"ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა"
(ნათელი ფსალმუნებში)
ნათელი სულიერებას გამოხატავს. ადამიანს აქვს უნარი, განიცადოს სულიერი ნათელი. "სული სინათლეა. იგი ჩვენი გონების სიხარულია.
არ შეიძლება იგი ემსგავსოს მწუხარებას. მწუხარება ნათლის მოკლებაა, ანუ ნათლის მწუხრია" (რ. სირაძე). თაბორის მთაზე მოციქულებს გამოეცხადათ მარადიული სიცოცხლის საიდუმლო. მარადისობაში ყოველი წამი სრული ბედნიერებაა და ეს ნეტარება სულ უფრო და უფრო იზრდება. ამიტომ "მარადიული სიცოცხლე მუდამ ახალი, განუცდელი, მუდამ საკვირველი და განუმეორებელია თავისი მშვენიერებით" (არქიმანდრიტი რაფაელი). მათ, ვინც "ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა" ზის, მეფსალმუნე მრავალგზის შეაგონებს: "მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს" (ფსალმ. 33,6). ჭეშმარიტებით განათლება მხოლოდ უფალთან მიახლების შედეგად არის შესაძლებელი, მაგრამ ამ ნათელს, როგორც უფლის წყალობას, ყველა ერთნაირად როდი იტევს თავის თავში. ამასთან დაკავშირებით ბასილი დიდი ბრძანებს: "ისევე როგორც გრძნობადი ნათელი ყველასათვის ერთნაირად არ ბრწყინავს, ასევე მზე სიმართლისა, ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად (იოანე 1,9), ყველას როდი ახარებს ნათელსხივოსნობით, არამედ იმათ, რომელნიც ამას თავიანთი ცხოვრებით იმსახურებენ, რადგანაც ნათქვამია, რომ "ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა" (ფსალმ. 96,11) და არა ცოდვილს. ისევე, როგორც მზე ამოდის, მაგრამ არა ღამურებისა და სხვა ცხოველებისათვის, რომელნიც საკვებისათვის ღამით ნადირობენ, ასევე, თუმცაღა ნათელი თავისი ბუნებით ბრწყინვალეა და სხივოსანი, ყველას როდი შეუძლია მის ბრწყინვას ეზიაროს. მსგავსად ამისა, "ყოველი, რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაითა არა ემხილნენ საქმენი მისნი" (იოანე 3,20). (ნათელი ფსალმუნებში)
როგორ არის წარმოდგენილი ფსალმუნებში ზებუნებრივი ნათელი და რა გზით არის შესაძლებელი მასთან მიახლება, ამ თემაზე გვესაუბრება ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე მამულაშვილი.
- ფსალმუნთა ავტორი სულის სასოწარკვეთილსა და შეშფოთებულ მდგომარეობას ხშირად გამოხატავს შემდეგი სიტყვებით: "გარე მიაქციე პირი შენი ჩემგან და შევძრწუნდი" (ფსალმ. 29,7); "შეშფოთნა გულისწყრომითა თვალნი ჩემნი" (ფსალმ. 30,9); "განმეგდებულ ვარ მე პირისაგან თვალთა შენთასა" (ფსალმ. 30,22); "მოაკლდა თვალთა ჩემთა, სასოებითა ღვთისა მიმართ ჩემისა" (ფსალმ. 68,3); "ვემსგავსე მათ, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა" და ა. შ. ღმერთის "პირის მიბრუნება" ადამიანისაგან ამ შემთხვევაში მეტაფორაა. რას გამოხატავს იგი?
- ღმერთი პირს მაშინ იბრუნებს ადამიანისგან, როდესაც უბედურების ჟამს მიატოვებს მას, რათა ცხადი გახდეს სიმტკიცე მოღვაწისა. ანტონი დიდს ეშმაკები დაესხნენ თავს და საშინლად გვემეს. როდესაც გონს მოეგო, ღმერთს შესჩივლა: უფალო, სად იყავი მაშინ, რატომ მიმატოვე ასეთი განსაცდელის პირისპირო? უფლის ხმამ უთხრა: მე შენთან ვიყავი, ანტონი, და ვუყურებდი შენს მოთმინებასო. რამდენადაც პირის მიბრუნება ღვთის ნებას უპირისპირდება, ხოლო მღელვარება - სიმტკიცესა და ძლიერებას, ამდენად შეძრწუნება განსაცდელის ჟამს სულის სიმახინჯე და უძლურებაა, რომელსაც ღვთისგან გაუცხოება წარმოშობს. ის, ვისაც უნათებს სახე უფლისა, მშვიდი და უშფოთველია და გამზადებული სიკეთისთვის, რადგანაც ნათქვამია: "განვემზადე და არა შევძრწუნდი" (ფსალმ. 118,60). რას გულისხმობს წინასწარმეტყველი ამ სიტყვებში: "გამოჩნდა ნათელი პირისა შენისა, უფალო" (ფსალმ. 4,6)? - თუკი სხვები უბედურების ჟამს სასოს წარიკვეთენ, მე სხვაგვარად ვიქცევი, რადგან შენ გამომიჩნდიო. გამოჩენაში იგულისხმება რწმენა, რომელიც განდევნის სასოწარკვეთილების წყვდიადს. ეს რწმენა არის "ნათელი სოფლისა" - ქრისტე ("მე ვარ ნათელი სოფლისა") - "რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი" (ფსალმ. 17,29). სადაც უფალია, იქ მოჩქეფს: "წყარო ცხოვრებისა" და "ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩვენ ნათელი" (ფსალმ. 35,10). სადაც ნათელია, იქ სიბნელე ძალას კარგავს: "ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა. რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს და ღამე, ვითარცა დღე განათლდეს, ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი". თვალთა განმანათლებელი უფლის მცნებებია: "მცნება უფლისა ბრწყინვალე არს და განმანათლებელ თვალთა" (ფსალმ. 18,8). მთელი ქვეყანა ცოდვითაა დაბნელებული, - ეუბნება მაცხოვარი თავის მოციქულებს: - თქვენ უნდა განანათლოთ იგი ჩემი სინათლით, ამიტომაც თქვენ ხართ "ნათელი სოფლისა". როგორც მზე აძლევს თავის ნათელს მთვარეს, ასევე უფალი ანათლებს მოციქულებს და იმათი მეშვეობით მთელ ქვეყანას, თავისი მადლის ნათლით ანათლებს ხალხებს. "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?" (ფსალმ. 26,1). ეს ის ნათელია, რომელიც ბრმებსაც განაბრძნობს. ეს ის ნათელია, რომელზეც ფილიპემ უთხრა ნათანაელს: "მოვედ და იხილე". არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის ერთ-ერთ ქადაგებაში ვკითხულობთ: "არსებობს სამი სახის ნათელი: პირველი - გრძნობადი ნათელი, რომლითაც ადამიანი აღიქვამს ფერებს, ხაზებს, ნაკვთებს, ანუ ხილული სამყაროს რეალიებს. ეს ნათელი ხელმისაწვდომია არა მარტო ადამიანისთვის, არამედ სხვა, უფრო ნაკლებად განვითარებული არსებებისთვისაც. მეორე - ინტელექტის, გონების, ჩვენი აზრების და წარმოდგენების ნათელი, რომელიც განსაკუთრებულ ინტენსივობას აღწევს ფილოსოფოსებთან, სწავლულებთან, მხატვრებსა და პოეტებთან. ეს არის ლოგიკური მსჯელობისა და შემოქმედებითი ფანტაზიის ნათელი, მშვინვიერი, შექმნილი ნათელი, რომლისთვისაც მიუწვდომელია მარადისობის რეალიები. მესამე - საღმრთო გამოცხადების, სულის, თაბორის ნათელი, ასკეტებისა და მოღვაწეების ნათელი, რომლის სუფევაში შეღწევა შეუძლებელია ლოგიზაციის ან განხურვებული წარმოსახვის საშუალებით. იგი ცხადდება ადამიანის წინაშე, ვითარცა ახალი სიცოცხლე, ვითარცა სულის მზერა, ღმრთის ჭვრეტა და ღმერთთან კავშირი. სული მას აღიქვამს, როგორც მყოფობის სავსებას, გნოსისის სავსებას და ბედნიერების სავსებას". მათ, რომელნიც შორს არიან ჭეშმარიტების სიტყვებისგან, ფსალმუნი მოუწოდებს შეცნობის გზით მიუახლოვდნენ: "მოვედით და იხილენით საქმენი ღვთისანი, რომელ ჰქმნა ნიშები ქვეყანასა ზედა" (ფსალმ. 45,8). შემდეგ ამბობს: "მოიცალეთ და გულიხმა-ჰყავთ, მე ვარ უფალი". როგორც ხორციელი თვალებისთვის დიდი სიშორე ბუნდოვანს ხდის დასანახ საგნებს, მიახლოება კი ნათლად შეაცნობინებს მაყურებელს დასანახს, ასევეა გონებრივ განჭვრეტათა დროსაც: ვინც ღმერთს არ მიუახლოვდება თავისი ცხოვრებით, იგი ვერ შეძლებს იხილოს უფლის საქმეები გონების წმინდა თვალით. ამიტომაც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი სათხოვარი უნდა იყოს: "ერთი ვითხოვე უფლისაგან... ხილვად ჩემდა მშვენიერება უფლისა და მოხილვად ტაძარი მისი" (ფსალმ. 26,4).
- უფლის პირის ხილვა მის დიდ წყალობას უკავშირდება, რომლის მიღების უტყუარი წინაპირობაც ადამიანის მიერ სიმართლისა და სიწმინდის დაცვა, ნათელი და სათნო ცხოვრებაა. ეს აზრია გამოხატული შემდეგ სიტყვებში: "ხოლო მე სიმართლითა ვეჩვენო პირსა შენსა, განვსძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა" (ფსალმ. 16,15); "და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმინდისაებრ ხელთა ჩემთასა, წინაშე თვალთა მისთა" (ფსალმ. 17,24). მაინც ვინ არის ის "ნათესავი, რომელი ეძიებს ხილვად პირსა ღვთისა იაკობისსა" (ფსალმ. 23,6)?
- მეფსალმუნე ამბობს: "აჰა ესერა, თვალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა" (ფსალმ. 32,18). ამაზე ბასილი დიდი წერს: "რაჟამს ჩვენ მზერას უფალს მივაპყრობთ და თვალნი ჩვენნი მისკენაა მიქცეული, მაშინ ჩვენ თითქოსდა ვზიდავთ უფლის თვალს, რათა მოგვხედოს... თვალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა" (ფსალმ. 33,16). ბასილი დიდი ამ ფრაზას ასე განმარტავს: "ისევე როგორც წმინდანები არიან სხეული ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი (1 კორ. 12,27) და ღმერთმა ისინი ეკლესიაში დააყენა: ერთნი თითქოსდა თვალებად, მეორენი - ბაგეებად, სხვანი კიდევ - ნაცვლად ხელებისა ან ფეხებისა, ასევე ზეცაში მყოფი წმინდა სულიერი ძალებისაგან ერთნი თვალებად იწოდებიან, რადგანაც ჩვენი ზედამხედველობა აქვთ მინდობილი, ხოლო მეორენი ყურებად, რადგანაც ჩვენი სათხოვარი უნდა შეისმინონ. ამიტომ წინასწარმეტყველმა ზედამხედველ და ვედრების შემწყნარებელ ძალებს - თვალები და ყურები უწოდა. ფსალმუნი გვარწმუნებს, რომ მართალს უფალი ყოველთვის უმზერს და ყოველთვის უსმენს კიდეც, რადგანაც მართლის ყველა საქმე ღირსია იმისა, რომ უფალმა უმზიროს და ყველა სიტყვაც, რამდენადაც მართლისგან უსარგებლო არაფერი ითქმება". უფალი უზენაესი მაყურებელია და ეს არასოდეს არ უნდა გამოგვრჩეს. "ზეცით მოხედნა უფალმან და იხილა ძენი კაცთანი". ამიტომ სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, თუნდაც ბნელში და თუნდაც დღის სინათლით ("შენი არს დღე და შენი არს ღამე"), უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის თვალი მუდამ ზემოდან გვიყურებს. "ვიდრემე ვიდე სულისა შენისაგან, და პირისა შენისაგან ვიდრემე ვივლტოდი" (ფსალმ. 138,7). "ცისკიდიდგან არს გამოსვლა მისი, და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისადმდე და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა" (ფსალმ. 18,7). უფალი ხშირად იწოდება "მზედ სიმართლისა". ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ მაშინაც კი, როდესაც ადამიანი მზეს გაურბის, მზე მაინც უყურებს მას. უბრალოდ ადამიანი ზურგს აქცევს ნათელს და სიბნელეში ყოფნას ამჯობინებს ("იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცდომელ"). ასეთ ადამიანებზე მეფსალმუნე ამბობს: "დაუბნელდნენ თვალნი მათნი, რათა არა ხედვიდენ და ზურგი მათი მარადის შედრიკე" (ფსალმ. 67,23). "რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა ზედა განმზადო პირი მისი" (ფსალმ. 20,11). ნათელი ყოველივეს ავლენს და ასაჩინოებს. "განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმანათლებელ მისთანა" (ფსალმ. 18,9). ნეტარია ის, ვინც ღვთის სამართლიანი სამსჯავროს დღეს, რაჟამს მოვიდეს უფალი, რომელმანცა "განანათლოს დაფარული იგი ბნელისა და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი" (1 კორ. 4,5), ამ მამხილებელ ნათელში შესვლას გაბედავს და უკან შეურცხვენელი დაბრუნდება, რადგანაც სინდისი წაუბილწველი ექნება ბოროტ საქმეთაგან, ხოლო ისინი, რომელნიც უკეთურ საქმეებს სჩადიოდნენ, გაკიცხვისა და სირცხვილისათვის აღდგებიან, რათა თავიანთ თავში სისაძაგლე და ჩადენილ ცოდვათა ანაბეჭდი დაინახონ. "და გამოაბრწყინვოს, ვითარცა ნათელი, სიმართლე შენი და განკითხვა შენი, ვითარცა დღე შუა" (ფსალმ. 36,6). წმინდა მამების თქმით, ცოტანი არიან ისინი, რომელთაც შეუძლიათ მიუახლოვდნენ ჭეშმარიტ ნათელს, გაიხსნან და დაფარულთა გამჟღავნების შემდეგ შეურცხვენელი პირით გამობრუნდნენ.
- მეფსალმუნე ბრძანებს: "პირი უფლისა მოქმედთა ზედა ძვირისათა მოსპოლვად ქვეყანით სახსენებელი მათი" (ფსალმ. 33,16). ბიბლიიდან ვიცით, რომ ადამიანს არ ძალუძს იხილოს პირი უფლისა და ცოცხალი დარჩეს (გამოსვლ. 33, 20). რა იგულისხმება აქ პირში?
- ბასილი დიდის აზრით, აქ პირში განცხადებულად და ნათლად უნდა იგულისხმებოდეს მობრძანება უფლის სამსჯავროზე. "ამიტომაცაა ნათქვამი, - წერს იგი, - რომ თვალნი უფლისანი, რომელნიც ჯერ კიდევ შორიდან გვიმზერენ, მართალს უყურებენ; ხოლო თვითონ პირი კი დედამიწაზე ბოროტების ყოველგვარი სახსენებლის აღმოსაფხვრელად გამოჩნდება. მაგრამ პირს ღვთისას ხორციელად ნუ წარმოიდგენ, რადგანაც ამგვარ შემთხვევაში შეიძლება მოგეჩვენოს, რომ წმინდა წერილში რაღაც შეუსაბამო ითქვა; კერძოდ ის, რომ თვალები განსაკუთრებით მართალთა ზედა ბრწყინავენ, ხოლო პირით საგანგებოდ უკეთურებისკენაა მიქცეული და ეს მაშინ, როცა არც თვალებია გარეშე სახისა და არც სახეა უთვალებოდ. ჩვენი ხორციელი გარსის უძლურების გამო ახლა შეუფერებელია ჩვენთვის ხილვა ღვთის დიდების გამოცხადებისა. ანგელოზებს კი, რომელთაც არა აქვთ საფარველი, მსგავსი ჩვენი ხორცისა, არაფერი უშლით ხელს, რომ განუწყვეტლივ უჭვრიტონ სახეს ღვთის დიდებისა. ამიტომ, რაჟამს აღდგომის ძენი გავხდებით, მაშინ ჩვენც ვიქნებით ღირსი მისი პირისპირ შეცნობისა; მაშინ მართალნი ღირსნი შეიქნებიან ღვთის პირის სიხარულით ჭვრეტისა, ხოლო ცოდვილნი - სამსჯავროსი, რადგანაც ღვთის სამართლიანი სამსჯავროს მიერ ყოველგვარი ცოდვა აღმოიფხვრება".
- სინათლე განდევნის სიბნელეს. იგი არა მარტო ანათებს, არამედ ათბობს კიდეც. წმინდა წერილში ცეცხლს ორგვარი დატვირთვა აქვს: არსებობს ცეცხლი, რომელიც ანათებს, ათბობს და ცეცხლი, რომელიც ანადგურებს, წვავს. მაგალითად, ქვესკნელის ცეცხლს არასოდეს მოაქვს სიკეთე. ის არის ბნელეთის გამონაშუქი. "მისი ნათელი არაა ზეაღმავალი სინათლე. იგი იფერფლება ქვედამზიდველი ძალით". ცეცხლი უფლის წყრომისა და შურისძიების სიმბოლოდაც წარმოჩნდება, რაც გამოხატულია ფსალმუნის შემდეგ სიტყვებში: "და აღატყდეს ვითარცა ცეცხლი შური შენი" (ფსალმ. 78,5). რა დატვირთვა აქვს ცეცხლსა და სიბნელეს ფსალმუნებში?
- მაცხოვრის ერთ-ერთი ეპითეტია: "ცეცხლ განმლეველი". ფსალმუნში ვკითხულობთ: "ვითარცა მოაკლდეს კვამლსა, მოაკლდნენ და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდნენ ცოდვილნი პირისაგან ღვთისა და მართალნი იხარებდენ" (ფსალმ. 67,3). ბიბლიიდან ვიცით, რომ ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ უფალი ებრაელ ერს მიუძღოდა: დღისით აგრილებდა ღრუბლის სახით, ღამით კი ცეცხლის სახით უნათებდა გზას: "უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისათა" (ფსალმ. 77,14). უფლის რისხვა არერთხელ გამოვლინდა ცეცხლის სახით: "უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნეს იგინი და ცეცხლმან შესჭამნეს იგინი" (ფსალმ. 20, 8). ერთი მნიშვნელობით ცეცხლი მოუნანიებელ ცოდვილებს ნთქავს; მეორე მნიშვნელობით კი ცეცხლი არის წმინდა სახარება, რომელიც შთანთქავს და განაქარვებს ეშმაკის ნებისმიერ ღონეს. რაც შეეხება სიბნელეს, მას არსი არა აქვს, ისევე როგორც ბოროტებას. უფალს ის არ შეუქმნია. სიბნელე არის მხოლოდ ნათლის მოკლება და სხვა არაფერი. სიბნელე არის უსჯულო ცხოვრება: "აღივსნეს სიბნელითა ქვეყანისათა სახლნი უსჯულოთანი" (ფსალმ. 73,20). არსებობს სულიერი სიბრმავე, რომელსაც ნებაყოფლობით ირჩევს ადამიანი: "თვალნი მათნი ჰყვნეს დადრეკილ ქვეყანად" (ფსალმ. 16,11). სულიერად ბრმები არიან ისინი, ვინც თავიანთი ნებით განშორდნენ და მოაკლდნენ სულიერი ცის მარადიულ, უქმნელ ნათელს: "თვალ ასხენ და არა ხედვენ". ადამიანს აბრმავებს ცოდვები. მათ შორის ერთ-ერთი, ყველაზე მძიმე - ამპარტავნებაა, რომელიც მას ღმერთისგან აუცხოებს: "თვალნი ამპარტავანთანი დაამდაბლენ" (ფსალმ. 17,27). სულიერად დაბრმავებულ ადამიანებზე მეფსალმუნე ამბობს: "დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე" (აქ უფლის გულისწყრომის ცეცხლი იგულისხმება). არიან ადამიანები, რომელთაც არ სცნეს, "არცა გულისხმა-ჰყვეს" უფლის წყალობა, ამიტომ ისინი: "ბნელსა შინა ვლენან" (ფსალმ. 81,5). სულიერ სიბნელეს განდევნის რწმენა და მუდმივი ხსოვნა იმისა, რომ უფალი უსაზღვროდ მოწყალეა: "წყალობა შენი წინაშე თვალთა ჩემთა არს და სათნო ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა" (ფსალმ. 25,3). უფალია საწუთროს მიერ დაგებული ყოველგვარი მახისაგან გამომხსნელი: "თვალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერხნი ჩემნი" (ფსალმ. 24,15). ადამიანი ძლევასა და გამარჯვებას, როგორც სულიერი, ასევე ხორციელი თვალსაზრისით, ისევ და ისევ უფლის წყალობით აღწევს: "რამეთუ არა მახვილითა მათითა დაიმკვიდრეს ქვეყანა, და არცა მკლავმან მათმან იხსნა იგინი, არამედ მარჯვენემან შენმან, და მკლავმან შენმან, და ნათელმან პირისა შენისამან" (ფსალმ. 43,3).
- დაბოლოს, მეფსალმუნე უფალს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: "განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა, განთიად წარვდგე შენდა და გეჩვენო შენ" (ფსალმ. 5,3); "მასმინე მე განთიად წყალობა შენი, რამეთუ მე შენ გესავ". ფსალმუნის ეს სიტყვებია ჩართული "დიდება მაღალიანის" საგალობელში, რომელიც ცისკრის მსახურებაზე აღევლინება მას შემდეგ, როდესაც მღვდელი ხელაღპყრობით წარმოთქვამს: "დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი". რა დატვირთვა აქვს ღვთისმსახურების ამ ნაწილს?
- მღვდლის ამ სიტყვებს გადავყავართ ქრისტიანობის უძველეს ხანაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმას, რომ ძველად ღამისთევის ლოცვა გრძელდებოდა მზის ამოსვლამდე. მღვდელი მორწმუნე ერის სახელით მადლობს ღმერთს ახალი დღის დადგომისა და მზის ნათელის ხელახალი ხილვისათვის. ხილული ნათელის ქვეშ მორწმუნენი გულისხმობენ სარწმუნოებრივ ღვთაებრივ ნათელსაც, რომელსაც ეზიარნენ იესო ქრისტეს წყალობით. "დიდება მაღალიანის" საგალობლით ანგელოზები და ადამიანები, ზეციური და ქვეყნიური ეკლესიები ადიდებენ ქვეყნიერების შემოქმედს. მხოლოდ ქრისტეს მოძღვრებამ შეძლო კაცობრიობის წყვდიადიდან გამოყვანა და ჭეშმარიტ გზაზე დაყენება. ამიტომ ჩვენც აღვაპყროთ სულიერი თვალები და დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით ვუღაღადოდ უფალს: "გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტება შენი, ესენი მიმიძღვეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა, და საყოფელთა შენთა" (ფსალმ. 42,3).