რომ საღად მოაზროვნე კაცისთვის შემაძრწუნებელი სურათი იქმნება.

ღვთისმშობელმა მაუწყა, ანგელოზებმა განმიცხადეს, წმინდა გიორგი ვნახე ძილში და მითხრაო, - ისე წამოისვრიან, რომ რელიგიურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანი შეიძლება გაოგნდეს, ეს ვისთან მქონია საქმეო! "პლანეტები რომ ერთ ხაზზე განლაგდებიან, მაშინ დადგება ქვეყნის აღსასრული და რაღაც ხმა გარედან მკარნახობს, რომ ეს მალე იქნება. ვაი, ბედკრულო კაცობრიობავ, რომ იცოდე, რა გელოდება" - დღევანდელი რეალობიდან აღებული ერთ-ერთი ფრაზა ხიბლში მყოფის გამონათქვამებიდან. ზოგჯერ ვხვდებით აბსურდულ მტკიცებებს, როდის რა შეიძლება ჭამოს ადამიანმა და რის მიღებას უკრძალავენ მას ზემოდან. ვთქვათ, შემწვარი ნივრის ჭამა შეიძლება, ხახვის კი არა. ხიბლში მყოფთ ხშირად აქვთ რაღაც უცნაური სიტკბოების, სიხარულის, აღტაცების გამომხატველი განცდები. ეს გრძნობები ცდუნებულისა არ ესადაგება ჩვეულებრივ ადამიანურ შეგრძნებათა, ემოციათა ჩარჩოს და ესეც ხიბლში მყოფისთვის იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად სწყალობს უფალი, ახლოს არის მასთან. Gგანა უბრალო მოკვდავს შეიძლება ჰქონდეს ასეთი განცდები, უკვე ამქვეყნად გრძნობდეს სამოთხისეულ ნეტარებას?

- ზოგჯერ ხიბლში მყოფნი გარეგნულად დიდ ღვაწლს იღებენ საკუთარ თავზე, გაძლიერებულად მარხულობენ, ლოცულობენ, დადიან ზამთარში ფეხშიშველნი, ყოველმხრივ აუძლურებენ სხეულს...

- ბოროტი აძლევს მათ ისეთ ძალას, რომ დიდი შეუპოვრობა, გამძლეობა გამოიჩინონ ამ მხრივ. ესეც ცდუნებულისთვის იმის დამამტკიცებელია, რომ მან უკვე დიდ სიმაღლეს მიაღწია ღვთისკენ სავალ გზაზე, განა სხვაგვარად შეძლებდა კი ამას?

ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვს ხიბლის ასეთი შემთხვევა მოჰყავს: ერთ-ერთი პეტერბურგელი მოხელე არასწორი გაძლიერებული ლოცვით იყო დაკავებული და ამის გამო განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩავარდა. ლოცვის არასწორობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი ამ დროს სხვადასხვა ზეციურ სურათს, წმინდანს, ანგელოზს წარმოიდგენდა, რაც მართლმადიდებელ მამათა მიხედვით მეტად საშიშად ითვლება. ლოცვის ეკლესიური წესი გულისხმობს არა წარმოსახვის გახელებას, არამედ იმ სიტყვების შინაარსის ყურადღებით აღქმას, რომელსაც ვკითხულობთ. ამ დროს ზეციურ სამყაროს მკვიდრთა წარმოდგენა, მართლმადიდებლური გაგებით, დიდი საშიშროების შემცველია და თუ ეს უნებურად მაინც მოხდა, ასეთი წარმოდგენები უნდა განიდევნოს გონებიდან. მოხელეს გარკვეული ხნის შემდეგ სხვადასხვა ჩვენება დაეწყო. ლოცვისას ეჩვენებოდა, რომ ხედავდა ხატებიდან გამომავალ სინათლეს, გრძნობდა წარმტაც სურნელს, პირში - არაჩვეულებრივ სიტკბოებას. იგი რჩევისთვის მონასტერში მივიდა და ერთ-ერთ ბერს თავის შეგრძნებათა შესახებ მოუთხრო. ბერმა აუხსნა, რომ ეს დემონური გათამაშების შედეგი იყო და ურჩია, თავი დაენებებინა არასწორი ლოცვისთვის, რაზეც ცდუნებული შეეწინააღმდეგა: განა შემიძლია უარი ვთქვა ასეთ მადლზეო.Bბერმა ერთი შეხედვით უცნაური კითხვა დაუსვა: თავის მოკვლის სურვილი ხომ არ გიჩნდებაო? როგორ არა, დავაპირე კიდეც, მაგრამ გადამარჩინესო. როცა ცდუნებული წავიდა, ბერმა მონასტრის ძმებს უთხრა: "როგორც უფლისთვის მოთქმის დროს დგება სინდისის დამშვიდების წუთებიც, რომელიც აწყნარებს მონანულთ, ასევე დემონური ხიბლის ყალბი სიამოვნებისასაც დგება მომენტი, როდესაც ხიბლი თითქოს აშკარავდება და ადამიანს თავის ნამდვილ სახეს უჩვენებს. ამგვარი წუთები საშინელია, მათი სიმწარე და შედეგად გამოწვეული სასოწარკვეთა - აუტანელი. ამით ცდუნებულმა ყველაზე ადვილად უნდა იგრძნოს თავისი მდგომარეობა და შეეცადოს მისგან განთავისუფლებას. ხიბლის დასაწყისი სიამაყეა, ნაყოფი კი - დიდი ამპარტავნება. ცდუნებული თვლის რა ღვთის მადლის რჩეულ ჭურჭლად თავს, უგულებელყოფს ახლობელთა გაფრთხილებებს მის დასახსნელად. ამასთან, სასოწარკვეთის შეტევები თანდათან უფრო ძლიერდება და ან ფსიქიკური აშლილობით, ან კიდევ თავის მოკვლით ბოლოვდება".

მოხელე საბრალოდ, სასაცილოდ გამოიყურებოდა: - როცა დიდი სიტკბოებისგან პირში ნერწყვი მიმრავლდება, იქ აღარ ეტევა, იატაკზე მეწვეთება და ეს ცოდვა ხომ არ არისო, - ჰკითხა ბერს. ასე ამასხარავებს, საცოდავს ხდის ბოროტი ხიბლში მყოფს.

ღვთისმოსაობით გამორჩეული ერთ-ერთი არქიმანდრიტი იცნობდა ბერს, რომელიც თავის შესახებ ასეთ რამეს მოჰყვა: "ვცდილობდი თავდადებით მეღვაწა და გულმხურვალედ ვლოცულობდი ჩემს კელიაში. ლოცვა მატკბობდა და მეჩვენებოდა, რომ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი. დროთა განმავლობაში ჩავთვალე, რომ ჩემთვის უკვე ზედმეტი იყო სულიერ მოძღვართან მისვლა და რჩევა-დარიგებების მიღება.

შევწყვიტე მასთან სიარული და ერთხელაც სენაკში ლოცვისას ჩემს წინ მშვენიერი ანგელოზი წამოიმართა. მითხრა, რომ ჩემი მოღვაწეობა სათნო იყო უფლისთვის, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მისაღები რომ ვყოფილიყავი, საჭირო იყო მსხვერპლი და ერთი თვალის დათმობა შემომთავაზა.

როცა ანგელოზი განმშორდა, სიხარულისგან ექსტაზში მყოფმა სანთელი ავიღე და მანამდე მეჭირა თვალთან, სანამ გონება არ დავკარგე.

ცისკარზე ღვთისმსახურებაზე აღარ მივედი და შეშფოთებული ბერები მოსანახულებლად ჩემს სენაკში შემოვიდნენ. გონს მომიყვანეს, მაგრამ თვალი უკვე დაკარგული გახლდათ. მისი დაკარგვის ნამდვილი მიზეზი არ გამიმხელია და ვუთხარი, რომ იგი დაცემისას დავიზიანე. არ წავედი ჩემს სულიერ მოძღვართანაც.

ვფიქრობდი, რომ მართლაც უფლისთვის სასურველი მსხვერპლი გავიღე და კვლავ გავაგრძელე მხურვალედ ლოცვა. ჩემს წინაშე ისევ წარმოდგა ანგელოზი და მითხრა: მიიღო უფალმა შენი მსხვერპლიო, მაგრამ ბოლომდე სათნო რომ ვყოფილიყავი, საჭირო იყო მეორე თვალის დათმობაც.

როგორც პირველ შემთხვევაში, ეჭვი არც ახლა შემპარვია, რომ ღმერთი მართლაც ბოლომდე მსხვერპლის გაღებას მოითხოვდა ჩემგან, მაგრამ ძალა არ მეყო დამეთმო მეორე თვალიც. ამის გამო დავნაღვლიანდი და ადგილს ვეღარ ვპოულობდი.

ჩემი ეს მდგომარეობა ბერებმა შეამჩნიეს, ისიც დაინახეს, რომ შევწყვიტე მოძღვართან სიარული და დაჟინებით დამიწყეს თხოვნა, მივსულიყავი მასთან. თანდათან უფრო და უფრო ვვარდებოდი სასოწარკვეთილებაში, ამიტომაც ყურად ვიღე მათი დარიგება და მოძღვართან წავედი. მან მითხრა: - ჩემთან რატომ არ მოდიხარ? ვინღა გარიგებს ახლა? ანგელოზი ხომ არ გეცხადება და აკეთებს ამას?

მისმა სიტყვებმა გამაოგნეს. შეამჩნია რა ჩემი შეშფოთება, მოძღვარმა განაგრძო: ეს თვალიც ანგელოზის რჩევით ხომ არ დაკარგე? აქ გონება გამეხსნა, ჩავწვდი საკუთარ ცდუნებას და ცრემლის ღვრით მოძღვარს ფეხებში ჩავუვარდი".

- მაინც რა უწყობს ხელს ხიბლში ჩავარდნას და როგორ უნდა დაიძლიოს ეს მდგომარეობა?

- ხიბლში მყოფის ერთ-ერთ მახასიათებლად სულიერი მოძღვრის რჩევების, დარიგებების უგულებელყოფა ითვლება. მოძღვრის იმ შეხედულებების, გამონათქვამების უკუგდება ხდება, რომელიც ცდუნებულის აზრს არ ემთხვევა. ეჩვენებათ, რომ აღარ საჭიროებენ დამრიგებელს, თავად უფალია მათი მასწავლებელი, ღვთაებრივი მადლი უხსნით გონებას და რაში სჭირდებათ უბრალო ადამიანისგან, თუნდაც მოძღვრისგან რჩევების მიღება. მასთან, "ღმერთის რჩეულთან" შედარებით, მოძღვარი უკვე დიდ არაფრად მოჩანს და თან სულ ადვილი შესაძლებელია მცდარად ურჩიოს, დაარიგოს რამე. თუ ცდუნებულის გამონათქვამებს, სწავლებას ვერ იგებენ, სასაცილოდ იგდებენ, ამას იმით ხსნიან, რომ იმდენად გაუსწრეს დროს, ისე დიდია მათი სიბრძნე, რომ უბრალოდ მოკვდავნი ვერ ხვდებიან, რას ამბობენ. ისევე როგორც წმინდანებს, წინასწარმეტყველებს დევნიდნენ, ხშირად ჰქონდათ უფლის რჩეულებს ამგვარი ხვედრი, მათაც ასევე ავიწროებს ხალხი. თუ შეეცდებიან დაუმტკიცონ, დაუსაბუთონ, რომ მათი შეხედულებები ეწინააღმდეგება ეკლესიის დაშვებებს, წმინდა მამათა გამონათქვამებს, ისინი თვლიან, რომ შეიძლება ღირსმა მამებმა სულიერების რაღაც დონეს მიაღწიეს, მაგრამ ისინი უფრო მაღლა დგანან და ამიტომაც საბოლოო სიტყვა მათ ეკუთვნის.

ცდუნებულნი ვერ ახერხებენ მდგომარეობიდან გამოსვლას. მხოლოდ უფლის განსაკუთრებულ მადლს შეუძლია, მარტოოდენ რაღაც მძლავრ, საშინელ შემთხვევას, ტრავმას ხიბლში მყოფის გამოფხიზლება, მორჩილებისკენ დაბრუნება, უფალთან კავშირის აღდგენა. თუ გვხვდება განკურნების შემთხვევები, ისინი დიდი ტანჯვის, ხანგრძლივი ავადმყოფობის ან ღვთის განსაკუთრებული ჩარევის შედეგია.

ხიბლის მეორე, მკვეთრად გამოხატული ფორმა შემდეგნაირად ვლინდება: თავს დიდი სულიერებით გამორჩეულად წარმოისახავენ, თვლიან, რომ მარხულობენ სხვებისაგან განსხვავებულად, აქვთ სასწაულმოქმედების უნარი, შეუძლიათ დიდი ღვაწლის აღება, მოწოდებულნი არიან უხელმძღვანელონ, დამოძღვრონ ხალხი.

გამოყოფილია ის ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რომლითაც დროულად შეიძლება იმის შემჩნევა, უახლოვდებიან თუ არა ხიბლის კრიტიკულ ზღვარს:

1. თვითდაჯერება, თავნებობა, მოძღვრისადმი, სულიერად გამოცდილი ხალხისადმი დამორჩილების სურვილის არქონა.

2. საკუთარი თავის განსაკუთრებულად გამოყოფა, ეგოცენტრიზმი ან ეგოიზმი, გარშემომყოფთა მიმართ სიყვარულის არქონა, ლმობიერების, შემწყნარებლობის გამოუვლინებლობა (შესაძლებელია ყველაზე ახლო ნათესავთა გამოკლებით).

3. სულიერი სფეროს ცალკეულ დაშვებებზე, აზრებზე ყურადღების გამახვილება. მათით ცხოვრებაში ხელმძღვანელობა, ხდება რა ამავდროულად უფლის უმთავრეს ცნებათა, ეკლესიურ სწავლებათა უგულებელყოფა. ცდუნებულის იდეები, აზრები შეიძლება აღებულ იქნეს წმინდა წერილიდან, მაგრამ ამასთან ტოვებს სახარებისეული საერთო სურათიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილებას. ყოველივე ეს ხიბლში მყოფს აშორებს უმთავრეს სათნოებებს - სიყვარულს, მორჩილებას და სიმშვიდეს.

ხიბლი დიდი დაბრკოლებაა უფლისკენ სავალ გზაზე. იგი მძლავრი იარაღია ეშმაკის ხელში, რომლის საშუალებითაც ბევრი დაუღუპავს. ამიტომაც ყველას უნდა ჰქონდეს მის გამოვლინებებზე ზოგადი წარმოდგენა მაინც, იცნობდეს ამ მდგომარეობაში ჩავარდნის სხვადასხვა შემთხვევას. ამასთან, აუცილებელია კავშირიც გამოცდილ მოძღვართან, სულიერებით გამორჩეულ ხალხთან, რომელთა რჩევებსაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია საჭიროებისას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat