ეკლესია ხომალდია, ჩვენ კი მისი მგზავრები ვართ. ნურავინ შეეცდება იალქნიანი ნავით ოკეანის გადაცურვას
ეკლესია ხომალდია, ჩვენ კი მისი მგზავრები ვართ. ნურავინ შეეცდება იალქნიანი ნავით ოკეანის გადაცურვას
როცა ვინმეზე საუბარს ბედავ, ან კარგად უნდა იცნობდე, ან ბევრი რამ უნდა გსმენოდეს მასზე. მამა დავით გეგეშიძეს კარგად ვიცნობ-მეთქი, ვერ დავიჩემებ, მაგრამ მასზე მართლაც ბევრი რომ გამიგონია და თანაც - მხოლოდ კარგი, ეს უდავოა.

მამა დავითი უკვე თერთმეტი წელია რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ წესში, ბარაკონის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობს. ეკლესიაში მხოლოდ ერთი მოძღვარია და მის გამოჩენას მრევლი მოწიწებით ელის. დიდსა და პატარას მამა დავითის საოცარი სულიერებისა და პატიოსნების ამბავი აკერია პირზე... მოძღვრის ხმელი სახე, მკაცრი და იმავე დროს ლმობიერი თვალები და მამაშვილური კილო გაცნობისთანავე მოკრძალებით განგაწყობთ.

ბარაკონის ტაძარი საკმაოდ დიდია და ზამთარში მისი გათბობა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, წირვა-ლოცვა ერთი დღითაც არ შეწყვეტილა. თვითონ მამა დავითი ამბროლაურში ცხოვრობს და იქიდან დადის მსახურებაზე. ზამთარში, როცა გზები თოვლით იხერგება და გადაადგილება ჭირს, მოძღვარი ზოგჯერ ბარაკონზე, რეზიდენციაში რჩება ხოლმე.

გამოზამთრებული რაჭველები გაზაფხულს დიდი სიხარულით ეგებებიან. ამ დროს რაჭის ტაძრებში მრევლი ერთიორად იმატებს.

ტაძრის დღესასწაულზე, 28 აგვისტოს, ბარაკონზე განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. რაჭის ეპისკოპოსის მეუფე ელისეს კურთხევით, იქ მრევლისა და სტუმრებისთვის უზარმაზარი ტრაპეზი იშლება. სტუმართმოყვარეობას ხომ რაჭველებს ვერავინ ასწავლის...

"რაჭველი კაცი ბუნებით მორწმუნეა. ყველაზე გვიან რაჭაში გადავარდა ქრისტიანობა, თუმცა ყველაზე გვიანაც ჩვენ მივიღეთ - მთიანი მხარეა და "ცივილიზაცია" ძნელად აღწევს", - ბრძანა ჩვენთან საუბრისას მამა დავითმა.

- მამაო დავით, როგორ შეხვდნენ რაჭველები თავიანთ კუთხეში მოძღვრის გამოჩენას?

- თავიდან ცოტა უკვირდათ კიდეც, ისე მიყურებდნენ, როგორც რაღაც უჩვეულოს. ახლა მოწიწებით, სიყვარულით გვეპყრობიან. ჩემთვის დიდი სიხარულია, რომ დღეს რაჭის შორეული სოფლებიდანაც კი მოდიან ბარაკონზე. ერთმანეთის თანადგომით, ლოცვითა და შრომით უფალი აუცილებლად შეგვეწევა.

- მამაო, მეც თქვენებური ვარ და ყურმოკვრით მსმენია უცნაური სიზმრის შესახებ, რამაც თქვენი მომავალი განსაზღვრა...

- მესამე კლასში იყო ჩემი უფროსი და ნესტანი, როცა საოცარი სიზმარი ნახა: თითქოს ტყის პირას ვთამაშობდით. უეცრად მგლების ხროვა გამოჩნდა. მე მხეცები დამესივნენ, ნესტანი კი გაიქცა. მირბოდა და თან ცხარე ცრემლით ტიროდა, შეჩერდებოდა, დაიჩოქებდა, პირჯვარს გადაიწერდა და შეევედრებოდა მაცხოვარს: "მიშველე, გადამირჩინე ძამიკო, სახლში როგორ მივიდე, რა ვუთხრა მშობლებსო". ამ დროს ნისლში ნიკორწმინდის ტაძარი გამოიკვეთა, მის გვერდით კი - ლანდი მაცხოვრისა, რომელსაც ხელზე გადაწვენილი მოვყავდი. ნესტანის თქმით, შავი კაბა მეცვა, პატარა ანაფორა ოქროსფერი ფოჩებით. ეს იყო გამოცხადება, რომელიც სინამდვილეში გაცხადდა კიდეც.

- ბაბუათქვენიც ხომ სასულიერო პირი იყო?

- ბაბუაჩემი ნიკორწმინდის, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დიაკონი მამა იოანე გახლდათ. უაღრესად განათლებული კაცი იყო და მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა, რომელიც კომუნისტების დროს მთლიანად განადგურდა.

ჩემს მშობლებს ყველა საყვედურობდა: ბავშვი გეღუპებათ, ჩამოაშორეთ ეკლესიასო... ნიკორწმინდის მაშინდელმა მომვლელმა შურა გოცირიძემ, როგორც კი შემთხვევა მიეცა, თავის ოჯახში მალულად მომნათლა. მაშინ 11 წლის გახლდით. ნათლობა ჩაატარა შურას სიძემ, მამა ლეონტიმ (ჟვანიამ), რომელიც აფხაზეთიდან საგანგებოდ ამისთვის ჩამოიყვანეს. უწმინდესმა და უნეტარესმა ჯერ კიდევ პატრიარქად აღსაყდრებამდე, აფხაზეთში მოღვაწეობის დროს, მამა ლეონტი გუდაუთის წინამძღვრად აკურთხა.

- ვიცი, რომ ურჩობის გამო იძულებით ნიკორწმინდის სკოლაც დატოვეთ...

- ფაქტობრივად, ნიკორწმინდის ტაძრის კედლებში აღვიზარდე. ჩვენი სკოლა ეკლესიის ახლოს იყო. მეც მთელი სულით მისკენ მივილტვოდი. მერე სკოლა სხვაგან გადაიტანეს და ტაძარში სიარულს გვიშლიდნენ. მე მაინც მივდიოდი მოსალოცად და თანატოლებიც მიმყავდა. ამისთვის გვსჯიდნენ კიდეც. პირადად მე იძულებით გადამიყვანეს ქუთაისში, რათა ბავშვებთან სულიერ საკითხებზე არ მესაუბრა.

ტაძრებში სიარული იქაც განვაგრძე. აფხაზეთშიც ხშირად დავდიოდი, ნიკოლოზობას კი ქუთაისელ მრევლთან ერთად ნიკორწმინდის ტაძარში ვესწრებოდი ღვთისმსახურებას.

დავამთავრე ჯერ ქუთაისის უნივერსიტეტის საყოფაცხოვრებო მომსახურების ფაკულტეტი, შემდეგ - ეკონომიკის. მაშინდელი არქიმანდრიტის გიორგი ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით ვმონაწილეობდი წმინდა ნინოს გზაზე მოლოცვით სვლაში. შემდეგ ნიკორწმინდაში დავბრუნდი და ტაძარში სტიქაროსნად მსახურება დავიწყე.

1994 წლის 16 იანვარს, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითა და ხელდასხმით, სიონის ტაძარში დიაკვნად მაკურთხეს, იმავე წლის 13 თებერვალს კი მღვდელი გავხდი. ბარაკონის ტაძარში აღვასრულებდი ღვთისმსახურებას. ზემო და ქვემო რაჭაში, ცაგერის რაიონის მრავალ სოფელში მიხდებოდა სიარული. როცა მეუფე ელისე ეპარქიის მღვდელმთავრად აკურთხეს, მოძღვრები შემოგვემატა.

ასე რომ, ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის ტაძარმა აღმზარდა და ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარმა გულში ჩამიხუტა.

ნიკორწმინდამ ჩემი ჩათვლით სამი სასულიერო პირი აღზარდა. ერთ-ერთი მათგანი, მამა გაბრიელი (კობახიძე), დღეს ნიკორწმინდის ტაძრის წინამძღვარია, მეორე, მამა ილარიონი (ჯანელიძე), ახლა უკვე მღვდელ-მონაზონი ექვთიმე, თბილისში მსახურობს.

- ამბობენ, რომ ბარაკონზე თქვენი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა...

- თერთმეტი წელი შესრულდა, რაც აქ გადმოვედი. უამრავი სირთულე დამხვდა. ფაქტობრივად, ყველაფრის თავიდან დაწყება მომიხდა. მოძღვრის ტვირთი ძალიან მძიმეა, თუმცა ამავე დროს - მადლიანი და საპატიოც. მოძღვარს მეტი მიეცა და მეტი მოეთხოვება. ასი თვალი, ასი ყურია საჭირო, რომ ფხიზლად ადევნო თვალი სამწყსოს, რათა მხეცმა არ წარგტაცოს მრევლი.

ბარაკონის მწირი შემოსავლის მიუხედავად, მრევლის დახმარებით ლამაზი ორსართულიანი მისაღები ავაშენეთ, გაკეთდა ფაცხა-მუზეუმი, სადაც ძველებური ყოფის ამსახველი საგნებია გამოფენილი. ბარაკონის ეკლესიის კუთვნილ როსტომ ერისთავისეულ მამულში ვაზი გავაშენეთ. მრავალი ისტორიული ამბის მომსწრეა ბარაკონის შემოგარენი. მრავალ ცნობილ პიროვნებას გაუთევია ღამე ამ სასახლეში: ვახტანგ VI-ს, თეიმურაზ II-ს, ბესიკ გაბაშვილს... 200 წლის წინ აქ სასულიერო წიგნებს ბეჭდავდა ერეკლე II-ის მესტამბე რომანოზ რაზმაძე-ზუბაშვილი, რომელიც 1811 წელს, "გამოკრებილი სადღესასწაულოს" ბეჭდვისას გარდაიცვალა და ტაძრის ეზოშია დაკრძალული. ეკლესიის ეზოში სკები დავდგით, ფიჭას სანთლის ჩამოსაქნელად ვიყენებთ.

სოფელ წესის საშუალო სკოლაში ჩამოვაყალიბეთ წრეები, სადაც მოსწავლეები ძველ ქართულს, ტილოზე ქარგვას, ხეზე კვეთას ეუფლებიან.

- მამაო, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ეკლესიასა და ოჯახს?

- ძნელია, როცა მოძღვარი დამოუკიდებლად ცხოვრობს და საეკლესიო საქმეებთან ერთად უხდება ოჯახური ცხოვრების წარმართვა. ყოფითი პრობლემების მოგვარებას დიდი დრო მიაქვს. რამდენიმე წელი ცოლ-შვილთან ერთად ამბროლაურის რაიონის სასტუმროში ვცხოვრობდი. მადლობა უფალს, დღეს მეუფე ელისეს დახმარებით საკუთარი სახლი მაქვს რაიონში. მეც ბევრი განსაცდელი გადავიტანე ადამიანური კუთხით, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერი დავითმინე.

ჩემი მეუღლე რუსთავის ეკლესიის მედავითნე გახლდათ. ნიკორწმინდის ტაძარში გავიცანი და მალე შევირთე კიდეც. ჯვარი რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში მამა ირაკლიმ (კალანდიამ) დაგვწერა. გვყავს სამი ვაჟი - გიორგი, ლუკა და საბა. უფროსი ცამეტი წლისაა, უმცროსი - რვის. ისე მოსწონთ ღვთისმსახურება, რომ თავიანთი ხელით გააკეთეს საცეცხლური და სახლში აკმევენ ხოლმე. მადლობა ღმერთს, რომ სულიერი გარემო ბავშვებზეც ახდენს გავლენას.

- არასოდეს გიფიქრიათ, ქალაქში წასულიყავით და იქაურ ტაძრებში აღგევლინათ მღვდელმსახურება?

- ბევრჯერ მქონდა ქალაქში გადასვლის შესაძლებლობა, მაგრამ შეგნებულად არ წავედი. მატერიალურადაც არაერთხელ გამჭირვებია, მაგრამ თავს ჩავაგონე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც აქ უნდა ვიყო. ამ განცდით მომიყვანა უფალმა ნიკორწმინდელი კაცი ბარაკონის ტაძარში და ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე აქ დავრჩები.

- მამაო დავით, როგორც ყველაფერს, ჩვენს საუბარსაც დასასრული აქვს, დასრულებას კი თქვენ გთხოვთ...

- ეკლესია ხომალდია, ჩვენ კი მისი მგზავრები ვართ. ნურავინ შეეცდება იალქნიანი ნავით ოკეანის გადაცურვას. ჩვენ კი, ვისაც ცხონება გვწყურია, მშვიდად და უდრტვინველად დავითმინოთ და დაველოდოთ სულიერ საყვირს, როცა გემი სამშვიდობო ნაპირს მიადგება. ღმერთმა დაგლოცოთ!
ბეჭდვაელფოსტა
18.03. 2015
sofio.kobaxidzerachveli@mail.ru
დიდება და მადლობა უფალს რომ მე და მამა დავითი ნიკორწმინდის მკვიდრი შვილები ვართ. მამა დავით კი ვუსურვებ გამძლეობას მხნეობას დღეგრძელობას და ხანგრძლივ სოცოცხლეს
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat