სერბებში მართლმადიდებლური რწმენის შენარჩუნებისთვის ყველა მონასტერს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ სულიერ კერებში დაცული იყო ეროვნული თვითშეგნება და თავისუფლების იდეა.
XIX საუკუნის დასაწყისში ეს მონასტრები სერბების ნაციონალური ბრძოლის ცენტრებად იქცნენ. ისინი იყვნენ აგრეთვე პირველი სახალხო უნივერსიტეტებიც.
წმინდა სამების მონასტერი ოვჩარის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს სავანე დაახლოებით XIV-XVI საუკუნეებში დაარსდა. მონასტერი რამდენიმეჯერ დაცარიელდა და აღორძინდა. 1820 წელს ოვჩარაში ჩამოვიდა ცნობილი განმანათლებელი ვუკ კარაჯიჩი და გაუკაცრიელებული სავანე სულ მალე ააღორძინა. 1844 წელს აშენდა ახალი სენაკები, ხოლო 1850 წელს - სამრეკლო, რომელიც 1870 წელს დაანგრიეს, რადგან მისი ზეწოლის გამო ტაძრის კედლები დაიბზარა. 1868 წელს ტაძარში მშვენიერი კანკელი გააკეთა ნიკოლაე მარკოვიჩმა.
მონასტერი მნიშვნელოვნად განახლდა 1937 წელს, ჟიჩის ეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლაის (ველიმიროვიჩი) და ოვჩარის მირქმის მონასტრის ბერების ძალისხმევით. 1941 წელს გერმანელებმა ორჯერ დაბომბეს მონასტერი, დაანგრიეს სამრეკლო და დააზიანეს ტაძარი.
1978 წელს მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს იღუმენი ბარნაბა (მიოდრაგოვიჩი). შეკეთდა ტაძარი, სენაკები, აშენდა სამლოცველო, სამრეკლო, გალავანი, გაკეთდა გზა.
მონასტრის აღდგენა დაიწყო 1995 წელს. აშენდა ახალი საძმოს კორპუსი ეკლესიითურთ. 1999 წელს, საომარი მოქმედებების დაწყების წინ, აქ საპატრიარქო ცენტრის გადატანას და აქტიური საგამომცემლო საქმიანობის განვითარებას აპირებდნენ, მაგრამ შემდგომმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ხელი შეუშალა ამ გეგმების განხორციელებას. დაბომბვების შეწყვეტის და იუგოსლავიის არმიის წასვლის შემდეგ მონასტერი საკმაოდ სწრაფად აღმოჩნდა გერმანელი სამშვიდობოების კონტინგენტის მფარველობის ქვეშ და მისი საძმო, ღვთის შეწევნით, მშობლიურ სავანეში დარჩა. მონასტერმა მაინც დიდი დანაკლისი განიცადა: სამშვიდობოების წასვლის შემდეგ კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის ექსტრემისტებმა მოიტაცეს მონასტრის ბერი ხარიტონ ლუკიჩი. 2000 წლის 8 აგვისტოს თავმოჭრილი და დასახიჩრებული მამა ხარიტონის სხეული ალბანური სოფლის სასაფლაოზე იპოვეს. ხარიტონის თავს ვერ მიაკვლიეს. 12 ნოემბერს რაშკო-პრიზრენის ეპისკოპოსმა არტემიმ ახალმოწამე ბერს წესი აუგო. მონასტერში აგრძელებდა ცხოვრებას 8 ბერი. ისინი ხეზე ჭრით და სხვა საქმეებით იყვნენ დაკავებული. დროდადრო პრიზრენში დარჩენილი მართლმადიდებლები ჩამოდიოდნენ საღმრთო ლიტურგიაზე დასასწრებად.
2004 წლის 17 მარტს მხარე არეულობამ მოიცვა. მონასტერი ალბანელებმა გადაწვეს. გერმანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბერები თავიანთ ბაზაში გადაიყვანეს...
ლევან მათეშვილმა