მამა საბას წლების წინ შევხვდი, "კარიბჭესთვის" ინტერვიუც ჩავწერე. ზუგდიდის ღვთისმშობლის ხარების ტაძრის ფეისბუქის გვერდზე ვმახე მამა საბას ბოლოდროინდელი ფოტოები. ნებართვის მიღების შემდეგ ამ ფოტოკოლაჟს გთავაზობთ. ეს ფოტოები დაახლოებით სამი წლის წინ არის გადაღებული. ღმერთმა დღეგრძელი ამყოფოდ მამა საბა.
გთავაზობთ ფრაგმენტს მამა საბასთან ადრე ჩაწერილი ინტერვიუდან:
"მოხარული ვარ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოდის თქვენი ჟურნალი და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მადლობას გწირავთ, რომ ჩემგანაც იღებთ ინტერვიუს.
ჩემი საერო სახელია ქრისტეფორე. როცა მოძღვრად მაკურთხეს, ხარიტონი დამარქვეს. დავიბადე 1922 წელს აფხაზეთში, სოფელ შრომაში. მამაჩემი იყო იოანის პეტრიდი, დედას პართენა ერქვა.
მშობლები შრომაში ახლოსოფლიდან, იაშტუხიდან გადავიდნენ. შრომა, კომანი, ლეჩქოფი - სოხუმის მომიჯნავე რაიონებია. ბაბუაჩემს იაშტუხაში თუთის დიდი პლანტაცია ჰქონდა. ცოლ-შვილს საბერძნეთში გადასახლება მოუნდომებია, მაგრამ ბაბუას უარი უთქვამს: - სანამ ცოცხალი ვარ, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო. მისი გარდაცვალების შემდეგ საბერძნეთშიც ვაპირებდით წასვლას, მაგრამ ბათუმში, მაგრამ ღვთის განგებით, ხელი არ შეგვეწყო და დავრჩით.
ბაბუაჩემი, პრორომის პეტრიდისი, კესარიელი იყო. აფხაზეთში კესარიელი პეტრეს სახელით იცნობდნენ. კესარია მაშინდელი კაპადოკიის და დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაა. იქედან ჩამოსახლებულ თურქთაგან დევნილ ბერძნებს პონტოელ ბერძნებს უწოდებდნენ, რადგან შავი ზღვისპირელნი იყვნენ და შავ ზღვას კი პონტოს უწოდებდნენ. ჩემი მშობლები ღრმად მორწმუნეები იყვნენ. მართალია, საერო ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ მარხულობდნენ, იცავდნენ ქრისტეს ყველა მცნებას და ღვთისნიერები იყვნენ. სოხუმში ოთხი კლასის განათლება მივიღე. ომის პერიოდში, სრულიად ახალგაზრდას, ბევრი განსაცდელი დამატყდა თავს. ამ ყველაფერმა ლოცვა დამაწყებინა. სიყმაწვილეში იქაურ ბიჭებთან, ძმებ ბერულავებთან ერთად, ცხვარს ვმწყემსავდი მთაში. ვნადირობდი.
20-21 წლისამ ეკლესიაში დავიწყე სიარული. ვლოცულობდი და გარკვეულ ღვაწლსაც ვეწეოდი, მაგრამ მოძღვრის კურთხევის გარეშე. ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ დევნა დამიწყეს. დაახლოებით იმ ხანებში გავიცანი უდაბნოს მონასტრის მონაზვნები - დედა ნინო და დედა ელენე. ერთმა კაცმა, რომელსაც ავადმყოფი შვილი ახლდა, უდაბნოს გზა მკითხა და მეგზურობა მთხოვა. დედა ელენეს განკურნების დიდი ძალა და მადლი ჰქონდა ღვთისგან მინიჭებული.
ვლოცულობ მთელი საქართველოსთვის, საბერძნეთისთვის, რუსეთისთვის, ყველა მართლმადიდებელი ქვეყნისთვის. ვლოცულობ აფხაზეთისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ღმერთს ვთხოვ, დავბრუნდეთ აფხაზეთში, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა ქნას, ყოველთვის ღვთიურად და ღვთის მცნებების დაცვით შეძლოთ სტატიების წერა."
სრულად ამ ინტერვიუს წაკითხვა შეგიძლიათ ამ მისამართზე