წმინდა ათანასეს ლავრა
იმპერატორ რომანოზ II-ის დროს ათანასემ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები (963წ.), რომლებიც გრძელდებოდა ნიკიფორე ფოკას და მისი მემკვიდრეების - იმპერატორების ციმესხისა და ბასილი II ბულგართმმუსვრელის დროსაც. ბევრი ცნობილი თუ არაფრით გამორჩეული მოღვაწე მოდიოდა სამონაზვნო საცხოვრისის ხელმძღვანელთან მისი წმინდა კალთის ქვეშ შესაფარებლად. პირველად აშენდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარი. წმინდა ათანასეს აღსრულების შემდეგ ლავრის ხელმძღვანელობა, წმინდანის ლოცვა-კურთხევით, ჩაიბარეს - ივერთა მონასტრის დამაარსებელმა წმინდა იოანემ და პატრიციუსმა ურანუსმა.
სავანე დიდი ხნის განმავლობაში ყვაოდა. თანდათან დიდძალი შემოწირულობა დაგროვდა. ყოველწლიური ოქროს შეწირულობის გარდა, რომელიც იმპერატორებმა ფოკამ და ციმესხიმ დაადგინეს, ბასილი II-მ მონასტერს კუნძული აჩუქა. ერთი მეორის მიყოლებით გადადიოდნენ ლავრის მფლობელობაში ჰომატის, მონოქსილიტის და ამალფიტელის მონასტრები, ამას დაემატა კალიკასი და ქსიროკასტრონი, რაც იმპერატორების - ანდრონიკე II-ისა და დიმიტრი პალეოლოგოსის (1429წ.) სიგელებით (ხრისობულებით) არის დადასტურებული. მაგრამ მეკობრეთა თავდასხმებმა, მიწისძვრებმა, გადასახადებმა, რომელიც თურქებმა დაადეს მონასტერს, ლავრა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. მონასტერი საერთო ცხოვრების წესდებას XIV საუკუნემდე მისდევდა. XIV საუკუნიდან ლავრის თვითშენახვის პრინციპზე გადაყვანამ შესაბამისი ტიპიკონის დამკვიდრება გამოიწვია. 1574 წელს ალექსანდრიის პატრიარქმა სილვესტრიმ მონასტერს დაუბრუნა საერთო ცხოვრების წესდება. დაახლოებით 100 წლის შემდეგ (1670წ.) ლავრა ისევ თვითშენახვაზე გადავიდა.
ცენტრალური ტაძარი თავდაპირველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელზე იყო ნაკურთხი. XV საუკუნეში ის ხელახლა აკურთხეს, ამჯერად - წმინდა ათანასე დიდის სახელზე. ტაძარი არაერთგზის გადაკეთდა, გაუჩნდა მინაშენები. ასეთი რამ დაემართა ათონის მთის ბევრ ტაძარს. წმინდა ათანასეს ტაძრის ფრესკები თეოფანე კრიტელის მოხატულია, სატრაპეზოს ფრესკები კი, სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი მოწაფისა. ლავრაში (საკუთრივ მის ტერიტორიაზე) 17 ტაძარია, ხოლო 19 - ტაძრის გარეთ. იოანე ნათლისმცემლის, წმინდა ანას და კავსოკალივიას, კატუნაკიას, კარულიას სახელგანთქმული სკიტები, კესარია და სხვები, აგრეთვე ღირსი პეტრე ათონელის, ათანასეს, ნილოსის მღვიმეები ლავრას ეკუთვნის. მონასტრის უძვირფასეს განძეულობათა შორის არის უამრავი წმინდა ნაწილი.
ლავრის ბიბლიოთეკაში დაცულია დაახლოებით 2116 ხელნაწერი, 20000 ნაბეჭდი წიგნი და 100 უცხოენოვანი მანუსკრიპტი.
1963 წელს სავანემ დაარსების 1000 წლისთავი იზეიმა. 1980 წლიდან მონასტერი კვლავ საერთო ცხოვრების წესდებაზეა. მის ტერიტორიაზე 50 ბერია, ხოლო მის გარეთ - 300.
ლევან მათეშვილმა