სულისგან დატოვებული ადამიანის სხეული მკვდარია და იმიტომაც იხრწნება, რომ სულის გარეშე კვდომას და ხრწნას ექვემდებარება. წმინდა წერილში დრო, რომელსაც სული სხეულის გარეშე, ქრისტეს მეორედ მოსვლამდე გაატარებს, იწოდება "აჩრდილთა სიკვდილისაითა" (ფს. 22,4), ადამიანის სხეულის სიკვდილს კი ერთგვარ ბუნებრივ ძილსაც ადარებენ, რომელიც მისი სულიერი და ფიზიკური ძალების აღდგენას და განახლებას დაექვემდებარება. "იგი მცენარის თესლის მიწაში დათესვის მსგასია, რომელიც, დიახაც, უნდა გაიხრწნას, ახალი ცხოვრების ძირი ამოიყაროს და მწვანედ აბიბინებულმა, მარადისობის მშვენიერი ყვავილები და ნაყოფი გამოიღოს, - განმარტავენ მამები და გვირჩევენ: "როდესაც მიცვალებულს უმზერ, იმაზე კი არ იფიქრო, საბრალოს თვალები რომ აქვს დახუჭული და მდუმარედ წევს, არამედ იმაზე იფიქრე, თუ როგორ აღდგება იგი და როგორ მიიღებს გამოუთქმელ და განსაცვიფრებელ დიდებას, ანუ რეალობამ კი არ უნდა დაგამწუხროს, არამედ უფლის განგებულებით უნდა აღივსო და გარდაცვლილის სამომავლო ბედნიერი და მარადიული ცხოვრება წარმოიდგინო (უკეთუ იგი თავისი ცხოვრებითა და აღსასრულით ღვთისგან ამის ღირსად ჩაითვლება).
გარდაცვლილთა სულებმა ღვთისგან შენდობა რომ მიიღონ, დედაეკლესია ცისკარსა თუ მწუხრზე, დღითა და ღამით, ყოველდღიურად აღავლენს უფლისადმი მხურვალე ლოცვებს, რათა მოწყალე ღმერთმა შეუნდოს მათ სულებს მიწიერი შეცოდებანი და დაამკვიდროს მომავალ ცხოვრებაში იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. მიცვალებულთა მოხსენიების დღედ ითვლება ყოველი შაბათი და ის განსაკუთრებული დღეები, რომლებიც ეკლესიის მიერ არის დადგენილი.
ვესაუბრებით თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ალექსანდრე გალდავას.
- მამა ალექსანდრე, როდიდან შემოვიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში მიცვალებულთა მოხსენიების დღე და რატომ მაინცდამაინც შაბათი დღე ითვლება მიცვალებულთა დღედ?
- მიცვალებულთა მოხსენიება პირველი საუკუნიდანვე აღესრულებოდა იაკობის ჟამის წირვაში, პირველ ეკლესიაში უკვე არსებობს ლოცვები მიცვალებულთათვის, ასევე მარკოზის წირვაშიც. მოგვიანებით ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა განსვენებულთა მოხსენიებას, ამ დროს ხომ ერთიანდება ხილული და უხილავი სამყარო, სულიერი ერთობის დროს უდიდეს შვებას გრძნობენ ამ ქვეყნიდან გასული სულები. მებრძოლი, ხილული ეკლესია, რომელსაც მოქმედების ძალა ღვთისგან აქვს მინიჭებული, ვალდებულია, იზრუნოს გარდაცვლილთათვის, რათა დაეხმაროს მათ სულებს იმ რწმენით, რომ ღვთაებრივი გამომსყიდველის, იესო ქრისტეს წმინდა სისხლით განიბანოს იმ ადამიანთა ცოდვები, რომლებმაც დატოვეს თავისი სამყოფელი და ჩვენთვის უცნობ სხვა სამყაროში გადაინაცვლეს, ამიტომ ჩვენი ეკლესია ყოველ წირვა-ლოცვაზე მოიხსენიებს მათ. ახლა, რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს.
ღმერთმა უხილავი და ხილული სამყაროს შექმნა მეშვიდე დღეს დაასრულა, შემდეგ კი განისვენა. ამიტომაც ეს დღე ძველთაგანვე განტვირთვის, დასვენების დღედ იყო მიჩნეული, რომელიც ადამიანს ღვთის დიდებისთვის უნდა მიეძღვნა და არა შრომისთვის. თუ მოსეს სჯულის თანახმად, ძველი აღთქმის ეკლესიაში მეშვიდე დღედ შაბათი იყო მიჩნეული, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდგომ ქრისტიანთათვის ღვთის სადიდებელი დღე კვირა გახდა, რადგან ამ დღეს მოხდა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა და კაცობრიობის გამოსყიდვა. ამიტომ მართლმადიდებლები ყოველ კვირა დღეს მცირე აღდგომას უწოდებენ და ამ განწყობით მიდიან საკვირაო წირვაზე დასასწრებად მთელი საეკლესიო წლიური ციკლის განმავლობაში აღდგომიდან აღდგომამდე. ვინაიდან სამყაროს შექმნის შემდეგ უფალმა შაბათ დღეს განისვენა, სწორედ ამ მნიშვნელობით იქნა გადმოტანილი შაბათი მიცვალებულთა განსვენების დღედ. შაბათ დღეს განისვენა ღმერთმა და მასთან ერთად - იმ ადამიანთა სულებმაც, რომლებიც გათავისუფლდნენ ამქვეყნიური სამყოფელისგან, ამაო ზრუნვისა და მოქმედებებისგან. სწორედ ამიტომ გარდაცვლილს განსვენებულსაც უწოდებენ. აი, ასეთი მნიშვნელობა შეიძინა ამ დღემ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შემდეგ და ამიტომ არის ყოველი შაბათი მიცვალებულთა მოხსენიების დღე მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელიც საყოველთაო აღდგომის დიდ იმედსაც უკავშირდება.
- იქნებ იმაზეც გვესაუბროთ, თუ რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეებს?
- რადგან უფალი იესო ქრისტე 3 დღე საფლავში იმყოფებოდა, ამიტომ ანგელოზის მიერ 3 დღის შემდეგ პირველად წარდგება გარდაცვლილის სული უფლის წინაშე. მე-9 დღეს ის სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომ არსებობს ანგელოზთა 9 დასი, ამიტომ ამ დღესაც გაძლიერებულად ვლოცულობთ, რათა ღმერთმა გარდაცვლილის სულს 9 დასის ანგელოზებთან ერთად განუსვენოს. რაც შეეხება მე-40 დღეს, როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმიდან ვიცით, რომ 40 - საკრალური რიცხვია. 40 დღე იმარხულა წმინდა მოსემ ქორების მთაზე იმისათვის, რომ უფლისგან 10 მცნება მიეღო, ასევე 40 წელი გამოდიოდნენ ტყვეობიდან ებრაელები მოსეს წინამძღოლობით. 40 დღე მარხულობდა უდაბნოში უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, როცა ეშმაკისგან გამოიცდებოდა, და ყველაზე მთავარი რაც არის, აღდგომიდან მე-40 დღეს მიეკუთვნებათ ადგილი ჩვენს მიცვალებულებს და ამასთან დაკავშირებით უხდიან მათ პანაშვიდს, შეკვეთილ წირვას აყენებენ გარდაცვლილის სახელზე და ა.შ.
მოგეხსენებათ, ეკლესია ისეთი ინსტიტუციაა, რომლისგანაც ყველანი ვიღებთ სულიერ საკვებს - ფილოსოფოსებიც და გლახაკებიც, ამიტომ ყველას თავისი დონისა და ტიპის სწავლება სჭირდება. ამიტომ არსებობს მეორენაირი გადმოცემა და ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ჯერ მე-3 დღეს აჰყავს ანგელოზს გარდაცვლილის სული ცათა სასუფეველში ღვთის წინაშე წარსადგომად, მერე 6 დღე სასუფეველში ამყოფებს მე-9 დღემდე, რის შემდეგაც ისევ აჰყავს უფლის თაყვანის საცემად, ამის შემდეგ მე-40 დღემდე აცნობს ჯოჯოხეთს, სადაც მიცვალებული უყურებს იმ ტკივილს, მაგრამ თვითონ სრულად, რა თქმა უნდა, ვერ განიცდის, რის შემდეგაც კვლავ უფლის წინაშე წარადგენს მისთვის შესაფერისი ადგილის დასამკვიდრებლად. ესეც მიღებული შეხედულებაა, მაგრამ, ჩემი აზრით, პირველ შეხედულებას უფრო ზუსტი დატვირთვა აქვს, ვიდრე მეორეს.
- რაც შეეხება მესამე დღეს, ალბათ, ეს რიცხვი იმასაც უკავშირდება, რომ მაცხოვრის დასაფლავების შემდეგ მისი სული ჯოჯოხეთში ჩავიდა და მკვდრეთით აღდგომამდე 3 დღე იმყოფებოდა იქ მართალთა სულების გამოსახსნელად.
- დიახ, არის ეკლესიური სწავლება იესო ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის შესახებ მართალთა სულების გამოსახსნელად. ალბათ საინტერესოა, იმის შესახებაც გვესაუბრა, ვინ არიან მართალნი. მართალნი ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც, ძველი აღთქმის მიხედვით, მართალი, პატიოსანი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ. მეორე აზრის მიხედვით, მართალნი იყვნენ ისინიც, რომლებიც მონოთეიზმს ემხრობოდნენ, ანუ ერთ ღმერთს აღიარებდნენ. მესამე მოსაზრება მართალს უწოდებდა ყველას, ვინც ჯოჯოხეთში ჩასული მაცხოვარი ღმერთად აღიარა და ამის შედეგად გათავისუფლდა ჯოჯოხეთის ტყვეობიდან. ეს კლიმენტი ალექსანდრიელის შეხედულება იყო, რომელიც III საუკუნიდან მომდინარეობს. მას წმინდა ანასტასი სინელიც იზიარებდა. ასე რომ, ერთი ჩამოყალიბებული სწავლება არ არსებობს ამ საკითხზე. დარწმუნებით შეიძლება მხოლოდ ის ითქვას, რომ სასუფეველში არავის აიძულებენ შესვლას. იძულებით სიყვარული ისეთივე ცოდვაა, როგორიც ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმით გამოვლინება, მით უმეტეს, ღმერთს არ ახასიათებს სიყვარულით ძალადობა. იმასაც ამბობენ, რომ ჯოჯოხეთის კარები შიგნიდან არის დაკეტილი, რადგან ჯოჯოხეთში ისინი არიან, რომელთაც არ სურთ სასუფეველში ყოფნა. ასე რომ, ძნელია ზუსტად განსაზღვრა იმისა, თუ ვინ გამოიყვანა ქრისტემ ჯოჯოხეთიდან ან ვინ მიაჩნდა მართლებად. მაცხოვრის იგავების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ლევიტელი მღვდელი მტყუანი იყო, სამარიტელმა კი, რომელმაც გლახაკს მოუარა და უპატრონა - მართალი. ხშირად იგავებში ძველი აღთქმის სამღვდელოება, რომლებიც მართალ რწმენას ემსახურებოდნენ, არამართლებად იწოდებიან, ვინმე ცოდვილი მეზვერე კი მართლად არის გამოყვანილი. ლონგინოზ ასისთავი, რომელიც გამორჩეული იყო ურწმუნოებით, ყველაზე დიდი მორწმუნე გახდა ისრაელში. მაცხოვარი მასზე ამბობს, ასეთი სარწმუნოება ჯერ არ მინახავსო. ამით იმის თქმა მინდა, რომ თვით წარმართებშიც არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შემდეგ გამართლდნენ. ასე რომ, ვინ არის ღვთის წინაშე მართალი და ვინ - არა, ეს ღმერთმა იცის. ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა ნიშნავს მისი კარების დამსხვრევას, იქიდან მართალთა სულების გამოყვანას და სასუფევლის სიხარულში მათ განდიდებას. როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ უდიდესი მამის, იოანე ოქროპირის მართლაცდა გამაოგნებელი ქადაგება, რომელიც ყოველი აღდგომის ლიტურგიის დაწყების წინ იკითხება: "აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი, აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქეობს, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამი შესვენებულთა... სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?.."
იკონოგრაფიაში ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა მეტად ხატოვნად არის ნაჩვენები: გაკოჭილი ეშმაკი ხელფეხშეკრული აგდია, მის ზემოთ კი - ორი გადაჯვარედინებული ჩამოგდებული კარი, იქვეა დამტვრეული ბოქლომები, გასაღებები, წამების სხვადასხვა იარაღი, შუაში კი მაცხოვარი, რომელიც ათავისუფლებს დატყვევებულ სულებს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქრისტეს აღგომით შეიმუსრა ბოროტი ძალა. აღდგომილი ქრისტე ნიშნავს იმას, რომ ბოროტი სული ვეღარ დაეუფლება ადამიანს, რადგან ღმერთი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში წმინდა ევქარისტიის სახით, რის შემდეგაც ადამიანი ქრისტეს ნაწილი ხდება. წმინდა ზიარებით ადამიანი ღვთაებრივ ბუნებას ეზიარება და ეშმაკს ერთმევა ძალა, თავისი მანქანებით დაუპირისპირდეს მას. რასაკვირველია, ეს მანქანება მას ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს, მაგრამ ის დიდება, რომელიც ადამიანმა წმინდა ევქარისტიის სახით მიიღო ქრისტესგან, სძლევს ეშმაკის მიერ დაგებულ მახეებს და მის ყოველგვარ ბოროტებას.
- სულთმოფენობის წინა დღეს, ტრადიციულად, ჩვენს ეკლესიაში აღინიშნება სულის შაბათი, მიცვალებულთა მოხსენიების ყველაზე დიდი დღე წელიწადში. რით არის ეს დღე განსაკუთრებული სხვასთან შედარებით?
- მიცვალებულთა მოხსენიების მრავალი დღე არსებობს, მაგრამ ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია, ისე როგორც სულთმოფენობა არის ულამაზესი და ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული. მოგეხსენებათ, ქრისტეს აღგომიდან 50-ე და მისი ამაღლებიდან მე-10 დღეს, მოციქულებზე გადმოვიდა სულიწმინდა. მათ მიეცათ ღვთაებრივი ენერგია, მადლი სულისა წმინდისა, რათა თავიანთი ქადაგებით განევრცოთ ქრისტიანობა მთელ სამყაროში. აღსრულდა საქმე უფლისა, რომელიც მან თავისი განკაცებით დაიწყო. ეს დღე კი იქცა ეკლესიის ღვთიური მადლით აღვსებისა და მისი დაარსების დღედ და ვინაიდან ეკლესია არ არის მხოლოდ ხილული და არსებობს უხილავი ზეციური ეკლესიაც, რომლის წევრებიც ანგელოზთა დასთან ერთად ჩვენგან წასული ადამიანებიც არიან, სწორედ ამ ეკლესიათა და მის წევრთა ერთობასა და სისავსეს აღვნიშნავთ ამ დღეებში. სულის შაბათს, სულთაობას, მოვიხსენიებთ ჩვენს მიცვალებულებს, სულთმოფენობის - დიდი საუფლო, ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეს, რადგანაც ამ დღეს ეკლესიის აღვსება არა მხოლოდ ჩვენთვის მოხდა, არამედ ჩვენი მიცვალებულებისთვისაც. მართლმადიდებელი ეკლესია გამოარჩევს და აღიარებს ჩვენს განუწყვეტელ კავშირს გარდაცვლილ სულებთან და მათ ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებას კიდევ ერთხელ შეავედრებს უფალს ეკლესიის დაარსებისა და აღვსების წინ. მწუხრში იკითხება ბასილი დიდის საგანგებო ლოცვები მიცვალებულთა მოსახსენებლად, ამიტომ არის ეს დღე თავისი დატვირთვით და სულიერი მნიშვნელობით განსაკუთრებული. ამ დღეს გადიან სასაფლაოებზე, აკეთებენ კორკოტს, მიაქვთ საკურთხი ეკლესიაში და იხდიან პანაშვიდს ოჯახის იმ წევრის მოსახსენებლად, რომელმაც სამარადისო სამყოფელში პოვა განსასვენებელი.
- უღრმეს მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრისთვის.
(გაგრძელება იქნება)