ნეტარება
ნეტარება
როდესაც სული ზეიმობს გონებაზე, გონება ეთანხმება და ხორცი მორჩილებაშია
ნეტარება სულის თვისებაა, სულის მდგომარეობა - სულიერი სიხარულისა და ბედნიერების განცდა, რომელიც მარადიულად, დაუსრულებლად "ცათა შინა" გველის. უფალი ყველა ადამიანს ნეტარებისთვის ქმნის, თუმცა შემდეგ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ისურვოს ეს, იმუშაკოს ნეტარების მოსაპოვებლად. ნეტარება ნაყოფია ღვთივსათნო ცხოვრებისა, სულიერი სიხარულის განცდა კეთილი საქმის სანაცვლოდ ენიჭება ადამიანს, მაგრამ აქ, დედამიწაზე, ყოფნის ჟამს მხოლოდ "გემოს ვუგებთ" მომავალი ცხოვრების ნეტარებას, რომლის მოპოვების ღირსნიც თუ გავხდით, აღარასოდეს დავკარგავთ...

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, დეკანოზი პეტრე გიორგაძე.

- ნეტარება სულიერი სიხარულის განცდაა, როდესაც გრძნობითი სამყარო განიცდის სიხარულს - სული ზეიმობს გონებაზე, გონება ეთანხმება და ხორცი მორჩილებაშია. არსებობს ხორციელი სიხარულის, სიამოვნების განცდაც, რასაც ტკბობა ჰქვია. მთავარი, რა თქმა უნდა, სულიერი სიხარულია.

ნეტარების წამიერ განცდასაც კი უდიდესი ძალა აქვს. ერთხელ მაინც თუ მიაღწია ადამიანმა ამ მდგომარეობას, შემდეგ ყოველთვის ეძიებს, ცდილობს მის მოპოვებას, რადგან სული ისწრაფვის ნეტარებისკენ. თუმცა დაცემული, ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნების გამო ადამიანი ნეტარ მდგომარეობაში დიდხანს ვერ რჩება, უმეტეს დროს მაინც ხორციელ ტკბობაში ვატარებთ, ხორციელზე ზრუნვას ვახმართ.

- ადამიანის დედამიწაზე მოსვლის მთავარი მიზანი და დანიშნულება სწორედ მარადიული ნეტარების მოპოვებაა. მიწიერი ეკლესია ნაკლებად საუბრობს ზეცაზე, უფრო გვასწავლის გზას, როგორ მივიდეთ ზეცამდე, როგორ მოვიპოვოთ მარადიული ნეტარი მდგომარეობა, თუმცა ცხონების მსურველს ზეციური ნეტარების შესახებაც აინტერესებს...

- ზეციური ნეტარების შესახებ უფალი მოკლედ გვამცნობს პავლე მოციქულის მეშვეობით, რომელიც მესამე ცაზე იქნა ატაცებული. როგორც მოციქული ამბობს: რაც იქ თვალით ნახა, ყურით გაიგონა და გულით შეიგრძნო, ადამიანის ენა ვერ გამოხატავს. ზეციური სამყარო ენით აღუწერელია, ვერც კი წარმოიდგენს ადამიანის გონება.

სასუფეველი - სულიერი, კეთილი სამყარო სათნოებებითაა აღსავსე, "სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა..."

სასუფეველი ერთია, თუმცა, როგორც მაცხოვარი ბრძანებს, მრავალი სავანე არსებობს მამის წიაღში. ვინც მეტად დაიხარჯება ღვთისთვის, სასუფევლისთვის, მას მეტი და უკეთესი მიეცემა. იქაური მცირედიც კი დედამიწაზე მოპოვებულ აურაცხელ სიმდიდრესა და უდიდეს მიწიერ პატივს სჯობს. წმინდა მამები, წმინდა გვირგივნოსნებიც კი, რომელთაც დედამიწაზე არაფერი აკლდათ, უფალს ევედრებოდნენ: მცირედსა ზედა დაგვამკვიდრეო.

სული ადამიანისა გონიერია და შემეცნების უნარი აქვს...

- მაგრამ საჭიროა სწორი შემეცნება, სულიერი სამყაროს სწორად განვითარება. რა ეხმარება ადამიანის სულს ხორცში ყოფნის ჟამს სწორად შემეცნებაში, მარადიული ნეტარებისკენ მართებულად სვლაში?

- სულს შემეცნებაში სჯული ეხმარება. ღვთისგან ბოძებული სჯული შეიძლება შევადაროთ ზღუდეს, რომელიც ჩვენს შინაგან, სულიერ სამყაროს აქვს შემოვლებული, რათა დაიცვას წუთისოფლისგან - მიწიერი საცდურებისგან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ზღუდით იმდენად ვართ დაცულნი, სცდური ვერ მოგვეკარება, ამიტომაც უფალმა ზღუდის შიგნით დაგვიდგა "საგუშაგოები" - ათი მცნება, რომელთა მეშვეობითაც დავიცავთ სულს. ათი მცნებიდან ერთიც რომ არ დავიცვათ, სწორედ იმ "საგუშაგოდან" შემოაღწევს ჩვენში ბოროტი. მცნებების დაცვა თავისთავად იწვევს ნეტარების, სულიერი სიხარულის განცდას. როდესაც გებრძვის ვნებები - სიძვა, შური, მომხვეჭელობა... ებრძვი და სძლევ მათ, სულიერი სიხარული გეუფლება - აღწევ გარკვეულ ნეტარებას. მაგრამ მცნებების დაცვით შენ ის გააკეთე, რაც გევალებოდა. როდესაც ათი მცნების დაცვით განიმტკიცებ სულიერ მდგომარეობას, უნდა იზრუნო "ეზოს" - სულიერი სამყაროს მოწყობა-გამშვენებაზე - სათნოებების მოპოვებაზე. ეს არის ნეტარების მცნებები. რაც მეტ სათნოებას იხვეჭს ადამიანი, მით მეტად უმშვენდება და უბრწყინდება სული, ნეტარების ახალ და ახალ საფეხურზე ადის.

სახარების ის მონაკვეთი გავიხსენოთ, როდესაც უფალთან მიდის მდიდარი ჭაბუკი და ეკითხება: რა ვქნა, საუკუნო სიცოცხლე რომ დავიმკვიდროო. მცნებანი დაიცავი, - მიუგებს მაცხოვარი. ათი მცნების დაცვითაც შეიძლება ცხონდეს ადამიანი, მაგრამ ნეტარების მცნების დაცვა, სათნოებების მოხვეჭა სრულყოფილებისკენ - სასუფევლის მაღალი სავანეების მოხვეჭისკენ სწრაფვაა. უფალიც ხომ ეუბნება მდიდარ ჭაბუკს - თუ გინდა სრულყოფილი იყო, გაყიდე ყველაფერი და გამომყევიო. მთელი სული და გული, ჩვენი შესაძლებლობები სრულად უნდა მივუძღვნათ უფალს.

- ნეტარების მცნებების - ცხრა ნეტარების შესახებაც ვისაუბროთ...

- ცხრა ნეტარების თანახმად, პირველი ნეტარება, სათნოება, სულიერი თვისება სიგლახაკეა სულისა - თავმდაბლობა, როდესაც ადამიანი ხედავს თავის ცოდვებს, საკუთარ სისუსტეებს, ხვდება, რომ არაფერს წარმოადგენს უფლის წინაშე. სულის სიგლახაკიდან გადადის ნეტარების მეორე საფეხურზე - ხდება "მგლოვარე გულითა", განიცდის სინანულს საკუთარი ცოდვების გამო, თუმცა ნუგეშად აქვს უფლის სიტყვები - "იგი ნუგეშინის-ცემულ იქნება" ცათა შინა. ეს ახარებს.

სულის სიგლახაკეს, თავმდაბლობასა და სინანულს - "მგლოვარებას გულისა" ადამიანი აჰყავს ნეტარების მესამე საფეხურზე, აღწევს უფრო მაღალ სულიერ მდგომარეობას - მშვიდი ხდება. ვინც სიმშვიდეს მოიპოვებს, აღარასოდეს ისურვებს დაუბრუნდეს წუთისოფლის მშფოთვარებას. სიმშვიდე რომ მოიპოვო, საჭიროა ღვთის მინდობა. როცა ადამიანი ერწმუნება უფალს, მასში სიმშვიდე იმკვიდრებს. წუთისოფელში მრავალი შფოთი გველის, მაგრამ მთავარია გწამდეს, რომ უფალი შენთან არის, არ დაგტოვებს, განსაცდელი გადაივლის... მთავარია უფლისკენ მივაპყროთ მზერა, გვწამდეს, რომ მისი შვილნი ვართ და მოყვარული მამა არასოდეს მიგვატოვებს.

მეოთხე ნეტარებაა: "ნეტარ-იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ" - ცხადია, აქ ღვთის სიმართლეზეა ლაპარაკი. ადამიანი მხოლოდ კი არ უნდა ეძიებდეს, უნდა "შიოდეს" ღვთის სიმართლე, ამ სიმართლით გამოიძიოს უპირველესად საკუთარი თავი - ვინ არის, რა ნაკლი აქვს... ყოველი საქმე ღვთის სიმართლის, ღვთის ნების შესაბამისად გადაწყვიტოს. ასეთი ადამიანი ჯერ კიდევ ამქვეყნად "განძღება" ღვთის სიმართლის, ჭეშმარიტების შემეცნებით, მაგრამ უფრო მეტი "განძღომა" - ნეტარება ელის ცათა შინა, როდესაც იხილავს და მიიღებს სრულ სიმართლეს ღვთისას. როგორც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს: "იქმნება ამაღლებულ და ნეტარ წინაშე თვალთა უფლისათა სასუფეველსა შინა მისსა".

მეხუთე ნეტარების თანახმად, "ნეტარ არიან მოწყალენი". მოწყალების გაცემა ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა. წმინდა მამები, რომელთაც სრულყოფილების საფეხურებზე შედგომა სურდათ, სწორედ მოწყალების საფეხურიდან იწყებდნენ: მთელ ქონებას ყიდიდნენ, ურიგებდნენ ღარიბ-ღატაკებს და შეუდგებოდნენ ღვთის გზას. ამით სულიერ "მარაგს" იგროვებდნენ. მოწყალების გარეშე ადამიანის სარწმუნოება მკვდარია. ეს სათნოება წყაროა სულიერი ცხოვრებისა, მაგრამ მოწყალება არ უნდა ვაკეთოთ ამპარტავნებითა და თავმომწონეობით, არამედ ღვთის სადიდებლად - ღვთისგან და ღვთისთვის, რათა ღვთის მადლით შევიმოსოთ. ვინც ამპარტავნებით აკეთებს კეთილ საქმეს, ბოლოს მაინც აბნევს. უფალიც ბრძანებს - ვინც ჩემში არ კრებს, ის აბნევსო.

ნეტარი მდგომარეობის, სულიერების უფრო მაღალ საფეხურზე შედგომისთვის ადამიანმა გულის სიწმინდესაც უნდა მიაღწიოს. ღმერთი მხოლოდ სიწმინდეში ეცხადება ადამიანს. სადაც არის გული კაცისა, იქ არის მისი საუნჯეც, იქ იუნჯებს სამარადისო ყოფას. გული უპირველესად მარხვითა და ლოცვით განიწმინდება.

მეშვიდე ნატარებაა: "ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ" - როცა კაცი ამ სათნოებას, ამგვარ სულიერ მდგომარეობას აღწევს, ცდილობს, არა მხოლოდ თვითონ იქონიოს უშფოთველი და კეთილგანწყობილი ურთიერთობა ადამიანებთან, არამედ თავისი კეთილგონიერი და სამართლიანი შუამდგომლობით სხვა ადამიანებს შორისაც სიმშვიდე და სიყვარული ჩამოაგდოს. სიტყვითა თუ საქმით მშვიდობასა და სიყვარულს ქადაგებს და ავრცელებს. როდესაც მისი არ ესმით, ლოცულობს მოყვასისთვის.

უფალი განკაცდა და დედამიწაზე მოვიდა იმისათვის, რომ გამოეხსნა კაცობრიობა, ადამიანი ღმერთთან შეერიგებინა. მაცხოვრის ჯვარცმითა და აღდგომით კაცობრიობა გამოხსნილ იქნა და სამარადისო მშვიდობა დამყარდა. ადამიანი, რომელიც სიტყვით თუ საქმით მშვიდობას პოვებს, ყველაზე მეტად ემსგავსება უფალს, ღვთის ძეებად, ღვთის შვილებადაც ამიტომ იწოდებიან მშვიდობისმყოფელნი. უსამართლოდ ჯვარცმული უფალი ლოცულობდა ჯვარმცმელთათვის. როგორი ბოროტებაც არ უნდა გაგვიკეთონ, მოვალენი ვართ, ღვთის შვილობა გამოვიჩინოთ.

უფალი ნეტარებას, ბედნიერებას მიანიჭებს სიმართლისთვის დევნილთაც, აღუთქვამს, რომ მათია სასუფეველი ცათა. უფალი ბრძანებს, რომ ადამიანმა უპირველესად სასუფეველი უნდა ეძიოს, მართალი ცხოვრება, საღმრთო სჯული შეიყვაროს. ამ გზაზე არაერთი დაბრკოლება შეგვხვდება, განსაცდელი და დევნილება - სულიერი თუ ფიზიკური. უფალსაც დევნიდნენ. გავიხსენოთ, რას ამბობს მაცხოვარი - ძესა კაცისასა არა აქვს ადგილი, სადაც მიიდრეკს თავსო - მის სიმართლეს, ჭეშმარიტებას დევნიდნენ, მაგრამ არასოდეს შფოთავდა და დრტვინავდა. ამით გვიჩვენა, თუ საჭირო იქნება, სასუფევლის მოპოვებისთვის უდრტვინველად მივიღოთ და დავითმინოთ ყოველი განსაცდელი: "სასუფეველი ცათაი იიძულების და რომელნი აიძულებენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11,12).

"ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდნენ და გყვედრიდნენ და სთქვან ყოველნი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ არს ცათა შინა" - როდესაც ადამიანი დაითმენს ჭირსა და განსაცდელს, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, დევნას, ტანჯვა-წამებას ღვთის რწმენისა და სიყვარულის გამო, უფლის აღთქმისამებრ, უდიდესი ჯილდო მოელის ცათა სასუფეველში - მარადიული ნეტარების უმაღლეს მდგომარეობას მოიპოვებს. კაცმა არ უნდა დაივიწყოს მთავარი - მისი სული მოწოდებულია ნეტარების მისაღებად.

- მხოლოდ უდიდესი ძალისხმევით თუ მოვიპოვებთ ნეტარ მდგომარეობას...

- ნეტარებას რომ მიაღწიო, ამას უდიდესი ღვაწლი სჭირდება, თუმცა შეუძლებელიც არ არის - ღვთის უდიდესი სიყვარულით, რწმენით, ნდობით, მსახურებით ადამიანი მიაღწევს მას. თუ უფალთან ხარ, გწამს, აღიარებ და უხმობ მას შემწედ, შეუძლებელი არაფერია. მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით კი სულიერ წარმატებას ვერ მიაღწევ. წარმოუდგენელიც კია, ადამიანმა დაითმინოს წმინდა მოწამეთა მსგავსი ტანჯვა-წამება. ისინი კი უსიტყვოდ ითმენდნენ. ტკივილგამაყუჩებელი აბიც რომ მივიღოთ, ტკივილს ვეღარ ვიგრძნობთ. თუკი წამალს აქვს ამის ძალა, რამდენად მეტი ძალა აქვს უფალს, ღვთის მადლს! როდესაც ადამიანი თავისი ცხოვრებით მიმართავს უფალს - შენთან მინდა, ღმერთო, შენი ვარ, მცხოვნე მე, - ღვთის მადლში ეხვევა, ნეტარებით იმოსება. თუმცა სულიერი სიხარული და ბედნიერება, სრულყოფილებისკენ მიმავალი გზა დაუსრულებელია. ამ გზაზე შემდგარი არასოდეს ინატრებს მის დასრულებას - ადამიანი ღვთის მადლით არ იღლება. სასუფევლისკენ სავალ გზაზე ცოდვით დაცემაც არაერთხელ მოგვიხდება, მაგრამ ვინც სულიერი სიხარულის სიტკბოება შეიგრძნო, დაცემისთანავე მიხვდება, რაც დაკარგა და მაშინვე დაიწყებს წამოდგომაზე ზრუნვას.

- ასეც ხდება - ადამიანს უჩნდება სურვილი ნეტარების მოპოვებისა, იწყებს კიდეც თითქოს მისკენ სწრაფვას, მაგრამ ვერ ახერხებს... რა აბრკოლებს ასეთს?

- სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი თავმდაბლობის, მორჩილების უქონლობაა. პირველი ნაბიჯები ამ სათნოებათა მოპოვებით უნდა გადავდგათ. ცხადია, უპირველესად ჭეშმარიტება უნდა შევიმეცნოთ.

ზოგიერთი არ აღიარებს, რომ არსებობს სასუფეველი, დაუსრულებელი ნეტარი ცხოვრება. ასეთებს თავიანთი კანონები აქვთ ჩამოყალიბებული და ამ კანონებით ცხოვრობენ. მათ, როგორც არ უნდა აუხსნა, არ ესმით, მაინც ადამიანური ლოგოკით გესაუბრებიან, მიწიერს ითხოვენ. მაგრამ უმთავრესი ღვთის კანონებია, რომელთაც უნდა დაემორჩილო. თუ მხოლოდ ადამიანური კანონებით ვიცხოვრებთ, ღვთის მადლს ვერ მივიღებთ.

- იმ ნეტარი მდგომარეობის შესახებ რას გვეტყვით, რასაც პირველი ადამიანები განიცდიდნენ ცოდვით დაცემამდე ედემის ბაღში?

- სამწუხაროდ, ადამიანს აღარ ახსოვს, როგორ სულიერ მდგომარეობაში იყო ედემის ბაღში. თუმცა არც ის ნეტარება იყო სრულყოფილი, არამედ სხივი გახლდათ სასუფევლისა, რომელიც ადამიანს უნდა განევითარებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. ისეთი იდეალური სულიერი გარემო, როგორიც ედემში იყო და რომელიც პირველმშობელთა ცოდვით დაცემის შედეგად დავკარგეთ, აღარასოდეს იქნება დედამიწაზე, რადგან ადამიანის ბუნება ცოდვისკენ მიიდრიკა. ამის გამო აღარ შეგვწევს მადლის დიდხანს შენარჩუნების უნარი, თუმცა თუკი სულში ღვთის სხივი შევა, თვითონ ადამიანი მიაღწევს ამას თავისი ცხოვრებით, ხვდება, რომ მისი ჭეშმარიტი ბუნება უცოდველობაა. სულს აქვს უნარი იმისა, იცხოვროს სიწმინდით და უშფოთველად.

ადამს ერთადერთი მცნება უნდა დაეცვა - ეს იყო მოკლე გზა დაუსრულებელი ნეტარების მისაღწევად. ეს გზა ერთი მცნების დარღვევით დავკარგეთ. ამის შემდეგ ადამიანმა სასუფეველში მოსახვედრად რთული და გრძელი გზა უნდა განვლოს. ამ დროს უპირველესად უნდა ახსოვდეს, რომ დამნაშავეა, საკუთარ სისუსტეებს ხედავდეს და განიცდიდეს.

- წმინდანთაგან ზოგს მართალი ეწოდება, ზოგს - ღირსი... ვინ არიან ნეტარნი?

- ნეტარებად იწოდებიან ისინი, ვინც უფლის გულისთვის ცხოვრობდა ყოველივე ამქვეყნიური სიკეთისა და ფუფუნების მკაცრი უარყოფით. მთელი თავიანთი ქონება გაყიდეს და მოწყალებად გასცეს, უფალში დაიუნჯეს, თვითონ კი სიგლახაკესა და უპოვარებაში ცხოვრობდნენ.

- რომელია ნეტარების საპირისპირო სულიერი მდგომარეობა?

- ნეტარების საპირისპირო მდგომაროება უსასოობა - სასოწარკვეთილებაა. ამპარტავნებით, უსიყვარულობით, გლახაკთა განუკითხველობით, შურით, მოყვასის განკითხვით... მიდის კაცი ამ მდგომარეობამდე და ღვთის განკითხვაშიც ვარდება - თუ ღმერთი გულმოწყალე და მოსიყვარულეა, სად არის, რატომ არ ჩანსო, - ჩივის. ავიწყდება, რომ თვითონ გაუღო ფართოდ გულისკარი ჯოჯოხეთურ, ბოროტ ნიჭებს. ყველაფერი, რაც ჰქონდა სულიერი, განიძარცვა...

რაც შეეხება ზეციურ ნეტარებას, მისი საპირისპირო მდგომარეობა მარადიული მწუხარება - ჯოჯოხეთია. რატომ ადარებენ ჯოჯოხეთს ცეცხლსა და გეჰენიას? რით იწვის ადამიანის სული ჯოჯოხეთში? უსასოობით, უიმედობით. ჯოჯოხეთში ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე გოდებს, საკუთარ თავზე წუხს - ყველას თავისი სტკივა და არავის არავინ ებრალება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat