სერობიდან უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე
სერობიდან უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე
დადგა ჟამი კაცობრიობის გამოსყიდვისა
დაცემული ადამიანისადმი ჯერ კიდევ მიწიერ სამოთხეში მიცემული აღთქმა, მხსნელის მოვლინებისა, რომელსაც ადამში შემცოდე ადამის მოდგმა, მთელი კაცობრიობა უნდა გამოეხსნა , ათასწლეულების შემდეგ განკაცებული უფლის ჯვარცმით აღსრულდა და მის ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომაში განცხადდა. მაცხოვარმა გამოიხსნა კაცობრიობა და მოგვეცა ახალი აღთქმა, ახალი სწავლება, რომლის მეშვეობითაც საშუალება მოგვცა სულის გადარჩენის - ცხონებისა. ახალ აღთქმაში უფალს მოციქულები, მათი სახით კი მთელი კაცობრიობა ჯვარცმის წინა დღეს აღსრულებული საიდუმლო სერობით გადაჰყავს... გვესაუბრება ვანის ოლქის მთავარხუცესი, ვანის ყოველთა ქართველთა წმინდანთა საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი პეტრე გიორგაძე.

- უპირველესად საიდუმლო სერობის არსსა და მნიშვნელობას შევეხოთ.

- უფლის ქადაგებებს თან სდევდა მწიგნობართა, ფარისეველთა და სჯულისმოძღვართა ზიზღი და შური. მათ, რომელთაც ერი მესიის, უფლის სიტყვის მისაღებად უნდა მოემზადებინათ, ვერ შეიცნეს მხსნელი, რადგან მთლიანად მიწიერ დიდებაში იყვნენ ჩაფლულნი. მტკივნეულადაც კი განიცდიდნენ უფლისგან მხილებას. მაცხოვრის მიმართ მათმა აგრესიამ განსაკუთრებით მაშინ იჩინა თავი, როდესაც განკაცებული უფლის დედამიწაზე ყოფნის დრო იწურებოდა. განიზრახეს ფიზიკურად გაენადგურებინათ განკაცებული უფალი, თორემ დაკარგავდნენ მათთვის სასურველ მრევლს, რომელიც მხოლოდ მათ გრძნობით სამყაროს ემსახურებოდა...

გადაწყვიტეს, თავიანთი განზრახვა მოახლოებული პასექის დღესასწაულის დასრულების შემდეგ აღესრულებინათ. სინედრიონმა ბრძანებაც გამოსცა, რომლის თანახმადაც ყველა იუდეველი ვალდებული იყო, განეცხადებინა იესო ქრისტეს ადგილსამყოფელი. სავარაუდოდ, ამისთვის ჯილდოც დააწესეს: აღსასრულებელი იყო საიდუმლო სერობა, რომლითაც საფუძველი უნდა ჩაყროდა ახალ აღთქმას. სერობის - ამ უდიდესი საიდუმლოს შესრულებისთვის ვინმეს რომ ფიზიკურად არ შეეშალა ხელი, იერუსალიმში დიდებით შესვლის შემდეგ მაცხოვარი ყველას განერიდა. მისი ადგილსამყოფელი მხოლოდ მოწაფეებმა იცოდნენ. მათთან ერთად საღამოობით გეთსიმანიის ბაღში გადიოდა...

მოვლენების განვითარება იუდა ისკარიოტელმა დააჩქარა. ვერცხლისმოყვარეობის ხვრელში შეძვრა, მასში ბოროტმა დაიბუდა, მღვდელმთავრებსა და სჯულისმოძღვრებს დაჰპირდა, რომ მაცხოვარს გადასცემდა...

დადგა პასექის დღესასწაული - ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე ებრაელთათვის, რომლითაც ისინი ეგვიპტელთა მონობიდან გამოსვლის დღეს აღნიშნავდნენ. პასექის ჟამი აუცილებლად ხუთშაბათ საღამოს, შებინდებისას იწყებოდა. მაცხოვარმაც ამ დროს დაიწყო პასექის აღსრულება - სუფრაზე იდგა ღვინით სავსე ფიალები, პური და მრგვალად მოხარშული კრავი, რომელსაც არც დაკვლის შედეგად უნდა ჰქონოდა ძვლები დამტვრეული და არც ჭამისას უნდა დამტვრეულიყო. პირველ რიგში ასწევდნენ ღვინით სავსე თასს და ადიდებდნენ უფალს, რომელმაც ნაყოფი მოსცა მათ. შემდეგ პურს გატეხავდნენ და კვლავ განადიდებდნენ უფალს, რომელმაც პური შექმნა მათ გასაძლიერებლად. ამის შემდეგ მიირთმევდნენ კრავის ხორცს - ამგვარად მიაგებდნენ პატივს ეგვიპტელთა მონობიდან გამოხსნის დღეს. საპასექო სერობის აღსრულებას მისტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა, მასში წინასწარმეტყველებაც იყო ჩადებული. ზვარაკი - კრავი მოასწავებდა მაცხოვრის მსხვერპლშეწირვას კაცობრიობისთვის. ის ხომ ვითარცა ზვარაკი, უნდა შესწირვოდა ადამიანთა გამოხსნისათვის.

მაცხოვარმა უწყოდა იუდას განზრახვა, ამიტომ სერობის ადგილი მხოლოდ თვითონ და ორმა მოწაფემ - პეტრემ და იოანემ იცოდნენ. კაცი, რომელთანაც მაცხოვარმა პეტრე და იოანე წარგზავნა და შეუთვალა, სერობისთვის ყველაფერი მოემზადებინა. როგორც წმინდა მამები ვარაუდობენ, ერთ-ერთი მოწაფეთაგანი იყო მაცხოვრისა, რომლებიც, თორმეტი რჩეულის გარდა, მრავლად ჰყავდა მას.

შებინდებისას იესო ქრისტე და მისი მოწაფეები პასექის აღსრულებას შეუდგნენ. ყოველივე წესისამებრ აღასრულეს, მაგრამ გამორჩათ აღმოსავლეთში მიღებული ერთ-ერთი უმთავრესი წესი - ფეხბანვა, რომელიც უმცირესს უნდა აღესრულებინა. როგორც მამები განმარტავენ, ეს მოხდა მათი ადამიანური ვნების გამო, პირველკაცობის სურვილით, რადგან ამ დროს მოციქულთა ხედვა მაინც უფრო მიწიერი იყო... თვით უფალმა აღასრულა ფეხბანვის რიტუალი, სათითაოდ დაბანა ფეხი მოციქულებს. ეს იყო ნიშანი, სიმბოლო თავმდაბლობისა. როდესაც პეტრემ ეს იხილა, აღმოხდა - უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხი? თუ არ დაგბან, შენ არ გექნება წილი ჩემთან, - მიუგებს უფალი, - ანუ თავმდაბლობისკენ მოუწოდებს, როდესაც ადამიანში თავმდაბლობაა დამარხული, მასთან უფალი მყოფობს... ფეხბანვის შემდეგ მაცხოვარი იწყებს სერობას და აწესებს ზიარების გამომხსნელ საიდუმლოს - ამ დრომდე მათ აღასრულეს პასექის ჟამი, ძველი სჯული, ფეხბანვიდან გადადიან ახალ აღთქმაზე, იწყება მზადება ახალი აღთქმის, ახალი სწავლების მისაღებად, მიმართავს კიდეც უფალი მოციქულებს, - მე თქვენ მოგცემთ ახალ სწავლებას. ეს თავმდაბლობით დაიწყო. მიგვანიშნა, რომ ყველაფრის დასაწყისი თავმდაბლობაა... "და აღიღო პური.. და განტეხა და მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მოცემული... და მოიღო სასმელი. და მისცა მათ და თქვა: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებლად ცოდვათა". ამით მსხვერპლშეწირვაზე მიანიშნებს - ძე კაცისა, ვითარცა საღვთო კრავი, უნდა შეეწიროს კაცობრიობისთვის, გამოისყიდოს ადამიანთა ცოდვები. ამ წესს ყოველთვის აღასრულებდეთ საცხოვნებლად და მოსაგონებლად ჩემდა, - მიმართავს უფალი მოციქულებს - ანუ დაუდო ახალი აღთქმა. უფალი ახალ აღთქმას ფაქტობრივად ზიარების საიდუმლოს დაწესებით იწყებს.

- თუმცა მაცხოვარმა იუდა ისკარიოტელი არაერთგზის ამხილა, მას მაინც ბოლომდე მიჰყავს თავისი უკეთური განზრახვა...

- მაცხოვარმა, სხვა მოციქულთა მსგავსად, იუდასაც უჩვენა თავმდაბლობის მაგალითი - მასაც დაბანა ფეხი. ამით იწყებს მის მხილებას. ბოლო წუთამდე ყველაფერს აკეთებდა, რომ მისთვის სიყვარული და სითბო არ მოეკლო, სინანული აღეძრა, რათა მას ეღიარებინა ყოველივე უფლის წინაშე. სერობის დაწყების წინ უფალი მოციქულებს მიმართავს: ერთი თქვენგანი გამცემს მე. ამ სიტყვებით იუდას ამხელს და კიდევ აძლევს შანსს მონანიებისა, მაგრამ მასში სინანული არ არსებობს. იუდას გარდა, ყველა მოციქული გაკვირვებულია. განსაკუთრებით განიცდის პეტრე და ანიშნებს იოანეს, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულითა და სისუფთავით გამოირჩეოდა უფლის მიმართ, ჰკითხოს მაცხოვარს, ვინ იზამს ამას: ის, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივაწოდებ, - მიუგებს უფალი. ამის შემდეგ იწყებს უკვე ევქარისტიას - ზიარების საიდუმლოს. ჯამში ჩაწებულ პურს აწვდის იუდას - პირველად სწორედ იუდას აზიარებს, კვლავ ამხელს მას, თუმცა იუდას არც ამის შემდეგ ეუფლება სინანული, მეტიც, სახარება გვაუწყებს, რომ ზიარების შემდეგ მასში სატანა შევიდა, ის მთლიანად ცოდვას ჰყავს შებოჭილი - როდესაც ადამიანი უფალს ეხება, იღებს სიწმინდეს, მაგრამ არა შემუსვრილი, მონანული გულით, მასში იბუდებს ბოროტი, წარმწყმედელი ადამიანისა. მაცხოვარმა იცის იუდას შინაგანი მდგომარეობა, მაგრამ არ ზღუდავს ადამიანის თავისუფალ ნებას. ბოლოს მიმართავს: მალე გააკეთე, რასაც აკეთებ. ამის შემდეგ იუდა გადის. მოციქულებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, რადგან მოციქულთა სალარო ებარა და ჩათვალეს, რომ მოძღვარმა რაღაცის შესაძენად გაუშვა. თანაც ისინი კვლავ მაცხოვრის ნათქვამზე ფიქრობდნენ, რომელი უნდა ყოფილიყო მათ შორის გამცემი.

ცხადია, იუდა ტრაგიკულია თავისი არსით, გრძნობით. მას ყველაფერი მისცა უფალმა. იცოდა, ვერცხლისმოყვარეობისკენ იყო მიდრეკილი, ამის დაძლევაშიც უწყობს ხელს - მოციქულთა სალაროს აბარებს, ნებას აძლევს, ისე განკარგოს, როგორც სურს. მეორე მხრივ, იმას აძლევს, რაც სურს და მეტ ნდობასაც უცხადებს. მამები განმარტავენ, რომ იუდა, როგორც ჩვეულებრივი კაცი, წესიერიც იყო, მაგრამ ადამიანი არ უნდა შეეგუოს ცოდვას. თუ რომელიმე ცოდვას შეეგუება - მრუშობას, ნარკომანიას, ან თუნდაც იუდას მსგავსად ვერცხლისმოყვარეობას, ცხოვრების უმთავრეს მომენტში აუცილებლად გაყიდის უძვირფასესს - მრუში აზროვნებით დაეცემა უახლოეს ადამიანთან, ნარკომანი უსახლკაროდ დატოვებს უახლოეს ადამიანს. როდესაც ადამიანი გონს მოდის, ეშმაკი აზრს აწვდის, შთააგონებს, რომ ვეღარ დაიბრუნებს უფალს, რადგან ერთმა შეგუებულმა ცოდვამ მოიცვა მისი არსი, ეს ცოდვა იმდენად გადიდდა ადამიანში, რომ მისი მონა და ტყვე შეიქნა. რა ვქნა? - ეკითხება ადამიანი ეშმაკს. გაეცალე ამას - თვითმკვლელობას სთავაზობს. იმ მომენტში ამას, როგორც ერთადერთ წამალს, ისე წარმოუჩენს. იუდასაც ასე დაემართა. თუმცა უფალი ბოლო მომენტამდე არ ტოვეს ადამიანს - თავის ჩამოხრჩობის დროს იუდას ტოტი ჩამოუტყდა. კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა, დაფიქრდეს, შეინანოს და შენდობა მიიღოს უფლისგან. იუდა ამას არ აკეთებს...

- მნიშვნელოვანი მოვლენაა მაცხოვრის გეთსიმანიის ბაღში ლოცვაც...

- სერობის დასრულების შემდეგ მაცხოვარმა და მოციქულებმა იგალობეს. ამის შემდეგ მიემართებიან ზეთისხილის მთისკენ. მაცხოვარი ლოცულობს ზეციური მამის წინაშე, ავედრებს მოციქულებს... გეთსიმანიის ბაღისკენ მიმავალი უფალი ესაუბრება მოციქულებს, განამტკიცებს და განაძლიერებს მათ. მოციქულთაგან გამოარჩევს პეტრეს, იაკობს და იოანეს და მათთან ერთად შედის გეთსიმანიის ბაღში. დანარჩენებს ბაღის მახლობლად ტოვებს. მწუხარეა ჩემი სული, იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად, - მიმართავს მოწაფეებს. გრძნობს და უწყის, რომ მოახლოებულია ჟამი, იცის, რაც მოელის, და როგორც ხორცშესხმულ ადამიანს, მასაც სჭირდება განმტკიცება და გვერდში დგომა. ტოვებს მოციქულებს, მათგან მოშორებით გადის და ლოცულობს, - მამაო ჩემო, თუ შესაძლებელია ამარიდე ეს სასმისი. წმინდა მამები განმარტავენ, რომ ყველა ცოდვა, რაც კაცობრიობას ჩაუდენია, მის წინაშეა გადაშლილი და ფიალასაა შედარებული. მან ეს ფიალა, სასმისი უნდა შესვას. უკვე მწვერვალია, დადგა ჟამი კაცობრიობის გამოსყიდვისა. და განიცდის როგორც ადამიანი - შეძლებს კი ამ ტვირთის ზიდვას? განცდა იმდენად დიდია, რომ ოფლის ნაცვლად სისხლის წვეთები სდის. კვლევებმა აჩვენა - ადამიანის შინაგანი მდგომარეობა რომ ამ სახით გამოვლინდეს, ეს იშვიათი შემთხვევაა.

ლოცვის შემდეგ მოციქულებთან მიდის. მძინარენი ჰპოვა ისინი, აღვიძებს და ეუბნება, - მცირე ხანსაც ვერ შეძელით ჩემთან ყოფნა, იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში, სული მხნეა, ხორცი კი - უძლური. მარტო გრძნობს თავს, როგორც კაცი, როგორც ადამიანი. იმ დროს არავის შეეძლო მისთვის ბოლომდე გაგება. ამის შემდეგ კვლავ ლოცულობს ზეციური მამის წინაშე და როგორც ადამიანი, კვლავ სთხოვს ამარიდე ეს სასმისი - ეს განსაცდელიო. მესამედ, მამისადმი აღვლენილ ლოცვაში უკვე ნებაზე საუბრობს. არა, როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ. რადგან უკვე გაძლიერებულია მამასთან საუბრით. ეს არის ლოცვის ძალა, ლოცვის მადლი. ხდება ადამიანისა და ღვთის ნებათა თანხვედრა - სინერგია. ადამიანი ნახულობს ძალას და ძლიერდება - პირდაპირ იხსნება ცა და გადმოედინება ღვთის მადლი.

- გეთსიმანიის ბაღში ლოცვისა და განმტკიცების შემდეგ დგება ჟამი მაცხოვრის შეპყრობისა და სამსჯავროზე გადაცემისა...

- იუდას ამბორის შემდეგ მის შესაპყრობად მისულთ მაცხოვარი ეკითხება, - ვის ეძებთ? იესო ნაზარეველსო, - მიუგებენ. "მე ვარ", - პასუხობს უფალი. ისინი ძირს ეცემიან, წამოდგებიან და კვლავ ამბობს უფალი - "მე ვარ". ისინი კვლავ უკან იხევენ და ეცემიან. ამ ადგილის განმარტებისას მამები ბრძანებენ: როდესაც უფალი დიდებით ეცხადება მოსეს, ეუბნება "იაჰვე" - "მე ვარ, რომელი ვარ". მაცხოვარი დაახლოებით ამ დიდებით მიმართავს მათ, - "მე ვარ". ის ხომ მამასთან საუბრით იყო განდიდებული. იუდეველთა მღვდელმთავრები და ფარისევლები ვერ იტევენ უფლის დიდებას და ამიტომაც ეცემიან, თუმცა ვერ ხვდებიან რა ხდება მათ თავს, რა ძალის წინაშე ეცემიან. შემდეგ იმგვარად მიმართავს მაცხოვარი, რაც მათთვის მისაღებია.

მნიშვნელოვანია ის მომენტიც, როდესაც პეტრე მახვილს იშიშვლებს და ყურს ჭრის მღვდელმთავრის მსახურს. მაცხოვარი აჩერებს მას, - რომ მინდოდეს, ანგელოზთა ლაშქარი მოვა, მაგრამ "ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?" - რაც მოსახდენია უნდა მოხდესო.

მოციქულები გარბიან, მაცხოვარს კი შეიპყრობენ და მიჰყავთ გასასამართლებლად. იუდეველთა მღვდელმთავრები და ფარისევლები ცდილობენ, სწრაფად გამოუტანონ განაჩენი, ვიდრე ხალხი გაიგებს და მოგროვდება. მაცხოვრის სამსჯავროზე საუბრისას მამები ბრძანებენ, - ებრაელთა სამსჯავრო შემწყნარებლობით გამოირჩეოდა, ცდილობდნენ, ბრალდებული როგორმე გაემართლებინათ, მისი გამართლების საბაბი მოეძებნათ, ამიტომ სასამართლო პროცესი დიდხანს გრძელდებოდა. მაცხოვრის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით მოხდა... მაცხოვრისთვის სასიკვდილო განაჩენი რომ გამოეტანათ, თანაც ჯვარცმისა, სინედრიონის წევრებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ უფლის რჩეულ ერს, ერთხმად მოეთხოვა, - "ჯვარს აცვი იგი"-ო...

როდესაც მაცხოვარი ანას წინაშე წარადგინეს, კითხულობს, - რისთვის მსჯით, განა ყველაფერს სჯულის მიხედვით არ აღვასრულებდიო? ერთ-ერთმა მსახურმა სილა გააწნა: როგორ პასუხობ მღვდელმთავარს, პირდაპირ უპასუხეო. მამები განმარტავენ, რომ ეს მსახური ის კაცი იყო, რომელიც უფალმა 38 წლის დავრდომილი აღადგინა. მას სამსახური შესთავაზეს, რომ მაცხოვრის წინააღმდეგ ერთ-ერთ მოწმედ გამოსულიყო. ამ ცოდვის ჩადენას ერჩივნა სიცოცხლის ბოლომდე დავრდომილი ყოფილიყო, ბრძანებენ მამები მის მიმართ.

კიდევ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას, როდესაც მღვდელმთავარი კაიაფა დაფიცების წესს იყენებს და მაცხოვარს ეკითხება - შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა? - შენ ხარ მესიაო? - "შენ თქვი", - მიუგებს უფალი, ფაქტობრივად უმაღლესი მღვდელმთავრის წინაშე აღიარებს ყველაფერს. არსებობს გადმოცემა, რომ ამ დროს ისინი თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. გადმოცემის თანახმად, ახალგაზრდობისას კაიაფა ღმერთს ევედრებოდა, მღვდელმთავარი გამხდარიყო, რათა სინედრიონში მოხვედრილიყო და უფალს დახმარებოდა. მას სიზმარში ახალგაზრდა, ცისფერთვალება ყმაწვილი გამოეცხადა და ჰკითხა, - ეს ღვთის სადიდებლად, მესიის შესაცნობად და ერის სამსახურისთვის გინდაო? - დიახ, უთხრა კაიაფამ... ამ მომენტში უცქერდა მაცხოვარს, ის თვალები და ის სახე შეიცნო, რომელიც სიზმარში იხილა. უნდა მიხვდეს და აღიაროს, რომ მის წინაშე მხსნელი დგას, მაგრამ როდესაც გააცნობიერა, რომ ყველაფერს კარგავს, შესამოსელს შემოიხევს, - მეტი დაცინვა რაღა გინდათ, მან ჰგმო. რაღაში გვჭირდება მოწმენი, ღმერთს გმობს, ამაზე მეტი მზაკვრობა რაღა გინდათო...

- რატომ ინება უფალმა, რომ სწორედ ჯვარცმით გამოეხსნა კაცობრიობა მარადიული სიკვდილის ტყვეობიდან, ჯვარზე ვნება დაეთმინა ადამიანთა ხსნისთვის?

- ჯვარცმა იყო ყველაზე სამარცხვინო და მტკივნეული სასჯელი. ჯვარზე გაკვრით ყველაზე მძიმე დამნაშავეებს სჯიდნენ. იუდეველთა მღვდელმთავრებმა, ფარისევლებმა და სინედრიონმა ყველაფერი გააკეთა, რომ სწორედ ამ სასჯელით დაესაჯათ მაცხოვარი. უფალმა ყველაზე მტკივნეული და მძიმე სასჯელი იტვირთა კაცობრიობის გამოსახსნელად. მან ყველაფერი ყველაზე უკიდურესი მიიღო საკუთარ თავზე - ბაგაში შობით დაიწყო და ჯვარცმით დაასრულა. ჯვარცმის ტკივილები დაითმინა და ჯვარი გამარჯვების იარაღად და სიმბოლოდ აქცია. რა აძლებინებდა მას? - უსაზღვრო სიყვარული ადამიანებისადმი. ღმერთმა ისე შეიყვარა წუთისოფელი, რომ თავისი ძე შესწირა ღვთის კრავად და გამოისყიდა ადამიანთა ცოდვები.

ჯვარცმით დასრულდა ეშმაკის ხელმწიფება კაცობრიობაზე, ადამიანზე. ბოროტმა დაკარგა ძალაუფლება ადამიანზე, თუ თვითონ ადამიანი არ მისცემს ეშმაკს მასზე ზემოქმედების ნებას. ამ დრომდე აშენებდა, აშენებდა ეშმაკი ჯოჯოხეთის ციხესიმაგრეს, ხარობდა ბოროტი, მაგრამ ჯვარცმისას დაღვრილმა პირველმა სისხლის წვეთმა შეაზანზარა ჯოჯოხეთი: ხილულად დავინახეთ როგორ განიპო მიწა ჯვარცმით, გაიპო ის ადგილი, სადაც ადამიანები ეშმაკს დაემსგავსნენ და უფალი აცვეს ჯვარს. მზეს შერცხვა ადამიანების დანახვა და თავისი ბრწყინვალება დამალა. დედამიწა შეზანზარდა. ასეთი სამყარო შეიძლება ითქვას საძაგელი იყო უფლისთვის. უფრო მეტად შეზანზარდა შიდა სამყარო, ბოროტისგან შეკოწიწებული ციხესიმაგრე ტანჯვისა, ტკივილისა დაინგრა, დაიმსხვრა ჯოჯოხეთის ბჭეები, უფალი შთავიდა ჯოჯოხეთში ანგელოზთა დასით, ამოიყვანა მართალთა სულები და დამკვიდრდა სამოთხეში. მოხდა გამოხსნა, თუმცა ეშმაკი ვიცით, რომ ამის შემდეგაც არ ჩერდება - ნანგრევებს აკოწიწებს. ცდილობს ნანგრევებში მოამწყვდიოს ადამიანი, თუმცა, როგორც ვთქვით, თუ თვითონ ადამიანი აღარ მისცემს მასზე ზემოქმედების უფლებას, გამოხსნის შემდეგ ბოროტი მასზე ვეღარ ბატონობს.

გამოხსნის შემდგომად თითოეულ ადამიანს მიეცა საშუალება სულის ხსნისა - უფალმა გაჭრა გზა, რომლითაც ცხონდება ადამიანი, ეს გზა ძნელად სავალია, მაგრამ ბოლოში უფალი დგას და გამარჯვების გვირგვინი გველოდება.

- ჯვარცმა სწორედ იმ ადგილას აღესრულა, სადაც შეცოდებული ადამის თავის ქალა იყო დაფლული, მაცხოვრის ჯვარი ადამის საფლავზე აღმართეს. რატომ?

- ამას სიმბოლური და თავისი მისტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ადამის საფლავი ავად მოაგონებს კაცობრიობას დამარცხებას და დაცემას. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დამარცხების ადგილი. საჭირო იყო ეს ადგილი განწმენდილიყო და ამაღლებულიყო ახალი ადამის - მაცხოვრის გამარჯვებით. ეს მოხდა ჯვარცმით, მაცხოვრის ჯვარზე შეწირვით, ჯვარზე დაღვრილი სისხლით. პირველი წვეთები მისტიკური მნიშვნელობით ეპკურა ადამის თავის ქალას. ეს იყო ნიშანი, რომ საღვთო კრავის შეწირვით, მაცხოვრის სისხლით განიწმინდა ადამის ცოდვით დაცემული კაცობრიობა. პირველი წვეთებიც სწორედ ადამის თავის ქალას დაეცა, რითაც მთლიანად დაიმსხვრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი.

- მნიშვნელოვანია მაცხოვართან ერთად ჯვარცმულ ავაზაკთა შემთხვევაც...

- მაცხოვართან ერთად ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს. ერთი მათგანი გმობს მას და ეუბნება, - თუ მხსნელი ხარ, თავიც გადაირჩინე და ჩვენც გვიხსენიო. აქ ჩანს ამპარტავანი და იმედგაცრუებული ადამიანის პოზიცია, ცდილობს, თავისი დანაშაული მასზე გადაიტანოს. მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი კი აღიარებს მაცხოვარს და სთხოვს, მომიხსენე სასუფეველშიო. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში შეიცნო უფალი. ჯვარცმა ხომ ყველაზე სამარცხვინო სასჯელი იყო. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, - ავაზაკი ერთადერთი იმედი და ნუგეში დარჩა კაცობრიობას, როდესაც მთელმა ხილულმა სამყარომ ზურგი აქცია, მოციქულებმაც კი მიატოვეს, მხოლოდ იოანე დგას ჯვრის კვარცხლბეკთან და ცრემლები სდის, ბოლომდე არ ტოვებს უსაზღვრო სიყვარულისა და ერთგულების გამო, მაგრამ ბოლომდე მასაც ვერ გაუგია ყველაფერი, უფრო როგორც ხორციელ მოძღვარს, ისე დასტირის მას, ავაზაკი ერთადერთია, რომელიც მაცხოვარს აღიარებს და უფალს უწოდებს. ეს საოცარი მაგალითია, აქ ჩანს ავაზაკის ხედვა, უფლის შემეცნებაში სწორი სულიერი მდგომარეობა დაეხმარა. უფალიც აჯილდოებს მას - აღუთქვა დღესვე ჩემთან იქნები სასუფეველშიო.

- როდესაც ჯვარცმის დრო ახლოვდებოდა, მაცხოვარმა მიმართა პეტრე მოციქულს: "სვიმონ, სვიმონ! აჰა, სატანამ ითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოს.." პეტრემ კი მიუგო: "დაღათუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენდა მომართ, ხოლო მე არასოდეს დავბრკოლდე, თუნდაც სიკვდილი მომიხდესო, თუმცა პეტრეს, რომლის სიმტკიცე და მხურვალე რწმენასაც უფალმა კლდე უწოდა, ამგვარი რწმენის მიუხედავად მაინც მოუხდა უფლის უარყოფა. მაცხოვრის სიტყვისაებრ, მამლის ყივილამდე სამგზის უარყო უფალი... სიანტერესოა მოციქულთა ქცევაც, ვიცით, რომ ჯვარცმის დროს ყველა მოციქულმა მიატოვა უფალი და გაიფანტნენ. ამის შესახებ მათაც აუწყა ჯვარცმამდე მაცხოვარმა. მხოლოდ იოანემ გაიარა ვნების გზა იესო ქრისტესთან ერთად და კვარცხლბეკთან დადგა... გეთსიმანიის ბაღშიც ვერ შეძლეს მღვიძარება მაცხოვრის თხოვნის მიუხედავად...

- უფალმა დაუშვა, რათა პეტრესა და თითოეული ადამიანისთვის ეჩვენებინა, რომ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, საკუთარი თავის იმედით, ადამიანი ვერავითარ სიკეთეს ვერ გააკეთებს, ღვთის გვერდში დგომისა და შეწევნის გარეშე ეშმაკის ხრიკებსა და მახეებს ვერ ძლევს, თუმცა პეტრეს და იუდას უარყოფა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. პეტრეში უფლის მხურვალე სიყვარული იყო და ამან უშველა, ამან იხსნა და გადაარჩინა, სწორედ ამის შედეგი იყო ის უდიდესი სინანული, რაც მას უფლის უარყოფის შემდეგ დაეუფლა. სინანულის სწორი ფორმა აირჩია. საშველად კვლავ უფალს მიაპყრო მზერა და უფალმაც მიუტევა სისუსტე.

იუდას ღალატი დაგეგმილი იყო, მაგრამ მასაც არ ეგონა, თუ მაცხოვარს სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ. ეს მისი შემდგომი ქმედებიდანაც ჩანს, როდესაც ღალატის საფასურად აღებულ ვერცხლს უკან მიუყრის მღვდელმთავრებს, არადა, ეს 30 ვერცხლი მონის საფასურია, იმ დროს კი ამ თანხას უფრო ნაკლები ძალა ჰქონდა... ერთ-ერთი მამა ამგვარადაც კი ავითარებს აზრს - თითქოს იუდას იმედი ჰქონდა, მაცხოვარი სინედრიონთან გამართლდებოდა. როდესაც ჯვარცმის განაჩენს გამოიტანენ, მიდის, დანაშაულს აღიარებს და ვერცხლს უკან მიუყრის. თითქოს ამაში ეძებს ნუგეშს, მაგრამ რა შეიძლება გააკეთოს ეშმაკს მიყიდულმა სულმა. სასოწარკვეთილი იუდა ვერანაირ ხსნას ვეღარ ხედავს. იმის ნაცვლად, რომ უფლის მზერა იგრძნოს და მას მიმართოს საშველად, ცდილობს, გაიქცეს, დაემალოს ღმერთს. ამიტომაც არ გახდა იუდას წუხილი მისთვის ხსნის მომტანი.

მოციქულთა ქცევა უფრო მიწიერი იყო, რადგან მათზე ჯერ კიდევ არ იყო გარდამოსული სულიწმინდის მადლი. მაცხოვარი, როდესაც გეთსიმანიის ბაღისკენ მიმავალი საუბრობს მოციქულებთან, შეხედავს, რომ დამძიმდნენ და ჩუმდება - რაც გითხარით, საკმარისია თქვენთვისო. თუმცა ბოროტიც მოქმედებდა და მათ სისუსტეებს აძლიერებდა.

- მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა იყო გვირგვინი ყოველივესი.

- რომ არა აღდგომის მოვლენა, ყველაფერი გაფერმკრთალდებოდა, მაგრამ აღდგომით განცხადდა ჭეშმარიტება. ადამიანს გაეხსნა მარადიული სიცოცხლის, ცხოვრების გზა. ირგვლივ თითქოს ყველაფერი სიკვდილის ტყვეობაშია - იზრდება, ნაყოფს იღებს, ბოლოს კვდება. ადამიანიც იბადება, იზრდება, ნაყოფიერი ხდება და ბოლოს კვდება. თითქოს ყველაფერს ცოდვის ხელი ატყვია, ყვლაფერი მაინც წუთისოფლის ბატონს უპყრია. ეს ყველაფერი სწორედ აღდგომამ დაანგრია. თავისი ბრწყინვალე აღდგომით უფალმა სიკვდილი დათრგუნა, გაიმარჯვა სიკვდილის ტყვეობაზე და მარადიული სიცოცხლე დაუბრუნა კაცობრიობას. ჩვენ მოგვეცა მიზანი, რატომ უნდა ვიმარხულოთ, რისთვის ვილოცოთ, რატომ აღვასრულოთ მცნებები, რადგან აღდგომით უფალმა დაგვანახა, რომ მას ხელეწიფება მარადიული სიცოცხლის მონიჭება. ეს არის ყველაფერი, რაც აღდგომის შედეგად მოგვეცა. აღდგომით გაგვეხსნა მარადიული სიცოცხლის გზა. აღდგომა არის შეგრძნება მარადიული სიცოცხლისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat