21.04.2006
"ხისა მიერ ცხოვრებისა მოვკუედით და ძელისა მიერ სიკვდილისა ცხოველ ვიქმენით", - ბრძანებს კლარჯული მრავალთავი.
ჯვრის ხის ისტორია იწყება ბიბლიურ ეპოქაში, როდესაც მამრეში უფალი სამი ანგელოზის სახით მოევლინა პატრიარქ აბრაამს.
გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც ანგელოზებმა თავიანთი მისია შეასრულეს და სოდომისკენ გაემართნენ, პატრიარქს სამი კვერთხი დაუტოვეს. სოდომის დაქცევისა და საკუთარ ქალიშვილებთან შეცოდების შემდეგ ლოთი აბრაამს შეხვდა, აღიარა ცოდვა და ჰკითხა, როგორ გამოესყიდა იგი. აბრაამმა მას ანგელოზთა მიერ დატოვებული კვერთხები მისცა და დაარიგა, იერუსალიმის შემოგარენში დაერგო და იორდანის წყლით მოერწყო. მათი აყვავება იქნებოდა ნიშანი იმისა, რომ უფალმა შეცოდება შეუნდო.
ლოთი აბრაამის რჩევისამებრ მოიქცა: სამივე კვერთხი მიწაში ჩაასო, იორდანიდან მოტანილი წყლით რწყავდა და ზედ სინანულის ცრემლებს ასხურებდა. ფიჭვის, კვიპაროსისა და ნაძვისგან გამოთლილი კვერთხები ერთურთს შეეზარდა, აყვავდა და უზარმაზარ ხედ იქცა. სოლომონ მეფის დროს, როცა იერუსალიმის ტაძარს აშენებდნენ, ეს ხეც მოუჭრიათ, მაგრამ მისგან გამოთლილი კოჭები ნაგებობას არ მორგებია და ისინიც იქვე დაუწყვიათ ჩამოსასხდომად.
ერთ ძველ ქართულ ხელნაწერში კი ხის წარმოშობის სხვა ვარიანტს ვკითხულობთ: დავით წინასწარმეტყველს სჯულის კიდობანი ამინაბადის სახლიდან იერუსალიმს რომ მიჰქონდა, საროსი, ფიჭვისა და ნაძვის სამი ტოტი ეპყრა ხელთ და ტვირთშებმულ დეკეულებს მიიდენიდა. იერუსალიმს რომ მიაღწია, სამივე ერთად ჩაასო მიწაში. "საღმრთოითა წამისყოფითა" ტოტები შეერთდა, გაიზარდა და მაღალ და მშვენიერ ხედ იქცა, რომელიც სოლომონ მეფის დროს მოუჭრიათ ტაძრისთვის, მაგრამ არ გამოუყენებიათ. მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი (XVIII ს.) თავის "მიმოსვლაში" წერს, ამ ხის გადანაჭერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტაძარში, წმინდა ტრაპეზის ქვეშ მდებარეობს და დღემდე ჩანსო.
როცა იოსებმა და ნიკოდიმოსმა ჯვარცმული მაცხოვარი ძელიდან გარდამოხსნეს, იუდეველებმა, პასექის დიდი დღესასწაულის წინ გუნება რომ არ გაფუჭებოდათ იმ "სამარცხვინო" ძელების ხილვით, რომლებზეც იესო და ორი ავაზაკი აცვეს ჯვარს, სამივე იქვე, გოლგოთაზე ჩაფლეს.
ქრისტეს შობიდან 70 წელს აჯანყებული იერუსალიმი რომაელმა მხედართმთავრებმა აიღეს და სახლეგანთქმული ტაძარი საძირკვლამდე დაანგრიეს. იუდეველთა დედაქალაქი ნელ-ნელა წარმართებით აივსო. მალე მათ გოლგოთაზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც სამი ჯვარი იყო ჩამარხული, ვენერას სახელობის ტაძარი ააგეს. დაიწყო ქრისტიანთა უმოწყალო დევნა, რომელიც სამი საუკუნე გაგრძელდა. უფლის ჯვრის პოვნის სურვილი რომც ჰქონოდათ მორწმუნეებს, იმხანად ეს შეუძლებელი იყო - ვენერას ტაძარს მათ არავინ დაანგრევინებდა. ასე რომ, ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი აღესრულა, სამი საუკუნის განმავლობაში მიწაში იყო დაფლული და მისი სამყოფელი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა.
კონსტანტინე დიდის გამეფების შემდეგ ქრისტიანებმა შვება იგრძნეს, 313 წელს კი იმპერატორის ბრძანებით ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. კონსტანტინეს ეს მას შემდეგ გადაუწყვეტია, რაც ზეცაში სამგზის უხილავს ჯვარი პატიოსანი, რომელზეც წერილა: "ამით სძლევო". იმპერატორის ბრძანებით, ჩამოუსხამთ ოქროს ჯვარი და თვალ-მარგალიტით შეუმკიათ. კონსტანტინეს ჯარისთვის ეს ჯვარი წაუმძღვარებია წინ და სამგზის უძლევია მოწინააღმდეგე.
როცა ჭეშმარიტად იგრძნო ჯვრის ძალა, წმინდა კონსტანტინემ ძელიცხოვლის (მაცხოვრის ჯვრის) მოსაძებნად იერუსალიმში დედა გაგზავნა. წმინდა ელენე უკვე ოთხმოცი წლის ყოფილა, მაგრამ ახალგაზრდული მონდომებით აუტაცია შვილის სურვილი.
დედოფალი პირველ რიგში იერუსალიმის პატრიარქ მაკარიოსს სწვევია, მაგრამ არც მას სცოდნია ჯვრის ადგილსამყოფელი.
ბოლოს გამოჩნდა ერთი იუდეველი, რომელმაც ის ადგილი მიუთითა, სადაც ჯვრები უნდა ყოფილიყო ჩამარხული. ელენე დედოფლის ბრძანებით ვენერას ტაძარი დაანგრიეს და მიწა გათხარეს. იპოვეს სამი ჯვარი, ეკლის გვირგვინი, ლურსმნები და ფიცარი წარწერით "ინმჰ" - "იესო ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა". წარწერიანი ფიცარი ცალკე იდო, ამიტომ ვერაფრით მიხვდნენ, რომელი ჯვარი იყო ქრისტესი. მაშინ პატრიარქის რჩევით სამივე წააბრძანეს ერთი ქალის სახლში, რომელიც სასიკვდილო სენით იყო შეპყრობილი, ილოცეს და ჯვრები სათითაოდ შეახეს სნეულს. უფლის ჯვრის შეხებისთანავე ქალი საღ-სალამათი წამოდგა ფეხზე. ძელიცხოვლის რწმენა კიდევ უფრო განუმტკიცდათ, როცა მისი შეხებით მკვდარი გაცოცხლდა.
მთელი იერუსალიმიდან დაიძრნენ ძელიცხოვლის სანახავად. მორწმუნენი კრძალვით და სიყვარულით მიეახლებოდნენ უფლის ჯვარს. ყველას რომ დაენახა, პატრიარქი მაკარიოსი შემაღლებულ ადგილას დადგა და ჯვარი აღამაღლა (სწორედ აქედან იღებს სათავეს ჯვართამაღლების დღესასწაული).
ელენე დედოფლის ბრძანებით გააკეთეს ვერცხლის ლუსკუმა, რომელშიც ძელიცხოველი ჩაასვენეს და პატრიარქს მიაბარეს შესანახად.
წმინდა ელენემ მრავალი ტაძარი ააგო იერუსალიმში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. თან წაიღო ეკლის გვირგვინი, ძელიცხოვლის ნაწილი და ლურსმნები.
რა ბედი ეწია ამ სიწმინდეებს?
სასწაულმოქმედი ჯვრის ნაწილი მეფე კონსტანტინემ ოქროს კიდობანში ჩააბრძანა. ერთი ლურსმანი ელენე დედოფალმა კონსტანტინოპოლში დაბრუნებისას აბობოქრებული ზღვის დასამშვიდებლად ჩააგდო წყალში. მეორე ლურსმანი იმპერატორმა მუზარადში ჩაამაგრა, მესამე - ცხენის აღვირში, მეოთხე სამსჭვალი კი დედოფალმა ერთ წარჩინებულს მიაბარა შესანახად.
614 წელს სპარსეთის შაჰმა ხოსრო II-მ დაიპყრო ეგვიპტე და პალესტინა, რომელიც იმ დროს ბიზანტიის იმპერიის პროვინცია იყო. სპარსელებმა გაძარცვეს იერუსალიმი, დაატყვევეს პატრიარქი ზაქარია და ძელიცხოველთან ერთად სპარსეთში წაიყვანეს. მეფემ ვერ გაბედა სასწაულმოქმედი ჯვრის განადგურება და ხელი არ ახლო.
თოთხმეტი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ სპარსელები დაამარცხა და ძელიცხოველი ისევ იერუსალიმში დააბრუნა. ამ დროს ერთი სასწაული მოხდა: მეფურად შემოსილმა ჰერაკლემ იერუსალიმს რომ მიაღწია, მოიკიდა ჯვარი და გზას გაუდგა, მაგრამ თხემთან მისული ალაყაფის წინ შედგა და დიდი მცდელობის მიუხედავად, ნაბიჯიც ვეღარ გადადგა. მაშინ პატრიარქმა ზაქარიამ უთხრა: მეფეო, ჩვენს უფალს ჯვარი ამგვარად არ უტვირთიაო. ჰერაკლემ განიძარცვა სამეფო შესამოსელი და ჯვარი დაუბრკოლებლად ააბრძანა თხემზე.
მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა პალესტინის მიწაზე. VIII საუკუნეში იერუსალიმი მუსლიმანებმა აიღეს. ქრისტიანებმა მოასწრეს ჯვრის საიმედოდ გადამალვა. XI საუკუნემდე მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული იყო. XI საუკუნეში ქალაქი ჯვაროსნებმა - დასავლეთ ევროპის კათოლიკე ქრისტიანებმა - დაიპყრეს. ჯვრის დამალვას აზრი არ ჰქონდა... ჯვაროსნები ისე იყვნენ გახარებულნი, თითქოს თვით მაცხოვარს ხედავდნენ ძელზე მიმსჭვალულს.
მუსლიმანებთან ომი დიდხანს გაგრძელდა. ჯვაროსნები ბრძოლისას ხშირად წაიმძღვარებდნენ ხოლმე ძელიცხოველს. ერთ-ერთი შეჯახებისას, 1187 წელს, სულთანმა სალადინმა ტყვედ იგდო ძელიცხოველი. ცალკე ბიზანტიის იმპერატორი ისააკ II ანგელოსი, ცალკე ფრედერიკ ბარბაროსა ბევრს ევედრნენ სალადინს ჯვრის დაბრუნებას, წმინდა თამარ მეფემ 200 000 ოქროც კი შეაძლია, მაგრამ ურჯულო ვერა და ვერ დაიყოლიეს.
ჯვარი 30 წელიწადს იყო ტყვეობაში. ბოლოს მუსლიმანები იძულებულნი გახდნენ, დაებრუნებინათ.
მალე ჯვაროსნები დამარცხდნენ და იერუსალიმი მაჰმადიანებს ჩაუვარდათ ხელში, რომლებიც 1300 წლამდე მართავდნენ ქალაქს. მერეც მრავალი ქარტეხილი დაატყდა თავს იერუსალიმს - ხან ეგვიპტელი მამლუქები ეპატრონებოდნენ, ხან - თემურ ლენგი, 1516 წელს კი იგი თურქებმა დაიპყრეს.
მიუხედავად ამდენი განსაცდელისა, ძელიცხოველმა ჩვენს დრომდე მოაღწია. ამჟამად ის იერუსალიმში, უფლის აღდგომის ეკლესიაშია დავანებული, ოღონდ იმხელა აღარ არის - საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანებმა სასწაულთმოქმედი ჯვრიდან მრავალგზის ამოიღეს ნაწილები, რომელთაც დღესაც ნახავთ მთელ ევრაზიაში.
ქართველებს IV საუკუნეშივე გვარგუნა უფალმა ეს დიდი წყალობა. მას შემდეგ, რაც წმინდა მირიანთან ერთად მთელი ქართლი მოინათლა, ახალგაქრისტიანებულმა მეფემ ბიზანტიაში წარავლინა ეპისკოპოსი იოანე და იმპერატორს სთხოვა, ებოძებინა ქართველთათვის ნაწილი ძელიცხოვლისა. დიდად გაუხარდა კონსტანტინე კეისარს ქართველთა გაქრისტიანება და მირიანს წმინდა ჯვრის ნაწილები გამოუგზავნა: ფიცარი, რომელზეც უფლის ფერხნი იყო დამსჭვალული და ორი ლურსმანი. გამოატანა ურიცხვი განძიც მისი სახელით ტაძართა ასაშენებლად.
ქართლისკენ მომავალ წმინდა იოანეს გზადაგზა დაუტოვებია ეს სიწმინდენი: ერუშეთს - განძის ნაწილი და უფლის სამსჭვალი, ხოლო მანგლისში - ფერხთა ფიცარი.
ჯუანშერისეული "ქართლის ცხოვრება" გვამცნობს, რომ როცა ჰერაკლე კეისარმა ძელიცხოველი სპარსელებისგან გამოიხსნა, "უკუმოიარა გზა ქართლისავე მეშვიდე წელსა, რაითგან ჩაევლო". მაშინ მან მანგლისიდან და ერუშეთიდან ფიცარი და სამსჭვალნიც წაიღო. შეწუხდა ადარნასე ქართლის მთავარი, ევედრებოდა კეისარს, არ წაერთმია ეს საღმრთო წყალობა, მაგრამ მან ყური არ ათხოვა. შემდგომში ეს სიწმინდეები საქართველოს დაბრუნებია, მაგრამ გაურკვეველია, როდის. XIII საუკუნის დასაწყისში დავით ნარინს, რუსუდანის ძეს, უფლის სამსჭვალისთვის გაუმზადებია ჩასაბრძანებელი - ძვირფასი ქვებით შემკული ოქროს მიტრა, რომელიც, როგორც პლატონ იოსელიანი გვამცნობს, მანგლელი ეპისკოპოსისთვის შეუწირავს. მოგვიანებით სამსჭვალი და მიტრა თბილისის სიონის ტაძარში იქნა გადატანილი. პლატონ იოსელიანის ვარაუდით, ეს თამარის მეფობის შემდეგ, მონღოლებისა და თურქმენების შემოსევათა პირველ ხანებში უნდა მომხდარიყო, ბატონ მალაქია დვალს კი მიაჩნია, რომ ამ მოვლენის თარიღად უფრო XV საუკუნეა საგულვებელი, როცა მანგლისის საეპისკოპოსო თბილისისას შეუერთდა.
მეფე არჩილს ქრისტეს სამსჭვალთა დიდი სასოება ჰქონდა. თურმე მის წინ აფიცებდა ორგულებს და, როგორც მატიანე მოგვითხრობს, "ტყუილად ფუცვისთვის" უეცრად დახოცილან კიდეც ედიშერ და ოთარი, არაგვის ერისთავი. როცა ყაენმა არჩილის საქართველოდან გაძევება მოითხოვა, მას მეფე გიორგისთვის უთქვამს, წავალ რუსეთში, თუ ქრისტეს სამსჭვალს, სუდარას და საბელს გამატანთო. გაუძნელდა მეფეს, მაგრამ მაინც შეუსრულა სათხოვარი. წაიღო არჩილმა სიწმინდეები რუსეთში "და მოაკლდა მიერით ნიჭნი ესე ღვთისანი ქართლს". ეს იყო 1681 წელს.
არჩილმა სიწმინდენი კრემლის მიძინების ეკლესიას მიაბარა შესანახად. ალექსანდრე ხახანაშვილს შეუმოწმებია პლატონ იოსელიანის ცნობა, მანგლელი ეპისკოპოსის მიტრა მოსკოვის მიძინების ტაძარშიაო, მაგრამ ვერ უპოვია.
XX საუკუნის 50-იან წლებში, მანგლისის ტაძრის შესახებ მონოგრაფიაზე მუშაობისას, ბატონი მალაქია დვალი დაინტერესებულა სამსჭვალისა და მანგლელი მიტროპოლიტის მიტრის ბედით და მათი მოძებნა უცდია (იხილეთ მისი წერილი 2000 წლის აპრილის გაზეთ "რაეოში"). "ლურსმანი და მიტრა რომ ნამდვილად კრემლის მიძინების ეკლესიაში იყო დაცული, ეს ჩანს ნიკოლოზ პირველის მიერ 1849 წელს გამოცემული ალბომიდან "Древности Российского государства", სადაც სამსჭვალისა და მიტრის ფერადი ჩანახატია მოთავსებული. იქვე მითითებულია, რომ ეს ნივთები მოსკოვში, მიძინების ეკლესიაში ინახებაო", - ბრძანებს ბატონი მალაქია. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეკლესიის საგანძური კრემლში მდებარე მუზეუმს, იარაღის პალატას გადაეცა. ბატონ მალაქიას უნახავს კიდეც მუზეუმის საცავებში უფლის სამსჭვალი, მიტრისთვის კი ვერ მიუკვლევია.
რაც შეეხება მეორე სამსჭვალს, ღვთის წყალობით, ის დღესაც საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა.
ძელიცხოვლის ნაწილი ჩატანებული იყო წმინდა თამარ მეფის გულსაკიდ ჯვარში, რომელსაც ზურგზე ასეთი წარწერა აქვს: "ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვარისაო, შენითა წინაძღომითა ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს".
წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს 1910 წელს, ლეჩხუმ-სვანეთში მოგზაურობისას, უნახავს კალას ეკლესიაში დაცული ხატი-სანაწილე, რომელიც ძელი ჭეშმარიტის შესანახად ყოფილა განკუთვნილი. მისივე თქმით, ბრიტანეთის მუზეუმს შეუძენია წმინდა გიორგის გულსაკიდი ხატი, რომელიც წმინდა ქეთევანს ეკუთვნოდა. დედოფლის წამების შემდეგ ხატში მოთავსებული ძელიცხოვლის ნაწილისთვის ქეთევანის წმინდა ნაწილიც მიუმატებიათ.
წმინდა ექვთიმესავე თქმით, მარტვილის ეკლესიაში ინახებოდა ქაიხოსრო გელოვანის თამეცხედრის როდამ დგებუაძის მიერ ლეჩხუმის უდაბნოსთვის შეწირული ოქროს ჯვარი, რომელშიც ძელი ჭეშმარიტის ნაწილი ყოფილა ჩატანებული. ძელიცხოველივე განაძლიერებდა პეტრიწონელ ბერებს - მონასტრის ტიპიკონში მოხსენიებულია ოქროსა და მინანქრის ხატები ჯვრის ნაწილებით.
პლატონ იოსელიანის ცნობით, ნიქოზის ტაძარში 1798 წლამდე ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილების ჯვარი, დაახლოებით 17,6 სმ სიმაღლისა, "ალავერდისა ძელისა ჭეშმარიტის მიხედვითა ორგზის დიდი". ოქროს მოჭედილობის წარწერის მიხედვით, იგი წმინდა ვახტანგ გორგასალს ჩამოუტანია, ხოლო შემდგომში რუსუდან დედოფალს განუახლებია. 1798 წლის ივლისში ნიქოზის ეპისკოპოსის ათანასეს ბრძანებით ჯვარი ეკლესიის გარეთ საწიგნეზე დაუსვენებიათ და მის წინ დაუფიცებიათ თავადნი ამირეჯიბნი და მათი მოდავენი, იმერეთის მესაზღვრენი. ფიცის შემდეგ ეკლესიის მცველთ ძელი ჭეშმარიტის საწიგნიდან აღება და შენახვა დავიწყებიათ, მხოლოდ მწუხრის შემდეგ მოუკითხავთ, მაგრამ ვეღარ უპოვიათ. ერთხანს მის მოპარვას წერეთლისა და აბაშიძის გლეხებს აბრალებდნენ. დიდხანს ეძებეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის კვალსაც ვერ მიაგნეს. ასე დაგვეკარგა საუკუნოდ ეს სიწმინდე... ამის გამო გიორგი XII-მ ათანასე ნიქოზელს კათედრა ჩამოართვა და გარეჯის მონასტერში გაგზავნა. მხოლოდ მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგღა დაუბრუნდა მღვდელმთავარი თავის სამწყსოს.
ძელიცხოვლის ნაწილები ჩატანებული ყოფილა IX-X საუკუნეების მარტვილის ენკოლპიონისა (რომელიც ხოსროვანუშ დედოფალს ეკუთვნოდა) და ე.წ. კვირიკეს ჯვარში, რომელიც X საუკუნეში მეფე კვირიკესთვის შეიქმნა, ასევე - ერმიტაჟში დაცულ ჭედურ სტავროთეკაში, ე.წ. შალიანის ხატში, რომელიც მთელ სვანეთში (და არა მარტო იქ) იყო განთქმული თავისი ძლიერებით, სილიხანის ოთხსცენიან ხატსა და წალენჯიხის მაცხოვრის ხატში, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ძელიცხოველი იყო ჩაბრძანებული ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცულ ე.წ. საჰაკდუხტის სანაწილეშიც.
1109 წელს იერუსალიმში წმინდა საფლავის კანტორმა ანსელუსმა შეიძინა ძელიცხოვლისგან ამოღებული ჯვარი და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს უძღვნა. მისი თქმით, ეს ჯვარი მან ქართველთა მეფის დავითის ქვრივისგან შეიძინა. რამდენად სარწმუნოა ეს ცნობა, თავად გასნაჯეთ - წმინდა მეფე დავითი ხომ ამ დროს ჯანმრთელი და საღ-სალამათი იყო. თუმცა კი უნდა ითქვას, რომ ანსელუსის შეწირულ ჯვარს დიდად აფასებდნენ ფრანგები.
საინტერესოა, ნამდვილი იყო თუ არა ძელიცხოვლის ყველა ნაწილი. ზურაბ ავალიშვილი წერს: "მორწმუნე მკვლევარებმა, ტრადიციის დამცველებმა, ვერ მოითმინეს და იმის დამტკიცებას ეცადნენ, რომ ყველა ხის ნაჭერი, რომლებიც ძელი ჭეშმარიტის ნაწილებად ითვლება, რომ გაზომოთ და მათი საერთო კუბი შინაარსი იმას შევადაროთ, რაც უნდა ყოფილიყო იესო ქრისტეს ჯვარი, გამოჩნდება, რომ ცნობილი ნაწილების ჯამი, სამჯერ გადიდებული, ერთ მეათედსაც არ შეადგენს იმ ხის მასისას, რომელიც უნდა ჰქონოდა იესო ქრისტეს ჯვარს მეცნიერული გამოკვლევითა და გამოანგარიშებით.
ერთხელ მამა გაბრიელი (ურგებაძე) მცხეთაში სამთავროს ეკლესიას ალაგებდა. წმინდა მირიანისა და ნანას სვეტის ნიშში ძელიცხოვლის ნაწილი უპოვია: "როცა პირველად შევეხე, რაღაც ძალამ უკან გადმომაგდოო", - ჰყვებოდა ბერი. მეუფე დანიელსა და მამა გაბრიელს ეს სიწმინდე საკურთხეველში შეუბრძანებიათ. მას თაყვანსაცემად მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე გამოაბრძანებენ ხოლმე.