ვესაუბრებით საპატრიარქოს კარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ლევან ფირცხალაიშვილს.
- ტაძარი, რომელსაც თქვენ ემსახურებით, ძველ დროში სამეფო კარის ეკლესიის სახელით იყო ცნობილი. რა ცნობები შემოგვინახა ისტორიამ ამ ტაძრის შესახებ?
- ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, მეფე ვახტანგ გორგასალს, იერუსალიმის ანალოგიით, თბილისში 5 ეკლესია აუშენებია. ამ ხუთეულში სიონის, მეტეხის, ჯვარისმამისა და ბეთლემის ეკლესიებთან ერთად სამეფო კარის ეკლესიასაც მოიხსენიებენ, ანჩისხატი კი, რომელიც ასევე უძველეს ეკლესიად ითვლება, წმინდა ვახტანგ გორგასლის ძეს, დაჩი უჯარმელს აუშენებია.
XIX ს-ის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ გააუქმა მეფობა საქართველოში და ქართული ეკლესიაც მის საპატრიარქოს დაუქვემდებარა, ეგზარქოსმა სამეფო კარის ეკლესიას დასახელება შეუცვალა და მას მერე საპატრიარქოს კარის ეკლესიად მოიხსენიება. ამბობენ, ამ ტაძარში დაიწერა ჯვარი იოსებ სტალინმაო. კომუნისტები ამ ტაძარს საწყობადაც იყენებდნენ.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ტაძარი განაახლა არქიმანდრიტმა იოაკიმემ, ის იყო პირველი წინამძღვარი ტაძრისა.
- რამდენიმე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ყოველ ორშაბათს საგანგებო წირვა დგება საქართველოში მონარქიის აღსადგენად.
- ამ ტაძარში ძირითადად ქართველი მეფეების მოძღვრები მსახურობდნენ. დღეს, მართალია, მეფე არ გვყავს, მაგრამ უნდა ვეცადოთ, მაშინდელი ტრადიცია აღვადგინოთ და ვილოცოთ მონარქიის აღსადგენადაც. მიმაჩნია, რომ ქვეყნის მომავალი ბევრად იქნება დამოკიდებული მეფის ინსტიტუტის აღდგენაზე. გაერთიანდება, მანამდე სინანულში უნდა გავერთიანდეთ მთელი ერი. გასული საუკუნის დასაწყისში, ღვთის წყალობით, მამულიშვილთა უდიდესი ღვაწლითა და თავგანწირვით, საპატრიარქო ტახტი დავიბრუნეთ, სამეფო ტახტის დასაბრუნებლად კი არც გვიზრუნია. 20 წელია გავიძახით, დამოუკიდებლები ვართო და ამ ხნის განმავლობაში სულ წვალებით მოვდივართ, დღემდე არ გაგვიხარია. ქვეყანა, რომელიც თავის თავს თავისუფალს უწოდებს, მხოლოდ დემოკრატიული განვითარების გზას მიიჩნევს გადარჩენად, არც კი დაფიქრებულა იმაზე, რაც ანექსიის შედეგად დავკარგეთ. ამით, ცხადია, ვამართლებთ რუსეთის მიერ ქართული სამეფო ინსტიტუტის გაუქმებას და, გვინდა თუ არა, თანამონაწილე ვხდებით იმ ცოდვისა, რადგან იმან თუ გააუქმა, ჩვენ რა გავაკეთეთ იმისათვის, რომ მონარქია აღგვედგინა? სხვა იყო, როდესაც საბჭოთა იმპერიაში იძულებით მოვხვდით. ვერაფერს გავხდებოდით, რადგან თავისუფლება წართმეული გვქონდა, მაგრამ როდესაც ამ 20 წლის წინ დამოუკიდებლობა მოგვეცა, გამოვიყენეთ ეს წლები ისე, როგორც უნდა გამოგვეყენებინა? რატომღაც მიგვავიწყდა ის, რომ მეფე ღვთის მიერ დადგენილია და ამ დროს, თავი მოგვწონს იმით, რომ მართლმადიდებელი ერის შვილები ვართ. ვფიქრობ, ამ ცოდვის მატარებელია დღევანდელი საქართველო და ამიტომაც ვერ გამოვედით ნანგრევებიდან. დიდი ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, საქართველოში იურისპრუდენცია აღმოცენებული იყო 7 მსოფლიო საეკლესიო და რუის-ურბნისის კრებებზე მიღებული დიდი სჯულის კანონის მიხედვითო. დღეს ხშირად გაიგონებთ ტერმინს "შერჩევითი სამართალი", აქედანაც კარგად ჩანს, რომ კანონს აღარ აქვს ძალა და პატივისცემა, ღვთისგან რომ კანონი მოდის, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ შეარჩევ, რადგან შენ დაგაზიანებს. ნებისმიერ კანონს უზენაესობის პრეტენზია აქვს. ამ დროს სწორედ ამ ძალაუფლებით იყო შემოსილი სამართალი, რომელსაც ყველა ემორჩილებოდა, მეფეს იმიტომ უწოდებდნენ "მესიის მახვილს", რომ მას ღვთისგან მიღებული კანონის მიხედვით უნდა ემართა ერი. დღეს, რუის-ურბნისის კრების მნიშვნელობაზე საუბრისას, ძირითადად იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ დავით აღმაშენებელმა უღირსი სასულიერო პირები ეკლესიიდან განკვეთა. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა, მაგრამ სწორედ საღვთო კანონის ძალით, იმ უზენაესი კანონით, რომელიც ღმერთმა დაადგინა და თუ "უფალი მეფობდა", სწორედ იმ ქართველ მეფეთა საშუალებით იმართებოდა ქრისტესმოყვარე ერი, რომლებიც უფლის მიერ მოცემულ კანონს იცავდნენ.
ყველა ერში და სხვადასხვა სარწმუნოების ხალხში ღვთის სახელით იწერებოდა კანონი და ამიტომაც ჰქონდათ ქვეყნის მმართველებს კანონის განსაკუთრებული შიში და პატივისცემა.
- პატრიარქის ინიციატივას, სამეფო ძალაუფლების აღდგენის თაობაზე, ალბათ საზოგადოების მეტი მხარდაჭერა სჭირდება და რეფერენდუმიც უნდა ჩატარდეს ამ საკითხზე.
- პატრიარქმა, როცა ამ საკითხზე საუბრობდა, ისიც ბრძანა, რომ მონარქიის აღდგენა უცებ ვერ მოხდება. რეფერენდუმიც როგორ ჩატარდება ჯერჯერობით, როცა ხალხმა არაფერი იცის ამის შესახებ. ტელევიზია და სხვა საინფორმაციო საშუალებები ახსნა-განმარტებით, შემეცნებით საუბრებს უნდა მართავდნენ ამ თემაზე ისტორიკოსების, თეოლოგების, სასულიერო პირების, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელთა მონაწილეობით, მაგრამ ჩანს, არ აინტერესებთ. ამიტომ სინანული მარტო ღვთის წინაშე კი არა, ალბათ, ერთმანეთის წინაშეც გვმართებს...
ხშირად მესმის, ვერა და ვერ გამოვიდა ერი განსაცდელიდანო. ბოლოს ერთხელ კიდევ მინდა ვთქვა: მთავარია, ერი განიწმინდოს და სწორ გზაზე, ღვთის გზით იაროს და მეფობა როდის აღდგება საქართველოში, ეს ღმერთმა უწყის, შეიძლება ეს რადენიმე წლის შემდეგ მოხდეს, შეიძლება ჩვენ ვერა, მაგრამ ჩვენი შვილები ან შვილიშვილები მოესწრონ ამას, შეიძლება ისე მალე მოხდეს ყველაფერი, სულ რომ არ ვიქნებით ამის მოლოდინში, მთავარია, ჩვენ ამის სურვილი და მისწრაფება გვამოძრავებდეს და მივიდეთ იმ აზრამდე, რომ ამ იდეის განხორციელების აუცილებლობა ჩვენს უმთავრეს საფიქრალად და საზრუნავად იქცეს, ხალხის ნება-სურვილს პოლიტიკოსები ვერ აღუდგებიან.
2 წლის წინ, როცა საქართველოში აზვირთებული იყო ეროვნული მოძრაობა, პატრიარქმა სინანულის დღე დაადგინა, ასეთი რამ მანამდე არასდროს მომხდარა. სინანულის დღე მხოლოდ ერთხელ არის წელიწადში, დიდმარხვის დაწყების წინ. ამით პატრიარქმა გაგვაფრთხილა, რომ სინანულით უნდა მივიდეთ ღმერთთან, პირადად შენ მოინანიე ის, რაც მოსანანიებელი გაქვს, რადგან აქაა გამოსავალი. კაცის მოიმედე კაცი სძაგს უფალს, არ გვეყო, რომ ამდენი ხანი უღმერთოდ ვცხოვრობდით? ღმერთს სურს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის მშვიდობა დამყარდეს, თუ ეს ხალხის ნებაც იქნება. სწორედ ამაშია ჩვენი გადარჩენის საიდუმლო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი