ზოგიერთის მიერ გაღებული რამდენიმე თეთრი ბევრად მეტია, ვიდრე მავანთაგან გაცემული მილიონები
ზოგიერთის მიერ გაღებული რამდენიმე თეთრი ბევრად მეტია, ვიდრე მავანთაგან გაცემული მილიონები
ყოველი ადამიანი განღმრთობისთვის არის მოწოდებული. ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი უფლის მსგავსება უნდა იყოს: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს", - ბრძანებს უფალი. თუმცა ჩვენში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი, რომელიც საკუთარ სულს ხორცზე მაღლა აყენებდეს. თანამედროვე ადამიანი ამქვეყნიური დიდების, პატივის, სახელის, ნივთიერი კეთილდღეობისთვის იღვწის. უფალი კი ამბობს, - აქლემი უფრო ადვილად გავა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველშიო. ნუთუ ყველანაირი ქონების მოპოვებას კრძალავს ეკლესია? არის თუ არა სიმდიდრე დამღუპველი და სიგლახაკე - მაცხოვნებელი? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სიღარიბე ღვთისთვის სათნოდ გამოვიყენოთ?

სიმდიდრესა და სიღარიბეზე გვესაუბრება ვაკის წმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი მიქაელი (წულუკიძე).

- მამაო, რატომ გვეძლევა სიმდიდრე?

- ჩვენს დროში სიმდიდრე და სიგლახაკე პირობითი ცნებები გახდა. მათ შორის ზღვრის გავლება ძნელია. დღეს არიან ძალიან მდიდარი ადამიანები, რომელთა ცხოვრების სტილი სრულიად ამოვარდნილია საზოგადოების ცხოვრებიდან და უკიდურესად გაჭირვებულები.

რატომ ეძლევა ადამიანს სიმდიდრე - ეს ღვთის განგებულების საკითხია და ვერ ჩავწვდებით. თუმცა ვიცით, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის. ადამიანებს სიმდიდრე არ ეძლევათ მხოლოდ სურვილების დასაკმაყოფილებლად, არამედ სხვებზე საზრუნავად, სხვისი სამსახურისთვის. ქონება ღვთისგანაა ბოძებული და ის მისთვის სათნოდ უნდა გამოვიყენოთ. გავიხსენოთ სახარებისეული იგავი უგუნური მდიდრისა. კაცს ჰქონდა ნაყოფიერი ვენახი, რომელიც წლიდან წლამდე უხვ მოსავალს იძლეოდა. ერთ წელიწადს, როცა არნახული მოსავალი მოვიდა, გაყოყოჩდა და გაძუნწდა, წუხდა - არ ვიცი, სად შევკრიბო ჩემი მონაგებიო. გადაწყვიტა, სახლი დაენგრია და უფრო დიდი აეშენებინა, გაევსო მოსავლით და უზრუნველად გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე. ასეთ დროს უფალი ეუბნება, - უგუნურო, არ იცი, ამაღამ მიგიღონ სული შენიო. ადამიანი, რომლის მთავარი მიზანიც დაგროვება იყო, ამ თანხას ვეღარასდროს გამოიყენებდა. არასოდეს უფიქრია, მცირედი მაინც მიეცა გლახაკთათვის. საერთოდ, წმინდა წერილში გარდაცვალება სხვადასხვაგვარად მოიხსენიება. ამ იგავში არ არის ნათქვამი, რომ ანგელოზებმა მიიღეს მისი სული, რომ მიიცვალა, გარდაიცვალა, არამედ - მიგიღონ სულიო. ვის შეუძლია სულის მიღება? მას, ვინც ხელბორკილით კრავს ადამიანებს - ეშმაკს.

ასე რომ, ყველამ უნდა იცოდეს ქონების სწორად გამოყენება.

- ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სიმდიდრე ქრისტიანისთვის დამღუპველიც კია. მაგალითად, სახარებაში მოთხრობილია იგავი მდიდარსა და ლაზარეზე, რომლის მიხედვითაც ლაზარემ ამქვეყნიური ტანჯვის საფასურად - ცათა სასუფეველი, მდიდარმა კი დიდების სანაცვლოდ საუკუნო სატანჯველი მიიღო.

- ეს იგავი ბევრს არასწორად ესმის. მდიდარი არ წარწყმედილა მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარი იყო, არც ლაზარეს ცხონების მიზეზია სიგლახაკე, რადგან თავისთავად არც სიმდიდრეა დამღუპველი და არც სიღარიბე - მაცხოვნებელი. მთავარი ჩვენი დამოკიდებულებაა.

- მაშ რისთვის დაისაჯა მდიდარი?

- ამის გასაგებად საჭიროა კარგად გავიხსენოთ ეს იგავი. ის ასე იწყება: "კაცი ვინმე იყო მდიდარი". განმმარტებლები აღნიშნავენ, რომ იგავში არ ჩანს, რა გზით ჰქონდა ნაშოვნი ამ კაცს ფული - მემკვიდრეობით, პირადი შრომით თუ ტყუილით. უფალი ამაზე არ ამახვილებს ყურადღებას. აქედანაც ჩანს, რომ სიმდიდრე სულაც არ არის ქრისტიანისთვის დანაშაული. ცოდვად არ ითვლება, თუ გვაქვს საშუალება, კარგადაც ჩავიცვათ, გავიხაროთ. მაგრამ მდიდარი მაინც წარწყმდა. რა იყო ამის მიზეზი? დავუკვირდეთ, რომ მან ერთხელაც კი ვერ შეამჩნია ლაზარე. სწორედ ეს გახლდათ მისი დასჯის მიზეზი - მას არ ჰქონდა მოწყალება.

- მიუხედავად ამისა, ალბათ მდიდრის ცხონება გარკვეულწილად უფრო რთულია. მაცხოვარი ხომ ამბობს, აქლემი უფრო ადვილად შევა ნემსის ყუნწყში, ვიდრე მდიდარი - ცათა სასუფეველშიო.

- ესეც ბევრს არასწორად ესმის. გავიხსენოთ, რატომ თქვა ეს მაცხოვარმა. ერთმა მდიდარმა ჭაბუკმა ჰკითხა, რა გაეკეთებინა, საუკუნო სიცოცხლის მოსაპოვებლად. მაცხოვარმა მცნებათა აღსრულებისკენ მოუწოდა. ჭაბუკმა მიუგო, რომ ამ მცნებებს სიყრმიდანვე აღასრულებდა და კვლავ ჰკითხა: "რაიღა მაკლის მე?" უფალმა უპასუხა, თუ სრულყოფა უნდოდა, მონაგები გაეყიდა და გლახაკთათვის დაერიგებინა. ჭაბუკი დამწუხრებული გაშორდა უფალს. სწორედ ამის შემდეგ ამბობს უფალი: "უადვილეს არს აქლემი განსვლად ხვრელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი - შესვლად სასუფეველსა ცათასა". თუ დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ უფალი ამ ჭაბუკს თავიდან მონაგებთა დატევებისკენ არ მოუწოდებდა, არამედ მოძღვრავდა - მცნებები დაიმარხეო. ამას მხოლოდ მას შემდეგ ეუბნება, რაც ჭაბუკი ეკითხება - სრულყოფილებისთვის რაღა მაკლიაო. სწორედ ეს იგავი გვეუბნება, რომ მდიდრისთვისაცაა ცხონება შესაძლებელი. თუმცა, მონაგებთა დატევება უკვე სრულყოფილი ადამიანების უნარია. აქ საუბარია სრულყოფილებაზე. ამისთვის კი ყველა არ არის მოწოდებული. ზოგი შეძლებს, ზოგიც - ვერა. არც იმ ჭაბუკს ჰქონდა სათანადო გამბედაობა და შინაგანი, სულიერი ცეცხლი, რომ ეს გაეკეთებინა. რაც შეეხება ნემსის ყუნწს, თუ ნათქვამს პირდაპირ გავიგებთ, გამოდის, რომ მდიდრის ცხონება შეუძლებელია, რადგან აქლემი ნემსის ყუნწში ვერ გაეტევა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი სხვა რამეზეა. ისტორიულად, ძველად ქალაქებს ჰქონდათ შესასვლელი კარიბჭეები: დამასკოს კარიდან გავიდა პავლე, როცა საკვირველი ჩვენება იხილა; ოქროს კარით, წინასწარმეტყველების მიხედვით, უნდა შემოვიდეს მესია (ეს კარი მუსლიმანებმა ამოაშენეს და დღემდე ასეა) და იყო აგრეთვე კარი, რომელსაც "ნემსის ყუნწს" ეძახდნენ. აქედან შედიოდნენ ქარავნები, აქვე ხდებოდა მათი აღრიცხვა და შესაბამისი საფასურის გადახდა. აქლემზე ბაჟი დიდი იყო. ცხადია, მას მოვაჭრე მებაჟის მალულად ვერ შეიყვანდა და საფასურის გადახდა უწევდა. ამიტომაც მაცხოვრის სიტყვები ამგვარად უნდა გავიგოთ - როგორც აქლემის ნემსის ყუნწში გასვლაზე მოვაჭრემ ბევრი უნდა გადაიხადოს, ასევე ბევრი უნდა იღვაწოს მდიდარმა ცათა სასუფეველში შესასვლელად. მან უნდა გადაიხადოს სათნოებების აღსრულებით. ასე რომ, მდიდრის ცხონება შესაძლებელია, თუმცა რთული.

- ცვლის თუ არა მატერიალური სიმდიდრე ადამიანებს, მათ ფსიქოლოგიას?

- სამწუხაროდ, ცვლის და ამის უამრავი მაგალითია. შეძლებული ადამიანი სხვანაირად იწყებს აზროვნებას. მდიდარი ვახსენეთ. მან მას შემდეგ დაიწყო ქონების უაზრო შეგროვებაზე ფიქრი, რაც უხვი მოსავალი მიიღო. საერთოდ, მდიდრის თვისება ასეთია - არ ჯერდება იმას, რაც აქვს, სულ უფრო მეტი უნდა, ქონების ხელში ჩასაგდებად მზად არის, ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდეს. მდიდარ კაცთა უმეტესობა თავს ყოვლისშემძლედ მიიჩნევს, ქვეცნობიერად თავს ღმერთსაც კი უტოლებს, ამპარტავნდება და ამის გამოისობით იცვლის დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, ადამიანებისადმი. ივიწყებს მოწყალებას, ზოგჯერ - განვლილ ცხოვრებასაც. არადა უნდა დაუკვირდეს, რამდენ მოწყალებას გასცემს, მოიმატა თუ არა ამ მოწყალებამ შემოსავლის ზრდასთან ერთად. რატომღაც, კაცს, რაც უფრო მდიდრდება, მით უფრო უჭირს მოწყალების გაცემა.

შეიძლება ითქვას, მდიდრების სენია - სულ იფიქრონ, შემდეგ რა იქნება, ვის დარჩება მათი ქონება? ზოგი ისე გარდაცვლილა, რომ ოჯახის წევრებს არაფერი სცოდნიათ მის ქონებაზე. მიწაში დამალულ ოქროს ვერასოდეს გამოიყენებ. ყველას უნდა ახსოვდეს, ეს არის წუთიერი სამყოფელი. მოვა დრო, ყველა წარდგება უფლის წინაშე, სადაც ვერანაირი ოქრო ვერ გვიშველის, მხოლოდ კეთილი, მოწყალე საქმეები.

- ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო მატულობს ქველმოქმედთა რიცხვი.

- არ არის მოწყალება ის, როცა შენს გაცემულს ყველა ხედავს ტელევიზიით, კამერებით აფიქსირებენ. მოწყალება უნდა იყოს დაფარული, ისე როგორც, მაგალითად, წმინდა ნიკოლოზმა ჩაუგდო უპოვარს ქისა ოქრო, რათა სიკვდილისგან ეხსნა... თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც დიდ ქველმოქმედებას ეწევიან. უფალი მათ ამისთვის ასწილად მიაგებს. მოწყალება მხოლოდ მდიდრების მოვალეობა არაა. ყველა ვალდებულია, გაიღოს თავისი შესაძლებლობების მიხედვით. უფლისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ერთ ლარს გავიღებთ თუ ათასს. მისთვის მთავარი ჩვენი გულია. გავიხსენოთ ქვრივი ქალის მიერ გაღებული 2 წვლილი. მაცხოვარი ამბობს, - ამ ქალმა ყველაზე მეტი გაიღოო. თუმცა, რაოდენობრივად მისი შესაწირი სხვებთან შედარებით მცირედი იყო, მაგრამ ამ ქალმა თავისი შესაძლებლობის მიხედვით მაქსიმუმი გასცა. ეს არის სწორედ მოწყალება. ზოგიერთის მიერ გაღებული რამდენიმე თეთრი ბევრად მეტია, ვიდრე მავანთაგან გაცემული მილიონები. ზოგი ხშირად აღსარებაში მეუბნება, - მოწყალებას არ გავცემთო. ვეკითხები, - გქონდათ და არ მიეცით-მეთქი? არაო, - მპასუხობენ. ცხადია, ეს მოსანანიებელი არ არის და ცოდვად არ გვეთვლება. უფალმა კარგად იცის, გვქონდა თუ არა ჩვენ საშუალება და მოვიქეცით თუ არა სწორად. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ გასცემენ, რადგან ეშმაკი ებრძვით. ყველაფერს ბოროტს ნუ დავაბრალებთ. ეს, პირველ რიგში, ჩვენი ბრალია.

სხვათა შორის, მშობლებს ყოველთვის ვეუბნები, როცა შვილთან ერთად მიმავლებს გლახაკი ხვდებათ, შვილს მიაცემინონ ფული მათთვის. ასე ბავშვი პატარაობიდანვე დაეჩვევა მოწყალების გაღებას. მიხვდება, რომ ეს არის მისი მშობლების ცხოვრების წესი და თვითონაც ასე უნდა მოიქცეს.

- ბრძანეთ, თავისთავად არც სიგლახაკეა მაცხოვნებელიო. უფალი ამბობს, ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითაო - რა იგულისხმება ამ სიტყვებში და რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ღატაკებმა მოიპოვონ ცათა სასუფეველი?

- უფალი არ ამბობს, ნეტარ იქნებიან გლახაკნიო, არამედ სულით გლახაკნიო. ლაპარაკია სიმდაბლეზე, მორჩილებასა და მადლიერებაზე. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ყველაფრისთვის მადლობდეთ უფალსო. მადლიერების გრძნობა საჭიროა ცათა სასუფევლის მოსაპოვებლად.

დავუბრუნდეთ ლაზარესა და მდიდარს. დავუკვირდეთ, რატომ ცხონდა ლაზარე. ის ისეთი დავრდომილი იყო, რომ ძაღლები წყლულებს ულოკავდნენ და არ შეეძლო საკუთარი შრომით ერჩინა თავი. უფალი ამბობს, ძაღლთა საჭმლის ჭამაზე ოცნებობდაო. იგი არაფერს ითხოვდა, არ აწუხებდა მდიდარს და მაინც ღვთის მადლიერი იყო. ეს არის სწორედ ქრისტიანობა - ყველაფრისთვის ვადიდოთ უფალი. სწორედ ამ მადლიერების, უდრტვინველობის გამო მოიპოვა ლაზარემ ცათა სასუფეველი. ცხადია, ამის აღსრულება ძალიან რთულია, მაგრამ ცათა სასუფეველი ადამიანებს უშრომელად არ მიენიჭებათ - დიდი გარჯაა საჭირო.

- მნიშვნელობა იმასაც აქვს, თუ როგორ მივიღებთ მოწყალებას, დახმარებას?

- დიახ, ესეც უდიდესი პასუხისმგებლობაა. ერთი პატერიკი გამახსენდა: მონასტერში მივიდა მდიდარი კაცი და მამების დახმარება გადაწყვიტა. ერთ-ერთ ბერს სხვებზე მეტი მოწყალება მისცა. ამის შემდეგ ამ ბერმა იხილა ხილვა, რომ საძმოს წევრები ვენახში, ბაღში იდგნენ, მიწა ჰქონდათ დასამუშავებელი, თვითონ კი ეკალ-ბარდში იდგა და ეკლების გამორჩევის მორჩილება ჰქონდა. ბერმა წინამძღვარს ხილვის განმარტება სთხოვა. უპასუხა: როცა უმეტესი მიიღე, ხომ გაგიხარდა? ახლა მოვალე ხარ, გამცემის სულზეც იზრუნო, მისთვის ილოცოო. ასე რომ, მოწყალების მიღებაც საპასუხისმგებლოა ღვთის წინაშე.

დღეს გლახაკობა სხვანაირად ესმით. ზოგს ეს საქმიანობა ხელობად აქვს ქცეული. შოულობენ თავიანთ სამყოფს, მაგრამ მაინც ხელგაშვერილნი დგანან. ეს აღმაშფოთებელია. ჩვენთან, ეკლესიის ეზოში, იყო ერთი გლახაკი. წინამძღვარმა შესთავაზა, - ყოველდღიურად ტაძრის ეზო დაალაგე და ხელფასს მოგცემო. გაგიკვირდებათ, მაგრამ იუარა, იუკადრისა დამლაგებლად მუშაობა. ფაქტობრივად, ამ ადამიანს სთავაზობდნენ ეკლესიის სამსახურს... ადამიანმა მხოლოდ მაშინ უნდა გაიწოდო ხელი, როცა არანაირი გამოსავალი არ დარჩება. სხვა შემთხვევაში ასეთი გზით ფულის შოვნა ცოდვაა. მახსენდება ერთი დიდებული პატერიკი: კვიპროსზე გვალვამ მთელი მოსავალი გაახმო. ერი, სამღვდელოება ლოცულობდა, იხდიდა პარაკლისებს წმინდა ილია თეზბიტელის სახელზე (მას მსგავს შემთხვევაში დიდი მეოხება აქვს). პატრიარქს ჰქონდა ხილვა - გასულიყო ქალაქის კარიბჭესთან და ვინც გამთენიისას ქალაქში პირველი შემოვიდოდა, მისთვის ლოცვა ეთხოვა. ასეც მოიქცა. გამთენიისას ქალაქში ერთი მოხუცი შემოვიდა. ზურგზე შეშა ჰქონდა აკიდებული. პატრიარქმა გააჩერა და ლოცვა სთხოვა. მოხუცმა იუარა - მე ვინ ვარ, რომ ჩემმა ლოცვამ სასწაული მოახდინოსო, მაგრამ დამორჩილდა უმაღლეს იერარქს და ილოცა. მოხდა სასწაული - წვიმა მოვიდა და ქალაქი დაღუპვას გადარჩა. პატრიარქი გაოცდა და ამ კაცის ცხოვრებით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ მოხუცი ყოველდღე, დილაადრიანად გადიოდა ქალაქგარეთ, შემოგარენში აგროვებდა იმდენ შეშას, რამდენსაც მოერეოდა და ქალაქში გასაყიდად მიჰქონდა, მიღებული ფულით თავისთვის სარჩოს იყიდდა, დანარჩენს კი გლახაკებს აძლევდა, მეორე დღისთვის არაფერს იტოვებდა. პატრიარქი გაოცდა და მოხუცს ჰკითხა, - ზამთარში რაღას შვრებიო. მეც ამ გლახაკების გვერდით ვზივარო. აი, საოცარი მაგალითი ქრისტიანისათვის.

- უკიდურესი გაჭირვების გამო ბევრი სასოწარკვეთილია, იმედი აქვს დაკარგული...

- სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი თვლის თავს ყველაზე გაჭირვებულად, თუმცა ასეთ ადამიანს შემიძლია მალევე ვაჩვენო მასზე ბევრად გაჭირვებული. მათ კი, ვინც მართლაც უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია, მინდა გავახსენო, რომ ყოველდღე იღუპება ათასობით ადამიანი. ასე რომ, მხოლოდ მატერიალური სიდუხჭირის გამო ნუ წარიკვეთთ სასოს.

ყოველთვის, როცა მომაკვდავის საზიარებლად მივდივარ, ვკითხულობ, დრტვინავს თუ არა-მეთქი. ზოგი იწყებს ყვედრებას, ღვთის გმობას - ეს მე რატომ უნდა მომსვლოდაო. ზოგი კი პირიქით, ოჯახის წევრებს მადლობას უხდის, მშვიდადაა. ასეთთა ზიარება თითქოს უფრო ადვილია. ამ უმადურობის მიზეზიც ჩვენი ამპარტავნებაა, რადგან რეალურად იმასაც კი არ ვიმსახურებთ, რაც ლაზარეს ჰქონდა. უფლის იმედი, რწმენა და სასოება გადაგვარჩენს. ეგვიპტეში იყო ერთი ოჯახი. ცოლი ძალიან მოწყალედ ცხოვრობდა, ყველაფერს უხვად გასცემდა. თუმცა ქმარი ხანდახან ეჩხუბებოდა - ცოტა "შავი დღისთვისაც" შემოინახეო. მართლაც, მოხდა ისე, რომ ოჯახს ძალიან გაუჭირდა. ახლოვდებოდა წმინდა დიდმოწამე მინას ხსენება. ამ წმინდანს ეგვიპტეში განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. ქმარი წუხდა - დღესასწაულს ღარიბულად უნდა შევხვდეთო. ცოლმა მას წირვაზე წასვლა ურჩია, - ევედრე წმინდა მინას და დაგვეხმარებაო. კაცმა ერთი კი ჩაილაპარაკა, - რა უნდა მოხდეს, როცა ჯიბეში მხოლოდ ერთი თევზის ფული მიდევსო, - მაგრამ წირვაზე მაინც წავიდა. შინ დაბრუნებისას ერთი თევზიც იყიდა და მოხდა სასწაული: როცა თევზი გაჭრეს, შიგანში ძვირფასი ქვა აღმოჩდა და ოჯახს ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცა. აი, რა შეუძლია უფლის რწმენას.

- როგორ უყურებს ეკლესია ვალს?

- გასესხება არ ნიშნავს მევახშეობას. სხვაგვარად, როცა მევახშეობით ადამიანი ფულს შოულობს, დიდი ცოდვაა. თუ გვაქვს საშუალება და ახლობელს სჭირდება, ცხადია, უნდა დავეხმაროთ. როგორი მოწყალეცაა უფალი ჩვენს მიმართ, რომლებსაც მის წინაშე უდიდესი ვალი გვაქვს, ასევე უნდა ვეცადოთ, ჩვენც მაქსიმალურად მოწყალენი ვიყოთ მოვალეთა მიმართ. სახარებაში ასეთი იგავია მოთხრობილი: კაცმა შეიპყრო მოვალე და ვალის გადახდა მოსთხოვა - არადა, ცოლ-შვილს გაგიყიდიო. მოვალე ჩაუვარდა ფეხებში და სთხოვა, ნუ გაიმეტებ ჩემს ცოლ-შვილს, სესხის გადაუხდელობა მაპატიეო. შეიბრალა კაცი ბატონმა. ბატონისგან წამოსულ კაცს გზად თავისი მოვალე შემოხვდა, რომელსაც გაცილებით ნაკლები მართებდა მისი, ვიდრე თავად ამ კაცს - ბატონისა. უგუნურმა არ ისმინა ღარიბის თხოვნა-ვედრება და ცოლ-შვილი გაუყიდა. ეს რომ ბატონმა გაიგო, მოვალე მოაბრუნა და ძვირად აზღვევინა.

ჩვენც ასე არ უნდა მოგვივიდეს. თუმცა, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ვისაც ვალი აქვს, ყველანაირად უნდა ეცადოს მის გასტუმრებას. თუ ამის საშუალება აქვს და არ აკეთებს, ცოდვაა.

- მამაო, აბორტის მიზეზად ქალები ხშირად მატერიალურ სიდუხჭირეს ასახელებენ - ბავშვის რჩენის საშუალება არ გვექნებაო...

- ეს არის ურწმუნოება და გულქვაობა. უფალი ამბობს: შეხედეთ, როგორ იზრდება ველის შროშანი, ის ხომ არაფერზე ზრუნავს, არამედ უფალი ზრდის მასო. მით უმეტეს, ის დაეხმარება და გაზრდის მის ხატებასა და მსგავსებას - ადამიანს. აი, სადამდე მიდის ჩვენი ურწმუნოება. იმის შიშით, რომ რჩენის საშუალება არ ექნებათ, ხალხი შვილებს ხოცავს. ასეთებს ვეტყოდი - იქნებ სჯობს, მოკლათ ის შვილი, რომელიც უკვე გყავთ და აბორტი არ გაიკეთოთ? მეტყვიან, - გიჟი ხარო. არადა რა მნიშვნელობა აქვს, რომელ შვილს გამოვასალმებთ სიცოცხლეს? არც კი ვიცი, რა ვუწოდო ამას. რაც უნდა გაჭირვებული იყოს ოჯახი, ეს არ არის საბაბი აბორტის გაკეთებისა. აბორტს არავითარ შემთხვევაში არა აქვს გამართლება.

უფალმა ადამს, შემდეგ ნოეს უთხრა, - აღორძინდით, გამრავლდით, აღავსეთ ქვეყანაო. თუ არ ვმრავლდებით, მაშინ არც აღორძინებაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია. აბორტის სათავე არის ურწმუნოება. ასეთი მშობლები როგორც აღზრდიან შვილებს, ნათელია.

- მამაო, ზოგიერთს მიაჩნია, რომ ტაძრების მშენებლობა არ არის მართებული - დიდძალი თანხა იხარჯება მაშინ, როცა ხალხი შიმშილობს, თანაც ხშირად ეს ტაძრები არასწორი გზით ნაშოვნი ფულით შენდება.

- ვინც ასე აზროვნებს, მათ მინდა ვუთხრა: ჩვენს ქვეყანას მტერი არასდროს ჰკლებია. გამოვიარეთ რომაელთა, ბიზანტიელთა, არაბთა, თურქთა, სელჩუკთა, რუსთა ბატონობის უღელი. ჯვრითა და მახვილით მოვედით აქამდე. არც ერთი დიდი ტაძარი, კათედრალი არ აშენებულა თამარის ეპოქაში, მაშინ, როცა ყველაზე მეტად ულხინდა საქართველოს. სვეტიცხოველი, ბაგრატი, ალავერდი, ოშკი, აწყური აშენებულია X-XI საუკუნეებში, როცა დაშლილ-დაქუცმაცებულ საქართველოს მომხვდური არბევდა. უჭირდა ქვეყანას, იყო შინა მტრობაც. მაგრამ ზუსტად ეკლესია-მონასტრებში გამოიჭედა აღმშენებლობის სული. ნახეთ, ერს უჭირს, მაგრამ ერი მოწყალეა, თითქოს მოწყალებას გასცემს, უფალს ადიდებს და აშენებს ტაძრებს, ღვთის სახლს. გადასახლებიდან დაბრუნებულ ებრაელებს არაფერი გააჩნდათ, მაგრამ პირველი, რაც გააკეთეს, სოლომონის ტაძარი აღადგინეს.

და არა აქვს მნიშვნელობა, როგორი ფულით შენდება. ადამიანმა, რომელსაც მატერიალური შესაძლებლობა აქვს, გადაწყვიტა, ეკლესიას დაეხმაროს, ტაძარი ააშენოს, შესაწირი გაიღოს... რით არის ეს ცუდი? რთულ პერიოდში სწორედ ტაძრის აშენება გახლდათ ერის სულიერი გამოღვიძების საწინდარი, ნიშანი.

ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს. ამინ.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat