ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისთვის
მაცხოვარი ბრძანებს: ნეტარ იყუნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ
- ისინი კი არ არიან ნეტარნი, რომელთაც შიათ პური და სწყურიათ წყალი, რადგან პურისა და წყლის მიღება ნეტარება ჯერ კიდევ არ არის; ნეტარნი არ არიან ისინი, რომელთაც შიათ ქვეყნიური ბედნიერება, პატივი, სიმდიდრე, ამაო, უსარგებლო ცოდნა; ყოველივე ამაში არ არის ნეტარება ადამიანის სულისა. ნეტარნი არიან, რომელთაც შიათ და სწყურიათ სიმართლისათვის, ესენია: სათნოებები, ქრისტეს მცნებების შესრულება, გამართლება ღვთის წინაშე. უფალმა არ თქვა უბრალოდ: რომლებიც ეძებენ, არამედ თქვა - რომლებიც ითმენენ შიმშილსა და წყურვილს, ანუ ეძიებენ ღვთის სიმართლეს, ეძებენ სიმართლეს, უპირველესად, თავიანთ თავში, შემდეგ კი ყველანაირად ცდილობენ, სხვებმაც იცხოვრონ ქრისტეს მცნებებით. ღვთის ნება - ესაა ის საზრდო, რასაც არიან ისინი მოშიებულნი. სწორედ ამ საზრდელზე ამბობს უფალი: "ჩემი ჭამადი არს, რათა ვჰყო ნებაი მომავლინებელისა ჩემისა და აღვასრულო საქმე მისი" (ინ. 4,34). მაგრამ რა გზით არის შესაძლებელი ამ სიმართლის შეცნობა; რა არის საჭირო იმისათვის, რომ ღვთის სიმართლე და ნება აღვასრულოთ; საიდან ეძლევა ადამიანს ძალა ღვთის სიმართლის ქმნისა და თავის მხრივ, რა ძალა აქვს სიმართლეს... როგორ მონაწილეობს ის ჩვენი ცხოვრების წარმართვაში... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება კანადაში მოღვაწე მღვდელმსახური, მამა პავლე ზაქარაია: - რაც მეტად შეიცნობს ადამიანის სული თავის ცოდვებს, მით უფრო ხედავს, რომ ღმერთთან "არა განმართლდეს ყოველი ხორციელი" (რომ. 3,20), რომ ყოველი ჩვენი სიმართლე იგივეა, რაც არაწმიდა ძონძი მის წინაშე; ამასთან, სინდისი ითხოვს სჯულის შესრულებას, სულს სწყურია და ეშურება ღვთის სამსჯავროზე გამართლებას, ისევე, როგორც მშიერი ეხარბება პურს ან მწყურვალი - წყალს. და აი, გულის სიღრმიდან გამოდიან ღვთისადმი სიტყვები: "უკუეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს?" და "ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი" (ფს. 129,3; 142,2); როგორი ბედნიერები არიან ისინი, ვისაც აქვს ეს წყურვილი!
სიმართლე მომდინარეობს, უწინარესად, ღვთის სიტყვიდან, ამიტომაა უხრწნელი საზრდო სულისა, როგორც ამბობს უფალი: "არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მთ. 4,4). ღვთის ნება რომ შევასრულოთ, არ კმარა მისი ცოდნა: საჭიროა გვქონდეს ძალა მის შესასრულებლად. ეს მადლიანი ძალები კაცს ეძლევა ეკლესიური საიდუმლოებებიდან. ამიტომ ნეტარნი არიან მშიერნი და მწყურვალენი იმ პურისა და სასმელისა, რაზედაც ქრისტე ამბობს: "მე ვარ პური ცხოველი... ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არს" (ინ. 6,51-55). "მიიღეთ და ჰსჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი... ჰსუთ ამისგან... ესე არს სისხლი ჩემი" (მთ. 26,26-27). ეს ზეციური პური ჭეშმარიტად ამტკიცებს კაცის გულს და ანიჭებს უნარს მცნებათა შესასრულებლად.
მაგრამ ადამიანი მაინც უძლურია. მას ყოველი დადგენილი კიდეც რომ შეესრულებინა, ეს იქნებოდა მხოლოდ მოვალეობის მოხდა და არა დამსახურება, ამიტომ მთელი იმედი ღვთის სამსჯავროზე გამართლებისა უნდა ჰქონდეს ქრისტე მაცხოვარზე, რომელსაც ადამიანი უერთდება მის ყოვლადწმინდა და ცხოველმყოფელ საიდუმლოებებთან ზიარებით. ასე აღსრულდება მასზე ქრისტეს სიტყვები: "ნეტარ იყუნენ, რომელთა ჰშიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის", რამეთუ იგინი განსძღნენ. ისინი ნაწილობრივ ძღებიან აქაც, ამ ცხოვრებაში, ქრისტეს მადლის მიღებით, მაგრამ სრულად განძღებიან იქ, მომავალ ცხოვრებაში, როგორც ამბობს დავითი: "განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა" (ფს. 16,15). "არღარა მოემშიოს მათ მერე, არცა მოეწყუროს მერე" (გამ. 7,16).
- მამაო, როგორ უნდა მივხვდეთ, სწორად ვცხოვრობთ თუ არა?
- ამაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეც ბრძანებს: "ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შეგრძნება იმისა, რომ ის არის მართალი სამშობლოს, მოყვასისა და თვით თავისი მტრების წინაშეც".
რაც შეეხება ღმერთთან დამოკიდებულებას, უფალთან მიმართებით მართალი საერთოდ არავინაა, რადგან ცოდვისგან თავისუფალნი არც წმინდანები არიან; ესა თუ ის პიროვნება ოდენ ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით განმართლდება. დიახ, მხოლოდ გულწრფელი სინანულითა და აღსარებით შევძლებთ, აღვხოცოთ ჩვენი შეცოდებანი და მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომლის შესახებაც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "ნეტარ არს, რომელსა არა შეერაცხა ცოდვები".
- რას ნიშნავს სწორი და სამართლიანი დამოკიდებულება ისეთ ფენომენთან, როგორიცაა სამშობლო, მოყვასი?
- თითოეული ჩვენგანი უნდა ეცადოს, გააკეთოს მაქსიმუმი იმისა, რისი პასუხისმგებლობაც აკისრია. ესაა მისი მსახურება ქვეყნისადმი. ყველაზე მეტი უფლებები და პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, ხელისუფალთ აქვთ. მათ ქვეყნის ტერიტორიული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად მოეთხოვებათ სულიერი და ეროვნული ღირებულებების დაცვა და განვითარება. შემდეგ კი ხალხის მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფას, განათლების ხელშეწყობას და სხვა. უწმინდესი ბრძანებს, რომ საერთოდ, რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, სულით არ უნდა დავეცეთ და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისათვის.
"ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელი უმეტეს შემთხვევაში სწორედ მეორე მიზეზით იყო ხოლმე განპირობებული. ეს დღესაც ასეა. ბუნებრივია, პრობლემებიდან თავის დაღწევის საშუალებაც ჩვენს ხელთაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომაც ყველამ თავისი წილი შეცდომებისა უნდა გამოასწოროს".
რაც შეეხება მოყვასთან დამოკიდებულებას, მოყვასის მიმართ ჩვენი სამართლიანი მიდგომა ასეთი უნდა იყოს: "ყველაფერში, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ" (მათე 7,12).
ეს მოკლე, მაგრამ მრავლისმეტყველი განმარტება ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ცხოვრების წესად გვქონდეს. უნდა ვეცადოთ იმასაც, რომ არ ვიყოთ გულგრილნი სხვათა მიმართ გამოჩენილი უსამართლობისადმი და დავიცვათ ტყუილ-უბრალოდ დაჩაგრული ადამიანი.
სამართლის ქმნა და სიმართლის მსახურება აუცილებელი პირობაა ყოველი ქრისტიანისთვის. ღმერთი სიმართლით მცხოვრებთ მადლით მოსავს, ცრუთ და თვალთმაქცთ კი განეშორება. სიცრუის გზით მავალნი ზოგჯერ წარმატებულნი ჩანან, მაგრამ ეს დროებითია; სიმართლე ბოლოს მაინც იზეიმებს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ შეიძლება კეთილდღეობა უბედურებაზე საშიში იყოს და პირიქით, უბედურებამ შეიძლება კეთილდღეობაზე მეტი სიკეთე მოუტანოს კაცს.
- დაღლილი, გაწამებული და გაღატაკებული ჩვენი მოსახლეობა ხშირად ჩივის: ნეტავ არ დავბადებულიყავი, როდემდე უნდა ვეწამო, სად არის სამართალიო.
- ეს უმძიმესი ცოდვის - მცირედმორწმუნეობის გამოვლინებაა და არასწორი ცხოვრებისა და აზროვნების შედეგია. უფალი ხომ იმაზე მძიმე ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ ძალგვიძს. ამასთან, მოვლენებს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ. განა ნებისმიერ დროში ნებისმიერი აღმსარებლობის პიროვნებამ არ იცოდა და არ იცის, რომ ყოველივე წარმავალია? ასე რომ, ნუ ვდარდობთ და ვშფოთავთ იმისთვის, რაც დღეს არის და ხვალ აღარ იქნება. თუ გვსურს ნამდვილი კეთილდღეობა მოვიპოვოთ (და თანაც მარადიული), სასუფეველი ღმრთისა უნდა ვეძიოთ, ანუ უფლის მცნებებით ცხოვრებას ვესწრაფოთ, რადგან "სასუფეველი ღმრთისაი არა არის საჭმელი და სასმელი, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა" (რომ. 14,17), - ეს უნდა დავიმახსოვროთ. მაშ, შევიყვაროთ სიმართლე და განვიძარცვოთ ცოდვის სამოსელი.
- ალბათ არც ისაა შემთხვევითი, რომ უფალი სიმართლისკენ მისწრაფებას შიმშილისა და წყურვილის გრძნობის დაკმაყოფილებისაკენ ხორციელ ლტოლვას ადარებს...
- ვისაც გამოუცდია შიმშილი და წყურვილი, ძალიან კარგად ეცოდინება, რომ ადამიანს, როდესაც ამ ხორციელ მოთხოვნილებებს განიცდის, ამქვეყნად თითქმის ყველაფერი ავიწყდება, მთელი მისი გონება, ძალისხმევა და სულისკვეთება მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე დაიკმაყოფილოს ეს მოთხოვნილება. შიმშილი და წყურვილი მეტად მტკივნეული და მძიმედ გადასატანია ადამიანისთვის.
აქ ერთი გარემოებაც არის ყურადსაღები. ის, ვინც იბრძვის სიმართლისათვის, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი უნდა იყოს; მაგრამ, ამავე დროს, იგი უნდა იყოს თავმდაბალი და არა ამპარტავანი, ვინაიდან მარტო ჭეშმარიტი სარწმუნოების ქონა საკმარისი არ არის სიმართლის მისაღწევად. საჭიროა თავმდაბლობა და სიყვარული, რადგან სიმართლისთვის ბრძოლა დაუნდობლობას, სისასტიკეს არ გულისხმობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა საკუთარი თავი სხვებზე მაღლა დააყენოს და თავისი სიმართლით ამპარტავნებდეს. ამავე დროს, მას უნდა უყვარდეს თითოეული ადამიანი, მათ შორის ცოდვილნი.
წმინდა გრიგოლ ნოსელი ამ ნეტარებების განმარტებისას გვეუბნება, რომ ადამიანებს საკვებისადმი სხვადასხვა მიდრეკილება აქვთ: ზოგს ტკბილი უყვარს, ზოგს - მჟავე, ზოგი ხორცს ეტანება, ზოგიერთს კი სულ სხვა საჭმელი ურჩევნია. ასეთივე განსხვავებაა სულიერ მიდრეკილებებშიც. ადამიანთა ერთი ნაწილი მიდრეკილია იმისკენ, რომ იყოს მდიდარი ან დიდებით გარემოცული, ზოგს კი ურჩევნია, უზრუნველი, საამო ცხოვრება ჰქონდეს. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა სულიერი ინტერესი სხვაგვარია. ამგვარი ადამიანები ცდილობენ უფლისათვის სათნოდ იცხოვრონ. როგორც ხორციელი საკვების მიმართ, არსებობს განსხვავება სულიერ მიდრეკილებებშიც. იმისდა მიხედვით, თუ რისკენ არის მიდრეკილი ადამიანი, თავადაც ისეთი ხდება. წმინდა გრიგოლ ნოსელი მატერიალურ მაგალითებთან აკეთებს პარალელს და ცდილობს მორწმუნის ყურადღება სულიერ საკითხებზე გადაიტანოს. იგი ამბობს, რომ თუკი ადამიანი სწორად იკვებება, ისეთ საზრდელს იღებს, რაც სხეულისთვის სასარგებლოა, მაშინ მისი ჯანმრთელობა უფრო მტკიცეა, მისი ხორციელი სიცოცხლეც უფრო დიდხანს გრძელდება. ასევეა სულიერი თვალსაზრისითაც. თუკი ჭეშმარიტ სულიერ საზრდელს ვიღებთ, თუკი სწორი მიმართულებით ვითარდება ჩვენი სული, თუკი მიდრეკილნი ვართ არა ლოთობის, მრუშობის, სიძვის, ამპარტავნების, სხვათა განკითხვისაკენ, არამედ იმისკენ, რომ ვიყოთ თავმდაბალნი, მოწყალენი, ურისხველნი, მშვიდნი, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი სულიერი მდგომარეობა უფრო ჯანსაღია და ჩვენც თავს მარადიული სიცოცხლისათვის ვამზადებთ. თავის ფიზიკურ არსებობაზე მზრუნველ ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იყოს ჯანმრთელი - ადრე თუ გვიან მაინც სიბერის მსახვრალი ხელი უძლურებისა და სისუსტისაკენ მიდრეკს. მაგრამ თუ ადამიანი სულიერად ძლიერდება, თუ იგი სულიერ სათნოებებს აგროვებს, მაშინ მისი საუნჯე, სახარებისეული სიტყვებისამებრ, ზეცაში გროვდება, სადაც ვერც მღილი შეჭამს და ვერც მპარავი მოსტაცებს. ვერასოდეს ვერანაირი ძალა ამ საუნჯეს ვერ განაქარვებს და, შესაბამისად, ადამიანი სულიერ სიცოცხლეს, სულიერ სიჯანსაღეს მოიხვეჭს, რომლის წართმევაც არავის შეუძლია, ეს არის მარადიული ფასეულობა, რომელსაც მარადისობაში გადაჰყავს ადამიანი.
- რა იგულისხმება სიტყვაში "განძღნენ"?
- ეს ნიშნავს, რომ ვინც სიმართლისათვის იბრძვის, ვისაც შია და სწყურია სიმართლისათვის, აუცილებლად "განძღება". რა თქმა უნდა, სიტყვა "განძღომა" სულიერი თვალსაზრისით უნდა მოვიაზროთ. ანუ სიმართლისათვის მებრძოლი ადამიანი აუცილებლად პოვებს ამ სიმართლეს და პოვებს არა მარტო ამ ცხოვრებაში (და არა იმდენად აქ), არამედ იმქვეყნიურ, მარადიულ სიცოცხლეში.
უფალი ყოვლადსამართლიანია. როდესაც ადამიანი ხვდება სამოთხეში, სასუფეველში, ყოვლადსამართლიან უფალთან, რა თქმა უნდა, იგი უკვე იმყოფება ყოვლადსამართლიანობის უმთავრესი და ჭეშმარიტი წყაროს სიახლოვეს. იგი არის სიმართლეში, ვინაიდან სასუფეველშია სიმართლე, ჭეშმარიტება. ამქვეყნად შეიძლება ადამიანმა ვერ დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ვერ გაიტანოს თავისი ჭეშმარიტება, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ ეს ყოველივე დროებითია, და თუ იგი მართლაც მიილტვის ჭეშმარიტებისაკენ, ეს ჭეშმარიტება მას იქ ელოდება, სადაც მარადიულად ჰგიებს და მომავალშიც იქნება. ეს ადგილი, ბუნებრივია, სასუფეველია.
- ხომ შეიძლება სიმართლისათვის ბრძოლა ჩვენი ამპარტავნების წყაროდაც იქცეს?
- მაშინ ეს არ იქნება სიმართლისათვის ბრძოლა, რადგან ამ დროს ადამიანის მთელი მზერა, მთელი მისი ყურადღება მიმართულია არა ჭეშმარიტებისაკენ, არამედ საკუთარი თავისაკენ. იგი თავს მიიჩნევს სიმართლისათვის მებრძოლად, სინამდვილეში კი უკვე აღარ აინტერესებს სიმართლე; მას ის კი არ უნდა, რომ მდგომარეობა მართლაც გამოსწორდეს და ჭეშმარიტება დამკვიდრდეს, არამედ მხოლოდ ის სურს, რომ თავად ჰქონდეს სიმართლისათვის მებძოლის სახელი. ხანდახან თავის თავში შეიძლება უცნაური რამ აღმოაჩინოს - მას შეიძლება კიდეც ეწყინოს, თუკი რაიმე გამოსწორდება და ის ჭეშმარიტება, რისთვისაც ამდენ ხანს იბრძოდა, ადამიანთა მიერ იქნება აღიარებული. ეს იმიტომ, რომ მას აღარ ექნება საშუალება, სხვები განიკითხოს, თავისი "სიმართლით" თავი სხვებზე აღამაღლოს და საკუთარი თავი სიმართლისათვის მებრძოლის კვარცხლბეკზე დააყენოს.
ამიტომ ყოველივე ის, რაც სახარებაში გვიწერია და წმინდა მამები გადმოგვცემენ, სიბრძნითა და იმ ჭეშმარიტების გაგების სურვილით უნდა მივიღოთ და არა ისე, როგორც ეს ჩვენ გვსურს და ჩვენს დაცემულ გონებასა და სულს მიესადაგება.
- ზოგჯერ ხალხში ვთვალთმაქცობთ, ჩვენი ჭეშმარიტი სულიერი სახე დაფარულია...
- არცთუ იშვიათად ვერ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დაზიანებულია ჩვენი შინაგანი "მე". არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) აღნიშნავს: "ჩვენ დავემსგავსეთ მსახიობებს სიცრუესა და თვალთმაქცობაში. მივეჩვიეთ ნიღბის ტარებას. მაგალითად, ადამიანი ხვდება თავის უფროსს და სახეზე უჩნდება ყალბი ღიმილი, აღტაცება, მაგრამ როგორც კი შორდება მას, მაშინვე ან გალანძღავს, ან რაიმე ბინძურ ჭორს მოიგონებს. ხოლო როდესაც იგივე ადამიანი ხვდება თავის ხელქვეითებს, ხშირად უკარება იერი ედება. თუ ვინმე გვჭირდება, როგორ ვეპყრობით? - ვუმზერთ ალერსიანად, ვესაუბრებით ტკბილად, გვსურს შევიტყოთ, როდის არის მისი დაბადების დღე. ერთი სიტყვით, ვეპირფერებით. ხოლო თუ გვხვდება კაცი, რომელსაც უნდა, რაღაც გვთხოვოს, - ვცდილობთ, თავი ავარიდოთ. სახეზე მუდმივად რაღაც უცხო ნიღაბი გვაქვს".
ეს გაორებაც ფარისევლობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მიუხედავად ჩვენი ცოდვილი, ნაკლოვანი ბუნებისა, მაინც ძალიან დიდი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე და ვერ ვაცნობიერებთ იმას, თუ რამდენად ნაკლებად ვაშენებთ შინაგან ტაძარს, შინაგან "მე"-ს. არადა მთელი ქრისტიანული ცხოვრების არსი სწორედ საკუთარი თავის გამოსწორებაში მდგომარეობს. ჩვენი სულიერი სილამაზე უპირველეს ყოვლისა კეთილი საქმეებით, კეთილშობილებით, ღვთისნიერებით უნდა მჟღავნდებოდეს...
- რას გვავალებს ეს მცნება, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ვიფიქროთ, ვიაზროვნოთ, ვიგრძნოთ ისე, რომ სიმართლე შეგვიყვარდეს და მან დაიკავოს ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი?
- მამა იოანე კრესტიანკინი საუბრობს ამ მცნების შესახებ და განმარტავს, რომ "უფლის სიმართლე, ქრისტიანული სარწმუნოება და მისი მცნებებით ცხოვრება რომ გვიყვარდეს, მაშინ ჩვენი ცხოვრების ყოველ წუთს გავუფრთხილდებოდით და გამოვიყენებდით საღმრთო სჯულის ღრმად შესწავლისათვის, ლოცვის, კეთილ საქმეთა აღსრულების, ჩვენი ბუნებიდან ცუდი მიდრეკილებების აღმოფხვრისათვის. ჩვენ კი ისე გავითქვიფეთ მიწიერების სიყვარულში, რომ ურწმუნოთაგან მხოლოდ ეკლესიაში სიარულითა და რამდენიმე საეკლესიო წესის აღსრულებით განვსხვავდებით. შავი სამოსით, მანდილითა და ხელზე სკვნილით სიარული თქვენს წოდებას არ შეესაბამება და ამიტომ სასაცილოა, ურწმუნოთა დაცინვის საგანია. შემოსილხართ ძაძებით და გგონიათ, რომ ამით უფალს ემსახურებით? შეინანეთ უფლის წინაშე, ვინაიდან ჯერ კიდევ მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებსაც სწორედ სამოსით, გარეგნულად უყვარდათ გამორჩევა სხვათაგან, უთხრა უფალმა: "ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართავითა და ყოვლითა არაწმიდებითა, ეგრეცა თქუენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა" (მთ. 23,27-28).
ამ მცნების მიხედვით სიმართლე ნიშნავს ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ქრისტესმიერი მცნებებით ცხოვრებას. მაშასადამე, ნეტარია ის, ვინც დევნილია თავისი რწმენის, სათნოებების, კეთილი საქმეებისა და ურყევი, მტკიცე სარწმუნოების გამო.
- სიმართლისთვის დევნა დროის მიხედვით სახეს იცვლის.
- სიმართლისათვის დევნა სხვადასხვა სახით გამოიხატება: ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში წმინდა მოწამეთა მხეცური ტანჯვიდან დაწყებული, მორწმუნეთა მიმართ დაცინვით, გაკიცხვით, შეურაცხყოფითა და იგნორირებით დამთავრებული. მათზე ავრცელებენ აზრს, თითქოს თანამედროვეობას ჩამორჩენილი, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მავნებელი პირები იყვნენ. ამ მტრობის საფუძველი არა მარტო ადამიანების, არამედ თავად ღმრთის სიმართლის სიძულვილია.
- დაბოლოს, მამაო, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ადამიანებს უამრავი ყოფითი საზრუნავი და საფიქრალი გაგვიჩნდა. უპირველეს მოვალეობად იქცა მატერიალური მხარის დაკმაყოფილება და ეს ჩვენი საუკუნის უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი ნიშანია. ამსოფლიური სიბრძნე და სიმართლე გაბატონდა. იქნებ განგვემარტა, რა განსხვავებაა ჭეშმარიტ და ცრუ განსწავლულობას შორის?
- წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: "განსწავლულობა მიხრწნილი ადამიანის სულის ლამპარია, რომელიც ანათებს იმ ადგილს, სადაც "სიბნელე უკუნეთისა სუფევს უკუნისამდე". მაცხოვარმა შეძლო დაცემული ადამის მოდგმისათვის იმ ლამპრის უკან დაბრუნება, რომელიც მათ შემოქმედისაგან ებოძათ ოდესღაც, შესაქმის ჟამს და რაც შეცოდებისთანავე დაკარგეს. ეს ლამპარი სულიწმინდაა, სული ჭეშმარიტებისა, განბრძნობილი სრული ჭეშმარიტებით, გამომეძიებელი ღვთაებრივი სიღრმეებისა, დაფარულ საიდუმლოთა გამომაჩინებელი, ადამიანის სულისათვის იმ ცოდნის მიმნიჭებელი, რომელიც მისთვის საჭირო და აუცილებელია. მეცნიერს, რომელსაც სურს ჩაუღრმავდეს სულიერ სიბრძნეს, პავლე მოციქული ასე მიმართავს: "უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ-იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1 კორ. 3-18). ჭეშმარიტად, განსწავლულობა თავისთავად სიბრძნე როდია, არამედ ლტოლვა სიბრძნისაკენ. დაეუფლო ჭეშმარიტ შემეცნებას, რომელიც უფალმა უბოძა კაცთა მოდგმას, მხოლოდ რწმენის გზით არის შესაძლებელი, ცოდვით დაცემული ადამიანის აზროვნებისათვის იგი შეუცნობელია და ამიტომ ჰიპოთეზებითა და ვარაუდებითაა სავსე ამგვარი მეცნიერება. კაცობრივი სიბრძნე წარმართთა და უსჯულოთა ხვედრია და მისი საფუძვლები სრულიად ეწინააღმდეგება სულიერ, ღვთაებრივ სიბრძნეს. შეუძლებელია ერთდროულად იყო ორივე სიბრძნის მიმდევარი - ან ერთს უნდა აქციო ზურგი, ან მეორეს განუდგე დაუყოვნებლივ. დაცემული ადამიანი "ცრუ არს". მცდარი შეხედულებების წყალობით გაჩნდა "ცრუ აზროვნება", ანდა მცდარ შეხედულებათა და აზრთა მთელი სისტემა, რომელიც გარეგნულად ჩანს, როგორც "აზროვნება". სინამდვილეში კი აბდაუბდა და ბოდვაა ბოროტისაგან შეპყრობილი ადამიანის გონებისა, რომელიც ცოდვისა და დაცემის სასიკვდილო წყლულითაა დაავადებული. გონების ამგვარი სნეულება ნათლად გამოსჭვივის ფილოსოფიურ მეცნიერებებში". ასე რომ, ნეტარია ის, ვინც ჭეშმარიტი სიბრძნე შეიძინა. უწინარესად ეძიებდეთ სასუფეველსა ღმრთისასა და მერმე ყოველი შეგეძინოთ თქვენ, - ბრძანებს უფალი. ღვთის სასუფეველი კი სიმართლის ზეიმია, რომლის ღირსიც გაგვხადოს უფალმა.Aამინ!