ჯვარცმა არ მომხდარა მხოლოდ საუკუნეების წინ; ის აღესრულება დღესაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში
დიდმარხვის შუა პერიოდში, მესამე კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულს აღნიშნავს.
ყოველი ადამიანის ჯვარი მძიმეა და სულიერი და ფიზიკური ძალა უნდა მოვიკრიბოთ, რომ მისი სიმძიმის ქვეშ არ დავეცეთ. როცა ადამიანს გაუჭირდება ჯვრის ტვირთვა, დახმარება უფალს უნდა შესთხოვოს. შეგიძლიათ თქვენივე სიტყვებით შეევედროთ მას: "უფალო, აღარ ძალმიძს მეტის მოთმენა, მოდი ჩემთან და შემეწიე, იტვირთე ჩემი ჯვარი". და უფალი აუცილებლად მოვა და შეგეწევათ. ყოველ ადამიანს და ყოველ ერს თავისი ჯვარი აქვს, თავისი გასაჭირი და განსაცდელი, რომელიც ღვთისგანაა ბოძებული. საქართველოს ჯვარი მუდამ მძიმე იყო. ასეა დღესაც, როცა დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ქვეყნისა; მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე დადგება დღე, როცა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ საქართველოს დაუბრუნდება, რადგან ეს საჭიროა არა მარტო ქართველებისათვის, არამედ აფხაზებისა და ოსებისათვის, მათი ეთნიკური გადარჩენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. ეს იქნება ნება ღვთისა და ეს იქნება სათნო ღვთისათვის", - ბრძანა ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ქადაგებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. გოლგოთის მთაზე აღმართულ ჯვარზე აღსრულდა მაცხოვრის მსხვერპლშეწირვა, რომელმაც აგვიყვანა ზეცაში და დაკარგული დიდება დაგვიბრუნა. ამიტომაც ჯვარი ქრისტიანისათვის ყველაზე წმინდა საგანია, რომელიც მარადიულად გვახსენებს ღვთის მიერ ჩვენთვის გაღებულ მსხვერპლს და ჩვენს მოვალეობას. ჯვარცმა არ მომხდარა მხოლოდ საუკუნეების წინ; ის აღესრულება დღესაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, გოლგოთის გარეშე არ არსებობს აღდგომა და გადარჩენა. გვესაუბრება კანადაში მოღვაწე დეკანოზი პავლე ზაქარაია.- მამაო, როგორც ვიცით, დიდი მარხვის მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება. რას აღვნიშნავთ ამ დღეს და რატომ ვზეიმობთ მაინცდამაინც დიდმარხვის შუა კვირას?
- ამ დღის ღამისთევისას დიდი დიდებისმეტყველების შემდეგ ტაძრის შუაგულში საზეიმოდ გამოასვენებენ ჯვარს და მთელი კვირით ტოვებენ. ყოველი ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება ჯვრის განსაკუთრებული თაყვანისცემა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ჯვარზე ამ კვირადღის ყველა საგალობელი მოგვითხრობს, მაგრამ გვაუწყებს არა ვნებასა და ტანჯვას, არამედ ძლევასა და სიხარულს. მეტიც, მეორე საკვირაო კანონის ძლისპირები აღებულია საპასექო ღმრთისმსახურებიდან: "აღდგომისა დღე" და მთლიანად ეს კანონი სააღდგომო კანონის, ასე ვთქვათ, პერიფრაზს ნარმოადგენს.
ყოველივე ამის საზრისი ცხადია. ჩვენ დიდი მარხვის შუაგულს მივაღწიეთ. ერთი მხრივ, ფიზიკური და სულიერი მოსაგრეობა, თუ ის სერიოზული და თანმიმდევრულია, აუცილებლად იჩენს თავს და იგრძნობა დაღლილობა. ჩვენ შემწეობა და გამხნევება გვესაჭიროება. მეორე მხრივ, როცა ამ დაღლილობას დავითმენთ და მთის ნახევარზე ავალთ, იქიდან უკვე მოჩანს მოგზაურობის დასასრული და სააღდგომო ნათლის ბრნყინვალება უფრო ხილვადია. დიდი მარხვა ჩვენი თვითჯვარცმის დროა. ჩვენი თუნდაც შეზღუდული გამოცდილებაა ქრისტეს მოწოდებისა, რომელიც ამ დღის სახარების საკითხავში ჟღერს: "რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაი, უარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მკ. 8,34). მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ჯვრის აღება და ქრისტეს მიდევნა, თუ თვით ქრისტეს ჯვარს არ ავიღებთ, რომელიც მან ჩვენს საცხოვნებლად აიღო. მხოლოდ მისი ჯვარი გვაცხოვნებს და არა ჩვენი. მხოლოდ მისი ანიჭებს ჯვარი ჩვენს ჯვრებს არა მარტო საზრისს, არამედ ძალასაც. სწორედ ესაა განმარტებული ჯვრის თაყვანისცემის კვირის სვინაქსარში.
- როდის და რატომ დაწესდა იგი და რას ვიხსენებთ ამ დღესასწაულზე?
- მოგეხსენებათ, უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული დაწესდა 1500 წლის წინათ, როდესაც პატრიარქმა მაკარიმ ელენე დედოფლისა და მრავალრიცხოვან ქრისტიანთა თანდასწრებით კეთილმსახური დედოფლის მიერ მოპოვებული უფალ იესო ქრისტეს ჯვარი აღამაღლა, დედოფალი და იქ შეკრებილი ხალხი ისეთი კრძალვით შეჰყურებდნენ მას, თითქოს თვით ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს ხედავდნენ, რომელიც ენით აუწერელ ტანჯვაში ატარებდა თავისი მოწამებრივი ცხოვრების უკანასკნელ წუთებს. მათ შიშითა და სიყვარულით მუხლი მოიყარეს ცხოველმყოფელი ჯვრის წინაშე და ერთხმად აღმოხდათ: "უფალო, შეგვიწყალენ!"
ამ დღესასწაულზე ვიხსენებთ ჩვენთვის ჯვარცმულ უფალს, რათა ვიგლოვოთ საკუთარი ცოდვები, რომელთა გამო ყოველდღიურად ჯვარს ვაცვამთ მაცხოვარს. ცრემლი დავღვაროთ ჩვენი ურჩობისა და გაუგონრობის, ჩვენი მრავალრიცხოვანი მიწიერი მისწრაფების, ღმრთისა და მოყვასის არასაკმარისი სიყვარულის, ჩვენი სიზარმაცის, თავისმოყვარეობისა და მისგან გამომავალ ყველა სხვა ვნებათა გამო და წრფელი გულითა და მხურვალე ცრემლებით ვთქვათ: "უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ! უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, რომელმაც სისხლი დასთხიე ჩვენი ხსნისათვის, შეგვიწყალენ ჩვენ: მცირედმორწმუნენი, ამაყნი, გულღვარძლიანნი, მოშურნენი, ვერცხლისმოყვარენი, ძუნწნი, დიდებისმოყვარენი, გემოთმოყვარენი, ზარმაცნი, დაუდევარნი - განსაკუთრებით საკუთარი ცხონების საქმეში, მჭმუნვარენი, სულმოკლენი, მდრტვინვარენი, და მიაქციე ჩვენი გულები შენსკენ, ცხოვრების მომცემელისკენ, ისე, რომ არავინ გვიყვარდეს და არაფერს ვეძიებდეთ ამქვეყნად შენ გარდა, შენი სისხლით გამოსყიდული ცათა სასუფევლის მარადიული ნეტარების გარდა. უფალო! შიშსა შენსა მიამსჭვალე ხორცი ჩვენი. უფალო! ამა სოფლის სიამეთაგან განაშორე გული ჩვენი".
წმინდა ეფრემ ასური წერდა: "ჯვარი - აღდგომაა მკვდართა. სასოებაა ქრისტიანთა. ჯვარი - კვერთხია მკელობელთა. ნუგეშია ღატაკთა. ჯვარი - აღვირია მდიდართა. სიმბოლოა დემონებზე გამარჯვებისა. ჯვარი - იმედია სასოწარკვეთილთა. სავანეა შეპყრობილთა. ჯვარი - გამზრდელია ყრმათა. საჭეა ზღვაოსანთა. ჯვარი - მამაა ობოლთა. ნუგეშია მწუხარეთა. ჯვარი - მრჩეველია მართალთა. ჩინებულებაა მეფეთა. ჯვარი - მცველია ჩვილთა. თავისუფლებაა მონათა. ჯვარი - ზღუდეა მტრით გარემოცულთათვის. გვირგვინია ბერთა. ჯვარი - ნათელია ბნელში მყოფთათვის. მფარველია მამათა. ჯვარი - საცდურია იუდეველთა. სიბრძნეა უმეცართა. ჯვარი - ქადაგებაა წინასწარმეტყველთა. თანამგზავრია მოციქულთა. ჯვარი - სიხარულია მღვდელთა. უბიწოებაა ქალწულთა. ჯვარი - ქებათა-ქებაა წამებულთა. სიმტკიცეა ეკლესიისა. ჯვარი - ძალია უღონოთა. მკურნალია უძლურთა. ჯვარი - განმწმენდია კეთროვანთა. აღმდგენია განრღვეულთა. ჯვარი - დამსხვრევაა საკერპეთა. კეთილსაიმედოობაა მონაზონთა. ჯვარი - წყაროა მწყურვალთა. საფარველია შიშველთა. ჯვარი - წმიდა სკიპტრაა ქრისტე მეუფისა! დაუძლეველი ზღუდეა მართლმადიდებელთა!"
- როგორია ჯვრის სიმბოლური დატვირთვა?
- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს, რომ ძველი აღთქმის პერიოდში ჯვარი სრულ განკიცხვასა და სიკვდილს გამოსახავდა. თუკი ჯოჯოხეთს ფსკერი აქვს, ჯვარი ჯოჯოხეთის ფსკერის იერსახე იყო. ამიტომაც ქრისტემ, მთელი კაცობრიობის სანაცვლოდ შეწირულმა ტარიგმა, ჯვარცმა აირჩია - ტანჯვის სახე, რომელიც ყოველგვარ სულიერ და სხეულებრივ ტკივილს იტევდა.
სექტანტები მართლმადიდებლებს ჯვრის თაყვანისცემას საყვედურობენ. მათ ჰგონიათ, რომ სიკვდილისა და წამების იარაღის პატივისცემა დაუშვებელია. ამაში ჯვართან ძველაღთქმისეული დამოკიდებულების ინერცია ჩანს. მათთვის სიკვდილი ასოცირებულია დამარცხებასთან, ჩვენთვის კი ჯვარი უდიდესი გამარჯვების - სიცოცხლის სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მეუფებაზე გამარჯვების სიმბოლოა. ჯვარზე სიკვდილმა კი არ დაამარცხა მაცხოვარი, არამედ ჯვრით მან სიკვდილს სძლია. ჩვენთვის ჯვარი ის ერთადერთი ძალაა, რომელიც მიწას ცასთან აერთებს, უფსკრულზე გადებული საიდუმლო ხიდია, რომლითაც ადამიანი ღმერთს უახლოვდება. ჩვენთვის ჯვარი და აღდგომა განუყოფელია.
ჯვარცმის წინ უფალმა თქვა: "აწ იდიდა ძე კაცისა". ჯვარი მისი დიდება, მისი სიყვარულის მარადიული ბრწყინვალებაა. იოანე ოქროპირი გვასწავლის: ჯვარმა არა მარტო ადამიანები გამოიხსნა, არამედ ანგელოზებიც კიდევ უფრო დაუახლოვა ღმერთს. მოწაფეებს რომ ეთხოვებოდა, მაცხოვარმა უთხრა მათ: "მცნებასა ახალსა მოგცემთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი, ვითარცა მე თქვენ შეგიყვარეთ". გოლგოთის ჯვრის გარეშე ეს მცნება აუხსნელი და გაუგებარი რჩებოდა. უფალმა თქვა: "არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა". ჯვარი სულიერი მახვილია, რომელიც არღვევს ცოდვასთან შერიგებას და რომელიც მარადისობაში ჭეშმარიტ ქრისტიანებს მოჩვენებითი ქრისტიანებისგან განაცალკევებს. ჯვარი ღვთაებრივი სიყვარულის უდიდესი გამოხატულებაა. საეკლესიო ჰიმნოგრაფები ჯვარს ხორცშესხმულ სიყვარულს უწოდებენ. მისი ვერტიკალური ღერძი გამოხატავს სიყვარულს ღმერთსა და ადამიანს შორის, ხოლო ჰორიზონტალური - სიყვარულს კაცთა შორის. ჯვარი უფლის მიერ ნაბოძები იარაღია ბოროტი ძალების წინააღმდეგ. ჯვარი მთელ ჩვენს ცხოვრებას მოიცავს. პირჯვრის გამოსახვით იწყება ადამიანის ქრისტიანად მონათვლის საიდუმლო. ქრისტიანი გულით ატარებს ჯვარს, როგორც მძლავრ იარაღს ჯოჯოხეთის ბნელი ძალების წინააღმდეგ. ჯვარი აკურთხებს ქრისტიანის საფლავს მისი სიკვდილის შემდეგ. ჯვრით უფალმა გვიხსნა მარადიული სიკვდილის, გეენიის ცეცხლის, ჯოჯოხეთის უფსკრულის, ღმერთისგან დატევებისა და დავიწყების წყვდიადისაგან, რომელშიც მთელი კაცობრიობა უნდა დანთქმულიყო.
- ზოგჯერ სხვა კონფესიის ადამიანები კითხულობენ, რატომ მივიჩნევთ ჩვენ ჯვარს ქრისტიანულ სიმბოლოდ. როდის გახდა ჯვარი ქრისტიანული სიმბოლო?
- სექტანტები აცხადებენ, რომ ქრისტიანებს ჯვარზე არავითარი "მონოპოლია" არ აქვთ, იმიტომ, რომ ჯვარი ერების უმრავლესობისთვის მისტიკური სიმბოლოა და გარდა ამისა, მათი აზრით, ჯვარი სიმბოლოდ ქრისტიანებმა მხოლოდ IV საუკუნეში მიიღეს, ისიც - ბიზანტიის იმპერატორის, კონსტანტინე დიდის ბრძანებით. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე ჯვრის სხვადასხვა ფორმა გვხვდება აზიისა და აფრიკის მრავალი ერის კულტურაში. სხვადასხვა ერში ამ სიმბოლოს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭებოდა. როგორც წესი, ჯვრის სიმბოლიკა უკავშირდებოდა სამყაროს, კოსმოსს, ზეცისა და მიწის, ან დროისა და სივრცის ურთიერთშეპირისპირებას. ჯვრის გამოსახვა ასევე უკავშირდება ციფრების სიმბოლურ მნიშვნელობას (მაგალითად, X და მისგან წარმოებული ციფრები).
ქრისტიანობაში ჯვარი პრინციპულად ახალ, უჩვეულო მნიშვნელობას იძენს, რომელიც მანამდე არსად, არც ერთ კულტურულ მემკვიდრეობაში არ ჩანს. ჯვარი ხდება უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სიმბოლო და კაცობრიობის გამოხსნის მოწმობა! სიკვდილით დასჯის ყველაზე სამარცხვინო იარაღი - ჯვარცმა ცხონების სიმბოლოდ იქცა! რომის იმპერიის მოქალაქენი არ ექვემდებარებოდნენ ამგვარ სამარცხვინო სასჯელს. თუმცა ის, რაც სამარცხვინო იყო რომაელთათვის, სრულიად საპირისპიროდ შემობრუნდა ქრისტიანთათვის და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და თაყვანსაცემ რელიგიურ სიმბოლოდ მოგვევლინა!
ჯვრის სიმბოლო რომის იმპერიაში საყოველთაოდ IV საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა. ტრადიციულად, ეს უკავშირდება იმპერატორ კონსტანტინე დიდის სახელს, რომელსაც 312 წელს ჰქონდა ჩვენება: ზეცაზე ჯვარი გამოისახა წარწერით "ამით სძლიე!" იმპერატორი თავისი ლაშქრით მტრის წინააღმდეგ ჯვრით გაემართა და მტერს სძლია. მას შემდეგ ჯვარი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.
კონსტანტინეს ეპოქამდე ქრისტიანები თავს იკავებდნენ ქრისტეს ჯვრისა და, მით უმეტეს, ჯვარცმის აშკარად გამოსახვისაგან. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჯვრის სიმბოლო მანამდე ქრისტიანულ სინამდვილეში არ არსებულა.
მრავალი მოწმობის თანახმად, ჯვარი, როგორც იესო ქრისტეს მიერ სამყაროს გამოხსნის იარაღი, ეკლესიის დაარსების დღიდან ქრისტიანთა შორის უდიდესი თაყვანისცემის საგანი იყო! ეკლესიის მამები ამ თაყვანისცემაზე საუბრობენ როგორც მოციქულთა გარდამოცემაზე, ანუ იმ ტრადიციაზე, რომელსაც დასაბამი თავად მოციქულებმა - ქრისტეს პირველმა მოწაფეებმა დაუდეს. პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ეს ცოდნა მიეკუთვნება disciplinae arcanae-ს ("საიდუმლო სწავლება" ან "სწავლების საიდუმლო"), რომელიც დამკვიდრებული იყო ქრისტიანულ სარწმუნოებასა და მის წეს-ჩვეულებებში და რაც საიდუმლოდ იყო დაცული წარმართთაგან.
როგორც ჩანს, ჯვრის ტრადიციის შესახებ წარმართებისთვის რაღაც მაინც იყო ცნობილი, რადგან მრავალი ქრისტიანი ღიად და მამაცურად თაყვანს სცემდა ჯვარს. წმიდა კვიპრიანე კართაგენელის ბიოგრაფის, პონტეს მოწმობით, III საუკუნეში ზოგიერთი ქრისტიანი ჯვარს შუბლზე გამოისახავდა; ქრისტიანების დევნის დროს სწორედ ამ ნიშნით გამოარჩევდნენ მათ და საწამებლად გადასცემდნენ. შემონახულია არქეოლოგების მიერ ნაპოვნი III საუკუნის ჭურჭელი, რომელზეც დატანილია ადამიანის სახის გამოსახულება ჯვრით შუბლზე.
VII მსოფლიო კრების დადგენილებებიდან ცნობილია, რომ III საუკუნეში, დიოკლეტიანეს მეფობის ჟამს, წმიდა მოწამეებს პროკოპსა და ორესტის ჯვარი მკერდზე ჰქონდათ გამოსახული.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ წარმართები ქრისტიანებს დაცინვით ცრუციცოლაე-ს (ჯვრისთაყვანისმცემლებს) უწოდებდნენ. მათ ეგონათ, რომ ქრისტიანები ჯვარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ფეტიშს ან კერპს.
რომსა და პომპეიში გათხრებისას ნაპოვნ საყოფაცხოვრებო საგნებზე ჯვრის ან ჯვარცმის მხოლოდ ალეგორიული გამოსახულება გვხვდება. ასევე მრავლად გვხვდება ჯვრის სიმბოლოები და სხვადასხვაგვარი ფორმა, მაგალითად ღუზა ან ქრისტეს სახელის პირველი ასო - X. ჯვრის თაყვანისცემის უძველეს ჩვეულებას ადასტურებენ II-III საუკუნეებში ტერტულიანე, ორიგენე და სხვები.
- წმიდა მამები ბევრს შეგვაგონებენ იმის შესახებ, რომ ქრისტიანის ცხოვრება ჯვარს უნდა ემსგავსოს!..
- წმიდა მოციქული პავლეს სიტყვებით: "ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომლისათვის სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე სოფლისა" (გალატელთა მიმართ ეპისტოლე, თ. 6,14). ეს ციტატა და მოციქულთა სხვა გამონათქვამებიც მოწმობენ იმაზე, რომ ჯვარი და პირჯვრის გამოსახვა ქრისტიანული ეკლესიის დასაბამითგანვე არა მხოლოდ გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი სიმბოლო, არამედ იგი იყო ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრალური ცნება.
წმიდა მამების გამონათქვამები ჯვრის შესახებ არის დასტური იმისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის დასაბამიდან ჯვარი მისი განუყოფელი ცენტრალური სიმბოლოა.
ტერტულიანე ქრისტიან ქალს მოძღვრავს, არ იქორწინოს წარმართზე და სხვა მოსაზრებების გარდა ასეთ კითხვას უსვამს: "შეძლებ თუ არა, ფარულად გამოისახო პირჯვარი ან გადასახო ჯვარი შენს საწოლს?"
ტერტულიანე (II საუკუნე)
"თუკი შენ, იუდეველი, გვსაყვედურობ, რატომ ვცემთ თაყვანს ჯვრის ძელს, როგორც უფალს, მაშინ რატომღა არ სდებ ბრალს იაკობს, რომელიც თაყვანს სცემდა თავისი კვერთხის წვერს: "სარწმუნოებით იაკობმან... თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა" (ებრ. 11,21). სავსებით ცხადია, რომ მან თაყვანი სცა არა ხეს, არამედ მისი მეშვეობით იოსებს, ისევე, როგორც ჩვენ ჯვრის თაყვანისცემით ვადიდებთ ქრისტეს და არა ხეს".
ნეაპოლის ეპისკოპოსი ლეონტი (III საუკუნე)
"დაე, ნუ შეგვრცხვება ჯვარცმულის თაყვანისცემა, გაბედულად გამოვისახოთ პირჯვარი; ჯვარი გადავსახოთ პურს, რომელსაც მივირთმევთ, ფინჯნებს, რომელთაგან ვსვამთ, ჯვარი გამოვსახოთ კარიბჭეებზე. გამოვისახოთ პირჯვარი, როცა ვიძინებთ, როცა ვიღვიძებთ, როდესაც ვმგზავრობთ და როცა ვისვენებთ. ჯვარი - უდიდესი დაცვაა გლახაკთათვის ძღვნად მოცემული და უძლურთათვის უშრომლად ბოძებული".
წმიდა კირილე იერუსალიმელი (IV ს.)
"თუკი იგრძნობ, რომ გული შენი ღიზიანდება და მძიმდება, პირჯვარი დაიწერე და ამ გზით დაიცავი მკერდი შენი".
წმიდა იოანე ოქროპირი (IV ს.)
"განვედ ჩემგან, სატანა, თორემ დაგცემ ჯვრით, რომლის წინაშეც ძრწის ყოველივე. ჯვარს ჩემი სხეულით ვატარებ; ჯვარს გამოვსახავ სიარულის დროს; ჯვარია ჩემს გულში და ჯვარია ჩემი დიდება!"
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (IV ს.)
- რას ნიშნავს ქრისტიანისთვის პირჯვრის გამოსხვა?
- წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს ამის შესახებ: ჯვარი არის თავი ჩვენი ცხონებისა, მიზეზი აურაცხელი სიკეთისა. მისი მეშვეობით ჩვენ, მანამდე ნაძრახნი და განკიცხულნი, ახლა შვილებად ვართ შერაცხილნი; მისი მეშვეობით აღარა ვართ შეცთომილნი, არამედ შევიცანით ჭეშმარიტება; მისი მეშვეობით ჩვენ, ვინც უწინ ქვებსა და ხეებს ვცემდით თაყვანს, ახლა ვაღიარეთ ყოველთა შემოქმედი. მისი წყალობაა, რომ ყველგან სულიერი ღმრთისმსახურება ტარდება, მის გამო უკუიქცევიან ეშმაკნი, მის გამო განვარდა სატანა, მის გამოა, რომ კაცობრივი ბუნება ანგელოზებრივს ეჯიბრება, მის გამო დამკვიდრდა ამ სოფელში ქალწულება.
რამეთუ მას შემდეგ, რაც მოვიდა ქალწულისაგან შობილი, კაცთა მოდგმამ შეიტყო სათნოების ამ გზის არსებობა. მან (უფალმა) განგვანათლა ჩვენ, აქამდე ბნელში მსხდომნი, მან გვაქცია ახლობლებად ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, მან მიგვიღო თვისებად ჩვენ, უცხონი; მან გვყო ზეცის მოქალაქეებად აქამდე მოხეტიალე მოგზაურნი. ის გახდა ჩვენთვის სამყაროს საყრდენი; მის გამო აღარ გვეშინია ეშმაკის მწველი ისრებისა, რამეთუ ვპოვეთ ცხოვრების წყარო. მის გამო აღარა ვართ ქვრივნი, რამეთუ სასიძო შევიძინეთ; მის გამო აღარ გვეშინია მგლისა, რამეთუ გვყავს მწყემსი კეთილი. "მე ვარ მწყემსი კეთილი" (იოან. 10,11), - ამბობს უფალი.
ჯვარზე აღსრულდა მსხვერპლშეწირვა, ხოლო სადაც მსხვერპლია, იქვეა ცოდვების მიტევებაც, იქვეა უფალთან შერიგებაც, იქვეა დღესასწაული და სიხარული. "რამეთუ ზატიკ ჩუენდა, ჩუენთვის დაიკლა ქრისტე" (1 კორ. 5,7). ამრიგად, ჯვარი ჭეშმარიტად დღესასწაულია ჩვენთვის. მან გაგვიღო სამოთხე, შეუძღვა მასში ავაზაკს; ორი უდიდესი საქმე აღასრულა - სამოთხე გააღო და ავაზაკი შეიყვანა, დაუბრუნა მას ძველი სამშობლო, მშობლიურ ქალაქში შეიყვანა. ამიტომ ნურავის შერცხვება ჩვენი ცხონების ღირსეულად თაყვანისცემული ნიშნისა, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყოველი სიკეთის საწყისისა, რომლითაც ვარსებობთ, არამედ ისე ვატაროთ ქრისტეს ჯვარი, როგორც გვირგვინი, რამეთუ მისი მეშვეობით სრულდება ყველაფერი, რაც ჩვენთვის საჭიროა: თუ შობაა საჭირო (ნათლისღებით), ჯვარს გვაძლევენ, საიდუმლო საზრდელის ხმევა გვსურს, ხელდასხმის მიღება თუ რაიმე სხვა - ყველგან ძლევის ეს ნიშანი გვხვდება. ამიტომ დიდი გულმოდგინებით გამოვსახავთ მას სახლებზეც, კედლებზეც, კარებზეც, შუბლზეც და გულზეც. რამეთუ ჯვარი არის ჩვენი ცხონების, თავისუფლებისა და მეუფის გულმოწყალების საერთო ნიშანი, მეუფისა, რომელიც "ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიყვანა" (ეს. 53,7). ამიტომ, როდესაც პირჯვარს ისახავ, წარმოიდგინე მთელი მისი მნიშვნელოვნება, დაშრიტე მრისხანება და ყველა სხვა ვნება; დაე, სახეზე ცხოველი სასოება გამოგეხატოს, სულმა კი თავისუფლება იგრძნოს. რამეთუ პირჯვარი მხოლოდ თითებით კი არ უნდა გამოვისახოთ, ამას გულის განწყობა და სრული სარწმუნოება უნდა უძღოდეს წინ. და თუ ასე ისახავ პირჯვარს, ვერც ერთი არაწმიდა სული ვერ გაბედავს შენთან მოახლოებას, რადგანაც დაინახავს იმ მახვილს, რომლითაც იგი მოწყლულ იქნა, და იმ იარაღს, რომლისგანაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ამრიგად, ნუ შეგრცხვება ესოდენი სიკეთისა და მაშინ არც ქრისტე შეგარცხვენს პირისპირ, როდესაც მოვა თავისი დიდებით, როდესაც ეს ნიშანი გამოჩნდება მის წინაშე უფრო ბრწყინვალედ, ვიდრე ყველაზე ბრწყინვალე მზის სხივი. ჯვარი არის ჩვენი ქება, თავი ყოველი სიკეთისა, ჩვენი კადნიერება და ჩვენი ერთადაერთი სამკაული.
ჩვენ მიერ გადასახული პირჯვარი თუ ხელის მოძრაობით ჯვრის ნიშნის გამოსახვა არის ჩვენი სარწმუნოების უსიტყვო აღიარება. ნეაპოლის ეპისკოპოსი ლეონტი ბრძანებს: "დაე, ნუ შეგვრცხვება ჯვარცმულის თაყვანისცემა, გაბედულად გამოვისახოთ პირჯვარი. ჯვარი გადავსახოთ პურს, რომელსაც მივირთმევთ, ფინჯნებს, რომელთაგან ვსვამთ, ჯვარი გამოვსახოთ კარიბჭეზე. გამოვისახოთ პირჯვარი, როცა ვიძინებთ, როცა ვიღვიძებთ, როდესაც ვმგზავრობთ და როცა ვისვენებთ. ჯვარი უდიდესი დაცვაა გლახაკთათვის ძღვნად მოცემული და უძლურთათვის უშრომლად ბოძებული".
ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი მართმადიდებელი ქრისტიანი უნდა ატარებდეს კისერზე დაკიდებულ სამკერდე ჯვარს, რომელსაც არასდროს უნდა იხსნიდეს (არც ძილის წინ, არც სააბაზანო ოთახში). ეს არის ნიშანი ქრისტიანობისა. ჯვარი უნდა იყოს ნაკურთხი მფლობელის სახელზე; ნაკურთხი ჯვარი მის მფლობელს ხილული და უხილავი მტრებისაგან იცავს. იგი შეიძლება დამზადებული იყოს ხისაგან (ბზა, კვიპაროსი, მუხა, ვაზი და სხვა), ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თითბერი, რკინა, ალუმინი და სხვა), ქვისაგან (გიშერი, სარდიონი, ობსიდიანი და სხვა), აგრეთვე პლასტმასისაგან.
ჯვარი შეიძლება იყოს მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით, შეიძლება იყოს სადა. მაგრამ თუ ჯვარი გამოსახულებიანია, იგი შესრულებული უნდა იყოს კანონიკურად.
სამკერდე ჯვარი უნდა ვატაროთ დაფარულად, ტანსაცმლის შიგნით, რაც სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ ქრისტიანული სარწმუნოება გულში გვაქვს დამარხული.
"ჯვარი - აღდგომაა მკვდართა. სასოებაა ქრისტიანთა. ჯვარი - კვერთხია მკელობელთა. ნუგეშია ღატაკთა. ჯვარი - აღვირია მდიდართა. სიმბოლოა დემონებზე გამარჯვებისა. ჯვარი - იმედია სასოწარკვეთილთა. სავანეა შეპყრობილთა. ჯვარი - გამზრდელია ყრმათა. საჭეა ზღვაოსანთა. ჯვარი - მამაა ობოლთა. ნუგეშია მწუხარეთა. ჯვარი - მრჩეველია მართალთა. ჩინებულებაა მეფეთა. ჯვარი - მცველია ჩვილთა. თავისუფლებაა მონათა. ჯვარი - ზღუდეა მტრით გარემოცულთათვის. გვირგვინია ბერთა. ჯვარი - ნათელია ბნელში მყოფთათვის. მფარველია მამათა. ჯვარი - საცდურია იუდეველთა. სიბრძნეა უმეცართა. ჯვარი - ქადაგებაა წინასწარმეტყველთა. თანამგზავრია მოციქულთა. ჯვარი - სიხარულია მღვდელთა. უბიწოებაა ქალწულთა. ჯვარი - ქებათა-ქებაა წამებულთა. სიმტკიცეა ეკლესიისა. ჯვარი - ძალია უღონოთა. მკურნალია უძლურთა. ჯვარი - განმწმენდია კეთროვანთა. აღმდგენია განრღვეულთა. ჯვარი - დამსხვრევაა საკერპეთა. კეთილსაიმედოობაა მონაზონთა. ჯვარი - წყაროა მწყურვალთა. საფარველია შიშველთა. ჯვარი - წმიდა სკიპტრაა ქრისტე მეუფისა! დაუძლეველი ზღუდეა მართლმადიდებელთა!"