დრო და ეკლესია
დრო და ეკლესია
შეუძლებელია, უფლის მცნებები ოდესმე გაცვდეს
დრო - ის საიდუმლოა, რომელშიც ვცხოვრობთ. ნეტარი ავგუსტინე თავის უკვდავ "აღსარებაში" დროის ცნებას ასე ხსნის: "მე ვიცი, რა არის დრო, როდესაც არ მეკითხებიან, მაგრამ როდესაც მის შესახებ მეკითხებიან, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვიბნევი და ვიფანტები".

მეცნიერება და ფილოსოფია ვერ პოულობენ ისეთ ფორმულებს, დროს რომ არ უკავშირდებოდნენ, ამიტომ არც მისი რამესთან შედარება და ისე განსაზღვრა შეუძლიათ, ლოგიკურ ანალიზს რომ უძლებდეს.

დროის საიდუმლო მხოლოდ ეკლესიამ იცის, რომელიც გვასწავლის, რომ ქრონოსი - ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებისა და მისი, როგორც ღვთის მსგავსი არსების, თვითგანსაზღვრის პირობაა.

აქ, დედამიწაზე, ღვთისმსახურების რიტმში ჩართვასა და დროის ახლებურ აღქმას ვიწყებთ - არა როგორც სწორი, უწყვეტი ხაზისას, არამედ როგორც მარადისობის კარიბჭისა.

როგორია და როგორი უნდა იყოს მიმართება დროსა და ეკლესიას შორის, რომელიც ბიბლიური სუნთქვით სუნთქავს და ქრონოსს ამ ფონზე აღიქვამს?

გვესაუბრება საბურთალოს პანთეონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ისტორიის დოქტორი, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მღვდელი ლევან მათეშვილი:

- მამა ლევან, რა დამოკიდებულება ჰქონდა ძველ ეკლესიას დროსთან და რას ამბობს ამაზე წმინდა წერილი?

- საეკლესიო აზროვნებაში დრო ისეთივე ქმნილებაა, როგორიც ადამიანი. ბანალურადაც კი იქცა გამოთქმა: იყო დრო, როცა დრო არ არსებობდაო. საეკლესიო გადმოცემა კი იუწყება, რომ დადგება ჟამი, როდესაც დრო (მხედველობაში ამსოფლიური დრო მაქვს) განქარდება.

ნებისმიერი ეპოქის ადამიანს თავისი თანადროულობა საუკეთესო ჰგონია და ამ სტერეოტიპისგან არც ჩვენ ვართ თავისუფალნი.

ადამიანებს გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და, შესაბამისად, იმ პერიოდზეც, რომელშიც იშვნენ. პირველ საუკუნეთა სახარებისეული აზროვნება დროსა და, საზოგადოდ, ამსოფლიურ ჟამზე დღევანდელისგან მკვეთრად განსხვავდება. ბევრს მიაჩნია, რომ ეს ჩვენი საუკუნე ყველაზე სრულქმნილი, ცივილიზებული და პროგრესულია (ცივილიზაციაში, როგორც წესი, ტექნოგენეზისს გულისხმობენ), მაგრამ ეს ერთგვარი ოპტიკური ტყუილია, მირაჟის მსგავსი მოჩვენება, რადგან ის, რითიც თანამედროვე ადამიანს თავი მოაქვს, - ტექნიკური, საინფორმაციო თუ სამედიცინო მიღწევები, - საბოლოო ჯამში, არაფრის მომცემია, რადგან ადამიანის ფსიქოტიპს არ ცვლის. თქვენ წარმოიდგინეთ, გართობის ინდუსტრიაც კი არ შეცვლილა. ყველაზე მკაფიო არგუმენტი - სამედიცინო მიღწევებიც ერთგვარი ბლეფია, რადგან თუ ზოგიერთ სნეულებას ვუპოვეთ წამალი, ახალწარმოქმნილთ ვერაფრით ვკურნავთ. ძველ დროებასთან შედარებით სტატისტიკამ ვერც სიკვდილიანობის შემცირება დააფიქსირა.

ახალ აღთქმაში მართლაც ხშირად იხსენიება დრო და იგი ყოველთვის ქრისტეს უკავშირდება.

ბოლო ჟამის თემატიკა, რომელიც დღეს ძალზე პოპულარული და, როგორც ძველად, მავანთა სპეკულაციის საგანია, ახალაღთქმისეულ წერილებსა და პირველ ქრისტიანთა აზროვნებაშიც ძალზე აქტუალური იყო, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, ისინი ბოლო ჟამს სხვაგვარად აღიქვამდნენ. ჩნდება შეკითხვა: თუ ბოლო ჟამად უკვე პირველი საუკუნეებიც იხსენიებოდა, მაშ, ცდებოდნენ მოციქულები, ან ეს ორიათასწლიანი ხანა მთლიანად ბოლო ჟამია?

ამპარტავნული, ტენდენციური და ემოციურია განმარტებაა, თითქოს ეს ხანა, პირდაპირი გაგებით, ხვალ ან ზეგ დადგება. მაშ, რა ბოლო ჟამს გულისხმობენ მოციქულები? საკმარისია, ახალი აღთქმა გავიხსენოთ, - ამ ჟამთა შესახებ არავინ იცის, ყოვლადწმინდა სამების გარდაო, - რომ ყველაფერი ნათელი გახდება.

- მამაო, ახალი აღთქმა ახსენეთ. თავად სიტყვა "ახალში" უკვე დრო იგულისხმება...

- დიახ, ასეა. ძველი აღთქმაც და ახალიც დროს გულისხმობს. მოდით, განვმარტოთ: რა ტექსტთა კრებულია ან ერთი, ან მეორე? თანამედროვე ენაზე თუ ვთარგმნით, ეს ძველი და ახალი კონტრაქტებია, საურთიერთობო კანონები. მაგრამ ვის და ვის შორის? ერთი მხრივ, ღმერთსა და ადამიანს, მეორე მხრივ კი ადამიანსა და ადამიანს შორის. ახალი კონტრაქტი, რომელიც ძველის აღსრულება და ახალი ერის დასაწყისია, თავად მაცხოვარმა მოგვცა. სწორედ ამ კუთხითაა იგი ახალი და მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც მატერიალური სამყარო შეწყვეტს არსებობას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ახალი კონტრაქტი არ დაძველდება და არც უახლესი დაიდება. ასე რომ, პერიოდი ახალი აღთქმიდან ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე სულ ბოლო ჟამია. სწორედ ამ შინაარსს გულისხმობენ მოციქულებიც, თუმცა მავანნი ამ თემით დღემდე სპეკულირებენ და თავისეულ ინტერპრეტაციებს ისევ გვთავაზობენ.

როგორ უნდა გავიგოთ ახალი აღთქმის კოდექსი ჩვენს საუკუნეში? იგი ხომ 2000 წლის წინ დაიწერა და შესაბამისი დამოკიდებულება სჭირდება?! ან რა სიცხადით ისმის სახარებისეული ტაქსტები ამდენი საუკუნის გადმოღმა, გაცვდა კი მისი მცნებები და შინაარსი?

ქრისტიანობის მოწინააღმდეგენი სწორედ დროის ფაქტორს იშველიებენ და იქედნურად კითხულობენ: ოცდამეერთე საუკუნეში წმინდა წერილის მოთხოვნები განა უხეში და უადგილო არ არის? აღარ დადგა დრო, ეკლესიამ ყოველივეს გადახედოს და "გაალაითოს" თუნდაც მცნება "არა იმრუშო"?

რაღა თქმა უნდა, სახარება, ისევე როგორც მოციქულთა ეპისტოლენი, დროში შეიქმნა და მისი ადრესატები, უპირველესად, იმ დროის კონკრეტული ადამიანები თუ ქალაქებია, მაგრამ ამბავი განკაცებული ღმერთის მიერ ჩვენთვის გაღებული გამომხსნელი მსხვერპლისა და საუკუნო წყევისაგან განთავისუფლებისა მხოლოდ მათ კი არა, იმ ადამიანებსაც ეხება, ვისაც ოდესმე უცხოვრია, ცხოვრობს და იცხოვრებს. ქრისტე კაცობრიობის გამაერთიანებელია, სწორედ ამიტომაა მისი მსხვერპლი საყოველთაო. ასე რომ, მატერიალური დრო ამ სასიხარულო ამბავს ზიანს ვერ მოუტანს.

ჩინებული ქართული სიტყვაა "მედროვე", რომელსაც ხშირად ვიწრო მნიშვნელობით ვხმარობთ, მაგრამ მასში გაცილებით ფართო შინაარსი იგულისხმება. მედროვეა თავისი დროის მაქებარი და მეხოტბე კაცი. მათ გასაგონად მინდა ვთქვა: მაცხოვრის განკაცებისას მცნება "არა იმრუშო" მაშინდელი უკიდურესად დაცემული და გარყვნილი სამყაროსთვის ყველაზე მიუღებელი მოთხოვნა იყო. დღევანდელი ადამიანი ახლოსაც ვერ მივა იმ მდგომარეობასთან. მაგრამ მოხდა საოცრება და ასეთმა სამყარომ ეს მცნება, დღევანდელი, მეტ-ნაკლებად გაქრისტიანებული საზოგადოებისგან განსხვავებით, მთელი სისავსით მიიღო და მისი შემსუბუქება არც უფიქრია.

მოდით, ვიკითხოთ: არის კი თანამედროვე ადამიანი თავის ახლო თუ შორეულ წინაპრებზე უკეთესი? ან რაში მდგომარეობს პროგრესი?

მართალია, ტექნიკური პროგრესი თვალსაჩინოა, მაგრამ ადამიანის ფუნდამენტურმა ღირებულებებმა, პირიქით, რეგრესი განიცადა. არც ბუნებრივი კატაკლიზმებისა და, საერთოდ, გარემოსგან ვართ უკეთ დაცულნი. საკმარისია, ელექტროენერგია, გაზი, წყალი ან თუნდაც მობილური ტელეფონი გაგვითიშონ, ნერვული აშლილობის ზღვარზე მყოფ ყოვლად უსუსურ არსებებად ვიქცევით. ჩვენი ძველები ამდენ გარე ფაქტორზე დამოკიდებულნი არ ყოფილან. იმას არ ვგულისხმობ, რომ ტექნიკური მონაპოვრის გამოყენება ცუდია, პირიქით, მაგრამ რეალობის ადეკვატური გააზრებაც აუცილებელია: ამ სიკეთეებს კი ვიყენებთ, მაგრამ თან ვემონებით. მოკლედ თუ ვიტყვით, ამ ყველაფერზე დამოკიდებულნი უფრო ვართ, ვიდრე დაცულნი. ეს თავისუფლება კი არა, მონობაა, თავისუფლება კი უფლისგან ნაბოძები ყველაზე დიდი საჩუქარია. მაშ, რომელ პროგრესზე ვსაუბრობთ?

მართალია, ძველი აღთქმაც და ახალიც დროში შეიქმნა, მაგრამ მათში მოცემული ინფორმაცია ყავლგაუსვლელია, რადგან ჭეშმარიტად მარადიული არსებისგან - ღვთისგან გვებოძა. უფალი მიღმიერი ანუ ტრანსცენდენტული და იმავდროულად ყველგან მყოფი ანუ იმანენტურია. ეს წმინდა წიგნები სწორედ ამგვარ მდგომარეობას - განღმრთობას, უფალთან შეერთებასა და მის მსგავსად ყოფნას გვთავაზობენ.

შეუძლებელია, უფლის მცნებები ოდესმე გაცვდეს და რადგან ჩვენ ვერ შევესაბამებით მათ, ძალზე მარტივ გამოსავალს ვპოულობთ - იქით ვცდილობთ მათ მორგებას ჩვენს დაცემულ, ცოდვილ ბუნებაზე, რაც ოდენ სიბრმავე და თავის მოტყუებაა. სწორედ ამ სიბრმავით მოაქვთ თავი თანამედროვე მედროვეებს.

- რა ცვლილებები მოხდა დროთა განმავლობაში ეკლესიაში, ლიტურგიკაში?

- მოგეხსენებათ, ეკლესია ადამიანების კი არა, ღვთისგან დაფუძნებული ორგანიზაციაა, სულთმოფენობა კი ახალაღთქმისეული ეკლესიის შობის თარიღი. სწორედ ამ დღეს მიენიჭათ მადლმოქმედება და ძალმოქმედება მოციქულებს საქადაგებლად და ქრისტიანობის გასავრცელებლად და დღემდე ასეა. ეკლესია მატერიალურ სამყაროშია და დაარსებიდან უამრავი დაბრკოლების - ფარული თუ აშკარა დევნის, მწვალებლობათა მთელი რევოლუციის... - გადალახვა მოუხდა. მისი მთავარი მისია ადამიანთა სიყვარულით, თავგანწირვით და არა ძალით მონადირება, ქრისტეში გადარჩენა და მათთან ღვთის სიტყვის მიტანაა. ამ მხრივ, რაღა თქმა უნდა, ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ ცალსახად უნდა გავმიჯნოთ, რას შეეხო ისინი: დოგმატები, სჯული და სწავლა-მოძღვრება უცვლელია და მისი გადახედვა დაუშვებელია. მაშ, როგორი ცვლილებები ხდებოდა? ეს გარეგნული, ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული კორექტივებია და არამც და არამც - შინაარსობრივი.

მოდით, განვმარტოთ: რა არის დოგმა? ეს გახლავთ ღვთივ გამოცხადებული ჭეშმარიტება ადამიანთათვის გასაგებ, ლინგვისტურად გამართულ ენაზე, რომლის განმცხადებელიც თავად უფალია. სწორედ წმინდა წერილი გვაუწყებს ამ მცნებებს და დოგმატებს, რადგან ადამიანი ღვთის ქმნილებაა, ქმნილება კი შემოქმედს ვერასოდეს ჩასწვდება, ან სწორედ იმდენი და ის იცის ღმერთზე, რამდენის გაცხადებაც უფალმა თავად მოიწადინა. ასე რომ, ღვთივ გამოცხადებულის შეცვლა, გამარტივება ან გაუქმება შეუძლებელია. ცვლილებას ექვემდებარება არა დოგმატიკა, არამედ მატერიალური, ყოფითი თუ ტექნიკური პირობები ეკლესიაში. მაგალითად: თუკი წარსულში სასულიერო პირები ცხენით, ჯორით, სახედრით თუ ნავით გადაადგილდებოდნენ, დღეს ავტოტრანსპორტით სარგებლობენ. სხვათა შორის, თავად უფალი და მისი მოციქულნი ყველა იმჟამინდელ ტექნიკურ მიღწევას იყენებდნენ და ამაში ექსტრაორდინარული არაფერია. ეს არც კარგია, არც - ცუდი, უბრალოდ, ფაქტია.

ეკლესიის კანონები პირობითია, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი არ უნდა აღვასრულოთ, მაგრამ უნდა არსებობდეს სწრაფვა იდეალისკენ. თუმცა კანონებს იდეალურად ფარისევლები აღასრულებდნენ, მაგრამ მთავარი განზე დარჩათ და ღვთის მკვლელებად იქცნენ. ეკლესიურ აზროვნებაში მთავარი ფასეულობა - ადამიანია და არა კანონი. ეკლესიის მიზანს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ნათლად განმარტავს: იგი ეყრდნობა უმთავრეს კანონს - "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" და მართლაც საოცარ სიტყვებს ამბობს: ყველასგან თავისუფალი ყველას დავემონე, რომ უფრო მეტი შემეძინა; იუდეველთათვის გავხდი, როგორც იუდეველი, რათა იუდეველნი შემეძინა, ურჯულოთათვის გავხდი ურჯულო, თუმცა არ ვარ ღვთის ურჯულო, მაგრამ ქრისტეს რჯულიერი, რათა ურჯულოები შემეძინა, უძლურთათვის გავხდი, როგორც უძლური, რათა უძლურნი შემეძინა, ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა ზოგიერთნი მეხსნა როგორმე და ამას სახარებისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილეო. ოღონდ ჯერ ყველა იმ კანონის შესრულება უნდა ეცადო!

ფარისეველთა მსგავსად, მარტოოდენ ნორმატიული აქტებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, მთავარი ფასეულობა - ადამიანია, მისი ხსნა ქრისტეში და ამისთვის შეიძლება ყველა კანონი უარყო და მხოლოდ ერთით - სიყვარულის კანონით იხელმძღვანელო.

ერთ ფაქტს მოვიყვან: ქრისტეს აქეთ 49 წელს იერუსალიმში შედგა მოციქულთა კრება, რომლის მთავარი საკითხი გახლდათ - აუცილებელი იყო თუ არა მოსეს სჯულის აღსრულება და წინადაცვეთა ებრაელობიდან მოსულ ქრისტიანთათვის. პავლე მოციქული ამას საჭიროდ არ თვლიდა და ამტკიცებდა: თუკი ქრისტეში ნათელვიღეთ, ამის აღსრულება რაღა საჭიროაო, მაგრამ ამ კრების შემდგომ მან, ერთი შეხედვით, არაადეკვატური რამ ჩაიდინა: თავის მოწაფე ტიმოთეს წინადააცვეთინა - გარეგნული ნორმა დაარღვია, მაგრამ მთავარი - სიყვარულის კანონი აღასრულა, რადგან სხვაგვარად ებრაელობას ვერ შეიძენდა. უსიყვარულოდ კი, მოგეხსენებათ, ყოველივე უფასურდება.

ცხადია, კანონები ის ორიენტირი და მოძრაობის წესებია, რომლებსაც გაუვალი ჯუნგლებიდან სინათლისკენ მივყავართ, მაგრამ დგება დრო, როდესაც ისინი, შესაძლოა, აღარ დაგვჭირდეს და სიყვარულის კანონითღა ვიხელმძღვანელოთ. მაგალითად, თუ მასპინძელი, სარწმუნოების უმეცარი, სიყვარულით გვემსახურება, ამისთვის შრომობს და ჩვენს პატივსაცემად არასამარხვო კერძებს გვთავაზობს, შესაძლოა, მარხვის კანონი გარეგნულად კი დავარღვიოთ, მაგრამ ისევ და ისევ სიყვარულის სახელით. ამ ადამიანის ქრისტეში შესაძენად მის დონემდე უნდა დაეშვა და გადარჩენის შანსი მასაც მისცე. მაგრამ ვინ იტყვის, რომ მარხვა საჭირო არ არის? იმის თქმა მსურს, რომ ყოველი კანონი კაცთათვის შეიქმნა და არა პირიქით. სწორედ გარეგნულ ცვლილებებს განიცდის სჯული და არა არსებითის.

იყო დრო, როდესაც მრუშობისთვის აღმსარებელ ქრისტიანებს 15-წლიანი უზიარებლობით სჯიდნენ, ამ ნორმას სჯულის კანონი გვეუბნება დღესაც, მაგრამ დღეს თუ ამხელა სასჯელი დავადეთ, ადამიანი ეკლესიისკენ აღარც მოიხედავს და საბოლოოდ დაიღუპება. ხსენებული კანონი დღეს აღარ სრულდება და ამით არც რჯული ირღვევა. თუ ამას ცვლილებას დავარქმევთ, ცვლილება ნამდვილად მოხდა, მაგრამ კანონი სიყვარულისა - უცვალებელია.

ცვლილება ლიტურგიკასაც შეეხო. მაგალითად, იაკობ მოციქულის ჟამის წირვა, რომელიც იერუსალიმში დღესაც აღევლინება წელიწადში ერთხელ, ჯერ - შედარებით ხანმოკლე ბასილი დიდის, შემდეგ კი იოანე ოქროპირის სახელობის წირვამ შეცვალა, თუმცა არსობრივად ყველაფერი იგივე დარჩა - ადამიანთა ყოფიდან, საჭიროებიდან და უძლურებიდან გამომდინარე (რასაც ეკლესია მყისიერ ითვალისწინებდა) მხოლოდ საკითხავი ლოცვები შემცირდა; ღამისთევის მსახურება შუაზე გაიყო - მწუხრი და ცისკარი შაბათს იკითხება, ჟამნი და წირვა კი კვირადღეს.

- არცთუ იშვიათად მავანნი, რაც დოგმატური არ არის, დოგმად ნათლავენ...

- ეს დღეს მართლაც ძალზე მტკივნეული თემაა. ხშირად მას, რაც დოგმა არ არის, დოგმის ხარისხს ვანიჭებთ. მოდით, ძალზე ბანალური საკითხი ავიღოთ: უნდა ეცვას თუ არა ქალს შარვალი ეკლესიაში, რაც ხშირად დიდ გაუგებრობებს იწვევს და მესანთლეთა და სხვათა (სასულიერო პირებს არ ვგულისხმობ) უხეშ მითითებათა შემდეგ ადამიანები ეკლესიას კარგავენ.

ეს საკითხი, რაღა თქმა უნდა, დოგმატის ხარისხში აღსაყვანი არ არის. თავად საკითხის ასე დასმა - ან შარვალი, ან ეკლესია - არასწორია. მოდით, ადამიანები ჯერ ეკლესიაში მოვიყვანოთ და ცნობიერება ისე შევუცვალოთ, რომ თავად აღარ მოუნდეს შარვლის ჩაცმა. აქ საუბარი ვულგარულ სამოსზეა. ასე რომ, გამომწვევი არც კაბა უნდა გვემოსოს და არც შარვალი.

მავანი ბიბლიას იმოწმებს, - სწორედ იქ წერია, დედაკაცისთვის შარვლის ჩაცმა დაუშვებელიაო, მაგრამ აღარაფერს ამბობენ, რა განმარტება, აკრძალვები და სასჯელი მოსდევს ძველი აღთქმის ამ მონაკვეთს. საქმე სოდომურ ცოდვებს - ლესბოსურ და ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს ეხება, ცოდვას, რომელიც მაშინ სიკვდილით ისჯებოდა. მამაკაცისთვის - ქალის, ქალისთვის კი მამაკაცის სამოსის ტარების აკრძალვაც სწორედ ამ სექსუალურ ფობიას ეხებოდა.

სხვათა შორის, იმ დროს, როდესაც სჯული იწერებოდა, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი ერთურთისგან უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა, მისი მთავარი დეტალი - კვართი ორივე სქესისთვის თითქმის იდენტური იყო.

- ხშირად გვსმენია: ღმერთის მწამს, მაგრამ სასულიერო პირების საჭიროებას ვერ ვხვდებიო...

- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამგვარად მოსაუბრენი საკუთარ თავს ტვინის ამოქმედების საშუალებას არ აძლევენ. ეს შეურაცხყოფა კი არა, ფაქტია. გავიხსენოთ, რას ბრძანებს მოციქული იაკობი: სარწმუნოება საქმეთა გარეშე მკვდარიაო. იმის აღიარება, რომ შემოქმედის არსებობის გწამს, არაფრის მომცემია, რადგან ეშმაკმაც მშვენივრად იცის, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ იცავს კი მის მცნებებს?

მათ უკეთ გავუგებდი, რომ ეთქვათ - ათეისტები ვართო, რადგან შეუძლებელია, ნაკურთხის გწამდეს, მაკურთხევლის კი - არა.

ვინც ზედაპირულად მაინც იცის ეკლესიის ისტორია, ამგვარად არასოდეს იფიქრებს. თუ მავანი გადაწყვეტს, რომ ღმერთი არ არსებობს, უფალი ამით არ გაქრება. არიან ისეთნიც, ეკლესიასაც რომ აღიარებენ, ხატსაც, სანთელსაც, მაგრამ მღვდელს - არა, რაც კიდევ უფრო დიდი აბსურდია.

ასეთი აზროვნება, ერთი მხრივ, გაუნათლებლობის შედეგია, მეორე მხრივ კი საკუთარ ცოდვათა არდანახვისა, რაც ძალზე "მომგებიანი" პოზიციაა და თავის მოტყუება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამგვარად მოაზროვნეს საკუთარ დაცემულ ბუნებასა და ცოდვებთან მოუწევს ჭიდილი, რაც ერთობ არაკომფორტულია, რეალობის ადეკვატურად დანახვა და შეფასება კი ქრისტიანის ბუნებრივი მდგომარეობაა. ხომ გახსოვთ, რას ბრძანებს უფალი? მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე! სცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოს შენ!

- თანამედროვე ტექნოლოგიები ეკლესიის ცხოვრებაშიც შეიჭრა. ზოგს ეს აღიზიანებს და თვლის, რომ ტექნიკა ადამიანებს სულიერ ცხოვრებაში ხელს უშლის...

- ზემოთ ვთქვი, ეკლესია ყოველთვის თანამედროვეა და გარემოს და ყოფით ადამიანურ მომენტებს ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს. თანამედროვე ტექნოლოგიებს ქრისტიანები სწორედ ქრისტიანობის უკეთ გავრცელებისთვის იყენებენ. მეტსაც გეტყვით: ძველები წარმართულ, ანტიკურ განათლებასაც იყენებდნენ. არაერთმა უდიდესმა საეკლესიო მოღვაწემ, მათ შორის - ბასილი დიდმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა და იოანე ოქროპირმაც, ანტიკურ აკადემიებში მიიღო განათლება და ეს ცოდნა ქრისტიანობის სამსახურში ჩააყენა. სწორედ ეს გახლავთ სწორი დამოკიდებულება განათლებისა და გარესამყაროსადმი და მაგალითი იმისა, როგორ მივიღოთ მისგან სარგებელი, ხოლო მიუღებელი განვაგდოთ. თავის დროზე ამ პრინციპს გრიგოლ ხანძთელიც ითვალისწინებდა - ყველაფერს სწავლობდა, მაგრამ უკეთურს განაგდებდა. რა არის იმაში ცუდი, თუ მონასტრები ელექტრო თუ მზის ენერგიით ნათდება? ნუთუ ეს სულიერ ცხოვრებაში ვინმეს ხელს უშლის? თუ დღეს ონკანიდან ვიღებ წყალს და მის მოსატანად ცხრა მთას იქით აღარ მიწევს სიარული, ეს ქრისტიანად ყოფნაში ხელს მიშლის? რატომ ვეძებთ სარწმუნოებას ყოფაში და არა იქ, სადაც საჭიროა? ან რატომ უნდა განვიკითხავდეთ სასულიერო პირებს, რომლებსაც ავტომანქანები ჰყავთ და მათი მეშვეობით მოძრაობენ? ეს ხომ, უბრალოდ, გადაადგილების საშუალებაა და სხვა არაფერი! რატომ გვაქვს ასეთი გაცეცხლებული რეაქცია სწორედ სასულიერო პირების მიმართ? ქრისტიანად ყოფნაში არათუ მსგავსი რამ, სიკვდილიც კი არ უნდა გვიშლიდეს ხელს. ნახეთ, რას ამბობს პავლე მოციქული: სიკვდილი - ჩემი შენაძენია, რადგან ქრისტესთან მაახლოებსო (სხვათა შორის, ამ ფრაზას - "სიკვდილი ჩემი შენაძენია" პავლე მოციქული პლატონს დაესესხა, რაც კიდევ ერთი მაგალითია განათლების გამოყენებისა და ქრისტიანული სულის ჩაბერვისა).

- გამოდის, მთავარი დამოკიდებულება ყოფილა...

- მართალი ბრძანდებით და ამგვარი დამოკიდებულება ნამდვილად დამაბრკოლებელია კარგ ქრისტიანად ყოფნისთვის.

ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენას, ისევე როგორც მედალს, ორი მხარე აქვს. ეკლესიას ამ შემთხვევაში ორი ალტერნატივა აქვს: ქრისტიანობის სამსახურში ან გამოიყენოს ტექნიკური მიღწევები, ან მხოლოდ იმიტომ თქვას უარი, რომ ჩვენს წინაპრებს ეს ყველაფერი არ გააჩნდათ. მაგრამ თუ გასულ საუკუნეთა მეთოდებით ვიხელმძღვანელებთ, უფლის ერთ სიტყვასაც კი ვერ მივიტანთ ადამიანებამდე. თავის დროზე ქრისტიანობამ წარმართული კალენდარიც გამოიყენა, ყოველი ადამიანური მიღწევა ქრისტიანობის სამსახურში ჩააყენა, თავისი სულით შემოსა და ისევ და ისევ ადამიანთა გადარჩენას მოახმარა.

- მაშ, რაღას ნიშნავს - "არა თანაეხატო დროს"?

- ეს იმას კი არ ნიშნავს, თანამედროვე ტექნოლოგიებზე უარი ვთქვათ, არამედ იმას, რომ დროის მიერ შემოთავაზებული სულისკვეთება არ მივიღოთ.

- მამაო, მართლმადიდებლობის ზეიმი ახლოვდება. რას ზეიმობს ამ დღეს ეკლესია ან რატომ ვდღესასწაულობთ მას სწორედ დიდმარხვის პირველ კვირას?

- ეს დღესასწაული მერვე საუკუნეში, ხატმებრძოლობის დასასრულს დაწესდა და შემთხვევითი სულაც არ გახლავთ, რომ ეკლესია სწორედ დიდმარხვის პირველ კვირას ზეიმობს, რადგან აღდგომა ცენტრალური მოვლენაა ქრისტიანობაში და უმისოდ ყველაფერს აზრი ეკარგება. იგია გვირგვინი ჩვენი გამოხსნისა. აღდგომის მარხვაში ეს დღე იმიტომ იზეიმება, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რა საუნჯის, რა სარწმუნოების მფლობელნი ვართ და მისი წყალობით რისი მიღწევა შეგვიძლია.

ქრისტესთან დიდებაში ყოფნა კი გვსურს და ვიმედოვნებთ, მაგრამ ყველაფერს ჯერ ჯვარცმა უძღვის, ჩვენ კი მისი გამოტოვება და პირდაპირ დიდებაში მოხვედრა გვსურს. ქრისტეს გზა კი ცხადყოფს, რომ ჯერ ჯვარცმაა, შემდეგ - ზეიმი. ეს გზა გასავლელი გვაქვს და ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე მას ვერვინ გაივლის. ეკლესია ამ დღესასწაულით იმას შეგვახსენებს, რომ გვაქვს უნიკალური საშუალება და იარაღი გადარჩენისა - მართალი სარწმუნოება; შეგვაგონებს, ამით ბედნიერნი ვიყოთ და ეს დიდებული იარაღი კარგად გამოვიყენოთ მარადიული მტრის წინააღმდეგ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat