არჩევანი
არჩევანი
არჩევანის უფლება იმიტომ გვეძლევა, რომ კეთილის არჩევა შევძლოთ, ის, რაც იძულებითია, სათნოება არ არის
კაცთა მოდგმიდან არვინ შობილა, არჩევანის წინაშე რომ არ მდგარიყოს. სანამ დედამიწა იარსებებს, უმთავრესი იქნება - სათნოვეყოფით უზენაესს, რომელმაც ხატად თვისად და თავისუფალ არსებად შეგვქმნა, თუ ბოროტებას და ჯოჯოხეთს ავირჩევთ.

იმის მიუხედავად, რომ ღვთის სიტყვა გვეუწყა, სჯული მოგვეცა, მარადისობამ კი შინაგანადაც დაგვბეჭდა უხილავი და მოუსყიდველი სინდისის ბეჭდით, მაინც გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება, სულის მაცხოვნებელი არჩევანის გაკეთება, უფრო მეტად კი - არჩეულის ერთგულება... საკუთარ თავსა და წუთისოფლის უამრავ ცდუნებასთან ბრძოლა ხომ ხშირად მოწამეობის ტოლფასია...

გვესაუბრება თბილისის სიონის ტაძრის მღვდელმსახური, მამა იოანე ბარკალაია.

- მამა იოანე, რატომ გვეძლევა არჩევანის უფლება?

- არჩევანის უფლება თავისუფალი ნებიდან მომდინარეობს. როგორც წმინდა იოანე დამასკელი გვასწავლის, ადამიანში არსებობს მარტივი, გააზრებული, მოსურვებითი ძალა, რომელიც ბუნებრივის მიმართ აღიძვრება და ამ ძალას ნებელობა ჰქვია.

როდესაც ნებელობა რაიმე საგანს მიემართება, - ეს ზრახვაა. შემდეგ ადამიანი განიზრახავს, ღირს თუ არა ამა თუ იმ საქმის წამოწყება, რაც განზრახვად იწოდება, საქმის მიმართ განეწყობა და შეიყვარებს მას. ამას კი განზრახულება ჰქვია. თუ არ შეიყვარა, განზრახულება არ იქნება.

სწორედ ამის შემდეგ აკეთებს კაცი არჩევანს.

არჩევანი ორი შესაძლებლობიდან უმჯობესის გამორჩევა და ერთ-ერთისთვის უპირატესობის მინიჭებაა. შემდეგ ადამიანი სარგებლობს მოპოვებულით და სურვილისგან დაცხრება.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ არჩევანი ღვთიური თვისება არ არის, რადგან უმეცრების შედეგია.

არჩევანი ყოველთვის განზრახვას მოსდევს, ღმერთი კი არაფერს განიზრახავს. მაგალითად, როდესაც უფალმა სამყაროს შექმნა ინება ანუ იზრახა, იმაზე ფიქრი არ დაუწყია, არც არჩევანის წინაშე დამდგარა, შეძლებდა თუ არა ან უღირდა თუ არა მისი შექმნა, ანდა როგორი სამყარო შეექმნა, არამედ მის მიერ ნებებული მყისვე საქმედ იქცა.

არჩევანი და განზრახვა არც ქრისტეს კაცობრივ ბუნებას გააჩნდა. მართალია, ძე ღმერთმა უმეცრების მქონე ადამიანური ბუნება მიიღო, მაგრამ ღმერთ ჰიპოსტასთან შეერთებისთანავე მისი ადამიანური ბუნება ყოვლისმცოდნე შეიქმნა. როდესაც ქრისტემ ხარკის გადახდა ინება, იმაზე ფიქრი არ დაუწყია, რა გზით ეშოვა თანხა, არამედ პეტრეს თევზის დაჭერა და მისი პირიდან სტატირის ამოღება უბრძანა, მან ხომ ყოველივე უწყოდა.

- მამაო, საიდან მომდინარეობს ადამიანის თვითუფლებრიობა?

- თვითუფლებრიობა ადამიანის მოაზროვნეობითობისგან მომდინარეობს.

საეკლესიო სწავლებით, ნებისმიერი ქმნილება, რადგანაც არარაობიდან არსებობაში შემოდის, ცვლილებას ექვემდებარება: უსულო საგნები და ცხოველები - სხეულებრივ ცვლილებას განიცდიან, მოაზროვნეობითნი კი (ადამიანნი და ანგელოსნი) - არჩევანისაებრ იცვლებიან. წმინდა იოანე დამასკელის სწავლებით, მოაზროვნეობითობის ერთი მხარე მჭვრეტელობითია, რაც იმას შეიმეცნებს, თუ როგორ არსებობენ არსნი, მეორე კი - საქმითი, რომელიც განმზრახველობითია და მართებულ განზომილებას განუსაზღვრავს იმას, რაც გასაკეთებელია.Yყოველი განმზრახველი განიზრახავს იმდენად, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული საკეთებელი საქმის არჩევა, რომ ის აირჩიოს, რასაც განზრახვაში ამჯობინებს და არჩეული გააკეთოს. აქედან გამომდინარე, ცხადია, მოაზროვნეობითობას აუცილებლად თანაშეენივთება თვითუფლებრიობა, რადგან ადამიანი ან არ უნდა იყოს მოაზროვნეობითი, ან, თუ მოაზროვნეობითია, თავისი საქმეების ბატონ-პატრონი იყოს.

არჩევანის უფლება იმიტომ გვეძლევა, რომ კეთილის არჩევა შევძლოთ, რადგან, როგორც წმინდა იოანე დამასკელი გვმოძღვრავს, ის, რაც იძულებითია, სათნოება არ არის. ადამიანის არსებობის მიზანი განღმრთობა და მარადიულად ღმერთთან მიახლებაა, რაც სათნოებით მიმსგავსებით ხორციელდება.

- რა შეიძლება ითქვას თავისუფალი ნების შესახებ?

- როგორც ზემოთ ვთქვით, ადამიანში არსებობს გააზრებული, მოსურვებითი, მარტივი ძალა (ჩვენ ხომ ცხოველივით არ ვმოქმედებთ, ჩვენი ქმედებანი გააზრებულია), რომელიც ნებელობად იწოდება. წმინდა იოანე დამასკელის განმარტებით, ხსენებული ნება ზოგჯერ ნებელობას ნიშნავს, ზოგჯერ კი - ნებებულს.

თავისუფალი ნება ადამიანს ღვთიური ნეტარებითა და ბედნიერებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

აკეთო ის, რაც გსურს, რაღა თქმა უნდა, დიდებულია. სიმბოლურად, ეს შეიძლება ცაში არწივის ლივლივს მივამსგავსოთ, რაც ყოველი გულისთქმის ასრულების ერთგვარი სახეა, მაგრამ, როგორც ვთქვით, ნებელობა (მარტივი სურვილი) ჩვენში ბუნებრივის მიმართ აღიძვრება. ის, რაც ცოდვით დაცემამდე კაცისთვის ბუნებრივი იყო, სადღეისოდ არაბუნებრივად ქცეულა, ცოდვა კი, სამწუხაროდ, ჩვენს ბუნებად ქმნილა. ამიტომ ადამიანთა დღევანდელ მდგომარეობას სწორედ პავლე მოციქულის სიტყვები ესადაგება: "ყოველივე ჯერ არს ჩემდა, მაგრამ არა ყოველივე უმჯობეს არს". სხვაგვარად თუ ვიტყვით, ჩვენთვის ყოველივე ნებადართულია, მაგრამ ყოველივე სასარგებლო არ არის.

დღეს ხშირად არასწორად ესმით თავისუფალი ნების შინაარსი და ავიწყდებათ, რომ ადამიანის ბუნება დაცემულია, ნებელობა კი - ცოდვისკენ მიდრეკილი. როგორც ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, - ღმერთი გიყვარდეთ და რაც გინდათ, ის აკეთეთო. თუ ღმერთი გიყვარს, ცოდვა გძულს და მხოლოდ სიკეთე გწადია. სწორედ ეს გახლავთ ჭეშმარიტად თავისუფალი ნება.

- რა შეიძლება ვთქვათ ადამის მიერ გაკეთებულ არჩევანზე?

- ადამს შეეძლო, ან სიკეთეში დარჩენილიყო და მადლის თანამოქმედებით ღვთისკენ ესწრაფა, ან სიკეთისგან უკუქცეულიყო და ჯოჯოხეთი დაემკვიდრებინა. ცნობადის ხის ნაყოფის გარდა მან ყოველი ხის ნაყოფის მიღების უფლება მიიღო, რაც, როგორც წმინდა ალექსი ბერი (შუშანია) განგვიმარტავს, ჩვენს სულში დანერგულ გრძნობის ხეს განასახიერებს.

გრძნობა, თავისთავად, ორგვარია - სულიერი და ხორციელი. სრული ბედნიერება რომ განეცადა, ადამს, ალბათ, სრული თავისუფლებაც უნდა მოეპოვებინა, რაც, ნეტარი ავგუსტინეს განმარტებით, ღვთის სიყვარულში მდგომარეობს. სიყვარული - გრძნობათა დედოფალია, ადამიანი კი, რომელიც სისავსით ცხოვრებას ესწრაფვის, გრძნობითა და გონებით ცხოვრებას ცდილობს.

ისიც უნდა ითქვას, რომ მიწიერ, გრძნობად ცხოვრებაში კეთილ საქმეთა ქმნით, მსხვერპლის გაღებითა და თვით ცოდვისმიერი სიყვარულითაც კი ადამიანი სიყვარულის ერთგვარ გამოცდილებას იძენს და, შესაძლოა, ეს ცხოვრების სისავსეს ქმნის. თუმცა უფალმა გვასწავლა, რომ ამგვარი სიყვარული საკმარისი სულაც არ არის, რომ ღმერთი ზეციური ცეცხლის - ღვთაებრივი სიყვარულის დასანთებად მოვიდა კაცთა გულებში და ბრძანა: "აწვე მნებავს, რომ აღეგზნას!"

მიწიერ სათნოებებსა და სიყვარულს ხშირად ასხამენ ხოტბას საერო მწერალნი და პოეტნი, თუმცა თავადვე ეეჭვებათ ამგვარი სიყვარულის მუდმივობა და მდგრადობა და ისიც, არსებობს თუ არა საერთოდ სიყვარული. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი კი გვასწავლის: "ღმერთი სიყვარული არს!"

ამგვარად, პირველმა ადამიანმა ღვთიურ დიდებას მიწიერი გრძნობის მონობა ამჯობინა. ალბათ, არც ის არის შემთხვევითი, რომ არჩევანის გაკეთებისას პირველმა ეს ნაბიჯი ევამ (როგორც, უმეტესწილად, გრძნობის გამომხატველმა) გადადგა, კადნიერად გაიწვდინა ხელი აკრძალული ნაყოფისკენ, რის გამოც ხატებზე მისი ხელი სამოსლით დაფარული იხატება.

ასევე, პირველად სწორედ მეორე ევამ, სიყვარულის პიროვნულად მშობელმა, - ღვთისმშობელმა გაიმარჯვა.

- მამა იოანე, რა უნდა განსაზღვრავდეს სწორ არჩევანს?

- ადამიანი მუდმივად, ყოველწამიერ აკეთებს არჩევანს ღმერთსა და ეშმაკს, ცოდვასა და მადლს შორის. ყოველთვის შეუძლია, პატარა კენჭი მაინც წაამატოს თავისი სულიერი სახლის მშენებლობას ან პირიქით - დაარღვიოს იგი და ჯოჯოხეთისკენ მიიქცეს. როგორც გაბრიელ ბერი (ურგებაძე) იტყოდა, დრო ღვთისგან კაცთათვის ბოძებული უდიდესი საჩუქარია, ამქვეყნიური ცხოვრება კი - ერთგვარი საწნახელი, რომელშიც ადამიანი ყურძენივით უნდა დაიწუროს, ან წისქვილი, სადაც ხორბალივით უნდა დაიფქვას, რომ მარადიული სიყვარულისთვის გამოსადეგი გახდესო.

ამიტომ, რაღა თქმა უნდა, ჩვენი სიცოცხლის ყოველი წამი ჯეროვნად გამოსაყენებელი და ძვირფასია.

ჩვენი გზა მარტივია, რადგან თავად ღმერთია მარტივი, რომელიც გზაა და ჭეშმარიტება, მაგრამ მიწიერ სიამეთაკენ ლტოლვა და ამსოფლიური კეთილდღეობისკენ სწრაფვა ჩვენში, სამწუხაროდ, გაორებას იწვევს. სიყვარულსა და სიკეთეს ხშირად ეგოიზმს ვამჯობინებთ, მარხვას - ნაყროვანებას და გემოთმოყვარებას, თავმდაბლობას - სიამაყეს და ამპარტავნებას, რაც სულიერ წინსვლაში ხელს გვიშლის.

არქიმანდრიტ გაბრიელ ურგებაძის ცხოვრება ცხადი მაგალითია იმისა, თუ როგორი სიმტკიცით უნდა ხორციელდებოდეს ჩვენ მიერ გაკეთებული მართებული არჩევანი (რომელიც ღვთისკენ სწრაფვაში გამოიხატება). შეიძლება ითქვას, მან ყოველგვარი გაორების გარეშე, სიყრმიდანვე გააკეთა სწორი არჩევანი და აღარასოდეს უღალატია მისთვის.

იმის საილუსტრაციოდ, რომ სადღეისოდ საკეთებელი სახვალიოდ არ გადავდოთ, ერთ ლექსს გავიხსენებ:

"განა რამდენი ასე ულევი დღეები გვარგეს,
თითქოს გალევით - "მადლობა ღმერთსო!" - ხომ ვამბობთ ხოლმე,
და უმადურნი ხვალის სარჩოდ იმედს ვისახავთ,
იმედს იმისას, რომ ხვალინდელი "სულ სხვა" იქნება.
"სხვა" რით იქნება, თუ დღევანდელი ვერ დავინახეთ?
სხვა არ იქნება, რადგან სული თუ არ აზიდე,
მზე არ იმზევებს, არც ყვავილი არ იყვავილებს,
არც ზღაპარს იტყვის მოიისფრო შემოღამება,
და მოკლულ დღეებს გადაჰყვება სულის ხარება..."


დროის უქმად ხარჯვით ადამიანი თავადვე ისპობს ბედნიერებას.

წმინდა მამები გვასწავლიან, - კაცი ან მუდამ უნდა შრომობდეს, ან ლოცულობდესო.

ერთი ჩვენი თანამედროვე მღვდელმონაზონი კი ამბობს, - თუ უქმად მიწოლილმა თავი ოცნებას მიეცი, ეს უკვე შეპყრობილობააო.

აქედან გამომდინარე, მიწყივ უნდა ვესწრაფოთ, მართებული არჩევანი გავაკეთოთ, რომ მთავარ მიზანს ვეწიოთ - სასუფეველი დავიმკვიდროთ.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ სწორ არჩევანს ვაკეთებთ?

- ჩვენს სწორ არჩევანს ღვთისა და ადამიანის ნებათა თანხვედრა უნდა განსაზღვრავდეს.

უპირველესად, ღვთის მცნებებს უნდა დავეყრდნოთ, წმინდა სახარებას, სჯულს, სინდისს...

სწორმა არჩევანმა ვნება კი არ უნდა გააბატონოს ჩვენში, ზეცას უნდა მიგვაახლოს, სიხარული მოგვიხვეჭოს... ეს მომენტი ნებისმიერ არჩევანში ვლინდება ხოლმე.Aარჩევანის მართებულობაც აქედან გამომდინარე ისაზღვრება.

ნებისმიერი არჩევანი ცათა სასუფევლის მოსახვეჭად უნდა გვჭირდებოდეს. როგორც უფალი გვმოძღვრავს, უპირველესად ღვთის სასუფეველს უნდა ვეძიებდეთ და ყოველივე დანარჩენიც მოგვეცემა.

- მაინც, რატომ უნდა ავირჩიოთ სიკეთე?

- კეთილი ჩვენივე ბუნებიდან გამომდინარე უნდა ავირჩიოთ, რადგან ღვთის ხატად ვართ შექმნილნი, სიკეთე კი უფლის თვისებაა.

მართალია, ის, რაც სამოთხეში ბუნებრივი იყო, არაბუნებრივად გვქცევია, ცოდვა კი, პირიქით, - ბუნებრივად, მაგრამ ღვთის ხატება, როგორც ტალახში ამოსვრილი მარგალიტი, მაინც ცოცხლობს ჩვენში და სწორედ მისი განწმენდით ვიხვეჭთ ნეტარებას.

- მამა იოანე, ზოგნი ბუნებითად არიან მიდრეკილნი სიკეთისაკენ და სწორი არჩევანის გაკეთება და ღვთივსათნოდ ცხოვრება, სხვებთან შედარებით, ეადვილებათ, მაგრამ ზოგს სულ მცირე სათნოების მოსახვეჭადაც კი დიდი ძალისხმევა და ბრძოლა უწევს საკუთარ თავთან...

- სიკეთე ზოგისთვის მართლაც შინაგანი მდგომარეობაა - ერთნი თუ მეტად თავმდაბალნი და მორჩილნი არიან, რაც ღვთივსათნოდ ცხოვრებას უიოლებთ, მეორენი ამპარტავანი და ავი ზნით განირჩევიან, ამიტომ მადლის მოსახვეჭად თავის დამდაბლება სჭირდებათ.

რადგან ადამიანთა ბუნება დაზიანებულია, ღვაწლი და ძალისხმევა მეტ-ნაკლებად ყველას სჭირდება... ასე რომ, ვინც მეტად გაირჯება, მეტ ჯილდოსაც მიიღებს.

- არჩევანის კეთებისას რა განსაცდელები ეძლევა ადამიანს ან როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან?

- ზოგადად თუ ვიტყვით, როდესაც კაცი სწორ არჩევანს აკეთებს და სიკეთისკენ მიიდრიკება, მასზე ბოროტი ძალები აღსდგებიან და ყოველნაირად ცდილობენ, დააბრკოლონ.

უფალი მონანულ ადამიანზე სხვადასხვა სახის განსაცდელს (ავადმყოფობას, სიდუხჭირეს, ტკივილს...) იმიტომ უშვებს ხოლმე, რომ სულიერად განკურნოს და მადლი მისცეს. ხოლო ის, ვინც დრტვინვის გარეშე, მადლიერებით დაითმენს ყოველივეს და უფალს განადიდებს, მოწამეთა დარ ღვაწლს იტვირთავს და უხრწნელ გვირგვინს მოიღებს.

- მამა იოანე, ურთიერთთვისობრიობის კანონიდან გამომდინარე, რადგან არსებობს არჩევანი, უნდა იარსებოს პასუხისმგებლობამაც. ფიზიკის კანონების თანახმადაც, სამყაროში არაფერი იკარგება...

- ის, რომ ადამიანი ღვთის ხატად იქმნა, არსებობაში შემოვიდა და მარადიული სიცოცხლისა და უფალთან თანაზიარობის უნარი მიენიჭა, თავისთავად, უკვე უდიდესი პასუხისმგებლობაა. მაგრამ იმის გათვალისწინებაც გვმართებს, რომ ღვთის გარეშე არარანი ვართ.

ეკლესიის მამათა სწავლებით, ქრისტეს მოსვლამდე ადამის დაცემა გარდუვალი იყო. გავიხსენოთ, როგორ მიჰგვარა უფალმა მოწყინებაში შთავარდნილ ადამს ჯერ ცხოველები, შემდეგ კი ცოლი, რადგან უწყოდა, რომ დაეცემოდა. როგორც წმინდა წერილი ამბობს, ყოველი კაცი ცრუა და ამაო, და ამიტომაც უფალი მის უძლურებას ითვალისწინებს, უნუგეშო, დაცემულ მდგომარეობაში არ ტოვებს, ადამიანად მოდის და ადამიანურ ბუნებას ამარჯვებინებს ცოდვასა და სიკვდილზე. კაცი რომ თვითმყოფი არსება ყოფილიყო და არა ქმნილი, ეს დაცემა უპატიებელი ცოდვა იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის.

- საჭიროა კი ზომიერება იქ, სადაც არჩევანი კეთდება?

- ზომიერება ამ დროს არამცთუ სასურველი, აუცილებელიცაა, რომ სხვადასხვა სახის გემოთმოყვარეობაში არ შთავვარდეთ: არც მარცხნივ გადავიხაროთ, არც - მარჯვნივ, არამედ სამეუფო გზით ვიდოდეთ.

- მამაო, მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ, ხორცში ვიმყოფებით და უამრავი სხვადასხვა (პოლიტიკური, ყოფითი...) არჩევანის კეთება გვიწევს... როგორ უნდა ვირჩევდეთ მოძღვარს, ხელისუფლებას, მეგობარს, მეუღლეს?..

- რაც შეეხება პოლიტიკურ არჩევანს, ღვთისმოყვარე ადამიანი უნდა ლოცულობდეს, რომ უფლის მადიდებელი ხელისუფლება ჰყავდეს.

თუ მთავრობა უზნეობის დამკვიდრებას შეეცდება, ქრისტიანი მოვალეა, ყოველივე ამას, პირველ რიგში, ლოცვითა და საკუთარი თავის გაქრისტიანებით შეეწინააღმდეგოს.

პროტესტის გამოხატვის იდეალური მაგალითი ჩემთვის, ისევ და ისევ, მამა გაბრიელია, რომელმაც კომუნისტური რეჟიმის ზეობისას მისი კერპის უზარმაზარი გამოსახულება საჯაროდ დაწვა - არც დაიმალა და არც იარაღით გამოსულა ქუჩაში, არამედ ღვთის სიტყვის ქადაგება იწყო და საკუთარი თავი ღვთიური სიყვარულის სამსხვერპლოზე მიიტანა.

მოძღვარს, პირველ რიგში, მისი ღირსებიდან გამომდინარე უნდა ვირჩევდეთ. იგი თავადვე უნდა იყოს ქრისტეს ერთგული მოწაფე და მიმბაძავი, თავად გახდეს მისაბაძი, რომ მრევლი მისი მეოხებით ღმერთს მიუახლოვდეს. როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა!"

შესაძლოა, ადამიანს რამდენიმე კარგი მოძღვარი შეხვდეს, მაგრამ მის სულს ერთი უფრო გამოადგეს. ამასთან, სულიერი წყობის მსგავსებაც თავის როლს ასრულებს.

რაც შეეხება პროფესიას, იგი ჩვენი ნიჭიდან, უნარიდან და ამა თუ იმ საქმის სიყვარულიდან გამომდინარე უნდა ავირჩიოთ.

სულიერი წყობის, ინტერესთა და ხასიათის მსგავსება მეგობრისა და მეუღლის არჩევისასაც მნიშვნელოვანია. ეს ერთობა სიყვარულიდან უნდა მომდინარეობდეს და არა ანგარებიდან და მზაკვრობიდან. კარგია, როცა მეგობრები უფლის მადიდებელნი იქნებიან. მეგობარი ხომ ერთგვარი მეგზურია, ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის თანაზიარი. პავლე მოციქული გვმოძღვრავს: ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ სჯული ქრისტესიო.

მეუღლის არჩევის საწინდარი სიყვარული უნდა იყოს და არა მიწიერი სილამაზე. უნდა შევეცადოთ, ისეთი ადამიანი გვყავდეს გვერდით, რომელიც სულის ცხონებაში შეგვეწევა. მშვენიერია, თუ მეუღლეთაგან ორივე ღვთისმოსავია, თუმცა ზოგჯერ უფალი ერთის მეოხებით მეორეს მოაქცევს ხოლმე.

- არსებობს რაღაც, რასაც ვერ აირჩევ, მაგალითად, ეროვნებას, შვილებს, მშობლებს, სქესსა და გარეგნობას, თუმცა ბოლო დროს არც გარეგნობის შეცვლაა შეუძლებელი და არც სქესის...

- რაც შეეხება სქესის შეცვლას, ეს იმდენად არაბუნებრივია, ფიქრიც კი არ მსურს... არც ის ვიცი, რა მდგომარეობაშია ამგვარი ადამიანის სული... ისინი, უბრალოდ, სიბრალულს იწვევენ... უფალმა ყველას უშველოს!

ღვთისგან ბოძებული პარამეტრები მაშინაც ირღვევა, როცა მავანი გარეგნობას იცვლის და ესეც ცოდვაა.

- ღალატია თუ არა, როცა ადამიანი სამშობლოს და ეროვნებას უარყოფს და თავს სხვა ნაციას მიაკუთვნებს?

- როცა მავანი საკუთარს ივიწყებს და თავს სხვა ქვეყნისთვის გადადებს, რაღა თქმა უნდა, არასწორია.

მართალია ყოველ ჩვენგანს საერთო წინაპარი ჰყავს, მაგრამ ენათა განყოფამ სხვადასხვა ერთა, შესაბამისად, განსხვავებული ეთნოფსიქიკის, ტრადიციების, კულტურათა ფორმირება განაპირობა.

მიწიერი სამშობლო ის ადგილია, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ და განისვენებენ. ასე რომ, სამშობლოს უარყოფა ღალატის ელემენტს მართლაც შეიცავს.

ერთნი პრაგმატული მოსაზრებით მიდიან სამშობლოდან და უცხო მიწას ეხიზნებიან, თუმცა, ისეც ხდება, რომ მეორენი ზეციურის საძიებლად მკვიდრდებიან უცხოობაში. თუნდაც ქართველი ბერები გავიხსენოთ, ოდითგანვე რომ დაემკვიდრნენ ათონის, სინას მთის, ულუმბოს, საბაწმინდის თუ სხვა ლავრებში, მონასტრებსა თუ უდაბნოებში და ამ წმინდა ადგილებიდან შეეწეოდნენ სამშობლოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებას.

ისტორიამ იმგვარი მაგალითებიც იცის, როდესაც სხვა გვარ-ტომის ადამიანები, ღვთის განგებით, ქართული სინამდვილის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. მაგალითები აქაც ბევრია: წმინდა კეთილმსახური მეფენი - მირიანი, ვახტანგ გორგასალი, წმინდა რაჟდენ პირველმოწამე, ევსტათი მცხეთელი, აბო თბილელი და სხვანი...

ერთი თანამედროვე ბულგარელი მწერალი, საქართველოში ცხოვრება რომ განეზრახა, ამბობდა: სამშობლო ის კი არ არის, სადაც დაიბადე, არამედ ის, სადაც გსურს მოკვდე და დაიმარხოო...

ჩვენს დროში, სულიერების კრიზისის ეპოქაში, ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია მრავალ უცხოელს იზიდავს... ამგვარად, სამშობლოს ცნება მიწიერის გარდა მისტიკურ მნიშვნელობასაც ატარებს.

ღმერთმა ყველას გვაპოვნინოს და შეგვძინოს მარადიული, ზეციური სამშობლო, ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat