- ნეტარ ხართ თქვენ, ღვთის ხალხო, რამეთუ მოიძულეთ სოფელი.
მაკარი ალექსანდრიელმა კი უპასუხა:
- ნამდვილად, ჩვენ მოვიძულეთ სოფელი, თქვენ კი სოფელმა მოგიძულათ. იცოდე, ეს სიტყვები თავით შენით კი არ გითქვამს, არამედ იწინასწარმეტყველე. ჭეშმარიტად, ჩვენ ორივეს მაკარი გვქვია, ხოლო მაკარი ნეტარს ნიშნავს.
ამ სიტყვებით გაოგნებულმა და შთაგონებულმა მდიდარმა შინ დაბრუნებისთანავე განიძარცვა საერო სამოსელი, ეს სოფელი დატოვა და ბერობას შეუდგა.
მაინც რა არის უპოვარება? ჩვენი დროის სასულიერო პირები ამ შეკითხვაზე გვპასუხობენ.
* * *
გვესაუბრება ლოს ანჯელესის წმინდა ნიკოლოზის და სან ფრანცისკოს ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახური იღუმენი იოანე (კავსაძე). - წმინდა იოანე სინელი გახლავთ მე-7 საუკუნეში მოღვაწე ბერი, რომელიც 16 წლის ასაკში შეუდგა ბერობის გზას და ღრმა მოხუცებულობამდე გაატარა ცხოვრება დაყუდებულობასა და ღვაწლში. მან აღწერა სათნოებათა კიბე, რომელშიც გადმოცემულია მონაზვნური ცხოვრების წესი და რიგი. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე სახარებათა და სამოციქულო წიგნთა შემდეგ მსოფლიოს მონაზვნობა ხელმძღვანელობს და წარმართვას საკუთარ ცხოვრებას უფალში ამ წიგნით. თუმცა ეს წიგნი არა მარტო მონაზონთათვისაა დაწერილი, მასში საეროებიც დიდ სწავლასა და ნუგეშინისცემას პოვებენ (სასურველია, ეს წიგნი ერისკაცებმა მხოლოდ მოძღვრის მეთვალყურეობით წაიკითხონ)... ჯვრის თაყვანისცემის კვირას წავიკითხეთ სახარებაში: "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაი, უვარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე". ამ სიტყვების შემსრულებელნი, უფრო კარგი იქნება თუ ვიტყვით, მიმდევარნი, უპირველეს ყოვლისა მოციქულნი, მახარებელნი და მოწამენი შეიქმნენ, ხოლო მათ შემდეგ - მონაზონნი...
"მონაზონი" ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მარტომყოფს. განდეგილური ცხოვრება ადრეც იყო, ძველი აღთქმის პერიოდში, მართლმორწმუნეებშიც და წარმართებშიც, მაგრამ ისეთი შინაარსით, ქრისტიანობამ რომ შემოგვთავაზა, არასდროს ყოფილა...
ქრისტიანებში, თუ შეიძლება ასე ითქვას, მონაზონთა წინასახე გახლდათ წმინდა იოანე ნათლისმცემელი, მკაცრი მოღვაწე, მმარხველი და ქადაგი სინანულისა.
თუმცა კი ბერობა მაინც უფლის გამოუცნობი და მიუწვდომელი წინაგანგებით დადგინდა ქრისტიანობაში, რადგანაც ბრძანა უფალმა: "არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თვისნი სასუფეველისათვის ცათაისა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ" (მთ. 19,12). აქ საუბარია ადამიანის მიერ ღვთისადმი განსაკუთრებულ მსხვერპლშეწირვაზე, განსაკუთრებულ ღვაწლზე, რომელ ღვაწლსაც ადამიანი ნებაყოფლობით ადგება და რომელი მოღვაწეობისთვისაც ყოველნი არ არიან მოწოდებულნი და დამტევნელნი.
შემდეგში ამგვარი ღვაწლი თანდათანობით გამოიხატა მონაზვნობის მსურველის მიერ უფლისადმი სამი აღთქმის დადებაში. ესენია: ქალწულება, უპოვარება და მორჩილება. ქალწულებაში იგულისხმება წმინდად ცხოვრება, უბიწოება და ერთგულება, უპოვარებაში იგულისხმება ის, რომ მონაზონი არ უნდა იყოს მიჯაჭვული ამქვეყნიურ საგნებს, არ უნდა იყოს მომხვეჭელი, სახმართმოყვარე, უნდა კმაყოფილდებოდეს იმით, რაც აქვს, და პირიქით, უნდა გასცემდეს, რაც კი რამ აბადია... რამეთუ თავადმან თქუა: "ნეტარ არს მიცემაი უფროის ვიდრე მოღებისა" (საქ. 20,35). ხოლო მორჩილებაში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა სიმდაბლე და სიყვარული, ღვთისადმი დაუოკებელი სწრაფვა, მუდმივი ღვწა ღვთისა და მოყვასისათვის, მცნებათა დაცვა და ღვთის მართლად მადიდებლობა...
სწორედაც რომ მართებულად იწოდება ბერმონაზვნობა ქრისტეს მხედრობად დედამიწაზე, ეს არის საიდუმლო ცხოვრება, რომელიც ერთ-ერთმა წმინდა ბერმა ასე გამოთქვა: ერისკაცნი რომ ხედავდნენ და განიცდიდნენ, რა სიხარული შემოაქვს ბერობას ადამიანის გულში, მყისვე მოინდომებდნენ ბერობას, მაგრამ ასევე რომ ხედავდნენ და იცოდნენ წინასწარ მონაზვნობის მსურველებმა, თუ რა ბრძოლებია ბერობაში, მას არასდროს შეუდგებოდნენო...
როგორი უცნაურია და თითქოს შეუსაბამო, როდესაც უფალი ნეტარებების ე.ი. ბედნიერების აუცილებელ პირობად პირველ ყოვლისა სიგლახაკეს გვისახავს და არა, ვთქვათ, სიმდიდრეს ან მაღალ სოციალურ მდგომარეობასა თუ წარმოშობას... გულით მგლოვარებას გვისახავს და არა გულისთქმით სიამტკბილობას... ხომ არ უთქვამს მაცხოვარს, ნეტარ იყვნენ მდიდარი, პატივცემული ხალხი, ამსოფლიური სიამტკბილობის მოყვარული ხალხიო, არამედ თქვა: ნეტარ იყვნენ გლახაკნი და მგლოვარენი სულითა და გულითო... ვინ არის გლახაკი და მგლოვარე სულით და გულით? რა თქმა უნდა, თავმდაბალ ადამიანს რა სიმაღლეც არ უნდა ეჭიროს ამქვეყნად, ის მაინც ქედდადრეკილია, ლმობიერია, სულგრძელია, მომთმენია, არავისი არ შურს, არ ქედმაღლობს, არ განიკითხავს, არ ჭორაობს, არავის დასცინის... გლახაკია თუნდაც ისიც, რომელიც მდიდარია გარეგნულად, პატივიც აქვს ადამიანებში და დაფასებულია, მაგრამ შინაგანად არაფრად რაცხს ამ ყოველივეს უფლის სიყვარულთან შედარებით, წუხს და გლოვობს საკუთარ ცოდვებს გულში და სათნოებათა კეთებაში ყველაზე ნაკლებად მიაჩნია საკუთარი თავი, ვინც იცის, რომ ამაოა ყოველივე აქ და მისი არა არის რა ამ ქვეყანაზე, და ეშურება სიკეთისა და მოწყალების ქმნას, ვინც იცის ის, თუ სად არის.... და სად გროვდება და მრავლდება ჭეშმარიტი სიმდიდრე და საუნჯე ადამიანისათვის...
წმინდა ეკლესია, რათა ჩვენს სიტყვასა და საქმეს ძალა ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებაში, შეგვაგონებს, რომ ვიდგეთ რწმენაში მტკიცედ და შეურყევლად, რათა გულისყურით შევისმინოთ და შევიგნოთ უფლის სიტყვა და განეხვნას სულიერნი სასმენელნი ჩვენნი... გვესმოდეს უფლისა და უფალმაც შეისმინოს.
* * *
გვესაუბრება ხაშურის ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია გოგოლაძე:- რადგან ადამიანის ამოცანა არის სასუფეველში დაბრუნება, მისი გული არ უნდა მიეჯაჭვოს მიწიერს. უფალი ამბობს, "ძესა კაცისასა არა აქვს, სადა თავი მიიდრიკოს". მაცხოვარი თვითონ სიღატაკეში მოვიდა და ამით მაგალითი მოგვცა წუთისოფელში. რადგან ხორცში ვიმყოფებით და გარკვეულწილად ხორცზე ვზრუნავთ, მიუხედავად ამისა, ადამიანის გული არ უნდა გახდეს მიჯაჭვული მიწიერზე, წარმავალზე. ადამიანს ექნება თუ არ ექნება ქონება, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანის გული იყოს ზეციურზე, ღმერთზე მიჯაჭვული. წმინდა მამები გვარიგენებ, რომ არასდროს ჩვენი მოღვაწეობა არ იყოს იმ მხრივ წარმართული, რომ ჩვენი გული დაატყვეოს მიწიერმა. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის გული მიჯაჭვულია მიწიერზე, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების არსიც ის არის, რომ გავთავისუფლდეთ მიწიერიდან, წარმავლიდან. სრულყოფილი მაგალითი თავად მაცხოვარმა მოგვცა და იმ დიდმა წმინდანებმა, ვინც მთელი ცხოვრება უპოვარებით იცხოვრა და მათ არასდროს სურვილი არ გასჩენიათ იმისა, რომ წუთისოფელში რაიმე სიმდიდრე დაეგროვებინათ. ჩვენი ხორცში ყოფნა იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ვიზრუნვოთ საკვებზე, შესამოსელზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს თვითმიზანი ადამიანისა. ქრისტიანული მოძღვრება ღმერთზე მიმსგავსება, სათნოების შეძენა, ცოდვიდან განთავისუფლებაა. როგორ შევიძენთ სათნოებებს, თუკი პირველ რიგში საკუთარი თავიდან არ განვდევნით ცოდვას, ვნებებს, რომელიც ჩვენს სულს და გონებას ამახინჯებს? ჩვენი გული უნდა ეკუთვნოდეს ღმერთს, მოყვასს. ეს არის ორი უმთავრესი საუნჯე, რომელიც ჩვენს გულში უნდა იყოს დავანებული - სიყვარული ღმრთისა და სიყვარული მოყვასისა. დანარჩენი უნდა გამომდინარეობდეს საჭიროებიდან და ამას არ უნდა ჰქონდეს მიჯაჭვულობითი, ვნებითი ხასიათი. ეს ყოველივე უნდა დავუტევოთ და ისე წარვდგეთ ღვთის წინაშე, როცა მოვა ბოლო ჟამი ჩვენი აღსრულებისა. შოთა რუსთაველი გვახსენებს: "რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია". რასაც გასცემ და რასაც მოყვასის სიყვარულში გაიღებ, ის არის შენი და ის შეიწირება.
* * *
გვესაუბრება ხაშურის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა ბართლომე ბიწაძე:- როცა ვცდილობთ სულიერებაში წინ წავიდეთ, ლოცვების გაძლიერა გვმართებს. სულიერი მოძღვრებისგან მივიღოთ რჩევა-დარიგება, თუ რა გავაკეთოთ, რა გზით ვიაროთ, რათა სულიერად წინ გადავდგათ ნაბიჯები. უპოვარება არის თავად გამომხატველობა ადამიანისა. უფლისკენ სავალ გზაზე ერთადერთი დაბრკოლება არის ქედმაღლობა, ამპარტავნება. ეშმაკი ამპარტავანებით იქნა გადმოგდებული ზეციდან. ეს ყველაფერი ადამიანებმა უნდა დავძლიოთ. მცდელობაც რომ გვქონდეს, ეს ყველაფერი დავძლიოთ, ღმერთს უნდა გადავუშალოთ გული.
მაგალითს სასულიერო პირები ვაძლევთ ჩვენს მრევლს, გამოვდივართ და შენდობას ვითხოვთ, პატიებას ვითხოვთ, თუ რაღაც არასწორად ვთქვით, რაღაც შეგვეშალა. მრევლსაც ამას მოვუწოდებთ, რომ ერთმანეთის მიმართ შენდობა, თავმდაბლობა გამოვხატოთ... ადამიანმა არ უნდა იფიქროს, მე უნდა ვიყო სხვაზე წინ და ჩემზე წინ არავინ არ უნდა იყოსო. ეს ყველაფერი ღვთისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელია, როგორც ხაფანგი, რომელსაც ეშმაკი ყოველთვის დაგვიგებს. წმინდა მარიამ მეგვიპტელი მთელი ცხოვრება თავის ფიქრებს, ვნებებს ებრძოდა, რის შედეგადაც მიაღწია სულიერ სიმაღლეს, თანაც იმხელას, რომ ლოცვის დროს ზეცაში მაღლდებოდა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ვუამბოთ მრევლს, თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა ესა თუ ის წმინდანი. მათი ცხოვრება არის მაგალითი იმისა, რომ მათ შეძლეს ამ სოფლის დატევება, თავმდაბლობა, მორჩილება, ღვთის სიყვარული, ღვთის ერთგულება. ეს ყველაფერი ადამიანმა უნდა გაითავისოს და შეუშვას გულში ღვთის სიყვარული. თითოეული მართლმადიდებლის მოვალეობაა იყოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, აკეთოს კეთილი საქმეები, თესოს სიკეთე, იყოს თავმდაბალი, მორჩილი, რასაც ღმერთი გვასწავლის და რაც ღმერთმა ჩვენ გადმოგვცა. ღმერთმა დაიმდაბლა თავი და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, სხვაზე მეტი მოვინდომოთ. მარტო ქრისტიანობა და მარტო სახელის ტარება არაფერი არ არის. უნდა ვიყოთ მთელი არსებით ჭეშმარიტი ქრისტიანები.
საქართველო არის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ და ეს მფარველობა გაგვყოლოდეს ყოველთვის ცხოვრების ბოლომდე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე, მფარველი.
ღმერთმა დაგლოცოთ!