ნახე, რა ძალაუფლების მფლობელია სულიწმინდა მთელ სამყაროში? ახლა ნუ დარჩები დედამიწაზე, ადი უფრო მაღლა. გონებრივად ამოდი ჩემთან ერთად ცაში და ნახე, რამდენი ათასი ანგელოზი, მთავარანგელოზი და მთავრობანია. ადი ცოტა კიდევ, თუ შეგიძლია და დაინახე უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. კიდევ უფრო ზევით კი - სერაფიმები, ქერუბიმები და საყდარნი. სულიწმინდა ყველა მათგანის განმგებელი, მასწავლებელი და განმკითხავია.
გვესაუბრება დიდი დიღმის ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა ირაკლი დუმბაძე:
- ყველა ქრისტიანმა ღრმად უნდა გააცნობიეროს, ვინ არის სულიწმინდა. წმინდა კირილე იერუსალიმელი ამბობს: სულიწმინდაზე საუბრისას აუცილებელია ადამიანს დიდი სულიერება ჰქონდეს, რათა ღრმად ჩასწვდეს მის პიროვნებას, მაგრამ ხშირად ესეც არ არის საკმარისი მისი ბუნების გამოსათქმელად. სულიწმინდაზე საუბრისას ხშირად შეიძლება უნებლიე შეცდომებსაც შევხვდეთ, რომელზეც მაცხოვარი გვაფრთხილებს, რომ ძალიან მკაცრი ვიყოთ ამასთან დაკავშირებით. ადამიანს ყველანაირი გმობა მიეტევება, გარდა სულიწმინდის გმობისა. ამიტომ სულიწმინდაზე საუბრისას ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. წმინდა მამები ყოველთვის ცდილობდნენ, ისეთი რამ არ გამოეთქვათ, რაც წმინდა წერილში არ იყო დადასტურებული. ვინ არის სულიწმინდა? როგორც ვიცით, სულიწმინდა არის სამების მესამე წევრი, მესამე ჰიპოსტასი. საეკლესიო სწავლება წმინდა სამების შესახებ შემდეგნაირად ჩამოყალიბდება: სამება არის ერთარსი, განუყოფელი, მარადიული. ისინი პირებში განყოფილი არიან, მაგრამ ბუნებით ერთნი არიან. როგორც ერთია მამა და როგორც ერთია ძე, ასევე ერთია სულიწმინდა.
სამყაროში მრავალი სული არსებობს და თვითონ სულიწმინდაც მრავალი სახით მოიხსენიება წმინდა წერილში - ნუგეშინისმცემელი, სახიერი, წრფელი, სული მშვიდობისა, სული სიკეთისა, სიყვარულისა. სულიწმინდა ერთია და ცხოველსმყოფელი. ეკლესიაში მიჩნეულია, რომ ყველაფერი, რაც ეკლესიის სიმტკიცეს უკავშირდება, რაც მორწმუნეთა ღვთისმსახურებას უკავშირდება, სულიწმინდის მადლმოსილებასა და ძალაზეა დაფუძნებული. თავად მაცხოვრის კაცთა გამოხსნის განგებულება მისი ამქვეყნიური ხარებით დაიწყო. როგორც ცნობილია, ხარებით იწყება ადამიანის კაცთა გამოხსნა მაცხოვრის მიერ. შემდეგში მაცხოვარი იშვება, ჯვარს გაეკვრება, დაეფვლის, აღდგება, ამაღლდება. განღმრთობის პროცესის დასასრულია სულთმოფენობის დღესასწაულით დაგვირგვინება. ადამიანი მაშინ ხდება განღმრთობილი, როდესაც ის სულიწმინდით შემოსილი ადამიანი ხდება. როცა წმინდა სერაფიმე საროველს ეკითხებოდნენ თავისი მოწაფეები - რა იყო ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანი, წმინდა სერაფიმე პასუხობდა: მე მრავალ მამასთან მისაუბრია ამ თემაზე, ზოგი ასახელებდა ლოცვას, მარხვას, მაგრამ ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი არის სულიწმინდის მადლით შემოსვა ანუ განღმრთობა. სულიწმინდის მადლით შემოსვა ნიშნავს ამ ქვეყანაზევე ადამიანის გულში სასუფევლის დამკვიდრებას. როდესაც პავლე მოციქულს ეკითხებიან, რა არის ცათა სასუფეველიო, პასუხობს, - სასუფეველი ცათა არ არის არც საჭმელი, არც საზრდელი, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სულიწმინდით სიხარული. სულიწმინდისეული სიხარულით ადამიანი ამ ქვეყანაზევე იწყებს მადლმოსილ მდგომარეობას. ვისთან მიდის სულიწმინდა? უპირველესად განწმენდილი გულის ადამიანთან, რომელიც ცდილობს ამ ცხოვრებაში იღვაწოს ღვთის მოშიშებით, ღვთის სიყვარულით, ადამიანის ძალიასხმევა არაფერია, თუ მას საღვთო ძალაც არ შეეწია. განღმრთობისათვის ორი მიმართულებაა აუცილებელი - ადამიანური და ღვთაებრივი ნება. როგორც ცალკე აღებული ადამიანური ნება არაფერია, ასევე ღვთაებრივი ნება არ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას. ამიტომ სულიწმინდის მადლის მოსახვეჭად აუცილებელი პირობაა ადამიანის მშრომელი გული, ადამიანის ღვაწლი, რომელსაც ღმერთი აგვირგვინებს დიდი სიყვარულით. სულიწმინდა მუდამ გამზადებულია ჩვენდა დასახმარებლად, ჩვენში სიკეთის განსამტკიცებლად, ჩვენი ნაკლულევანი ბუნების აღსავსებად. ზოგადად ყველა ადამიანს ნათლობის დროს ეძლევა მადლი სულისა წმინდისა. ეს ჩანს იმ მდგომარეობაში, როცა თითოეული ჩვენგანი ნათლობის დროს უფლებას იღებს სულიწმინდის მადლმოსილ გამოვლინებებში, როგორიც არის აღსარება, ზიარება და კიდევ სხვადასხვა საიდუმლო, რომელშიც სულიწმინდა მოქმედებს, მონაწილეობა მიიღოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ჰგავს სამარიტელის იგავს, რომელზეც სახარებაში საუბრობს მაცხოვარი. ზოგიერთ ადამიანს ხუთი ტალანტი მისცა, ზოგიერთს ორი, ზოგიერთს ერთი. ყველა ადამიანს ეძლევა მადლი სულიწმინდისა და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, ეს მადლი ამუშაკოს, ამ მადლს მოუფრთხილდეს. მადლის გასამრავლებლად ადამიანი მუდამ ინარჩუნებს იმ სულიერ სიწმინდეს, რომლის სიწმინდით ჩვენ წმინდა ემბაზიდან დავიბადეთ. ადამიანებმა, რომლებიც ეკლესიაში მოვედით და ვიცით ცხოვრების უმთავრესი მიზანი, უნდა გავაცნობიეროთ, როგორ გულებთან მიდის სულიწმინდა. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია გავიხსენოთ სულთმოფენობის დღესასწაული, როდის მიიღეს მოციქულებმა სულიწმინდა. ისინი არიან განწმენდილნი, ისინი არიან დამდაბლებულნი, მაცხოვრის სიყვარულით გულანთებულნი და ღმერთი მათ განწმენდილ გულებს უგზავნის სულიწმინდას. სხვაგვარად, როგორც წმინდა მამები ამბობენ, მოციქულები სულიწმინდაში მოინათლნენ. როდესაც ადამიანები ინათლებოდნენ, მათთან სულიწმინდა მიდიოდა. სულიწმინდას მრავალი მადლისმიერი გამოვლინება აქვს წუთისოფელში, ის სხვადასხვა სათნოების სახით აისახება ადამიანის ბუნებაში.
* * *
ზოგიერთ დღესდღეობით მიღებულ საღვთისმსახურო სახელმძღვანელოში სულიწმინდის ნიჭებად სახელდება შიში ღვთისა, ღვთისმსახურება, ძლიერება, ზრახვა, მეცნიერება, გულისხმიერება, სიბრძნე. თუკი წმინდა მამათა ნაშრომებს ჩავხედავთ, მხოლოდ ეს არ არის სულიწმინდის ნიჭების გამოვლინება. ნებისმიერი რამ, რომელიც ადამიანში არა თავისი, არამედ ბუნებრივია, სულიწმინდის მიერ არის მოტანილი. თითოეულს არ გვაქვს უნარი სხვათა ზრახვათა შეცნობისა, მაგრამ როდესაც წმინდა მამები განიბრძნობოდნენ სულიწმინდის მეშვეობით, ეძლეოდათ ძალა სხვათა დაფარული ზრახვების შეცნობისა. სულიწმინდისეულ ნიჭთან დაკავშირებით მახსენდება პეტრე მოციქულის მდგომარეობა, როდესაც ახალდაარსებულ ეკლესიაში ყველა ქრისტიანი ერთად იმყოფება და საერთო ტრაპეზი, საერთო სახმარი აქვთ. ცოლ-ქმარი - ანანია და საფირა გაყიდიან სახლს და გადაწყვეტენ მოციქულებს თანხის ნაწილი დაუმალონ. პეტრე მოციქულთან მიდის ანანია და თანხის ნაწილს დააწყობს. მოციქული ეუბნება, - რაისათვის ეცრუვნე სულსა წმინდასა და მერმე ჩვენ? რატომ ეცრუე ღმერთს? ამის შემდეგ ანანია გარდაიცვლება. სულიწმინდის მადლი ხშირად შედარებულია წყალთან, შედარებულია ცეცხლთან. ცეცხლი განმწმენდელია, ნებისმიერ უსჯულოებას დაწვავს. ადამიანის ნებისმიერ ნაკლულოვანებას აღავსებს. წმინდა კირილე იერუსალიმელი ამბობს: "უფალმა სულიერი მადლი იმიტომ შეადარა წყალს, რომ წყალი არის სიცოცხლის ძირითადი ელემენტი, ციდან მოდის წვიმის სახით, აქვს მარტივი ფორმა, მაგრამ მისი მოქმედება არის მრავალფეროვანი. აწვიმს მთელ ბუნებას, მაგრამ ეს წვიმა აძლევს თეთრ ფერს შროშანს, წითელს - ვარდს, მეწამულს - იებსა და სუმბულს. ფინიკის ხეს აძლევს სხვა ნაყოფს და ვენახს - სხვას. ხდება "ყოველივეში ყველაფერი" და ამ დროს არის უბრალო წვიმა. ასევეა სულიწმიდა. არის ერთი და განსაკუთრებული. თავის ნიჭებს ანაწილებს საკუთარი ნებისამებრ: ერთს სიბრძნისმეტყველების მადლს ანიჭებს, მეორეს - წინასწარმეტყველებისას, მესამეს აძლევს ძალას დემონებთან საბრძოლველად, მეოთხეს - წმინდა წერილის კვლევის უნარს. ერთს ასწავლის მარხვასა და ასკეტურ მოღვაწეობას, მეორეს ანიჭებს გამოსწორებისა და თავშეკავების უნარს; ზოგიერთს აშორებს მიწიერი საქმეებისაგან და ამზადებს მოწამეობისათვის, მაგრამ თვითონ მარად იგივეა".
* * *
ხშირად წმინდა მამები განასხვავებენ ხოლმე სულს ბოროტისაგან, იმიტომ რომ მასაც სული ეწოდება. გავარკვიოთ, როგორია ადამიანზე დემონური ზემოქმედება და როგორია სულიწმინდისა. მაგალითად, სულად იწოდება დემონიც, მაგრამ უწმინდურ სულად. წმინდა წერილი ადამიანის სულის შესახებ საუბრისას ამბობს: "სული ადამიანისა", ან ქარის შესახებ - "სული ქარიშხალისა", ან ცოდვის შესახებ - "სული მრუშობისა" და ასე შემდეგ.Aასეა აქაც. სულიწმინდისათვის წარმოუდგენელია ასეთი რამ. უწმინდური სული როცა შედის ადამიანში (ღმერთმა დაგვიფაროს მისგან), შედის როგორც სისხლისმსმელი, გადარევს ადამიანის სულს, თრგუნავს მას, უბნელებს აზროვნებას, ურევს ენას, პირიდან გადმოსდის ქაფი და გაუთავებლად ღრიალებს. ადამიანს მთლიანად მოიცავს წყვდიადი. ფართოდ აქვს გახელილი თვალები, მაგრამ სული ვერაფერს ხედავს. საცოდავი გულშემზარავად კანკალებს. გულმოწყალების და სიბრალულის უქონელი დემონები მისი უსაძაგლესი მტრები არიან.არაფერი ამის მსგავსი არ ხდება სულიწმინდასთან დაკავშირებით. პირიქით, ყველა მისი ქმედება მიმართულია ჩვენდა სასიკეთოდ და ჩვენი ხსნისთვის. უპირველეს ყოვლისა, მისი ყოფნა იწვევს სიმშვიდეს და კეთილგანწყობილებას. მისი ტვირთი ძალიან მსუბუქია. შემეცნების ელვისებურად ნათელი სხივები წინასწარ გვამცნობენ მის გამოჩენას. მოდის მამისეული სიყვარულით და თანაგრძნობით. მოდის, რომ გვიშველოს, გვიმკურნალოს, გვასწავლოს, დაგვარიგოს, გაგვაძლიეროს და დაგვამშვიდოს. მოდის, რომ გაგვინათოს გონება. დაგვანახოს ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. მოდის და პატარა ადამიანი, ისაიას მსგავსად, გახსნილი ციდან ხედავს უფალს "მაღალ და მედიდურ ტახტზე", იეზეკიელის მსგავსად, "ქერუბიმებზე". ხედავს, როგორც დანიელი, რომ მას ემსახურება "ათასის ათასნი და ბევრის ბევრი" ანგელოზი, ხედავს სამყაროს დასაწყისსა და დასასრულს, რადგან ის არის ნათელისა და შემეცნების წყარო და გამოცხადება.
* * *
ღვთისმოშიშება და ღვთისმსახურება არის პირველი ნიჭი სულიწმინდისა, მაგრამ წმინდა მამათა ცხოვრებაში ხაზგასმულია, რომ მამებს, რომლებიც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და განიბრძნობოდნენ სულიწმინდის მიერ, საოცრად დიდი განათლება, სიბრძნე, მჭვრეტელობა ენიჭებოდათ. ამის დამადასტურებელია თუნდაც მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება. უდაბნოში გასულმა მეძავმა დედაკაცმა პირობა დადო, რომ ღმერთს აღარასოდეს უღალატებდა. უდაბნოში ღვთისმსახურებით და ღმერთის ერთგულებით საოცრად დიდ სიწმინდეს აღწევს, თანაც ისეთს, რომ თავად ღმერთი, სულიწმინდა განაბრძნობს მას ღვთის შემეცნებაში. შემდეგში, როდესაც ზოსიმე ბერი ნახავს მას, წმინდა მარიამ მეგვიპტელი სახარებისეული ციტატებით ესაუბრება. ეს არის ნიშანი იმისა, რომ განწმენდილ მდგომარეობაში სული ღვთის შემეცნებას იღებს, თუნდაც წიგნებიდან უსწავლელად. წმინდა სერაფიმე საროველს დავესესხები, რომ სულიწმინდის ნიჭებს შორის ერთ-ერთი არის ნიჭი სასწაულთმოქმედებისა. წმინდა სერაფიმე საროველი საუბრობს ერთ საოცარ რეალობაზე. წმინდა მამას ჰკითხეს, რატომ ხდება, რომ ძველად ძალიან ბევრი წმინდანი იყო, ბევრი სასწაულთმოქმედი მამა და ბევრი სასწაულიც აღესრულებოდა, თანამედროვე ეპოქაში იგივე აღარ სრულდებაო. ღმერთი შეიცვალა? არა, ღმერთი უცვალებელია. მაშ, რა მოხდა? თანამედროვე ქრისტიანებმა ძველი ქრისტიანებისგან განსხვავებით დავკარგეთ გადაწყვეტილების მიღების უნარი. თითოეულ ჩვენგანს არ აქვს მტკიცე გადაწყვეტილება იმისა, რომ ღმერთს ბოლომდე უერთგულოს. თუ ადამიანი მტკიცეა, ღმერთი მას აუცილებლად თავის თავს განუცხადებს. მთავარია, ვინ რა გულით შეუდგება ღვთისმსახურებას. თუ ადამიანი ღვთისმსახურებაში დაიღლება, ამბობს, მე უკვე ჩემი საქმე აღვასრულეო და წინ არ იყურება. როგორც პავლე მოციქული ამბობს, უკანას დავივიწყებ და წინას მივწვდები. ადამიანი, რომელსაც განზრახული აქვს ამ მადლმოსილ წიაღში მსახურება, აუცილებელია მტკიცე იყოს თავის გადაწყვეტილებაში და ის ღმერთს არასდროს მოშორდება. რა თქმა უნდა, არის ალბათობა იმისა, რომ ვიღაც შესცოდავს, შეიძლება ეს ცოდვა ძალიან მძიმე იყოს, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ისევ სულიწმინდა გვეხმარება, თუნდაც აღსარების საიდუმლოში. როდესაც აღსარებისას ღმერთთან მონანული გულით მივდივართ, სულიწმინდის მადლით ღმერთი მოგვიტევებს შეცდომებს. სულიწმინდა იგივეა მარად. მთავარია, ჩვენმა გულმა მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ძალის მიმცემი თითოეული ჩვენგანის ქმედებისა, საქმისა და ყველაფრისა, რაც ღმერთს უკავშირდება.
ყოველი ჩვენგანი ყოველწლიურად ვდღესასწაულობთ სულთმოფენობას. ეს არის დღესასწაული, როდესაც მოციქულებმა მიიღეს სულიწმინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულიწმინდამ თავისი ქმედება დაასრულა პირველ საუკუნეში და დღემდე აღარ მოქმედებს. თითოეული, ამ ეკლესიის წიაღში მყოფი, მოველით სულიწმინდას, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ის ჩვენში მოქმედებს. აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა თავისი შინაგანი მდგომარეობა მკაცრად განსაჯოს. კეთილისათვის მადლობა გადაუხადოს ღმერთს, თუკი მასში რაიმე კეთილია, ბოროტისათვის შენდობა ითხოვოს. ხშირად ადამიანში არის სიკეთე, მაგრამ მაინც ვწუწუნებთ. რა თქმა უნდა, არ უნდა დავკმაყოფილდეთ არაფრით, ყოველთვის უნდა მივწვდეთ უფრო აღმატებულს. სრულყოფილების პროცესი ადამიანისთვის დაუსრულებელია, ისევე, როგორც დაუსრულებელია ღმერთი. უფალი გვეუბნება, ამ ქვეყანაზე დაწყებული სიკეთის ქმნა, ღვთისმსახურება, სულიწმინდის ნიჭების მოხვეჭა ზეციურ სასუფეველში გრძელდება მარადიული სიხარულით.
ღმერთმა მოგვცეს მადლი სულიწმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.