ქრისტიანთა დევნის მეხუთე პერიოდი
ტერტულიანე თავის აპოლოგიაში გვამცნობს, რომ III საუკუნის დასაწყისში ქრისტიანთა რიცხვი დიდად გაიზარდა. წარმართები ჩიოდნენ ტაძრების დაცარიელებას, რადგან ქრისტიანებმა მრავალი გადაიბირეს.
ამ პროცესის შესაჩერებლად ისინი გააფთრებით მოითხოვდნენ მათ დასჯას. II საუკუნის ბოლოს იმპერიის ტახტზე სეპტიმუს სევერუსი ავიდა, რომელიც თავდაპირველად ქრისტიანებს თითქოს კიდევაც სწყალობდა. ამის მიზეზად ვინმე ქრისტიანს, სახელად პროკულეს, მიიჩნევენ, რომელმაც იმპერატორი მძიმე სნეულებისაგან განკურნა; მაგრამ, სამწუხაროდ, ქრისტიანობის მიმართ მისი ლმობიერი დამოკიდებულება მალე სრულიად საპირისპიროთი შეიცვალა. ფიქრობენ, ამ ცვლილების მიზეზი უნდა ყოფილიყო იუდეველების ზეგავლენა, რომლებიც ქრისტიანთა მშვიდ ცხოვრებას ვერაფრით ურიგდებოდნენ. თავისი როლი უნდა ეთამაშა იმასაც, რომ იმპერატორის ჯარში ზოგიერთმა ქრისტიანმა მეომარმა წარმართული ფიცის მიღებაზე უარი განაცხადა. უეცრად გასასტიკებულმა სეპტიმუსმა 202 წელს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ყველა, ვინც ქრისტიანობას ან იუდაიზმს მიიღებდა, სიკვდილით ისჯებოდა. დაიწყო ქრისტიანთა დევნის მეხუთე პერიოდი.წარმართებს ქრისტიანები იმდენად სძულდათ, რომ იმპერატორის ბრძანების მოსვლასაც არ დაუცადეს. კართაგენში პროკონსულს 12 ქრისტიანი მიუყვანეს. პროკონსულმა მათგან ღმერთების თაყვანისცემა და იმპერატორის გენიის დაფიცება მოითხოვა. ერთ-ერთმა მათგანმა, სპერატმა, უპასუხა, - ჩვენ არ ვარღვევთ რომის კანონებს, პატიოსნად ვიხდით იმპერატორის მიერ დაწესებულ გადასახადებს, მას, როგორც ღმერთისგან დადგენილ ბატონს, პატივს მივაგებთ, მაგრამ თაყვანს მხოლოდ ყოვლისმპყრობელ უფალს ვცემთო. პროკონსულმა ისინი ციხეში ჩაყარა, მეორე დღეს კი ისევ დაიბარა და იმპერატორისთვის თაყვანისცემა უბრძანა, განსაკუთრებით - ქალებს, რაზეც ერთ-ერთმა, დონატამ, სპერატის მსგავსად, მიუგო, - კეისარს შესაფერის პატივს მივაგებთ, თაყვანისცემა კი მხოლოდ ღმერთს ეკუთვნისო. წარმართი მსაჯულები მხოლოდ ქრისტიანთა დასჯის სურვილით იწვოდნენ და ყურად არ იღეს მათი განმარტება. სიკვდილით დასჯის წინ ქრისტიანებმა მუხლი მოიყარეს, ხმამაღლა ადიდეს ღმერთი იმისათვის, რომ მან მისი სახელისთვის მათი წამება ინება და ილოცეს.
კართაგენში მაცხოვრის მორწმუნეთა დევნა იმპერატორის ჩასვლის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ დროს ქრისტესათვის მოწამებრივად აღსრულებულთაგან რამდენიმეს სახელი დანამდვილებით ვიცით. ისინი მაშინ შეიპყრეს, როცა ნათლობისათვის ემზადებოდნენ. პერპეტუა ახალგაზრდა, მდიდარი და ცნობილი ქალი იყო. თავისი დაკითხვა და დატუსაღება პერპეტუამ თვითონვე აღწერა. წარმართი მამა მსაჯულებთან ერთად ევედრებოდა ქალიშვილს, უარეყო ქრისტე, მაგრამ ამაოდ. დაკითხვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ამით ისარგებლეს ბრალდებულებმა და მოახერხეს წმინდა ნათლობის მიღება, რამაც ისინი ახალი ძალით აღავსო. ყველანი ისეთ ვიწრო საკანში ჩაკეტეს, რომ სუნთქვა უჭირდათ. ფუფუნებას ნაჩვევი პერპეტუა მხოლოდ ჩვილზე წუხდა, რომელსაც ჯერ კიდევ ძუძუთი კვებავდა და წაართვეს. ბოლოს ორმა დიაკონმა პატიმართა მოზრდილ საკანში გადაყვანა მოახერხა, სადაც ნათესავებსა და ახლობლებს მათი ნახვა შეეძლოთ. პერპეტუას შვილი მიუყვანეს, რომელიც მან მშობლებს ჩააბარა, რადგან კარგად იცოდა, რაც ელოდა. მოხუცი მამა მუხლებზე დავარდა, ქალიშვილს ხელებს უკოცნიდა და სიკვდილისგან თავის არიდებას ტირილით ევედრებოდა. დედაც ქვითინებდა, მაგრამ არაფერს ეუბნებოდა, რადგან ისიც ფარული ქრისტიანი იყო. მამის ვედრებას სასამართლოს თავმჯდომარეც შეუერთდა - შეაგონებდა ქალს, ნუ გაკადნიერდები, მოხუც მამას ნუ დაამწუხრებ და მსხვერპლშეწირვის რიტუალი აღასრულეო, მაგრამ პერპეტუა მტკიცე აღმოჩნდა. ქრისტიანები შესაჭმელად მხეცებისთვის უნდა მიეყარათ. განაჩენის აღსრულების წინ პერპეტუას მოახლეს, ფელიციტატას, მშობიარობა დაეწყო და ტკივილებისგან გატანჯული კვნესოდა. ერთმა ტუსაღმა უთხრა, - მშობიარობის ტკივილს ვერ უძლებ და მაშინ რაღას იზამ, როცა შესაჭმელად მხეცებს მიგიგდებენო. ფელიციტატამ მიუგო, - ახლა მარტო ვიტანჯები, მაშინ კი ჩემს ტანჯვას გაინაწილებს უფალი, ვისთვისაც ვეწამებიო. დასჯის წინა დღეს ურიცხვმა ხალხმა მოიყარა თავი. მათ ქრისტიანებმა სიტყვით მიმართეს. საუბრობდნენ მომავალ სამსჯავროსა და იმ სულიერ სიხარულზე, რომელიც მათ გულებს ავსებდა. "კარგად შემოგვხედეთ სახეზე, რათა განკითხვის დღეს გვიცნოთ", - უთხრა მოსეირეებს ერთ-ერთმა მათგანმა.
ქრისტიანთა წამება იმპერატორის დაბადების დღეს უნდა აღსრულებულიყო, რადგან მას ამგვარი სანახაობებით აღნიშნავდნენ. ის ქრისტიანები, რომელთა შეჭმა მხეცებმა ვერ შეძლეს, მახვილებით განგმირეს. პერპეტუას მთელი სხეული ბრჭყალებით ჰქონდა დასერილი. უკვირდა, რომ ტკივილს ვერ გრძნობდა. მან ხელი გაუწოდა ფელიციტატას და წამოაყენა. ხალხმა ქალების ამფითეატრის შუაში გამოყვანა მოითხოვა, რათა მათი სიკვდილი უკეთ დაენახა... მართლაც, ისინი გლადიატორებმა ყველას თვალწინ დაკლეს.
ეგვიპტეში წამებულთაგან განსაკუთრებით ცნობილია იშვიათი სილამაზის მონა ქალიშვილი პოტამუნა, რომელიც ბატონმა დაასმინა. იგი სასტიკად აწამეს და ბოლოს ნელ-ნელა ჩაუშვეს ქვაბში, რომელშიც ფიჭვის ფისი დუღდა. ამ დროს მას ხალხი დასცინოდა, მაგრამ მეომართა შორის მაინც აღმოჩნდა ერთი, რომელიც მიხვდა, რაც ხდებოდა და პოტამუნას სიმტკიცითა და უსაზღვრო მოთმინებით დიდად მოიხიბლა. ბასილიდი ცდილობდა, შეურაცხყოფისგან დაეცვა იგი. მადლიერმა ქალმა უთხრა, სიკვდილის შემდეგ უფალს შენს თავს შევავედრებო. გავიდა ხანი. ერთხელ ბასილიდს მეგობრებმა რაღაც შემთხვევის გამო სთხოვეს, დაეფიცა. მან შორს დაიჭირა - ვერ დავიფიცებ, რადგან ქრისტიანი ვარო. ჯერ ეს ხუმრობა ეგონათ, მაგრამ როცა მისი სიტყვების სიმართლეში დარწმუნდნენ, დაატუსაღეს. საპყრობილეში იგი ქრისტიანებმა ინახულეს და უეცარი მოქცევის მიზეზი ჰკითხეს. პოტამუნა დასჯიდან სამი დღის შემდეგ გამომეცხადა და მითხრა, დაპირება შევასრულე და მალე ქრისტესთვის მოკვდებიო, - მიუგო ბასილიდიმ. მართლაც, ის საპყრობილეში მოინათლა და მოწამებრივად აღესრულა.
ალექსანდრიაში შეიპყრეს ქრისტიანი ლეონიდე, რომელსაც დიდი ოჯახი - ცოლი და შვიდი შვილი ჰყავდა, მათგან უფროსი მხოლოდ 17 წლისა იყო. ლეონიდეს ოჯახი, მისი დასჯის შემთხვევაში, ულუკმაპუროდ დარჩებოდა, რადგან, იმპერატორის ბრძანებით, ქრისტიანთა ქონება ხაზინას უნდა გადასცემოდა. უფროსი ვაჟი, ორიგენე, მამას საპყრობილეში სწერდა, - ოჯახის გამო სარწმუნოებასა და მოწამის გვირგვინზე უარს ნუ იტყვიო. ასეც მოხდა - ლეონიდე მახვილით მოკლეს.
ამ პერიოდში სასტიკი დევნა განიცადა ლიონის ეკლესიამაც, რომლის ეპისკოპოსი, წმინდა ირინეოსი, ჯერ კიდევ ადრეულ სიყრმეში უსმენდა მცირე აზიაში წმინდა პოლიკარპე სმირნელს, მოციქულთა სხვა მოწაფეებს. ირინეოსმა თავისი დროისათვის შესანიშნავი განათლება მიიღო; კარგად იცნობდა იმ ძველ პოეტებსა და ფილოსოფოსებს, რომლებიც თავიანთი შეხედულებებით ქრისტიანობას უკავშირდებოდნენ. ტერტულიანე მას ყველა მოძღვრების ყველაზე გამომეძიებელ მკვლევარს უწოდებდა, ხოლო წმინდა იერონიმე ფილოსოფიის სიყვარულში სამაგალითოდ მიიჩნევდა. თავისი რჩეული მოწაფე პოლიკარპემ აღმოსავლეთ გალიაში წარგზავნა, რათა ლიონის ეპისკოპოს პოთინს სარწმუნოების ქადაგებაში შესწეოდა. პოთინმა იგი ხუცესად აკურთხა, ხოლო მისი მოწამებრივად აღსრულების შემდეგ, 178 წელს, ლიონელებმა ირინეოსი თავიანთ ეპისკოპოსად აირჩიეს. ახალმა მწყემსმთავარმა ქადაგებით უმოკლეს დროში მთელი ქალაქი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია, თავი გამოიჩინა ერესებთან ბრძოლით, რომელთაც სიტყვიერადაც ამხელდა და წერილობითაც. ამ დროისათვის უკვე დაწერილი იყო მისი ცნობილი თხზულება "ერესთა წინააღმდეგ", რომელსაც თვითონ ავტორმა უწოდა "მხილება და უარყოფა ცრუ ცოდნისა". ჩვენამდე მოაღწია მისმა ნაწყვეტებმა და მართალია, უხეშმა, მაგრამ ფრიად ძველმა ლათინურმა თარგმანმა. თხზულება ხუთი წიგნისგან შედგება, მისი პირველი წიგნი, რომელშიც ვალენტის გნოსტიკურ ერესთა შემაჯამებელი ცრუ მოძღვრებაა მხილებული, სიტყვასიტყვით გადაიტანა ეპიფანე კვიპრელმა თავის თხზულებაში ერესების შესახებ.
როცა იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის ბრძანებით იმპერიაში ქრისტიანთა დევნამ ახალი ძალით იფეთქა, ლიონის ეკლესიამ, ისევე, როგორც დევნის წინა პერიოდში, განსაკუთრებული ტანჯვა განიცადა. 202 წელს, თავის ათასობით სულიერ შვილთან ერთად, წმინდა ირინეოსიც მოწამებრივად აღესრულა და წამებული მწყემსის გვირგვინი დაიდგა.
მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ლევან დავითაშვილმა