ქრისტიანთა მეშვიდე დევნა
იმპერატორ მაქსიმიანეს მემკვიდრენი ქრისტიანებს არ დევნიდნენ. არც ეცალათ ამისთვის - რომის იმპერიას ყოველი მხრიდან საფრთხე ემუქრებოდა.
სახელმწიფოში უწესრიგობა და ქაოსი სუფევდა, რომლის წინაშეც სამოქალაქო ხელისუფალნი უძლურნი აღმოჩნდნენ. კანონებს აღარავინ იცავდა. მეზობელი ბარბაროსი ტომები ხედავდნენ ყოველივე ამას, ამიტომ იმპერიის წინაშე შიში და მორიდება გაუქრათ, მის ცალკეულ ოლქებსა და მხარეებს უკვე მოურიდებლად ესხმოდნენ თავს და აოხრებდნენ.მესამე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან აღმოსავლეთში ჩამოყალიბება იწყო სპარსელთა ახალმა ძლიერმა სახელმწიფომ, რომელიც უფრო და უფრო ხშირად უტევდა იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს.
ამგვარმა პოლიტიკურმა ვითარებამ ქრისტიანთა მიმართ ხელისუფლების ყურადღება შეასუსტა, ხოლო ამ პერიოდის ერთ-ერთი იმპერატორთაგანი, ფილიპე, მათდამი ისეთ კეთილგანწყობას იჩენდა, რომ ზოგიერთი ძველი მწერალი მას ქრისტიანადაც კი მიიჩნევდა, თუმცა მათი თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ მეტყველებს ერთი რამ: რომის დაარსების ათასი წლისთავი ფილიპემ იმგვარი ზარ-ზეიმით აღნიშნა, სწორედ წარმართს რომ შეეფერებოდა და არა ქრისტიანს.
ღვთისგან ნაწყალობევ სიმშვიდეს ბევრი ქრისტიანი გონივრულად იყენებდა. ეკლესიის მამანი და მოძღვარნი ცრუ მოძღვრებათა მამხილებელ თხზულებებს წერდნენ, სამწყსოს ჭეშმარიტების სიტყვით ზრდიდნენ და შორეულ ქვეყნებში ქრისტიანული მოძღვრების გავრცელებაზე ზრუნავდნენ. დაახლოებით ამ დროისათვის თავდადებულმა მქადაგებლებმა გალია მოიარეს. დიონისემ ეკლესია დააფუძნა პარიზში, რომელიც იმხანად უმნიშვნელო ქალაქი იყო... მაგრამ ქრისტიანული საზოგადოების დიდმა ნაწილმა ძველი ღვთისმოსაობა დაივიწყა. ხანგრძლივმა მშვიდობიანმა ცხოვრებამ რწმენისადმი ერთგვარი გაგულგრილება გამოიწვია. როცა სარწმუნოებისთვის ყოველდღე და ყოველ წუთს სიკვდილი ემუქრებოდათ, ქრისტიანები დედამიწაზე თავს მოკლე ხნით მოსულ სტუმრებად მიიჩნევდნენ და მიწიერი კეთილდღეობისკენ არ ისწრაფოდნენ, რადგან სწამდათ, რომ ჭეშმარიტ სიმშვიდესა და სიხარულს ზეციურ სასუფეველში მოიპოვებდნენ. ახლა კი, როცა სიკვდილისთვის მუდმივი მზადყოფნა საჭირო აღარ იყო, მათ მიწიერ სიამეთა განცდით ტკბობის საშუალება მიეცათ, შედეგად კი აღმოჩნდა, რომ მათი გული მხოლოდ ღმერთს აღარ ეკუთვნოდა. ქრისტიანებმა მამულები და ქონება შეიძინეს, ხელი მიჰყვეს ვაჭრობას, დაუახლოვდნენ წარმართებს და ზოგიერთი მათი ჩვეულებაც კი შეითვისეს. წმინდა კვიპრიანე, რომელსაც ამ პერიოდში მოუხდა ცხოვრება, გულისტკივილით ჩიოდა, რომ ქრისტიანთა ცოლები ბევრს ზრუნავდნენ ჩაცმულობაზე, იკაზმებოდნენ, ფერუმარილს ისვამდნენ და წარმართთა წვეულებებზე დადიოდნენ. საკუთარ თავზე გადაჭარბებულმა ზრუნვამ ქრისტიანებს მოყვასის სიყვარული დაავიწყა. თავიანთ მოვალეობას თვით ეკლესიის მსახურნიც კი გულგრილად ეკიდებოდნენ და რაც შეიძლება მეტი ქონების მოხვეჭაზე ფიქრობდნენ. ქრისტიანთა რწმენის განელება ორიგენესაც კი აწუხებდა: "ზოგიერთი ეკლესიაში მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე მოდის და მაშინაც არა იმდენად ლოცვისა და დამოძღვრისთვის, რამდენადაც გასართობად. ზოგიერთი საკითხავის დამთავრებისთანავე მიდის ისე, რომ წაკითხულის გაგებასა და მისი განმარტების მოსმენას არ ცდილობს. ბევრი კი საკითხავს სულაც არ უსმენს, არამედ კუთხეში დგას და საუბრობს". ეს სურათები დღევანდელი ყოფისთვისაც იმდენად ნაცნობია, რომ მათი ავტორები ჩვენი თანამედროვენი გეგონებათ...
ისტორიის შესწავლამ გამოცდილება უნდა შეგვძინოს, ხოლო გამოცდილებამ - გონიერება და სიბრძნე.
რა თქმა უნდა, ცხოვრების ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და მკაცრმა განსაცდელმაც აღარ დააყოვნა.
ჯერ კიდევ იმპერატორ ფილიპეს გარდაცვალებამდე ალექსანდრიაში ვიღაც წარმართმა სწავლულმა ხალხი წააქეზა, ქრისტიანთა ხოცვა-ჟლეტა ღმერთებისთვის სათნო მსხვერპლი იქნებაო. ადამიანთათვის, რომელთაც ჭეშმარიტი სარწმუნოებით გაუნათლებელი, ბნელით მოცული გონება ჰქონდათ, მეტი არც იყო საჭირო - ხალხმა გააფთრებით დაიწყო მათი დევნა, ვისთანაც ცოტა ხნის წინ არა მხოლოდ მშვიდობიანი, არამედ მეგობრული დამოკიდებულებაც კი ჰქონდა. ქრისტიანებს ქვებით ქოლავდნენ, სახლებში ეჭრებოდნენ და ქონებას სტაცებდნენ, ქუჩაში გამოსულებს ლანძღვა-გინების ნიაღვარს ატეხდნენ თავს.
იმპერატორ ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ, 249 წელს, ტახტზე დეკიუსი ავიდა. გამეფებიდან მოკლე ხანში მან იმპერიის ოლქებში ბრძანება დაგზავნა, ყოველი ქრისტიანი, ვინც თავის სარწმუნოებას არ უარყოფს, სიკვდილით დასაჯეთო. დეკიუსი ფიქრობდა, რომ ამ გზით ღმერთების წყალობას მოიპოვებდა და თავიდან აიცილებდა იმ უბედურებებს, იმპერიას რომ ემუქრებოდა. ასე დაიწყო რომის იმპერიაში ქრისტიანთა დევნის მეშვიდე პერიოდი.
იმპერატორის ბრძანებამ ქრისტიანთა შორის მღელვარება და შიში გამოიწვია. მრავალმა მათგანმა, ვისაც მიწიერი კეთილდღეობა და სიმდიდრე უკვე ღმერთზე მეტად უყვარდა, სულმოკლეობა გამოიჩინა... ჭეშმარიტ მორწმუნეთათვის მძიმე იყო ხილვა იმისა, როგორ მიიჩქაროდნენ ქრისტიანები საკერპოებისაკენ, რათა ქრისტე უარეყოთ და ცრუ ღმერთებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. ბევრი სასამართლოში მანამდე ცხადდებოდა, სანამ გამოიძახებდნენ და მსაჯულნი, რომელნიც უარყოფის მოსმენას ვერ ასწრებდნენ, იძულებულნი ხდებოდნენ, ზოგიერთი უკან გაებრუნებინათ და მეორე დღისათვის დაებარებინათ. ისეთი ქრისტიანებიც იყვნენ, რომელნიც წარმართთა ადათებს არ ასრულებდნენ, მაგრამ ყდულობდნენ მოწმობას, თითქოს აღასრულეს და ამგვარი უზნეო საქციელით ცდილობდნენ სიცოცხლის შენარჩუნებას.
ამ დროს ალექსანდრიის ეკლესიას სათავეში ღმრთისმოსაობით ცნობილი ეპისკოპოსი დიონისე ედგა. იქაურმა ქრისტიანებმა მწყემსმთავრად იგი ჰერაკლე ეპისკოპოსის, ორიგენეს მოწაფის შემდეგ აირჩიეს. ეკლესიის ისტორიაში დიონისე დიდის ზედწოდებით არის ცნობილი. დიონისე დიდმა დაგვიტოვა პირუთვნელი აღწერა ქრისტიანთა ყოფისა დეკიუსის ბრძანების შემდეგ. "შიშისგან ყველას თავზარი დაეცა. მრავალი ცნობილი ადამიანი ისე შეშინდა, რომ თვითონვე ჩქარობდა სამსჯავროში მისვლას სარწმუნოების უარსაყოფად. მისულები, რომელთაც სახელებით იძახებდნენ, უწმინდურ საკურთხეველთან მიდიოდნენ. ზოგიერთი მათგანი ისე იყო გაფითრებული და ისე კანკალებდა, თითქოს საკუთარი თავი მიჰქონდა მსხვერპლად. გარს შემორტყმული ბრბო დასცინოდა მათ, რადგან ჩანდა, რომ სიკვდილისაც ეშინოდათ და მსხვერპლშეწირვის აღსრულებისაც. მეორენი სამსხვერპლოებთან მისვლას ჩქარობდნენ, რითაც იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ ქრისტიანები არასოდეს ყოფილან. ზოგიერთი გაიქცა, ზოგიერთმა სიმტკიცე მხოლოდ საპყრობილემდე შეინარჩუნა, შემდეგ კი უარყო; სხვებმა მცირედი წამება დაითმინეს, მაგრამ ბოლომდე ვერ გაუძლეს. მაგრამ მრავალი ისეთიც აღმოჩნდა, თავად ღმრთისაგან განმტკიცებული და ძალამოცემული, შესაფერისად რწმენისა, ქრისტეს საკვირველ დამმოწმებლად რომ დარჩა", - სწერდა იგი ანტიოქიის ეპისკოპოსს.
ამგვართა შორის პირველი მოხუცი იულიანე იყო. ნიკრისის ქარით დაავადებულს არც დგომა შეეძლო, არც სიარული, ამიტომ სამსჯავროში ორმა ქრისტიანმა მიიყვანა, რომელთაგან ერთმა უფალი მაშინვე უარყო. მეორემ სიმტკიცე გამოიჩინა. ისიც და იულიანეც აქლემებზე შესვეს და მთელი ქალაქი შემოატარეს, შემდეგ კი სასტიკად გვემეს და მრავალრიცხოვანი ბრბოს წინაშე კოცონზე დაწვეს. ჯარისკაცი, რომელმაც მათი დაცვა სცადა, გაცოფებულმა ხალხმა მოკლა. კოცონზე დაწვეს აგრეთვე აფრიკელი მეკარიოსი, ეპირიქე და ალექსანდრე რამდენიმე ქალთან ერთად. ისტორიას შემორჩა 15 წლის ყრმის დიოსკორეს სახელი, რომელთაც მისი ასაკისათვის მოულოდნელი სიბრძნითა და სიმამაცით ყველა სახტად დატოვა. მრავალი მეომარი, რომელთაც ქრისტე გაბედულად აღიარეს, მახვილით განგმირეს. ქრისტიანთა ნაწილმა თავი მთებსა და უკაცრიელ ადგილებს შეაფარა და სიცოცხლე შიმშილისა და სიცივის დათმენის ფასად შეინარჩუნა. მრავალი მათგანი ყაჩაღებმა შეიპყრეს და მონებად გაყიდეს, საიდანაც შემდეგში თანამოძმე ქრისტიანებმა გამოისყიდეს. თვითონ დიონისე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. როცა მისი დაჭერის ბრძანება გაიცა, იგი მშვიდად იჯდა შინ და ელოდა, როდის მიაკითხავდნენ, მეომრები კი მთელ ქალაქში დაძრწოდნენ და ეძებდნენ ყველგან, გარდა საკუთარი სახლისა, რადგანაც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შინ არ გაჩერდებოდა. ეპისკოპოსი მაშინ შეიპყრეს, როცა რამდენიმე დღის შემდეგ სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქიდან გადიოდა. დიონისე სიკვდილისთვის ემზადებოდა, მაგრამ ღამით უცნობი ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა მეომრებს და ტყვეებს გაქცევაში დაეხმარა, ეპისკოპოსი კი ძალით წაიყვანეს განმარტოებულ ადგილას, სადაც მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა.
თავის წერილში დიონისე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უფლის უარმყოფელებს, რომელნიც თავიანთი საქციელის გამო წრფელ სინანულს განიცდიდნენ, წმინდა აღმსარებელნი კვლავ სიყვარულით იღებდნენ თავიანთ წრეში და ლოცვებითა და კეთილი დამოკიდებულებით ამხნევებდნენ სათნოსაყოფად ღმრთისა, რომელსაც ცოდვილის არა სიკვდილი, არამედ სინანულის გზით გამოსწორება სურს.
იერუსალიმის ღრმად მოხუცი ეპისკოპოსი ალექსანდრე საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც ბორკილებდადებული აღესრულა. წამებით გარდაიცვალა რომის ეპისკოპოსი ფაბიანეც. რომში ქრისტიანთა დევნამ ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ ფაბიანეს სიკვდილის შემდეგ იქაურმა ქრისტიანებმა მისი მემკვიდრის არჩევა დიდხანს ვერ შეძლეს. ანტიოქიის ეპისკოპოსმა ბაბილამ, რომელიც წმინდა ცხოვრებით იყო ცნობილი, საპყრობილეში სამი ყრმა მოაქცია, რომელნიც შემდეგ მასთან ერთად დასაჯეს სიკვდილით.
საშინელი დრო იყო: ქალაქები დაცარიელდა, საპყრობილეები კი სავსე იყო. ნათესავებიც კი არ ინდობდნენ ერთმანეთს და დასმენაში ურთიერთს ეჯიბრებოდნენ. ეგვიპტეში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი, სახელად პავლე. იქვე ცხოვრობდა მისი და, რომლის ქმარიც წარმართი იყო. პავლეს საკმაოდ დიდი ქონება ჰქონდა და სიძემ მის ხელში ჩასაგდებად ცოლისძმის დასმენა განიზრახა. საბედნიეროდ, პავლემ მისი განზრახვა ადრევე შეიტყო და თავის გადასარჩენად თებაიდის ქვიშიანი და უკაცრიელი უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა. უდაბნოში ღრმად შესულმა კლდეში გამოქვაბული იპოვა, რომლის მახლობლად ანკარა წყარო მორაკრაკებდა და ნაყოფის მომცემი პალმა ხარობდა. ეს იყო ნამდვილი ოაზისი, რომელიც უფალმა მის აღმსარებელს სიცოცხლის შესანარჩუნებლად უბოძა. პავლემ თავშესაფარი არც მაშინ მიატოვა, როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა. მან შეიყვარა განმარტოებული, სოფლის ამაო საზრუნავთაგან თავისუფალი, უშფოთველი ცხოვრება და ერში დაბრუნება აღარ მოისურვა. სასმელად წყაროს წყალი ჰქონდა, საზრდოდ - პალმის ნაყოფი, სამოსელს პალმის ფოთლებისგან იკერავდა და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა. ასე იცოცხლა მან 91 წელი უკაცრიელ უდაბნოში. პავლე თებაიდელი (ამ ზედწოდებით შევიდა იგი ეკლესიის ისტორიაში) პირველ მეუდაბნოე მამად ითვლება.
მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა