1. მონგოლნი საქართველოში
მეცამეტე საუკუნის შუა წლებში საქართველოსათვის თავდადებულობით თავი ისახელა ერთმა დიდებულმა ქართველმა, სახელად ცოტნე დადიანმა. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი.
თამარ მეფის სიკვდილის შემდეგ არ გასულიყო ჯერ თორმეტი წელიწადი, რომ ჩვენს ქვეყანას შემოესია მრავალრიცხოვანი და უმძლავრესი მტერი - მონგოლები. ამ ველურმა ხალხმა მოინდომეს საქართველოს დაპყრობა. მათ მოსთხოვეს ქართველებს, ნებაყოფლობით დაგვიმორჩილდითო, მაგრამ ცივი უარი მიიღეს. მაშინ მათი ლაშქარი შემოესია ჩვენს ქვეყანას და დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ქართველთა და მონგოლთა შორის. ქართველებმა დიდი ვაჟკაცობა უჩვენეს მტერს, სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას თავგანწირულნი იცავდნენ, მედგრად ებრძოდნენ მონგოლებს, ჟლეტდნენ მათ. მაგრამ მტრის სიმრავლის გამო ბოლოს მაინც ძლეულნი იყვნენ. გამარჯვებულმა მონგოლებმა იწყეს მბრძანებლობა საქართველოში და სწრაფად შესცვალეს მისი მდგომარეობა. ქვეყანა სწრაფად გააღარიბეს, თავისუფალს ერს ყმობის უღელი დაადგეს.
მტერს მაინც ეშინოდა ქართველების შეერთებული ძალისა და ყოველ ღონისძიებას ხმარობდა ჩაეშალა ქართველთა შორის ერთობა და ამით ჩვენი ქვეყანა სამუდამოდ დაეუძლურებინა და დაემონავებინა. ასეც მოიქცნენ, თავისი წადილი სისრულეში მოიყვანეს. ცდილობდნენ ვერაგობით მტრობა ჩამოეგდოთ და იმერნი და ამერნი ქართველნი ერთმანეთთან შეეჯახებინათ. როცა ასე გააცალკევეს ღვიძლი ძმები და დააუძლურეს, მაშინ მოინდომეს მეფე ჩამოეგდოთ, თვითონ ყოფილიყვნენ პირდაპირი მბრძანებელნი ქართველებისა.
2. კრება მამულიშვილთა
ქართველნი მამულიშვილნი ძლიერ სწუხდნენ, როცა ხედავდნენ ქვეყნის განცალკევებას, უმეფობას, სისუსტეს ერისას და სულ იმის ფიქრში იყვნენ, რა ეღონათ. ბოლოს საქართველოს ყველა კუთხის საუკეთესო მამულიშვილებმა მოიხმეს ერთმანეთი და მოახდინეს კრება შუაგულს ადგილას, ახალციხის მახლობლად. ისინი ქვეყნის შველაზე ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ. ბოლოს, ერთხმად დაადგნენ იმ აზრს, იმ გადაწყვეტილებას, რომ წასულიყვნენ ყველანი თავ-თავიანთ ქვეყანაში, აეჯანყებინათ მცხოვრებნი, მოეკრიფათ საჩქაროდ ჯარები და მოესხათ ისინი ახალციხის ახლოს. აქედან შეერთებელი ძალით უნდა გაელაშქრათ მონგოლების წინააღმდეგ, გაერეკათ ისინი საქართველოდან.
3. დატყვევება ქართველებისა
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცოტნე დადიანი გაეშურა შორეულს აფხაზეთში, რათა დროზე შეეკრიბა ჯარი და ვადაზე მიესწრო დანიშნულ ადგილას. სხვანი ჯერ ერთად იყვნენ და აჯანყების წესსა და რიგს აწყობდნენ. მაგრამ მონგოლებმა ეს ამბავი შეიტყვეს, უთუოდ სულმდაბალი ჯაშუშების შემწეობით. მათ სწრაფად აფრინეს ცხენოსანი ჯარი ახალციხისაკენ. ეს ჯარი მოულოდნელად თავს დაესხა ქართველ მთავრებს სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი აქიდან წასვლას აპირებდნენ თავიანთ ქვეყნებში მცხოვრებლების ასაჯანყებლად. ქართველებს თან ჯარი არა ჰყავდათ, წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და დატყვევებულ იქმნენ ყველანი ერთად. ჩვენები მტერმა წაასხა სამხრეთით, სადაც ბინა ჰქონდა მონოგოლთა მბრძანებელს ანუ ნოინს. ნოინი რისხვითა და მუქარით დაუხვდა ქართველებს და მოითხოვდა მათგან, გატყდით ახლავე, რომ ჩემს წინააღმდეგ აჯანყებას აპირებდით და თავმდაბლად ითხოვეთ შეწყნარება, თორემ დიდ სატანჯველს მოგაყენებთო. ქართველები არც გატყდნენ და არც შებრალება სთხოვეს. მაშინ ნოინმა უბრძანა თავის მხლებლებს: გააკავეთ ეს ქართველები, დაატიტვლეთ, ყველას თოკებით შეუკარით მკლავები, წაუსვით ტანზე თაფლი, დასხით პაპანაქება მზეზე და იხრაკებოდნენ, ვიდრე არ გამოტყდებიან და შეწყნარებას არ მოითხოვენო. ეს ბრძანება იმწამსვე შეასრულეს. მტერს ეგონა, ქართველები მალე შეუშინდებიან წვალებას, თავისავე პირით აღიარებენ თავის ბრალსა და ხვეწნას დამიწყებენო; მაგრამ ამაოდ. გავიდა მრავალი დღე და ქართველთა სიმტკიცე იოტის ოდენადაც არ შერყეულა. ვერც მუქარამ და ვერც მომსყიდველმა დაპირებამ მათ ვერ ათქმევინა ის, რაც უნდოდათ მწვალებლებს.
4. თავდადება ცოტნესი
ამასობაში დადგა ის დრო, როდესაც პირობისამებრ უნდა შეყრილიყვნენ საქართველოს მთავარნი თავიანთი ჯარებით ახალციხის ახლოს; აქ დანიშნულ ვადაზე ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ჯარით, მაგრამ ნაცვლად თავმოყრილი ქართველი ლაშქრისა, მას დახვდა საზარელი ამბავი. მან იმწამსვე მიიღო იმისთანა მაღალი და საკვირველი გარდაწყვეტილება, რომელიც შეეფერება სამაგალითო მამულიშვილს და ყოვლად ღირსეულ ვაჟკაცს. თავისი ლაშქარი მთლად უკანვე აფხაზეთში დააბრუნა, თვითონ კი გასწია ანისისაკენ ორი მოსამსახურით იმ განზრახვით, რომ მისულიყო დატყვევებულ ქართველებთან და ჭირსა და ტანჯვაში მათთან ყოფილიყო.
ცოტნემ გაიარა მესხეთი ანუ ახლანდელი ახალციხის მხარე, შემდეგ ჯავახეთი, ჩავიდა სომხეთს და შევიდა სომეხთა დედაქალაქ ანისში. ერთ დიდ მოედანზე დაინახა ქართველი ტყვეები, რომელნიც გატიტვლებულნი და მკლავებ-შეკრულნი ისხდნენ მზის გულზე და იხრაკებოდნენ. საშინელმა წუხილმა შეიპყრო გმირული გული ცოტნესი, როცა ამისთანა დამამცირებელ მდგომარეობაში ნახა წარჩინებული ქართველნი. მაგრამ ამასთან ნუგეშიც იგრძნო, რადგან დაინახა, თუ რა ღირსეული ვაჟკაცობით იტანდნენ ამ სათაკილო სასჯელს მისი მეგობარნი.
ცოტნე გადმოხტა ცხენიდან, მივიდა თავის მეგობრებთან და მხურვალედ მიესალმა; მერე ფიცხლავ გაიძრო თავისი ტანისამოსი, გატიტვლდა, თვითონვე შეიკრა თოკებით მკლავები და ჩაჯდა ამ სახით თავის მეგობრებს შორის დაღონებული. როცა ეს ამბავი ნოინს მოახსენეს, იგი საშინლად გაოცდა, დაიბარა თავისთან ცოტნე და ჰკითხა მიზეზი, რად მოვიდა აქ და რად ჩაჯდა გატიტვლებულ ქართველთა შორის. ცოტნემ მიუგო: მე მოვედი იმიტომ, რომ ჩემი ამხანაგები უდანაშაულონი არიან. უდანაშაულოთა დასჯა კი თუ შეიძლება, მეც მათთან ერთად დამსაჯეთო.
ამ სამაგალითო სათნოებამ და იშვიათმა მეგობრულმა ერთგულებამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ნოინზე, რომ მან თქვა: რადგანაც ქართველნი იმდენად სათნონი და კეთილნი ყოფილან, იმდენად ერთგულნი ერთმანეთისა, რომ შორეული აფხაზეთით მოვიდა ეს დიდებული კაცი, რათა თავი დასდოს მეგობრებისათვის, ამიტომ ვენდობი მეც მათ და ვანთავისუფლებ ყველასო.
ასე იხსნა სახელოვანმა მამულიშვილმა ცოტნე დადიანმა რჩეული ქართველები საშინელი წამებისაგან.
ტყვეობიდან დაბრუნებულნი ქართველნი შეუდგნენ ქვეყნის გაძლიერებას, დაამყარეს ამერთა და იმერთა შორის ძმური კავშირი და ერთობა, და განდევნეს თავისი ქვეყნიდან მონგოლნი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი