09.05.2013
ხახულის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის წინაშე მუხლმოყრილს მრავალგზის ულოცია მეფეთ მეფე თამარს
, რომელმაც შამქორის ომში ქართველთა ლაშქრის მუსულმანურ კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ, ნადავლიდან ყველაზე ძვირადღირებული, ბაღდადის ხალიფას მიერ მაჰმადიანთა გაერთიანებული ლაშქრისათვის ღაზოდ წარმოგზავნილი დროშა და უძვირფასესი მანიაკი სწორედ ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა. ცნობილია ამ საზეიმო მოვლენის აღსანიშნავი თამარისეული იამბიკოც.
წმიდა მეფის, თამარის ცხოვრებიდან ერთი ასეთი შემთხვევაც არის ცნობილი, რომელიც ხახულის ღვთისმშობლის ხატს უკავშირდება. ერთხელ, მეფე თამარი თურმე გელათის მონასტერში წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა. სეფექალები მის სამოსს ძვირფასი სამკაულებით რთავდნენ. მეფეს მოახსენეს, რომ მათხოვარი იყო მოსული და მას მოწყალებას სთხოვდა. თამარმა მსახურებს უბრძანა, გადაეცათ მათხოვრისათვის, რომ მოეცადა მანამ, სანამ მეფე შემოსვას მორჩებოდა. როდესაც თამარი წასასვლელად მოემზადა და გარეთ გამობრძანდა, მას მათხოვარი იქ აღარ დახვდა. მსახურებმა მათხოვარი ბევრი ეძებეს, მაგრამ ვეღარ იპოვეს. წმიდა თამარი ძალზედ შეაშფოთა იმან, რომ მან წყალობაზე უარი უთხრა თვით მაცხოვარს, რომელიც მათხოვრის სახით იყო მასთან მისული. დამწუხრებულმა წმინდა მეფემ სამეფო სარტყელი მოიხსნა და ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს შესწირა... 1842 წლის გელათის ქონების აღწერილობაში თამარ მეფის სარტყლის შესახებ ნათქვამია: "ერთი სარტყელი შეკერილი ოქრომკედით, თავებში მოჭედილი ვერცხლით და მოოქროვილი თვლებით შემკული და ერთი დიდი მარგალიტი ჯაჭვით კიდია".
თამარ მეფის სარტყელმა XX საუკუნემდე მოაღწია. 1904 წელს როცა გელათის მონასტერი გაძარცვეს, სხვა სიწმინდეებთან ერთად სამუდამოდ დაიკარგა წმინდა თამარის სარტყელი.