თუ სასულიერო პირი არ ემორჩილება თავის პატრიარქს ან ეპისკოპოსს, მის ლოცვას მადლი არ ახლავს
სულიერი სამწყსო წმინდად ასრულებს სულიწმიდის მადლით ნაკურთხი მოძღვრის ნაქადაგარს. მის თითოეულ სიტყვას, გულისთქმას უგდებს ყურს და თვალდახუჭული მიჰყვება ცხონებისკენ მიმავალ გზაზე.
მღვდლობა-ბერობა, მონაზვნობა უდიდესი პატივია და ღვთისაგან მონიჭებული მადლი. ამ მადლის თანაზიარი თითოეული მორწმუნეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათთან ურთიერთობა გვაქვს და სულიერ საკითხებზე გულღიად ვესაუბრებით. იერარქიას ეკლესიაში დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ. სასულიერო დასში ხარისხის მიღება ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს. მაგალითად, ბერისთვის ყველაზე დიდი ხარისხი სქემარქიმანდრიტია. დიდი სქემა მონაზვნისთვის განსაკუთრებული ხარისხია. დიდსქემოსანი ბერიც იშვიათობაა. არამცთუ ახლა, წინათაც ერიდებოდნენ სქემის მიღებას, ეშინოდათ ამ დიდი პასუხისმგებლობისა და ცდილობდნენ, მხოლოდ სიკვდილის წინ მიეღოთ ეს პატივი.
სქემმონაზვნებს იგივე ევალებათ, რაც მონაზვნებს, მაგრამ განსაკუთრებით დიდი აქვთ ლოცვითი კანონი. მათი ხარისხიც დიდია და შეუძლიათ მთელი მსოფლიოსთვის ილოცონ. არქიმანდრიტის ხარისხი მონასტრის წინამძღვრის უმაღლესი პატივია, ხოლო სქემარქიმანდრიტობა კიდევ უფრო დიდი ხარისხი. ეს პატივი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მხოლოდ ერთ სქემარქიმანდრიტს საბას მიენიჭა.
მამა საბა - ასე მიმართავს სულიერი სამწყსო ამ მართლაც ღვთის განგებით დაჯილდოებულ, უბრალოებით და უშუალობით აღმატებულ მოძღვარს. მამა საბას მის სახლში, მისივე სულიერი შვილის, ზაზა დოლბაძის დახმარებით შევხვდით. მოკრძალებული ბინა იმაზეც მეტყველებს, რომ ამ დიდი მამისთვის სულიერი ღირებულების გარდა, მატერიალური დანიშნულების ნივთებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. კარზე წარწერა მამა საბასთან მიღების მსურველთა განრიგს გვამცნობს. მორწმუნეთ სჯერათ, რომ მამა საბას მიერ აღვლენილი ლოცვებით ჯანმრთელობა გაუუმჯობესდებათ.
კეთილად მიგვიღო სქემმონაზონმა ნინომ. 85 წელს მიღწეული მოძღვარი მამაშვილურად შეგვეგება და მკითხა, - თქვენი ჟურნალი პატრიარქის კურთხევით გამოდისო? დიახ-მეთქი.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სქემარქიმანდრიტი საბა თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერში წირვა-ლოცვას აღავლენდა. ამჟამად სამების წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარში წირავს. დანარჩენი დღეები, პატრიარქის კურთხევით, შინ სნეულებს იღებს. ღვთის წყალობით, მის ლოცვას, მისი ხელის შეხებას დიდი მაკურნებელი ძალა აქვს.
ვიდრე საუბარს დავიწყებდით, მოძღვართან ჩვილი მოიყვანეს. ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებდა. პატარა მამა საბასთან რამდენიმე დღეა დაჰყავთ. მოძღვარმა ბავშვს მიაშურა. რაც მამა საბა ლოცულობს, პატარამ ნელ-ნელა ფეხების ამოძრავება დაიწყოო, - მითხრეს მშობლებმა. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე... მშვიდად, აუღელვებლად სახავდა ყველას პირჯვარს და ხმამაღლა, მთელი გულით ლოცავდა მათ.
თითქმის ხუთი საათი გავიდა. ის იყო, საუბარი უნდა გაგვეგრძელებინა, რომ ორი ქალბატონი და ერთი მამაკაცი მოვიდნენ. ერთ-ერთი ქალბატონი ოპერაციის წინ მოძღვართან რჩევა-დარიგების მისაღებად მოვიდა. მამაკაცს კი გლაუკომა აწუხებდა. როცა მას თავზე მოძღვარმა გულსაკიდი ჯვარი დაადო, ცოტა ხანში სნეულს ისე ღრმად ჩაეძინა, გავოგნდი. ამბობდნენ, - მამა საბას მადლი სნეულზე გადადის და მისი ხორციელი თუ სულიერი ტკივილები ითრგუნებაო. არ ჩერდებოდა ტელეფონი. ზოგი ქუთაისიდან, ზოგი ბათუმიდან, ზოგიც საბერძნეთიდან და საიდან აღარ რეკავდნენ. ითხოვდენ მასთან შეხვედრას, ისიც ყველას თავად პასუხობდა და შეხვედრის დროს უთანხმებდა. საუბარი რამდენიმე დღის შემდეგ გავაგრძელეთ.
მამა საბას ცოტა ქართული ესმის, ლამაზი ბერძნული აქცენტით რუსულად საუბრობს.
დედა ნინო მამა საბასთან თითქმის 30 წელია ცხოვრობს. მასთან ერთად ცხოვრობდა მოძღვრის და, სქემმონაზონი ელენე, რომელიც, სამწუხაროდ, ახლახან გარდაიცვალა. დედა ნინოს თვალწინ მრავალი სასწაული აღუსრულებია მამა საბას.
- 1965 წელს ერთი თირკმელი ამომიღეს. მეორე ძალიან დაავადებულია. 21 წელია ვმკურნალობ, მაგრამ არაფერრ მეშველა, - მიამბობს დედა ნინო, - ერთ დღეს გავიგე, წალკაში ბერძენი მღვდელი გამოეგზავნა პატრიარქს სამოღვაწეოდ. მაშინ წალკის ავტოსადგურში ვმუშაობდი. მოძღვრის გაცნობა მაშინვე მომინდა. მან შეხვედრისთანავე მირჩია, მეცხოვრა ეკლესიურად. დედა მორწმუნე მყავდა და ბავშვობიდან ვიცოდი ლოცვა და მარხვა. მოძღვართან შეხვედრის შემდეგ ისევ ცუდად გავხდი. თირკმელი თითქმის გამიჩერდა. მერე მამა საბასთან წავედი, როგორც მორჩილი. ძალიან ცუდად რომ გავხდი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ოპერაცია გავიკეთე. ხუთი თვე რეანიმაციაში ვიწექი. პატრიარქის კურთხევით ჩემთან გამოგზავნეს სასულიერო პირები. მათ შორის ჩემი მოძღვარი, მამა საბაც. ის მოდიოდა საავადმყოფოში, ხატს მადებდა თავზე და ისე ლოცულობდა ჩემს ჯანმრთელობაზე. ასე გაგრძელდა ხუთი თვე.
ჩემთან ერთად საავადმყოფოში 25 ადამიანმა გაიკეთა ასეთი ოპერაცია და მათგან მხოლოდ მე გადავრჩი. თან ინფარქტიც გადავიტანე. ნაღველაც გადიდებული მაქვს. ღმერთის და მამა საბას ლოცვა-კურთხევით ვცოცხლობ.
- დედა ნინო, როგორ დაახასიათებთ მამა საბას?
- ძალიან სუფთა და უბრალო გულის ადამიანია. როგორც ღმერთი ამბობს, - ვინც კარზე აკაკუნებს, გაუღე და მიიღეო. ასეც იქცევა, ყველას ლოცავს, ყველას გულისხმიერად ეპყრობა. ვინც ერთხელ შეხვედრია მამა საბას, მას შემდეგ არ მიუტოვებია იგი. მის მიერ გაკეთებული ბევრი სასწაულის მომსწრე ვარ. ერთხელ მითხრა, ჩემთან იმიტომ ხარ, რომ ჩემი ცხოვრება აღწეროო. ამას ამქვეყნიური ჯილდოს იმედით კი არ ვაკეთებ, არამედ იმქვეყნიური, ზეციური ჯილდო მინდა მივიღოო. ქრისტეს მცნებებით ცხოვრობს მამა საბა.
სქემარქიმანდრიტი საბა:
მოხარული ვარ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოდის თქვენი ჟურნალი და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მადლობას გწირავთ, რომ ჩემგანაც იღებთ ინტერვიუს.
ჩემი საერო სახელია ქრისტეფორე. როცა მოძღვრად მაკურთხეს, ხარიტონი დამარქვეს. დავიბადე 1922 წელს აფხაზეთში, სოფელ შრომაში. მამაჩემი იყო იოანის პეტრიდი, დედას პართენა ერქვა.
მშობლები შრომაში ახლოსოფლიდან, იაშტუხიდან გადავიდნენ. შრომა, კომანი, ლეჩქოფი - სოხუმის მომიჯნავე რაიონებია. ბაბუაჩემს იაშტუხაში თუთის დიდი პლანტაცია ჰქონდა. ცოლ-შვილს საბერძნეთში გადასახლება მოუნდომებია, მაგრამ ბაბუას უარი უთქვამს: - სანამ ცოცხალი ვარ, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. მისი გარდაცვალების შემდეგ საბერძნეთშიც ვაპირებდით წასვლას, მაგრამ ბათუმში, მაგრამ ღვთის განგებით, ხელი არ შეგვეწყო და დავრჩით.
ბაბუაჩემი, პრორომის პეტრიდისი, კესარიელი იყო. აფხაზეთში კესარიელი პეტრეს სახელით იცნობდნენ.
კესარია მაშინდელი კაპადოკიის და დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაა. იქედან ჩამოსახლებულ თურქთაგან დევნილ ბერძნებს პონტოელ ბერძნებს უწოდებდნენ, რადგან შავი ზღვისპირელნი იყვნენ და შავ ზღვას კი პონტოს უწოდებდნენ.
ჩემი მშობლები ღრმად მორწმუნეები იყვნენ. მართალია, საერო ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ მარხულობდნენ, იცავდნენ ქრისტეს ყველა მცნებას და ღვთისნიერები იყვნენ. სოხუმში ოთხი კლასის განათლება მივიღე. ომის პერიოდში, სრულიად ახალგაზრდას, ბევრი განსაცდელი დამატყდა თავს. ამ ყველაფერმა ლოცვა დამაწყებინა.
სიყმაწვილეში იქაურ ბიჭებთან, ძმებ ბერულავებთან ერთად, ცხვარს ვმწყემსავდი მთაში. ვნადირობდი.
20-21 წლისამ ეკლესიაში დავიწყე სიარული. ვლოცულობდი და გარკვეულ ღვაწლსაც ვეწეოდი, მაგრამ მოძღვრის კურთხევის გარეშე.
ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ დევნა დამიწყეს. დაახლოებით იმ ხანებში გავიცანი უდაბნოს მონასტრის მონაზვნები - დედა ნინო და დედა ელენე. ერთმა კაცმა, რომელსაც ავადმყოფი შვილი ახლდა, უდაბნოს გზა მკითხა და მეგზურობა მთხოვა. დედა ელენეს განკურნების დიდი ძალა და მადლი ჰქონდა ღვთისგან მინიჭებული.
მამა საბას სალოცავ ოთახში უამრავი ხატია, მათ შორის ერთი გამორჩეულია. დიდ ტილოზე ღვთისმშობლის ქვევით დედა ელენეა მთელი ტანით გამოსახული. მთელი სიცოცხლე ღვთისმშობლის ვედრებაში იყო და ამიტომაც დავწერე ღვთისმშობელთან ერთად ხელაპყრობილიო, - მითხრა მოძღვარმა.
ხატი დაიწერა ათონზე, წმინდა პანტელეიომონის სახელობის რუსულ მონასტერში, 1999 წლის 30 აგვისტოს.
დედა ელენე გულრიფშის რაიონის სოფელ გიორგევკაში 1975 წელს მოკლეს. როგორც მამა საბა ამბობს, მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით, როცა დევნიდნენ ეკელსიურ ადამიანებს, მათ, ვინც ხალხს ღვთისკენ მიმავალ გზას უკაფავდა, ვინც სასწაულებს ჩადიოდა.
1946 წელს, როდესაც დედა ელენეს სენაკი იწვოდა, ის ღვთისმშობელს ევედრებოდა ხანძრის ჩაქრობას. მოხდა სასწაული, ხანძარი ჩაქრა.
ხიბლი და დედა ელენეს სულიერი დარიგება
როცა დედა ელენე გავიცანი, უკვე ვლოცულობდი და გარკვეულ ღვაწლსაც ვეწეოდი, - ამბობს მამა საბა, - მაგრამ, როგორც გითხარით, ჩემი ნებით. ვფიქორბდი, ასეთი მოქცევა ღვთისთვის სათნო იყო. ყოველ ღამე ათას მეტანიას ვაკეთებდი ისე, რომ არც ვიღლებოდი, თითქოს სხეულს ვეღარ ვგრძნობდი, ვმაღლდებოდი ლოცვის დროს და ქუჩაში სიარულის დროსაც მეგონა, ცაში დავდიოდი. ეს ეშმაკის ხიბლი იყო. დედა ელენემ ჩემი გადარჩენა და ხიბლში ყოფნის დროს მხილება გადაწყვიტა. მაშინ ამდენად ვიყავი ხიბლში ჩავარდნილი, რომ შეიძლება ვერ აღმექვა მხილება და ამიტომ თავის თავზე დაიწყო იმ ამბების მოყოლა, რაც მე მემართებოდა. მითხრა: - როცა გინდა შეამოწმო, ეს ღვთისგან არის თუ ეშმაკისგან, თვალები უცბად დახუჭე და თქვი, - უფალო, იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. იმდენად ცოდვილი ვარ, რომ არ ვარ ღირსი ასეთი ხილვებისა. ეშმაკს ეშინია ამ სიტყვების.
ასეც მოვიქეცი. ხილვა გაქრა.
ვუსმენდი და ვერ მივხვდი, ვისზე ყვებოდა. შინ მივედი. დავიწყე მეტანიების კეთება, ლოცვა. მოულოდნელად ვიგრძენი საკმევლის სურნელი, დავინახე ნათება. გამახსენდა დედა ელენეს ნათქვამი. პირჯვარი გადავისახე, თვალები დავხუჭე და ყველაფერი წამში გაქრა. მას შემდეგ ასეთი ჩვენება აღარ მქონია. მივხვდი, რომ ხიბლში ვიყავი. ბოროტი ძალა მიბიძგებდა ხრამში გადასაჩეხად. მეგონა, იმდენად ამაღლებული ვიყავი, გადავიჩეხებოდი და არ მოვკვდებოდი.
ჩემი მაგალითი ჭკუის სასწავლებელია ყველა დამწყები მონაზვნისთვის. რაც არ უნდა კეთილ საქმეს აკეთებდე, თუ მას მოძღვრის კურთხევა არ ახლავს, ბოროტი მაშინვე შეგებრძოლება. ყოველი კეთილი საქმის საფუძველი თავმდაბლობაა.
პირადად მე ერთი წელი ბრძოლა მქონდა კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის. დედა ელენე სულ ლოცულობდა ჩემს გამოსახსნელად. მეც ყველაფერს პირჯვარს ვსახავდი და ვამბობდი, - უღირსი ვარ ასეთი ხილვების-მეთქი. დედა ელენემ საგულისხმო რამ მიწინასწარმეტყველა, რომელიც გაცხადდა კიდეც. მან მითხრა, - შენ მოექცევი რწმენაში და მოძღვარი გახდები და ხალხი შეგიყვარებსო.
დედა ელენეს სასწაულებრივი ძალა
ერთხელ ავტობუსით კარტოფილი მიმქონდა დედა ელენესთან. ჩემს გვერდით მამაკაცი იჯდა, რომელსაც ნავთით სავსე ბალონი მიჰქონდა. მგზავრობის დროს საწვავი კარტოფილს გადაესხა. გადაყრას მაინც მიტანა ვამჯობინე. დაახლოებით ოთხი კილომეტრი გავიარე ასეთი მძიმე ტვირთით. დედა ელენეს ვუთხარი, რაც თავს გადამხდა. დამამშვიდა - ღმერთი შეიწირავს შენს შრომასო. დედა ელენემ იმავე საღამოს კარტოფილი მოხარშა. ის მიჩვენებდა თავის სასწაულებრივ ძალას, რათა უფრო მეტად მოვეყვანე რწმენაში. ჯერ კიდევ უმი კარტოფილი გამასინჯა. მე კიდევ ერთი სასწაულის მომსწრე გავხდი. მოხარშულს ჩვეულებრივი გემო ჰქონდა, ხოლო უმს ნავთის გემო დაჰკრავდა. ამით დედა ელენემ მიჩვენა სასწაული - თავისი ლოცვით, პირჯვრის გადასახვით კარტოფილს ნავთის გემო დაუკარგა. დედა ელენესთან ყოფნის დროს ბევრი სასწაული ვიხილე. ამან უფრო გამიძლიერა რწმენა და სხვა სულსკვეთებით განვიმსჭვალე სარწმუნოების მიმართ. გამიჩნდა მონაზვნობის და ბერობის სურვილი. გადასახლება ყაზახეთში
ვიდრე ბერძნებს ყაზახეთში გადაგვასახლებდნენ, დედა ელენემ მიწინასწარმეტყევლა - შენ კიდევ დაბრუნდები აფხაზეთში და თან სიმინდს ჩამომიტანო. ყაზახეთში ძალიან ბევრი დამცირება და ტანჯვა გადავიტანე სარწმუნოების გამო. მაშინ ერისკაცი ვიყავი და იქაურ ეკლესიაში წირვა-ლოცვა არ გამიცდენია. ერთი კვირა დღე მქონდა თავისუფალი და ამ დღესაც რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ტაძარში დავდიოდი. ზოგჯერ შუაღამითაც წავსულვარ ფეხით. დილით წირვისთვის რომ მიმესწრო. ზოგჯერ აფხაზეთიდან წამოსული ბერძნები სასოწარკვეათილებაშიც კი ვარდებოდნენ და დაბრუნების იმედს კარგავდნენ. სულ მახსენდებოდა დედა ელენეს სიტყვები: - აფხაზეთში ჩამოხვალ და სიმინდს ჩამომიტანო. რვა წლის შემდეგ მართლაც ამნისტიით აფხაზეთში დავბრუნდით. დედა ელენესთან მივედი.ყაზახეთში საშინელ პირობებში, მიწურებში ვცხოვრობდით. მისი გახსენება ახლაც მზარავს. იქ ჩვენი ჩასვლის შემდეგ მართლმადიდებლური ტაძრებიც აიგო. წირვაზე სიარულის გამო მდევნიდნენ. თუ ეკლესიაში სიარულს თავს არ დაანებებ, გაგისწორდებითო...
აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ დედებს ახალი სახლის აშენება შევთავაზე. სოფელ ჩინთან, სადაც ცხოვრობდნენ, უდაბნო იყო. ტყის სიღრმეში მამების კელიები ავაშენეთ. მოგვყავდა მოსავალი და დედებს ვეხმარებოდით. ტყეში ბევრი ავაზაკი აფარებდა თავს, ამიტომ უშიშროებამ თანამშრომლობა შემომთავაზა. ცივი უარი განვუცხადე. სიკვდილით დამემუქრნენ. ვუთხარი, - თუ მომკლავთ, ქრისტეს გულისთვის მოვკვდები. ასეთი სიკვდილი ჩემთვის სანუკვარია-მეთქი. თავი დამანებეს. საერთოდ, მთელი ჩემი ცხოვრება დღემდე ტანჯვა-წვალებაა.
დედების კურთხევით ერთხანს ფსკოვ-პეჩორის ლავრაში ვცხოვრობდი. იქიდან სოხუმში დავბრუნდი. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამჟამინდელი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო.
როცა მიტროპოლიტი ილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა, მღვდლად მაკურთხა და წალკაში გამგზავნა. იქ თითქმის 30 წელი ვიმსახურე. ბევრი სირთულე გადავიტანე. ძალიან დიდი ბრძოლა დამჭირდა იქაურების ეკლესიისკენ მოსაბრუნებლად. ბევრი მაინც ეკლესის გარეთ დარჩა. მერე შეუძლოდ გავხდი და პატრიარქის კურთხევით თბილისში ჩამოვედი. ცოტა ხანი საბერძნეთში ცხოვრებაც მომიხდა. ჩემი სულიერი მოძღვრების რჩევით, საქართველოში დავბრუნდი.
- მამაო საბა, ვის ჩააბარეთ პირველი აღსარება, ვინ იყო თქვენი მოძღვარი?
- სოხუმის ახლოს, სოფელ მანიაში ეკლესია იყო. მის წინაძღვარს, მამა გიორგი მავროპოლისს ვუთხარი აღსარება. ისე, ჩემი სულიერი მოძღვარი გახლდათ იოანე კრისტიანკინი, ძალიან სუფთა და წმინდა ადამიანი.
დღეს ჩემი მოძღვარი ჩვენი პატრიარქია.
- მამაო, თქვენ ერთადერთი სქემარქიმანდრიტი ბრძანდებით საქართველოში, რა ვალდებულებებს გაკისრებთ ეს ხარისხი. რა ევალება ამ ხარისხში მყოფ სქემარქიმანდრიტს?
- სქემმონაზვნის ხარისხში პატრიარქმა მაკურთხა. როცა ავად გავხდი, არ გარდაიცვალოსო და სქემში შემმოსეს შარშან, საკუთარ სახლში. ეს სქემა გვავალდებულებს, იწვე კუბოში და ლოცულობდე. მე კი აქეთ-იქით დავდივარ.
- მამაო, თქვენ ხომ ადამიანებს მკურნალობთ და ყოფით პრობლემებზე არ დადიხართ!
ამ კითხვაზე მამა საბას არაფერი უთქვამს...
- ბრძანეთ, ჩემი მოძღვარი უწმინდესიაო. როგორია თქვენი ურთიერთობა პატრიარქთან?
- იმ დღიდან, რაც პატრიარქმა მღვდლად მაკურთხა, მისი მორჩილი ვარ და მის ყოველ სიტყვას ვასრულებ. პატრიარქის კურთხევის გარეშე ვერსად წავალ, არაფერს ვაკეთებ. თუ სასულიერო პირი არ ემორჩილება თავის პატრიარქს ან ეპისკოპოსს, მის ლოცვას მადლი არ ახლავს. ვიდრე ცოცალი ვარ, პატრიარქს ყოველთვის დავუჯერებ, როცა მოვკვდები...
თავად პატრიარქმა მითხრა, ბავშვები სამკურნალოდ შინ მიმეღო. მცირე ფართი მაქვს, მაგრამ პატრიარქის კურთხევაზე უარის თქმა შეუძლებელი იყო.
- მამაო, როგორ, ვისზე ლოცულობს სქემარქიმანდრიტი, საერთოდ როგორია თქვენი ცხოვრების წესი?
- ვლოცულობ მთელი საქართველოსთვის, საბერძნეთისთვის, რუსეთისთვის, ყველა მართლმადიდებელი ქვეყნისთვის. ვლოცულობ აფხაზეთისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ღმერთს ვთხოვ, დავბრუნდეთ აფხაზეთში, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
- მამაო საბა, თქვენი ლოცვებით მრავალი ადამიანი განიკურნა. იქნებ გვითხრათ, პირველად რა დიაგნოზით მოვიდა თქვენთან ავადმყოფი?
- პირველად ახალგაზრდა სომეხი ქალი მოვიდა ბავშვთან ერთად. ქალბატონს სიმსივნე ჰქონდა. ბავშვი კი მართლმადიდებლურად მონათვლის შემდეგ გამოჯანმრთელდა. მეორე ოჯახი აზერბაიჯანელებისა გახლდათ.
გოგონა, რომელიც მშობლებმა განჯიდან ჩამოიყვანეს, ოთხი წელი ავადმყოფობდა. სრულ ჭკუაზე არ იყო, ყველაფერს ამტვრევდა. სად აღარ დავყავდით - ექიმებთან, მოლასთან, შემდეგ ბაქოში მართლმადიდებელ მოძღვარს მიმართეს. მან მართლმადიდებლურად მონათლა. ეშმაკი მაინც არ განიდევნა. ასეთ მდგომარეობაში მყოფთ ვიღაც მუსლიმანმა ურჩიათ - წადით წალკაში, მართლმადიდებელი მოძღვარი მამა დიმიტრი (პატრიარქის ლოცვა-კურთხეივთ მამა დიმიტრის სქემარქიმანდრიტად კურთხევის შემდეგ ეწოდა საბა) იკითხეთ. ის გიშველითო. მოვიდნენ. გოგონას ხელში ახალი აღთქმა და ჯვარი ეჭირა. ქალბატონმა, რომელიც ბავშვს თან ახლდა მკითხა, - თქვენ ხართ მონასტერიო? მე ადამიანი ვარ, მაგრამ მონასტერში წაგიყვან და გაჩვენებ-მეთქი. შეგიძლია ეშმაკის განდევნაო? არა, მაგრამ გაჩვენებ იმას, ვისაც ეს შეუძლია-მეთქი და მაცხოვრის ხატზე მივუთითე.
ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე დასწრება შევთავაზე. გოგონა რამდენჯერმე ეცადა ტაძრიდან გაქცევას, მაგრამ ახლობლებმა დაიჭირეს. გოგონამ თავისი თვალით დაინახა, როგორ გამოვიდა შავი, საშინელი, რქიან-კუდიანი ეშმაკი მისივე სხეულიდან. ცოტა ხანში დაწყნარდა კიდეც. მეორე დღეს ისევ მოვიდნენ. გოგონას უკეთესობის ამბავი მომიტანეს. ოჯახს რამდენიმე დღით დარჩენა შევთავაზე. დედა-შვილთან ერთად ღუმელთან დავჯექი, ვსაუბრობდით. მერე მათ რამდენჯერმე პირჯვარი გადავსახე. უცბად გოგონამ დაიყვირა, - უკეთესად ვარ, კიდევ ერთი ეშმაკი გამოვიდაო... მეორე დღეს სამშობლოში დაბრუნდნენ. განჯაში საკუთარი სახლი გაყიდეს და მრავალსართულიან სახლში შეიძინეს სამოთახიანი ბინა. სახლის კურთხევის სათხოვრად წალკაში ჩამოვიდნენ. პატრიარქის კურთხევით, წავედი და ვუკურთხე სახლი. ღვთის წყალობით, ამ ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა.
- მამაო საბა, როგორ უნდა იცხოვროს ადმაიანმა თანამედროვეობაში, რა დარიგებებს მისცემთ მრევლს?
- რა უნდა ვთქვა ახალი, როცა ყველაფერი სახარებაში წერია. ღვთის მცნებებით უნდა იცხოვრონ. წმინდა წიგნები იკითხონ, ეკლესიაში იარონ. პატრიარქის, მოძღვრების ქადაგებას მოუსმინონ, მარხვა შეინახონ, აღსარება თქვან, ცოდვები მოინანიონ და ზიარება მიიღონ. ასეთი ადამიანი გადარჩება. ადამიანი, რომელიც ეკლესიურად არ ცხოვრობს, წარმოუდგენელია, როგორ უნდა მივიდეს ღმერთთან. როგორ უნდა გადარჩეს. ადამიანი ეკლესიაში მაშინ მიდის, როცა ღმერთი რაღაც განსაცდელს მოუვლენს. რატომღაც ყველა იოლ ცხოვრებას ეძებს. ეკლესია არ უნდათ. ფული, სიმდიდრე აქვთ და ღმერთი, ეკლესია მაშინ ახსენდებათ, როცა განსაცდელში ვარდებიან. დიდი და ძლიერი სახელმწიფო, როგორც ბიზანტია იყო, მაშინ ბრწყინავდა, როცა ღვთის მცნებებს იცავდა. ღვთის სიტყვას ყურს უგდებდა, წმინდანებს ევედრებოდა და ღმერთი სწყალობდა. როცა საღვთო გზას გადაუხვია, მაშინ დაიწყო მისი დაცემა.
საქართველოშიც ასე იყო. როცა ღმერთს დაივიწყებდნენ და ღვთის მცნებებს გადაუხვევდნენ, მაშინ მტერი შემოესეოდა. აფხაზეთშიც უმრავლესობა კარგად ცხოვრობდა. ღმერთის რწმენა კი დაკარგული ჰქონდათ. აფხაზეთის ომის შემდეგ, თითქმის ყველამ ეკლესიური ცოხვრება დაიწყო. ზოგი მოძღვარი გახდა, ზოგი - ბერი, ახლა დაიწყეს მონანიება. გერმანელებთან ომის დროს წავიკითხე ძველი ბერძნული საეკლესიო წიგნი, სადაც ეწერა, რომ ომი ღვთის ნებით ხდება. მაშინ ვიწყებთ ღმერთის ხსენებას, როცა უჭირს ადამიანს, კარგად ყოფნის დროს კი გვავიწყდება.
როცა თურქეთიდან დევნილი ბერძნები წალკაში მიწურებში ცხოვრობდნენ. ერთი სახლი არ იდგა იმ ადგილას. მაგრამ ღმერთი არავის დავიწყებია. ღმერთთან ცხოვრობდნენ. დროთა განმავლობაში აშენდა სახლები და მერე ქალაქადაც იქცა...
ურწმუნოების გამო ისჯება ადამიანი, დევნილობაც ღვთის ნებაა, რათა გაჭირვებამ შემოაბრუნოს ღმერთისაკენ, ირწმუნოს უფალი. კარგი საქმისთვის ღმერთი არ სჯის კაცს.
- რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში სულიერი თვალსაზრისით?
- როცა პატრიარქმა სოხუმიდან თბილისში ჩამომიყვანა, მორჩილი ვიყავი. დავდიოდი ეკლესიაში, სადაც პატრიარქი და ეპისკოპოსი ასრულებდნენ ღვთისმსახურებას. მაშინ ხალხი ნაკლებად დადიოდა ტაძრებში, ცარიელი იყო ღვთის სახლი.
დღეს, პატრიარქის მოღვაწეობით, ბევრი ტაძარი აშენდა და მორწმუნეც მომრავლდა.
- როგორ ლოცვას შეიწირავს უფალი?
- ღმერთი ყველანაირ ლოცვას შეიწირავს. ლამაზი სიტყვებით წარმოთქმული ლოცვა არ არის მთავარი. როგორც შეგვიძლია, ისე უნდა ვთხოვოთ. ეკლესიაში გაფანტული გონება არ უნდა გვქონდეს. შევეცადოთ, მსახურებაში მთელი არსებით ჩავერთოთ. ახალგაზრდობაში ერთი უსიამოვნო ამბავი შემემთხვა - ძაღლების ხროვაში აღმოვჩნდი და ვეღარ ვიგერიებდი. როცა სიმწრისგან გული გამიჩერდა, სულითა და გულით შევთხოვე ღმერთს - მშობელო, მიშველე-მეთქი. თუ წრფელად შესთხოვ უფალს, აუცილებლად შეგისმენს.
- მამაო, სნეულთა მკურნალობისას რომელ წმინდანს ევედრებით და რომელ ლოცვას კითხულობთ?
- უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. წმინდაო ღვთისმშობელო, გადაგვარჩინე... თან პირჯვარს ვიწერ.
- მამაო საბა, როგორც ვიცი, თქვენ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა სოლიდური თანხით დაგასაჩუქრათ, გვიამბეთ ამის შესახებ?
- შარშან კონსტანტინოპოლში ვიყავი. აიას სოფიის ტაძრის ნახვა მინდოდა. ტაძრის კარი დაკეტილი დამხვდა. პატრიარქი ბართლომეოსი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში იყო ღვთისმსახურებაზე. მივედი თუ არა, დამინახა და საკურთხევლიდან გამოვიდა. კარგი ხანი ვისაუბრეთ, შინაც მიმიპატიჟა. შემდეგ 500 ევრო გადმომცა.
- ვის დაურგე?
- მრევლს.
- მამაო, თქვენ წირვა-ლოცვას ბერძნულად ატარებთ?
- თაბორის, ფერიცვალების მამათა მონასტერში ღვთისმსახურებას ბერძნულად ვასრულებდი. დღესაც სამების ლავრაში ბერძნულად და რუსულად ვწირავ. გალობა თავისთავად ქართულად მიმდინარეობს.
- მამაო საბა, დიდი მადლობა საუბრისთვის. დაგვლოცეთ, მამაო.
- ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა ქნას, ყოველთვის ღვთიურად და ღვთის მცნებების დაცვით შეძლოთ სტატიების წერა.