სოხუმის მახლობლად, სოფელი კომანი ღვთის მადლით არის აღსავსე. აქ აღავლინა უკანასკნელი ლოცვა მსოფლიოს დიდმა ქადაგმა იოანე ოქროპირმა, აქ იპოვეს იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი, აქ 308 წელს ქრისტიანობისთვის აწამეს წმინდა თეოდორე ტირონელის ძმისწული წმინდა ვასილისკო...
1993 წლის 5 ივლისს ახალაღდგენილ წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში, ურწმუნოთა ჯგუფმა ტაძრის წინამძღვარი, ბერი ანდრია ყურაშვილი იმისთვის მოკლა, რომ აფხაზეთის მიწა საქართველოდ და საქართველო - უფლის მიწად მოიხსენია. მკვლელებმა არ დაინდეს ტაძარს შეფარებული მრევლიც და წმინდა ადგილი ცხედრებით აავსეს.
27 წლის მღვდელმონაზონმა თავისი მოწამეობით მკვლელებიც კი ჩააფიქრა. მამა ანდრიას ცხოვრება ნიშანსვეტი გახდა მისი 7 ხორციელი და-ძმისთვის. მათგან 4 დღეს სასულიერო პირია. "კვირის პალიტრა" ბერი ანდრიას ხორციელ ძმას, კაცხის სვიმონ მესვეტის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა ელიზბარს ესაუბრა.
მამა ელიზბარი, კაცხის სვეტის მონასტრის იღუმენი
- რა ცნობები შემოგვინახა ისტორიამ კაცხის სვეტისა და აქ მოღვაწე მამების შესახებ?
- კაცხი სვანური სიტყვაა, მწვერვალს ნიშნავს. ქვაზე ნაპოვნი წარწერა გვამცნობს: "ქრისტე ღმერთო, მეოხებითა მშობელისა შენისათა და ძალისა ჯვარისა წმიდისათა და ზეცისა ძალისა და ყოველთა წმინდანთა შენთათა, შეიწყალე სული ფრიად ცოდვილისა გიორგისი, რომელმან აღაშენა სამნი ესე სახლი სადიდებლად, შეწევნად დაყუდებულთა შენთა, წმიდისა ძელისა ცხოვრებისა და განსასვენებლად მსახურთა მისთა". მეცნიერებმა ეს წარწერა XIII საუკუნეს მიაკუთვნეს. ზოგიერთი არქეოლოგის აზრით, ტაძარი X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა აშენებულიყო. 1944 წლის ივლისში სვეტზე ავიდა ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ნატაძრალი რომ გაწმინდეს, სარკოფაგში ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. ფიქრობენ, რომ ეს იყო ბოლო ბერი, ვინც სვეტზე ცხოვრობდა. ვარაუდობენ, რომ სიკვდილის მოახლოების ჟამს სარკოფაგში თავად შევიდა...
- მამა ანდრიამ როგორ დაიწყო ბერული ცხოვრება?
- მამა ანდრია აჭარაში სხალთის მონასტერში მსახურობდა. როდესაც მისი სულიერი მოძღვარი, მეუფე დანიელი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მეთაურად გადაიყვანეს, შემდეგ ისიც მასთან წავიდა. ომი დაწყებული იყო. დადიოდა, აზიარებდა ჯარისკაცებს, სიმშვიდითა და ნუგეშით ავსებდა სასოწარკვეთილ და გატანჯულ ხალხს.
დედა კასიანა - მამა ანდრიას ნაბოლარა და
- აფხაზები თუ ესწრებოდნენ მის ქადაგებებს იმ ძნელბედობის ჟამს?
- აფხაზი ხალხი მამა ანდრიას სიყვარულით ეპყრობოდა. დახვრეტას გადარჩენილი ტყვედ ნამყოფი დედა-შვილი ჰყვებოდა, - აფხაზი ყმაწვილი, დიოდოტე, ბერის მკვლელობას ძალიან განიცდიდა და ამბობდა, - ამ ომში კაცი არ მომიკლავს, მაგრამ მამა ანდრიას სისხლს არავის შევარჩენო. მერე თავად აფხაზებმა მოიტანეს ამბავი, რომ მამა ანდრიას მკვლელს ნაღმმა ხელ-ფეხი მოაგლიჯა.
- რატომ მოკლეს ბერი?
- ეგონათ, ტაძარში ჯარისკაცებს მალავდა. თავს დაჰყვიროდნენ, გვითხარი, ვისი მიწაა აფხაზეთიო. მამა ანდრიას მშვიდად უპასუხია - ღვთის მიწააო. რომ ვერ მოდრიკეს, დამიზნებით ესროლეს. მამა ანდრია ყოველდღიურად ემზადებოდა მოწამებრივი სიკვდილისთვის. სოფელი ალყაში რომ მოაქციეს აფხაზებმა, ბრძოლები ეკლესიის ეზოშიც გაჩაღდა. მამა ანდრიამ ამბიონიდან მიმართა მრევლს, - სიკვდილთან შესახვედრად მოემზადეთო. განთიადისას მამა ანდრია მტერმა ეკლესიიდან გაიყვანა. ნათქვამია, გმირებს მდგომარეობა ქმნისო. ასე არ არის - გმირებად იბადებიან და მათ გმირობას დრო-ჟამი გამოავლენს. მამა ანდრია ჩემზე 10 წლით უფროსი იყო. რვა დედმამიშვილი ვიყავით. ყველა კარგად სწავლობდა, მე ვზარმაცობდი. თავისთან წამიყვანა. მიჭირდა სწავლა, ვწვალობდი, მაგრამ მისი დიდი ხათრი მქონდა და ვცდილობდი, არ მემტყუნა.
- ბერობა მისი აღსრულების შემდეგ გადაწყვიტეთ?
- აღსრულებამდე სამი დღით ადრე შინ ჩამოვიდა. შემომთავაზა, წამოდი აფხაზეთშიო. უნდოდა, მის გზას გავყოლოდი. შევყოყმანდი - არ მემეტებოდა დედ-მამის დატოვება. მაშინ დარჩი და მერე თვითონ წამოხვალო... ბერობა საკუთარი ნების და სურვილების უარყოფაა, მაგრამ უფალი განუგეშებს, რწმენაში გაძლიერებს, უფლის მცნებების დაცვა შინაგან სიმშვიდეს განიჭებს და ღმერთს გაახლოებს. ხშირად მიფიქრია, საერო ცხოვრებით რომ მეცხოვრა, მუდმივად უკმაყოფილო ვიქნებოდი, ღვთის სიახლოვეს ყოფნა კი ძალიან ტკბილია. როცა უფალს შეიგრძნობ, გრძნობ, რომ მისი გზა ყველაზე სწორია. ადამიანი ღმერთს უნდა ელტვოდეს. როდესაც ურწმუნო ადამიანს სიკვდილის ჟამი უდგება, ამას განსაკუთრებული შფოთვით ხვდება, რადგან ცოდვამ წუთისოფელში სიკვდილის შიში შემოიტანა. ურწმუნოსთვის სიკვდილის შემდეგ ყველაფერი მთავრდება და ამის განცდა ტანჯავს. მორწმუნისთვის კი სიკვდილი არ არის ყველაფრის დასასრული...
უტა ბიწაძე
http://www.kvirispalitra.ge/
აქვე იხილეთ ვიდეო - ინტერვიუ მამა ანდრია ყურაშვილთან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი