წმინდა მიწაზე ყოველი პილიგრიმის მთავარი მიზანი მსოფლიო ქრისტიანობის სიწმინდეთა სიწმინდის - უფლის საფლავის მოლოცვაა.
გაივლი ქვის თაღს და თვალწინ მოკირწყლული ეზო გადაიშლება, რომელიც მაღალ, ნაცრისფერ, ხორკლიან კირქვის კედელთან თავდება - ეს არის ტაძრის ფასადი. ტაძრის კედლებს სამრეკლოები და უძველესი საცხოვრებელი სახლები აგრძელებენ, ამიტომ კარებში შესვლამდე ვერც იფიქრებ, თუ რა დიდი სივრცე იშლება შიგ. ორი ციცაბო ქვის თაღი. ერთი მათგანის კარი ამოქოლილია, მეორე თაღის მძიმე ხის კარებს ყოველ დილა-საღამოს აღებს და კეტავს პალესტინელი მუსლიმანი - იმ ოჯახის შთამომავალი, რომელსაც XII საუკუნეში სულთანმა სალადინმა უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის გასაღები ჩააბარა. ჯერ კიდევ მაშინ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები თავგანწირვით იბრძოდნენ ტაძარში საუკეთესო ადგილისათვის, განსაკუთრებით ღამღამობით. ტაძართან თავს იყრიდნენ მორწმუნეები ჩირაღდნებით ხელში და გაცხარებულნი ცდილობდნენ ურთიერთობის გარკვევას. ამ დავიდარაბის აღსაკვეთად ტაძარში მობინადრე მღვდლებს, სალადინის ბრძანებით, ყოველ ღამე გასაღებით კეტავდნენ. 1852 წელს ექვსმა კონფესიამ - მართლმადიდებლებმა, კათოლიკეებმა, სირიელებმა, სომხებმა, კოპტებმა და ეთიოპიელებმა გაიყვეს ტაძრის ყოველი გოჯი, თურქეთის სულთნის ზეწოლით მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას და მას შემდეგ იცავენ სტატუს-კვოს. მაგრამ აღდგომის ტაძრის "პატრონი" კონფესიების მეტოქეობამ ახლა ბგერების სფეროში გადაინაცვლა. ეკლესიის სხვადასხვა ნაწილში მსახურების დროს კათოლიკეები ხმამაღლა რთავენ გოთური ორგანის მაგნიტოფონურ ჩანაწერს. მართლმადიდებელი მღვდლები ამ ხმის დასაფარავად იწყებენ ხმამაღლა გალობას. ამ "აკუსტიკურ ომში" ტექნიკური უპირატესობა ლათინელების მხარეზეა, რადგან ბერძნები მხოლოდ "ცოცხლად" გალობენ.
იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია მართლაც ყველა ქრისტიანული ეკლესიის დედაა. არც არის გასაკვირი. აქ მომხდარმა მოვლენებმა - იესო ქრისტეს წამებამ, ჯვარცმამ, სიკვდილმა და აღდგომამ - კაცობრიობის ისტორიის ცენტრად აქცია იგი. იერუსალიმის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი გახდა მოციქული იაკობი, უფლის ხორციელ ძმად წოდებული. იერუსალიმში წამებით აღესრულა ქრისტესა და ეკლესიისთვის თავდადებული წმინდა პირველდიაკონი სტეფანე. აქ მოხდა უდიდესი მოვლენა - დედოფალმა ელენემ პატიოსანი და ცხოველმყოფელი უფლის ჯვარი იპოვა. საერთოდ, ბიზანტიური პერიოდი სამართლიანად ითვლება იერუსალიმის ეკლესიის ოქროს საუკუნედ, რადგან ძლიერი იმპერია ქრისტიანულ სარწმუნოებას განამტკიცებდა მსოფლიოს უშორეს კუთხეებშიც კი. ამ დროის ეკლესიამ მოგვცა ისეთი ბურჯნი და ქომაგნი ჭეშმარიტებისა, როგორებიც იყვნენ წმინდა კირილე იერუსალიმელი, წმინდა ილარიონი, წმინდა ექვთიმე, წმინდა საბა განწმენდილი, ღირსი თეოდოსი და მრავალი სხვა. იერუსალიმის ეკლესიამ შემოუნახა პალესტინის სიწმინდეები მომლოცველებს. მავანნი, კერძოდ, მრავალრიცხოვანი არაბული მრევლიდან, უკმაყოფილო არიან ბერძნების "მეტისმეტი" გავლენით. სწორედ მშვიდობიანმა ბერძენმა მღვდლებმა და არა შეიარაღებულმა რაინდმა ფრანკებმა დაიცვეს ქრისტიანობა წმინდა მიწაზე. ისინი ყოველთვის იყვნენ მარჯვე დიპლომატები. ჯერ კიდევ ოსმალების დროს, რომელნიც პალესტინას 400 წელზე მეტხანს (XVI-XXსს) მართავდნენ, იერუსალიმის პატრიარქმა შეძლო მოეპოვებინა გარკვეული უპირატესობა. თურქი ხელისუფალნი დიდი ხნის განმავლობაში მართლმადიდებლებს მიიჩნევდნენ იერუსალიმის მთელი ქრისტიანობის ერთადერთ წარმომადგენლებად. ამით ისარგებლა იერუსალიმის საპატრიარქომ და კონტროლი დააწესა აქაური ქრისტიანული სიწმინდეების უმრავლესობაზე. მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაიბრუნა კათოლიკურმა დასავლეთმა ჯვაროსნული ლაშქრობის დროს დაკარგული გავლენა. ამჟამად ორივე კონფესია მორიგებულია 1855 წლის სპეციალური შეთანხმებით, რომელიც უზრუნველყოფს სიწმინდეებთან ყველა კონფესიის წარმომადგენელთა დაშვებას.
დღეს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის იურისდიქცია ვრცელდება ისრაელზე, იორდანიასა და პალესტინის ავტონომიაზე, ითვლის 100000 მორწმუნეს, ძირითადად არაბებს. ყველა იერარქი ბერძენია, რაც ხშირად უთანხმოების მიზეზი ხდება. სხვათა შორის, ამის გამო არ უნდა განაწყენდნენ, რადგან სხვა მართლმადიდებელი ნაციონალური ეკლესიები, რომლებიც ისრაელში არიან წარმოდგენილნი - რუსული და რუმინული - ასევე მიეკუთვნებიან ადგილობრივ ბერძნულ მართლმადიდებლურ საპატრიარქოს და მის იურისდიქციას ემორჩილებიან. მაგალითად, რუსული სასულიერო მისია, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ამ ადგილებში მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად, იძულებულია, ბერძნებს მოუსმინოს. ეს წესი ჯერ კიდევ ოსმალთა იმპერიის დროს დამკვიდრდა და მაშინდელი კანონები რელიგიურ საკითხებში ისრაელში დღესაც ურყევია. ჯვაროსნების "საგმირო საქმეების" გამო ლათინელთ წმინდა მიწაზე შესვლა აკრძალული ჰქონდათ, მხოლოდ XVIII-XIX სს-დან შერბილდა მდგომარეობა და იერუსალიმში ფრანცისკანელ ბერთა ორდენი დამკვიდრდა. მართლმადიდებლებსა და ორდენს შორის წმინდა მიწაზე მწვავე კონკურენციაა.
XIX ს-დან ასევე გაძლიერდა სხვადასხვა პროტესტანტული ორგანიზაციის მისიონერთა მოღვაწეობა. განსაკუთრებით აქტიურია 1841 შექმნილი ანგლიკანური თემი. რახან მუსულმანებს შორის მისიონერული მოღვაწეობა თურქული კანონმდებლობით სიკვდილით ისჯებოდა, ანგლიკანელებმა ყურადღება მიაქციეს ებრაულ თემს, რამაც ნაყოფი გამოიღო. ქრისტიან ებრაელთა უმრავლესობა მიეკუთვნება ტრადიციულ კონფესიებს - მართლმადიდებლებს (ძირითადად რუსეთიდან და დსთ-დან ჩამოსულები) და კათოლიკეებს. ქრისტიანები ისრაელელებს შორის, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ძალიან ცოტანი არიან - მოსახლეობის მხოლოდ 2%-მდე. მისიონერების თქმით, ბევრი, სამუშაოს დაკარგვის და ახლობლებთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით, გულმოდგინედ მალავს ქრისტიანობას. სინადვილეში იესოს მიმდევრები ისრაელში სამჯერ მეტნი არიან. რაც შეეხება ძველთაგანვე აქ მყოფ მცირერიცხოვან თემებს: ქართველებს, ეთიოპიელებს, კოპტებს და იაკობიტებს - მათი გავლენა ძველი ქალაქის კედლებს არ სცილდება.
საუკუნე-ნახევარი ფლობდნენ წმინდა ქალაქს ევროპელი რაინდები და მათ მკაფიო კვალი დატოვეს. ძველ ქალაქში ეკლესიათა უმრავლესობა ააშენეს და მნიშვნელოვნად გადააკეთეს ბიბლიურ ამბებთან დაკავშირებული ტაძრები. მაგალითად, ქრისტეს აღდგომის ტაძარი გოთური არქიტექტურის ნიმუშია. პირველი ქვის სამლოცველო ქრისტეს აღდგომის ადგილას IV საუკუნეში ააშენა იმპერატორმა კონსტანტინემ დედის, ელენე დედოფლის თხოვნით. დროთა განმავლობაში ტაძარი არაერთხელ გაიძარცვა, დაინგრა და აღდგა, ოღონდ სხვანაირი სახით. აღდგომის ტაძარმა ახლანდელი სახე მიიღო 1149 წელს. მან სრულიად დაკარგა პირველეული ბერძნული ბაზილიკის სახე, მაგრამ ლათინური ჯავშნის ქვეშ სცემს ცხელი მართლმადიდებლური გული. უკვე შესასვლელშივე ჩანს ერთმორწმუნეთა ყოფნის კვალი - თვით ღმერთის მიერ აღნიშნული! ხის კარების მარცხნივ ერთ-ერთი სამ ბოძთაგან, რომელნიც თაღს იკავებენ, გახლეჩილია. გადმოცემით, მრავალი საუკუნის წინ, როდესაც მართლმადიდებლებს აეკრძალათ სააღდგომო მსახურება, ბოძი გახლიჩა ციურმა ცეცხლმა, იგი გარდმოვიდა არა უფლის საფლავზე, სადაც სომხები ამაოდ ელოდნენ, არამედ ბერძენი პატრიარქის ხელში, რომელმაც სააღდგომო სანთელი ქუჩაში აანთო. ცოტა მარცხნივ არის კოშკი, საიდანაც გადმოხტა თურქი მეომარი ამირი, რომელმაც ამ სასწაულის გავლენით ირწმუნა უფალი და უვნებელი გადარჩა. ამ რწმენისთვის მუსლიმანებმა მას თავი მოჰკვეთეს. ტაძარში შესასვლელში დევს მოგრძო ქვა. გადმოცემის თანახმად, ამ ქვაზე, რომელიც ახლა მარმარილოთია მოპირკეთებული, ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტეს ცხედარი იყო დასვენებული დასაფლავების წინ ნელსაცხებლების საცხებლად.
ტაძრიდან კიბით ჩადიხართ ბნელ, ცივ, მრგვალ დარბაზში. ცენტრში დგას ვარდისფერი მარმარილოთი მოპირკეთებული პატარა სამლოცველო, რომელიც 1810 წელს დაიდგა უფლის საფლავზე. ბერძნები მას კუვუკლიას (სარეცელს) უწოდებენ. სამლოცველოს აქვს ორი სამყოფელი. ერთი - ანგელოზებისა, სადაც ისინი მარიამ მაგდალინელმა საფლავის ქვაზე მჯდომარე იხილა. "და აი, მოხდა დიდი მიწისძვრა, რადგან ღვთის ანგელოზი ზეციდან ჩამოვიდა, გადასწია ქვა საფლავის კარიდან და დაჯდა მასზე. იგი ელვას ჰგავდა და მისი სამოსი იყო თეთრი, როგორც თოვლი". ანგელოზის მიერ გადაგორებული ქვა დგას სამლოცველოს ცენტრში და იგია წმინდა საყდარი (ტახტი) მართლმადიდებლური ლიტურგიის შესრულებისას. ანგელოზის სამლოცველოს კედლების მარჯვნივ და მარცხნივ არის შავი ოვალური ხვეული - "მილები" დიდ შაბათს წმინდა ცეცხლის გარეთ გადასაცემად.
კონფესიებს შორის მეტოქეობა აქაც ჩანს: ჩრდილო სარკმელი - მართლმადიდებლებისთვისაა, სამხრეთი - სომხებისთვის. კათოლიკეები არ ცნობენ მადლმოსილი ცეცხლის სასწაულს.
კუვუკლიის მეორე ნახევარი არის საფლავი, სადაც დაბალი შესასვლელით შევდივართ და ძალაუნებურად ვიხრით ქედს. საფლავში, რომელიც განათებულია კანდელებით, სივიწროვეა და შიგ ორ-სამ მომლოცველს უშვებენ. აქ არის სწორედ მთელი მსოფლიოს ქრისტიანების მთავარი სიწმინდე - უფლის საფლავი. ეს ქვის სარეცელი მარმარილოთია დაფარული სიწმინდის გაქრობის თავიდან ასაცილებლად.
უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც 1810 წელს, კუვუკლიის რემონტის დროს, მაცხოვრის ნამდვილი სარეცელი ნახა, მაქსიმე სიმეოსი, ამტკიცებდა, რომ სარეცელი ძალიან იყო დაზიანებული უთვალავი უგუნური "ღმრთისმოყვარის" მიერ, რომლებიც ცდილობდნენ რელიკვიის ნაწილის მოტეხას.
კუვუკლიაში შაბათს, აღდგომის წინ, ერთსა და იმავე საათზე, ნაშუადღევს, გადმოდის მადლმოსილი ცეცხლი. მისი "მოპოვება" მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქს შეუძლია. დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, სიყალბის თავიდან ასაცილებლად, წინადღით, პარასკევს, ტაძარში აქრობენ ყველა სანთელს, ყველაფერს გულმოდგინედ ათვალიერებენ, შესასვლელი ილუქება დიდი სანთლის ბეჭდით. პატრიარქს სინჯავენ, ხდიან სამოსს და მიტრას, იგი რჩება მხოლოდ კაბით. ამის შემდეგ აღებენ კარს და მეუფეს შეუძლია შევიდეს წმინდა საფლავის სამლოცველოში. გულმოდგინე ლოცვის შემდეგ გარდმოდის წმინდა ცეცხლი.
პატრიარქი ანთებს სანთლების შეკვრას (თითოეულ შეკვრაში 33 სანთელია - მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წლების მიხედვით) და გადასცემს ტაძარში მყოფთ. ადამიანები ცეცხლს ერთმანეთს გადასცემენ თავიანთი სანთლებით და რამდენიმე წუთის შემდეგ ყველას სანთელი ანთებულია.
რუსი მომლოცველი, იღუმენი დანიელი, რომელმაც წმინდა მიწა მოინახულა XII საუკუნეში, თავის "მოგზაურობაში" დაწვრილებით აღწერს ტაძარს, რომელიც მაშინ ჯვაროსნების ხელში იყო.
1099 წელს პალესტინაში შეიქმნა იერუსალიმის სამეფო, რომელსაც მეთაურობდა ჯვაროსნული ლაშქრობის პირველი წინამძღოლი ბალდუინ I.
აი, რას წერს იღუმენი დანიელი მეუფის საფლავის გამოქვაბულზე: "მეუფის საფლავი გამოკვეთილია კედელში, პატარა გამოქვაბულის მსგავსად, პატარა კარებით, იქ ადამიანს მხოლოდ მუხლებზე დაჩოქილს და თავდახრილს შეუძლია შესვლა. გამოქვაბული კვადრატულია, ოთხი მეტრის სიგრძისა და ოთხის - სიგანისა. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს არის პატარა ქვის დახლი. მასზე ესვენა იესო ქრისტეს სხეული. ამჟამად ეს წმინდა ქვა დაფარულია მარმარილოთი. გვერდით გაკეთებულია სამი მრგვალი სარკმელი, ამ სარკმლებში ჩანს წმინდა ქვა და აქ ეთაყვანება ყველა ქრისტიანი".
კუვუკლიის შესასვლელზე ახლაც ოთხმაგი კანდელები კიდია. მათი რიცხვი მკაცრად არის დადგენილი - სულ ორმოცია. ზედა რიგში ცამეტი - ლათინელებისაა, ქვედა ცამეტი - სომხებისა, ორი შუა მწკრივი კანდელებისა ეკუთვნით მართლმადიდებლებს.
გარდამოხსნის ქვის მარჯვნივ ორ კიბეს გოლგოთაზე ავყავართ. მათ მივყავართ იმ ადგილამდე, სადაც, გადმოცემის თანახმად, იდგა ჯვარი, რომელზედაც ჯვარს აცვეს ქრისტე. სიღრმეში ღია ტრაპეზზე აღმართულია ჯვარცმა. აქვე შავი წრეებით აღნიშნულია ჯვრების ადგილები, რომლებზეც ორი ავაზაკი გააკრეს. დაბლა, გოლგოთის საკურთხევლის ქვეშ დილეგია, სადაც ინახება უფლის ქვის ბორკილები. მარჯვნივ არის მწუხარე ღვთისმშობლის ხატი. ამბობენ, ღვთისმშობლის სახეზე დროდადრო ცრემლები ჩნდებაო. გალერეის მარჯვნივ, 30 საფეხურით თუ ჩავალთ დაბლა, მოვხვდებით წმინდა ელენეს ბერძნულ ეკლესიაში. ეკლესიის მარჯვნივ არის კიბე, რომელსაც მივყავართ ჯვრის გამოქვაბულში. მარმარილოს ფილა გვაჩვენებს ადგილს, სადაც იპოვეს ჯვარი, რომელზეც აცვეს ქრისტე. გოლგოთის ქვემოთ არის შესასვლელი ადამის საკურთხეველში, სადაც იგი ცოდვით დაცემის შემდეგ ცხოვრობდა. გადმოცემის თანახმად, ადამმა იწინასწარმეტყველა, როცა ქრისტეს ჯვარცმა აღესრულებოდა, მაშინ გოლგოთის ქვის საძირკველი გაიხლიჩებოდა. მეორედ მოსვლის დროს ეს გახლეჩილი ნაწილი დედამიწას ორად გახლეჩს. სამლოცველოს სიღრმეში მინის სარკმლიდან ჩანს გახლეჩილი ნაწილი, რომელიც წარმოიქმნა მიწისძვრისას, ქრისტეს ჯვარცმის დროს. ქრისტიანებმა მასზე დადეს სახაზავი, რომელიც ზომავს გახლეჩილი ნაწილის სიგანეს და რეგულარულად იწერენ მონაცემებს. თუ ბზარი დაიწყებს გაგანიერებას, აპოკალიფსი შორს არ არის.
1808 წელს ტაძარი ხანძარმა საშინლად დააზიანა. კუვუკლია სასწაულით გადარჩა, მაგრამ მისი ზედა ნაწილი და კედლები საგრძნობლად შეილახა გუმბათის ჩამოვარდნის გამო. ეს იყო ნაპოლეონის ომების დასაწყისი და ქრისტიანულმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს იერუსალიმის სიწმინდის აღდგენა. მხოლოდ ბერძნებმა დაიწყეს ტაძრის აღდგენა, რადგან მათ მართლმადიდებელი რუსეთის დახმარების იმედი ჰქონდათ. რუსი ხალხი ხალისით გამოეხმაურა ამ თხოვნას.
ბერძნებისათვის განსაკუთრებით ღირებული იყო რუსეთის სულიერი მხარდაჭერა. მართლმადიდებელი რუსეთის მხარდაჭერის წყალობით ბერძნები შეუდგნენ უფლის საფლავის ტაძრის აღდგენას. ამას მოგვაგონებს სხვადასხვა ადგილას მოთავსებული ორთავიანი რუსული არწივი. აღდგენის შემდეგ ტაძარი თავისი ძველი მშვენიერებით წარდგა მომლოცველების წინაშე.
XIX საუკუნის დასაწყისისთვის აღდგომის ტაძარი ეკუთვნოდათ კათოლიკეებს. საერთოდ, ტაძარი დაყოფილი იყო რვა ქრისტიანული აღმსარებლობის წარმომადგენლებს შორის. მხოლოდ 1812 წლის ომში რუსეთის არმიის გამარჯვების შემდეგ, რუსეთის გავლენით, ბერძნებს ლათინელებმა დაუთმეს უფლის საფლავის ნაწილი, რომელიც იმ დროიდან მოყოლებული გაიყო სამ ნაწილად: ერთი ნაწილი ეკუთვნოდა ბერძნებს, მეორე - კათოლიკეებს და მესამე - სომხებს. ის თაყვანისცემის ადგილები, რომელნიც წინათ ეკუთვნოდათ მარონიტებს, სირიელებს, ეთიოპიელებს და ქართველებს, ასევე ბერძნებს გადაეცათ.
უფლის საფლავის ტაძარი დაყოფილია "გავლენის სფეროებად", რომელთაც ფლობენ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის თემები. "ქრისტეს ძმებს" შორის ურთიერთობა ყოველთვის არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ თეოლოგიური კამათით. როგორც ცნობილია, კათოლიკური დასავლეთის მისწრაფება, წმინდა მიწაზე მართლმადიდებლებზე აღმატებულნი ყოფილიყვნენ, გახდა ერთ-ერთი მიზეზი ყირიმის ომისა, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ ინგლისი, საფრანგეთი და თურქეთი. ომის საბაბი კი ის გახდა, რომ 1852 წელს თურქულმა ხელისუფლებამ, საფრანგეთის ზეწოლით, კათოლიკეებს გადასცა ბეთლემში ქრისტეშობის ტაძრის გასაღები, რომელიც ძველთაგანვე ბერძნებს ეკუთვნოდათ. რაც შეეხება იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძარს, იგი დღესაც არა მარტო ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდეა, არამედ მწუხარე სიმბოლოა გათიშულობისა.
ლევან მათეშვილმა