ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს!
ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს!
ადამიანი თავისი თავის ყველაზე დიდი მამხილებელი თავადვე უნდა იყოს
"ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს", მოკვდე ქრისტესთვის - ეს ნიშნავს, უკვდავყო საკუთარი სული მარადისობაში - დაიმკვიდრო სასუფეველი. ადამიანისთვის მთავარი მიზანიც სწორედ სასუფევლის ძიება უნდა იყოს. უფალი ყველა ადამიანს ცხონებისთვის ქმნის, მაგრამ შემდეგ თითოეულმა თავად უნდა გააკეთოს მართებული არGევანი - იცხოვროს, იღვაწოს და მოკვდეს ქრისტესთვის.

რას გულისხმობს ქრისტესთვის სიკვდილის ძიება? რა არის უფლისთვის სიკვდილის ძიების საფუძველი? რატომ უნდა ვეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს და როგორ მივაღწიოთ ამ მდგომარეობას?

გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

- "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს" - ეს სიტყვები ცნობილია წმინდა ვახტანგ მეფის ანდერძიდან. ვახტანგ გორგასალი სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა. გარდაცვალებამდე ანდერძი დაწერა, რომლის მთავარი აზრიც სწორედ ეს შეგონება იყო.

ქრისტესთვის სიკვდილის ძიება ქრისტიანებისთვის ქრისტიანობის პირველივე საუკუნიდან, მოციქულთა ხანიდან ცხოვრების წესად იქცა. პირველი ქრისტიანები მართლაც პირდაპირ ეძიებდნენ ქრისტესთვის სიკვდილს. უამრავი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ქრისტეს მიმდევრები საკუთარი ნებით წარდგებოდნენ წარმართი მსაჯულების წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, სანაცვლოდ ტანჯვით სიკვდილი ელოდათ, აღიარებდნენ ქრისტეს - მიისწრაფოდნენ მოწამებრივი სიკვდილის მისაღებად...

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ქრისტესთვის სიკვდილის ძიებამ, მარტვილობის - უფლისთვის სისხლის დათხევით თავგანწირვის სურვილმა მასობრივი ხასიათი მიიღო. ამიტომაც ერთ-ერთ საეკლესიო კრებაზე წმინდა მამებმა მიიღეს გადაწყვეტილება, აეკრძალათ მოწამებრივი აღსასრულისკენ სწრაფვა. არა იმიტომ, რომ მარტვილობა ცოდვაა, არამედ იმის გამო, რომ ამან მასობრივი ხასიათი მიიღო - თუ თავად წარმართი ხელისუფლება არ დაიბარებდა, საეკლესიო კრების დადგენილების თანახმად, ეკლესია ქრისტიანს უფლებას არ აძლევდა, თვითონ წარმდგარიყო მსაჯულის წინაშე და ეღიარებინა ქრისტეს სჯული.

- საინტერესოა, რატომ ისწრაფოდნენ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ქრისტეს მიმდევრები ქრისტესთვის სიკვდილისკენ...

- რადგან იცოდნენ, რა ელოდათ ამის შემდეგ ცათა სასუფეველში. ქრისტესთვის ფიზიკური სიკვდილი - მოწამეობა უმაღლესი და უმოკლესი გზაა სასუფევლის დასამკიდრებლად. მარტვილი საკუთარი სისხლით იღებს ცოდვათა შენდობას, ამ დრომდე რაოდენ მძიმე შეცოდებაც არ უნდა ჩაედინა. მაგრამ თუ ადამიანში არ არის ქრისტიანული სული სარწმუნოებისთვის თავგანწირვისა, ასეთი კაცი მეყსეულად ვერ შეიცვლება. უამრავი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც წარმართებიც კი, ნახულობდნენ რა ქრისტიანთა მოწამებრივ სიკვდილს, აღიარებდნენ ქრისტიანობას და თვითონაც მარტვილობით იხოცებოდნენ ქრისტესთვის, თავიანთი სისხლით იღებდნენ ნათელს - ქრისტიანულ ნათლისღებას. მოწამე თავიდანვე რჩეული ჭურჭელია ღვთისა, არა იმის გამო, რომ უფალმა სხვებისგან გამოარჩია, არამედ თავისი სათნო ცხოვრებით, მოყვასის სიყვარულით, ღვთის სიტყვის მორჩილებითა და ერთგულებით ხდება უფლის რჩეული. შესაძლოა, ადამიანი არც იყოს ქრისტიანი, მაგრამ მისი ცხოვრების წესი, აზროვნება მიმართული იყოს იმისკენ, რომ გახდეს ღვთის მადიდებელი. სწორედ ასეთები იყვნენ ის წარმართები, რომლებიც აღიარებდნენ ქრისტეს და მაშინვე მოწამებრივად აღესრულებოდნენ ქრისტესთვის. ისინი შინაგანად იყვნენ სჯულის დამცველნი, რჩეული ჭურჭელნი ღვთისა.

სახარების თანახმად, როდესაც ნათანაელი მიდის მაცხოვართან, იესო ამბობს: "აჰა ჭეშმარიტი ისრაიტელი, რომელთანაც ზაკვა არ არის". ამ ადგილის განმარტებისას წმინდა მამები ბრძანებენ: ასეთია ადამიანი, რომელიც პირველი გაგონებისთანავე აღიარებს ქრისტიანობას, ჭეშმარიტ სჯულს. სწორედ ასეთები იყვნენ წარმართობიდან მოქცეული ქრისტიანები, რომელთა შესახებსაც ზემოთ ვისაუბრეთ. მათ ისეთ გარემოშიც რომ გაეგოთ ქრისტიანობის შესახებ, სადაც არც ტანჯვა ელოდათ და არც მარტვილებრივი აღსასრული, მაინც მიიღებდნენ ქრისტიანობას, რადგან არ ჰქონდათ მზაკვარი გონება.

- პირველ საუკუნეებში ქრისტიანული ეკლესია ხომ სწორედ ქრისტესთვის მარტვილებრივად აღსრულებულ ადამიანთა თავდადებამ გაამრავლა და განამტკიცა?

- ჭეშმარიტება ერთადერთია, არ შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ჭეშმარიტება. ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია ქრისტიანობაა, მართლმადიდებლობის სახით მოწოდებული. ღვთისთვის, სარწმუნოებისთვის ჭეშმარიტად აღსრულებულნი კი მხოლოდ ქრისტიანები არიან. შესაძლოა, სხვა სარწმუნოების მიმდევრებიც აღესრულონ ტანჯვა-წამებით, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფანატიზმია და არა სარწმუნოება.

მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ქრისტიანებზე. მოციქულები, რომლებიც შიშის გამო გაიფანტნენ მაცხოვრის ჯვარცმის დროს, მისი აღდგომის შემდეგ კვლავ შეიკრიბნენ, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ კი განმტკიცდნენ. პეტრე, რომელმაც სამგზის უარყო მაცხოვარი, მოწამებრივად აღესრულა. ყველა მოციქული, იოანე ღვთისმეტყველის გარდა, მარტვილებრივად აღესრულა ქრისტესთვის. მათ თავად უზენაესი ჭეშმარიტება შეიმეცნეს და მის გამო გახდნენ ესოდენ მტკიცენი თავიანთი სარწმუნოების აღსრულებაში.

შემდგომ მოციქულთაგან გადაცემულ სარწმუნოებას იგებდნენ სხვა ადამიანებიც. ისინი უკვე აბსოლუტურად იყვნენ დარწმუნებულნი ქრისტიანობის ჭეშმარიტებაში, რომელიც ამ დროს უამრავი საწაულით მტკიცდებოდა, ამიტომაც განუსაზღვრელი იყო მათი სარწმუნოებრივი სიმტკიცე. როდესაც ადამიანს სურს, თავი დადოს ქრისტესთვის, მას საღვთო მადლი იფარავს და განამტიცებს, რათა ეს ღვაწლი ბოლომდე იტვირთოს და აღასრულოს. წარმართები ქრისტიანთა სარწმუნოებისთვის თავდადებას რომ ხედავდნენ, რწმუნდებოდნენ ქრისტიანობის ჭეშმარიტებაში, რადგან მხოლოდ ჭეშმარიტებისთვის თუ შეძლებს ადამიანი მათ მსგავს თავგანწირვას. ამიტომაც უამრავი ადამიანი ხდებოდა ქრისტიანი. სულიწმინდის გარდამოსვლის დროს სულ 120 ადამიანი იყო ქრისტეს მიმდევარი, ქრისტეს ეკლესიის წევრი, მეოთხე საუკუნის დასაწყისში კი, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროს, ამ სარწმუნოებას უკვე მილიონობით ადამიანი მისდევდა. სამი საუკუნის განმავლობაში, თანაც დევნა-შევიწროების დროს, ქრისტიანთა ასეთი გამრავლება სწორედ იმ ჭეშმარიტებამ განაპირობა, რომელზეც ქრისტიანობა იყო აგებული. მოწამებრივი ღვაწლიც ამ ჭეშმარიტებაზე იყო აღმოცენებული. ამდენად, იზრდებოდა მარტვილთა რიცხვიც. ეს გრძელდებოდა მანამ, ვიდრე ქრისტიანობამ არ მოიცვა თავად სახელმწიფო აპარატი, სახელმწიფოს მმართველებმა არ მიიღეს ქრისტიანობა.

- ქრისტესთვის სიკვდილის ძიების ერთ-ერთი გამოხატულებაა მონაზვნური ცხოვრებაც...

- ცხადია, ასეა. რას ნიშნავს მოწამეობა? - ადამიანი თავისი სიკვდილით ამოწმებს ქრისტეს განკაცებას, ანუ მარტვილობის გზით ქრისტიანები აღიარებდნენ მაცხოვრის მოსვლას, იმას, რომ მხსნელი იყო განკაცებული ღმერთი. თავად სიტყვა "მოწამეობა" დამოწმებას, მოწმობას ნიშნავს და არა ტანჯვა-წამებით სიკვდილს. მონაზვნობაც მოწამეობაა, ოღონდ, როგორც წმინდა მამებმა უწოდეს, დროში განგრძობილი. თუ მარტვილობა მოკლე დროში აღსრულებული მოწამეობაა, მონაზვნები ათწლეულების მანძილზე მოღვაწეობითა და სათნო ცხოვრებით ამოწმებენ უფლის განკაცებას, ქრისტიანობის ჭეშმარიტებას. ამ გზით ქრისტესთვის თავის შეწირვის ძიება განაპირობა ქრისტიანობის დევნის დასრულებამ - ქრისტესთვის თავის შეწირვის, ყველაფრის დათმობის სურვილი დევნის დასრულების შემდეგ გადაიზარდა მონაზვნობაში. უამრავი ადამიანი შეუდგა ამ გზას. მონაზვნობამაც არანაკლები ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე.

- რა სახით ეძიებს და ამოწმებს მონაზვნად შემდგარი კაცი ქრისტესთვის სიკვდილს?

- მონაზონი უარყოფს მიწიერ ცხოვრებას, მიწიერ საქმეებს, მით უფრო - ის მეუდაბნოენი, რომლებიც უდაბნოებსა და უკაცრიელ ადგილებში მოსაგრეობდნენ. მათ მიწიერი სიმდიდრე არ ჰქონდათ, შთამომავლობა არ ჰყავდათ, ხორციელ სიამეებს მოკლებულნი იყვნენ. ნებისმიერ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება კითხვა - რას ღებულობს მონაზონი ამგვარი ღვაწლის სანაცვლოდ? მათ იცოდნენ უზენაესი ჭეშმარიტება, რისთვისაც ყოველივე ამქვეყნიურს უარყოფნენ.

არ მარტო მონაზვნები, ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ერისკაცნიც კი მოღვაწეობით ცხოვრობდნენ. თავად იულიანე განდგომილმა, რომელიც ქრისტიანობიდან წარმართობას დაუბრუნდა, წარმართობაში შეიტანა ქრისტიანული ელემენტი - წარმართებს პატიოსნად ცხოვრებისკენ მოუწოდებდა. თვითონაც უბრალოდ იმოსებოდა, მცირედს იხმევდა... მოღვაწეობით ცხოვრობდა. თავად იულიანესაც მართებულად და კეთილგონივრულად მიაჩნდა ქრისტიანთა ცხოვრების წესი. ამის გამო შემდგომში წარმართებისგან წინააღმდეგობაც შეხვდა, რადგან წარმართები სწორედ იმის გამო ებრძოდნენ ქრისტიანებს, რომ ისინი მათ უკეთურ ცხოვრებას, უკეთურ ტრადიციებს ამხელდნენ. თუმცა წარმართთა შორის ბევრი იყო ლოგიკურად მოაზროვნეც, რომლებიც ხედავდნენ არა მარტო მონაზონთა, არამედ ქრისტიანთა მოღვაწეობით ცხოვრებას, ამქვეყნიურ სიამეებსა და ამაოებაზე უარის თქმას და ფიქრობდნენ - რატომ სჩადიოდნენ ქრისტიანები ამას. იმ დასკვნამდე მიდიოდნენ, რომ ქრისტიანობა - ჭეშმარიტება, ქრისტე კი ჭეშმარიტი ღმერთია და თვითონაც ქრისტიანობაზე ექცეოდნენ. თუ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ქრისტიანთა მარტვილობამ მოაქცია ადამიანები ქრისტიანობაზე, მეოთხე საუკუნიდან ბერმონაზვნური ცხოვრება გახდა უამრავი წარმართი თუ სხვა სარწმუნოების მიმდევარი ადამიანის მოქცევის საფუძველი.

- თითოეულმა ადამიანმა ხომ იმ დროის შესაბამისად უნდა იცხოვროს ქრისტესთვის, რომელშიც მოევლინება ქვეყანას?..

- ქრისტიანმა ყოველთვის უნდა დაამოწმოს თავისი ქრისტიანობა. თუ ადამიანს მართლაც სწამს, რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა, უბრალოდ, არ შეუძლია, ეს ჭეშმარიტება დაიტიოს და სხვასაც არ გადასცეს.

სახარებაში გვხვდება იგავი ტალანტების შესახებ; ბატონი მიდის და თავის მონებს სხვადასხვა ოდენობის ტალანტს უტოვებს. ერთმა ათი ტალანტი მოიგო, მეორემ - ხუთი და უკან დაბრუნებულ ბატონს დაახვედრა. ზარმაცმა მონამ კი, რომელსაც ერთადერთი ტალანტი ჰქონდა, ისიც მიწაში დაფლა. როდესაც ბატონი დაბრუნდა, მიუტანა და უთხრა: ვიცი, მკაცრი კაცი ხარ, შემეშინდა, არ დამეკარგა და მიწაში დავფალი. აჰა, შენი შენივე გქონდესო. სწორედ ამის გამო დასაჯა ბატონმა, ბოროტი და უგუნური მონა უწოდა და უთხრა, თუ იცოდი, ასეთი ვიყავი, სავაჭროზე მაინც დაგედო, რომ მოვიდოდი, მონაგებითურთ ავიღებდიო.

ამ იგავის განმარტებისას ბრძანებენ, რომ ერთი ტალანტი მაინც ყველა ქრისტიანს აქვს. შეიძლება არ იცოდე ღვთისმეტყველება, არ იყო დიდი მოღვაწე, მაგრამ ქრისტიანობა უკვე ტალანტია. სავაჭროზე დადება რაღას ნიშნავს? - გექადაგა და თუ არ მოისმენდნენ, მათ მოვთხოვდი. ახლა კი შენ გთხოვ, რომ არ იქადაგეო. ქრისტიანმა მხოლოდ თვითონ რომ იცხოვროს ქრისტიანული წესით, მარხვით, ლოცვით... არაფერი დააშავოს, უკვე დანაშაულია, რომ არ ქადაგებს, ქრისტიანობის გავრცელებას არ ცდილობს. ქადაგება კი ორგვარია - სიტყვით და ცხოვრებით.

უდაბნოშიც რომ მოღვაწეობდეს ადამიანი და მის გარშემო არც ერთი ხორციელი არსება არ იყოს, თავისი ცხოვრების წესით მაინც უნდა დაამოწმოს ქრისტიანობა. ადამიანს ქრისტიანობის დამოწმება, ქრისტესთვის სიკვდილის ძიება უპირველესად თავისთვის სჭირდება, რათა მოიპოვოს უფალთან მყოფობა.

- დღეს რა გზით უნდა ეძიებდეს ადამიანი ქრისტესთვის სიკვდილს?

- დღესაც, ისევე როგორც ქრისტიანობის პირველი ხანებიდან, მით უფრო - დევნის შეწყვეტის პერიოდიდან, ადამიანი თავისი ცხოვრების წესით უნდა ეძიებდეს ქრისტესთვის სიკვდილს. მეორედ მოსვლის ჟამს, ანტიქრისტეს მეფობის პერიოდში, ადამიანებს მოწამეობით კი არ დასჭირდებათ ქრისტიანობის დამოწმება, არამედ ცხოვრების წესით. მათ ექნებათ არჩევანი - ან ამქვეყნიური კეთილდღეობა, ან სარწმუნოება. არავის დაემუქრებიან, თუ სარწმუნოებას არ შეიცვლი, სიკვდილით დაგსჯითო, არჩევანის გაკეთება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოუხდებათ ადამიანებს.

შესაძლოა, ქრისტესთვის მარტვილებრივად აღსრულებულ ადამიანებსაც ეშინოდათ ტანჯვა-წამებისა, მაგრამ ისეთი სიყვარული ჰქონდათ ღვთისა, უფრო მეტად მისი დაკარგვის ეშინოდათ. ამიტომ, როდესაც არჩევანის წინაშე დგებოდნენ, მათი გონება კონცენტრირებული იყო იმაზე, რომ არ დაეკარგათ ღვთის სიყვარული. ამის სანაცვლოდ ადამიანს თავად უფალი აძლიერებს და ნებისმიერი სახით თავგანწირვას უმსუბუქებს.

- იქნებ უფრო ვრცლად ვისაუბროთ, რატომ უნდა ეძიებდეს ადამიანი ქრისტესთვის სიკვდილს და როგორ მივაღწიოთ ამ მდგომარეობას?

- წმინდა მამები ბრძანებენ - ადამიანმა სასუფეველი რომ დაიმკვიდროს, ქრისტიანულად უნდა მოკვდესო. როგორ მდგომარეობაშიც აღესრულება იგი, იმის შესაბამისად დაიმკვიდრებს მარადიულ სამყოფელს. შესაძლოა, მთელი ცხოვრება ქრისტიანულად ცხოვრობდეს, მაგრამ უკანასკნელ მომენტში უარყოს ქრისტე და წარწყმდეს, ან, პირიქით, მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდეს უფლის მცნებებს, მაგრამ სიკვდილის წინ აღიაროს ჭეშმარიტება, როგორც ეს ჯვარცმული ავაზაკის შემთხვევაში მოხდა, და სასუფეველი მოიპოვოს. ჩვენ არ ვიცით, რა წუთში მოგვიხდება წუთისოფლიდან გასვლა, ნებისმიერ წამს შეიძლება აღვესრულოთ, ამიტომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი სიკვდილი ქრისტესთვის სიკვდილი იყოს - შესაძლოა, სიკვდილს არ ეძიებდეს კაცი, მაგრამ მზად უნდა იყოს, რომ ქრისტესთვის აღესრულოს. სწორედ ამგვარად უნდა ეძიებდეს ადამიანი ქრისტესთვის სიკვდილს დღევანდელ ყოფაში.

იშვიათად თუ მიაღწევს ადამიანი განღმრთობილ მდგომარეობას, მაგრამ ყოველთვის სინანულში უნდა იყოს თავისი ცოდვების გამო და ეცადოს, ქრისტიანულად იცხოვროს. ასეთი ცხოვრება უკვე ნიშნავს ქრისტესთვის სიკვდილის ძიებას. ასეთ მდგომარეობაში გარდაცვლილი კაცი ქრისტესთვის აღესრულება.

- დღეს ჩვენ ირგვლივ მომრავლებული საცდურის ფონზე უმეტესობას უჭირს ქრისტესთვის სიკვდილის ძიება - ქრისტიანული ცხოვრების წესით ცხოვრება, უფლისთვის თავის შეწირვა...

- გავიხსენოთ ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში რომის იმპერიაში არსებული მდგომარეობა. ის, რასაც დღეს მოწესრიგებული ცხოვრება ჰქვია, ფაქტობრივად, არ არსებობდა. რომის იმპერიაში ცხოვრების წესად ითვლებოდა ის, რასაც შესაძლოა დღეს ბევრი სჩადის, მაგრამ არ თვლის, რომ კარგად იქცევა. პირველ საუკუნეებში ქრისტიანობამ შეცვალა მთელი მსოფლიო, რომელიც აბსოლუტურად საწინააღმდეგო ცხოვრების წესით ცხოვრობდა. დღეს უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ სამყაროში არსებული საცდურების შესახებ, თორემ იმაზე მეტი საცდური, რაც იმ პერიოდში არსებობდა, დღესაც არ არის. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მეტ ინფორმაციას ღვთივსათნო კუთხით შევხედავთ, მეტი სათნოება და ღვთის სასწაულიც შეიძლება აღმოვაჩინოთ. გარემო პირობები არ განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების წესს. ამდენად, თუ პირველი ქრისტიანებივით ვერ ვმოღვაწეობთ, ამას გარემო პირობებს ნუ დავაბრალებთ; ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი დანაშაულია. რომის იმპერიაში ქრისტიანთა ცხოვრების წესი ცუდ ტონად ითვლებოდა. დღეს კი, მიუხედევად იმისა, ირჩევს თუ არა ადამიანი ქრისტიანული ცხოვრების წესს, მაინც აღიარებს, რომ სწორედ იგია სწორი და მისაღები. ამდენად, დღეს თითოეულ ჩვენგანს აღარ გვაქვს ისეთივე მოშურნეობა ღვთის სიყვარულში, როგორიც პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ. როგორც ვთქვით, თავდაპირველად სულ 120 ქრისტიანი იყო, და ამ 120-მა კაცმა შეცვალა მსოფლიო - არა მარტო სარწმუნოება, მსოფლიოში არსებული ცხოვრების წესიც. აქედან გამომდინარე, სულიერად სათანადო სიმაღლეზე რომ ვერ ვდგავართ, ამას გარემო პირობებსა და საცდურებს ვერ დავაბრალებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat