პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეხუთე
ბიზანტია
5. ბიზანტია და რომი
თავი მეხუთე
ბიზანტია
5. ბიზანტია და რომი
ეკლესიის ისტორიაში გვიანბიზანტიურ პერიოდს სხვაგვარად "ეკლესიის განყოფის ეპოქად" იხსენიებენ, ასეთი სახელწოდება, რა თქმა უნდა, შეესაბამება იმ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც, საუბედუროდ, ქრისტიანული ცხოვრების გზაზე ისტორიის ამ მონაკვეთში მოხდა. გარკვეული თვალსაზრისით, ბიზანტიური სახელმწიფოს ცხოვრება მართლაც გაყოფასთან დაკავშირებული მოვლენების ნიშნით მიმდინარეობდა და ასეთ ტალღაზე აღძრული ეს შეგრძნებები, თავისი მუქი ტონალობით, მართლმადიდებლურ აღმოსავლეთსა და რომს შორის დღემდე ამძიმებს ურთიერთობებს.
ეკლესიის გაყოფა შეიძლება როგორც ისტორიული, ისე დოგმატური თვალსაზრისით იქნეს შესწავლილი. ისტორიულად შესწავლა ძალიან რთულია, რადგან არაკეთილსინდისიერი და ტენდეციური მიდგომის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება მთელი ბრალეულობა ერთ მხარეს დაეკისროს, ხოლო მეორე "უდანაშაულოდ" გამოცხადდეს. დოგმატური თვალსაზრისით განხილვის შემთხვევაში კი არსობრივად მნიშვნელოვანია არა ის, თუ როგორ გაიყო, არამედ რამ გაყო ეკლესია. მაგალითად, საინტერესოა ისეთი საკითხები, როგორიც არის რომის ეკლესიის მტკიცება მისივე ბუნებასა და მნიშვნელობაზე (დოგმატი რომის პაპის უცოდველობის შესახებ); რომის ეკლესიური რწმენის გამომხატველი საკითხები (კათოლიკური სწავლება სულიწმინდისა და ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ), ყველა ამ საკითხის რომაული ხედვა, მართლმადიდებლური თვალსაზრისით, სრულიად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ ქრისტიანულ საფუძვლებს. მაგრამ ვინაიდან ამჯერად ჩვენ გვსურს დავადგინოთ, რა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესიის განყოფას მართლმადიდებლობისათვის, უწინარეს ყოვლისა, ამ მოვლენების ისტორიულ ასპექტებს დავაკვირდებით.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ადრეული ეკლესიის ერთიანობისა და იმის შესახებ, რომ ამ ერთიანობას პირველქრისტიანულ თვითშეგნებაში არა მხოლოდ "ფორმალური", არამედ შინაარსობრივი მნიშვნელობაც ჰქონდა: ქვეყნად მაცხოვარი მობრძანდა "იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები" (იოან. 11:52), რათა "ბუნებრივი" მიზეზით გაყოფილი ადამიანები ღვთის ახალ, ისეთ ზებუნებრივ ხალხად გაეერთიანებინა, "სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში" (კოლ. 3:10). ადრექრისტიანულ სამყაროში ყველა ეკლესია ამ ერთიანობაში მკვიდრდებოდა. ეკლესიის მრევლი ეპისკოპოსის მეთაურობით ერთიან სხეულს წარმოადგენდა, ხოლო ეკლესიის თავი იესო ქრისტე იყო. ერთი რწმენა, ერთი მოციქულებრივი მემკვიდროებითობა, ერთი ცხოვრების წესი, ამ ერთიანობით განმსჭვალული საერთო სიხარული და ბოლოს ყოველგვარ ბუნებრივ გაყოფაზე ღვთის გამაერთიანებელი მადლის გამარჯვების მუდმივი შეგრძნება - აი, ეს იყო ადრეული ეკლესიის აღმაფრთოვანებელი მოტივი და ამ გრძნობებით იყვნენ ერთმანეთთან გაერთიანებული ადრექრისტიანული ეკლესიები. როდესაც ისტორიულ ფაქტებს ვაკვირდებით, ეკლესია ყოველთვის ერთიანად წარმოგვიდგება. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთიანობა ეკლესიისთვის მართლაც არ იყო მიუღწეველი იდეალი. სწორედ ამიტომ, ყველა სახის განყოფასთან დაკავშირებულ ცოდვას და ტრაგიკულობას სწორედ ამ ერთიან სხეულთან მიმართებით უნდა ვხედავდეთ.
ჩვენ საუბარი იმის შესახებაც გვქონდა, რომ ეკლესია აგებული და გამყარებული იყო ადგილობრივი ეკლესიების ერთიანი სამოციქულო მემკვიდრეობით, ერთიანი წმინდა გადმოცემით, განუხრელი "კათოლიკე" თანხმობით და სტრუქტურულად გაერთიანებულ მსოფლიო კავშირს წარმოადგენდა. თითოეული ეკლესიური თემი თავის თავში ერთდროულად იესო ქრისტესა და ეკლესიური ერთიანობის სრულ სახეს ქმნიდა და ამავდროულად, თემის წევრებსაც ქრისტიანულ ერთობაში მყოფი ღვთის ხალხის შეგრძნება ჰქონდათ. მაგრამ თუ ადგილობრივი ეკლესიის შინაგანი მოწყობა ეკლესიურობის ერთმნიშვნელოვანი და ურყევი "ნიშანი" იყო და მისი სხვა ეკლესიებთან კავშირი ქრისტიანული არსიდან გამომდინარეობდა, ამ კავშირის გარეგნული ფორმები მოქნილებით გამოირჩეოდა, ისტორიული პირობების შესაბამისად ვითარდებოდა და იცვლებოდა. ასე მაგალითად, მოციქულთა ეპოქაში ქრისტიანულ ცენტრად იერუსალიმის თემი ითვლებოდა, ის, ამ სიტყვის სრული გაგებით, ისეთი "დედა ეკლესიის" ფუნქციას ასრულებდა, რომელიც სხვა ეკლესიური თემებისათვის სულიერების წყაროცა და ყოფიერების მაგალითიც იყო. სხვა სურათს ვხედავთ პალესტინურ იუდეურ-ქრისტიანული პერიოდის მიწურულს. ამ დროს ეკლესიაში უკვე მოციქულთა ავტორიტეტით კურთხეული მრავალი "ცენტრი" არსებობდა, მაგრამ მათ შორის მორწმუნეთა რაოდენობისა და ქალაქის მნიშვნელობის შესაბამისად, ცენტრალურ ფუნქციას რამოდენიმე ეკლესია ასრულებდა. თავიდან ამ ცენტრებს (აღმოსავლეთში - ანტიოქიასა და ეფესოს, ხოლო დასავლეთში - რომს) სხვა ეკლესიებისგან არანაირი გამორჩეული "იურისდიქციური" და "კანონიკური" უპირატესობები არ განასხვავებდა. მაგრამ ის მდგომარეობა, რომ მიმდებარე ტერიტორიებზე მთავარ მქადაგებლად და ქრისტიანობის გამავრცელებლად ისინი ითვლებოდნენ, მათი გამორჩეული მდგომარეობისა და ავტორიტეტის დამკვიდრებას უწყობდა ხელს. მაგალითად, პირველი საუკუნის მიწურულს კორინთოს ეკლესიაში განხეთქილების საშიშროება გაჩნდა, რომის ეკლესიამ კორინთელთა მიმართ წერილი გაგზავნა, რომელშიც მოწამებრივ გზაზე მდგარი ეპისკოპოსი ეგნატე ანტიოქიელი მცირე აზიის ეკლესიებს მოძღვრავდა და ერთიან რწმენაში განმტკიცებისაკენ მოუწოდებდა; წერილში არც "უფლებებზე" და არც "ურთიერთდაქვემდებარების" საკითხებზე საუბარი არ არის, მაგრამ ამ წერილში ნათლად მოჩანს, რომ ქრისტიანობის მსოფლიო ერთიანობისა და ეკლესიის "კეთილდღეობის" გამო ძველი ცენტრები ახალ ეკლესიებთან შედარებით მეტ პასუხისმგებლობასა და მზრუნველობას იჩენენ. "ცენტრებს" შორის იმპერიის დედაქალაქი და ამავდროულად მოციქულების პეტრესა და პავლეს ქალაქის ეკლესია თავიდანვე გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობდა. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ უთანხმოებები ამ საფუძველზე დასაწყისშივე წამოიჭრა: რომის ეპისკოპოსებმა თავიდანვე მოისურვეს, თანასწორობასა და "სიყვარულში პირველობა" ფორმალურ "უფლებრივ" და იურიდიულ ჭრილში გადაეტანათ. რომის ასეთ მცდელობებს იმპერიის როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიების მხრიდან ყოველთვის სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვებოდა. მეოთხე საუკუნის დასაწყისში რომის ეკლესიის პირველობას არავინ უარყოფს, მაგრამ ამავე დროს, მსოფლიო ეკლესიის სტრუქტურა თავისი ძირითადი მახასიათებლებით უკვე ისე იყო მოწყობილი, რომ მისი ერთიანი მმართველობა, პატრიარქების უფლებებში, ანუ ერთი ცენტრის ირგვლივ გაერთიანებულ ეკლესიათა კავშირში იყო თავმოყრილი.
ასე გამოიყურებოდა "კონსტანტინეს პერიოდის" დასაწყისი. ამავე დროს, განუხრელად მწიფდებოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის არსებული ისეთი მწვავე და უმნიშვნელოვანესი "გაუგებრობა", რომელიც ეკლესიის გაყოფით უნდა დასრულებულიყო. რომში საბოლოო სახეს იღებდა უმნიშვნელივანესი მცნება, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო ეკლესიაში პაპს ღვთივკურთხეული, განსაკუთრებული და გამორჩეულად უპირატესი მდგომარეობა უნდა დაეკავებინა; დასავლეთის იმპერიის ნგრევასთან ერთად ძლიერდებოდა პაპის ძალაუფლება და სახელმწიფოებრივი ქაოსის ფონზე რომის ეკლესია დასავლეთის იმპერიაში ერთადერთ ნათელ, საიმედო ძალად რჩებოდა. მეხუთე საუკუნეში ასეთ პოლიტიკურ ტალღაზე პაპ ლეონ დიდის შემოქმედებაში გაჩენილმა პაპიზმის თეორიამ უკვე აშკარა და ჩამოყალიბებული სახე შეიძინა. მაგრამ, ამავე დროს, ეს "სიახლე" ასევე აშკარად ეკლესიური მოწყობის იმ ტრადიციულ გაგებას დაუპირისპირდა, რომელიც მთელ აღმოსავლეთში იყო გავრცელებული და დამკვიდრებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკვე მეხუთე-მეექვსე საუკუნეების ქრისტიანობაში არა მხოლოდ განსხვავებულ თვალსაზრისებს, არამედ ორ ურთიერთგამომრიცხავ პოზიციაზე აგებულ "ეკლესიოლოგიას", ანუ ორ სხვადასხვა ეკლესიურ სწავლებას ვხედავთ.
(გაგრძელება იქნება)