მონასტერი წყაროებში პირველად მოიხსენიება 1358 წელს. სავანე 1362 წელს გადააკეთა პატრიარქმა კალისტო I-მა, ამავე პერიოდში პანტოკრატორის შემადგენლობაში შევიდა წმინდა ავქსენტის, წმინდა დოროთეას, კინოპოდის, რავდუშის, ფაკენის, ფალაკრის მონასტრები. სავანის დამაარსებელი ალექსი გარდაიცვალა 1368 წელს.
ვარაუდობენ, რომ 1384 წელს აქ ბერად აღიკვეცა მისი ძმა იოანე. ძმების შემოწირულობებით აშენდა კარიბჭენი, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებს. ძმების შეწირულობა - პანტოკრატორის - ქრისტეს ხატი დღეს ერმიტაჟში ინახება.
მიუხედავად უზარმაზარი ვალებისა, თურქების ბატონობის დროს პანტოკრატორი არ კარგავდა სიცოცხლისუნარიანობას. აქ ირჩევდნენ დამკვიდრებას ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეები და წმინდანები: პატრიარქი კალისტე II ქსანთოპულოსი, სვიმონ და თეონა თესალონიკელი მთავარეპისკოპოსები.
მონასტერს დიდად ავნო 1393, 1773 და 1948 წლების ხანძრებმა.
უფლის ფერისცვალების სახელზე ნაკურთხი ტაძარი აიგო მონასტრის ძირითად ნაწილთან ერთად. XIV საუკუნის III მეოთხედში და 1854 წელს იგი გადააკეთეს არქიტექტურული ანსამბლისგან დამოუკიდებლად. სამრეკლო აშენებულია XIX საუკუნეში.
ამჟამად სავანის ტერიტორიაზე 7 ტაძარია, ამდენივე - მის გარეთ. პანტოკრატორს აქვს 5 კელია კარიესის რეგიონში. მონასტერს დიდი შემოსავალი აქვს საბერძნეთიდან, მცირე აზიიდან და ვლახეთიდან. სავანეს ექვემდებარება ილია წინასწარმეტყველის სკიტი, 5 კელია, 38 კალივა - კაფსალეში. მას ათონის მონასტერთა იერარქიაში მე-7 ადგილი უკავია.
სავანეში არის უამრავი სიწმინდე, მათ შორის წმინდა თეოდორე სტრატილატოსის წმინდა ნაწილები, წმინდა კოზმასა და დამიანეს, აგრეთვე ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, წმინდა მერკურის ფარის ნაწილი. ტაძრის კანკელი ალბათ უძველესია ათონზე. ერთ-ერთი დიდად პატივსაცემი სასწაულმოქმედი ხატია ღვთისმშობლის წმინდა ხატი "გერონტისა" (მონასტრის მფარველი). ბიბლიოთეკაში დაცულია 350-მდე ხელნაწერი კოდექსი და დაახლოებით 3500 ნაბეჭდი წიგნი. საძმოში 15 ბერია. 1992 წლიდან მას აქვს საერთო საცხოვრებლის სტატუსი.
ლევან მათეშვილმა