სიცოცხლის დაბადება
სიცოცხლის დაბადება
ყოველი ადამიანის დაბადება მნიშვნელოვანია უფლისთვის
ახალი სიცოცხლის დაბადება უფლის ნების გამოვლინებაა, თუმცა ადამიანები, როგორც სხვა შემთხვევებში, ამაშიც ხშირად ვეწინააღმდეგებით მის წმინდა ნებას.

ჩვენი სტუმარია ყოვლადწმიდა სამების სახელობის მამათა ლავრის იღუმენი ადამი (ახალაძე), რომლისთვისაც ეს თემა მეტად ახლობელია - იგი პროფესიით ექიმი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი) და, ამასთან, წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი გახლავთ.

- უფალმა აკურთხა ადამ და ევა, გამრავლებულიყვნენ და აევსოთ ქვეყანა. რა სახით უნდა მომხდარიყო ეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები არ დაარღვევდნენ უფლის მცნებას და არ იქნებოდნენ გამოძევებულები სამოთხიდან?

- წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ადამიანთა გამრავლება მოხდებოდა ჩვენგან დაფარული, ჩვენთვის შეუცნობელი საშუალებით. უფალმა ადამიანი ყველა ცოცხალ არსებაზე იმდენად აღმატებული შექმნა, რომ, ბუნებრივია, მისი გამრავლებისთვისაც სრულიად სხვა გზა უნდა ჰქონოდა მოფიქრებული, ადამიანის გამრავლების აქტი არ უნდა ყოფილიყო მსგავსი ცხოველურისა.

- ეკლესიური სწავლებით, ადამიანს სული ჩასახვისთანავე ეძლევა. ამ წუთიდანვე ითვლება თუ არა იგი დამოუკიდებელ პიროვნებად, მიუხედავად იმისა, რომ დროებით დედის წიაღში იმყოფება?

- ადამიანი ნამდვილად ჩასახვისთანავე - კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთანავე არის ცოცხალი არსება, და არა უბრალოდ ცოცხალი არსება, არამედ ადამიანი - პიროვნება. შეიძლება, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, მაგრამ სოციალური თუ ბიოლოგიური თვალსაზრისით ხომ არც ახალშობილია სრულყოფილი ადამიანი: იგი ადვილად მოწყვლადია ნებისმიერი გარემო ფაქტორისადმი.

განვითარების რა ეტაპზეც არ უნდა იყოს ჩასახული სიცოცხლე, მხოლოდ და მხოლოდ უჯრედთა ერთობლიობა იქნება ეს, ჩამოყალიბებული ემბრიონი, ჩანასახი თუ ნაყოფი, იგი ყოველთვის ადამიანია, რადგანაც მასში იმთავითვე ჩადებულია მთელი განვითარების პროგრამა. ეს მისი გენეტიკური კოდია, რომელიც დედისა და მამის სქესობრივი უჯრედების შერწყმის შედეგად იქმნება. თუმცა ნუ ვიფიქრებთ, რომ რაც ადამიანში ჩაიდო, აღარ შეიცვლება. ეს ასე არ არის. პიროვნების ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სულიერი გარემო, ვინაიდან ადამიანი სულიერი არსებაა.

- როგორ მიმდინარეობს სულიერი ჩამოყალიბების პროცესები დედის ორგანიზმში მყოფ პატარა არსებაში?

- მიუხედავად იმისა, რომ არ გვახსოვს ჩვენი ცხოვრების ეს პერიოდი, ჩვენ ნამდვილად სულიერი არსებები ვიყავით დედის წიაღშიც. ჩვენ არ გვახსოვს ბევრი რამ ცხოვრების მომდევნო ეტაპებიდანაც - ჩვილობიდან, ბავშვობიდან, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის სული, მისი არაგონითი ნაწილი მუცლადყოფნის დროსაც იზრდება, ცვლილებას განიცდის. ჩვენ ვიცით, როგორ რეაგირებს მუცლადმყოფი არსება სხვადასხვა გარემო გამღიზიანებელზე (მხოლოდ ბიოლოგიური ან ფიზიკური ფაქტორები არ მაქვს მხედველობაში). მრავალი ფსიქოლოგი იკვლევს ამ პერიოდს და ადასტურებს, რომ ნაყოფი ნამდვილად ეპასუხება დედის ალერსს ან მის უარყოფით განწყობას - ამ დროს პატარას სისხლში ჰორმონების შემცველობა იცვლება. ამიტომ დედებს მუდმივად ვურჩევთ, რაც შეიძლება მშვიდ, დადებით, სულიერ გარემოში ამყოფონ ბავშვები.

ფრანგი ფსიქოლოგები წერენ, რომ ნაყოფი სიტყვა "აბორტის" უბრალო ხსენებასაც კი განიცდის. ძნელი დასამტკიცებელია, მაგრამ მორწმუნე ამას საბუთის გარეშეც დაიჯერებს.

დღეს მეცნიერებიც ამბობენ, რომ ნაყოფი სულიერი არსებაა. ის ჯერ არ აზროვნებს იმ განზომილებაში, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ, თუმცა მისი სული იზრდება, ყალიბდება და რეაგირებს. სხვათა შორის, საბჭოთა ეპოქაში, 60-იან წლებში, ჟურნალ "ზდოროვიეში" მუცლადმყოფი ბავშვის აზრები "გაახმოვანეს". ერთ-ერთ ნაშრომში ვწერდი: რა საინტერესოა, რომ პროტესტი არც ერთ ცენზორს არ გამოუთქვამს; ალბათ იმიტომ, რომ ბავშვის ბაგეთაგან ჭეშმარიტება მოედინებოდა-მეთქი. ავტორმა ზუსტად იგრძნო ყველაფერი. ჩვენც ასევე უნდა განვეწყოთ ამ საოცარი და საყვარელი არსებისადმი, გავაცნობიეროთ, რომ იგი ჩვენი შვილია, რომელიც სულ მალე ქვეყნიერებას მოევლინება.

- ათეისტისთვის ნაყოფი მხოლოდ "ხორცის ნაჭერია", რომელიც "ბავშვად" მხოლოდ ორსულობის ბოლო თვეებში იქცევა, შესაბამისად, ორსულობის ადრეულ ვადაზე მისთვის სიცოცხლის შეწყვეტა დანაშაული არ არის. მათთვის, ვისაც ჯერ კარგად არ გაუცნობიერებია: რა არის აბორტი?

- ჩვენ დაბადებამდელ სიცოცხლეზე ვისაუბრეთ. დაე, ასეთმა ადამიანებმა თვითონვე გადაწყვიტონ, რა შეიძლება ეწოდოს ამგვარი არსებისთვის სიცოცხლის მოსპობას, ეკლესიისთვის კი ეს მკვლელობაა, წარმოუდგენელი ბოროტება.

- მაგრამ თუ ნაყოფი სხვა მიზეზით დაიღუპა?

- ასეთ შემთხვევაში, როგორც სამედიცინო, ისე ქრისტიანული თვალსაზრისით, მართებული იქნება, მკვდარი არსება ცოცხალს მოვაცილოთ. ეს აბორტი არ არის. ასეთი ოპერაცია სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს, რათა თავიდან ავიცილოთ გართულება დედის მხრივ.

- სამწუხაროდ, ბოლო დროს მეტად მომრავლდა ვირუსული ინფექციები, რომლებიც ნაყოფის სიმახინჯეებს იწვევს. ასეთი ინფექციების არსებობისას ექიმები ქალს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას ურჩევენ. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში მორწმუნე ოჯახი?

- საზოგადოდ, იმატა თანდაყოლილი დაავადებების მიმართ გენეტიკურმა განწყობამ. ორსულები ხშირად მოდიან ჩემთან და მეკითხებიან, როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში. ზოგიერთ მანკს ნაყოფის სიცოცხლესთან შეუთავსებლად მიიჩნევენ, ზოგიერთი მანკით ცხოვრება შეიძლება, მაგრამ ბავშვი ხეიბარი დაიბადება, ვერასოდეს შეძლებს სრულფასოვან ცხოვრებას და მშობლებს უამრავ საზრუნავს შეუქმნის... კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მათ, რომ ისინი ამ ბავშვების დედები არიან. ყოველმა დედამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოექცეს ავადმყოფ შვილს. განა აზრად მოგვივა, ავადმყოფი შვილი საავადმყოფოში მივატოვოთ, ან დახმარება არ აღმოვუჩინოთ? მუცლადმყოფი პატარა კი კიდევ უფრო მეტად არის დედის სისხლი და ხორცი, ვინაიდან მთლიანად მასზეა დამოკიდებული. იმაზეც გვმართებს დაფიქრება, რატომ დაუშვა ეს ღმერთმა.

- ერთი რეალური შემთხვევა გამახსენდა: ორსულობის ადრეულ ვადაზე ქალმა წითურა გადაიტანა, მაგრამ ყველა ექიმის პროგნოზის მიუხედავად, რომ ბავშვს აუცილებლად ექნებოდა რაიმე მანკი, იგი სავსებით ჯანმრთელი დაიბადა.

- უფრო მეტიც: ხშირად რომელიმე მანკი გამოკვლევისას ზუსტად არ ვლინდება, გვგონია, ბავშვი პათოლოგიით იბადება, სინამდვილეში კი ჯანმრთელია. პირიქითაც ხდება - მანკს დროულად ვერ აღმოაჩენენ და ბავშვი ავადმყოფი იბადება. ყველაფერი ღვთის ხელშია.

სამწუხაროდ, ხშირად მრევლის წევრებიც მომმართავენ მსგავსი შეკითხვებით... კი მაგრამ, რას ვიძენთ ეკლესიური ცხოვრებით? სად არის შვილის სიყვარული, სიცოცხლის მიმართ უდიდესი მოწიწება, საკუთარ ცხოვრებაში ღმერთის განგებულების დანახვა? ეს თუ არ დავინახეთ და არ შევიგრძენით, რისთვის ვარსებობთ ეკლესიის წიაღში ან რისთვის ვიკრიბებით? რისთვის ვესწრებით წირვას და ვმონაწილეობთ უდიდეს საიდუმლოში? მოგვეცა მადლის მიღების საშუალება და ამან ჩვენ ბევრი რამ უნდა გვასწავლოს.

- ალბათ, ასეთი მაგალითიც ბევრია: ჩემს ახლობელს ნაყოფის მძიმე მანკი დაუდგინეს. ექიმები ბავშვის ცოცხლად დაბადების შესაძლებლობას თითქმის გამორიცხავდნენ, დედას კი ძალიან უნდოდა მისი მონათვლა. მართლაც, ბავშვი ცოცხალი დაიბადა, ექიმმა ნათლობის ფორმულით მონათლა. ნათლობიდან ორიოდე საათში ყრმა გარდაიცვალა.

- რა საოცარი დამოკიდებულებაა დედის მხრივ! ასეთი დედა ცხონდება, ასეთ დედას უფალი მისცემს უამრავ სხვას, რადგანაც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის პატარა ანგელოზი, რომელიც უფალმა ჩვენთვის სანატრელ წიაღში წაიყვანა, იქნება მლოცველი და პირველ რიგში თავისი დედიკოსთვის ილოცებს. ეს არის შვილის ნამდვილი სიყვარული. ყველაზე დიდი, რაც დედას ძალუძს მისცეს შვილს, ეს მის სულზე ზრუნვაა!!!

- მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის არსებობს კიდევ ერთი პრობლემური საკითხი - ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, რასაც დიდ პროპაგანდას უწევენ თანამედროვე მსოფლიოში. მათ ერთ-ერთ ღირსებად აბორტების რიცხვის შემცირებას მიიჩნევენ, თუმცა ზოგიერთი საშუალება თავისი მოქმედების მექანიზმით დიდად არ განსხვავდება აბორტისგან.

- ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებისადმი დამოკიდებულება მკაცრი და ერთმნიშვნელოვანია: ჩასახვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება სიცოცხლის, სიყვარულის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა.

- მაგრამ არსებობს ორსულობისგან თავშეკავების სხვადასხვა სამედიცინო ჩვენება, თუნდაც საკეისრო კვეთის ოპერაცია, რომლის შემდეგ გარკვეული ხნის განმავლობაში დაორსულება არ შეიძლება.

- არსებობს ჩასახვის რეგულაციის ბუნებრივი მეთოდი - თავშეკავება. ექიმები თავშეკავებას ურჩევენ, როცა საკეისრო კვეთიდან მეტისმეტად მცირე დროა გასული. სამედიცინო თვალსაზრისით გარკვეული შუალედი უნდა არსებობდეს პირველ და მეორე მშობიარობას შორის და ეს თავშეკავების გზით უნდა ხდებოდეს. საბედნიეროდ, არიან ქალები, რომლებსაც სამი საკეისრო კვეთა აქვთ ჩატარებული, მაგრამ თავდაცვის სხვა საშუალებები არ გამოუყენებიათ.

კონტრაცეპტივების დახვეწა უკონტროლო სქესობრივი ცხოვრებისკენ გვიბიძგებს. ერთი ცოდვა წარმოშობს მეორეს. კონტრაცეპტივს არ ეყოლება მომხმარებელი, როდესაც შესაბამისი ცოდვა არ იარსებებს.

- ზოგი იმით იმართლებს თავს, რომ ძნელია ამდენი შვილის გაზრდა, ჩაცმა, განათლების მიცემა...

- ეტყობა, ასეთი მშობლები მეტად "შორსმჭვრეტელები" არიან. აბა, რა იციან, რა იქნება ხვალ ან ერთი წლის შემდეგ? რა იციან, უფალი რას უმზადებს მათ? ესეც არ იყოს, განა ცოტა მდიდარი ვიცით, რომელსაც ერთი ან ორი შვილი ჰყავს? მაშ, რა არის მიზეზი? მეტისმეტად სუსტია დედა ან მეტისმეტად მოუცლელია მამა. ხედავთ? მიზეზი არ გველევა. საქმე მხოლოდ მატერიალური პრობლემები რომ იყოს, მაშინ არც ერთ ღარიბს არ უნდა ჰყავდეს ბევრი შვილი, ყველა მდიდარს კი 10-15 შვილი უნდა ეხვიოს... ჩვენ თვითონ ვქმნით მითს, ვიჯერებთ და ბოლომდე ამ მითით ვცხოვრობთ.

KARIBCHE- სამოთხიდან გაძევებულ ადამიანებს და მათ მოდგმას უფალმა სასჯელი განუწესა - კაცს შრომით პიროფლიანს ეჭამა პური, ხოლო ქალს ტანჯვით ეშვა შვილები. ხომ არ ირღვევა უფლის განაჩენი, როდესაც მშობიარობის გაუტკივარებას მიმართავენ?

- გაუტკივარება აუცილებელია მხოლოდ განსაკუთრებულ სამედიცინო შემთხვევებში. სხვა შემთხვევებში, თუ არ აღვასრულეთ ღვთის სიტყვა, მაშასადამე, ვცოდავთ. ხშირად კითხულობენ: ამაში ცუდი რა არისო? თუ ამას ამბობს ექიმი, კარგად გაეცნოს ლიტერატურას და დაინახავს, რაც არის ამაში ცუდი; თუ არაექიმი, შეხედოს ყოველივე ამას მორწმუნის თვალით: კარგია ღვთის მცნების დარღვევა? მით უმეტეს, ეს ტკივილი არც ისეთი ძლიერი და დამთრგუნველია, რომ ქალს შვილის უყოლობა გადააწყვეტინოს.

თუ ძალიან გიყვარს პირველი შვილი, გიჩნდება სურვილი, გაამრავლო. თუ არ ვამრავლებთ, საკითხავია, გვიყვარს კი ის ერთადერთი, რომელიც გვყავს? ამქვეყნად ყველაზე ძნელი შვილისა და დედის სიყვარულია. მრევლს ხშირად ვთხოვ, დაფიქრდნენ ამაზე, ჰკითხონ საკუთარ თავს, უყვართ თუ არა დედა და შვილი. ეს ისეთი რამ არის, რამაც ჩვენი ადგილი უნდა გვაპოვნინოს სამყაროში, ჩვენი უღირსება შეგვაგრძნობინოს და ჩვენი სულიერი წინსვლის საფუძვლად იქცეს.

- ალბათ, არც ის არის გამართლებული, როდესაც ქალი სამედიცინო ჩვენების გარეშე, მხოლოდ პირადი სურვილის გამო აჩენს შვილს ოპერაციული გზით - საკეისრო კვეთით.

- რა თქმა უნდა, ესეც ოპერაციაა, ყველა სხვა ოპერაციის მსგავსად, მასაც აქვს თავისი რისკი, რომელიც მართალია მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს. უნდა ვეცადოთ, გადავაფიქრებინოთ. მცირე ხნის წინ ერთ ქალს ვესაუბრებოდი, რომელიც უკვე მეცხრე თვეში იყო და შეუპოვრად ითხოვდა მშობიარობის გაუტკივარებას. ვერაფრით გადავაფიქრებინეთ. თავი იჩინა საკითხმა, რომელზეც ამ ბოლო დროს ხშირად მიხდება საუბარი: ჩვენ არ ვამზადებთ შვილებს დედობისა და მამობისთვის; ჩვენ ვსაუბრობთ სქესობრივ აღზრდაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, მაგრამ როგორ გვესმის სქესობრივი აღზრდა? - ბიჭი მამად უნდა გაიზარდოს, ხოლო გოგონა - დედად. სხვაგვარი სქესობრივი აღზრდა არ არსებობს. აი, ეს არის ჭეშმარიტი სქესობრივი აღზრდა და არა ბავშვებისთვის სქესობრივი ცხოვრების ტექნიკური საკითხების სწავლება, რაც მავანს დიდი პროგრესის ნიშანი ჰგონია. განა სქესობრივი აღზრდა არ არის, რაინდად აღზარდო ჭაბუკი? მაშინ მისი ფსიქიკაც დაცული იქნება იმ უკუღმართობებისაგან, რაც ასე გამრავლდა მსოფლიოში. განა ცოტაა, როდესაც გოგონა თოჯინას უვლის, თამაშობს დიასახლისობანას - სტუმრებს იღებს, საჭმელს ამზადებს, რეცხავს და ა.შ.? აი, ასე უნდა გვესმოდეს სქესობრივი აღზრდა.

- იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ზოგი ქალი არ არის დედობისთვის მზად, მშობიარობა დიდ სტრესად იქცევა ხოლმე. საჭიროა თუ არა მშობიარობისთვის მომზადება - ფსიქოლოგის კონსულტაციები, სუნთქვითი ვარჯიშები და ა.შ.?

- მშობიარობა გადაულახავი სტრესი არ არის. სხვაგვარ შემთხვევაში მაცხოვარი არ იტყოდა, როდესაც ქალი ბავშვს შობს, სიხარული ტკივილებს სულმთლად ავიწყებსო. თუმცა არის შემთხვევები, როცა ქალს სერიოზული სამედიცინო დახმარება და სულიერი თანადგომა სჭირდება, თუმცა ფსიქოლოგიური დახმარების სახელწოდებით ზოგჯერ მრავალი მიუღებელი რამ ინიღბება. განზრახული გვაქვს, ავამუშაოთ ე.წ. ორსულთა სკოლის პროექტი, სადაც ქალებს დედობისათვის მოვამზადებთ, იქნება ფსიქოლოგთან, მეანთან, მოძღვართან და გამოცდილ დედასთან საუბრები. როცა ორსული ჩემთან მოდის, ყოველთვის ვეუბნები, რომ იგი უკვე დედაა, ვინაიდან მკერდქვეშ ბავშვს ატარებს. ბევრს არ აქვს ამის განცდა. უნდა ავუხსნათ, ვაგრძნობინოთ, გამოცდილება გავუზიაროთ. წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო, ბრძანებდა წმინდა ილია მართალი. და რამდენი დედა გამოგვადგება ასეთ ხიდად?

- როგორც ვიცით, არსებობს ლოცვები, რომლებსაც მოძღვარი კითხულობს მშობიარობის დღეს, მერვე დღეს (ბავშვისთვის) და მეორმოცე დღეს (დედისთვის). რა დატვირთვა აქვს ამ ლოცვებს?

- პირველი დღის ლოცვით ვევედრებით უფალს, რომ ფიზიკურად დაიცვას ყრმა, რომელიც იშვა, და დედა, რათა აღდგეს სარეცელისაგან, ძალა მოეცეს... ყოველი ადამიანის დაბადება მნიშვნელოვანია უფლისთვის, როგორიც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა დაიბადოს, რა ფერისა და რა რასისაც არ უნდა იყოს, გახდება თუ არ გახდება ის მართლმადიდებელი, ყველა ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება ანგელოზი, რომელიც მას ფიზიკური განსაცდელისგან იცავს და ეს ღვთის უდიდესი სიყვარულის გამოვლინებაა.

მერვე დღეს ახალშობილს სახელდების ლოცვა ეკითხება და სახელი ეძლევა. ეს შეიძლება იყოს სახელი ამ დღეს ან დაბადების დღეს მოხსენიებული წმინდანისა, მაგრამ შეიძლება სხვა სახელიც დავარქვათ. მაგალითად, არავინ უყურებს, წმინდა გიორგის ხსენება არის თუ არა - მისი პატივისცემისა და სიყვარულის გამო ქართველებს უამრავი გიორგი გვყავს და არავის უჩნდება აზრი, რატომ დავარქვა ეს სახელიო.

განწმენდის ლოცვა დედას მეორმოცე დღეს ეკითხება. ამ დღიდან მას უკვე შეუძლია ეკლესიაში შესვლა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა. "განბანე ესე მწიკულისაგან ხორცთასა და სულისა…და ღირს ყავ ესე მიღებად პატიოსნისა ხორცისა და სისხლისა ქრისტეს შენისა".

- რა არის ეს მწიკული, რომელიც თან ახლავს ადამიანის დაბადებას?

- ეს მწიკული, რომელიც ადამიანის დაბადებას მაინც თან ახლავს, არის პირველქმნილი ცოდვა, ის ცოდვის ბეჭედი, რომლის გამოც 50-ე ფსალმუნში ნათქვამია: "ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან", ის, რის გამოც ადამიანი სამოთხიდან იქნა გამოძევებული, რის გამოც წესი გამრავლებისა შეცვალა უფალმა.

- მაგრამ ცოლქმრობა ხომ კურთხეულია უფლისაგან?

- ნამდვილად კურთხეულია. არის კეთილშვილიერების ლოცვაც, რათა გამრავლდეს ადამიანი. მაგრამ ეს მწიკული მაინც რჩება, მიწიერი ცხოვრება ამ ბეჭდის გარეშე არ არსებობს. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ, რომ სულ ისეთი რამისკენ ვართ მიდრეკილნი, რისკენაც არ უნდა ვიყოთ. ამიტომ არის აუცილებელი მეორმოცე დღის ლოცვების წაკითხვა.

- რატომ ნათლავენ ჩვილებს უმეტესად მეორმოცე დღეს და რა პარალელს გაავლებდით ხორციელ და სულიერ შობას შორის?

- მეორმოცე დღეს ნათლობა ტრადიციას უკავშირდება, თორემ ყველასათვისაა ცნობილი, რომ ნათლობა შეიძლება მანამდეც მოხდეს და შემდეგაც. მაცხოვარმა, გახსოვთ, ნიკოდიმოსს უთხრა, სასუფეველი რომ დაიმკვიდრო, მეორედ უნდა იშვაო. ქრისტე სულიერ შობაზე საუბრობდა. ჯერ არის ხორციელი შობა, ადამიანის ამქვეყნად მოვლინება, და შემდეგ - ნათლისღებით სულიერი შობა. მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. კაცი ამქვეყნად იმიტომ ცხოვრობს, რომ გამოაწრთოს სული, როგორც ოქრო ცეცხლში, და უფალთან მიიტანოს იგი, რათა შეასრულოს თავისი მთავარი მისია და დანიშნულება. ამაზე დიდი არაფერია. რაი არს, მთელი სოფელი შეიძინო და სული იგი წარიწყმიდო?!

- ადამიანის ამქვეყნად მოვლინება დიდი ზეიმია კაცთათვის. როგორ უნდა აღნიშნოს მორწმუნემ დაბადების დღე?

- შეიძლება, დაბადების დღეს პარაკლისი გადაახდევინოს მოძღვარს. თუ ამ დღეს ეზიარება, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. იმ სიხარულის, სიყვარულის გამო შეიძლება ტრაპეზიც მოაწყოს. ეს დასაძრახისი არ არის. მთავარია, როგორ გავაკეთებთ ამას.

- ამ ქვეყანას ხორციელად, ჩვეულებრივი მოკვდავივით მოევლინა უფალი იესო ქრისტე, მის შობას განსაკუთრებულად ზეიმობს მთელი საქრისტიანო. რა მნიშვნელობის იყო ეს დღე კაცობრიობის ისტორიაში?

- კაცობრიობის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო. ღმერთმა კიდევ ერთხელ მოხედა ადამის მოდგმას. ყოვლადწმიდა სამებამ განახორციელა ის, რასაც ადამიანს ჯერ კიდევ მაშინ აღუთქვა, როდესაც ბჭობა გამართა მის შექმნაზე. მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმიდის მიერ მაშინვე გაცხადდა, რომ შექმნიდნენ ადამიანს, რომელიც შეიძლება დაცემულიყო, მაგრამ უფალი არ გაწირავდა კაცობრიობას და მხსნელად მოუვლენდა ძეს ღვთისას. ეს უბედნიერესი ხანა მართლაც დაუდგა კაცობრიობას: დედამიწაზე ხორციელად განკაცებული, ჩვენდამი მომსგავსებული და მაინც ჩვენგან ასე განსხვავებული ღმერთი თავად მოგვევლინა. ალბათ, ადამიანმა ეს ყოველ შობას უნდა განიცადოს. თუმცა ხშირად იმის განმარტება სჭირდებათ, რომ მაცხოვარი 2000 ან 2007 წლის კი არ არის, ის დაუსაბამოა, ვინაიდან ყოველთვის არსებობდა მამა ღმერთსა და სულიწმიდასთან ერთად. ხილულად, ხორციელად კი ცოდვებისგან ჩვენს გამოსახსნელად იშვა დედამიწაზე.

უფლის შობამ უდიდესი სიხარული მოიტანა. მაცხოვრის შობით კაცთათვის უნეტარესი პერიოდი დაიწყო, როდესაც იგი ჩვენი ცოდვებით დამძიმებულ დედამიწაზე, ჩვენთან ერთად დააბიჯებდა, იმავე ჰაერით სუნთქავდა, რომლითაც ჩვენ, იმ წყალს სვამდა, რასაც ჩვენ ვსვამთ, იმ საზრდელს იხმევდა, რასაც ჩვენ. ეს სიხარული შეიძლება ყოველთვის იგრძნოს ადამიანმა და ამისათვის არ დასჭირდეს წმინდა მიწაზე წასვლა. წმინდა მიწაზე წასვლის ბედნიერება სწორედ ეს არის - კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდე უფალს.

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. კარგი იქნება, თუ ყოველდღიურობაში ჩაფლულები შევძლებთ, მცირე ხნით მაინც განვმარტოვდეთ უფალთან და გავაცნობიეროთ, რომ ამ ლამაზ დღეს იშვა მაცხოვარი, რომ ამ დღეს აღასრულა უფალმა აღთქმა მესიის შესახებ, რასაც შემდეგ გარდაუვალი ფინალი - მისი ჯვარცმა და აღდგომა მოჰყვა.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
05.09. 2014
ნინო
ღმერთო გვიმრავლე ასეთი სულიერი მოძღვარი და ასეთი ადამიანი,,,
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat