ღვთის ნება და განგებულება
ღვთის ნება და განგებულება
ღმერთს ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ცხონება სურს
"იყავნ ნება შენი" - თითოეული ჩვენგანი დღეში რამდენჯერმე წარმოთქვამს ამ სიტყვებს. "უფალო, განმიცხადე, როგორია შენი ნება", - ხშირად ვითხოვთ. "ეს რა ბედი მაქვს..." - ასეთებიც გვსმენია ან სულაც წამოგვცდენია...

რა არის ღვთის ნება და საღვთო განგებულება, არსებობს თუ არა ბედისწერა, როგორ ვიყენებთ ადამიანისთვის ბოძებულ თავისუფალ არჩევანს, ან რა არის ადამიანური ნება - ამ საკითხების შესახებ თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე გვესაუბრება:

- ღვთის ნება და საღვთო განგებულება უდიდესი საიდუმლოებაა, რომლის ბოლომდე ჩაწვდომა და გაგება ადამიანურ გონებას არ ძალუძს. მის შესახებ იმდენი ვიცით, იმდენს ვიაზრებთ, რამდენადაც თავად ვცხოვრობთ სულიერად.

"ღვთის ნება", "იყავნ ნება შენი..." - ამ სიტყვებს ქრისტიანი დღეში რამდენჯერმე წარმოთქვამს. მაგრამ ვინ შეიძლება იცოდეს ღვთის ნება? ჩვენ არ ვიცით. ვიცით, რომ მისი ნების გარეშე ვერ ვცხონდებით, რომ ღმერთს ჩვენი გადარჩენა სურს, მაგრამ როგორ მოხდება ეს, ჩვენთვის უცნობია და იმდენად გაცხადდება, რამდენადაც სულიერად ვიცხოვრებთ ანუ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება გვექნება.

არათუ ღვთის ნება, შესაძლოა ცოლ-ქმარმა ერთად ცხოვრების რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ისე დაასრულოს ამქვეყნიური არსებობა, ერთმანეთის ნებაც დაფარული აღმოჩნდეს მათთვის, რადგან, ჯერ ერთი, ადამიანი, როგორც ღვთის ქმნილება, საკუთარ თავში უზარმაზარ სიღრმეებს მოიცავს, მეორეც, ცოცხალი პიროვნული არსების ნების კარგად გასაგებად ცოტათი მაინც უნდა ვიცნობდეთ საკუთარ თავსაც. შესაძლოა, კაცმა შეიმეცნოს მატერიალური სამყაროს მშვენიერება და ჰარმონია, მაგრამ თუ არ იცნობს ადამიანს და საკუთარ თავს, ნებაზე საუბრის უფლება არ აქვს. ულამაზესი და უმშვენიერესი კოსმოსი არ იძლევა ნებელობის უდიდესი საიდუმლოების გაგების საშუალებას. მკვდარ სამყაროს, ცხოველთა სამყაროს ნებელობა არ გააჩნია. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ღვთის ნების გამოკვლევა საკუთარი თავის შემეცნებით, საკუთარი ნების განსაზღვრით დავიწყოთ, რადგან ზოგი ისე ცხოვრობს, თვითონაც ვერ გაუგია, რა სურს.

- მამაო, მაშინ ჩვენი საუბარიც ამ თემით დავიწყოთ - რა არის ადამიანური ნება?

- დიახ, მეტად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, ადამიანური ნება ბუნების რა გამოვლინებაა, რა ფენომენია. ძალიან ხშირად ნებელობა პიროვნულ არჩევანში ერევათ. პიროვნული არჩევანი სხვა რამ არის; მას გნომურ ნებასაც უწოდებენ. ხოლო ნება ბუნების თვისებაა და არა პიროვნული. ეს უფლის მაგალითზეც ჩანს - მიუხედავად იმისა, რომ იგი სამი პიროვნება ანუ სამი ჰიპოსტასია, ერთი ნება აქვს, რადგან ბუნებით ერთია. ხოლო რაკი თავისი ბუნებით უწმინდესი არსებაა და მუდამ სიკეთეში სუფევს, ამიტომ მისი ნებაც მარად კეთილია.

რაც შეეხება ადამიანურ ნებას, იგი ბუნების თვისებაა, ამიტომ ისევე გვეკუთვნის, როგორც კუჭი, ღვიძლი, თირკმელი, სისხლი, ტვინი თუ გული. ნება ჩვენი საკუთრებაა და არ შეიძლება, მას დავემორჩილოთ. თუ ადამიანი საკუთარი ნების ჭკუაზე ვერ დადის, ჰგონია, თავისუფლებას ართმევენ. მოისურვებს, წამალი უნდა გაიკეთოს, გარყვნილებას მისცეს თავი... ამ დროს ვერ ხვდება, რომ ნებელობის - საკუთარი ბუნების კონტროლიდან გამოსული თვისების - მონა ხდება. ის კი ძალიან აქტიური ძალაა, რომელიც საკუთრებად უნდა გაიხადო და თან სიკეთისთვის გამოიყენო.

რადგან ნება ბუნების თვისებაა, ხოლო ჩვენი ბუნება დაცემულია, ის ცუდ სამსახურს გვიწევს ხოლმე. რისგან შედგება ჩვენი ხორციელი ბუნება? გვაქვს კუჭი, რომელსაც რატომღაც სულ შია და ასკეტურ ცხოვრებასა და მარხვაში გვეწინააღმდეგება. პირუტყვები ვართ და მტაცებლური ბუნებაც გვაქვს - ნებას სურს, ვიღაცას წავართვათ, ვიღაცას წავგლიჯოთ; სულიერი თვისებებიც ჩვენი ბუნების ნაწილია: შური, ანგარება სიძულვილი, მტრობა, უსიყვარულობა, ქედმაღლობა, ამპარტავნება, სიამაყე... ნება დაცემული ბუნების იარაღია და ამ ყველაფერს ახორციელებს. არადა, ბუნება ღმერთმა საკუთრებაში მოგვცა, პიროვნებები ვართ, ღვთის ხატნი და მსგავსნი, ჩვენ კი თავად ვემონებით ვნებებს. თუ ვერ გავიგებთ, რომ ჩვენი ნების ჭკუაზე კი არ უნდა ვიაროთ, არამედ იგი ღირსეული, ღვთის ხატის შესაფერისი ცხოვრებისთვის ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რათა ღვთის მსგავსება მივიღოთ, ვერასოდეს მივხვდებით, საღვთო ნება ამგვარად რატომ მოქმედებს ჩვენზე, სად არის ნება და სად - განგებულება, დაშვება. ღმერთის წინააღმდეგ ყოველთვის შინაგანი ამბოხი გვექნება. თუ განსაცდელისას მოძღვარი არ დაგვეხმარა, თუ სიბრძნე არ მოვიხვეჭეთ, სულიერი ცხოვრების გარკვეული ჩვევები არ შევიძინეთ, ღვთის წინააღმდეგ ამბოხი გვიჩნდება, რის აღიარებასაც ვერ ვბედავთ და მას წუწუნით, უიმედობითა და ხშირად მოძღვრის წინააღმდეგ გალაშქრებითაც გამოვხატავთ - თითქოს სათანადოდ არ მოგვექცა, რაღაც არ გვასწავლა... ამიტომ ქრისტიანმა ჯერ უნდა გაარკვიოს, რომ ნებელობა პიროვნული არჩევანის გასაკეთებლად მოგვეცა. შეგვეძლო, ეს არჩევანი არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ვალდებულნი ვიყავით. "ღმერთო, მე შენთან ყოფნა მინდა" - ამ არჩევნის შესაბამისად ნებელობა აქტიურ ძალად უნდა გამოგვეყენებინა და ჩვენი ბუნების ხორციელი და სულიერი თვისებები მასზე მიგვება.

- მაგრამ ამას ხომ დიდი სულიერი ძალა სჭირდება, ის კი არ გვაქვს ხოლმე...

- არ გვაქვს და აი ღვთის ნება. ღმერთს მივმართავთ: "იყავნ ნება შენი" - ჩემი ნება შენი ნების თანხვედრი გახდესო (რასაც სინერგია ჰქვია). როცა ჩვენი ნება უფლის ნების თანხვედრი ხდება, მას ღვთაებრივი ძალა ეძლევა. ნახეთ, რა გამოდის - უკვე ის გვინდა, რაც ღმერთს სურს. ვინმე შეიძლება არ დამეთანხმოს: კი მაგრამ, მინდა ეს მეო? ჰოდა, დალოცვილო, რომ არ გინდა ის, რაც ღმერთს სურს, იმიტომაც გაქვს პრობლემა. შენ "პატარა ღმერთი" ხარ და უარს ამბობ ღმერთივით ცხოვრებაზე, უკეთეს შემთხვევაში პირუტყვული ცხოვრება გინდა, უარესში - დემონური. ცხადია, ცუდად იქნები. მე ხომ ადამიანი ვარ, ისევე, როგორც ჩემი მშობლები; რომ გადავწყვიტო - მაიმუნად უნდა ვიქცე, ანდა ღორად და წუმპეში გავგორდეო, - ხომ სისულელე იქნება?! კაცი წუმპეში რომ გაგორდება და იღრუტუნებს, ცუდად იქნება, აბა, რა მოუვა? ვერ ხვდება მიზეზს, რომ მისი ნება ღვთის ნების თანხვედრი უნდა ყოფილიყო.

ღმერთს როგორ არ უნდა დაემორჩილო? ვერ უნდა მიხვდე, რომ ყოვლისშემძელე, უწმინდესი არსება, რომელიც შენი სიყვარულის გამო მოკვდა, ცუდს არ გისურვებს? განა არ იცის, როგორი შეგქმნა, რა ნიჭები გიბოძა და რისთვის არსებობ? ჰოდა, დაემორჩილე, მთელი ცხოვრების მიზნად მისი ნების შესრულება გაიხადე და როცა ითხოვ: "იყავნ ნება შენიო", განგიცხადებს მას, გზაზე დაგაყენებს.

- როდესაც უფლის ნებაზე ვსაუბრობთ, სად არის ადამიანის თავისუფალი ნება?

- ეს საკითხი არც ისე მარტივია. ერთი მხრივ, უფლის ყოვლისშემძლე ნების გარეშე ვერაფერი მოხდება, მეორე მხრივ კი ამ სამყაროში არსებობს თავისუფლება. საოცარი ფენომენია ადამიანის თავისუფლება. ზოგიერთი მოაზროვნე, მაგალითად, კანტი, ღმერთის არსებობასაც სწორედ იმით ამტკიცებდა, რომ ადამიანი თავისუფალია. როცა იგი არასწორად ესმით, უცანაურ კითხვებს სვამენ ხოლმე: რატომ დაუშვა ღმერთმა ადამის დაცემა? რატომ იდგა ედემში ხე, რომლის ნაყოფიც შეჭამა? რატომ მივიდა მასთან ეშმაკი? თუ ღმერთი არსებობს, ამდენი ბოროტება რაღატომ ხდება?..

თავისუფლების საშინელი ნიჭითა და ძალით ღმერთმა განღმრთობის შესაძლებლობა მოგვცა. ადამიანი ხომ ის არსებაა, რომელიც შეიძლება მადლით ღმერთი გახდეს, იცხოვროს ისე, როგორც უფალი ცხოვრობს - უწმინდესი ცხოვრებით. თავისუფლება სიწმინდის, მარადიულობის, სიყვარულის, სიმდაბლის მსგავსი ღვთაებრივი თვისებაა და ადამიანი უმეტესად ისევე ვერ იგებს მის რაობას, როგორც სხვა დანარჩენის, მათ შორის სიყვარულისას. გულზე ხელის დადებით მხოლოდ იმას შეუძლია თქვას, ძალიან მიყვარს ადამიანებიო, ვისაც სულიერი ცხოვრების გამოცდილება არ აქვს. საკმარისია, ასეთ კაცს შეეხო და მაშინვე გაჩვენებს, როგორი "სიყვარული" შეუძლია. ეს იმდენად რთულად მოსარევი ფენომენია, რომ წლების განმავლობაში ეკლესიურად მცხოვრობნიც კი, რომლებიც თითქოს სიყვარულის კეთილსურნელებას აფრქვევენ, სულ მცირე მიზეზითაც იმწამსვე ურჩხულებად იქცევიან.

თავისუფლება ძალზე მჭიდროდ უკავშირდება ნებას. თუ ნებელობას ვინმე გვიზღუდავს, ვამბობთ, თავისუფლება წაგვართვესო. ქრისტიანული სწავლება კი ყველაფერს თავდაყირა აყენებს და გვასწავლის - თუ საკუთარი ნებელობა არ შეზღუდე, ვერასოდეს მოიპოვებ თავისუფლებასო. ადამიანური ნებელობა, რომელსაც პირუტყვული სახე აქვს, ეწინააღმდეგება თავისუფლებას. ერთის გაზრდა მეორეს აკნინებს და მეორისა - პირველს. არასულიერად მცხოვრებს კი ყველაფერი პირიქით ჰგონია, სწორედ ამიტომ ვერ გაგვიგია, რა არის ღვთის ნება ან განგებულება. თუ ღვთის ნება ჩვენზე ზოგჯერ მწარედ მოქმედებს, ვამბობთ, უფალმა მიგვატოვაო, ან მის არსებობაში ეჭვი გვეპარება და რწმენა გვეკარგება. ეს ასევე ძალზე ცუდ თვისებას - პრეტენზიულობას განაპირობებს. ურწმუნო და არაეკლესიური ადამიანი ბედზე უჩივის და აპათია თუ დეპრესია ეუფლება.

ადამიანს ჰგონია, თავისუფალია და რაც სურს, იმას გააკეთებს. დიახ, ეს ასეა. ჩვენ ღმერთზე უარის თქმაც შეგვიძლია, მაგრამ გვაქვს კი უფლება? ნახეთ, რა უცნაურია - თავისუფლება კი გვაქვს, მაგრამ მისი არასწორად გამოყენების უფლება არ გაგვაჩნია. მაგალითად, ქალსაც შეუძლია, აბორტი გაიკეთოს, ახალშობილი ნაგავსაყრელზე გადააგდოს, შვილი ადამიანად კი არ აღზარდოს, ლეკვივით გაზარდოს... ეს ყველაფერი შეუძლია - თავისუფალია, მაგრამ ნუთუ აქვს უფლება?

მე შემიძლია, ღმერთზე უარი ვთქვა, პირუტყვივით ვიცხოვრო, ღვთის ნება არც კი გამოვიძიო, თუ რამე არ მომეწონება, ვიწუწუნო და დავგმო კიდეც უფალი, მაგრამ განა მაქვს ამის უფლება?

რატომაც არა? - იკითხავს მავანი. კი ბატონო, იცხოვრე, როგორც გსურს, მაგრამ ეკლესია გაფრთხილებს - ვერასოდეს იქნები ბედნიერი, სიცოცხლეში ვერ შეხვალ, შენი არსებობა უკეთეს შემთხვევაში წუმპეში მონებივრე ღორის ცხოვრებას დაემსგავსება, რომელსაც ფხანა სიამოვნებს. დაგიდგება ამ ქვეყნიდან გასვლის წამი და როცა ღვთის წინაშე წარდგები, აღმოაჩენ, რომ შეცდომა დაგიშვია, უფრო სწორად, შეგნებული ბოროტმოქმედი ყოფილხარ და რაც დათესე, იმას მიიღებ, არც მეტს, არც ნაკლებს.

განა ის არის ბედნიერი, ვინც უკეთეს მანქანას მართავს ან უკეთ იკვებება? ნუთუ ადამიანის ბედნიერების საზომი კომფროტული ოთხთვალა და ბლომად გემრიელად შეზავებული ხორცია?! ასეთი ბედნიერება, დასაკლავი ღორივით რომ მოვსუქდე და კომფორტი შევიქმნა, არ მინდა! მე ჩემი შვილის გულში ჩაკვრა უფრო დიდ ბედნიერებას მანიჭებს. შენც იკრავ? მაგრამ იმ ხელებით, გუშინ რომ მეძავს ეხვეოდი. ასე ხომ შვილსაც ბილწავ! თუ ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, იცხოვრე, როგორც ფიქრობ. მაგრამ ერთი რამ ვიცი - მეც და შენც დავიხოცებით და ის, რაც მოგწონდა, საფლავში ჩავა, მატლი შეჭამს, შენი ოთხთვალა ჟანგად იქცევა, შვილებიც დაიხოცებიან, რაც ამ ცხოვრებაში გიჭამია და სიამოვნებისთვის გამოგიყენებია, აღარაფერი დაგჭირდება, და, ვაგლახ, რომ უკვდავი სული გექნება და ღვთის წინაშე დადგები...

შესაძლოა არ გწამდეს, მაგრამ თუ დაუშვებ, რომ უკვდავი სული გაქვს, იმწამსვე მიხვდები - შენი ცხოვრების წესი არასწორია: რაც ბედნიერებას განიჭებს, არ უნდა განიჭებდეს, ადამიანური სახე დაგიკარგავს და როგორ ამოიცნობ, რა არის ღვთის ნება და განგებულება? საკუთარი ბუნებას არ იცნობ, საკუთარი პიროვნული არჩევანი ვერ გაგირკვევია და ღმერთისას მიხვდები?

- მამაო, რა განსხვავებაა საღვთო ნებასა და განგებულებას შორის?

- რადგან სამყაროში არსებობს ადამიანის ნება, რომელიც ამ პატარა არსებას ღმერთს ამსგავსებს და მარადისობაში ღვთაებრივი ცხოვრების საშუალებას აძლევს, მისი მცირეოდენი შეზღუდვა კი თავისუფლებას დააკარგვინებს, ამიტომ უფალმა საკუთარი თავი შეზღუდა და შესაძლებლობა მოგვცა, მის ნებას ჩვენი დავუპირისპიროთ. ამით შეგვიძლია, ჩვენს თავისუფლებასა და განღმრთობას წერტილი დავუსვათ, ჩვენეული გაგებით თავისუფალნიც ვიყოთ და განვვითარდეთ კიდეც, რაც სატანას დაემართა. ამდენად, ჩვენი სურვილისგან დამოუკიდებლად სამყაროში არსებობენ დემონური ძალები, ღმერთს დაცილებული კაცობრიობა, რომელმაც სამყაროს იმგვარი განვითარება მოინდომა, როგორიც საღვთო გეგმას არ შეესაბამება.

რა დარჩენია უფალს, წაგვართვას თავისუფლება? მაშინ ვეღარასოდეს ვცხონდებით, ვეღარასოდეს ვიქნებით ბედნიერნი მარადიულ ცხოვრებაში. ადამიანები აღარ ვიქნებით! გამოდის, თავისუფლებას ვერ წაგვართმევს. ნებაზე მიგვიშვას? მაშინ მთელ სამყაროს ბოროტების ოკეანედ გადავაქცევთ და ბოროტება წალეკავს ქვეყანას. ასეც არის: დააკვირდით, რა აშკარად მძალვრობს ბოროტი, როგორ იჩაგრება სიკეთე, უსამართლობა ზეობს, თავადი ამა სოფლისა სატანაა, ბოროტება ბობოქრობს. ადამიანებმა ღმერთიც კი მოკლეს! ნახეთ, რა თავხედი და აგრესიულია ბოროტება... მაგრამ ჩვენ უცნაურ ფენომენს ვამჩნევთ. იმის მიუხედავად, რომ სიკეთე, სიმართლე ძალზე ხშირად დაუცველი და სუსტია, სამყაროში მუდამ არსებობდნენ სიკეთის კუნძულები. ლოგიკურად, მათი არსებობა აბსოლუტურად გაუგებარია - ბოროტს მისი შთანთქმა შეუძლია, ბოროტების შუაგულში მყოფი დაჩაგრულია და არავითარი პერსპექტივაც არ აქვს, მაგრამ ის მაინც არსებობს. ეს მხოლოდ იმის გამო, რომ ღმერთი, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი განგებულებით, ბოროტებას სიკეთის ბოლომდე ჩაყლაპვის საშუალებას არ აძლევს. ოღონდ ამას ისე აკეთებს, რომ მის თავისუფლებას არ ზღუდავს.

ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია - ეშმაკს რაც სურს, იმას აკეთებს, ასევეა ბოროტი ადამიანიც, მაგრამ ამ მხრივ მისი თავისუფლება შეზღუდულია, ისე, რომ ამას თვითონაც ვერ ხვდება. როგორ აკეთებს ამას ღმერთი, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რადგან ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენი არსებაა, მხოლოდ მას შეუძლია, თან სრული თავისუფლება მოგვცეს, თანაც ცუდად გაგებული თავისუფლება ისე შეგვიზღუდოს, რომ ჩვენში ბოროტება სრულად არ აღორძინდეს.

ასეთი პრობლემა ყველა მშობელს აქვს. ჩვენ არ გვსურს, შვილები მონებად გავზარდოთ, მაგრამ ამავე დროს გვინდა, ისინი სიკეთისკენ ისწრაფოდნენ. ვიცით, ძალა არ უნდა დავატანოთ, მაგრამ ისიც ვიცით, სინამდვილეში რაც ხდება: სიკეთეში ძალას ვატანთ, ბოროტებას თუ სჩადის, თავისუფლებას აშკარად ვუზღუდავთ. ამ პრობლემის გამო ხან ფსიქოლოგებს მივმართავთ, ხან მოძღვრებს, თუმცა ბოლომდე ვერც ისინი გვეხმარებიან და პრობლემები არ გველევა. ღმერთმა კი იცის, როგორ მოახერხოს, რომ არც თავისუფლება წაგვართვას და არც სრულიად მიუშვას ჩვენი ბოროტი ნება.

- ღვთის ნებაა თუ განგებულება, როცა რაიმე ბოროტება ხდება?

- ღვთის ნება უწმინდესია, ხოლო რადგან მე, ღვთისგან დაცილებულ ადამიანს, ძალზე ბუნდოვანი ცოდნა მაქვს იმის შესახებ, თუ რა არის სიწმნიდე, ამიტომ უნდა დავუშვა, რომ ძალიან ხშირად არ მესმის, ღვთის ნება ამგვარად რატომ მოქმედებს ჩემზე. ერთი რამ ვიცი - მას ჩემი სიწმინდისკენ წაყვანა სურს, მაგრამ არ მესმის, რას ნიშნავს ეს, რადგან სიწმინდე საღვთო თვისებაა და არა ადამიანური. აქედან გამომდინარე, ღვთის ნება ჩემზე ზოგჯერ ისე მოქმედებს, რომ ყოველთვის სასიამოვნო არ არის, გაუგებარიც კია.

ერთი კაცი მეორეს რომ კლავს, ნუთუ ეს ღმერთს სურს? როცა აშკარა ბოროტება ხორციელდება, ეს ღვთის ნება არ არის. ადამიანი კაცის მოკვლას რომ გადაწყვეტს, ის უკვე მკვლელია: "რომელი განურისხნეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა" (მთ 5:22). კაცი ამგვარი გადაწყვეტილებით რომ გარდაიცვალოს, ღვთის წინაშე მკვლელად წარდგება. გადაწყვეტილების საქმედ ქცევა ღვთის დაშვების გარეშე არ მოხდება, მაგრამ თუ ღმერთი ხელს არ გვიშლის ბოროტების ქმნაში, აქ კიდევ ერთ დიდ საიდუმლოს ვაწყდებით.

რატომ არ შეუშალა ღმერთმა ხელი იუდას თავისი ბინძური საქმის შესრულებაში? ამას ბოლომდე ვერავინ მიხვდება, თუმცა სხვადასხვა განმარტება არსებობს: ეს რომ არ ჩაედინა, იუდა საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზებას ვერ მოახდენდა, საკუთარ პიროვნებას ბოლომდე ვერ შეიცნობდა, რაც აუცილებელია ადამიანის მარადიული ხვედრის გადასაწყვეტად. მეორე განმარტებით, იუდას ბოროტებას საბოლოო ჯამში სიკეთე - უფლის ჯოჯოხეთში ჩასვლა, აღდგომა და ამაღლება მოჰყვა. იუდა რომ არ ყოფილიყო, სხვა გამოჩნდებოდა - გამყიდველს რა დალევს.

ვინ იცის, იქნებ მოკლულს ამის გამო ცოდვა მიეტევა და ცხონდა, ან შეუმსუბუქდა მდგომარეობა. ეს საიდუმლოებაა. შესაძლოა, ღმერთმა ხელი არ შეუშალოს ჩვენი ბოროტი ნების რეალიზებას და ამით საკუთარი სიბინძურე დავინახოთ. ადამიანს ხშირად თავი კარგი ჰგონია და ვიდრე წუმპეში არ აღმოჩნდება, ვერ ხედავს საკუთარ დაცემულობას. მხოლოდ ღმერთს ძალუძს, თავისი დიდი სიბრძნით, ყოვლისშემძლეობით ადამიანის მიერ ჩადენილი ბოროტება სიკეთისკენ შემოატრიალოს და ყოველთვის ასეც ხდება. ნებისმიერი ბოროტება, რაც ღვთის ნება არ არის, მაგრამ მისი დაშვებით ხდება, უფლის უწმინდესი ნებით აუცილებლად სიკეთედ შემოტრიალდება.

ღმერთის მოკვდინებაც - უდიდესი ბოროტება, რაც სამყაროში აღსრულებულა - ყველაზე დიდ სიკეთედ შემოტრიალდა. მეორე დიდი ბოროტებაც - ანტიქრისტეს გამეფება - უდიდეს სიკეთედ მოტრიალდება - ამქვეყნიური სამყაროს დასასრულით და მარადიული ბედნიერი სამყაროს დასაწყისით, სადაც მარად უფლის დიდება იქნება.

- არაეკლესიური ადამიანებისგან ხშირად გვესმის - ბედისწერას ვერსად გაექცევიო. რა ფენომენია ბედისწერა და როგორ განიხილება იგი მართლმადიდებლური სწავლებით?

- ყველაფერი ბედია და რაც გაწერია, არ აგცდება - ამას მხოლოდ რელიგიურ საკითხებში სრულიად გაუცნობიერებელი და ზღაპრებით მცხოვრები ადამიანი ამბობს. თუმცა წინასწარგანსაზღვრულობის საკითხი მარტივად გადასაწყვეტიც არ არის.

ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ადამიანი თავისუფალია, არ არის დეტერმინებული. ეს ფილოსოფიური ტერმინია, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ცხოვრება წინასწარ განსაზღვრულია და როგორც არ უნდა ეცადოს, თავის საბოლოო ხვედრში ძირეულ ცვლილებებს ვერ შეიტანს. აღმოსავლურ რელიგიებში ამას კარმა ჰქვია. კაცი რომ ვარ და არა ქალი, ქართველი რომ ვარ და არა ფრანგი, რომ დავიბადე და ვცხოვრობ XXI საუკუნეში და არა სხვა დროს, ჩემი გენეტიკარომ მაქვს, ჩემი მიდრეკილებები, ფიზიოლოგია, ანატომია, გარეგნობა, ნიჭიერება და სხვა მრავალი - ეს ხომ ჩემი ნებით არ მიმიღია, ჩემზე დამოკიდებული არ ყოფილა, ეს ყველაფერი ხომ წინასწარ იყო განსაზღვრული.

რაც გვაქვს, ღმერთი ყველაფერს წინასწარგანსაზღვრულ რეალობად გვაძლევს, აქედან გამომდინარე, ადამიანმა შესაძლოს დაასკვნას, რომ ყველაფერი ბედისწერაა. მის დასკვნას ადამიანის ცხოვრებაში არსებული კანონზომიერებებიც ამყარებს. ამგვარი ლოგიკის შეცდომა შემდეგია: რაც ჩამოვთვალეთ, ეს ყველაფერი ჰიპოსტასს, ადამიანურ პიროვნებას ეკუთვნის, იგი ამ ყველაფერს მოიცავს, მაგრამ მასზე არ დაიყვანება. ამ ყველაფრის მიღმა არსებობს ადამიანის პიროვნული არჩევანი, პიროვნული ნება, რომელიც განსხვავდება ჩვენი ბუნების ნებისგან. ეს ყოველივე მოცემულობაა, რომელსაც, საითაც მოგვინდება, იქით გადავხრით და როგორც გვინდა, ისე გამოვიყენებთ.

თუ პიროვნულ არჩევანს არ გავაკეთებთ, შეიძლება ითქვას, ჩვენთვის ყველაფერი წინასწარგანსაზღვრულია. დღეს განსაკუთრებით ასტროლოგიით არიან გატაცებულნი. არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანზე, რომელიც სამყაროს წრებრუნვაში განსაზღვრულ დროს იბადება, სამყაროს ენერგეტიკული რიტმი გარკვეულ გავლენას ახდენდეს, ფსიქობიოლოგიური, ფსიქოსომატური არსების პოტენციაში რაღაცას დებდეს, მაგრამ აქ არ არის გათვალისწინებული, რომ ადამიანი პიროვნებაა, რომელსაც პიროვნული არჩევანის გაკეთება შეუძლია, და ეს, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრივ არჩევანს ეხება.

წინასწარგანსაზღვრულობაზე საუბრისას გულისხმობენ არა ზნეობრივ არჩევანს, არამედ სამყაროს კანონზომიერებასა და ადამიანის ადგილს მასში. ქრისტიანული გაგებით, თავისუფლება კონკრეტულ დროში ზნეობრივ არჩევანს ნიშნავს, იმის მიუხედავად, ადამიანის ბუნებას რა წინასწარგანწყობა, რა გენეტიკა, რა მიდრეკილებები აქვს. ძალიან ხშირად ვდგავართ ზნეობრივი არჩევანის წინაშე, დღეში რამდენჯერმეც კი. დგება ხოლმე ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტები და სწორი არჩევანით საბოლოო ჯამში ჩვენი მომავალი მარადიული ხვედრი იკვეთება. თუმცა ამ ბრძოლაში გათვალისწინებული იქნება ჩვენი შესაძლებლობებიც. თუ ბუნებით მრისხანე დავიბადე, მძიმე გენეტიკა მქონდა - წინაპრებში მკვლელებიც მყავდა, მემრუშენიც, მემთვრალენიც და ათასი უბედური ხალხი, ხოლო მე ძალიან ბევრი ვიწვალე, ასეთივე რომ არ ვყოფილიყავი და ყოველთვის სწორი ზნეობრივი არჩევანი გამეკეთებინა, უფალმა შეიძლება გვირგვინი დამადგას, თუმცა ჩემი ცხოვრებით ბევრად ჩამოვრჩებოდი ხბოსავით მშვიდ ადამიანს, რომელსაც ეს ყველაფერი გენეტიკით მოჰყვებოდა. იქნებ ასეთი ადამიანი ზნეობრივად მჯობნიდეს, მაგრამ მე ისეთი ბრძოლები მქონდეს გადატანილი, რომ უფალმა მასზე წინ დამაყენოს. აქ მთავარია პიროვნული არჩევანი და ჩემი ბრძოლა ამ არჩევანისთვის.

უფალი ამბობს: "სასუფეველი ცათა იიძულების" (მთ. 11:12). საკუთარი თავის იძულება აუცილებელი პირობაა სასუფეველში შესასვლელად. გენეტიკური მონაცემები გვაიძულებს, ჩაკირულნი ვიყოთ იმ უზარმაზარ მექანიზმში, რომელსაც მოწესრიგებული სამყარო ჰქვია, რომელსაც შეიძლება ბედისწერაც ვუწოდოთ. ამ მექანიზმში ვსხედვართ და მას ჩვენი პიროვნული გადაწყვეტილებებით ვებრძვით. სწორედ ეს ბრძოლა გვირგვინდება მარადიული სიცოცხლით ღმერთთან, რაც ჩვენი თავისუფალი არჩევანია. ღმერთთან ყოფნა სრული თავისუფლებაა. უფალი ბრძანებს: "სცნათ ჭემშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ"(იოან. 8:32).

- როდესაც უფლისგან დაჟინებით ვითხოვთ რაიმეს, მის ნებას ხომ არ ვეწინააღმდეგებით?

- დაჟინებულად შეიძლება მხოლოდ სულის ცხონება ვითხოვოთ. ამქვეყნიურის თხოვნა კი ასეთი უნდა იყოს - თუ შენთვის სათნოა, უფალო, და ჩემთვის სასარგებლო. ჩვენ ხომ ძალზე ხშირად არ გვაქვს იმის გაგების უნარი, ამქვეყნიური რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ჩვენი სულისთვის. ხშირად იმდენად არაადეკვატური თხოვნა გვაქვს, მოძღვარსაც არ ვუსმენთ, ისეთ რამეს ვითხოვთ, რაც შეუძლებელა. ამიტომ ადამიანს სულის მეტი სიფაქიზე, გონიერება და საკუთარი თავისადმი უაღრესად კრიტიკული დამოკიდებულება სჭირდება.

თუ არ იზრდები, ქრისტიანიც არ ხარ. როგორ უნდა იზრდებოდე? - შეაფასო, რაც ხარ, იმას დაეყრდნო და ზემოთ ახვიდე. მერე კიდევ შეაფასო, ისევ დაეყრდნო და კიდევ ახვიდე. თვითშეფასების უნარის დარღვევას არაადეკვატური თხოვნა მოჰყვება.

- როგორ გავიგოთ, რა არის უფლის ნება? რამდენად მნიშვნელოვანია მოძღვრის მითითება ასეთ დროს?

- საზოგადოდ, მოძღვრის მითითება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ცალსახა მიდგომა, - მოძღვარმა თქვა და უფლის ნებააო, - არ შეიძლება. თუ მოძღვართან დიდი რწმენით მიდიხარ, - უფალო, შენი ნება მოძღვრის პირით გამიმხილეო, - ასეთ რწმენას დიდი ძალა აქვს. მამები ამბობენ, მოძღვარს კი არა, უფლის წინაშე რომ ილოცო და შემდეგ მუსულმან მეომარს ჰკითხო, ღმერთი თავის ნებას მისი პირითაც კი გაგიმხელსო. მაგრამ ეს ხომ სასწაულია! რა კარგია - როცა მოგვინდება, ვილოცებთ და უფლის ნებას ნებისმიერი ადამიანისგან გავიგებთ. აგვიწყვია ცხოვრება!

ეს კი უკვე სასწაულის მოლოდინია, მისი მოთხოვნაა, ხოლო "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს" (მთ. 12:39). მრავალი ერისკაციც დამეთანხმება და მრავალი მოძღვარიც, რომ ეს ძალზე ხშირად ხდება, მაგრამ ქრისტიანი სასწაულს არ უნდა ითხოვდეს. ამიტომ როდესაც მოძღვართან მივდივართ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის უბრალოდ მღვდელი კი არა, სულიერად მაცხოვრებელი ადამიანია, რომელიც თავად წვალობს, იღვწის, ღამეებს ათენებს, რომ საკუთარი თავის მიმართ ღვთის ნება გაიგოს და სულიერ ცხოვრებაშიც ერთი ნაბიჯით მაინც ჩვენზე წინ დგას. წმინდა მამები გვარიგებენ, გამოვცადოთ, გამოვიკვლიოთ ადამიანი, ვიდრე ის ჩვენი მოძღვარი გახდება, თორემ არაერთი მაგალითი ვიცით, საკუთარი ცუდი მიდრეკილებებიდან გამომდინარე, რა რჩევა მიუცია ე.წ. მოძღვარს ე.წ. სულიერი შვილისთვის. ასეთ შემთხვევაში ის ადამიანიც პასუხისმგებელია, მოძღვარს ბრმად რომ მისდევს. მღვდლობა მოძღვრობას არ ნიშნავს. ღვაწლში გატარებული წლებია საჭირო, მღვდელი მოძღვარი რომ გახდეს. ქართული ტრადიციით, ყველას მოძღვარს გვეძახიან. რა მოძღვრები ჩვენ ვართ? რამდენი დრო უნდა გავიდეს იმ გამოცდილების შესაძენად, სულიერი შვილების დასამოძღვრად რომ არის საჭირო!

ყველა სულიერად მცხოვრებ ქრისტიანს სურს, ღვთის ნება იცოდეს. ღმერთი კი ხშირად დუმს. თუ არ იცი, როგორ მოიქცე, ვერც მოძღვარი გირჩევს რამეს, ვერც სხვა ადამიანი, გულისხმაც არ გაქვს, გზაჯვარედინზე დგახარ და არ იცი, საით წახვიდე, მაშინ მორჩილება გამოიჩინე, შეჩერდი, ნურსად წახვალ. პასიური გავხდე? - იკითხავთ. არა, აქტიური იყავი, ოღონდ შინაგანად აქტიური. ჭაობში რომ ჩავარდება ადამიანი, რაც მეტად იფაფხურებს, მით უფრო ჩაიძირება. აბა, რა ქნას? რა და, გაჩერდეს, დამშვიდდეს, მიიხედ-მოიხედოს, ვინმე ხომ არ მოდის; იყვიროს, იქნებ ვინმეს გააგონოს. სიმშვიდე და მორჩილება გვმართებს ნებისმიერ მდგომარეობაში, რომელშიც ღმერთი ჩაგვაყენებს. ნუთუ ღმერთი დაგვტოვებს? - აუცილებლად გვიჩვენებს გამოსავალს და ჩვენც გავიგებთ, როგორია მისი წმინდა ნება.

ერთი რამ უეჭველად ვიცით - ღმერთს ჩვენი გადარჩენა, ჩვენი ცხონება სურს. ყოვლისშემძლე არსებამ განგვიცხადა, რომ სადაც თავად სუფევს, იქ ნებავს ჩვენი დამკვიდრებაც. მოგვცა ზუსტი გზაც - წმინდა წერილი, წმინდა საიდუმლოებანი, ეკლესიური ცხოვრების წესი - და მოგვიწოდა: თუ ამ გზით ვივლით, ვცხონდებით.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat