- მამა გიორგი, სულ რამდენიმე დღეა, აჭარის დელეგაციასთან ერთად ათონის წმინდა მთა მოილოცეთ. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
- მოგეხსენებათ, დედამიწაზე არსებობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ მყოფი ადგილები. პირველი მათ შორის საქართველოა, რამეთუ მოციქულებთან ერთად წილის ყრისას ივერია ღვთისმშობელს ერგო განსანათლებლად. დედა ღვთისა ჩვენი ერის მფარველია და მეოხი უფლის წინაშე. მეორე კუთხე, რომელსაც ღვთისმშობელი იფარავს, ათონის წმინდა მთაა. გადმოცემით, გემს, რომლითაც დედა ღვთისა მკვდრეთით აღდგენილ ლაზარესთან, კვიპროსის პირველ ეპისკოპოსთან, იოანე მახარებელთან და სხვა მოციქულებთან ერთად მიემგზავრებოდა, ქარიშხალმა გეზი შეუცვალა და ათონზე მიიყვანა. ყოვლადწმინდა ქალწულმა დალოცა ეს ულამაზესი ადგილი და ბრძანა: "მე ვიქნები ამ ადგილის მფარველი და შუამდგომელი ღვთის წინაშე". მას შემდეგ მრავალჯერ დადასტურდა ღვთისმშობლის აღთქმის ჭეშმარიტება.
მეშვიდე საუკუნის 80-იან წლებში VI მსოფლიო კრებამ იმპერატორ კონსტანტინე პოგონატის დასტურით ათონის მთა სამოღვაწეოდ გადასცა საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ ბერებს. მოგვიანებით აქ ქართველი ბერებიც დასახლდნენ, რომელთა მოღვაწეობა X საუკუნის დასასრულს ზუსტად იმ ადგილას, სადაც ღმრთისმშობლის გემი მიადგა ნაპირს, ივერონის სახელით ცნობილი გრანდიოზული მონასტრის დაარსებით დაგვირგვინდა. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ქართველ პილიგრიმთა ჯგუფები უწყვეტ ნაკადად მიედინებიან ათონის წმინდა მთის მოსალოცად.
შთაბეჭდილებები, რა თქმა უნდა, დიდია, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ივერონის მონასტერში არც ერთი ქართველი არ არის, თუმცა წმინდა მთის სხვადასხვა მონასტერში ათამდე ქართველი მოღვაწეობს.
- ხომ არ გაიხსენებდით ყრმობის წლებს? რა დამოკიდებულება გქონდათ ბავშვობაში ქრისტიანობის მიმართ, როგორ შემობრძანდა პირველად თქვენს გულში უფალი?
- ხაშურის რაიონში, სოფელ ხიდისყურში დავიბადე. დავამთავრე სოფელ გომის საშუალო სკოლა. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, სხვათაგან არაფრით გამორჩეული. ქრისტიანობასთან კი ყველაზე მეტად ალბათ პაპაჩემის მაგალითმა მიმიყვანა. მცხეთის სასულიერო სემინარიაში 1981 წელს ჩავირიცხე, მაგრამ ეკლესიაში, შეიძლება ითქვას, შემთხვევით ვარ მოსული. თუმცა ეს ჩვენი, ადამიანური თვალთახედვით, თორემ შემთხვევით ამქვეყნად არაფერი ხდება, ღვთის ნების გარეშე თმის ღერიც არ ჩამოუვარდება ადამიანს. მადლობა უფალს ამ "შემთხვევითობისთვის".
- ხშირად გვესმის, რომ აპოკალიფსურ დროში ვცხოვრობთ. რა არის ჩვენი დროის ყველაზე დიდი საცდური და როგორ ავირიდოთ ის?
- აპოკალიფსურ პერიოდში რომ გვიხდება ცხოვრება, ამას ბევრი რამ ადასტურებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საცდური დღეს საღვთისმეტყველო მოდერნიზმია, რომელიც გარდამოცემის, ეკლესიის კანონიკური სწავლების, მართლმადიდებლური ცხოვრების წესის, წმინდა მამების მსოფლმხედველობის წინააღმდეგ ილაშქრებს. ეკუმენისტთა სწავლება იმის შესახებ, რომ ყველა კონფესია სულიწმინდის მადლის მატარებელია, სრულ წინააღმდეგობაშია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებასთან. ამ საცდურებისთვის თავის დაღწევა კი წმინდა მამათა სწავლების დაცვითა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებების აღსრულებით შეიძლება. წმინდა სერაფიმ საროველი ბრძანებდა: "წმინდად და მტკიცედ აღასრულე, რასაც შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმინდა ეკლესია ამბორსუყოფს და შეიწყნარებს".
- აჭარა მართლაც განსაკუთრებული მხარეა თავისი სულიერი ცხოვრებითა და მნიშვნელობით. თქვენ ათეულ წელზე მეტია დიდი სიყვარულით მოღვაწეობთ აქ. რას ნიშნავს ეს კუთხე თქვენთვის?
- მღვდლად კურთხევის შემდეგ საქართველოს არაერთ კუთხეში მომიხდა მსახურება, მაგრამ ასეთი თბილი ხალხი, როგორიც აჭარაშია, იშვიათად შემხვედრია. ბათუმი თავისი სტუმართმოყვარეობით, ალბათ, ყველაზე გამორჩეული ქალაქია. თექვსმეტი წელი სრულდება, რაც აჭარაში ვარ და იმდენი სიკეთე და სიყვარული მივიღე, ალბათ, ვერასოდეს გადავიხდი. მისი უწმინდესობა, ილია II, ხშირად ბრძანებს, საქართველოს გადარჩენა აჭარიდან დაიწყებაო. მე მწამს, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება.
- თქვენ უარი თქვით ოჯახის შექმნაზე, ხართ მოძღვარი, მაგრამ ცხოვრობთ ერში, გყავთ უამრავი სულიერი შვილი...
- რომ მცოდნოდა, რაოდენ მძიმეა მოძღვრის ჯვარი... რაც შეეხება უცოლობას, გეტყვით, რომ არც ცოლოსნობაა მღვდლისთვის ნაკლები ტვირთი, სულიერი შვილი კი მოძღვრის შრომის ნაყოფია. ღვთის მადლითა და მათი ლოცვის შეწევნით მეძლევა იმ მცირედის კეთების ძალა, რასაც შემდეგ ათმაგად მიბრუნებს ჩემი მრევლი. ეკლესიაში მოსვლიდან დღევანდლამდე ჩემი ფიქრი მონასტერსა და აღკვეცას უტრიალებს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია ამ ნაბიჯის გადადგმა, რამეთუ მეშინის "ანგელოსებრივი ხარისხისა", მგონია, ამისთვის ჯერ მზად არ ვარ, თუმცა ღვთის შეწევნის იმედი მასაზრდოებს, ვსასოებ, მის მრავალმოწყალებას მინდობილს ამის ძალასაც მომმადლებს.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
- ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.
ესაუბრა
ირინაქი (იზოლდა) კვირკველია
ირინაქი (იზოლდა) კვირკველია