იხარეთ ორსავ სოფელსა შინა
იხარეთ ორსავ სოფელსა შინა
უხილავი ბრძოლაც ხშირად უფრო მწვავე, დრამატული და ძლიერია, ვიდრე ხილული
წმინდა მამები ბრძანებენ, რომ ქრისტიანი ჯარისკაცივით მუდამ საბრძოლოდ უნდა იყოს მზად , რადგან "საფრთხეთა შორის მრავალთა ვვალთ". ეს საფრთხე მოდის წუთისოფლიდან, ხორციდან და დემონებიდან, რომლებიც არიან: "გამუდმებით მფრინავნი და მოგზაურნი ცაში, გამუდმებით დახარბებულნი საკვებს, გამუდმებით მშიერნი სულნი, სხვებისათვის ვნების მომტანნი..." უხორცო და უხილავი მტრების შესახებ პავლე მოციქული ამბობს: "ვინაიდან ჩვენ ვიბრძვით არა სისხლისა და ხორცის, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს ქვეყნისმპყრობელთა და ბოროტების ზეციურ სულთა წინააღმდეგ" (ეფ. 6,12). დემონების წინააღმდეგ საბრძოლველად უფალმა დაგვისახა გზა, რომელიც სახარების ამ სიტყვებითაა გამოთქმული: "ესე ნათესავი არა განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა".

წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი წერს: ქრისტიანული სრულყოფის მისაღწევად განუწყვეტელი და დაუნდობელი უხილავი ბრძოლა გვმართებს როგორც საკუთარ თავთან, ისე ბოროტთან. თუ ნამდვილად გვსურს ამ უხილავ ბრძოლაში გამარჯვება და ჯეროვანი გვირგვინის მიღება, გულში ოთხი ამგვარი განწყობა და სულიერი ქმედება უნდა აღვიბეჭდოთ: 1) არასოდეს გვქონდეს საკუთარი თავის იმედი, 2) გულში ყოველთვის გვქონდეს სრული სასოება უფლისა, 3) განუწყვეტლივ ვიღვაწოთ, 4) გამუდმებით ვილოცოთ".

გვესაუბრება ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა თავმას ჩოხელი.

- მამაო, უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ განგვიმარტოთ, რა არის უხილავი ბრძოლა, რომელიც მომდინარეობს წუთისოფლიდან, ხორციდან და ეშმაკიდან.

- არსებობს რეალობის ორი მხარე - ხილული და უხილავი. სინამდვილის მეორე მხარე გულისხმობს იმას, რასაც ვერ ვხედავთ, და ზოგჯერ კარგია კიდეც, რომ ვერ ვხედავთ. საერთოდ, უამრავ რამეს ვერ ხედავს ადამიანი, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს უამრავი რამ არ არსებობს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ ის უფრო არსებულია, რასაც ვერ ვხედავთ, ვიდრე ის, რასაც აღვიქვამთ. უხილავი ბრძოლაც ხშირად უფრო მწვავე, დრამატული და ძლიერია, ვიდრე ხილული. ბრძოლისას ადამიანი ვიღაცას ებრძვის, ან პირიქით, ვიღაც ან რაღაც ებრძვის მათ. ე.ი. არსებობს დამარცხებულიც და გამარჯვებულიც. ბრძოლა, ძირითადად, მიმდინარეობს ადამიანის გულისთვის, სულისთვის, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ სულიწმინდის ტაძარი იყოს.

ხანდახან ადამიანზე ფიზიკურად ხორციელდება უხილავი ბრძოლა - სხეულებრივი უძლურებანი, ავადმყოფობები, რომლებიც ხილული სახით წარმოგვიდგება, ხშირად უხილავი ბრძოლის შედეგია. სწორედ უხილავი ბრძოლის შედეგია ის განსაცდელები, რომლებსაც პერიოდულად ვაწყდებით არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდები, არამედ ერებიც. ეს ბრძოლა უხილავად მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურად იწოდება, რადგან თითქმის ყოველთვის ის ხილულზე უფრო ხილულია.

უხილავი ბრძოლა სულიერი დრამა, დაპირისპირებაა, რომლის დროსაც ადამიანზე სულიერი, ფსიქიკური, სამშვინველისეული, ხორციელი ზეწოლა ხდება.

- ადამიანს სამი ძირითადი მტერი ჰყავს: ბოროტი, წუთისოფელი და ხორცი...

- რა თქმა უნდა, კაცისთვის წუთისოფელი საცდურია. უფრო ზუსტად კი, სავსეა საცდურით. როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ამა სოფლის ბოროტებას სამი საწყისი აქვს: სხეულებრივი ვნებები, თვალთახედვითი ცოდვა და ამქვეყნიური ამპარტავნება. თავისთავად, ღმერთმა კეთილად შექმნა ეს ქვეყანა, წუთისოფელი, მაგრამ უფლის მიერ შექმნილი რეალობის ჩვენეული აღქმაა დამახინჯებული. არსებული რეალობა თავისთავად ბოროტება არ არის, ჩვენ მიერ მისი ფუნქციის აღქმაა ზოგჯერ დაზიანებული. სამწუხაროდ, რეალობას ხშირად ისეთად კი არ აღვიქვამთ, როგორიც ჭეშმარიტად არის, არამედ ისეთად, როგორიც გვსურს იყოს. ამიტომ ჩვენი შეხება რეალობასთან ილუზიურია. როდესაც ადამიანს არასწორი, არამართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და მსოფლშეგრძნება აქვს, მისი გონება სინამდვილეს მცდარად აღიქვამს.

ადამიანის ხორცის, სხეულის მიჩნევა ბოროტების საწყისად, ცხადია, შეცდომაა. უფალმა კეთილად შექმნა ჩვენი სხეულიც, სულიც და სამშვინველიც. ადამიანის სხეული, როგორც ღვთის ქმნილება, ტაძარი უნდა იყოს სულიწმინდისა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენივე ხორცი ჩვენს წინააღმდეგ გემოთმოყვარეობითა და სიძვის ვნებით აღდგება, ხორციელი კომფორტისა და სიამოვნებისკენ სწრაფვით, სნეულებითა და მცონარებით გვთრგუნავს. ზოგჯერ ყველანაირად ცდილობს, სულზე თავისი უპირატესობა დაგვიმტკიცოს, გვაიძულოს, მთელი ჩვენი სულიერი ძალები ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას მოვახმაროთ. რაც შეეხება ხორციელ კმაყოფილებას და განცხრომას, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, სხეული მარხვით, მღვიძარებით უნდა დავაცხროთ. ხორცი მღვიძარებაშიც გვიშლის ხელს. არადა, უხილავ ბრძოლაში რომ არ დავმარცხდეთ, გამუდმებით მღვიძარენი უნდა ვიყოთ. მღვიძარება საოცარი მდგომარეობაა ცოდვიდან გამოსვლისა. გული, ადამიანის ცენტრი, მღვიძარების გარეშე არ ფორმირდება. აუცილებლად უნდა გამოვიღვიძოთ ცოდვისა და უცოდინარობის ძილისგან.

ბოროტი თავისი თანამებრძოლების - წუთისოფლისა და ხორცის საბრძოლო საშუალებებით სარგებლობს. ეშმაკის თავდასხმის ძირითადი ობიექტი ჩვენი უძლური მხარეებია.

- როგორია ბრძოლა საკუთარ თავთან?

- ეს ბრძოლა ყველა დანარჩენზე რთულია, ვინაიდან საკუთარ თავთან ორთაბრძოლაში ჩაბმულნი მოწინააღმდეგესაც აქვე ვაწყდებით, ამიტომ მასში გამარჯვება, ალბათ, ყველა სხვა გამარჯვებისგან გამორჩეულია.

ადამიანმა საკუთარი თავის გამოსწორებისთვის ბრძოლა რომ დაიწყოს, პირველ ყოვლისა, უნდა გააცნობიეროს, რომ სცოდავს, ცოდვილია; ხშირად სწორედ ეს გვიჭირს ხოლმე. ვერ ან არ ვაცნობიერებთ, რომ სულის გადასარჩენად გამუდმებით ბრძოლაა საჭირო, ვურიგდებით ჩვენს ცოდვილ მდგომარეობას, უფრო მეტიც, მას ბუნებრივადაც კი ვთვლით. ის, რაც ურწმუნოს ნორმალური მდგომარეობა ჰგონია, მორწმუნისთვის არანორმალურია.

- ჩნდება კითხვა: რისთვის არის საჭირო სულიერი ბრძოლა?

- ჩვენი გადარჩენისთვის, ცხონებისთვის. სწორედ ჩვენი ხსნისთვის გაიღო მაცხოვარმა თავისი სისხლი და ხორცი. ქრისტე მუდმივად გვავალებს არა მარტო იმას, რომ ამ ბრძოლაში ვიყოთ ჩაბმულნი, არამედ იმასაც, რომ გავიმარჯვოთ.

ადამიანში სამი ნება მოქმედებს: უფლის, ბოროტის და მისი თავისუფალი ნება. ღვთის ნება მაცხოვნებელია, ბოროტის - დამღუპველი, ხოლო რაც შეეხება ადამიანის თავისუფალ ნებას, გააჩნია, საითკენ მიიდრიკება - სიკეთისკენ ანუ ღვთისკენ თუ ბოროტებისკენ. რომელ ნებასაც იღებს ადამიანური ნება, ისე ვითარდება მისი სულიც: იღებს უფლის ნებას - მიდის ღმერთისკენ, განაგდებს ღვთის ნებას - ხდება საკუთარი თავის მტერი. ამიტომ ყველაფერი უფალს უნდა შევწიროთ მსხვერპლად და მხოლოდ მისი ნება აღვასრულოთ.

უნდა ითქვას, რომ ჩვენში ჩადებულია რისკი არასწორი არჩევანისა. საკუთარ თავში იმდენ ნება-სურვილს აღმოვაჩენთ, რამდენი ძალა და მოთხოვნილებაც გვაქვს და, იმის მიუხედავად, ღვთის ნებას ეთანხმებიან თუ არა, ყველა მათგანი დაკმაყოფილებას მოითხოვს. ამიტომ სასურველი მიზნის მისაღწევად თავდაპირველად საკუთარი სურვილების დათრგუნვა გვმართებს, საბოლოოდ კი მათი სრული ჩახშობა და ჩაკვლა. ხოლო ამაში რომ წარვემატოთ, განუწყვეტლივ უნდა აღვუდგეთ ცუდს და საკუთარ თავს კეთილის ქმნა ვაიძულოთ, ანუ საკუთარ თავში გამუდმებით ვებრძოლოთ იმას, რაც ხელს გვიშლის უფლისკენ სვლაში.

- რით უნდა შეიარაღდეს უხილავ სულიერ ბრძოლაში ქრისტიანი?

- ეკლესია გვასწავლის, როგორ უნდა წარვმართოთ უხილავი ბრძოლა, როგორ განვმტკიცდეთ სულით. ეკლესია სულიერადაც შეგვეწევა და ამ ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებს კურნავს.

ეკლესია მორწმუნე ქრისტიანებს "ქრისტეს მხედრებს" უწოდებს. გამოცდილმა მხედარმა კარგად იცის, რომ მის საბრძოლო მომზადებაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ თვით მისი სიცოცხლეც. მორწმუნემ სულიერი სრულყოფის გზაზე საკუთარ თავს დაუძლურების ნება არ უნდა მისცეს.

უხილავ ბრძოლაში, პირველ ყოვლისა, იმ სიყვარულით უნდა შევიარაღდეთ, რომელსაც უფალი გვაძლევს. საზოგადოდ, მთავარი სათნოება ქრისტესმიერი სიყვარულია. სამი საღვთისმეტყველო სათნოება: ჭეშმარიტი რწმენა, ჭეშმარიტი ცოდნა და ქრისტესმიერი სიყვარული - არის ის, რაც ყველაზე ძლიერ იარაღს გვაძლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს სამი სათნოება დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ასე შეიარაღებულ ადამიანს ვერავინ და ვერაფერი ამარცხებს, მისი გულის კომპასი მუდმივად უფლისკენაა მიმართული.

უძლიერესი იარაღია ევქარისტიის წმინდათაწმინდა საიდუმლოც. იგი საიდუმლოთა შორის უმაღლესია, სულიერ იარაღებს შორის უძლიერესი და ბოროტის შემმუსვრელი. ეს საიდუმლო თავად უფლის მიერ მოძღვნილი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გახლავთ. ვინც ჭამს ქრისტეს ხორცს და სვამს მის სისხლს, ის ქრისტეშია და ქრისტე - მასში.

უხილავი, სულიერი ბრძოლიდან გამარჯვებით გამოსვლის იმედი უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვინც საკუთარ ადამიანურ ძალებს კი არ ეყრდნობა, არამედ მფარველობისთვის თავი უფალს მიანდო და ეკლესიის მიერ სულიწმინდის მადლით აღიჭურვა.

- რამდენად შეგვეწევა ლოცვა წუთისოფლის საცდურებთან წარმართულ უხილავ ბრძოლაში?

- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ცნობიერების ყველაზე ძნელად შესასრულებელი ფუნქცია ლოცვაა. იმისთვის კი, უხილავ ბრძოლაში რომ არ დავმარცხდეთ, ლოცვა ყველაზე ეფექტური იარაღი და საშუალებაა. ხშირად ლოცვის სწავლაც ბრძოლით მიიღწევა.

ყველა ლოცვა ლოცვა არ არის. მას სამი ასპექტი უნდა ახასიათებდეს: პირველი - ლოცვა ყურადღებით უნდა იყოს წარმოთქმული. მოაკელით მას ყურადღება და ლოცვა აღარ იქნება; მეორე - ლოცვა უნდა იყოს ღვთისმოშიშებითა და კეთილკრძალულებით აღვლენილი. თუკი მას ღვთის წინაშე საუბრისა და დგომის განცდას მოვაშორებთ, არც ამ შემთხვევაში ჩაითვლება ლოცვად; მესამე - ლოცვას აუცილებლად სინანული, ცოდვათა განცდა უნდა ახლდეს.

ადამიანმა შესაძლოა ამქვეყნად ყველაფერი გადააგვაროს, მათ შორის - ლოცვაც, თავისი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ისიც სათნოების ნაცვლად ბოროტებად აქციოს. ამიტომ აუცილებელია, ვილოცოთ ყურადღებით, კეთილკრძალულებითა და სინანულით. სასურველია, მორწმუნეებმა ხშირად აღავლინონ სამადლობელი ლოცვები ღვთის წინაშე. აღსანიშნავია ისიც, რომ გაბოროტებული და დაბოღმილი გულით ლოცვა არ შეიწირება. შევუნდოთ ერთმანეთს შეცოდებები და ისე მოვემზადოთ უფალთან სასაუბროდ - ლოცვისთვის. ლოცვის სასწავლებელი ადგილი კი ეკლესიაა, ხოლო მოძღვარი - ლოცვის მასწავლებელი.

ლოცვა საშუალებაა ყველა იმ სათნოების მოსახვეჭად, რომლებიც ჩვენზე გადმოევლინება დაუშრეტელი წყაროდან - უფლის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულიდან. ლოცვის მეშვეობით უხილავი, სულიერი ბრძოლისას საკუთარ საბრძოლო მახვილს უფლის მარჯვენას ვუთმობთ - ის ებრძვის მტერს ჩვენს ნაცვლად და ამარცხებს. მაგრამ ლოცვამ მთელი თავისი ძალა რომ გამოავლინოს, საჭიროა, მუდამ მყოფობდეს ჩვენში. როდესაც ლოცვა გულში დამკვიდრდება და განუწყვეტლივ აღევლინება, ყველაზე ძლევამოსილ იარაღად იქცევა ჩვენს უხილავ ბრძოლაში. ამ წუთიდან იგი სულის შეუღწეველ, გადაულახავ ზღუდედ აღიმართება, რომელიც არც მტრის ისრებს იკარებს, არც ხორციელ ვნებებს და არც ამსოფლიურ ხიბლსა თუ ცდუნებებს. გულში ლოცვის არსებობა თავისთავად შეწყვეტს უხილავ ბრძოლას. ამიტომაც უნდა ჩქარობდეს ქრისტიანი, გულში დაინერგოს და იზრუნოს, რომ იგი მუდამ მყოფობდეს მასში.

- რადგანაც ლოცვას შევეხეთ, გთხოვთ, ფსალმუნების, როგორც უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოსაყენებელი ერთ-ერთი ძლიერი საბრძოლო ტაქტიკის, შესახებაც გვესაუბროთ...

- დემონთაგან მომდინარე საფრთხის მოგერიების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებაა ფსალმუნების კითხვა. ამასთან დაკავშირებით წმინდა პაისი ათონელი წერს: "ერთი კეთილი, გულისხმიერი ლოცვა უმეტეს ძალას ფლობს, ვიდრე ათასობით სიტყვა, როცა სიტყვები სხვებამდე ვერ აღწევს. ჩემზე ამბობენ, რომ იმ ადამიანებს ვეხმარები, რომლებიც ჩემთან მოდიან. მაგრამ ჩემს ჭეშმარიტ ძღვნად ქვეყნიერებისათვის ის საათნახევარი მიმაჩნია, როცა ფსალმუნს ვკითხულობ. სხვა დანარჩენს ვუცქერ, როგორც გართობას: მოვლენ საწყლები, თავის ტკივილს ამოთქვამენ, მისცემ რაიმე რჩევას. ადამიანებს ლოცვა ეხმარება! ამიტომაც ვეუბნები ადამიანებს: "მე მსურს უფალთან საუბარი თქვენზე და არა თქვენთან საუბარი უფალზე. ეს თქვენთვის უკეთესია". ამ ძნელ წლებში ნუ დავიზარებთ ლოცვას. ლოცვა - ეს უსაფრთხოებაა, ლოცვა - ღმერთთან კავშირია. გახსოვთ, რას წერს ამბა ისააკი? "ღმერთი გამოეძიებს ჩვენგან პასუხს არა იმისთვის, რომ ჩვენ არ აღვასრულებდით ლოცვას, არამედ იმისთვის, რომ არ გვქონდა კავშირი ქრისტესთან და მოგვატყუა ეშმაკმა".

- ფსალმუნთა სიკეთესა და სარგებლობაზე ბევრი წმინდა მამა საუბრობს...

- მათგან განსაკუთრებით შთამბეჭდავია წმინდა ბასილი დიდის სიტყვები: ფსალმუნთა წიგნი საერთო საგანძურია კეთილ მოძღვრებათა, გულმოდგინე გამომეძიებელი იმისა, თუ თითოეულისათვის რა იქნება სასარგებლო. იგი კურნავს სულის ძველ წყლულებს და ახლებსაც მსწრაფლ არჩენს, სნეულს აღადგენს, უვნებელს კი იფარავს. საერთოდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ანადგურებს ვნებებს, რომელნიც კაცის ცხოვრებაში მის სულზე სხვადასხვაგვარად ბატონობენ. ამასთან, ადამიანში იგი წარმოშობს რაღაც მშვიდ სიამოვნებასა და ტკბობას, რომელიც გონებას უმანკოს ხდის... ფსალმუნი სიმშვიდეა სულისა, მომნიჭებელი მშვიდობისა, იგი აწყნარებს ამბოხებულსა და აღელვებულ გულისთქმათა ქარიშხალს; ალმობიერებს გაღიზიანებულ სულს და გონზე მოჰყავს თავშეუკავებელი... ფსალმუნი თავშესაფარია დემონთაგან და ანგელოზთა მოხმობაა შემწეობისათვის. იგი იარაღია ღამეული შიშის წინააღმდეგ, დასვენებაა ყოველდღიური შრომისაგან, დამცველია ყრმათა, სამკაულია ჭაბუკთა, ნუგეშია მოხუცთა, ყველაზე შესაფერისი მორთულობაა ქალთათვის. ფსალმუნი მარტოობას დევნის უდაბნოდან და გონზე მომყვანია. ვინც ახლა იწყებს, მისთვის ანბანია, ვინც უკვე გზას ადგას - გაზრდა ცოდნისა, სრულყოფილთათვის კი - საყრდენი. ფსალმუნი ხმაა ეკლესიისა, იგი განაბრწყინებს დღესასწაულებს და ღვთისათვის სასურველ სევდას ბადებს, რადგანაც ცრემლებს თვით ქვის გულისგანაც კი გამოწურავს. ფსალმუნი საქმეა ანგელოზთა, ზეციური მმართველობა, კეთილსურნელება სულისა, ბრძნული ჩანაფიქრი მასწავლებლისა, რომელმაც მოიფიქრა, რომ სასარგებლო სიმღერით გვესწავლა. მისი მეშვეობით მოძღვრებანი უკეთ აღიბეჭდებიან სულში, რადგანაც იძულებით ნასწავლი დიდხანს არ შეგვრჩება, ხოლო ის, რაც კმაყოფილებითა და სიამოვნებითაა მიღებული, ჩვენს სულში ფესვს მტკიცედ იდგამს". ფსალმუნთა წიგნის საშუალებით ჩვენ ვეუფლებით უხილავი ბრძოლის ხელოვნებას. თუკი ამ იარაღით აღვიჭურვებით, შეგვეძლება წინ აღვუდგეთ იმ ხრიკებსა და საფრთხეებს, რომლებიც კაცთა მოდგმის დაუძინებელი მტრისგან მომდინარეობენ.

- ფსალმუნებში, სხვადასხვა კონტექსტში, არაერთგან არის გამოთქმული აზრი, რომ ვინც სხვას უგებს მახეს, ანუ უქმნის საფრთხეს, მასში თვითონვე გაებმება. როგორ უნდა გავიგოთ სიტყვები: "ხნარცვი თხარა და აღმოჰკვეთა იგი და შთავარდეს იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა. მიექცეს სალმობა მისი თავსა მისსა, და სიცრუვე თხემსა მისსა ზრდა დაუხდეს" (ფს. 7,15-16)?

- კონკრეტულად, ფსალმუნის ამ მუხლებში საუბარია დავით წინასწარმეტყველის ძეზე, აბესალომზე, რომელიც "სიცრუით დაორსულდა", ანუ უშჯულოდ განიზრახა ღვთისგან ბოძებული სამეფოდან მამის განდევნა. მშობიარეთა ტკივილს (ელმოდა) მეფსალმუნემ აქ მოუხმო იმის წარმოსაჩენად, თუ რა დიდია ტანჯვა და როგორ წამებას განიცდიან ისინი, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ახლობელს. ასეთი ადამიანები განსივებულნი არიან წყენით, მრისხანებით არიან განრღვეულნი და გახლართულნი არიან უსამართლობის ურიცხვ ქსელში. განიცდიან შიშს, სულიერ სიმძიმილს და მანამდე ვერ თავისუფლდებიან თავიანთი შინაგანი ბორკილებისგან, სანამ არ აღასრულებენ ჩანაფიქრს. თუმცა აღსრულების შემდეგაც ტანჯავთ სინდისი. აბესალომიც უსამართლობით ანუ ზნეობრივად დაავადდა. მან განიზრახა მახის დაგება დავითისთვის. "ხნარცვი თხარა" - ანუ ისეთ საფრთხეს უმზადებდა მამას, რომლისგანაც ეს უკანასკნელი ძნელად თუ გადარჩებოდა, ისევე როგორც ორმოდან ვერ გაიქცევა ის, ვინც შიგნით ჩავარდა. საშიშროებას, რომელსაც აბესალომი საკუთარ მამას უმზადებდა, ახასიათებდა, ერთი მხრივ, მზაკვრობის სიღრმე, მეორე მხრივ, სასიკვდილო გარემოცვა. მაგრამ თვითონ აბესალომს დაემართა ის, რაც მას მამისთვის ჰქონდა განზრახული. ერთ-ერთ ბრძოლაში, როცა ის ტყეში გარბოდა, თმით გამოედო ხის ტოტებს, რომელზე შერჩენილმაც მალე საშინელ ტანჯვაში დალია სული. და ის სიცრუე, რომელსაც აბესალომი მიმართავდა სხვისთვის, "თხემსა მისსა ზედა დაუხდა", ანუ მან წამოიწყო ომი, რათა საკუთარი მამა მოეკლა, სინამდვილეში კი თავად შეეწირა ამ ომს. უფრო ღრმა და განზოგადებული მნიშვნელობით, მტერი, რომელიც გამუდმებით გვდევნის, არის - ეშმაკი, ბრძოლის ველი კი - ადამიანის გული და ზოგადად, შინაგანი ადამიანი, დრო ბრძოლისა - მთელი ჩვენი სიცოცხლე. ამ უხილავი ბრძოლის მეომრები ქრისტიანები არიან, ხოლო მათი მხედართმთავარი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ანგელოზთა და წმინდანთა უხილავი დასით გარშემორტყმული. ამ უხილავ ბრძოლაში ქრისტეს მხედრები მტრის სხვადასხვა მზაკვრობისა და მანქანების, ხიბლისა და საცდურის შესახებ გამოცდილებას იძენენ. მტერი მათ გრძნობებით, ფანტაზიით, ღვთის შიშისგან განძარცვით ებრძვის. იგი სხვადასხვაგვარ მახეს აგებს ადამიანის გულში. მტრის ხერხების გამოცნობით ადამიანს ძალუძს გონივრულად დაარღვიოს მტრის მანქანება და დაუპირისპირდეს მას, განსაზღვროს, როდის როგორ საბრძოლო სტრატეგიას და წესს მიმართოს და როგორი შემართებით ჩაებას ორთაბრძოლაში. ის, ვინც უხილავ მტრებს დაამარცხებს და ღვთაებრივ სათნოებებს მოიხვეჭს, მარადიულ და უხრწნელ გვირგვინს მოიპოვებს. ხოლო მაგის დამგები დემონები და მათ მიერ აღძრული სულები მიეცემიან საუკუნო სატანჯველს, ისევე როგორც ეშმაკი დამარცხდა იმ ჯვრით, რომელიც მაცხოვრის საწამებლად აღმართა. ბოროტებას, ისევე როგორც სიკეთეს, ბუმერანგის თვისება აქვს - იგი მის აღმასრულებელს უკანვე უბრუნდება. ამაზე სხვაგანაც საუბრობს მეფსალმუნე: "მახე განმზადეს ფერხთა ჩემთათვის და დაამდაბლეს სული ჩემი, თხარეს წინაშეEჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხივნეს" (ფს. 56,6); "რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საფრთხისა მათისა, და ამაოდ აყვედრებდეს სულსა ჩემსა. ეწიენ მათ საფრთხე, რომელ არა უწყოდიან, და სანადირო, რომელ დაარწყვეს, შეიპყრნედ იგინი, და საფრთხესავე მათსა შეითხინედ. ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშვებდეს მაცხოვარებითა მისითა" (ფს. 34,8-9); "დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელ ჰქმნეს მახითა ამით, რომელ დაარწყვეს, შეიპყრა ფერხი მათი. განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა, საქმითა ხელთა თვისთათა შეიპყრა ცოდვილი" (ფს. 9,16). ეშმაკნი იდევნებიან და იგვემებიან იმ იარაღითვე, რა იარაღიც მათ მოიპოვეს ქრისტესთვის და კაცთა მოდგმისთვის. წარმართებმა მოწყვიტეს მოციქულები და მოწამეები, რათა მათი ქადაგება დაებრკოლებინათ. მაგრამ მოხდა პირიქით, მათი სიკვდილი "ცხოვრება იქმნა და დამამტკიცებელ მორწმუნეთა". "განცხადებულ არს უფალი ყოფად სასჯელისა". ამაზე წმინდა კირილე იერუსალიმელი ბრძანებს: "უფროსღა მაშინ საცნაურ იქმნების მართლმსაჯულება იგი ღმრთისა, რაჟამს რომლითაცა ვინ სახითა უზაკვოს მოყვასსა, მითვე სახითა დაცემულ იქმნეს".

- ხშირად ადამიანი საფრთხეს ვერ ამჩნევს, ანდა ამჩნევს იქ, სადაც რეალურად ის არ არის, რაზეც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა" (ფს. 13,5). როგორ გვისახავს დავით მეფსალმუნე საფრთხის მოგერიების გზას?

- წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უნდა განვთავისუფლდეთ ფუჭი შიშისგან და შევიმოსოთ ნამდვილი, ჯანსაღი შიში. ეს არის შიში ცოდვისა. მხოლოდ ეს შიში უნდა ჰქონდეს ადამიანს. თუკი კაცი მართალი ცხოვრებით ცხოვრობს და არ ემონება ცოდვას, ღვთის განგება და მფარველობა ვლინდება მასზე. მაშინ რისღა უნდა ეშინოდეს მას?! მთელი ჩვენი ცხოვრება აღსავსეა განსაცდელებით, ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულია შეჭირვება, მწუხარება. მთავარია ადამიანმა თავი არ დააძაბუნებინოს ამ შიშებს. რით უნდა სძლიოს კაცმა ყველა იმ საფრთხეს, რომელიც ეშმაკისგან მოდის, თუ არა რწმენით, ღმერთზე მინდობით, სულიერი ცხოვრებით, ცოდვებთან ბრძოლით?! საფრთხეთა მოგერიების თვალსაზრისით ღვთის შემწეობის მნიშვნელობას ფსალმუნებში არაერთგან ესმება ხაზი. 30-ე ფსალმუნში ვკითხულობთ: "რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ, და სახელისა შენისათვის, მიძღვე მე და გამომზარდო მე. და გამომიყვანო მე საფრთხისა ამისგან, რომელ დამირწყეს მე. რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო, და ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი". წმინდა პაისი ათონელი წერს: "ღვთის შემწეობას ვერავინ დააბრკოლებს - ვერც ადამიანები, ვერც ეშმაკები. არც ღმერთისთვის და არც წმინდა ადამიანისთვის ძნელი არაფერია. დაბრკოლება მხოლოდ ჩვენი ადამიანური მცირედმორწმუნეობაა. ჩვენი მცირედმორწმუნეობით დიდებული საღვთო ძალების მოახლოებას ვუშლით ხელს. ჩვენს გვერდით ესოდენ დიდი ძალაა, მაგრამ ჩვენში მაღალ დონეზეა ადამიანური საწყისი და არ შეგვიძლია მივაღწიოთ საღვთო საწყისს, რომელიც მთელი სამყაროს ადამიანურ ძალებს აღემატება, ვინაიდან საღვთო ძალები ყოვლიშემძლეა". ღმერთი არასდროს გვტოვებს, მას ჩვენ ვტოვებთ. თუკი ადამიანი სულიერად არ ცხოვრობს, მას არ აქვს საღვთო შემწეობის უფლება. "დამირწყეს მე ცოდვილთა მახე და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ", - ვკითხულობთ მე-17 კანონში. უფლის მცნებების დაცვა საღმრთო შემწეობას მოიზიდავს. ასე რომ, მას, ვისაც სურს მიიღოს ღვთის შემწეობა საფრთხის ჟამს, უნდა ჰქონდეს სწორი სულიერი მდგომარეობა, იგი უნდა იყოს განწყობილი ღვაწლისადმი და მხოლოდ საკუთარ ძალებსა და მონდომებას არ ეყრდნობოდეს, არამედ ღმერთზე უნდა ამყარებდეს სასოებას: "რამეთუ შენ მიერ ვიხსნე მე განსაცდელისაგან, და ღვთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა" (ფს. 17,18).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat