ხატის წამოსაბრძანებლად ათონზე გაემგზავრნენ უცხოეთში მოღვაწე მოძღვრები, არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი) და არქიმანდრიტი მოსე (ჭანკვეტაძე), თანმხლებ პირებთან ერთად.
30 ოქტომბერს ხატი იტალიაში, ბარიში წააბრძანეს და წმინდა ნიკოლოზის საფლავზე დააბრძანეს, სადაც მამა ანტონმა და მამა მოსემ საზეიმო წირვა აღასრულეს. ღვთისმსახურებას ბარის სამრევლოს მრავალრიცხოვანი მრევლი დაესწრო. მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, თავდაპირველად, ხატი დასავლეთ ევროპის ეპარქიას მოივლის და ყველა სამრევლოში თითო კვირას დაჰყოფს.
ბარის სამრევლოს შემდეგ ხატი რომში გადაბრძანდება, შემდეგ რომის მახლობლად მდებარე ქ. ფაბრიკა და რომაში, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს. იტალიიდან ხატს ესპანეთში გადააბრძანებენ, კერძოდ, ბარსელონაში, არნედოსა და ვიტორიაში, შემდეგ გერმანიისა და ავსტრიის ქალაქებში: მიუნხენში, ვენაში, დიუსელდორფში, ბელგიის ქალაქ ბრიუსელში, საიდანაც საფრანგეთში წაბრძანდება, ჯერ - სტრასბურგში, ბოლოს პარიზში - წმინდა თამარ მეფის საკათედრო ტაძარში, რითაც ხატის მოგზაურობა ეპარქიაში დასრულდება. საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას აღასრულებს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი სამღვდელოებასთან ერთად. წმინდა მეფე თამარის ხატი პარიზის სამრევლოში კიდევ ერთ კვირას დაჰყოფს, მერე საქართველოში წამოაბრძანებენ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დაივანებს. მის წინაშე უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეთა ოჯახის წევრები აღავლენენ ლოცვას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა სამშობლოში დასაბრუნებლად.