პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეხუთე
ბიზანტია
6. ბიზანტია და სლავები
თავი მეხუთე
ბიზანტია
6. ბიზანტია და სლავები
გაგრძელება
ბიზანტიელებს არანაირი სურვილი არ ჰქონდათ ბულგარელებისათვის "ავტოკეფალია" ებოძებინათ. როდესაც ისინი ბორისს ნათლავდნენ, მისი ამგვარი საჩუქრით წახალისება აზრადაც არ მოსვლიათ. ბორისი თავისი სახელმწიფოსათვის ფუნდამენტის შექმნასა და მისი დამოუკიდებლობის მყარ გარანტიებს ბულგარეთის გაქრისტიანებაში ეძებდა. საპირისპირო ინტერესები ჰქონდა ბიზანტიას: მას სურდა, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, დაემორჩილებინა ბულგარეთი და ეს საკმაოდ საშიში მეზობელი საკუთარ "თეოკრატიულ" სივრცეში მოექცია. ამ ბიზანტიურ ინტერესში კიდევ ერთხელ გამოვლინდა საკუთარი თეოკრატიული თეორიით გატაცების გამო გაჩენილი ხიბლი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმპერიამ მიმდინარე მოვლენები კვლავაც ვერ გააანალიზა, წმინდა ქრისტიანულ- ეკლესიური თვალსაზრისი კიდევ ერთხელ სათანადოდ ვერ შეაფასა და არ გაითვალისწინა. ასეთ ორმხრივ თეორიაში თავად ბორისის ნათელღება არა მხოლოდ ქრისტიანულ სამწყსოში შემოსვლას, არამედ ბულგარეთის მიერ სახელმწიფოს მართვის საქმეში მადლის მეუფების აღიარებას და "ბიზანტიის ქვეშევრდომობის" გაფორმებას ნიშნავდა. ამგვარი სენით ბიზანტია უკვე კარგა ხანია შეპყრობილი იყო, მაგრამ ახლა საქმე უკვე ისე წარიმართა, რომ თავის სნებას იმპერია მათაც გადასცემდა, ვინც მის ქრისტიანულ სივრცეში შემოდიოდა.მომხდარს ბორისისეული "ვარიაციები" ძალიან მალე მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ბორისმა ბიზანტიისგან "ავტოკეფალია" ვერ მოიპოვა, ის შეეცადა ქვეყნის ბედი რომთან დაეკავშირებინა. შესაბამისად, მოცემული მომენტიდან მოყოლებული უახლოეს ათწლეულებში ბიზანტიურ-ბულგარული ეკლესიების გაშორიშორება დაიწყო და ეს ახალი სახელმწიფოებრივი ისტორია ცოცხალი დრამატული ეპიზოდებით შეივსო. კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფოტიოსის მტერს, შუა საუკუნეების პაპობის ინსტიტუტის ერთ-ერთ შემოქმედს, ნიკოლოზ პირველს, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ შეეძლო. ის დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით შეხვდა ბორისის შემოთავაზებას და ჩათვალა, რომ ეს აღმოსავლეთში მისი ძალაუფლების განმტკიცების ბრწყინვალე შანსი იყო. მან ბულგარეთში ორი ეპისკოპოსი (ბიზანტიელები წოდებრივად არქიმანდრიტს არ სცილდებოდნენ) გაგზავნა და მათ წიგნები, საჩუქრები და წერილები გაატანა. გახარებულმა ბორისმა ბულგარეთის მთელი სამღვდელოება მოიწვია და თავისი სახელმწიფოს ლათინიზაციის ინტენსიური პროცესი დაიწყო. ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ პაპი თავის წერილებში "ბერძნული რწმენის" დისკრედიტაციას მთელი მონდომებით ეწეოდა.
მაგრამ ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. ბორისი კვლავ ავტოკეფალიისკენ მიილტვოდა და შესაბამისად პატრიარქის დანიშვნის მოლოდინში იყო. აღმოჩნდა, რომ ასეთი წინადადება პაპისათვის უფრო მიუღებელი იყო, ვიდრე ბიზანტიელებისათვის. როგორც გაირკვა, ამ დროისათვის დასავლეთში უკანასკნელი აღმოსავლური ტიპის დამოუკიდებელი ეკლესიების კვალიც კი გამქრალიყო. ამიტომ ბორისმა კვლავ შესაშური ენერგიულობა გამოავლინა და როგორც თავის დროზე ბიზანტიასთან, ახლა რომთან გაწყვიტა კავშირი და კონსტანტინოპოლს მიმართა. მწარე გამოცდილებამ ამჯერად ბიზანტიელები აიძულა ბორისის წინადადება მიეღოთ და ბულგარეთისათვის ნახევრად ავტონომიური არქიეპისკოპატის სტატუსს დასთანხმებოდნენ. თანხმობა "იკონომიის" პრინციპით მოხდა და კომპრომისის მიუხედავად ბიზანტიის ეკლესიური "მონოპოლია" მაინც იქნა შენარჩუნებული. ნიშანდობლივია, რომ ამ ერთი შეხედვით კომპრომისულმა გადაწყვეტილებამ შემდგომ ბიზანტია-ბულგარეთის ურთიერთობის ისტორიაში ტრაგიკული შედეგები გამოიღო. მიუხედავად ამისა, პირველი ეტაპის მიღწევამ ბორისი დააწყნარა, მას საშუალებაც კი მიეცა, ახლა უკვე თავისი სახელმწიფოს აღმშენებლობას და ქრისტიანული სამეფოს გაძლიერებას დაბრუნებოდა...
ამავე დროს, როდესაც მთელ ამ პოლიტიკურ შეფერილობას ვაკვირდებით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის დადებითი შედეგები, რაც ბორისის მოღვაწეობას მოჰყვა. უწინარეს ყოვლისა, ბულგარეთისათვის უმნიშვნელოვანესი იყო კირილე-მეთოდესეული მემკვიდრეობის ათვისება. მორავიიდან განდევნილი "სედმოჩისლენიკები" ბულგარეთში ჩავიდნენ და ბორისმა ისინი დიდი პატივით მიიღო. გონიერ "კაგანს" არ შეეძლო არ ამოეცნო, მომავალი სლავური იმპერიის შექმნისათვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი ეთნიკურ-რელიგიური დასაყრდენის - დამოუკიდებელი სლავური ეკლესიის არსებობა და სლავური ღვთისმსახურების დამკვიდრება. იმისათვის, რათა ეს ახალი ინიციატივა ბერძნული იერარქიის წინააღმდეგობას არ შეხვედროდა, ბორისმა "სედმოჩისლენიკების" თავი კლიმენტი თავისი სამეფოს დასავლეთში, ოქრიდის ოლქში მიავლინა. აქ კირილესა და მეთოდეს საქმემ ნოყიერი ნიადაგი ნახა და თავისი პირველი ნაყოფიც გამოიღო. წმინდა კლიმენტიმ ოქრიდის მხარეს სლავური ქრისტიანობის ნათელი მოჰფინა და აქტიურ რელიგიურ საქმიანობას შეუდგა: ის არ შემოიფარგლა მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობით და თავისი გაჭირვებული სამწყსოს ეკონომიური გაჯანსაღება დაიწყო. აქ კლიმენტი აგროვებდა მართლმადიდებლურ სლავურენოვან ლიტერატურას, სლავური ეკლესიებისათვის აქვე ამზადებდა საჭირო კადრებს. ერთი სიტყვით, საფუძველი სლავურ მართლმადიდებლობას ოქრიდის მხარეში ჩაეყარა.
ბორისის პიროვნული თავისებურებები მხოლოდ პოლიტიკური გათვლებითა და ოცნებებით არ ამოიწურა. მისი პოლიტიკური მიზნები დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად იხვეწებოდა და ახლა უკვე რელიგიური ინტერესებით იცვლებოდა. ქრისტიანობა ბორისში მართლაც მყარად დამკვიდრდა და თუ მან თავისი მეფური საქმეები და თეორიები არ მიატოვა, აშკარაა, რომ მის სულში სულ უფრო აშკარად ჟღერდა მაცხოვრის სიტყვები: "ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის, აქა ერთისაი არს სახმარ" (ლუკ. 10:41). დასავლეთის ეკლესიის მემატიანე წერს, რომ დღისით ბორისი ხალხის წინაშე მეფის სამოსით გამოდიოდა, ხოლო ღამეებს ლოცვაში ატარებდა. და მართლაც, 36-წლიანი მეფობის შემდეგ, 888 წელს მან მეფობაზე უარი განაცხადა, ტახტი შვილს გადასცა და თავად მონასტერში აღიკვეცა. მალე სახელმწიფოში დაწყებული არეულობების გამო ბორისი იძულებული გახდა ტახტს დაბრუნებოდა. მოკლე დროში მეფემ ქვეყანაში წესრიგი აღადგინა, ტახტი ამჯერად შვილიშვილს სვიმეონს გადაულოცა და თავად ისევ სამონასტრო ცხოვრებას დაუბრუნდა...
892-927 წლებში, მეფე სვიმეონის ზეობისას, ბულგარეთმა თავისი სახელმწიფოებრიობის აპოგეას მიაღწია. სვიმეონი ბიზანტიაში იზრდებოდა, აქ მან "დემოსთენეს რიტორიკა და არისტოტელეს სილოგიზმი" შეისწავლა და ამავე დროს მთელი ცხოვრება ბიზანტიის სამეფო კარის მშვენიერებითა და სიდიადით იყო დატყვევებული. მსგავსი მან თავისი სახელმწიფოს ახალ დედაქალაქ დიდ პრესლავლში ააშენა. მიუხედავად ამისა, სვიმეონს თავისი სამშობლოს სიყვარული არ განელებია, პირიქით, მასში ბორისის ოცნება პაროქსიზმამდეც კი განვითარდა: სვიმეონს მუდმივად აწუხებდა კითხვა: ნუთუ არ დადგა ჟამი, ამ დავრდომილმა იმპერიამ ბოლოს და ბოლოს თავისი პოზიციები დათმოს და ქრისტიანული თეოკრატიის მემკვიდრედ ბულგარეთი გამოაცხადოს, ხოლო ბულგარელი "კაგანი" ბიზანტიური ბასილევსის წმინდა დიადემით დაამშვენოს? ამრიგად, როგორც ვხედავთ, ეწეოდა რა ბიზანტიური თეოკრატია "ბარბაროსების" განვითარებასა და ფორმირებას, თავისდაუნებურად, საკუთარი თავის წინააღმდეგ, მათვე ასწავლიდა ბრძოლას და ამ ბრძოლისათვის საჭირო პროგრამითაც თავადვე უზრუნველყოფდა. "ბარბაროსების" მიზანი და ოცნების მწვერვალი წმინდა სოფიის დედამიწაზე ზეცისა და ქრისტიანული "სამყაროს" გულად ქცევა იყო. ამიტომ, შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ სვიმეონით იწყება მართლმადიდებლურ სივრცეში ბერძნული ხელმწიფოებრივი "მონოპოლიისადმი" ახალი, სლავური კონკურენტის დაპირისპირების ეპოქა.
სვიმეონის ზეობის თითქმის მთელმა პერიოდმა დიდი ომის ზღვარზე და ბიზანტიასთან ჭიდილში ჩაიარა. მართლმადიდებლურ სამყაროში ეს პირველი შიდა დაპირისპირება იყო. ბულგარული ლაშქარი კონსტანტინოპოლის მისადგომებთან იდგა, მაგრამ იმპერიისათვის საკუთარი პირველობის დათმობის ჟამი ჯერ კიდევ არ იყო მოახლოებული. მას შემდეგ, რაც სვიმეონმა ბიზანტიასთან ბრძოლებში წარმატებას ვერ მიაღწია, მან ბაბუის მსგავსად რომს მიმართა და ასეთი რევერანსის სანაცვლოდ მეფედ აღიარებას და თავისი არქიეპისკოპოსისათვის პატრიარქის ტიტულის მოპოვებას მიაღწია. რადგან ამ დროს ბულგარეთი რომს არ ექვემდებარებოდა, ეს მხოლოდ "ფიქცია" იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტის უკან მაინც სვიმეონის თეოკრატიული ოცნება გამოსჭვიოდა.
ბულგარეთის სვიმეონისტური პერიოდის მთავარი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ეს ისტორიული მონაკვეთი სლავური წერილობითი ძეგლების ოქროს ხანად და სლავური ქრისტიანული კულტურის აღორძინების პერიოდად სამართლიანად მიიჩნევა. ამ კეთილშობილური მიზნის მისაღწევად სვიმეონს არაფერი დაუშურებია: აშენებდა სკოლებს, ბიბლიოთეკებს, თავს უყრიდა მთარგმნელთა არმიებს. მისი ორგანიზებით შექმნილი სლავური საეკლესიო მწერლობის მარაგი იმდენად დიდი იყო, რომ იგი მხოლოდ ბულგარეთისთვის კი არა, მოგვიანებით სერბეთისა და რუსეთის ეკლესიისათვისაც საკმარისი აღმოჩნდა, მაგრამ, ცხადია, ეს არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ორიგინალური კულტურა. თავად სვიმეონიც ბიზანტიაში აღიზარდა, კირილესა და მეთოდეს საქმეც ბიზანტიური ფესვებით საზრდოობდა და ბულგარელები სახელმწიფოებრივ საქმეებსა და ოცნებაშიც ბიზანტიურ გამოცდილებას იმეორებდნენ. ყოველი აღნიშნული იმდენად აშკარაა, რომ ერთ-ერთმა ისტორიკოსმა სვიმეონისეულ აღორძინებას ბულგარეთის ელინიზაციის პროცესიც კი უწოდა. ამრიგად, მოცემულ ეპოქაში, ერთი მხრივ, სლავური სტიქია ელინიზმად "გაფორმდა", ხოლო, მეორე მხრივ, დაიბადა სლავური ბიზანტინიზმი. კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობაში უპირველესი მნიშვნელობა ბიზანტიელი მწერლების: ეკლესიის მამების, ისტორიკოსებისა და ჰიმნოგრაფების ნაშრომებს ეჭირა. კლიმენტი ოქრიდელმა ბიზანტიური ნიმუშების შესაბამისად წმინდა მეთოდეს ცხოვრება აღწერა და მრავალი საღვთისმსახურო ტექსტი, წმინდანთა ცხოვრება და წმინდა მამათა ქმნილება გადათარგმნა. ბიზანტიისადმი დამოკიდებულება იმაშიც გამოვლინდა, რომ "გლაგოლიცა", ანუ კირილეს მიერ შექმნილი სლავური ანბანი "კირილიცით" შეიცვალა და ბერძნულ ანბანს უფრო მეტად მიემსგავსა. ახალგაზრდა ბულგარული სახელმწიფო პრაქტიკულად იმ დროის "თანამედროვე ბიზანტიური ენციკლოპედიის" მფლობელი გახდა და ამან სლავური ქრისტიანობის განვითარების ბედი საბოლოოდ განსაზღვრა. ამავე დროს, პოლიტიკურად და ეკლესიურადაც კი დამოუკიდებელი ბულგარეთი ბიზანტინიზმით მაინც ღრმად და ერთმნიშვნელოვნად განიმსჭვალა; სლავური ენა ეკლესიურობას ეზიარა და მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიურ-სლავური სახე შეიძინა, საბოლოოდ მაინც ბერძნული ენის ანარეკლად დამკვიდრდა. ასე აიდგა ფეხი "ენით სლავურმა და სულით ბიზანტიურმა ბულგარეთმა, რის შემდეგაც უკვე თავად მან სლავურ ხალხებში - სერბებსა და მით უმეტეს რუსებში ბიზანტინისტური სულის დამკვიდრება დაიწყო" (ფ. დვორკინი).
მეფე სვიმეონის გარდაცვალებასთან ერთად პირველი ბულგარული სახელმწიფოს დაცემა იწყება. მეათე საუკუნეში ბიზანტიამ სამხედრო ძალმოსილება კვლავ აღიდგინა და ეს გახდა "ბიზანტიური ეპოპეის" ეპოქა, რომლის დროსაც მან მთელი თავისი ძალა, უფლებები და სიდიადე კვლავ გამოავლინა. ცხადია, ამ აღორძინებას გარდაუვალად უნდა მოეხდინა ზეგავლენა საძულველ მოწინააღმდეგე ბულგარელებთან ურთიერთობაზე. 972 წელს ბიზანტიამ აღმოსავლეთ ბულგარეთი მთლიანად დაიპყრო და მაშინვე ძალაში შევიდა ბიზანტიური "თეორია": დაემხო პატრიარქი დამიანე და ყველა ბულგარული ეპარქია კონსტანტინოპოლს დაემორჩილა. ბულგარეთის დასავლეთმა - მაკედონია-ალბანეთის მხარემ დამოუკიდებლობა 1028 წლამდე შეინარჩუნა. ამ ტერიტორიებთან ერთად დამოუკიდებელი დარჩა ბულგარეთის ავტოკეფალიური ეკლესია. მაგრამ, როგორც ბულგარელი წყაროები გადმოგვცემენ, როდესაც ოცდაათწლიანი ომის შემდეგ ბულგარეთის მეფე სამუელი ბულგართმმუსვრელ ბასილი მეორესთან დამარცხდა, ბულგარეთის დამოუკიდებლობა და მასთან ერთად ეკლესიის ავტოკეფალიაც დასრულდა. გადმოცემებში ამ ომის ამბების გაცნობისას ვხედავთ არნახულ მძვინვარებას და დაუნდობლობას ღვთისმოსავი ბიზანტიელი ავტოკრატორის ბრძანებით 15000 ტყვეს თვალებს დასთხარიან და შემდეგ ამ ხალხს მოხუც მეფე სამუელთან გააგზავნიან). დაუჯერებელია, მაგრამ ომი მართლმადიდებელთა შორის მიმდინარეობდა. ამ ომის უბედურებაც ისევ იმ კონსტანტინეს დროინდელი სიცრუით, ანუ "თეოკრატიის" იდეით საზრდოობდა.
მტრის დამარცხებისა და განადგურების შემდეგ ბასილიმ დიდსულოვნება გამოიჩინა: ბულგარელმა ბოიარებმა ბიზანტიური ტიტულები, ხოლო ოქრიდის საეპისკოპოსომ მოჩვენებითი ავტოკეფალია მიიღო (მაგრამ ეს უკვე სხვა, ბიზანტიური ნორმებით დადგენილი ვარიანტი იყო). სინამდვილეში ბულგარეთში ძალათი გაბერძნების ორსაუკუნოვანი პროცესი დაიწყო. რაც შეეხება ბერძნების ბულგარელებისადმი დამოკიდებულებას, ის კარგად არის ასახული ბერძენ მწყემსმთავართა ჩანაწერებში, რომლებშიც ისინი საკუთარი სამწყსოს შესახებ საუბრობენ. "ბულგარელივით ცხვრის სუნად ყარს", - წერს XI საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი იერარქი, ჰომეროსის მცოდნე და ღვთისმეტყველი თეოფილაქტე ბულგარელი, რომლისთვისაც ბულგარული ნატურა "ყველა ბოროტების დასაბამია".