არაბული და დასავლური წყაროების თანახმად, მონასტერი მეექვსე საუკუნეში, იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში დაარსებულა. სავანე დიდმოწამე გიორგის სახელზე უკურთხებიათ. არაქრისტიანები მას ალ-ჰოდრ ალ აბასის უწოდებენ.
ზოგი ფიქრობს, რომ სახელწოდება "ხუმაირა" უკავშირდება უძველეს სოფელს, რომელიც წვიმის წარმართული ღვთაების სახელს ატარებდა. ზოგი კი ვარაუდობს, რომ მონასტერი აგებულია წარმართული სამლოცველოს ნანგრევებზე, რომელიც წარმართული ღვთაების ხუმაირასადმი იყო მიძღვნილი. მესამე ვერსიით, სიტყვა "ხუმაირა" წარმოადგენს არაბულ ტრანსკრიფციას ბერძნული ტერმინისა "ხომიროს", რაც "ერთად მცხოვრებ სულიერ საძმოს" ნიშნავს.
თავდაპირველად მონასტერი სენაკებით გარშემორტყმულ გამოქვაბულს წარმოადგენდა. სამხრეთით მთავარი შესასვლელი ბიზანტიური ფასადით იყო შემკული. შავი ქვით მოპირკეთებული კარიბჭის გვერდით იყო ქვის სარკმელი, საიდანაც ღატაკებს პურსა და საკვებს ურიგებდნენ. ერთ-ერთი განათლებული ბერი ამ სარკმლიდან ხალხს მართლმადიდებლობის საფუძვლებს ასწავლიდა.
მეორე სართული XII საუკუნეში, ჯვაროსნული ლაშქრობების დროს აშენდა. ვიწრო შესასვლელი შავი ქვის ისეთივე ფილებით არის ამოყვანილი, როგორითაც ქვედა. მის თავზე ჯვრის სკულპტურული გამოსახულებაა.
ეკლესია, რომელსაც ძველს უწოდებენ, პირველ სართულზეა. აქ ნახევრად მრგვალ თაღებსა და მოჩუქურთმებულ ხის კანკელს, XVIII საუკუნის ადგილობრივი კოლორიტით შესრულებულ ბიზანტიურ ხატებს ნახავთ. ასეთი სტილი კოლექციონერთა დიდ ინტერესს იწვევს. წმინდა გიორგის ერთ-ერთი ხატი მოიტაცეს კიდეც და ლონდონში გაყიდეს. საბედნიეროდ, ინტერპოლმა შეძლო მისი პოვნა და მონასტრისთვის დაბრუნება.
მონასტრის მესამე სართულზე მდიდრულად მორთული ახალი ეკლესიაა, რომელიც XIX საუკუნეში აუგიათ. ტაძარს ამშვენებს დიდებული ხის კანკელი, რომელიც მთელ სირიასა და ლიბანში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. მას 22 წლის განმავლობაში ამზადებდნენ. ხატები XIX საუკუნეში დაწერეს იერუსალიმელმა ხატმწერებმა.
მონასტერში დაცულია ფასდაუდებელი ქრისტიანული მემკვიდრეობა. ჯვრებისა და უნიკალურ მორთულობათა გარდა აქ უამრავი ხელნაწერია: დოკუმენტები, ანდერძები, არაბთა ბატონობის დროს გაცემული სიგელები, სომეხი, ქართველი თავადებისა და რუსი მეფეების შემოწირულობანი... მონასტერი სირიის უმნიშვნელოვანესი ძეგლების სიაშია შეტანილი. სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიის ხალხი ჩამოდის მონასტრის მოსალოცად, დიდი მოწიწებით სწირავს შემოწირულობას და პატივს მიაგებს მის წმინდა მფარველს, რომელმაც უთვალავი სასწაულით გაითქვა სახელი.
მონასტერი, მის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერის დათარიღების თანახმად, XVI საუკუნეში უკვე არსებობდა. უფრო ადრეულ საბუთად მიიჩნევა წარწერები ქვებზე, რომლებიც სავანის ტერიტორიაზე და სამარხებშია განლაგებული. თუ მოჩუქურთმებული ჯვრის მიხედვით ვიმსჯელებთ, ტაძარი V-VI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ჯვარი მოხაზულობით თევზის კუდს ჰგავს. ჩრდილოეთ პორტალის სვეტები შეიცავს საკმაოდ მოზრდილ ქვებს, რომლებიც რომის იმპერიის დროინდელია და ადრე ამ ადგილას არსებულ წარმართულ ტაძარს ეკუთვნოდა.
კერპთაყვანისმცემლობა აქ IV საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა. როდესაც ქრისტიანობა დამკვიდრდა, წარმართული ტაძარი დაანგრიეს. მისგან მხოლოდ ეს პორტალი შემორჩა. მოგვიანებით სვეტები გახერხეს და ახალი ტაძრის საძირკვლისთვის გამოიყენეს.
ეკლესია უნიკალურია. იგი ორი ტაძრისგან, ორი ეკვდერისა და ერთი საკურთხევლისგან შედგება. თაღები შენობას ორ ნაწილად ყოფს. ტაძარში შემონახულია ფრესკები, რომლებიც X საუკუნით თარიღდება.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, რომელიც ნათლისმცემლის ტაძრის ჩრდილოეთით დგას, სამარხები აღმოაჩინეს. ნაპოვნია ხუთი საფლავი: ორი ბავშვისა და სამი მოზრდილისა. ყველა მათგანში ნაპოვნია ზეთის კანდელები, რომელთაც საფლავში ბერებს ხარისხის მიხედვით უდებდნენ. ზოგიერთ სავანეში ეს წესი დღემდე არსებობს.
არაბების შემოსევამდე მონასტერი ყვაოდა, შემდეგ კი საქმე თანდათან ცუდად წაუვიდა, თუმცა არ გაუკაცურებულა. დროდადრო აქ ბერები სახლდებოდნენ და ამრიგად მონაზვნური ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ამის დასტურია მთავარი სასაფლაო, სადაც XX საუკუნემდე კრძალავდნენ.
სამონაზვნო ტრადიცია გრძელდებოდა 1942 წლამდე, როდესაც გარდაიცვალა უკანასკნელი წინამძღვარი. სავანესა და მის მიწებზე ზრუნვა ლიბანის მთების მიტროპოლიტმა იკისრა. მანვე დანიშნა მღვდელი. ასე გრძელდებოდა ლიბანის ომის დაწყებამდე. ათწლიანი ომის განმავლობაში მონასტრის შენობები და მიწები გაუკაცრიელდა.
1990 წელს ახალმა სამონაზვნო თემმა, წმინდა სამების ოჯახმა, ნათლისმცემლის მონასტერში სამონაზვნო ცხოვრების აღდგენის კურთხევა მიიღო.
თემი ორ მონასტერს ითვლის: წმინდა იოანე ნათლისმცემლისას, სადაც ამჟამად თერთმეტი მონაზონი ცხოვრობს და ბერმონაზვნობის ძველ ტრადიციას მისდევს, და წმინდა სილუან ათონელის სახელობისას. ეს მამათა მონასტერი ნათლისმცემლის მეზობლად მდებარეობს. იგი ოთხმოცდაათიან წლებში დაარსდა. ამჟამად აქ ცხოვრობს ოთხი ბერი არქიმანდრიტ თომას (ბიტარის) წინამძღვრობით, რომელიც წმინდა სამების ოჯახის იღუმენი და იკონომოსია.
ლევან მათეშვილმა